ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>  ძვალ-სახსართა პათოლოგიები
სახსრის სატკივარი
 
  ხალხში ართრიტს უწოდებენ ყველაფერს, რაც ასე თუ ისე სახსრის პრობლემებს უკავშირდება. რეალურად, ართრიტი მხოლოდ სახსრის ანთებაა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ თვით ამ უკანასკნელს სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილება იწვევს, ყველაზე ხშირად – რევმატოიდული ხასიათისა. რაკი ახალ ტერმინს წავაწყდით, იმასაც გეტყვით, რომ იგი ერთ დაავადებას არ აღნიშნავს – ეს უფრო დაავადებათა ნაკრებია (მათი რიცხვი კი 100-ს ამღემატება!), რომლებიც ხშირად სახსრის პათოლოგიური ცვლილებებით იჩენს თავს.
თუ მაინც დაიბენით, ნუ იდარდებთ; ჟურნალის მთავარ თემაში სახსროვანი პათოლოგიების შესახებ დაწვრილებით მოგითხრობთ. რაკი მსოფლიოში ყველაზე სანდო სტატისტიკურ მონაცემებს ამერიკელები გვაწვდიან, მოდი, ამჯერადაც მათ მონაცემებს დავეყრდნოთ. სახსროვანი პათოლოგიები აშშ-ში თურმე 50 მილიონამდე კაცს აწუხებს, 2020 წლისთვის კი, მოსალოდნელია, მათმა რიცხვმა 60 მილიონს მიაღწიოს. რევმატული დაავადებები გაცილებით მეტ ინვალიდობას იწვევს, ვიდრე გულის დაავადებები, კიბო თუ დიაბეტი.
2003 წლის მონაცემებით, ართრიტებისა და რევმატული დაავადებების სამკურნალოდ გამოწერილ მედიკამენტთა საშუალო ღირებულება კაცზე 1 635 დოლარი იყო. ამავე წელს სახსროვანი პათოლოგიების სამკურნალოდ დახარჯულმა საერთო თანხამ, არც მეტი, არც ნაკლები, 321,8 მილიარდი შეადგინა. ამერიკელებმა ისიც კი დათვალეს, რამდენით ნაკლებს გამოიმუშავებს თვეში ადამიანი, რომელსაც სახსრები აწუხებს – ეს რიცხვი 3,613 დოლარს აღწევს და აქედან 1 590 დოლარის დანაკარგი სახსროვანი პათოლოგიების ბრალია.
ვეცნობით სახელებს
როგორც უკვე გითხარით, რევმატოიდულ სნეულებათა ნუსხა 100-ზე მეტ დაავადებას მოიცავს, მაგრამ ყველა მათგანის მიმოხილვა შორს წაგვიყვანს. მოდი, ყველაზე გავრცელებულებზე ვისაუბროთ.
ოსტეოართრიტი. სახსრის ანთებას ყველაზე ხშირად სწორედ ეს პათოლოგია იწვევს. ოსტეოართრიტი აშშ-ში 27 მილიონ ზრდასრულ ადამიანს აწუხებს. ამ დროს სახსრის შემადგენელი ძვლების დაბოლოებებზე არსებული ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, ზოგჯერ სრულიად განილევა. შედეგად თავს იჩენს სახსრის ტკივილი, იზღუდება მოძრაობა. შორს წასული ოსტეოართრიტი ინვალიდობას იწვევს, რაც უმეტესად ხერხემლის შესახსრებებში, მუხლებისა და ბარძაყის სახსრებში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების ბრალია.
რევმატოიდული ართრიტი. ამ ანთებითი დაავადების მიზეზი იმუნური სისტემის გაუკუღმართებული ქცევაა, რომლის შედეგადაც ზიანდება იმუნური სისტემის მიერ “ამოჩემებული” სახსრის კომპონენტები. თავს იჩენს ტკივილი, მოძრაობა იზღუდება, სახსრის ფუნქცია სუსტდება და ბოლოს სულ მთლად იკარგება. რევმატოიდული ართრიტი უმეტესად ხელის მტევნებსა და ტერფებს აზიანებს, თანაც სიმეტრიულად, ანუ ორივე მხარეს. ამერიკაში რევმატოიდული ართრიტიც საკმაოდ არის გავრცელებული: ის მოსახლეობის 0,6%-ს (დაახლოებით 1,3 მილიონ კაცს) აქვს.
იუველინური იდიოპათიური ართრიტი. ეს დაავადება ბავშვებში ვლინდება და ტკივილით, მოძრაობის შეზღუდვით, სახსრის შეშუპებით იჩენს თავს. პერიოდულად შესაძლოა სხეულის ტემპერატურის მატება და გამონაყარიც გამოიწვიოს.
ფიბრომიალგია. ეს არის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც შემაერთებელი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარეობს. რაკი სახსრის კომპონენტები (ძვალი, ხრტილი, მყესები, კუნთები) სწორედ ასეთი ქსოვილებისგან შედგება, ფიბრომიალგიის დროს სახსარი ძლიერ ზარალდება. პათოლოგიური პროცესი ყველაზე ხშირად კისრის, ხერხემლის, მხრებისა და თეძოების სახსრებს მოიცავს. ფიბრომიალგია ასიათასობით ამერიკელს აღენიშნება.

სისტემური წითელი მგლურაც აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც სახსრებთან ერთად ზიანდება თირკმელები, კანი, ფილტვები, გული, სისხლძარღვები და თავის ტვინიც კი. გამოთვლებით, სისტემური წითელი მგლურა აშშ-ში დაახლოებით 150 000 ადამიანს აწუხებს. სკლეროდერმია. მას სისტემულ სკლეროზსაც უწოდებენ. დაავადების მიზეზი კანსა და სხვა შემაერთებელ ქსოვილში კოლაგენის ჭარბი სინთეზი და ჩალაგებაა. ამგვარი ცვლილებები, კანისა და სახსრების გარდა, სისხლძარღვებში, ფილტვებსა და თირკმელებშიც იჩენს თავს. სპონდილოართროპათია. ამ დროს პათოლოგიური პროცესი – სახსრის მყესებისა და იოგების ანთება – უპირატესად ხერხემალშია ლოკალიზებული. მისი ერთ-ერთი ფორმის, მაანკილოზებელი სპონდილიტის შემთხვევაში ცვლილებები მხრების, მუხლებისა და თეძოს სახსრებშიც არის გამოხატული. კიდევ ერთი ფორმა, რეაქტიული ართრიტი, ინფექციური პროცესის შედეგია, რომელსაც მხედველობის პრობლემები, გამონაყარი და პირის ღრუს პათოლოგიები ერთვის.
ინფექციური ართრიტი – ეს ტერმინი გულისხმობს სახსრის ყოველგვარ ანთებას, რომელიც ვირუსით ან ბაქტერიით არის გამოწვეული. მაგალითად, ხშირია გონოკოკით გამოწვეული ართრიტი. სახსრის ინფექციური ანთების ნიშნები იჩენს თავს ლაიმის დაავადების დროს, რომელსაც ტკიპას ნაკბენი იწვევს. ინფექციური ართრიტის დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად (მკურნალობენ ანტიბიოტიკებით) სახსრის დაზიანების ალბათობა მცირდება.
პოდაგრა. სახსარში ამ დროს შარდმჟავას კრისტალები ლაგდება. სწორედ ისინი იწვევენ პერიოდულ ანთებას, შეშუპებას და ტკივილს. ხშირად პოდაგრას პირველი იერიში ფეხის ცერა თითზე მიაქვს. სტატისტიკის თანახმად, პოდაგრას 2,1 მილიონი ამერიკელი უჩივის. პოლიმიოზიტი რევმატული ხასიათის პათოლოგიაა, რომელიც კუნთის ანთებას, მისი ფუნქციის შესუსტებას იწვევს და საბოლოოდ შესაძლოა საქმე ინვალიდობამდეც კი მივიდეს.
ფსორიაზული ართრიტი. სახსროვანი დაავადების ეს ფორმა კანის ერთ-ერთი  დაავადების, ფსორიაზის ფონზე ვითარდება და უმეტესად ხელისა და ფეხის თითების შესახსრებებს აზიანებს. პათოლოგიურ პროცესში ხშირად ფრჩხილებიც ერთვება. იშვიათად თავს იჩენს ზურგის ტკივილიც – ეს მაშინ, როცა პათოლოგიური პროცესი ხერხემალსაც მოიცავს. ბურსიტი. ეს ის პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ანთებითი პროცესი სინოვიურ ჩანთაში (სასახსრე სითხით ამოვსებულ ჩანთისებრ წარმონაქმნში) ვითარდება. მისი მიზეზი სახსრის სხვა ნაწილის ანთება ან უშუალოდ ჩანთაში ინფექციის შეჭრაა. ბურსიტი ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს.
ტენდინიტი. ამ დროს მყესების ანთება ვითარდება. მიზეზად შესაძლოა იქცეს მეტისმეტი დატვირთვა (მაგალითად, ვარჯიშით), ტრავმა, რევმატიზმი. ტენდინიტის შედეგიც ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა გახლავთ.
რატომ ვითარდება ართრიტი
სახსროვან დაავადებათა განვითარებაში ბრალი მიუძღვის როგორც გენეტიკას, ისე გარეგან ფაქტორებს. მაგალითად, ოსტეოართრიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს როგორც ხრტილოვანი ქსოვილის მემკვიდრობითი სისუსტე, ისე მისი გაცვეთა ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისა და ტრავმის შედეგად. რევმატოიდულ ართრიტს, იუვენილურ იდიოპათიურ ართრიტსა და წითელ მგლურას გენეტიკური ცვლილებები იწვევს. ამასთან, ზოგიერთმა ვირუსმა შესაძლოა გენეტიკური პათოლოგიის გამოვლენას მისცეს ბიძგი. ამგვარი კავშირი გამოავლინეს წითელ მგლურასა და ეპშტეინ-ბარის ვირუსს შორის.  
ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სახსროვან პათოლოგიათა ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ჰორმონებიც, რადგან ზოგიერთი დაავადება უპირატესად ქალებში იჩენს თავს. ასეთებია წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმია, ფიბრომიალგია.
რევმატიზმი ინფექციური წარმოშობის სისტემური დაავადებაა, რომელიც A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკთან არის დაკავშირებული. ის მწვავე ინფექციური დაავადების, მაგალითად, სინუსიტის, ტონზილიტის ფონზე ვითარდება. ინფექცია ერთგვარი გამშვები მექანიზმია, რომელიც რთავს აუტოიმუნურ პროცესს. იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულებით საკუთარი ქსოვილის (მათ შორის – სახსრის) დაზიანებას და საბოლოოდ გულის სარქვლოვანი აპარატის პათოლოგიურ ცვლილებებამდე მივყავართ. გამოთქმაც კი არსებობს: რევმატიზმი ლოკავს სახსრებს და კბენს გულსო.
დაიხსომეთ, რომ:
. რევმატული ართრიტი 2-3-ჯერ უფრო ხშირია ქალებში
. 10-დან 9 ადამიანი, რომელსაც წითელი მგლურა ან ფიბრომიალგია აწუხებს, ქალია.

. პოდაგრა მამაკაცებში უფრო ხშირია, თუმცა მენოპაუზის შემდეგ ეს დაავადება ქალებშიც საგრძნობლად ხშირდება.
. სისტემური წითელი მგლურა უფრო მეტად აფროამერიკელებსა და ლათინური წარმოშობის ქალებს ემართებათ, ვიდრე კავკასიელებს.
როგორ ამოვიცნოთ სახსროვანი პათოლოგია
რევმატულ დაავადებებს ბევრი რამ აქვს საერთო, თუმცა არსებობს მათი განმასხვავებელი ნიშნებიც. ყველა მათგანისთვის (იშვიათი გამონაკლისის გარდა) დამახასიათებელია:
. ერთი ან რამდენიმე სახსრის შეშუპება;
. მოძრაობის შეზღუდვა, რომელიც დილაობით ერთი საათი მაინც გასტანს;
. სახსრის მუდმივი ან ხანგამოშვებითი ტკივილი;
. სახსრის მიდამოს შეწითლება და კანის სიმხურვალე.
ვავლენთ და ვანადგურებთ სახსრის მტრებს
სახსროვანი პათოლოგიის აღმოჩენა ექიმის გამოცდილ თვალსაც შეუძლია, თუმცა დიაგნოზის დასაზუსტებლად მედიცინა გამოკვლევათა მთელ წყებას გვთავაზობს. მათ შორის _ რევმატოიდული ფაქტორის გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, სინოვიური სითხის გამოკვლევა, რენტგენოგრაფიული გამოკვლევა.
ართრიტი კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს. მხოლოდ ერთი მეთოდი, მაგალითად, მედიკამენტის მიღება ან ვარჯიში, ვერაფერ შედეგს გამოიღებს. არის შემთხვევები, როცა ოპერაციული ჩარევაც ხდება საჭირო, თუმცა ქირურგიული მკურნალობა უმეტესად ეფექტიანია. ბევრს ებადება კითხვა: ხომ არ ავნებს ვარჯიში ისედაც გაცვეთილ სახსრებს.
პასუხი ასეთია: გააჩნია პათოლოგიის ხასიათს, თუმცა დაავადებულ სახსრებს ვერც მეტისმეტი დატვირთვა არგებს და ვერც სრული უმოძრაობა. საუკეთესო გამოსავალია, ყური მივუგდოთ საკუთარ ორგანიზმს. მაგალითად, რევმატული ხასიათის დაზიანებისას ადამიანი იოლად იღლება. ასეთ დროს ძალდატანება და ვარჯიში არამც და არამც არ არის მიზანშეწონილი, თუმცა სრული უმოძრაობის შემთხვევაში კუნთები შესაძლოა ისე მოდუნდეს, რომ ადგილიდან ვეღარ დაიძრათ.
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, გარდა იმისა, რომ სახსარს მოქნილობას მატებს, წონის კლებასაც უწყობს ხელს, რაც კიდევ უფრო ამცირებს სახსრის დატვირთვას. ვარჯიშის კომპლექსის შესარჩევად გირჩევთ სპეციალისტს მიმართოთ.
ექიმმა, იმისდა მიხედვით, რა უფრო არგებს თქვენს სახსრებს, შესაძლოა გირჩიოთ:
. ვარჯიშები, რომლებიც სახსრის მოქნილობას აუმჯობესებს. ასეთებია ცეკვა, აერობიკა, სტრეტჩინგი.
. ძალისმიერი ვარჯიშები, რომლებიც სახსრის ირგვლივ არსებულ კუნთებს ამაგრებს და სახსრის გამძლეობას ზრდის.
. აერობული ვარჯიშები, რომლე
ბიც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას და, საზოგადოდ, აჯანსაღებს სხეულს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ველოსიპედით სიარული, ცურვა, ჯიგინგი სახსრის ზოგიერთი ტიპის ანთების ჩაქრობას უწყობს ხელს.
გარდა დაბალანსებული ფიზიკური დატვირთვისა, ართრიტებისა და რევმატული ხასიათის სხვა დაავადებების მკურნალობისას მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვებაც. განსაკუთრებით _ პოდაგრის დროს. მათ, ვისაც ეს დაავადება აწუხებს, არ ვურჩევთ პურინებით მდიდარ საკვებს, მაგალითად, თირკმელებს, ღვიძლს და, რაც მთავარია, ალკოჰოლს. საზოგადოდ კი სახსროვანი დაავადებების დროს მკაცრი დიეტა გამართლებული არ არის. კვების განსაკუთრებული რაციონის შერჩევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც რევმატოიდული ართრიტი თირკმელების ან გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით არის გართულებული. ართრიტის მკურნალობისას სასურველია ვერიდოთ მჟავე და ცხარე საკვებს _ ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატები კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს, აგრესიული საკვები კი გასტრიტის ჩამოყალიბების ალბათობას უფრო მეტად გაზრდის.
წამლები სახსრებისთვის
სხვადასხვა ტიპის ართრიტს სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება. რევმატული დაავადებების უმრავლესობა ბოლომდე არც კი იკურნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობა უშედეგოა. წამლების დროული და მართებული მიღება ანთებას აქრობს და მდგომარეობას აუმჯობესებს.
იმ მედიკამენტების ნუსხა, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ართრიტებისა და, საზოგადოდ, რევმატული დაავადებების სამკურნალოდ, ასეთია:
. ტკივილგამაყუჩებლები. გარდა დასალევი ანალგეტიკებისა (მაგალითად, აცეტამინოფენისა), სახსრის ტკივილის დროს ექიმი ხშირად გირჩევთ ადგილობრივი საშუალებების, მაგალითად, მენთოლის, ევკალიპტის, სალიცილატებისა და კაპსაიცინის შემცველი
გელებისა და მალამოების გამოყენებას.
. ანთების საწინააღმდეგო არ
ასტეროიდული პრეპარატები, გარდა იმისა, რომ ტკივილს აყუჩებს, ანთებასც აქრობს, თუმცა მათი ხანგრძლივი მიღება ექიმის რჩევის გარეშე არამც და არამც არ შეიძლება.
. კორტიკოსტეროიდები. ეს ჰორმონშემცველი მედიკამენტები დასალევიც არსებობს და ადგილობრივი მოქმედებისაც.
გადააგდე ყავარჯნები
ართრიტის საწინააღმდეგო ყველაზე რადიკალური მეთოდი ოპერაციული ჩარევაა, თუმცა მანამდე, მოდი, სხვა მეთოდებსაც გადავავლოთ თვალი.
. ნერვის ტრანსკუტანური ელექტრული სტიმულაცია მეთოდია, რომელიც სახსრის ფუნქციის აღდგენას იწვევს. ეს არის კანქვეშა ნერვის სტიმულაცია დენით. ამ დროს ტკივილის იმპულსი, რომელიც ნერვიდან ტვინს უნდა გადაეცეს, იბლოკება.
. აუტოიმუნური ხასიათის ართრიტის დროს “მავნე” ანტისხეულებისგან სისხლის გასაწმენდად პროსორბა კოლუმნიას იყენებენ.
. ცხელი და ცივი აპლიკაციები. მაღალი ტემპერატურა არგებს სახსარს თუ დაბალი, ამის გადაწყვეტა ექიმს მიანდეთ. ცხელი კომპრესი სახსარში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ტკივილს ასუსტებს და სახსარს მოქნილობას მატებს. საამისოდ შეიძლება ცხელი ცვილის, ცხელი ქსოვილის (მაგალითად, პირსახოცის), ცხელი წყლის ჭავლის გამოყენება. ფიზიოთერაპევტი სახსრის ულტრაბგერით ან მიკროტალღებით გახურებაში დაგეხმარებათ.
ცივი კომპრესი ნერვს აბუჟებს და ამით ტკივილის შესუსტებას, ანთების ჩაცხრობასა და კუნთოვანი სპაზმის მოხსნას უწყობს ხელს. საამისოდ იყენებენ ყინულს, ცივი წყლის ჭავლს და კანის გამაგრილებელ ადგილობრივ საშუალებებს (სპრეის, მალამოს).
. ჰიდროთერაპია, მობილიზაცია, რელაქსაცია. ეს მეთოდები სახსრის ფუნქციის გასაუმჯობესებლად არის მიმართული.
ჰიდროთერაპია თბილ წყალში ვ
არჯიშს ან რელაქსაციას (მოდუნებას) გულისხმობს. ამ დროს ტკივილი იკლებს (კუნთების მოდუნების ხარჯზე) და სახსარი უფრო მობილური ხდება.
მობილიზაციური თერაპია სახსრის მოძრაობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ის მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის მიერ ტარდება და მასაჟს, სახსრის იძულებით, თუმცა ფრთხილ მოძრაობას გულისხმობს.
რელაქსაცია კუნთის მოდუნებაა. ბოლო ხანს სპეციალისტები ფართოდ იყენებენ ე.წ. პროგრესული რელაქსაციის მეთოდს, რომელიც კუნთის ჯერ შეკუმშვას და შემდეგ ნელა მოდუნებას ითვალისწინებს. ეფექტურ რელაქსაციას ექიმი გასწავლით.
რაც შეეხება ართრიტების ქირურგიულ მკურნალობას, საამისოდ რამდენიმე მეთოდი არსებობს, თუმცა ყველაზე რადიკალური “ძველი”, გაცვეთილი სახსრის ახლით ჩანაცვლებაა.
!!! ერთადერთი ართრიტი, რომლის კონსერვატიული მკურნალობა ასე თუ ისე შედეგიანია, ინფექციური გენეზისაა. სხვა სახის რევმატული დაავადებები ბოლომდე არ იკურნება, თუმცა ადეკვატური თერაპია მდგომარეობას აუმჯობესებს. არც ის
არის მართალი, რომ ართრიტების სამკურნალოდ საკმარისია ფიტოთერაპია, მალამოები და დიეტა. ასეთი მკურნალობა არამცთუ არ არგებს სახსარს, შესაძლოა ავნოს კიდეც, თუ, რაღა თქმა უნდა, სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე ჩავიტარეთ.
ანთების გარეშე
გარდა ანთებისა, სახსრის სტრუქტურა შესაძლოა სხვა მიზეზითაც შეიცვალოს. სწორედ არაანტებითი ხასიათის პათოლოგიაა ოსტეოართროზი ანუ სახსრის არაანთებითი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება, რომელსაც ხალხში “მარილებს” უწოდებენ. ოსტეოართროზი სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას, რომელსაც რეაქტიული სინოვიტი (სახსრის სითხის ანთება)  მოჰყვება. ეს უკანასკნელი მეორეულია ხრტილის დეგენერაციულ ცვლილებასთან შედარებით, ამიტომ ტერმინი “ოსტეოართრიტი”, რომელსაც ხშირად ამ დაავადების არსებობის დროს იყენებენ ხოლმე, მართებული არ არის, ვინაიდან დაავადების არსს არ ასახავს.
ოსტეოართროზი ყველაზე ხშირად მოიცავს ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზს, სპონდილოზს და პერიფერიული სახსრების (მენჯ-ბარძაყის, მუხლის და ა. შ.) ართროზს. ბოლო ხანს შეიმჩნევა სახსრების მრავლობითი დაზიანების ტენდენცია, ამიტომ აღნიშნულ დაავადებას პოლიოსტეოართროზად იხსენიებენ.
წვიმა და ურეკის ქვიშა
ბევრი ადამიანი ჩივის, რომ ამინდის ცლილების დროს, უპირატესად ტენის მატებისას, სახსრები ტკივილს იწვევს ან როგორც უხშირესად ამბობენ ხოლმე, “სახსრებში ამტვრევთ”.  აღნიშნავენ, რომ დასავლეთ საქართველოს იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ტენი ჭარბადაა, თავს შეუძლოდ გრძნობენ, სახსრები სტკივათ, უმძიმდებათ, მაგრამ საკმარისია, თბილისში ჩამოვიდნენ, რომ უმალვე შვებას გრძნობენ.
ეს პრობლემა უპირატესად იმ ადამიანებს აწუხებთ, რომელთაც ჰიპერმობილობის სინდრომი აღენიშნებათ. მათ გრძელი იოგოვანი აპარატი და, ამის კვალობაზე, ჭარბი შემაერთებელქსოვილოვანი მასა აქვთ. ისევე, როგორც ფრინველებს უჭირთ ნოტიო ამინდში მაღლა ფრენა, ჰიპერმობილობის სინდრომის მქონე ადამიანიც თავს შეუძლოდ გრძნობს: სიმძიმის შეგრძნება აწუხებს, სახსრებში სტეხს. მშრალ ამინდში დისკომფორტი ქრება.
ალბათ გსმენიათ კიდევ ერთი მითის შესახებ, რომელიც ართრიტს და მასზე გარემოს ფაქტორების ზეგავლენას უკავშირდება. მართლაც, ართრიტისგან განკურნების ერთ-ერთ საშუალებად ურეკის ქვიშას მიიჩნევენ. რეალურად კი ართრიტისა და ართროზის დროს სახსრებზე ცხელი ქვიშის სითბური ზემოქმედება დადებით შედეგს არ იძლევა. ურეკი კარგია მცირე ასაკის ბავშვებისათვის, რომლებსაც D ვიტამინის გამოსამუშავებლად ულტრაიისფერი სხივები უხვად სჭირდებათ.
ერთადერთი სარგებლობა, რომელიც ურეკმა შეიძლება მოუტანოს ართრიტით ან ართროზით დაავადებულს, არის ის, რომ რეაბილიტაციის პერიოდში მეტად ეფექტურია ცურვა, თუმცა ცურვა შეიძლება სხვა კურორტებზეც და, უბრალოდ, აუ
ზშიც.
აამუშავე მექანიზმი
სახსარი მანქანის მექანიზმივითაა – თუ დიდხანს დავტოვეთ უმოქმედოდ, ერთ მშვენიერ დღეს მისი ამუშავება გაგვიჭირდება, ხოლო მეტისმეტი დატვირთვისას შესაძლოა გაცვდეს და გადაიწვას კიდეც. ასე რომ, დროდადრო მსუბუქი ვარჯიში სახსარს ჰაერივით სჭირდება. გაითვალისწინეთ: ვარჯიშის სახეობა და დატვირთვის ინტენსივობა სპეციალისტმა უნდა შეგირჩიოთ. მით უმეტეს, თუ სახსარი უკვე დაზიანებულია – ასეთ დროს ტრავმის რისკი გაცილებით მაღალია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს სამი ტიპის ვარჯიშები, რომლებიც სახსრის ფუნქციაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს: ერთნი მის მობილურობას აუმჯობესებენ, მეორენი ძალას მატებენ, ხოლო მესამე ტიპის ვარჯიშები აერობული ტიპისაა და ორგანიზმის ზოგად მოძლიერებას უწყობს ხელს. მოდი, თითოეული უფრო დაწვრილებით მიმოვიხილოთ.
ელასტიკური რომ იყოს
არსებობს ვარჯიშთა მთელი წყება, რომლებიც სახსართა ელასტიკურობის აღსადგენად არის განკუთვნილი. ვარჯიში უმოძრაობას მიჩვეულ სახსრებს აამუშავებს და გაახურებს. თუ დილის შებოჭილობის სინდრომი გაწუხებთ, ასეთი დატვირთვა სახსრების “დაქოქვაში” დაგეხმარებათ. სახსრებისთვის ელასტიკურობის დასაბრუნებლად იდეალურია იოგა, ტაი ჩი... სულ რაღაც 15 წუთია საჭირო, რომ იოგები, მყესები და კუნთები გახურდეს და ამუშავდეს. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ ფიზიკურად უფრო მეტად დაიტვირთოთ, გირჩევთ ძალისმიერი და აერობული ვარჯიშებიც სცადოთ, მოსათელად კი ამ ტიპის ვარჯიშები გამოგადგებათ. 
ძლიერი რომ იყოს
დაზიანებულ სახსრებს ზედმეტი ძალა რომ არ დაადგეს, კუნთებმა უნდა იყოჩაღონ. სწორედ კუნთოვანი ქსოვილის მოძლიერებაში დაგეხმარებათ ძალისმიერი ვარჯიშები. ისინი ორნაირია: იზომეტრიული და იზოტონური. პირველის შესრულებისას სახსარი მთლიანად არ იტვირთება, მხოლოდ კუნთი ვარჯიშდება, მეორის შესრულებისას კი ძალა ადგება როგორც კუნთს, ისე სახსარს. ამის მაგალითად გამოდგება მოძრაობა, როდესაც მჯდომარე ფეხს მაღლა სწევთ და მუხლში მართავთ.
ძალისმიერი ვარჯიშის შესრულება ყოველ მეორე დღეს არის რეკომენდებული, თანაც აუცილებლად მოთელვის შემდეგ.
უფრო მეტი რომ შეძლოს
არსებობს ვარჯიშები, რომლებსაც კარდიოვასკულურს ან აერობულსაც უწოდებენ. მათი შესრულებისას სხეულის უდიდესი კუნთები რიტმულად, ხანგრძლივად იტვირთება, მიზანი კი გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, კუნთების მუშაობის გაუმჯობესებაა. აერობული ვარჯიშები ამაგრებს ძვლებს, ხსნის სტრესს, დეპრესიას, აწესრიგებს ძილს.

კარდიოვასკულური ვარჯიშების შესრულებისას მნიშვნელოვანია პულსის მონიტორინგი. მაღალი კლასის ფიტნესცენტრებში არის ტრენაჟორები, რომლებიც გულისცემას ითვლის, ასე რომ, იოლად შეამჩნევთ, გააუმჯობესეთ თუ არა შედეგი, ხოლო სამედიცინო პერსონალი, რომელიც ყველა თანამედროვე ფიტნესცენტრში ჰყავთ, დაგეხმარებათ, დატვირთვა საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით შეარჩიოთ.
აერობულ დატვირთვებს შორის ყველაზე პოპულარულია ცურვა, ველოსიპედითა და ფეხით სიარული, ცეკვა.
ართრიტის დროს მოდუნებული კუნთებისა და გაზარმაცებული სახსრების გასავარჯიშებლად სეირნობა იდეალური საშუალებაა. ამ დროს ვარჯიშდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ფილტვები და კუნთები, ხოლო ძვლები უფრო მკვრივი ხდება, რასაც ართრიტით დაავადებულისთვის, რომელიც ჰორმონოთერაპიას იტარებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს _ ჰორმონული მედიკამენტები ხომ ძვლების გამოფიტვას უწყობს ხელს.
მეტი სიფრთხილისთვის
თუ მაინც გგონიათ, რომ ვარჯიში თქვენი ფაქიზი სახსრებისთვის მეტისმეტი დატვირთვაა, ძალდატანებას არამც და არამც არ გირჩევთ. აჯობებს, მსუბუქი მოძრაობები შეაპაროთ და დააკვირდეთ, რა რეაქცია ექნება სახსრებს.
დაიწყეთ ასე: ტელევიზორის ყურების, ნებისმიერი რუტინული საქმიანობის ან სულაც უსაქმურობის დროს, როცა დივანზე ხართ წამოწოლილი ან მაგიდას უზიხართ, ეცადეთ ხშირად იცვალოთ პოზა, აბრუნეთ, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ გადახარეთ თავი, ამოძრავეთ ხელები, ხელის მტევნები, ფეხები გამართეთ და, თუ შეძლებთ, გაჭიმეთ კიდეც.
ასეთი მოქმედებების შესრულება, ისევე როგორც ვარჯიში, სახსართა პათოლოგიის მქონე ადამიანებისთვის საღამოობით არის მიზანშეწონილი. დილაობით სახსარს “დაქოქვა” უჭირს და ძალდატანება არასასურველია.
სახსრის ანთებითი პათოლოგიის დროს თავი არიდეთ:
. სირბილს;
. ხტუნვას;
. ტენისს;
. ძლიერ აერობულ დატვირთვას;
. სპორტის და, საზოგადოდ, ფიზიკური აქტიურობის იმ სახეობას, რომელიც ერთი და იმავე მოქმედების გამეორებას გულისხმობს, მაგალითად, ტენისს, მაგიდის ჩოგბურთს.
აკვარელაქსაცია

წყლის პროცედურები, აკვააერობიკა და სპა-თერაპია გადაღლილი და შელახული სახსრების უებარი წამალია. ოლიმპიური რეკორდის დამყარებას არავინ გთხოვთ, წყლის სტიქიაში ზომიერი ვარჯიში კი ურიგო ნამდვილად არ იქნება, რადგან:
. თბილი წყალი ტკივილს ამსუბუქებს;
. თბილ წყალში სისხლძარღვები ფართოვდება, რაც სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს;
. სპა-პროცედურების დროს სწორად შერჩეული მასაჟი განსაკუთრებით უხდება კუნთებს;
. წყალი ადუნებს და ხსნის სტრესს.
წყლის პროცედურების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართეთ _ შესაძლოა, მან ასეთი ვარჯიშებისგან თავის შეკავება ან განსაკუთრებული სიფრთხილე გირჩიოთ. მაგალითად, თუ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია ან დაბალი არტერიული წნევა გააქვთ, ყვინთვისას ფრთხილად უნდა იყოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისა და ხანში შესულებისთვის შედარებით ხანმოკლე პროცედურები უნდა შეირჩეს. დაბოლოს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურას _ ის თქვენი ორგანიზმისთვის კომფორტული უნდა იყოს.
გაითვალისწინეთ: სახსრის ანთებითი დაავადების გამწვავებისას, როდესაც სახსარი ძლიერ მტკივნეული, შეშუპებული და შეწითლებულია და კიდურის მოხრაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი, ფიზიკური დატვირთვა არამც და არამც არ შეიძლება.
ვარჯიში სახსრებისთვის
1. ავარჯიშეთ მხრები
დაწექით იატაკზე, ხელები სხეულის გასწვრივ მოათავსეთ. იდაყვში გამართული ცალი ხელი ნელა ასწიეთ და ისე გადაიტანეთ უკან, რომ იატაკს შეახოთ. ნელი მოძრაობით ხელი კვლავ საწყის პოზიციას დაუბრუნეთ და იგივე მოძრაობა მეორე ხელით შეასრულეთ.
2. ავარჯიშეთ კისერი
დაჯექით, წელში გაიმართეთ და მიაბრუნეთ თავი ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.
3. ავარჯიშეთ ფეხები
დადექით პირით კედლისკენ და ხელისგულებით მხრის დონეზე მიეყრდენით კედელს. ცალი გამართული ფეხი უკან გასწიეთ, მთელი ტერფით მყარად დადგით იატაკზე და ასე გაჩერდით, ვიდრე გაშლილი ფეხის კუნთებსა და სახსარში დაჭიმულობას არ იგრძნობთ. შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდით და იგივე მოძრაობა შეასრულეთ მეორე ფეხით.
4. ავარჯიშეთ მუხლები და ბარძაყები
დაწექით ზურგზე. მოხარეთ მუხლი და შეეცადეთ გულმკერდისკენ მოზიდოთ. გაიმეორეთ მეორე ფეხითაც.    
5. ავარჯიშეთ ბარძაყები
დაწექით მუცელზე, ცალი გამართული ფეხი მაღლა ასწიეთ. ეცადეთ, არ მოხაროთ. დაუშვით ფრთხილად. მოძრაობა რამდენიმეჯერ გაიმეორეთ და მეორე ფეხზე გადადით.
ართრიტმა ასაკი არ იცის
სახსრის პათოლოგიები ბავშვებსაც ემართებათ. ამ ასაკში ყველაზე მეტად იუველინური რევმატოიდული ართრიტია (ირა) გავრცელებული.
ირა-ს დროს სახსარი შეწითლებულია, მხურვალე და მტკივანი. მცირე ასაკის ბავშვებში ამ სიმპტომებს არცთუ იშვიათად სხეულის ტემპერატურის მომატებაც ერთვის.
იუველინური რევმატოიდული ართრიტი სამი ტიპისაა:
. ოლიგოარტიკულური. ამ დროს ოთხი ან უფრო ნაკლები სახსარი ზიანდება. შეშუპება, სიწითლე და ტკივილი უმთავრესად მუხლისა და მაჯის სახსრებში იჩენს თავს. შესაძლოა, ბავშვს თვალის ფერადი გარსიც დაუზიანდეს და ანთებითი ცვლილებები განუვითარდეს. ასეთ დროს ოფთალმოლოგის კონსულტაცია აუცილებელია.
. პოლიარტიკულური. ამ შემთხვევაში ანთება ხუთზე მეტ სახსარს მოიცავს. ართრიტის ამ ფორმით უმთავრესად გოგონები ხდებიან ავად. მათ აწუხებთ როგორც მსხვილი, ისე წვრილი სახსრების ტკივილი, დაბალი (სუბფებრილური) ტემპერატურა.
. სისტემური. ამ დროს სახსრების უმრავლესობა ანთებითია. დილაობით ბავშვს აქვს მაღალი სიცხე, რომელიც შესაძლოა ერთბაშად დაუვარდეს. სიცხის დროს ბავშვი გაფითრებულია, მივარდნილი, შესაძლოა კანზე გამოაყაროს კიდეც. არცთუ იშვიათად ელენთა და ლიმფური კვანძებიც დიდდება.
ვავარჯიშებთ სახსრებს
ცურვა, ველოსიპედის მართვა ბავშვისთვის მარტო იდეალური დატვირთვა კი არა, არაჩვეულებრივი გასართობიც არის. ასე რომ, ნუ დაიზარებთ, დაეხმარეთ პატარას, გაივარჯიშოს სახსრები და გაიმაგროს კუნთები. მარტივი ვარჯიშები კი შინაც შეიძლება შეასრულოს.
ვიდრე ბავშვი ვარჯიშს შეუდგება, ურიგო არ იქნება, რამდენიმე წესს გაეცნოთ:
. ვარჯიშამდე აუცილებელია მოთელვა, ვარჯიშის დასასრულს კი გახურებული სახსრების გასაგრილებლად დამზოგველი, მსუბუქი მოძრაობების შესრულებაა საჭირო _ ძლიერი ფიზიკური დატვირთვის ერთბაშად შეწყვეტა არ შეიძლება.
. არ არის მიზანშეწონილი ვარჯიში საწოლზე, საზოგადოდ, რბილ ზედაპირზე.
. ყველა მოძრაობა ნელა და ფრთხილად უნდა შესრულდეს.
. თითოეული სავარჯიშო 3-4-ჯერ მაინც შეასრულეთ. თუ სახსრები მეტისმეტად არ გადაიტვირთება, შეიძლება ჯერადობის გაზრდაც.
. ბავშვმა დროებით უნდა შეწყვიტოს ვარჯიში, თუ ფიზიკური დატვირთვიდან ორი საათის განმავლობაში სახსარი ასტკივდა. ექიმის მითითებით ვარჯიშის განახლება შეიძლება, ოღონდ ამჯერად მას უფრო ნაკლები დრო უნდა დაუთმოთ და გაცილებით მარტივი მოძრაობებით დაიწყოთ. დაიხსომეთ: ბავშვს, რომელსაც სახსრის პრობლემები აწუხებს, ორმაგად სჭირდება გამხნევება. ასე რომ, ნუ დაიშურებთ საქებარ სიტყვებს, ყოველი ვარჯიშის შემდეგ შეაქეთ და აღნიშნეთ, რომ დღითი დღე უფრო და უფრო უკეთ გამოსდის.
ადგილობრივი  იერიში
თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მწყობრიდან გამოსული სახსრის შეცვლა სულ ადვილად შეიძლება. მიუხედავად ამისა, სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ იყენებენ ადგილობრივ საშუალებებს, რომლებიც პრობლემის მიზეზს ვერ აღმოფხვრიან, თუმცა ტკივილსა და დისკომფორტს იოლად უმკლავდებიან. ამიტომ სახსარზე წასასმელი გელები და კრემები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.
ტკივილგამაყუჩებელი გელებისა და კრემების უმრავლესობას ერთნაირი შემადგენლობა აქვს, თუმცა პატარ-პატარა განსხვავებებიც ახასიათებს: ზოგიერთი ახურებს, ზოგიერთი კი აგრილებს, ზოგიერთი უპირატესად ანთების ჩასაქრობად არის განკუთვნილი,
ზოგიერთი კი უპირატესად ტკივილის მოსახსნელად... საერთო ჯამში, ადგილობრივი მოქმედების საშუალებები კანს ესალბუნება, აგრილებს ან ოდნავ ახურებს და, რაც მთავარია, მტანჯველ ტკივილს აქრობს. ასეთ ეფექტს ამ გელებსა და კრემებში შემავალ მცენარეულ და ცხოველურ ნივთიერებებს – პიტნას (მენთოლს), ევკალიპტს, წიწაკას, გველისა და ფუტკრის შხამს უნდა ვუმადლოდეთ.
გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:
. დიკლოფენაკის შემცველი საშუალებები (დიკლოფენაკის გელი, დიკლაკის გელი, ვოლტარენ-გელი);
. კეტოპროფენის შემცველი საშუალებები (ფასტუმ-გელი, ეფ-გელი, ფლექსენი, ტოპოგელი);
. იბუპროფენის შემცველი საშუალებები (დიპ რილიფი);
. ნიმესულიდის შემცველი საშუალებები (ტოროგელი);
. კაპსაიცინის შემცველი საშუალებები. ეს კომპონენტი კანს ახურებს და წვავს. ამ დროს ნერვული დაბოლოების მიერ ტკივილის აღქმა სუსტდება;
. სალიცილატის შემცველი საშუალებები. ეს ნივთიერება ასპირინის მსგავს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ახდენს;
. მენთოლის შემცველი საშუალებები. მენთოლი სიგრილის შეგრძნებას იწვევს, თუმცა კანის გათბობაც შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ტკივილს ასუსტებს.
გაგაგრილებთ: დიპ რილიფი, ფასტუმ გელი, რევმაკრემი, პერსკინდოლის გელი, ეფკამინი, ფინალგელი.
გაგახურებთ: კაფსიკამი, ვიპროსალი B, ნაიატოქსინი, აპიზარტრონი.
გამახურებელი მოქმედება აქვს ფინალგონსაც. თუმცაღა ის არც მცენარეულ კომპონენტებს შეიცავს და არც ცხოველურს, მისი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება საკმაოდ ძლიერია.
გარდა გელებისა, სახსრების ტკივილს დაგიამებთ ხსნარები, მაგალითად, მენოვაზინი, რომელიც გამაგრილებელ ეფექტს ფლობს, წიწაკის პლასტირები და სპრეები: პერსკინდოლი, კეტოსპრეი, პრონტოკეტი.
გამახურებელი ეფექტის მქონე საშუალებების გამოყენებისას კანი წითლდება და, თავისთავად, ხურდება კიდეც. ეს ბუნებრივი რეაქციაა და ნუ შეგეშინდებათ. ამგვარი საშუალებები, როგორც გელები, ისე აეროზოლები და პლასტირები, უფრო კუნთის დაჭიმულობის მოსახსნელად გამოგადგებათ, თუმცა სახსრის ტკივილსაც მოგიხსნით.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალების წასმის შემდეგ ხელები გულდასმით დაიბანეთ. ხელს დაბანამდე თვალზე ნუ მოისვამთ – შესაძლოა, ზედ შერჩენილმა წამალმა თვალის ლორწოვანი გაგიღიზიანოთ.
კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ: მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი საშუალების გამოყენებისას ტკივილი ქრება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ართრიტისგან განიკურნეთ. სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება აუცილებლად გააგრძელეთ.
!!! ადგილობრივი საშუალებების გამოყენებამდე უთუოდ მიმართეთ ექიმს, თუ ასპირინზე ალერგია გაქვთ ან სისხლის გამათხევადებელ წამალს იღებთ.
!!! ნუ გამოიყენებთ ადგილობრივ საშუალებას, თუ კანი დახეთქილი ან ძლიერ გაღიზიანებულია.
შეიმუშავეთ ტაქტიკა
იმის კვალობაზე, რამდენად მძაფრად არის გამოხატული სახსრის ტკივილი, ტაქტიკა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს.
. სუსტი ტკივილის დროს, რომელსაც მუდმივი ხასიათი არ აქვს და მალე გაივლის, სახსრის მოსვენებას და ცხელი ან ცივი აპლიკაციების გაკეთებას გირჩევთ. ის შეარჩიეთ, რომელიც უფრო მეტად გეამებათ. ცივი ტკივილს გაგიყუჩებთ, ხოლო ცხელი სხვა დისკომფორტს, მაგალითად, ქავილსაც მოგიხსნით.
. საშუალო სიმძიმისა და ხანგრძლივობის ან პერიოდული ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებელი აბები მიიღეთ. ამ დროს ტკივილის მიზეზი უმეტესად სახსრებისა და კუნთებისთვის უჩვეულო აქტივობაა, მაგალითად, ბაღში მუშაობა ცივ ამინდში და სხვა. ამ დროს უმჯობესია სახსარი მოასვენოთ და დააკვირდეთ.
. ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტი მიიღეთ – ასეთი ტკივილის მიზეზი, წესისამებრ, ანთებაა და ტკივილის გაყუჩებასთან ერთად მისი ჩაქრობაც არის საჭირო. თუკი ტკივილი გახანგრძლივდა ან გამეორდა, უთუოდ მიმართეთ ექიმს.
თუ დიაგნოზი უკვე დაგისვეს
. არამც და არამც არ გადააჭარბოთ მედიკამენტის დოზას, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ. თუ ტკივილს არაფერი ეშველა და სულ უფრო მეტ ტკივილგამაყუჩებელს იღებთ, ამის თაობაზე უთუოდ აცნობეთ მკურნალ ექიმს.
. თვითნებურად არც დოზის შემცირებაა მიზანშეწონილი. ნურც ტკივილს წაუყრუებთ, რაც არ უნდა მსუბუქი იყოს. უყურადღებობის შემთხვევაში სახსარი შესაძლოა უფრო და უფრო მეტად დაზიანდეს და საბოლოოდ მძიმე შედეგი მიიღოთ.
. ნუ იფიქრებთ მხოლოდ ტკივილზე. ადამიანი, რომელსაც სახსარი აწუხებს, ხშირად მხოლოდ დისკომფორტზე ფიქრობს და შედეგად დეპრესია ემართება. სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ართრიტების დროს ანტიდეპრესანტების მიღება მხოლოდ დეპრესიისგან კი არ კურნავს პაციენტს, არამედ ტკივილსაც ასუსტებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არტრიტით დაავადებულებს ხშირად ე.წ. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ჩატარებას ურჩევენ,რადგან მიაჩნიათ, რომ განწყობის გამოკეთება და ქცევის შეცვლა ტკივილს ასუსტებს და პაციენტს საკუთარი თავის რწმენას უბრუნებს.
საზოგადოდ, ცხოვრების წესის შეცვლა ხშირად პოზიტიურ გავლნას ახდენს ჯანმრთელობაზე. მაგალითად, წონის დაკლება სახსრის დატვირთვას ამცირებს, სიგარეტითვის თავის დანებებაც დადებით გავლენას ახდენს სახსრის ფუნქციაზე, რადგან ნიკოტინი ვნებს შემაერთებელ ქსოვილს და, აქედან გამომდინარე, სახსარსაც – ის ხომ უმთავრესად შემაერთებელი ქსოვილებისგან: ძვლებისგან, ხრტილისგან, მყესებისგან – შედგება.

მოკლედ | ვრცლად

                                                         ვუტევთ ოსტეოქონდროზს

  მილიონობით წლის წინ ადამიანი ოთხზე დადიოდა. მერე, აქაოდა დროს არ ჩამოვრჩეო, რატომღაც წელში გასწორდა და ორი ქვედა კიდურით გაუყვა ცივილიზაციის გრძელ და სირთულეებით აღსავსე გზას. სწორედ მას მერეა, ხერხემალს გასაჭირი რომ არ ელევა...
                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                                       სკოლიოზი

  დღეს ტანადობის კორექციისთვის ორთოპედთან ან სამედიცინო ფიზკულტურის ექიმთან უამრავი ბავშვი მიჰყავთ. მაინც რა იწვევს დაავადებას, რომლის სახელი – სკოლიოზი – დიდმაც და პატარამაც კარგად იცის?...
                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                            ზამთრის ფათერაკები

  რაც უფრო წინ მიიწევს ტექნიკური პროგრესი, მით უფრო ხშირდება ტრავმები. ინდუსტრიული რევოლუციის ნაყოფს უხვად ვიმკით: ტრავმატოლოგიურ კლინიკებს სხეულის მძიმე დაზიანებით ყოველდღე უამრავი ხალხი მიმართავს. თუმცა უსამართლობა იქნება, ყველაფერი ტრანსპორტს და გაუმართავ საწარმოო დანადგარებს დავაბრალოთ...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                  სახსრის ანთებითი დაავადებები

  სახსარს არცთუ ისე მარტივი აგებულება აქვს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ძვლები, ხრტილები, იოგები, მყესები, სინოვიური გარსი – ყველა სტრუქტურა გამართული უნდა იყოს, რათა სახსარმა იმუშაოს, მაგრამ ეს ნატიფი მექანიზმი ხშირად მწყობრიდან გამოდის ...
                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                                 ზურგის ტკივილი

  წელი გამიშეშდა... ზურგი ისე ძლიერ მტკივა, რომ დავჯდები, ვეღარ ვდგები, ავდგები და დაჯდომა მიჭირს. ნეტავ რისი ბრალია?” – ჩივის ზოგი, ჯერ კიდევ წელში გამართულები კი ამშვიდებენ: რას იზამ, სიბერე შემოგეპარაო...




                                                              უფრო ვრცლად »»»


2  შემდეგი>

 
 
სიახლეები
"სადაზღვევო კომპანია ალფა" უპრეცედენტო სტომატოლოგიურ პროდუქტს გთავაზობთ...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის მარტის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად