კვანძოვანი ქირურგია

 

 

ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ბავშვთა დაავადებები >>ჟურნალი "ავერსი" N43
წითელა, წითურა, ჩუტყვავილა

 გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს განყოფილების გამგე, მედიცინის დოქტორი ლალი ნებიერიძე:

– წითელა, წითურა, ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული დაავადებებია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი მექანიზმით გადაეცემა (ავადმყოფი ლაპარაკის, ხველისა თუ ცხვირის დაცემინებისას უმცირეს წვეთებს გარემოში გამოყოფს, იქ არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად მეორე ადამიანის ორგანიზში ხვდება). ჩუტყვავილას დროს მნიშვნელოვანია კონტაქტური გზაც (ამ შემთხვევაში ინფექციის წყაროს ავადმყოფის ნახმარი ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები წარმოადგენს). ამ ინფექციებს განსაკუთრებით მაღალი კონტაგიოზურობა ანუ სხვა ადამიანების დასნებოვნების უნარი ახასიათებს. განსაკუთრებით სწრაფად დახურულ შენობაში ვრცელდება. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტრანსპორტში. ადამიანის გარეშე ვირუსი სწრაფად იღუპება, ამიტომ მესამე პირით ინფექციის გადატანა იშვიათია.
დროის შუალედს, რომელიც ვირუსთან შეხვედრიდან და დაავადების გამოვლენამდე გადის ექიმები ინკუბაციურ პერიოდს ვუწოდებთ. ეს პერიოდი ყველა ინფექციას სხვადასხვა აქვს. წითელას დროს საშუალოდ 9-10 დღეა, იშვიათად შეიძლება 21 დღემდეც გაგრძელდეს. მაგალითად, ბავშვებს, რომლებმაც ინკუბაციურ პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით იმუნოგლობულინი (სპეციფიკური ანტისხეულები) მიიღეს ან სისხლი თუ პლაზმა გადაესხათ, ეს დრო შესაძლოა 21 დღემდეც გაუხანგრძლივდეთ. წითურას ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 15-18 დღეა, ჩუტყვავილასი კი – 10-21 დღე (საშუალოდ – ორი კვირა).
გამონაყარი სამივე ინფექციის სავიზიტო ბარათია. წითელასა და წითურას მოწითალო ფერის მაკულურ-პაპულური  (ლაქოვან-კვანძოვანი) გამონაყარი ახასიათებს, თუმცა თითოეულ ინფექციას თავისი დამახასიათებელი თავისებურებებიც აქვს. წითელას დროს უმეტესად კანიდან ოდნავ ამოწეული კვანძები გვხდება, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის ტენდენციას ავლენს. წითურას გამონაყარი უფრო ლაქოვანია.
წითელას დროს გამონაყარი დაავადების მე-4-5 დღეს ვლინდება. პირველი ელემენტები ყურებს უკან, ცხვირზე, ლოყებზე ჩნდება. 24 საათში ვრცელდება მთელ სახეზე, კისერზე, გულმკერდის ზემო ნაწილზე, ხელებზე. შემდეგ გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და ფეხებზე, მესამე დღეს კი – ტერფებზეც. გამონაყარი იმავე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და ქრება, რომლითაც გაჩნდა.
წითურას დროს პირველი სიმპტომი, რომელსაც დედა ამჩნევს, ხშირად სწორედ გამონაყარია. ის ამ შემთხვევაშიც ზემოდან ქვემოთ ვრცელდება, მხოლოდ – წითელაზე გაცილებით სწრაფად.
ჩუტყვავილას დროს გამონაყარი თავდაპირველად ღია ვარდისფერ, 2-4 მმ დიამეტრის ლაქებს წარმოადგენს, რომლებიც მოგვიანებით სითხით სავსე ბუშტუკებად გადაიქცევა. პირველსავე დღეს შიგთავსი იმღვრევა, სკდება, ზედაპირი იჭმუხნება და ფუფხით იფარება. ფუფხი მხოლოდ 1-3 კვირის შემდეგ სცილდება. ეს ელემენტები ერთდროულად კი არა, რამდენიმე ეტაპად ჩნდება (ამასთანავე, თითოეულ ეტაპს მდგომარეობის გაუარესება, სხეულის ტემპერატურის მომატება ახლავს თან), ამიტომაც ბავშვის კანზე ერთდროულად შეიძლება იყოს ახალი ლაქოვან-პაპულური გამონაყარიც, ბუშტუკებიც და ფუფხიც.
გამონაყარი უპირატესად სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, გულმკერდზე, ზურგზე, თვალის რქოვანაზე, ხახასა და სასქესო ორგანოების ლორწოვანზე. ძლიერი ქავილი უფრო ჩუტყვავილას ახასიათებს. წითელასა და წითურას დროს ეს სიმპტომი შედარებით მსუბუქია.
წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, კონიუნქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით), მშრალი შემაწუხებელი ხველით, ცხვირცემინებით, სურდოთი, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით. კანზე გამონაყარის გაჩენამდე ერთი-ორი დღით ადრე რბილსა და მაგარ სასაზე უსწორმასწორო წითელი ლაქები შეიმჩნევა. ეს წითელას სადიაგნოზო ნიშანიც კი გახლავთ. გარდა ამისა, ძირითადი კბილების დონეზე ღრძილებისა და ლოყის შიგნითა ზედაპირის ლორწოვანზე მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნები ჩნდება, ქუთუთოს კიდის გასწვრივ კი შემოფარგლული კონიუქტივიტი ყალიბდება.
წითურას დროს ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, რომელიც ცხელებით, თავის ტკივილით, უხასიათობით, უმადობით გამოიხატება, იშვიათია. კეფის, კისრის უკანა და სხვა ლიმფური კვანძები დიდდება და ორი კვირის განმავლობაში გადიდებული რჩება.
ჩუტყვავილას დროს აღინიშნება მადის დაქვეითება, საერთო სისუტე და ჭირვეულობა.
ამ ინფექციებს სახლში მკურნალობენ, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ მძიმე ფორმების დროს არის ნაჩვენები. ჩვეულებრივ, მხოლოდ სიმპტომურ საშუალებებს ვუნიშნავთ. ვინაიდან A ვიტამინის დეფიციტი წითელას დროს ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდას იწვევს, მისი დანიშვნაც სასურველია.
ჩუტყვავილას გამონაყარი, თუ არ დაინფიცირდა, ნაკვალევს არ ტოვებს, თუმცა ძლიერი ქავილი ჭრილობაში ინფექციის შეჭრის წინაპირობას ქმნის, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ჰიგიენას, დააჭერით ფრჩხილები, ხშირად დაბანეთ ხელები, გამონაყარის ელემენტები კი ბრილიანტის მწვანის 1%-იანი სპირტხსნარით დამუშავეთ. ქავილის შესამცირებლად ვუნიშნავთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.
ჩუტყვავილას დროს  ანტივირუსული (აციკლოვირი და ზოვირაქსი) თერაპია ეფექტიანია, თუ დაავადების პირველ 24 საათში დავნიშნეთ (თუმცა არა ყოველთვის). როცა დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, პრეპარატის დანიშვნა საჭირო არ არის.
წითელა შეიძლება გართულდეს ყელის, ფილტვების, ყურის ანთებით, თვალის დაზიანებით, ენცეფალიტით, წითურა – ნერვის ან სახსრის ანთებით, ძალიან იშვიათად – ენცეფალიტით. ჩუტყვავილას ყველაზე ხშირი გართულება კანის ბაქტერიული ინფექციაა. უფრო იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ფილტვების ანთება და ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება).
ინფექცია შედარებით  მძიმედ მიმდინარეობს:
. ახალშობილებსა და წლამდე ასაკის ბავშვებში;
. ორსულებში;
. იმუნიტეტდაქვეითებულ პირებში.
ეს ინფექციები საშიშია ნაყოფისთვისაც, მით უფრო – თუ ინფიცირება ფეხმძიმობის დასაწყისში (პირველი 20 კვირის განმავლობაში) მოხდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში გახლავთ წითურა. თანდაყოლილ წითურას ახასიათებს ტრიადა: კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა), სიყრუე და გულის მანკი.
ამ სამი ინფექციიდან ორის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული. სახელმწიფო უმაღლესი ხარისხის ვაქცინებით ბვშვთა უსაფრთხო იმუნიზაციას უზრუნველყოფს.
წითელასა და წითურას პროფილაქტიკა ცოცხალი შესუსტებული ვაქცინით ხდება. ამჟამად გამოიყენება ე.წ. MMR-II და პრიორიქსი, რომლებიც ამ ორი ინფექციის გარდა ბავშვს ყბაყურისგანაც იცავს. ეროვნული კალენდრის თანახმად, ამ აცრას 1, 5 და 13 წლის ასაკში ატარებენ. თუ რაიმე მიზეზით აცრა გამოტოვეთ, შეცდომის გამოსწორება ნებიმიერ ასაკში შეიძლება.
ახლო წარსულში აცრის უკუჩვენებათა ჩამონათვალი ერთობ ვრცელი იყო. დღეს უკუჩვენებად აღარ ითვლება დღენაკლულობა, სეფსისის ანამნეზი, ალერგია, ასთმა, ანემია, ეპილეფსია და მრავალი სხვა მდგომარეობა. ჭეშმარიტ უკუჩვენებათა რიცხვი ძალიან მცირეა (მაგალითად, ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის რომელიმე კომპონენტისადმი) და ნებისმიერ შემთხვევაში ეს მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დასადგენია.

თურმე
დასავლელი ექიმები კანის დაამებისა და ქავილის შემცირების მიზნით სწორედ აბაზანის მიღებას გვირჩევენ. მათივე აზრით, უმჯობესი იქნება, თუ წყალში ცოტაოდენ ჭვავის ფქვილს ანდა საჭმელ სოდას გავხსნით. თურმე ელემენტების გამრავლებას წყალი კი არა, უხეშად გამშრალება და ამ დროს ბუშტუკების გახეთქვა იწვევს.

 
 
სიახლეები
ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით 23.07.14-ის მდგომარეობით
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად