კვანძოვანი ქირურგია

 

 

ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ქირურგია >>ჟურნალი "ავერსი" N38
რატომ გვტკივა მუცელი

     მუცლის ტკივილი მრავალ დაავადებას ახასიათებს. მდგომარეობა, რომელსაც მედიკოსები მწვავე მუცელს უწოდებენ, გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. ტკივილი ამ დროს იმდენად ძლიერია, რომ გვაიძულებს, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, თუმცა არის დაგვიანებული შემთხვევებიც, როდესაც პაციენტის სიცოცხლე სასწორზე დევს.
    გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კერძო ქირურგიის მიმართულების პედაგოგი, თსსუ-ის ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგი კახი ხუციშვილი.
   მუცლის ღრუში რამდენიმე ორგანოა მოთავსებული, რომელთაგან ნებისმიერის მწვავე დაავადებამ შეიძლება მწვავე მუცელი გამოიწვიოს. ამრიგად, ეს უკანასკნელი ძალზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა.
    მწვავე მუცელი, ფაქტობრივად, პერიტონიტი ანუ მუცლის ფარის ანთებაა. ის შეიძლება იყოს ადგილობრივიც და დიფუზურიც (გავრცელებული).
    პერიტონეუმს ორი ფურცელი აქვს: პარიესული, რომელიც შიგნიდან ამოფენს მუცლის კედელს და ვისცერული, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოებს აკრავს გარს. პერიტონეუმში დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოება და სისხლძარღვია, ამიტომ ანთებითი პროცესი ძლიერ ტკივილს იწვევს.
   პერიტონიტს ახასიათებს უწინარესად – მუცლის ტკივილი, რომელსაც თან სდევს გულისრევა, ზოგჯერ პირღებინებაც. ავადმყოფს უშრება პირი, მოძრაობისას ტკივილი იმატებს.
    გამომწვევი მიზეზის კვალობაზე, მწვავე მუცლის დროს შესაძლოა განვითარდეს ფაღარათი ან ყაბზობა. პერიტონიტის სხვადასხვა სტადიაში ტემპერატურული რეაქცია სხვადასხვაა. დამახასიათებელია ჰექტიური (მაღალი) და სუბფებრილური (37°C-ის ფარგლებში) ტემპერატურაც.
    საზოგადოდ, მწვავე მუცელი პირობითი ცნებაა, რომლითაც განსაზღვრულ სიმპტომოკომპლექსს აღნიშნავენ. სიმპტომთა ამ კომპლექსში წამყვანია პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები, რომელთა განსაზღვრა ქირურგს შეუძლია, თუმცა ეს პათოლოგია ყოველთვის ადვილად სადიაგნოსტიკო არ არის, ვინაიდან მსგავსი ჩივილები ზოგჯერ სხვა დაავადებებსაც ახლავს თან, მაგალითად, ენტერიტს, ენტეროკოლიტს, ნაწლავური ინფექციით გამოწვეულ ნაწლავის ანთებას. ზოგჯერ ეს სიმპტომები იმდენად მსგავსია, რომ დიაგნოსტიკა უკიდურესად რთულდება. ასეთ შემთხვევაში დიაგნოზის სიზუსტისთვის ვიყენებთ ულტრაბგერით გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სისხლის საერთო ანალიზს.
    პერიტონიტის მიზეზი უმეტესად ღრუ ორგანოს წყლულის პერფორაციაა (კედლის გახვრეტა), რომელიც შეიძლება გამოიწვიოს არასპეციფიკურმა წყლულოვანმა კოლიტმა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულმა და ა.შ. მწვავე მუცელი ვითარდება ნაწლავთა გაუვალობისას, მწვავე კენჭოვანი ქოლეცისტიტისას, მწვავე აპენდიციტის დაგვიანებულ შემთხვევებში. მუცლის ფარის ანთება, ასევე, შეიძლება გამოწვიოს მუცლის ღრუში შემავალმა დაზიანებამ (ნაკვეთმა ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობამ) ან ზოგადმა ტრავმამ (დაცემის შედეგად მუცლის ღრუს ორგანოს – ელენთის, ღვიძლის და ა.შ. გახეთქვა).
    დაიხსომეთ: მუცლის მწვავე ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. არ არის აუცილებელი, ეს უკანასკნელი მაინცდამაინც ქირურგი იყოს. შესაძლოა, სხვა პროფილის ექიმმა ტკივილის ზუსტ მიზეზს ვერ მიაგნოს, მაგრამ აუცილებლად სწორ მიმართულებას მისცემს ავადმყოფს.
     ოყნა, კუჭის ამორეცხვა და სხვადასხვა შინაური მეთოდი ბანალური ინტოქსიკაციისას შედეგიანია, მაგრამ მწვავე მუცლის შემთხვევაში, პირიქით, პაციენტის ჯანმრთელობასაც ვნებს და ჩვენც გვირთულებს საქმეს.
     გირჩევთ, ექიმს მწვავე ტკივილის აღმოცენებისთანავე მიმართოთ. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენთან 24, 48, 72 საათის შემდეგაც კი მოდიან. ასეთ დროს კი უკვე უნივერსალური პერიტონიტია ჩამოყალიბებული, რომელსც პროგნოზული თვალსაზრისით ძალზე მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებთ თანამედროვე გენერაციის ანტიბიოტიკებს, ვაკეთებთ ოპერაციას, მკურნალობა ფაქტობრივად უშედეგოა. დროული მომართვის შემთხვევაში კი ანტიბიოტიკოთერაპიისა და სწორად ჩატარებული ოპერაციის ფონზე ავადმყოფი უნდა გადარჩეს და ასეც ხდება.

 
 
სიახლეები
ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით 23.07.14-ის მდგომარეობით
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად