ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>სგგდ >>ჟურნალი "ავერსი"
აბეზარი ინფექციების ამბავი

მედიცინას რომ არ სძინავს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მრავალი ინფექციის დამარცხება მოახერხა, თუმცა არც ვირუსებს სძინავთ… ბოლო დროს თავი წამოყვეს ისეთმა სახეობებმა,  რომლებსაც საუკუნის წინათ ვერსად შეხვდებოდით. ვერც შეხვდებოდით და ვერც იმას იწინასწარმეტყველებდა ვინმე, რომ XXI საუკუნის მედიცინას მათთან გამკლავება გაუჭირდებოდა. ამჯერად იმ ინფექციებზე გესაუბრებით, რომლებიც ეპიდემიასავით მოედო მსოფლიოს და ჯერ არავინ იცის, გაიმარჯვებს თუ არა მედიცინა მათზე.
    პირველი სიტყვა ეძლევა ქლამიდიას
  ბოლო დროს მთელ მსოფლიოში მკვეთრად მოიმატა Chlamidia trachomatis-ით ავადობამ. აშშ-ში ქლამიდიოზით ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. ასეთივე სურათია ევროპის ქვეყნებში. საქართველოში ამგვარი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა თუ სპეციალისტებს სიტყვაზე ვენდობით, აშკარად შეიმჩნევა ვირუსული, განსაკუთრებით კი სასქესო ინფექციების მატება და, რაც მთავარია, სქესობრივი  გზით გადამდები ინფექციებით  განპირობებული უნაყოფობის გახშირება.
   ქლამიდია ერთ-ერთი იმათგანია, უნაყოფობის მიზეზად რომ მიიჩნევენ. ეს პაწაწინა მიკროორგანიზმი ხშირად იწვევს საკვერცხეებისა და კვერცხსავალი მილების ანთებას, ხოლო თუ ქლამიდიოზით დაავადებული ქალი დაორსულდა, ინფექციამ შესაძლოა მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს: ნაადრევი მშობიარობის, თვითნებითი აბორტის, გესტოზის (ორსულთა ტოქსიკოზის), მრავალწყლიანობის მიზეზად იქცეს.
  ქლამიდიოზით დაავადებული ორსული ინფექციას ასიდან 40-70 შემთხვევაში გადასცემს ნაყოფს. ბავშვის ინფიცირება მშობიარობის დროსაც ხშირია – ასეთი რამ შემთხვევათა 70-90%-ში ხდება.

  შენიშვნა: ქლამიდია ვირუსი არ გახლავთ, მაგრამ ხშირად მათთან ერთად იხსენიებენ და თუ ექიმმა ვირუსებზე გამოკვლევა გირჩიათ, მათ ჩამონათვალში, როგორც წესი, ქლამიდიაც მოხვდება.
   მეორე – ჰერპესს
  მიჩნევა, რომ დედამიწის მოსახლეობის 80%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც აღენიშნება ჰერპესის გამწვავება და ამ ვირუსული პათოლოგიით ავადობა სიხშირით თითქმის არ ჩამოუვარდება ონკოდაავადებებსა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს.
   ჰერპესის ვირუსი მრავალგვარია. ამჯერად ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ მარტივი ჰერპესის II ტიპზე, რომელიც სქესობრივი გზით გადაედება და რომელსაც ხშირად გენიტალური ჰერპესის სახელით იხსენიებენ.
ჰერპესი ბუშტუკოვან გამონაყარს უმთავრესად სასქესო ორგანოებზე აჩენს, რასაც თან სდევს წვა, ტკივილის შეგრძნება და ცხელება. შემდეგ ეს ნიშნები, როგორც წესი, უკუვითარდება და ინფექცია მთვლემარე მდგომარეობას უბრუნდება.
   როდესაც ადამიანს იმუნიტეტი უქვეითდება (მაგალითად, შიდსის დროს), ჰერპესის ვირუსი აქტიურდება, ინტენსიურად მრავლდება და დაავადება არა მხოლოდ კანსა და ლორწოვან გარსებზე, არამედ ყველა ორგანოსა და სისტემაზე ვრცელდება. შესაძლოა, დაზიანდეს ღვიძლი, გული, ფილტვები, ტვინი და ა.შ.
   ორსულობის დროს იმუნიტეტი ბუნებრივად ქვეითდება და ორგანიზმში ვირუსის გააქტიურებისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება. ისიც შეიძლება, ჰერპესმა პლაცენტური ბარიერი გაიაროს და მუცლადმყოფი ბავშვი დაასნებოვნოს. ასეთ დროს ირღვევა ნაყოფის ზრდა-განვითარება, ბავშვი თანდაყოლილი მანკით, პნევმონიით, ჰეპატიტით ან ენცეფალიტით იბადება.
    გადამწყვეტ სიტყვას კი მკურნალობა ამბობს
  ვირუსების აღმოსაჩენად სხვადასხვა გამოკვლევას მიმართავენ. ყველაზე გავრცელებული სისხლში ანტისხეულების ტიტრის დადგენა გახლავთ. ანტისხეული ის ცილოვანი კომპონენტია, რომელსაც ჩვენი ლიმფოციტები ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებენ, თუმცა ისიც სათქმელია, რომ შესაძლოა, ვირუსი მრავლად შეიჭრას ორგანიზმში, მაგრამ იმუნიტეტის  დაქვეითების გამო ანტისხეულები მცირე რაოდენობით წარმოიქმნას. ამრიგად, ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა არცთუ საიმედო გზაა.
    ხდება ისეც, რომ მკურნალობის დასრულებიდან 10-20 დღის შემდეგ, ანტისხეულების ოდენობის ხელახალი განსაზღვრისას, აღმოჩნდება, რომ ტიტრი კვლავ მაღალია ან უმნიშვნელოდ არის შემცირებული. ასეთ შემთხვევაში ძნელი დასადგენია, განიკურნა თუ არა პაციენტი – შესაძლოა, მისი იმუნური სისტემა ვირუსებისგან გათავისუფლების შემდეგ ერთხანს კიდევ განაგრძობდეს ანტისხეულების გამომუშავებას.
   ამრიგად, ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა სრულფასოვან ინფორმაციას ვერ გვაწვდის. მიჩნეულია, რომ კვლევის ამ მეთოდის საიმედოობა დაახლოებით 50%-ს უტოლდება. გაცილებით სარწმუნოა ანტიგენების გამოკვლევა – იმ ცილოვანი მოლეკულების აღმოჩენა, რომლებიც კონკრეტული  ვირუსისთვის არის დამახასიათებელი და მის ზედაპირზე მდებარეობს.
  ამჟამად  ვირუსული ინფექციის დიაგნოსტირების ყველაზე სარწმუნო ლაბორატორიული მეთოდი დნმ-დიაგნოსტიკა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) გახლავთ. იგი ვირუსის დნმ-ის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს და ასიდან 98-100 შემთხვევაში უტყუარია, თუმცა ზემოხსენებულ ორ გამოკვლევასთან შედარებით საკმაოდ ძვირია.
   ჩვენთვის კარგად ნაცნობ დათესვის მეთოდს ვირუსების გამოკვლევისას იშვიათად მიმართავენ, თუმცა ზოგიერთი ინფექციის, მაგალითად, ქლამიდიოზის დროს ის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.
დაბოლოს
   ალბათ, გაგიჩნდებათ ლოგიკური შეკითხვა: ვირუსთან კონტაქტის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება მისი აღმოჩენა?
   ეს მხოლოდ და მხოლოდ ვირუსის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის ავიღოთ ქლამიდია, რომლის ორი სახეობა არსებობს: ელემენტარული და რეტიკულური სხეულაკები. პირველი მათგანი აღწევს ორგანიზმში, ჯდება უჯრედში, გადაიქცევა რეტიკულურ სხეულაკად, მრავლდება და ელემენტარულ სხეულაკებს წარმოშობს. ამ პროცესს ორი-სამი დღე (48-72 საათი) სჭირდება. ამ ხნის შემდეგ უჯრედიდან გამოიტყორცნება ახალი ქლამიდიები, რომლებიც სხვა უჯრედებში ჩაჯდება, რასაც კვლავ სამდღიანი საინკუბაციო პერიოდი მოჰყვება და ა.შ. ასე რომ, ინფიცირებიდან სამი დღის შემდეგ ქლამიდიის აღმოჩენა უკვე შესაძლებელია.
   სხვა ვირუსებს შედარებით ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდი აქვს, იმ დროს, როცა ადამიანი ამა თუ იმ ჩივილით მიმართავს სპეციალისტს და ლაბორატორიულ გამოკვლევას იტარებს, ვირუსის აღმოჩენა უკვე შეიძლება.
   დაიხსომეთ: ვირუსებზე  განმეორებითი გამოკვლევა მეტად მნიშვნელოვანია. მაგალითად, ქლამიდიაზე, რომელსაც ციკლური განვითარება ახასიათებს, მედიკამენტი მხოლოდ მაშინ მოქმედებს,  როდესაც მიკროორგანიზმი უჯრედის შიგნით იმყოფება. უჯრედგარე ფორმების მკურნალობისას ეფექტი გაცილებით სუსტია. ასე რომ, თერაპიის შედეგის დასადგენად განმეორებით გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო გაიდლაინები საგანგებოდაც კი მიგვითითებს, რომ ქლამიდიოზის დროს კვლევა მკურნალობის დასრულებიდან შვიდ დღეში გავიმეოროთ.

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულთა სია...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად