ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გინეკოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N61
კონტრაცეფცია

ტერმინ “რეპროდუქციას” ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად იყენებენ. ეს არის ცოცხალი ორგანიზმის უნარი, თავისივე მსგავსი წარმოშვას. ადამიანებში  რეპროდუქციის ათვლის წერტილი მამრისა და მდედრის სასქესო უჯრედების შეხვედრაა. ეს ფალოპის მილში ხდება, რომელიც აქეთ-იქიდან რქებივით ადგას საშვილოსნოს და რომელშიც ვარდება მომწიფებული კვერცხუჯრედი. თუ ამ უკანასკნელს ამაოდ არ მოუწია კვერცხსავალ მილში გამოცხადება და განაყოფიერება მოხდა, ორსულობა გარდაუვალია. ზოგჯერ, მიზეზთა გამო, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის პაემნის გადადებაა საჭირო. სწორედ ასეთ დროს მიმართავენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.
ორსულობისგან თავის დაცვას რამდენიმენაირად ახერხებენ:
• ხელს უშლიან სპერმას კვერცხუჯრედამდე მისვლაში;
• “განაიარაღებენ” ანუ აზიანებენ ან კლავენ სპერმატოზოიდებს;
• აფერხებენ კვერცხუჯრედის მომწიფებას;
• საშვილოსნოს ამომფენი გარსის სტრუქტურას იმგვარად ცვლიან, რომ განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა მასზე მიმაგრება ვერ შეძლოს;
• საშოს ლორწოს ასქელებენ, სქელი ლორწო კი, თავის მხრივ, სპერმის საშვილოსნოში შეღწევას უშლის ხელს.

ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შერჩევა არცთუ იოლი საქმეა. ორგანიზმისთვის კონტრაცეპტივის მორგება განსაკუთრებით ძნელია ძუძუს წოვებისას, თინეიჯერულ და პერიმენოპაუზურ ასაკში (ამ დროს მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული ხდება).
ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები მეტ-ნაკლებად ეფექტურია. საუკეთესო ვარიანტია ორი მეთოდის ერთდროული გამოყენება მათ ნაკლოვანებათა შესავსებად. იდეალურია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკების) გამოყენება ბარიერულ მეთოდთან, მაგალითად, პრეზერვატივთან ერთად. ასე ორსულობისგანაც დაიცავთ თავს და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც.

შექმენი ბარიერი
უფრო სწორად, შეუქმენით ბარიერი ურჩ სპერმატოზოიდებს, რომლებიც კვერცხუჯრედის დასაპყრობად მიილტვიან. ამისთვის ბარიერული მეთოდის გამოყენება და პრეზერვატივის ანუ კონდომის (ქალის ან მამაკაცის), სპეციალური ღრუბლის, დიაფრაგმის, საშოს ჩაჩისა და სპერმიციდის გამოყენება  მოგიწევთ. მათ შორის საუკეთესო, ორმაგად სასარგებლო ვარიანტი მაინც კონდომია, რომელიც არა მხოლოდ ორსულობისგან, სგგდი-სგანაც დაგიცავთ.
თუ მამაკაცი პრეზერვატივის გამოყენებაზე უარს ამბობს, ქალს თავად მოუწევს მდედრობითი სქესისთვის განკუთვნილი კონდომის გაკეთება, ოღონდ, მამაკაცური ვარიანტისგან განსხვავებით, მისი მორგება შეგიძლიათ არა უშუალოდ სქესობრივი კონტაქტის დროს, არამედ მანამდეც, დაახლოებით 8 საათით ადრე.
მეტი ეფექტურობისა და საიმედოობისთვის კონდომთან ერთად გირჩევთ სპერმიციდიც გამოიყენოთ. და კიდევ: ორივე სქესის პრეზერვატივის ერთდროული გამოყენება არ შეიძლება – ასე ისინი უთუოდ დაზიანდება.
სპერმიციდები გამოდის სანთლის, ქაფის, ჟელეს, კრემის სახით. ის საშოში სქესობრივი აქტის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე უნდა მოითავსოთ (ოპტიმალური დროის შესარჩევად გულდასმით ჩაიკითხეთ ინსტრუქცია) – ეს ის დროა, რაც სპერმიციდის გალღობას და გააქტიურებას სჭირდება.
მიზანშეწონილია სპერმიციდის გამოყენება სხვა ბარიერულ მეთოდებთან ერთად. გამონაკლისია ღრუბელი, რომელიც ამ ნივთიერებით გაჟღენთილი იყიდება.
გაითვალისწინეთ, რომ სპერმიციდის ხშირი გამოყენება საშოს ნაზ ლორწოვანს აღიზიანებს, რაც მიკროტრავმების გაჩენისა და სგგდი-ს გავრცელების საშიშროებას ზრდის.
საშოს ღრუბელი სპერმას ეფექტურ ბარიერს უქმნის. გასააქტიურებლად ის საშოში მოთავსებამდე წყლით უნდა დაასველოთ. ღრუბელი შეგიძლიათ სქესობრივ აქტამდე რამდენიმე საათით ადრე მოითავსოთ საშოში და სექსის შემდეგ კიდევ 6 საათი დაიტოვოთ, ოღონდ ჯამში 24 საათზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ. ისიც გახსოვდეთ, რომ ერთი ღრუბელი რამდენიმე სქესობრივ აქტზე გეყოფათ.
დიაფრაგმა სქესობრივ აქტამდე დაახლოებით 6 საათით ადრე უნდა მოითავსოთ საშოში და ისევე, როგორც ღრუბლისგან, აქტიდან 6 საათის შემდეგ გათავისუფლდეთ. თუმცა დიაფრაგმის მორგება გაცილებით რთულია, ვიდრე ღრუბლისა. სპერმიციდის გამოყენება ამ შემთხვევაში უფრო სასურველია.
გამოყენების შემდეგ დიაფრაგმა გულდასმით გარეცხეთ საპნიანი წყლით და სუფთა ადგილას დააბინავეთ. პერიოდულად შეათვალიერეთ, რომ ნაპრალები და ნასვრეტები არ გაუჩნდეს. სასურველია, დიაფრაგმა ყოველ  ორ წელიწადში ერთხელ ცვალოთ. იგივე შეიძლება ითქვას საშოს ჩაჩზე.

დაიხმარე ჰორმონები
მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაინც აბებია, თუმცა ორსულობის მოწინააღმდეგე ჰორმონები ორგანიზმში სხვა გზითაც შეიძლება მოხვდეს, მათ შორის – პლასტირის, ვაგინალური რგოლის, ინექციისა და იმპლანტის სახით.
 საზოგადოდ, სასურველია, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებები სპეციალისტმა შეარჩიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქალმა 35 წელს გადააბიჯა ან სიგარეტს ეწევა (მწეველებში ჰორმონების ეფექტურობა იკლებს) ან სულაც ორივე ერთად.
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები ესტროგენსა და პროგესტერონს შეიცავს. აბები, რომელთა შემადგენლობაშიც მხოლოდ პროგესტერონი შედის, მინი-პილის სახელით არის ცნობილი და განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება, მათ შორის – ლაქტაციის დროს.
დაიხსომეთ: მოულოდნელი ორსულობის დროს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების შემთხვევითი მიღება ნაყოფის ჯანმრთელობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის.
გულდასმით წაიკითხეთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ანოტაცია, სადაც გარკვევით იქნება მითითებული აბების სმის დაწყების პერიოდი (წესისამებრ, პირველ ჯერზე ეს მენსტრუაციის დაწყებას ემთხვევა, ხოლო მომდევნო ჯერზე ბოლო აბის დამთავრებიდან ერთი კვირის შემდეგ განახლდება), გვერდითი მოვლენები და ინსტრუქცია იმის თაობაზე, როგორ მოიქცეთ აბის გამოტოვების შემთხვევაში.
კონტრაცეპტივი-პლასტირი კანზე მაგრდება, საიდანაც ჰორმონები შეიწოვება და  სისხლის საშუალებით ორგანიზმში ვრცელდება. პლასტირისთვის საუკეთესო ადგილია დუნდულები, გულმკერდი (ძუძუს გარდა), ზურგის ზედა ნაწილი, მხარი და მუცელი. მას ერთკვირიანი ეფექტი აქვს და შეგიძლიათ, კვირაში ერთხელ ადგილი უცვალოთ.
პლასტირი შეგიძლიათ ზედიზედ სამი კვირის განმავლობაში დაიკრათ. შემდეგ მენსტრუაციის დროც დგება ანუ ერთი კვირა ისვენებთ და კვლავ იწყებთ პლასტირის ტარებას. სასურველია, პირველ კვირას უკეთესი თავდაცვისთვის თქვენმა პარტნიორმა პრეზერვატივი გამოიყენოს.
დაიხსომეთ: პლასტირი ნაკლებად ეფექტურია ჭარბწონიანი ქალებისთვის.
საშოს რგოლი ღრმად, საშვილოსნოს ყელის სიახლოვეს თავსდება და აქ 21 დღე რჩება. შემდეგ რგოლი უნდა გამოიღოთ და ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კვლავ გაიკეთოთ. რგოლის გამოღებიდან 2-3 დღეში მენსტრუაციული სისხლდენა იწყება.
საშოს რგოლის სწორ მოთავსებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ის გამოვარდა და ქალი რამდენიმე საათი (3 საათზე მეტხანს) ჰორმონების ზემოქმედების გარეშე დარჩა, უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდის (პრეზერვატივის) გამოყენება მოუწევს.
თუ საშოს რგოლი ხშირად ვარდება, ორსულობისგან თავდაცვის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება მოგიწევთ.
ინექციის გზით შეყვანილი ნივთიერება ქალს სამი თვის განმავლობაში იცავს ფეხმძიმობისგან, თუმცა პირველ კვირას სასურველია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენებაც.
საზოგადოდ, კონტრაცეპტივის ინექცია უკეთდებათ იმ ქალებს, რომელთაც არ შეუძლიათ, ყოველდღე გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ან ატარონ სპირალი. ასევე მათ, ვინც უახლოესი ერთი წლის განმავლობაში არ აპირებს და აი, რატომ: ორგანიზმში მოხვედრილი მედიკამენტის მოქმედების დასრულების შემდეგ ქალს განაყოფიერების უნარი არა მყისვე, არამედ თვეების შემდეგ უბრუნდება. იშვიათად უნაყოფო პერიოდი წლამდეც კი გრძელდება.
სამწუხაროდ, კონტრაცეპტივის ინექციას გვერდითი მოვლენებიც აქვს. მათ შორის – წონის მატება, არარეგულარული მენსტრუაცია და ძვლის სიმკვრივის კლება, თუმცა ყველა ეს პრობლემა ინექციის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ თავისთავად გვარდება.
ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი მხრის კანქვეშ თავსდება. პროცედურა ხანმოკლეა – 5-10-წუთიანი. მას ადგილობრივი ანესთეზიით ატარებენ. ამგვარი იმპლანტის წყალობით ქალი სამი წლის მანძილზეა დაზღვეული არასასურველი ორსულობისგან. რეპროდუქციის უნარი იმპლანტის ამოღებისთანავე აღდგება.
ყველაზე ხშირი გართულება, რომელსაც იმპლანტის ტარება იწვევს, არარეგულარული მენსტრუაციაა. ციკლი იმპლანტის ამოღებისთანავე ან მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში წესრიგდება.
სპირალი ორნაირია: ჰორმონული და სპილენძისა. პროგესტერონის წყალობით საშოს ლორწო საგრძნობლად სქელდება და სპერმას საშვილოსნოში მოხვედრას არ ანებებს. ჰორმონის ზემოქმედებით სქელდება საშვილოსნოს ამომფენი ლორწოვანი გარსიც. როგორც ჰორმონული, ისე სპილენძის სპირალი სპერმატოზოიდების აქტივობას თრგუნავს, კვერცხუჯრედს – განაყოფიერებისგან, ხოლო უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს საშვილოსნოზე მიმაგრებისგან იცავს.
სპირალის ჩადგმა მცირედ დისკომფორტს იწვევს, რომელიც პროცედურის დასრულებისთანავე ქრება. საშვილოსნოში ჩადებული მცირე ზომის თ-ს მსგავსი მოწყობილობა ქალს არც ფიზიკურ აქტიურობაში, არც სქესობრივ კავშირში არ უშლის ხელს. გართულება – სპირალის გამოვარდნა, საშვილოსნოს კედლის გახვრეტა, ინფექციის შეჭრა – მოსალოდნელია, მაგრამ იშვიათი.
ძალიან იშვიათად შესაძლოა სპირალის მქონე ქალი მაინც დაორსულდეს. ამ შემთხვევაში მუცლის მოშლის საფრთხე იქმნება.

სულ მთლად სტერილური
თუ დაორსულებას ნამდვილად აღარ აპირებთ, შეგიძლიათ, სტერილიზაციის მეთოდს მიმართოთ. ამ შემთხვევაში ადამიანი მცირე ოპერაციული ჩარევის შედეგად სამუდამოდ კარგავს განაყოფიერების უნარს.
არსებობს როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა სტერილიზაცია. ქალებს ოპერაცია ლაპაროსკოპიულად უტარდებათ – ძალიან მცირე განაკვეთიდან ექიმი მუცლის ღრუში შედის და კვერცხსავალ მილებს ბლოკავს (მაგალითად, გადაკვანძავს ან გადაჭრის).
ზოგჯერ ქალი, რომელიც შვილის ყოლას აღარ აპირებს, ტუბალურ სტერილიზაციას უშუალოდ საკეისრო კვეთის დროს იკეთებს.
სტერილიზაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება. ოპერაციის შემდეგ ქალი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დაბლოკილი ფალოპის მილი მას არც სქესობრივ ცხოვრებაში უშლის ხელს და არც მენსტრუაციული ციკლის არევას იწვევს.
მამაკაცთა სტერილიზაციას ვაზექტომიას უწოდებენ. ამ დროს იბლოკება უწვრილესი მილი, რომლის საშუალებითაც სპერმა სათესლე ჯირკვლებიდან სასქესო ასომდე მიდის.
ქალებისგან განსხვავებით, რომლებიც დაორსულების შესაძლებლობას სტერილიზაციისთანავე კარგავენ, მამაკაცებს განაყოფიერების უნარი კიდევ 2-3 თვე უნარჩუნდებათ. ეს იმიტომ, რომ სპერმის ნარჩენები შესაძლოა მილში იყოს ჩარჩენილი. ამიტომ სტერილიზაციის შემდეგ მამაკაცს მცირე ხანს კვლავ მოუწევს პრეზერვატივის გამოყენება.

სასწრაფო დახმარების აბები
საუკუნეებია, ქალები რა ხერხს აღარ იგონებენ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ორსულობის თავიდან ასაცილებლად: წყლის სწრაფი ჭავლით გამორეცხვას, შარდში დასველებული ბამბის საშოში მოთავსებას... დაუცველი სექსის შემდეგ თავდაცვაზე ფიქრი ერთგვარად სარისკოა, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ამ რისკს საგრძნობლად ამცირებს და სწორი გამოყენების პირობებში ორსულობას ასიდან 75-89 შემთხვევაში გამორიცხავს. ეს "სასწრაფო დახმარება" ძლიერმოქმედი ჰორმონით გაჯერებული წყვილი ტაბლეტია, რომელიც 12- საათიანი შუალედით უნდა მიიღოთ, თანაც სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ მათ მიღებას აზრი არ აქვს. გაითვალისწინეთ: რაც უფრო ადრე მიიღებთ პირველ აბს, მით უფრო დიდია შანსი, არ დაორსულდეთ.
ეს აბები, რომელსაც სხვაგვარად პოსტკოიტალურ ან მეორე დღის კონტრაცეპტივებსაც უწოდებენ, ჰორმონის საკმაოდ დიდ დოზას შეიცავს, ამიტომ მათი ხშირი მიღება სასურველი არ არის.

თავდაცვა საუკეთესო სტრატეგია

 უკვე მერამდენე ათწლეულია, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კონტრაცეფციის შესახებ რჩევებს აწვდის მთელ სამყაროს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენების აუცილებლობა უკვე უდავოა. ისეთი მოდური მოვლენაც კი, როგორიც ოჯახის დაგეგმვაა, კონტრაცეფციის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
კონტრაცეფციის მნიშვნელობის, მისი თანამედროვე მეთოდების შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი მარინა მაჩაიძე.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია კონტრაცეპტივის გამოყენება?
– ოჯახის დაგეგმვა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე  აქტუალურ სამედიცინო-სოციალურ პრობლემად ითვლება და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის, ფედერალური და საერთაშორისო პროგრამების ყურადღების ობიექტია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ოჯახის დაგეგმვა მოიცავს ღონისძიებითა კომპლექსს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას გადაჭრისკენ არის მიმართული. ესენია:
• არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება;
• სასურველი რაოდენობის შვილის ყოლა;
• ორსულობათა შორის ინტერვალის რეგულირება;
• ბავშვის დაბადების დროის შერჩევა მშობლების ასაკის გათვალისწინებით.
 ამ ამოცანების პრაქტიკულ გადაჭრაში ერთ-ერთი წამყვანი როლი კონტრაცეფციას ეკისრება. მისი გამოყენება თავიდან აგვაცილებს არასასურველ ორსულობას, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ ხელოვნური აბორტების რიცხვი და მათ ფონზე თავჩენილი გართულებები.
კონტრეცეფციის უმთავრესად რომელი მეთოდებია გავრცელებული მსოფლიოში? ყველაზე ხშირად რომელ მათგანს მიმართავენ საქართველოში?
– კონტრაცეფციის ამჟამად არსებული მეთოდები და საშუალებები რამდენიმე ჯგუფად იყოფა:
• ჰორმონული კონტრაცეფცია (კომბინირებული ორალური და საინექციო კონტრაცეფცია.  მინიპილი, პროგესტინული საინექციო კონტრაცეფცია, იმპლანტი, კომბინირებული ტრანსდერმული პლასტირი);
• საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია;
• ლაქტაციური ამენორეის მეთოდი;
• ბარიერული მეთოდები;
• სპერმიციდები;
• ბუნებრივი (რიტმული) მეთოდები;
• შეწყვეტილი სქესობრივი აქტის მეთოდი.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ დანარჩენ მსოფლიოში, არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად სწორედ ამ მეთოდებს მიმართავენ. არსებობს კიდევ ერთი გზა – ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაცია, რომელიც კვერცხსავალი მილების გადაკეტვით მიიღწევა და ფართოდ გამოიყენება აფრიკისა და აზიის ქვეყნებში. საქართველოში ქალები უმთავრესად საკეისრო კვეთის დროს ითხოვენ  სტერილიზაციის ჩატარებას. რაც შეეხება მამაკაცის სტერილიზაციას ანუ ვაზექტომიას,  ჩვენთან მისი ჩატარების სურვილი, რამდენადაც ვიცი, ჯერ არავის გასჩენია.
ხშირად მოგმართავენ ქალები კონტრაცეფციის მეთოდის შესარჩევად და რა საჭიროა, თავდაცვის მეთოდი აუცილებლად სპეციალისტმა შეარჩიოს?
– კონტრაცეფციის მეთოდის შესარჩევად ექიმთან მისულთა რიცხვმა ბოლო ხანს იმატა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალისთვის, თუნდაც წყვილისთვის ამის თაობაზე კვალიფიციური რჩევის მიცემა ოჯახის დაგეგმვის აუცილებელი ნაწილია. ის ეხმარება წყვილს:
• სწორად შეაფასოს თავისი რეპროდუქციული შესაძლებლობები;
• შეარჩიოს კონტრაცეფციის მეთოდი, რომლითაც კმაყოფილი დარჩება;
• სწორად და უსაფრთხოდ გამოიყენოს შერჩეული მეთოდი.
ყოფილა თუ არა შემთხვევები, რომ ქალი იძულებული გამხდარა, კონტრაცეფციის ერთი ვარიანტი მეორით შეეცვალა?
– რა თქმა უნდა, ყოფილა. ასეთ შემთხვევაში ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი ექიმის დახმარებით ხელახლა შეირჩევა.
მოდი, თავდაცვის კონკრეტულ საშუალებებზე ვისაუბროთ. თავდაპირველად ჩვენში ესოდენ გავრცელებულ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს შევეხოთ. რამდენად უსაფრთხოა ჰორმონების რეგულარული მიღება?
– ჰორმონული კონტრაცეფციისთვის იყენებენ ქალის სასქესო პორმონების – პროგესტერონისა და ესტროგენების სინთეზურ ანალოგებს. სინთეზური ანალოგები თვისებებით ძალიან ჰგავს ნატურალურს, მაგრამ მათზე გაცილებით აქტიურია. რაც შეეხება მათ უვნებლობას, საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. როგორც ამბობენ,  უკვე შექმნილია ბუნებრივი ესტროგენების შემცველი კონტრაცეფციური საშუალებები, რომლებიც, იმედია, საქართველოშიც მალე გამოჩნდება და კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების სპექტრი კიდევ უფრო გაფართოვდება. რაც შეეხება თანამედროვე კოკებს, მათი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია – 1000 ქალზე წელიწადში 1-5 ორსულობას შეადგენს.
ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებებს სხვა სარგებლობაც მოაქვს. კერძოდ, მათი მიღებისას:
• მცირდება მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი;
• მცირდება საკვერცხეებისა და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი;
• მცირდება საკვერცხების ფუნქციური კისტების განვითარების რისკი;
• სუსტდება ან ქრება დისმენორეის სიმპტომები.
გარდა ამისა, შესაძლებელია მათი გამოყენება დისფუნქციური სისხლდენების, უშვილობის, ჭართმიანობის სამკურნალოდ.
ნუთუ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება?
– ისევე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, მათაც აქვთ უკუჩვენება – არსებობს რიგი მდგომარეობა, როდესაც მათი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ესენია:
• ძუძუს კიბო უშუალოდ კონტრაცეპტივის შერჩევის მომენტში ან მანამდე, ღვიძლის სიმსივნე, ინსულტი, სისხლის შედედების დარღვევა, გულის იშემიური დაავადება, ნაღლის ბუშტის მწვავე დაავადება, ვირუსული ჰეპატიტი ან ციროზი, არადიაგნოზირებული სისხლდენები.
ასევე არ შეიძლება ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება საეჭვო ან დადგენილი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ისინი კვალიფიციურმა ექიმმა უნდა დანიშნოს. არამც და არამც არ შეიძლება მათი თვითნებური მიღება.
რომელი აბებია უფრო ეფექტური: კომბინირებული თუ 
პროგესტერონის შემცველი? როგორ მოქმედებს მინიპილი?
– პროგესტინული აბების, იმავე მინი-პილის ეფექტიანობა ისეთივე მაღალია, როგორიც კომბინირებულისა.  მოქმედების მექანიზმიც თითქმის ანალოგიურია:
• იწვევს ცერვიკალური ლორწოს გასქელებას, რის შედეგადაც ძნელდება საშვილოსნოში სპერმატოზოიდების შეღწევა;
• იწვევს ენდომეტრიუმის ატროფიულ ცვლილებებს;
• აქვეითებს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს ზედა სასქესო გზებში (ფალოპის მილებში).
რაც შეეხება ოვულაციაზე ზემოქმედებას, კოკის მიღებისას ოვულაცია თითქმის 100%-ით ითრგუნება, ხოლო  მინი-პილის მიღების შემთხვევაში – მხოლოდ  50-60%-ით. მინი-პილის გამოყენება ძუძუთი კვების დროსაც შეიძლება, კოკის გამოყენებისთვის კი ლაქტაცია უკუჩვენებად ითვლება.
ჩვენში საკმაოდ პოპულარულია სპირალი. რა ხანგრძლივობით უნდა იცვალოს ის? ბევრი წლობით ატარებს ერთხელ ჩადგმულ სპირალს...
– კონტრაცეფციისთვის გამოსაყენებელი საშვილოსნოსშიგა საშუალებები (სშს) ორნაირია: არამედიკამენტური და მედიკამენტური. არამედიკამენტური ანუ ინერტული სშს მზადდება პოლიეთილენისგან (ლიპესიის მარყუჟი). ამგვარი სშს შეიცავს ბარიუმის სულფატს, რომელიც მას რენტგენოკონტრასტულს ხდის (ანუ ჩანს რენტგენზე). მედიკამენტური სშს საშვილოსნოს ღრუში გამოყოფს სპილენძის იონს ან ჰორმონს (პროგესტერონს, ლევონორგესტერელს). თანამედროვე სშს-ის კონტრაცეფციული მოქმედება გრძელდება 5-12 წელი. სშს მაღალეფექტურია. უკუჩვენებები იგივეა, რაც კოკების შემთხვევაში, მცირედი განსხვავებით: სპირალი არ გამოიყენება მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებების დროს.
რას გვეტყვით ჩასახვის საწინააღმდეგო ბუნებრივ მეთოდებზე? მრავალი ქალი წლების მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით იცავს თავს დაფეხმძიმებისგან.
– ჩასახვის საწინააღმდეგო კალენდარული, ბაზალური ტემპერატურის განსაზღვრისა და ლაქტაციური ამენორეის მეთოდები აბსოლუტურად უსაფრთხოა, მაგრამ ნაკლებად ეფექტური. საზოგადოდ, მინდა აღვნიშნო, რომ კონტრაცეფციული მეთოდი ყოველთვის უსაფრთხო და მაღალეფექტურია, თუ შეირჩა ექიმის მიერ, წინასწარ გამოკვლეული პაციენტის ინდივიდუალური სტატუსის გათვალისწინებით და სწორად იქნა გამოყენებული.
მართლა არსებობს თუ არა სპერმის მიმართ ალერგია? იქმნება თუ არა ამის გამო პრეზერვატივის გამოყენების აუცილებლობა?
– სათესლე სითხე ქალის ორგანიზმისთვის უცხო ცილას შეიცავს, ამდენად, თეორიულად სავსებით შესაძლებელია მისდამი ალერგიული რეაქციის განვითარება. ეს რეაქცია გამოიხატება ტიპური ალერგიული შეშუპებით, შეწითლებით, ქავილით და, თქვენ წარმოიდგინეთ, რიგ შემთხვევაში შესაძლოა, უშვილობის მიზეზადაც კი იქცეს. ამ შემთხვევაში სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია გამოირიცხოს ბაქტერიული და ვირუსული გენეზის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, დისბაქტერიოზი, შარდის ბუშტისა და საშოს ანატომიური თავისებურებები. ლაბორატორიული კვლევების საშუალებით ადგენენ ქალის ორგანიზმში ანტისპერმული ანტისხეულების არსებობას. მათი მაღალი ტიტრის შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში კონდომის გამოყენებაა მიზანშეწონილი. გარდა ამისა, მიმართავენ იმუნოთერაპიას, ადგილობრივ ანტიჰისტამინურ საშუალებებს, ზოგ შემთხვევაში – ჰორმონულ თერაპიასაც. ჩასახვა შესაძლებელია წინასწარ დამუშავებული სპერმით საშვილოსნოსშიგა ინსემინაციის გზით. რიგ შემთხვევაში მიზანშეწონილია ექსტრაკორპორალური განაყოფიერება.

ბუნებრივად დაცული

ბაზალური ტემპერატურის მეთოდი (ბტმ)
 ბაზალური ტემპერატურა ის ტემპერატურაა, რომლითაც ვიღვიძებთ. ის სწორ ნაწლავში ისინჯება მენსტრუაციებს შორის, ყოველ დილით, საწოლიდან ადგომამდე. როდესაც მაჩვენებელი აიწევს, თუნდაც უმნიშვნელოდ, ივარაუდეთ, რომ ნაყოფიერი დღეები დაგიდგათ.
ბტმ-ის ეფექტურობა 80%-მდეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მეთოდით მოსარგებლე ყოველი 100 ქალიდან 20 მაინც ორსულდება. ბტმ-ის ეფექტურობა იკლებს ანუ ტემპერატურის სწორად გაზომვა ვერ ხერხდება, როდესაც ქალი ავად არის, ემოციური სტრესის ქვეშ იმყოფება, დარღვეული აქვს  ძილის რიტმი, სვამს და ეწევა, იყენებს ელექტრონულ ლეიბებსა და საბნებს.
გაითვალისწინეთ, რომ სპერმატოზოიდები სამი დღე ცოცხლობენ და, ცხადია, ამდენივე ხანს ინარჩუნებენ განაყოფიერების უნარს. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ნაყოფიერი დღეების დაწყებამდე სამი დღით ადრე დაუცველი სქესობრივი აქტი ორსულობით დასრულდეს.
ზუსტად რომ დაადგინოთ, როდის გეწყებათ ნაყოფიერი პერიოდი, სამი თვის განმავლობაში უნდა მიმართოთ ბტმ-ს, თუმცა პროცესის სირთულეს ალბათ თავადაც ხვდებით.

კალენდარული მეთოდი (კმ)
კმ მეტად გავრცელებული მეთოდია, რომლის ეფექტურობაც ზუსტი გამოთვლის პირობებში 87%-ს აღწევს. თითქოს რა სირთულეს უნდა წარმოადგენდეს დღეების თვლა?! რეალურად კი ეს სულაც არ არის მარტივი. ვიდრე ნაყოფიერი და უნაყოფო დღეების ანგარიშს შეუდგებოდეთ, ბოლო რამდენიმე მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა დაიხსომეთ. შემდეგ ყველაზე მოკლე ციკლს 18 გამოაკელით. მაგალითად, თუ ციკლი 26-დღიანია, სხვაობას 8-ს მიიღებთ. ამის შემდეგ ციკლის დაწყების დღიდან 8 დღე გადათვალეთ და კალენდარზე მონიშნეთ. სწორედ ამ დღიდან იწყება თქვენი ნაყოფიერი პერიოდი. მის დასასრულს კი ამგვარად გამოითვლით: ყველაზე ხანგრძლივი მენსტრუაციული ციკლის დღეებს გამოაკელით 11. თუ ციკლი 30-დღიანია, სხვაობა 19 იქნება. ესე იგი მენსტრუაციის დაწყებიდან ზუსტად მე-19 დღეს დასრულდება განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი პერიოდი.

ცერვიკალური ლორწოს მეთოდი (ცლმ)
ცლმ-ის ეფექტიანობაც 87%-ია. მისი გამოყენება მენსტრუაციის დასრულებისთანავე უნდა დაიწყოთ და გულდასმით დააკვირდეთ საშოს ლორწოს  კონსისტენციას: ნაყოფიერ დღეებში სეკრეტი გამჭირვალე, თხელი და სრიალაა, ოვულაციის დღეების დასრულების შემდეგ კი უფრო წებოვანი ხდება და მოცულობასაც იკლებს. კიდევ ერთ რამეს დააკვირდით: ოვულაციის პერიოდში საშო თითით შეხებისას უფრო ღია და რბილია, ხოლო მანამდე და მის შემდეგ – ვიწრო და შემკვრივებული.
გაითვალისწინეთ, რომ საშოს ლორწოს პროდუქცია ზოგიერთ ქალს განსხვავებული აქვს და ძნელი შესამჩნევია, როდის იცვალა სეკრეტმა მოცულობა და კონსისტენცია. ამდენად, ცერვიკალური ლორწოს მეთოდი არ გამოადგება მას, ვისაც რეპროდუქციული ტრაქტის ინფექცია აქვს, ინტიმური ჰიგიენის საშუალებებს იყენებს ან შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებს.

ორდღიანი კონტროლის მეთოდი (ოკმ)
ოკმ ცერვიკალური ლორწოს მეთოდს ჰგავს – დაკვირვება ამ შემთხვევაშიც საშოს გამონადენზე ხდება, თუმცა მხედველობაში მხოლოდ ლორწოს არსებობა მიიღება და არა კონსისტენცია.
ამ მეთოდის ეფექტიანობა 86%-ია. დაკვირვება ასე ტარდება: შეიმოწმეთ ლორწოს არსებობა (შეგიძლიათ, ტუალეტის ქაღალდი გამოიყენოთ) დღეში ორჯერ: შუადღისას და ძილის წინ. გაიხსენეთ, გქონდათ თუ არა გამონადენი წინა დღეს. თუ ლორწო ორივე შემთხვევაში შეამჩნიეთ, ჩათვალეთ, რომ განაყოფიერება შესაძლებელია და დაუცველი სექსისგან თავის შეკავება მოგიწევთ.

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი (ლამ)
ლაქტაციური ამენორეა მშობიარობის შემდეგ, ძუძუთი კვების პერიოდში, მენსტრუაციის უქონლობას ნიშნავს. ამ პერიოდში დაორსულება არ ხდება და მეთოდი შემთხვევათა 98%-ში ამართლებს.
ლამ ეფექტურია მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ქალი ჩვილს აქტიურად აწოვებს ძუძუს – დღეში 9-10-ჯერ მაინც და ღამით ერთხელ მაინც, თანაც ორივეს, კვებათა შორის შუალედი კი 6 საათს არ უნდა აღემატებოდეს. რაც მთავარია, ეს მეთოდი მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ ქალს მენსტრუაციული ციკლი არ დასწყებია.

მედლის მხარეები
ორსულობის დაგეგმვის ბუნებრივ მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ორივეს გათვალისწინებით ქალს შეუძლია აირჩიოს, აძლევს თუ არა ხელს მისი გამოყენება.
ბუნებრივი მეთოდის დადებითი მხარეები
არ გააჩნია გვერდითი ეფექტი.
მისი შეწყვეტა სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
არ მოითხოვს ფინანსურ დანახარჯს.
უარყოფითი მხარეები:
ნაკლებად ეფექტურია იმ ქალებისთვის, რომელთაც არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი აქვთ.
არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.

 
 
სიახლეები
ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით 23.07.14-ის მდგომარეობით
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად