ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გულ-სისხლძარღვთა დაავადებები >>ჟურნალი N58
როგორ დავძლიოთ ანემია


კრიზისი... ოღონდ სისხლის
 
  ადამიანის ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ერითროციტების წარმოქმნა და დაშლა. ანემიის დროს ბალანსი ირღვევა – მცირდება  ერითროციტების წარმოქმნა, ძლიერდება მათი დაშლა ან ორივე პროცესი ერთდროულია.
  გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ოჯახის ექიმი მედეა ტუღუში.
 
  – ქალბატონო მედეა, რა არის ანემია?
  – ანემია ბერძნული სიტყვაა და სისხლნაკლებობას, უსისხლობას ნიშნავს. ეს პათოლოგიური მდგომარეობა კლინიკურად კანისა და ლორწოვანი გარსების სიფითრით ვლინდება, ხოლო ჰემატოლოგიურად – სისხლის  მოცულობით ერთეულში ჰემოგლობინისა და/ან ერითროციტების რიცხვის შემცირებით.
  ანემიად ითვლება მდგომარეობა, როცა Hb-ის (ჰემოგლობინის) მაჩვენებელი ეცემა:
  * მამაკაცებში – 130 გ/ლ-ზე მეტად;
  * ქალებში – 120 გ/ლ-ზე მეტად;
  * ორსულებში – 110 გ/ლ-ზე მეტად;
  * ბავშვებში – 115-110 გ/ლ-ზე მეტად.
  უმეტესად ეს მაჩვენებელი ანემიის ამოსაცნობად საკმარისია.
  ჰემოგლობინისა და ერითროციტების ოდენობის შემცირებას ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდების შემცირება და ჰიპოქსიის განვითარება მოჰყვება.
  მნიშვნელობა აქვს ანემიის არა მარტო სიმძიმეს, არამედ განვითარების სიჩქარესაც. მოზრდილი ადამიანისთვის 500 მლ სისხლის ერთბაშად დაკარგვა საშიშია, ხოლო სისხლის საერთო მოცულობის 25%-ის სწრაფმა დაკარგვამ შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
  – როგორი შეიძლება იყოს ანემია?
  – ანემია უმეტესად მეორეული წარმოშობისაა. ის ტრავმული სისხლდენით,  B12-ისა და ფოლატების დეფიციტით, რკინის ნაკლებობით, ფერმენტების უკმარისობით, ჰიპერსპლენიზმითა და სხვა პათოლოგიური მდგომარეობებით განპირობებულ სინდრომს წარმოადგენს.
  სისხლნაკლებობის უშუალო მიზეზი შესაძლოა იყოს:
1. ჰემოპოეზის (სისხლის წარმოქმნა) დარღვევა;
2. სისხლის დაკარგვა (პოსტჰემორაგიული ანემია);
3. სისხლის გაძლიერებული დაშლა (ჰემოლიზური ანემია). ხშირად ანემიებს ფერადობის მაჩვენებლის (ერითროციტების ჰემოგლობინით გაჯერების) მიხედვითაც განასხვავებენ, თუმცა ეს დაყოფაც პირობითია.
  – იქნებ ანემიის მიზეზებზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ...
  – ანემიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მწვავე სისხლდენაა, რომელიც უმთავრესად ტრავმას მოსდევს. ანემია საკმაოდ ხშირად ვითარდება კუჭ- ნაწლავის ტრაქტის დაავადებების (ეროზიული, წყლულოვანი, სიმსივნური პათოლოგიების, დივერტიკულის, ტელეანგიექტაზიების, პოლიპების, საყლაპავის ვენების გაფართოების, დიაფრაგმის თიაქრის) დროსაც, ვინაიდან, ჯერ ერთი, ქრონიკული სისხლდენის მიზეზს უმთავრესად სწორედ ეს დაავადებები წარმოადგენს, მეორეც, კუჭის მჟავიანობის დაქვეითებისას რკინის შეწოვა მცირდება.
  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს კიდევ უფრო ხშირია B12-დეფიციტური ანემია. მხოლოდ XX საუკუნის 30-50 წლებში დაადგინეს, რომ იგი გარეგანი და შინაგანი ფაქტორების დეფიციტის შემთხვევაში ვითარდებოდა. გარეგან ფაქტორს, ვიტამინ B12-ს, ხორცი შეიცავდა, შინაგანს, გლიკოპროტეინს კი  კუჭის წვენი. ამ ანემიის ძირითადი მიზეზებია კუჭის ლორწოვანზე ალკოჰოლის ტოქსიკური ზემოქმედება, გასტრექტომია, ქრონიკული ატროფიული გასტრიტი, კუჭის კიბო, კრონის დაავადება, ნაწლავების ქირურგიული რეზექცია.
  ხშირია სისხლდენა და ანემია ლეიკოზის, მუცლის ტიფის, ფილტვების ტუბერკულოზის, პნევმოსკლეროზის, ფილტვის კიბოს, აბსცესის, ფილტვის ინფარქტის დროს. არცთუ იშვიათია სიხლდენა ცხვირიდან, საშვილოსნოდან.
  მძიმე სისხლდენით რთულდება ჰემოფილია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც სისხლის შედედების მექანიზმია დარღვეული. ჰემოფილიით უმთავრესად მამაკაცები ავადდებიან, რომლებსაც დაავადება დედისგან გადაეცემათ.
  როცა სისხლდენა დაკავშირებულია ქრონიკულ დაავადებასთან, ადამიანი თანდათან ეგუება ანემიას და მხოლოდ შორსწასული ფორმის დროს მიმართავს ექიმს.
  ანემია ასევე ვითარდება ენდოკრინული დაავადებების (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი), სიმსივნური დაავადების, თირკმლის ქრონიკული დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, ტუბერკულოზის, ლეიშმანიოზის, შიდსის, ჭიებით ინვაზიის დროს.
  სისხლნაკლებობას ხშირად იწვევს არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვების რაციონი, ცილებით ღარიბი საკვები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ანემია ადვილად ვითარდება რკინის მიმართ მოთხოვნილების ზრდის დროს – ორსულობის, მენსტრუაციის, ლაქტაციის, აქტიური ზრდის პერიოდში. დედის ორგანიზმში რკინის დეფიციტის დროს ანემია ჩვილ ბავშვებშიც ვლინდება.
  სისხლწარმოქმნის დათრგუნვის მიზეზი შესაძლოა იყოს მაიონიზებელი რადიაცია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპიული საშუალებების, ინსექტიციდების, ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება.
  – რით ვლინდება მემკვიდრეობითი ანემიები?
  – თავდაპირველად ავხსნი, რა არის ზოგადად ჰემოლიზური ანემია. ეს გახლავთ დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც ერითროციტების გაძლიერებული დაშლა – ჰემოლიზური სინდრომი ახასიათებს. ამ ანემიების წილად ანემიურ მდგომარეობათა 11,5% მოდის. ჰემოლიზის კლინიკური ნიშნებია სიყვითლე კანის ქავილის გარეშე, მუქი განავალი, მუქი წითელი შარდი და სხვა.
  მემკვიდრეობითი ჰემოლიზური ანემიები ხშირია ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, ნიგერიაში, თუმცა თანამედროვე მიგრაციის პირობებში ამ ანემიით დაავადებული ადამიანი შესაძლოა ნებისმიერ კონტინენტზე შეგვხვდეს. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, თალასემია (კერძოდ, β- თალასემია), საქართველოშიც ხშირია.
  – რას უჩივის ანემიური ავადმყოფი?
  – განურჩევლად მიზეზისა და პათოგენეზისა, ანემიის ყველა ფორმას მსგავსი კლინიკური ნიშნები ახასიათებს, რომლებსაც ზოგადანემიურ სიმპტომებს უწოდებენ. ეს ნიშნები ჟანგბადით ქსოვილთა არასათანადო მომარაგების გამო აღმოცენდება. ავადმყოფი უჩივის სწრაფად დაღლას, თავბრუხვევას, ყურებში შუილს, გულისცემის გახშირებას, ჰაერის უკმარისობას, ძილად მივარდნას, შრომის უნარის დაქვეითებას. გამოხატული ანემიის დროს მწვავდება იშემიური დაავადებები. სტენოკარდიის შეტევებიც კი ვითარდება. ყურადღებას იპყრობს თმის ცვენა, ფრჩხილების დაზიანება, უმადობა, დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), შეკრულობა ან დიარეა, გლოსიტი (ენის ანთება), ინტელექტუალური შესაძლებლობების შესუსტება, შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველის დროს, სუბფებრილიტეტი (სხეულის ტემპერატურა – 37-37,5), ინფექციებისადმი მიდრეკილება.
  რკინადეფიციტურ ანემიას განსაკუთრებით ახასიათებს გემოვნების გაუკუღმართება – ცარცის, მიწის, უმი ხორცის ჭამის სურვილი, უჩვეულო  მიდრეკილება განსაზღვრული (აცეტონის, ბენზინის) სუნებისადმი, ასევე ლორწოვანისა და კანის სიფითრე, ზოგჯერ – მომწვანო ელფერი, ქლოროზი.
  – რას ეფუძნება ანემიების დიაგნოსტიკა, გარდა სისხლის საერთო ანალიზისა, რომელი კვლევა უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოზს?
  – ანემიის დასადგენად აუცილებელია პერიფერიული სისხლის გამოკვლევა. Hb-ის, ერითროციტების რაოდენობის დადგენასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერადობის მაჩვენებლის განსაზღვრას. რკინადეფიციტურ ანემიაზე ეჭვის დროს საჭიროა სისხლის შრატში რკინის ოდენობის გამოკვლევა. ჰემოლიზის დროს ხდება სისხლში ბილირუბინის განსაზღვრა. ხშირად საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება: რკინის ცვლის სკრუპულოზური შესწავლა, ძვლის ტვინის პუნქტატის ციტოლოგიური შესწავლა, ბიოპტატის (ტრეპანობიოფსია) ჰისტოლოგიური შესწავლა, მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, გულმკერდისა და კუჭ-ნაწლავის რენტგენოგრაფია, კუჭისა და ნაწლავების ენდოსკოპია, ჰემოსტაზისა და თირკმლის ფუნქციის შესწავლა. მხოლოდ ასეთი მიდგომა გვაძლევს ანემიის უტყუარი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას.
  – რა მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას ანემიის დროს?
  – ამ კონტექსტში ყურადღება, უწინარეს ყოვლისა, ეგრეთ წოდებულ დეფიციტურ ანემიებზე უნდა შევაჩეროთ. ეს ტერმინი ძირითადად რკინის, ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ ანემიებს გულისხმობს.
  რკინადეფიციტურ ანემიას I ადგილი უკავია როგორც მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულ, ასევე კვების დარღვევით გამოწვეულ დაავადებებს შორისაც. ადამიანის მიერ მიღებული რკინის ოდენობა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, კვების რაციონზე, მეორე მხრივ, კუჭ-ნაწლავის მდგომარეობაზე. ჰემინური რკინის შეწოვისთვის, რომელსაც შეიცავს საქონლის, შინაური ფრინველის ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები, კუჭ-ნაწლავის მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს. არაჰემინური, სამვალენტიანი რკინის შემცველი მცენარეული სურსათი კარგად შეიწოვება C ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან (ხილი, ხილის წვენი, კარტოფილი, პარკოსნები, კომბოსტო) ერთად კუჭის ნორმალური სეკრეციის პირობებში. თუ რაციონში საკმარისად არის ხორცი, თევზი და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, რკინის ოპტიმალური შეწოვა ფაქტობრივად გარანტირებულია. ცხოველური პროდუქტებიდან რკინის 10-12% შეიწოვება, მცენარეულიდან – 1-5%. მამაკაცებს დღე-ღამეში 1,2 მგ რკინა სჭირდებათ, ქალებს, ფიზიოლოგიური დანაკარგის გათვალისწინებით, რეპროდუქციულ ასაკში – 2 მგ რკინა. უნდა ვიცოდეთ, რომ რკინის შეწოვას აფერხებს:
  1. ხორბალი და სხვა მარცვლეული, ბურღულეული, თხილეული;
  2. ტანინები, ჩაი, ყავა, კაკაო, სანელებლები;
  3. რძე, რძის პროდუქტები.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით რეკომენდებულია: 
. ჩაი და ყავა კვებიდან 1-2 საათის შემდეგ მივირთვათ;
. რძე, ყველი – კვებათა შორის;
. ინჰიბიტორების (შეწოვის შემაფერხებელი ნივთიერებების) შემცველი პროდუქტები – უმეტესად რკინით ღარიბი მენიუს დროს (მაგალითად, მარცვლეული – საუზმეზე ჩაისთან და რძის პროდუქტებთან ერთად).
  . საკვებს C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები (ხილის წვენი, ფორთოხალი) მივაყოლოთ.
  . მივირთვათ რკინითა და ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტები.
  ვიტამინ B12-ს მხოლოდ ცხოველური სურსათი – ხორცი, ღვიძლი, კვერცხის ცილა, ყველი, რძე, შავი ხიზილალა შეიცავს. ამ პროდუქტების ნაკლებობა ხელს უწყობს ანემიის განვითარებას.
  ფოლიუმის მჟავა შედის როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ პროდუქტებში (ღვიძლი, ხორცი, სოკო, ისპანახი, მწვანე სალათა, ბარდისებრთა ოჯახის მცენარეები, ახალი ხილი, ბოსტნეული, საფუარი, რძე). კულინარიული დამუშავებისას ფოლატების 50% იშლება, ამიტომ საჭიროა უმი ხილისა და ბოსტნეულის მიღება.
  – რა პრინციპით მკურნალობენ ანემიას?
  – ანემიის პროფილაქტიკისთვის სრულფასოვანი კვებაა საჭირო, მაგრამ ჩამოყალიბებული დაავადების სამკურნალოდ დიეტა არ კმარა, ამ დროს მედიკამენტური მკურნალობაა აუცილებელი. პირველ რიგში დაავადების გამომწვევი ფაქტორი უნდა აღმოვფხვრათ, შემდეგ კი დეფიციტის კორექციაზე ვიზრუნოთ.
    B12-დეფიციტურ ანემიებს მკურნალობენ ვიტამინ B12-ით, უეფექტობის შემთხვევაში – პრედნიზოლონის მცირე დოზებით. ფოლიუმდეფიციტური ანემიების დროს 5-10 მგ ფოლიუმის მჟავას უნიშნავენ.
   რკინადეფიციტური ანემიის მსუბუქი და საშუალო ხარისხის ფორმების დროს ინიშნება ელემენტარული რკინა – დღეში საშუალოდ 200 მგ – და დიეტა. ერითროციტული მასის გადასხმა ნაჩვენებია ჰიპოქსიის გამოხატული მოვლენების დროს. დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე რკინის შემცველი უამრავი პრეპარატია. მათ შორის აღსანიშნავია ფეროვიტი და ფეროვიტ ფორტე, ეს უკანასკნელი შეიცავს რკინის ფუმარატს და B ჯგუფის ვიტამინებს, რის გამოც ძალზე ეფექტურია რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ.

 
 
სიახლეები
“ავერსი” 20 წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის სექტემბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად