ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გინეკოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N62
მენჯის ქრონიკული ტკივილი

ყოველგვარი ტკივილი აუტანელია, ქრონიკული – მით უმეტეს. რა თქმა უნდა, არც მცირე მენჯის არეში წარმოშობილი ტკივილია გამოსაკლისი. ის  ქალებსაც აწუხებთ და მამაკაცებსაც, თუმცა სხვადასხვა მიზეზით.
ამერიკული სტატისტიკა გვაუწყებს, რომ მენჯის არის ან, უბრალოდ, მენჯის ქრონიკულ ტკივილს (მქტ-ს) ქალთა 12-22% უჩივის. ქალების 33%-ს ამ ტიპის ტკივილი ერთხელ მაინც განუცდია, ხოლო 61%-ს, სავარაუდოდ, მქტ უნდა აწუხებდეს, თუმცა ეს დიაგნოზი მათთვის ჯერ არ დაუსვამთ.
თუ მენჯის არის ტკივილი 6 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მიიჩნევა, რომ საქმე გვაქვს ქრონიკულ პათოლოგიასთან. მიზეზის დადგენა ადვილი არ არის, მაგრამ ექიმთან ვიზიტი და მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.
სახელწოდებიდანაც იოლი მისახვედრია, რომ  მქტ-ის მთავარი სიმპტომი ტკივილია, რომლის ხასიათიც მიზეზზეა დამოკიდებული.
ტკივილი მუდმივიც შეიძლება იყოს და პერიოდულიც, მძაფრიც და ყრუც. ზოგჯერ მწვავეა, ზოგჯერ კი მენჯის არეში უბრალოდ სიმძიმესა და ქაჩვას შეიგრძნობთ. შესაძლოა, ტკივილი სქესობრივი კონტაქტის, ნაწლავთა მოქმედების ან ჯდომის დროს იჩენდეს თავს. არც ის არის გამორიცხული, ფეხზე დიდხანს დგომის შემდეგ გვახსენებდეს თავს და დაწოლისთანავე ქრებოდეს.

რა აწუხებს მენჯს
მენჯის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს როგორც გინეკოლოგიურმა პრობლემებმა, ისე სხვა პათოლოგიურმა მდგომარეობებმაც. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
. მენსტრუაციული ციკლის ცვლილებები, უმთავრესად – მტკივნეული მენსტრუაცია. ამგვარი დისკომფორტისგან თავის დაღწევა ბანალურად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტებით არის შესაძლებელი.
. ენდომეტრიოზი – დაავადება, რომელიც ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს ამომფენი გარსის, უცნაური ქცევით არის განპირობებული: მისი ნაფლეთი არა საშვილოსნოში, არამედ მუცლის ღრუში იწყებს ზრდა-განვითარებას და თვეში ერთხელ, როგორც ენდომეტრიუმისგან არის მოსალოდნელი, სისხლად იღვრება. სისხლი საშოდან ვერ გამოდის, უადგილო ადგილას გუბდება და დისკომფორტს იწვევს.
. მენჯის სახსრის ლაბილურობა ანუ სისუსტე. ამ დროს მყესები და იოგები მოდუნებულია, ტკივილი ზურგისკენ ვრცელდება. მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, მშობიარობა. ზოგიერთი მეცნიერი მენჯის სახსრის ლაბილურობას რატომღაც ნაადრევ პუბერტაციას ანუ ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას უკავშირებს.
ნაკლებად არიან დამნაშავენი:
. მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები, რომლებსაც უმთავრესად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) იწვევს.
. მენჯის შეგუბებითი სინდრომი, რომელიც საშვილოსნოსა და საკვერცხეების გარშემო არსებული ვენების გაგანიერებით და მათში სისხლის შეგუბებით არის გამოწვეული.
. საკვერცხეების “ნაშთი”. შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ საშვილოსნოს, კვერცხსავალი მილებისა და საკვერცხეების ამოკვეთისას ქირურგი საკვერცხის ნაწილს ტოვებს. სწორედ ეს ნაწილი შეიძლება მტკივნეული კისტებით დაიფაროს.
 . საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე (მკვეთრად გაზრდილი ფიბროზული კვანძები მუცლის ქვედა ნაწილში სიმძიმის და დაქაჩვის შეგრძნებას, იშვიათად კი მწვავე ტკივილსაც იწვევს).
. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომელიც ყურყურით, დიარეით ან, პირიქით, შეკრულობით ვლინდება.
. მენჯის ღრუს ფსკერის კუნთების სპაზმი.
. ცისტიტი. ანთებითი საშარდე ბუშტი აივსება თუ არა, ქალი მენჯის არეში დისკომფორტსა და ტკივილს შეიგრძნობს. საშარდე ბუშტის დაცლისთანავე ტკივილი ქრება. ცისტიტის სხვა ნიშნებიდან საყურადღებოა ხშირი შარდვა და წვის შეგრძნება შარდვის დროს.
. ფსიქოლოგიური ფაქტორები (მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ქრონიკული ემოციური სტრესის შემდეგ ბევრ ქალს მენჯის არეში ტკივილი აწუხებს. გამონაკლისები არც დეპრესიადაუფლებული ქალბატონები ყოფილან. მართალია, ამ დროს ტკივილის წარმოშობის მიზეზი დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ სპეციალისტები მკურნალობას ცდილობენ.

კონსულტაცია აუცილებელია
მენჯის არეში ქრონიკული ტკივილის განცდა, დაგვეთანხმებით, აუტანელია. ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლებით აღწევს თავს დისკომფორტს, ზოგიერთისთვის მდგომარეობის ცვლილებასაც კი (დაწოლა, განსაკუთრებულ პოზაში დაჯდომა და ა.შ.) შვება მოაქვს, ზოგიერთს მუცლის ქვედა ნაწილში ცხელი სათბურას დადება შველის... ასე გადის წლები და პრობლემა პრობლემად რჩება. თუ ტკივილი აუტანელი არ გახდა, ქალი ექიმთან არ მივა.
ექიმს დიაგნოზის დასმაში ეხმარება:
. ხელით გასინჯვა, რაც, სავარაუდოდ, მუცელზე ხელის დაჭერით არ შემოიფარგლება – ექიმი ტკივილის მიზეზის დადგენას საშოსმხრივი გასინჯვითაც შეეცდება.
. ნაცხის აღება – აუცილებელია იმის დასადგენად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ხომ არ არის დისკომფორტის მიზეზი.
. ლაპაროსკოპიული კვლევა, რაც კამერით აღჭურვილი მილით ორგანოების, ამ შემთხვევაში კი საშვილოსნოსა და მისი დანამატების გამოკვლევას გულისხმობს. ამგვარად უმთავრესად ენდომეტრიოზსა და სგგდ-ს ადგენენ.
. რენტგენოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული მეთოდები. მათი საშუალებით უადგილო ადგილას ამოზრდილ ქსოვილს პოულობენ.
 
მკურნალობაც
სპეციალისტმა შესაძლოა დაგინიშნოთ:
. ტკივილგამაყუჩებელი აბები. მართალია, ისინი შვებას მოგგვრით, მაგრამ პრობლემისგან ვერ გიხსნით.
ხდება ხოლმე, რომ მიუხედავად ექიმის მცდელობისა, ტკივილის ნამდვილი მიზეზის დადგენა ჭირს. ამ შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებელი აბების დანიშვნა ერთადერთი გამოსავალია.
. ჰორმონები. თუ ტკივილის მიზეზი ციკლური დარღვევაა, რომელიც, თავის მხრივ, ჰორმონულ დისბალანსს უკავშირდება, ნაკლული ჰორმონის შევსება საუკეთესო გამოსავალია. ხშირად პრობლემა ორალური კონტრაცეპტივის საშუალებითაც გვარდება.
. ანტიბიოტიკები. ანტიბაქტერიული მკურნალობა ინფექციით გამოწვეული ტკივილის დროს ინიშნება.
. ანტიდეპრესანტები. ამ ტიპის მედიკამენტები სხვადასხვა წარმოშობის ქრონიკული ტკივილის დროს საკმაოდ ეფექტურია. ზოგჯერ ქალს დეპრესიის ნიშანწყალიც არ ეტყობა, მაგრამ ექიმი ანტიდეპრესანტებს მაინც ნიშნავს. ასეა მენჯის არეში აღმოცენებული ქრონიკული ტკივილის დროსაც.
. ქირურგიული. ზოგჯერ ტკივილის მიზეზი ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. მაგალითად, ასეა კვერცხსავალი მილების შეხორცებითი ცვლილებების, ენდომეტრიოზის დროს. ამ შემთხვევაში ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით, მინიმალური განაკვეთით კეთდება. უკიდურეს შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი შესაძლოა ჰისტერექტომია – საშვილოსნოს ამოკვეთა იყოს.
. სხვა მეთოდები. შესაძლოა, ექიმმა სათბურის დადება ან ყინული აპლიკაცია გირჩიოთ, მაგრამ თავად ამგვარ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ! სპეციალისტისავე რჩევით შესაძლოა სპეციალური ვარჯიშების, მასაჟების გაკეთება მოგიხდეთ. ევროპელი და ამერიკელი ექიმები ამ პრობლემის მოსაგვარებლად არცთუ იშვიათად მიმართავენ ნერვის ტრანსკუტანეულ ელექტროსტიმულაციას. ზოგჯერ აკუპუნქტურაც შველის.

ამბობენ...
მენჯის არის ტკივილზე ქალებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ. ბევრს ისიც კი ჰგონია, რომ თუ ქალად დაიბადე, წელსქვემოთა ნაწილი მთელი სიცოცხლე უნდა გაწუხებდეს. რეალურად კი სულაც არ არის ასე. მოდი, მცდარ შეხედულებებს თვალი გადავავლოთ და გავაბათილოთ.
. მენჯის არეში ტკივილით მხოლოდ ქალები იტანჯებიან. მართალია, მშვენიერ სქესს ეს პრობლემა უფრო ხშირად აწუხებს, მაგრამ მენჯის ტკივილს მამრებშიც უჩივიან. ამის მიზეზი უმთავრესად პროსტატიტი და წინამდებარე ჯირკვლის დანამატების პათოლოგიებია.
. მენჯის არეში ტკივილი მხოლოდ გათხოვილ ქალებს აწუხებთ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს პრობლემა სქესობრივ კავშირთან არის ასოცირებული.
დასაბუთებულ არგუმენტს ვერ მოვიყვანთ – უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ამგვარი კავშირი არ არსებობს.
. მენჯის ღრუს ქრონიკულ ტკივილს ვერაფერი დააამებს. მისი ატანა სიცოცხლის ბოლომდე მოგიწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემას ქრონიკული ხასიათი აქვს, მისგან განკურნება შესაძლებელია და საამისოდ არაერთი მეთოდი არსებობს. დეტალები იხილეთ რამდენიმე აბზაცით ზევით.

 
 
სიახლეები
ავერსი გილოცავთ შობა ახალ წელს...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად