ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>  კუჭ-ნაწლავის დაავადებები

რას გვერჩის პანკრეასი?
 
  მუცლის ტკივილი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. რამდენადაც ხშირია ის, იმდენადვე მრავალფეროვანია მისი მიზეზები. ტკივილი მუცლის ღრუს ნებისმიერმა ორგანომ შეიძლება გამოიწვიოს: კუჭმა, ნაღვლის ბუშტმა, პანკრეასმა, წვრილმა ნაწლავმა, მსხვილმა ნაწალავმა, – თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მწვავე პანკრეატიტს იმდენად დამახასიათებელი ტკივილი აქვს, შეუძლებელია, ექიმს ის რამეში აერიოს. რა ფუნქციას ასრულებს ეს ჯირკვლოვანი ორგანო ჩვენს ორგანიზმში და რამდენად საშიშია პანკრეატიტი, ამის შესახებ
გასტროენტეროლოგი კოტე მაისაია გვესაუბრება.
– ბატონო კოტე, რა არის პანკრეატიტი და რამდენად ხშირად ხვდებიან ექიმები მას თავიანთ პრაქტიკაში?
– პანკრეასი კუჭუკანა ჯირკვალია. მას ჩვენს ორგანიზმში ორი ფუნქცია აკისრია. პირველი – შინაგანი სეკრეციისა: ის ჰორმონ ინსულინს გამოიმუშავებს და გლუკოზის დონის ნორმალიზებას ეწევა; მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია კი საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფა და ნაღველთან ერთად საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობაა.
პანკრეატიტი კუჭუკანა ჯირკვლის ანთებაა. განასხვავებენ მის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე პანკრატიტი საკმაოდ მძიმე დაავადებაა. ის ხშირად დიდ ყურადღებას მოითხოვს, ხანდახან – ინტენსიურ მკურნალობასა და რეანიმაციულ ღონისძიებებსაც. იგი მთელ მსოფლიოში გვხვდება, მილიონ კაცზე – საშუალოდ 300-350 შემთხვევა, იმისდა მიხედვით, რამდენ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს მოიხმარს მოსახლეობა კონკრეტულ რეგიონში.
– რა იწვევს პანკრეატიტს?
– უმეტესად, ასიდან 65-80 შემთხვევაში, პანკრეატიტის მიზეზი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა. მეორე ადგილი ნაღველკენჭოვან დაავადებას უკავია, მას კი მედიკამენტებითა და ვირუსული ინფექციური დაავადებით (მაგალითად, ყბაყურათი) გამოწვეული პანკრეატიტები მოსდევს. ტრავმის შედეგად განვითარებული პანკრეატიტებიც არ არის იშვიათი. ძალიან იშვიათად პანკრეატიტის მიზეზი პანკრეასის თანდაყოლილი დაავადება ან ანომალიაა.
მედიკამენტებიდან პანკრეატიტს ყველაზე ხშირად ციტოსტატიკური პრეპარატები (მაგალითად, აზატიოპრინი) იწვევს. არსებობს მონაცემები, რომ შარდმდენმა (მაგალითად, ფუროსემიდი), ბეტაბლოკატორებმა და სულფასალაზინის ჯგუფის პრეპარტებმაც შეიძლება შეუწყოს ხელი პანკრეატიტის განვითარებას.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მამაკაცებში ალკოჰოლური პანკრეატიტი უფრო ხშირია და მისი პიკი 50-55 წლის ასაკზე მოდის. ქალებში პანკრეატიტის წამყვანი მიზეზი ნაღველკენჭოვანი დაავადებაა (მას ბილიარული პანკრეატიტი ეწოდება) და ყველაზე ხშირად დაახლოებით 70 წლის ქალებს ემართებათ. საზოგადოდ, პანკრეატიტი ქალებში უფრო ხშირია – დაახლოებით ერთნახევარჯერ, რაც მთელ მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოშიც, ნაღველკენჭოვანი დაავადების სიხშირით უნდა იყოს გამოწვეული. მოგეხსენებათ, ეს პრობლემა ქალებს მეტად აწუხებთ.
– ბევრს ჰგონია, რომ პანკრეატიტს მხოლოდ უხარისხო სასმელი იწვევს...
– მთავარია ალკოჰოლის ოდენობა. არყის სახით მივიღებთ მას, ღვინისა თუ კონიაკისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უხარისხო სასმელმა კი შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
– რის საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ მწვავე პანკრეატიტი?
– მას იმდენად სპეციფიკური კლინიკა აქვს, შეუძლებელია, რამეში აგერიოს. მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი მუცლის ზემოთა ნახევარში, რომელიც ნეკნების და ზურგისკენ ვრცელდება. ტკივილი აუტანელია, არაფერი აყუჩებს, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა და ნარკოტიკების განმეორებით შეყვანას მოითხოვს. ასეთი ტკივილი მიგვანიშნებს, რომ სერიოზულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.
სწორედ ტკივილის სინდრომი აიძულებს დღევანდელ პაციენტს, ჩვენ მოგვმართოს. ისეთ მცირე დისკომფორტს, როგორიც, მაგალითად, მუცლის შებერვაა, დღევანდელი პაციენტი ყურადღებას არ აქცევს. მუცლის შებერვას პანკრეატიტის დროს განვითარებული ნაწლავებისა და კუჭის პარეზი იწვევს. წამყვანი სიმპტომებია გულისრევა და ღებინებაც.
– რით დასტურდება მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი?
– დიგნოზს, უპირველესად, კლინიკური სიმპტომების საფუძველზე სვამენ. ასეთი აშკარა და სპეციფიკური სიმპტომების წყალობით ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ისეთი ძლიერი ტკივილი, როგორიც პანკრეატიტს აქვს, შეუძლებელია წყლულს, ნაღველკენჭოვან დაავადებას ან რომელიმე სხვა პათოლოგიას ჰქონდეს. მართალია, ნაღვლოვან კოლიკასაც ძლიერი ტკივილი ახასიათებს, მაგრამ მას გარდამავალი ხასიათი აქვს, პანკრეატიტისთვის კი მუდმივი, თითქმის შეუჩერებელი ტკივილია ტიპური. გარდა ამისა, როცა პანკრეატიტს ვეჭვობთ, ფერმენტულ დიაგნოსტიკას ვატარებთ, კერძოდ, განვსაზღვრავთ სისხლში ამილაზისა და ლიპაზის დონეს. ეს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია. ამის შემდეგ უკვე კვლევის ვიზუალიზაციურ მეთოდებს მივმართავთ – ულტრასონოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ბილიარული პანკრეატიტების დროს ყველაზე ინფორმაციული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა, ვინაიდან მისი მეშვეობით მთელი ბილიარული ხე (სანაღვლე სადინარები) თვალნათლივ ჩანს და მცირე ზომის კენჭის დანახვაც შეიძლება.
– ყოველთვის აუცილებელია თუ არა მწვავე პანკრეატიტის სტაციონარში მკურნალობა?
– სამწუხაროდ, მწვავე პანკრეატიტის დროს სტაციონარულ მკურნალობას ვერ ავცდებით. თუნდაც მოკლე, ერთდღიანი კურსი აუცილებლად კლინიკაში უნდა ჩატარდეს. თუმცა მწვავე პანკრეატიტების 70-75% მსუბუქად მიმდინარეობს და ფერმენტების ნორმალიზება და ტკივილის კუპირება სწრაფად ხდება. სიტუაცია უმეტესად 1-3 დღეში სტაბილურდება. მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც პანკრეატიტი მძიმედ მიმდინარეობს, შეშუპებითი და ანთებითი პროცესები მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებსაც მოიცავს და ვითარდება პანკრეონეკროზი. ამ დროს დაავადება განსაკუთრებით მძიმდება და სისტემურ ხასიათს იღებს. არცთუ იშვიათად ლეტალური შედეგითაც სრულდება.
– პანკრეატიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები როგორია?
– მე თუ მკითხავთ, საუკეთესო რეცეპტია “голод, холод и покой” – “შიმშილი, სიცივე და სიმშვიდე”. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები მრავალი ათეული წლის წინ ითქვა, ამ ხნის განმავლობაში მედიცინა წინ წავიდა და პანკრეატიტის მკურნალობაში უამრავი რამ შეიცვალა, სამი ძირითადი პრინციპი უცვლელი დარჩა. ამრიგად, პრინციპი პირველი – შიმშილი. მოგეხსენებათ პანკრეატიტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა მის სადინარებში წნევის მომატება და მათი დაზიანებაა. ამ დროს პანკრეასის მომნელებელი წვენები გამოიყოფა, თვითმონელებას იწვევს და საკუთარ ქსოვილს აზიანებს. რაც მეტი წვენი წარმოიქმნება, მით მეტად ზიანდება პანკრეასი. სწორედ ამიტომ მისი მკურნალობის მთავარი პრინციპი ამ წვენების წარმოქმნისთვის ხელის შეშლაა. ვინაიდან შიმშილის დროს პანკრეასის წვენი არ გამოიყოფა, შანსი, რომ დაავადება გამწვავდეს, მცირდება.
თუმცა მხოლოდ შიმშილით ფონს ვერ გავალთ. შიმშილი, მოგეხსენებათ, კუჭის წვენის რაოდენობას ვერ შეამცირებს, არა
და სწორედ თორმეტგოჯა ნაწლავში გადასული კუჭის წვენი ასტიმულირებს პანკრასის წვენების წარმოქმნას. კუჭის წვენის გამოყოფის დასაითრგუნავად შიმშილთან ერთად ადრე H2 ბლოკატორებს – ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორებსაც ვიყენებდით (მაგალითად, რანიტიდინს, ციმეტიდინს). დღესდღეობით უფრო ეფექტურ – ომეპრაზოლის ჯგუფის პრეპარატებს ვიყენებთ (პანტოპრაზოლს, ულცეპანს, ნექსიუმს ვენაში). ამას პანკრეასის წვენის წარმოქმნის მაქსიმალური შეკავება მოჰყვება. ანტიფერმენტული პრეპარატები (მაგალითად, კონტრიკალი) დღეს მსოფლიოში თითქმის აღარსად გამოიყენება. მათ მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, მიიჩნევა, რომ მათი მიღება ფაქტობრივად ვერაფერს ცვლის. შიმშილი დაახლოებით 3-7 დღეა საჭირო, თუმცა ეს პაციენტს არ აუძლურებს, რადგან ჩვენ მას ინტრავენურ კვებას (გლუკოზა, ამინმჟავების ნაკრები) ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ტკივილის კუპირებაც, რასაც ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები პრეპარატების საშუალებით ვახდენთ.
ქირურგიული ჩარევა მხოლოდ გართულებულ შემთხვევაშია საჭირო – პანკრეონეკროზის ან ნეკროზული უბნების დაჩირქების დროს, ასევე – ფსევდოკისტის წარმოქმნის დროსაც. ქირურგიული მკურნალობის ძირითადი მეთოდი დაზიანებული უბნის დრენირებაა.
– რამდენად კეთილსაიმედოა პანკრეატიტის პროგნოზი?
– მწვავე პანკრეატიტის დროს პროგნოზი კარგია. შემთხვევათა 75%-ს, როგორც უკვე გითხარით, მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. ლეტალობა (სიკვდილიანობა) ძალიან იშვიათია (1-2%). მძიმედ მიმდინარე პანკრეატიტის შემთხვევათა მეოთხედი კი ლეტალურად სრულდება.  – ქრონიკული პანკრეატიტი როგორ მიმდინარეობს?
– ქრონიკული პანკრეატიტის დროს ანთებითი პროცესი დუნედ მიმდინარეობს. ის უმეტესად გამწვავების დროს მჟღავნდება ტკივილის სინდრომით. გარდა ამისა, ქრონიკულ პანკრეატიტს ფერმენტული უკმარისობა და მონელების დარღვევაც ახასიათებს (ვინაიდან პანკრეასის წვენი საკმარისი რაოდენობით აღარ გამომუშავდება). ამ დროს საჭიროა მკურნალობაში პანკრეასის ფერმენტების შემცვლელი პრეპარატების (მაგალითად, კრეზამის, პანზინორმის, კრეონის) ჩართვა.
– როგორ ავიცილოთ თავიდან პანკრეატიტი?
– ამისათვის, უპირველესად, ალკოჰოლის მკვეთრი შეზღუდვა საჭირო, ვინაიდან პირველი მაპროვოცირებელი ფაქტორი სწორედ ალკოჰოლია. გარდა ამისა, აუცილებელია ცხიმიანი საკვების, განსაკუთრებით – ცხოველური ცხიმის, მაქსიმალური შეზღუდვა, მეტადრე, თუ ადამიანს კენჭოვანი დაავადება აქვს, ვინაიდან ცხიმიანი საკვები კენჭის გავლის და, შესაბამისად, პანკრეატიტის მაპროვოცირებელი ფაქტორია. სასურველია იმ მედიკამენტების შეზღუდვაც (თუ შესაძლებელია), რომლებიც პანკრეატიტს პროვოცირებას უწევს. სიგარეტი პანკრეატიტის უშუალო მიზეზი არ არის, მაგრამ ის პანკრეასის სადინარების (ვირზუნგის სადინარისა და ოდის სფინქტერის) სპაზმს იწვევს, ამიტომ, როცა პაციენტს პანკრეატიტი აქვს, რასაკვირველია, სიგარეტისთვის თავის დანებებას ვურჩევთ. ორიგინალური არ ვიქნები და თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ პანკრეატიტის, ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესია.
მოკლედ | ვრცლად

ყაბზობა
 
  სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დაავადებაა აქტუალური, რაშიც სხვა ფაქტორებთან ერთად ცხოვრების წესსაც მიუძღვის ბრალი. ცხოვრების თანამედროვე სტილმაც მრავალი დაავადების წარმოშობა თუ გახშირება გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანია ყაბზობა (შეკრულობა), რომელსაც ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ. რა იწვევს მას? როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? ამ და სხვა საკითხებზე
გასტროენტეროლოგი, პროფესორი გელა სულაბერიძე გვესაუბრება.
– რა დაავადებაა ყაბზობა?
– ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
– რა სიმპტომები ახასიათებს შეკრულობას?
– ამ დროს ადამიანი უჩივის მუცლის შებერვას, ყურყურს, დაუცლელობის შეგრძნებას, ზოგჯერ – საერთო სისუსტეს, თავბრუხვევას, მადის დაქვეითებას, ბოყინს, გულისრევას, რაც ნაწლავში შიგთავსის დაყოვნების გამო ტოქსინების შეწოვითაა განპირობებული.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა?
– ყაბზობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ნაწლავის, ასევე ნაწლავგარე დაავადებები. ნაწლავის დაავადებებიდან მეტად საყურადღებოა ანთებითი დაავადებები, რომელთა მკურნალობა შესაძლებელია კონსერვატიულად, და ეგრეთ წოდებული მექანიკური შეკრულობა, რომლის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და ოპერაციული ჩარევა. ყაბზობის მიზეზი ზოგჯერ მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი ანომალიაა – ჰირშპრუნგის დაავადება ან იდიოპათიური მეგაკოლონი, რომლის სადიაგნოსტიკოდაც ვიყენებთ კვლევის რენტგენოლოგიურ და ენდოსკოპიურ მეთოდებს. ნაწლავგარე ფაქტორებიდან საყურადღებოა პროფესიული მოწამვლა, მედიკამენტური შეკრულობა და ენდოკრინული დაავადებები – მიქსედემა, აკრომეგალია, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. ახალგაზრდებში ხშირია ეგრეთ წოდებული ფუნქციური შეკრულობა, რაც შესაძლოა მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს. მას ჩვეულ შეკრულობასაც უწოდებენ. მისი მიზეზია დეფეკაციის რეფლექსის შესუსტება ან სრული გაქრობა. მას ხელს უწყობს დეფეკაციისგან თავის შეკავება – ამ შემთხვევაში რეფლექსი არ რეალიზდება და ითრგუნება, ამის შედეგად ქვეითდება ნაწლავის ტონუსი და ვითარდება შეკრულობა. შეკრულობას უჩივიან ხანდაზმულებიც, რაც ხშირად საპირისპირო მიდგომის ბრალია: ხანში შესულთა უმრავლესობას აუცილებლად მიაჩნია ნაწლავთა ყოველდღიური მოქმედება და მის გამოსაწვევად სისტემატურად იღებს საფაღარათო საშუალებებს. ეს ორგანიზმს წყლისა და ელექტროლიტებისგან აღარიბებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს შეკრულობის ჩამოყალიბებას ან გაღრმავებას. ამ პრობლემის მქონე პაციენტებს უნდა ავუხსნათ, რომ საფაღარათო საშუალებების სისტემატური გამოყენება უფრო მავნებელია, ვიდრე დიეტოთერაპიით, საჭირო საკვების მიღებით ნაწლავების თუნდაც გაიშვიათებული მოქმედების მიღწევა. ზემოხსენებულთა გარდა, ყაბზობა შესაძლოა გამოიწვიოს ან გააღრმაოს სამკურნალო პრეპარატებმაც: კუჭის წვენის სიმჟავის გამანეიტრალებელმა საშუალებებმა – ანტაციდებმა, რომლებიც შეიცავს ალუმინსა და კალციუმს, ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა, პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებმა, ნარკოტიკებმა, შარდმდენებმა, საძილე საშუალებებმა, ანტიდეპრესანტებმა და სხვა.
შეკრულობა შეიძლება განვითარდეს კლიმაქსურ პერიოდშიც, რაც უმთავრესად ჰორმონული ცვლილებების ბრალია. ამრიგად, შეკრულობას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ უმთავრესი მაინც ცხოვრების უმოძრაო წესი (ადინამია) და არასწორი კვებაა. ორივე ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, ამიტომ ყაბზობას ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ. მეოცე საუკუნეში დაგროვილი მეცნიერული კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ცხოვრების თანამედროვე სტილის თანმხლები არაგადამდები დაავადებები, მათ შორის – შეკრულობა, უმთავრესად იმ ქვეყნებში გვხვდება, სადაც მოსახლეობა მასობრივად ეტანება მაღალკალორიულ, რაფინირებულ, ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარ და მცენარეული ბოჭკოთი ღარიბ საკვებს.
– თქვენ მცენარეული ბოჭკო ახსენეთ. რა არის ეს და რა სარგებლობა მოაქვს მის მიღებას ყაბზობის დროს?
– მცენარეული ბოჭკო არასახამებლური პოლისაქარიდებია, რომლებიც, სახამებლის, მონო- და დისაქარიდებისგან განსხვავებით, არ მოინელება საჭმლის მომნელებელი სეკრეტებისა და ფერმენტების მიერ და უცვლელად აღწევს მსხვილ ნაწლავს. ეს მეტად მნიშვნელოვანია ნაწლავის ნორმალური შიგთავსის ჩამოყალიბებისა და იქ არსებული მიკროფლორის სათანადო ფუნქციობისთვის. ამავე დროს, მცენარეული ბოჭკო წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის მოქმედების ფიზიოლოგიურ სტიმულატორს, აწესრიგებს ნაწლავშიდა წნევას, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდა. აქედან გამომდინარე, ნაწლავთა ნორმალური ფუნქციობისთვის ბოჭკოვანი საკვები აუცილებელია. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და პროფესიული ასოციაციები გვირჩევენ, ყაბზობის დრო დღე-ღამეში 30-40 გრამი მცენარეული ბოჭკო მაინც მივიღოთ.
_ რა არის გასათვალისწინებელი მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტების მიღებისას? აქვს თუ არა მას უკუჩვენება ?
– ბოჭკოთი მდიდარია მცენარეული საკვები: ხილი, ბოსტნეული (განსაკუთრებით _ მათი კანი), მწვანილი, ყველაზე უხვად კი მათ მარცვლეულის (ხორბალი, სიმინდი, ქერი და სხვა) ქერქი შეიცავს. მცენარის ეს ნაწილები უხეშია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რაციონში მცენარეული საკვების ხვედრითი წილის განსაზღვრისას.
ბოჭკოვანი პროდუქტები ძნელი მოსანელებელია, მათი უხეში ნაწილების დაუმუშავებლად მიღება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს აღიზიანებს, ამიტომ უმი, დაუმუშავებელი საკვები არც მეტისმეტად ბევრი უნდა მივირთვათ და არც მეტისმეტად დიდხანს, ხოლო ზოგიერთი დაავადების დროს ის უკუნაჩვენებიც კია. ამ პროდუქტების დამუშავება სასურველია იმგვარად, რომ არ შეიცვალოს ნედლეულის შემადგენლობა და არ დაიკარგოს მისი სასარგებლო თვისებები.
– როგორი უნდა იყოს რაციონი ყაბზობის დროს?

– შეკრულობისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის, უპირველესად, აუცილებელია ჯანსაღი, მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვები: ხილი (ვაშლი, შავი ქლიავი, გარგარი, მაყვალი...) ბოსტნეული (ზღვის კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ბოლოკი, თალგამი ...), მწვანილი და სხვ. შეკრულობის დროს ასევე რეკომენდებულია ნაკლებცხიმიანი მაწონი, კეფირი, კარგად მოხარშული საქონლის ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები. საჭმელი, უმჯობესია, მიირთვათ დღეში 3-4-ჯერ, ერთსა და იმავე დროს. უხვად მიიღეთ სითხე, მაგრამ ერიდეთ გაზიან სასმელებს, მუქ ყავას, ჩაის, ასევე _ შოკოლადს, მოცვს, ბრინჯს, კარაქს, ქონს. მის ნაცვლად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. საქართველოში ასევე არსებობს მეცნიერულად შესწავლილი დაპატენტებული და სერტიფიცირებული მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, დაბალკალორიული ჯანსაღი საკვები, რომელიც შეუზღუდავი რაოდენობითა და ვადით შეიძლება მიიღონ როგორც ჯანმრთელებმა, ისე ყაბზობით გატანჯულებმა, რომელთაც ამავე დროს აქვთ დაავადებები, რომელთა დროსაც უხეში საკვების მოხმარება უკუნაჩვენებია.
– როგორ მოვიქცეთ შეკრულობის თავიდან ასაცილებლად და როგორია მკურნალობის ზოგადი პრინციპები?
– არა მარტო შეკრულობის პროფილაქტიკისთვის _ საზოგადოდაც მეტად მნიშვნელოვანია კვება, მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები. საფაღარაო საშუალებები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, როცა სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამჟამად სამკურნალოდ იყენებენ ნაწლავის პერისტალტიკის დამარეგულირებელ, ანტისპაზმურ საშუალებებს. სათანადო ჩვენებისას ნაწლავთა მიკროფლორის ნორმალური ბალანსის აღსადგენად ვუნიშნავთ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, პრებიოტიკებსა და პრობიოტიკებს. თუმცა სასურველია, ყველა სამკურნალო საშუალება იშვიათად და მოკლე ხანს გამოვიყენოთ. აქცენტი უმთავრესად მაინც კვებით პრობლემის მოგვარებაზე უნდა დავსვათ. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში. შეგიძლიათ ასევე, მიმართოთ მუცლის თვითმასაჟს საათის ისრის მიმართულებით. უნდა ერიდოთ ისეთ პრეპარატებს, რომელთაც შესაძლოა შეკრულობა გამოიწვიონ, და, რაც მთავარია, დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ საფაღარათე საშუალებებს.
– თუ პრობლემები დროზე არ მოგვარდა, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ყაბზობას?
– ბოლო ხანს ძალიან გახშირდა მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი, რაც მისი კედლის სუსტ ადგილებში ჯიბეების გაჩენას ნიშნავს. შეკრულობის დროს იმატებს ნაწლავშიდა წნევა, რის გამოც ეს ჯიბეები შესაძლოა გაიზარდოს და მათში მოხვედრილი შიგთავსისგან ვერ გათავისუფლდეს. ამას შეიძლება მოჰყვეს ანთებითი პროცესები, რასაც დივერტიკულიტი ეწოდება. ყოველივე ეს ეს საკმაოდ ამძიმებს ავადმყოფის საერთო მდგომარეობას და მას შესაძლოა, ნაწლავის კედლის პერფორაცია ანუ გახვრეტაც მოჰყვეს, რაც მეტად სერიოზული გართულებაა, ამიტომ ნაწლავის დივერტიკულოზისა და უფრო მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია ყაბზობის პრობლემა დროულად მოგვარდეს.
– დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
– ყველას, ვისაც კი შეკრულობა აწუხებს, ვურჩევ, მიმართოს გამოცდილ სპეციალისტს. დაადგინეთ გამომწვევი და გაითვალისწინეთ რჩევები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

მოკლედ | ვრცლად

                                ნაწლავის ჩხირის ევროპული ეპიდემია

 “მკვლელი ნაწლავის ჩხირი”, “ევროპა ბოსტნეულს შიშის თვალით უყურებს” – სულ ცოტა ხნის წინ ასეთ სათაურებს მრავლად მოჰკრავდით თვალს ქართულ პრესაში. საქართველოს რომ საფრთხე არ ემუქრება, არაერთხელ ითქვა, თუმცა განვითარებულ დასავლეთში მიმდინარე მოვლენებსაც ინტერესით ვადევნებდით თვალს. ხალხში ხმა დაირხა, რომ ეს ბაქტერია გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში სპეციალურად გამოიყვანეს...



                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                            კუჭის პრობლემები

   შესაძლოა, წარმოდგენაც არ გქონდეთ, სად არის გული, ღვიძლი ან ელენთა, მისი უდიდებულესობა კუჭი კი მრავალ ჩვენგანს ბავშვობაშივე აცნობს თავს. ნაახალწლევს, ჩვენებური სუფრის თავისებურებათა წყალობით, ეს ნაცნობობა ერთიორად უფრო აქტუალური ხდება. მოდი, ერთად შევაჯამოთ, როგორ და რატომ გვახსენებს კუჭი თავს, როდის არ შეიძლება თუნდაც წუთის დაკარგვა და რა არსენალი მოეპოვება თანამედროვე მედიცინას კუჭის პათოლოგიებთან გასამკლავებლად. მით უმეტეს, რომ ეს საკითხები მხოლოდ ნაახალწლევს კი არა, წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია...
                                                             
უფრო ვრცლად »»»


                                                      წყლულოვანი დაავადება

  თანამედროვე მედიცინამ ამ დაავადებასთან დაკავშირებული მრავალი შეხედულება უარყო, რომლებიც ათწლეულების წინ ლამის დოგმებად იყო ქცეული. წყლულოვან დაავადებას თანამედროვე ჭრილში “ავერსის კლინიკის” გასტროენტეროლოგი თენგიზ თელია გაგვაცნობს...

                                                             
უფრო ვრცლად »»»


                                          კუჭ-ნაწლავის საახალწლო პრობლემები

  როგორ ფიქრობთ, ახალ წელს პირველი რომელი ორგანო გრძნობს? რა თქმა უნდა,  თვალს არ გამოეპარება, როდის მიუახლოვდება საათის ორივე ისარი თორმეტს, პაწია გულებიც საახალწლო საჩუქრის მოლოდინში განსაკუთრებით ფრთხიალებენ...


                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                                   რა არის კოლიტი

  კოლიტი სიტყვასიტყვით მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთი სეგმენტის – კოლინჯის ანთებას ნიშნავს. ყაბზობა ან დიარეა (ფაღარათი) ძალიან ხშირად ამ ანთებითი პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                   ნაღვლის ბუშტის პრობლემები

  მარჯვენა  ფერდქვეშა მიდამოში ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ყოველთვის მართლა არ უკავშირდება ნაღვლის ბუშტის პათოლოგიას. არსებობს მწვავე თუ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებათა მთელი წყება, რომლებიც მსგავსი სიმპტომატიკით მიმდინარეობს...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                   ნაღველკენჭოვანი დაავადება

  ქოლელითიაზი – ასე ჰქვია პათოლოგიას, რომელსაც უფრო ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით იცნობენ და რომელიც, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უმოწყალოდ გვესხმის თავს...

                                                              უფრო ვრცლად »»»


2  შემდეგი>

 
 
სიახლეები
ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით 23.07.14-ის მდგომარეობით
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად