კვანძოვანი ქირურგია

 

 

ჟურნალის აპრილის (04) ნომერში იხილეთ:

ფერმკრთალი, ანემიური

 
ასე ახასიათებენ ადამიანს, რომელსაც არც ლოყები აქვს შეფაკლული და, საზოგადოდ, უფერულია. მეცნიერებმა მრავალი საუკუნის წინ მიაგნეს ამ პრობლემის ახსნას და ბრალი, არც მეტი, არც ნაკლები, სისხლს დასდეს. სწორედ მას შემდეგ გახდა მედიცინაში სიტყვა “ანემიური” ესოდენ პოპულარული. არც ის ფაქტია ახალი მედიცინისთვის, რომ ანემიის მსხვერპლნი უმთავრესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. მოდი, ჯერ ანემიის არსში გავერკვეთ, მერე კი იმაში, რატომ არ სწყალობს ეს პათოლოგია ქალებს.
ანემია სისხლის დაავადებაა, რომელიც უპირატესად მისი ნაკლოვანებით ვლინდება. სწორედ სისხლნაკლებობის სახელით იხსენიებენ ამ ესოდენ გავრცელებულ პათოლოგიურ მდგომარეობას. რეალურად კი ანემია არა სისხლის მოცულობის შემცირებით, არამედ მისი ერთ-ერთი სტრუქტურის – წითელი უჯრედების, იმავე ერითროციტების რაოდენობის, ფორმისა და ფუნქციის შემცირებით გამოიხატება. მოდი, თავდაპირველად სისხლის შემადგენლობას და მისი კომპონენტების ფუნქციას გადავავლოთ თვალი. ასე უკეთ გავიგებთ, რა იწვევს ანემიას და როგორ ვლინდება ის და, რაც მთავარია, უკეთ მივხვდებით, რატომ ემართებათ იგი უმეტესად ქალებს.
ვიჭყიტებით მიკროსკოპში
სისხლი სხვადასხვა კომპონენტის ნარევია: წითელი უჯრედებისა ანუ ერითროციტებისა, თეთრი უჯრედებისა – ლეიკოციტებისა, თრომბოციტებისა და პლაზმისა. სწორედ ეს “ინგრედიენტები” ქმნიან უნივერსალურ პროდუქტს – სისხლს. “სამზარეულო”, სადაც სისხლი იწარმოება, ძვლის ტვინია. სწორედ აქ წარმოიქმნება სისხლის ფორმიანი ნაწილაკები. პლაზმა კი სხვა არაფერია, თუ არა ნაწლავებიდან შეწოვილი სითხე, რომელიც სისხლძარღვებში ხვდება.
ერითროციტები ცალ მხარეს ჩაჭყლეტილ ბურთებს მოგვაგონებენ, წითელ შეფერილობას კი ცილოვან ნივთიერება ჰემოგლობინს უნდა უმადლოდნენ. სხვათა შორის, ჟანგბადს აქეთ-იქით სწორედ ჰემოგლობინი დაატარებს. არ გეგონოთ, ქაოსურად – არა, სავსებით მოწესრიგებულად: ფილტვებში ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ორგანიზმის ყველა კუთხე-კუნჭულამდე მიდის, უკანა გზაზე კი სისხლის წითელი უჯრედები ნახშირორჟანგით დამძიმებულები მიიწევენ ფილტვებისკენ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ერითროციტები დაცოტავდა, ან ისე იცვალა ფორმა, რომ ჟანგბადის ტრანსპორტირებას ვეღარ ახერხებს. სწორედ ამ ცვლილებების შედეგია ანემია. სისხლის სხვა კომპონენტებზე საუბარს ამჟამად თავს ავარიდებთ, რადგან ისინი ანემიის ჩამოყალიბებაში არ მონაწილეობენ. ასე რომ, ანემია სხვა არაფერია, თუ არა სისხლში ჰემოგლობინისა და`ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება. ამის გამო ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება, რაც, თავისთავად ცხადია, ნეგატიურად აისახება მათ მუშაობაზე. დადგენილია, რომ ანემიის ალბათობას რამდენიმე ფაქტორი ზრდის. მათგან აღსანიშნავია ერთფეროვანი, ვეგეტარიანული კვება, ძლიერი ფაღარათით მიმდინარე ნაწლავთა დაავადებები, უხვი მენსტრუაცია, ორსულობა, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ანემიის ოჯახური ისტორია ანუ ამ პათოლოგიის შემთხვევები სისხლით ნათესავებში. თუ გაქვთ ანემიის სიმპტომები ან მისი აღმოცენების რისკი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დიაგნოზი დროულად დაისვას და სათანადო მკურნალობა დაინიშნოს. ერითროციტების ფუნქციის დაკნინებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. შესაბამისად, ანემიაც სხვადასხვა ტიპისაა. განასხვავებენ რკინადეფიციტურ, ვიტამინ B12-დეფიციტურ, ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ, ჰემოლიზურ, აპლაზიურ ანემიებს. კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რკინადეფიციტური ანემია გვხვდება.
რკინა მაინც რკინაა
რკინა არა მარტო ბუნებაში, არამედ ჩვენს ორგანიზმშიც მოიპოვება. არ იფიქროთ, გვამძიმებდეს. პირიქით, როდესაც ეს ელემენტი გვაკლია, სწორედ მაშინ ვგრძნობთ თავს ცუდად. ლოგიკურია: მისი დეფიციტი ორგანიზმს
 ზიანს რომ არ აყენებდეს, ექიმები იმის ძიებაში არ იქნებოდნენ, როგორ შეევსოთ ნაკლოვანება. რკინის დეფიციტი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად მიიჩნევა. თქვენ წარმოიდგინეთ, შეძლებულ სოციალურ ფენაშიც საკმაოდ არის გავრცელებული და თითქმის ყველა ასაკში გვხვდება.
ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, რკინის დეფიციტი ყოველ მეხუთე ქალსა და ორსულთა ნახევარს აღენიშნება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო ხანს რკინადეფიციტური ანემიით ავადობამ საქართველოშიც მოიმატა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა გამოკვლევამ ასეთი შედეგი აჩვენა: თუ 1985-90 წლებში რკინადეფიციტური ანემიის ხვედრითი წილი მოზრდილებში მხოლოდ 1,6% იყო, 2000 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 25%-ს მიაღწია. კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა ბავშვებში – 90-იან წლებში ანემიის ეს ფორმა დაუდგინეს ბავშვთა 5,4%-ს, ათი წლის შემდეგ კი რკინადეფიციტური ანემიის წილად 21, 5% მოდის, ესე იგი ყოველი 100 ბავშვიდან 21-ს რკინა აკლია.
საქართველოში რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიების გავრცელებაში დამნაშავე უმთავრესად საკვებით მისი ათვისების შეფერხებაა. ამ პრობლემის აღმოფხვრა კი მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე, რკინის პ
რეპარატებისა და რკინით გაჯერებული საკვების მიღებით, ძნელია. ამიტომ არის, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი სტრატეგია ფართო მოხმარების საკვები პროდუქტების რკინით გამდიდრებას ისახავს მიზნად.
სად იმალება და ქრება რკინა
რკინა მხოლოდ ჰემოგლობინში როდია; ეს ელემენტი ორგანიზმში სამ უბანზეა გადანაწილებული: დეპო ორგანოებში ანუ იქ, სადაც მარაგად ინახება (ძვლის ტვინი, ღვიძლი...), სხვა ქსოვილებსა და ერითროციტებში. რკინის დეფიციტის დროს ამ ელემენტს პირველად დეპო ორგანოები კარგავს. ამ მდგომარეობას მედიცინაში რკინის პრელატენტური დეფიციტი ეწოდება. ამის შემდეგ ვითარდება ლატენტური დეფიციტი – რკინის გაცემას იწყებს ქსოვილები: ცენტრალური ნერვული სისტემა, კუნთები, ფერმენტები, თმა, ფრჩხილები, კანი. თუ ამ დროისთვის  ორგანიზმს რკინა ეგზოგენურად (გარედან, საკვებისა და რკინის პრეპარატების მეშვეობით) არ მივაწოდეთ, ყალიბდება რკინის აშკარა დეფიციტი ანუ რკინადეფიციტური ანემია.
ცნება “რკინადეფიციტური მდგომარეობა” რკინის ლატენტური დეფიციტისა და რკინადეფიციტური ანემიის ერთობლიობას გულისხმობს. რკინის ლატენტურ დეფიციტზე მაშინ ვსაუბრობთ, როცა ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია, მაგრამ რკინის ქსოვილოვანი დეფიციტის მოვლენები უკვე აშკარაა.
რკინადეფიციტური ანემია ორგანიზმში რკინის შემცველობის დაქვეითებას უკავშირდება. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს:
. ქრონიკული სისხლდენა გინეკოლოგიური, ონკოლოგიური პათოლოგიების, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ბუასილის დროს;
. საკვების მეშვეობით რკინის არასაკმარისი მიღება;
. რკინის მომეტებული ხარჯვა აქტიური ზრდისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ასევე – ორსულობის, ლაქტაციის, სპორტითა და ფიზიკური შრომით ჭარბი დატვირთვის დროს;
. ბავშვის დაბადებისას რკინის არასაკმარისი მარაგი ან ლაქტაციისას (ძუძუს წოვებისას) მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღება;
. რკინის შეწოვის დარღვევა კუჭის ოპერაციის ან ნაწლავთა დაავადებების შედეგად;
. რკინის ტრანსპორტირების (გადატანის) დარღვევა ამ პროცესში მონაწილე ფერმენტების დეფიციტის შედეგად.
არც ის არის გამორიცხული, რკინადეფიციტური ანემიის ჩამოყალიბება რამდენიმე ფაქტორის ერთობლივმა მოქმედებამ გამოიწვიოს.
ვამხელთ დეფიციტს
რკინადეფიციტური ანემია, სხვა ანემიების მსგავსად, კლინიკურად შესაძლოა არასპეციფიკური სიმპტომებით გამოვლინდეს, რომლებიც სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის დაქვეითებას უკავშირდება. ეს სიმპტომებია: კანისა და ლორწოვანი გარსების სიფითრე, საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ყურების შუილი, გულისცემის გახშირება, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ძილიანობა, გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარის დაქვეითება, მჩხვლეტი ტკივილი გულის არეში. ხშირად დაავადება ნელა ვითარდება, ამიტომ ადამიანი მდგომარეობას ეგუება და მხოლოდ ღრმა ანემიის შემთხვევაში თუ მიმართავს ექიმს.
გარდა ამისა, შესაძლოა ყურადღება მიიპყროს უშუალოდ რკინის დეფიციტთან დაკავშირებულმა სიმპტომებმაც – კანის სიმშრალემ, პირის კუთხეების დახეთქვამ, თმის ბოლოების გაყოფამ, ფრჩხილების გათხელებამ, განშრევებამ, მტვრევადობამ და კოვზისებრმა ჩადრეკამ, მადის დაქვეითებამ, ყლაპვის გაძნელებამ, შეკრულობამ ან დიარეამ, გლოსიტმა – წითელი ფერის, შეშუპებულმა, მტკივნეულმა ენამ, ენის წვამ. დამახასიათებელია გემოვნების გაუკუღმართება – ადამიანს ცარცის, მიწის, უმი ხორცის ფარშის ჭამის სურვილი უჩნდება. ხშირია აცეტონის, ბენზინის და სხვა მსგავსი სუნების მიმართ უჩვეულო მიდრეკილებაც.
ანემიისთვის ტიპობრივია ლორწოვანისა და კანის სიფითრე, ზოგჯერ – მათი მომწვანო ელფერიც, რასაც ქლოროზს უწოდებენ. ამ პათოლოგიის დროს ადამიანი შესაძლოა უჩიოდეს შარდის შეუკავებლობას სიცილის, ხველის დროს, ზოგჯერ – ღამის შეუკავებლობასაც. რკინადეფიციტური ანემიის აღმოსაჩენად, უპირველეს ყოვლისა, ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც სისხლში ჰემოგლობინისა და  ერითროციტების შემცველობის დაქვეითებას ავლენს. უნდა ითქვას, რომ ამ დროს ძირითადად მაინც ჰემოგლობინის შემცირება აღინიშნება. ხშირად ყურადღებას იპყრობს ერითროციტების ზომის შემცირებაც – ასეთი უჯრედები სპეციალური ლაბორატორიული საღებავით უფრო ბაცად იღებება. თანამედროვე აპარატურის წყალობით სისხლის საე
რთო ანალიზი გვაწვდის რკინადეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასაც, თუმცა მისი დეტალური განხილვა ამჯერად შორს წაგვიყვანს.
რკინის დეფიციტის გამოსავლენად განისაზღვრება შრატში რკინის, ფერიტინის (ორგანიზმში რკინის მარაგის მთავარი მაჩვენებლის) შემცველობა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. საზოგადოდ, ფერიტინის ოდენობის დაქვეითება რკინადეფიციტური ანემიის ტიპური ნიშანია. რკინადეფიციტ
ური ანემიის დიაგნოსტიკა რთული არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ იგი დამოუკიდებელ დაავადებად არ მიიჩნევა – მხოლოდ სინდრომია, რომლითაც ზოგიერთი სხვა პათოლოგია რთულდება. საბედნიეროდ, ამ პათოლოგიების დიდი ნაწილი იკურნება. ასე რომ, რკინადეფიციტური ანემიის მიზეზის დადგენას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოსტიკის პროცესი ძლიერ შრომატევადია.
ხანდახან სისხლის კარგვა იმდენად თვალსაჩინოა, რომ პაციენტი ამჩნევს შარდის ფერის ცვლილებას ან განავალში სისხლის არსებობას. სისხლდენის შედეგად ზოგჯერ განავალი კუპრისმაგვარ შესახედაობას იღებს. ასეთ შემთხვევებში ექიმი იღებს განსაზღვრულ ორიენტირს, რომელიც უჩვენებს, რა მიმართულებით უნდა ჩატარდეს კვლევა. თუმცა სისხლის კარგვის მიზეზი ყოველთვის აშკარა არ არის. ასეთ დროს ტარდება განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე. სისხლდენის დადასტურება ნიშნავს, რომ ის
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან იკარგება. საბოლოო მიზეზის დასადგენად ხშირად აუცილებელი ხდება:
. გასტროსკოპია – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება. ამ გზით შესაძლოა აღმოაჩინონ სისხლმდენი წყლული, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი;
. კოლონოსკოპია – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. ამ გზით მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის მიზეზს ადგენენ.
ვაშლი თუ ბროწეული?
რკინით მდიდარი საკვების მიღება სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ როცა ანემია ჩამოყალიბებულია, დეფიციტის მხოლოდ და მხოლოდ საკვებით შევსება, რა მდიდარიც უნდა იყოს ის რკინით, შეუძლებელია. ასეთ დროს აუცილებ
ელია რკინის პრეპარატების სათანადო დოზითა და  ხანგრძლივობით დანიშვნა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რკინის ათვისება ყველაზე იოლად ცხოველური საკვებიდან ხდება, ასე რომ, კილოგრამობით ვაშლი და ბროწეული გაცილებით ნაკლებ ეფექტს გამოიღებს, ვიდრე ერთი ნაჭერი საქონლის ხორცი. ასი გრამი ვაშლი 2,5 მგ რკინას შეიცავს; ცუდი ის არის, რომ ორგანიზმი აქედან მხოლოდ 3%-ს ითვისებს, რაც, თავისთავად ცხადია, დეფიციტს ვერ შეავსებს, ამიტომ ანემიისგან განსაკურნებლად ადამიანს რამდენი ვაშლის, ჭარხლისა თუ ბროწეულის წვენიც არ უნდა ვასვათ, ჩვენი ძალისხმევა ამაო იქნება. თუმცა მცენარეული საკვები მაინც სასარგებლოა: იგი ორგანიზმს აწვდის ვიტამინებს, რომლებიც რკინის შეწოვას აუმჯობესებს.
რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ აუცილებელია რკინის შემცველი პრეპარატების მიღება. ამ დროს უპირატესობა ენიჭება პერორალურ (ტაბლეტირებულ) ფორმას, ვინაიდან ეს არის რკინის მიღების ფიზიოლოგიური ანუ ბუნებრივი გზა. ამასთანავე, დადგენილია, რომ ინექციების (ნემსების) მეშვეობით რკინის მიწოდებისას მისი შემცველობა ნელა რეგულირდება. რკინის პრეპარატების საინექციო ფორმების დანიშვნა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში – კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს – არის მიზანშეწონილი.
დაიხსომეთ:
. რკინადეფიციტური ანემიის დროს B12 ვიტამინის მიღება არ შეიძლება – იგი საგრძნობლად აფერხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვას.
. მართალია, მკურნალობის შემთხვევაში ჰემოგლობინის დონე მალე უბრუნდება ნორმას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანემია განკურნებულია. თერაპია კიდევ რამდენიმე (დაახლოებით 4-5) თვე უნდა გაგრძელდეს. სხვაგვარად ანემია ისევ განვითარდება.
. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია კვების კორექცია. ბავშვის მენიუ რკინით მდიდარი და იმავდროულად იოლად ასათვისებელი უნდა იყოს.
გაითვალისწინეთ, რომ:
. რკინის შეწოვას აქვეითებს: ანტაციდები, ენტეროსორბენტები, კარბონატები,  ლევომიცეტინი, ფიტინი, ტეტრაციკლინი, ოქსალატები, რძე, უჯრედისი, ცხიმები, კალციუმის მარილები, ჩაის ტანინი, კვერცხის ცილა;
. ხელს უწყობს: ფრუქტოზა, სორბიტი, ქარვის მჟავა, ჩ ვიტამინი,  ალკოჰოლი, ღვინისა და ვაშლის ძმარი, ლიმონმჟავა, ამინომჟავები ჰისტიდინი, ლიზინი და ცისტეინი, ფორთოხლის წვენი.
კრიტიკული ასაკის პრობლემები
რკინადეფიციტური ანემია ძალიან ხშირად ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდში ვითარდება. ეს გასაგებიცაა: მზარდ ორგანიზმში ამ ელემენტის ბალანსი უფრო ნელა ივსება, ვიდრე იხარჯება. უმთავრესად სწორედ ამიტომ ემართება მოზარდთა უმრავლესობას რკინადეფიციტური ანემია, თანაც გოგონებს – 10-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ვაჟებს. როგორც ჩანს, მენსტრუალური სისხლდენის შედეგად ორგანიზმი ბევრ რკინას კარგავს. ამერიკელებმა ისიც კი გამოთვალეს, რომ თინეიჯერი გოგონების 75% სათანადოდ არ იკვებება, მაშინ როცა ვაჟების მხოლოდ 17% “შიმშილობს”.
როგორც ექიმი და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ლოიდ ვან ვინკლი აღნიშნავს, საფრთხე უმთავრესად იმ გოგონებს ემუქრებათ, რომლებსაც გარდატეხის ასაკში უხვი მენსტრუაციული სისხლდენა აქვთ. ცნობისათვის: ასეთი სისხლდენა ამერიკელი ქალების 10%-ს აღენიშნება. ამას ისიც ემატება, რომ მოზარდი გოგონებიხშირად არ ამხელენ, რომ მენსტრუალური ციკლი არცთუ მოწესრიგებული აქვთ – ამაზე საუბრისა რცხვენიათ. ყველაფერთან ერთად, მრავალ თინეიჯერს არამც და არამც არ სურს კვების რეჟიმის შესახებ საუბარი – რკინით გაჯერებული დიეტა, რომელიც უპირატესად ხორცეულს შეიცავს, დახვეწილი ფორმების მოსისხლე მტრად მიიჩნევა.
რკინადეფიციტური ანემიის განვითარების ალბათობა იზრდება, როდესაც მოზარდი გოგონა:
. ხორცს იშვიათად ჭამს ან საერთოდ არ მიირთმევს;

. დიეტას იცავს და მკვეთრად იკლებს წონას;
. არ საუზმობს, არ სადილობს ან არ ვახშმობს;
. მენსტრუაციის დროს უხვად კარგავს სისხლს;
. სწრაფად იზრდება;
. მისდევს სპორტს და ფიზიკურად მეტისმეტად იტვირთება.
რკინის დღიური ნორმა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის
ასაკი (წლები)     რკინა (მგ)
4-8        10
9-13        8
14-18     11 (ვაჟებისთვის); 15 (გოგონებისთვის)
ამერიკაში შეამჩნიეს, რომ მოზარდები, რომლებსაც დაბალი აკადემიური მაჩვენებლები ჰქონდათ (უჭირდათ მასალის ათვისება-დამახსოვრება, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა...), უმეტესად რკინადეფიციტური ანემიით იყვნენ დაავადებულნი. ამერიკელებმა ცდაც კი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ “ჩამორჩენილმა” მოსწავლე გოგონებმა, რომლებმაც რკინის პრეპარატების აქტიური მიღება და რკინით მდიდარი საკვების ჭამა დაიწყეს, საგრძნობლად გაიუმჯობესეს აკადემიური მაჩვენებლები.
მოზარდ გოგონებში ანემიის დასაძლევად საუკეთესო საშუალება რკინით მდიდარი საკვების მიღებაა, მაგრამ თუ რაიმე მოსაზრებით (თუნდაც ვეგეტარიანელობის გამო) თინეიჯერი თავს არიდებს ცხოველურ საკვებს, გირჩევთ, რკინის შემცველი მულტივიტამინების კომპლექსი შესთავაზოთ. თუ მოზარდს რკინის დეფიციტი აქვს, სასურველია მიიღოს 60 მგ რკინა დღეში 1-2-ჯერ. ეს სტანდარტული დოზაა, თუმცა ზოგჯერ ისიც არ კმარა ანემიის აღმოსაფხვრელად. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ანემია მთელი ცხრა თვე
ანემიამ სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შემოგვიტიოს. საკმარისია, თვალი მოუხუჭო, რომ სისხლნაკლებობაც არ დააყოვნებს. თუმცა ქალის ცხოვრებაში არის ეტაპი, როდესაც ანემია ერთგვარად ბუნებრივ მოვლენად იქცევა. ასეთი დროა ორსულობა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდში ქალი ანემიას შეეგუოს და მის დასამარცხებლად არაფერი იღონოს.
გვჭირდება რკინა
ორსულობის დროს უმთავრესად რკინადეფიციტური ანემია ვითარდება, თუმცა რამდენადმე განსხვავებული მექანიზმით: ქალის ორგანიზმი ორსულობის დროს მეტი მოცულობის სისხლს წარმოქმნის, ძირითადად – პლაზმის ხარჯზე. მიზეზი იოლი მისახვედრია: სისხლი დედიკომ თავის სხეულში მობინადრე პაწიასაც უნდა უწილადოს. ამიტომ არის, რომ ორსულობისას სისხლის მოცულობა ხშირად მთელი 50%-ით იზრდება.
მეტი მოცულობის სისხლს მეტი რკინა სჭირდება, რათა მეტი ჰემოგლობინი წარმოქმნას და, შესაბამისად, მეტი ჟანგბადის ტრანსპორტირება შეძლოს. სამწუხაროდ, ქალის ორგანიზმში, როოგრ წესი, არ არის იმდენი რკინა, რომ მზარდი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ამასთან ერთად, ამ ელემენტს ბავშვის ორგანიზმი და პლაცენტაც ითხოვს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ რკინაზე მოთხოვნილება მეორე და მესამე ტრიმესტრში უფრო მეტად იზრდება და ანემიაც უფრო მეტად მძიმდება.
თუ რკინის დეფიციტის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ სისხლის მოცულობის მატებაა, ანემია მსუბუქია, მაგრამ თუ “ფიზიოლოგიურ” სისხლნაკლებობას სხვა პათოლოგიური პროცესებიც დაერთო, – მაგალითად, ძლიერი ტოქსიკოზი, – ა
ნემია უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
ანემია უმთავრესად იმ ქალებს ემართებათ, რომლებსაც:
. ორსულობიდან ორსულობამდე შუალედი მეტისმეტად მოკლე, ერთ წელიწადზე ნაკლები ჰქონდათ;

. მუცლით ტყუპ  ნაყოფს ატარებენ;
. აქვთ ორსულთა გესტოზი (ტოქსიკოზი) და ხშირად აღებინებთ, განსაკუთრებით – დილაობით;
. აქვთ რკინის დეფიციტი, რადგან არ იღებენ ამ ელემენტით მდიდარ საკვებს;
. დაორსულებამდე ჰქონდათ უხვი მენსტრუალური სისხლდენა.
კიდევ რა
ორსულებს უმთავრესად რკინადეფიციტური ანემია ემართებათ, თუმცა არც ფოლიუმდეფიციტური და ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული ანემიებია გამორიცხული.
თუ ანემია ნებაზე მივუშვით და არ ვიმკურნალეთ, მოსალოდნელია:
. ნაადრევი მშობიარობა;
. მცირე წონის ახალშობილის დაბადება;
. მშობიარობის შემდგომი დეპრესია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მშობიარობის შემდეგ დეპრესია უმეტესად იმ ქალებს ეუფლება, რომლებიც ორსულობისას რკინის დეფიციტს განიცდიდნენ.
თუ ქალმა მშობიარობის დროს ბევრი სისხლი დაკარგა, შესაძლოა მძიმე ანემია განუვითარდეს და სისხლის გადასხმა დასჭირდეს.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შემთხვევაში, გარდა ნაადრევი მშობიარობისა და წონანაკლული ახალშობილის დაბადებისა, მოსალოდნელია, ბავშვს ნერვული სისტემის მძიმე თანდაყოლილი დაზიანება – ნერვული მილის დეფექტი
(სპინა ბიფიდა) აღმოაჩნდეს.
B12 ვიტამინის დეფიციტიც ხშირად უწყობს ხელს მუცლადყოფნის პერიოდში ნერვული სისტემის დეფექტის განვითარებას.

ორსულობის დროს ანემიაზე მიუთითებს:

. კანის და ტუჩების ძლიერი სიფითრე;
. საერთო სისუსტე, იოლად დაღლა;
. თავბრუხვევა;
. ჰაერის უკმარისობა;
. გულისცემის აჩქარება;
. კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
. მადის გაუკუღმართება და ისეთი ნივთიერებებისკენ ლტოლვა, როგორიცაა ცარცი, თიხა, ყინული... ამ შემთხვევაში ორსულს ვურჩევთ, ექიმს მიმართოს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ანემია ყოველთვის არ ვლინდება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებით. ისიც შესაძლოა, ზემოხსენებული სიმპტომები სულ სხვა დაავადების ნიშანი იყოს. ასე რომ, ანემიის გამოსავლენად გირჩევთ რეგულარულად ჩაიტაროთ სისხლის რუტინული გამოკვლევა.
ვავლენთ, ვააშკარავებთ
ანემიის გამოსავლენად თავდაპირველად სისხლის საერთო ანალიზი კეთდება. ამ გამოკვლევას ექიმი ორსულს კონსულტაციაში პირველივე ვიზიტის დროს უნიშნავს. ანემიის არსებობა-არარსებობაზე ინფორმაციას ჰემოგლობინის დონე გვაწვდის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰემატიკრიტის განსაზღვრაც – ამ გზით ვადგენთ, როგორია ერტითროციტების პროცენტული მაჩვენებელი სისხლის პლაზმის განსაზღვრულ ულუფაში.
სისხლის ანალიზი მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – ორსულობის დასაწყისში, როდესაც ანემია ეს-ესაა იღებს სტარტს და მისი ნიშნები ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. თუ ორსულობის საწყის ეტაპზე ანემია არ გამოვლინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც შემდგომ შეგვაწუხებს, ამიტომ სისხლისთვის თვალყურის დევნება მომდევნო თვეებშიც არის საჭირო.
ვებრძვით დეფიციტს
თუ ორსულს ანემია აღმოაჩნდა, ექიმი რკინის პრეპარატების მიღებას ურჩევს. დოზა ანემიის სიმძიმეზეა დამოკიდებული. უმეტესად დღეში 60-დან 120 მგ რკინა ინიშნება.
გაითვალისწინეთ: პრეპარატის ანოტაციაში ან შეფუთვაზე მითითებული დოზა უმთავრესად რკინის შემცველობის მაჩვენებელია – დამატებითი ნივთიერებების ოდენობას არ ითვალისწინებს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ანოტაციაში რკინის ნაერთის მოცულობაა მითითებული. მაგალითად, რკინის პრეპარატი ხშირად რკინის სულფატის სახით იწარმოება; ამის კვალობაზე, შეფუთვაზე შესაძლოა მითითებული იყოს არა რკინის, არამედ მისი ამ მარილოვანი ნაერთის შემცველობა. რკინის სულფატის დღიური ნორმა 325 მილიგრამია და 60 მგ რკინას შეიცავს. იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიყენება რკინის გლუკონატი, რომლის 300 მილიგრამი 35 მგ რკინას შეიცავს, და რკინის ფუმარატი, რომლის 325 მილიგრამში 105 მგ რკინაა.
საზოგადოდ, რკინის უკეთ ათვისებისთვის სასურველია პრეპარატის მშიერ კუჭზე დალევა და ისიც შეიძლება წყლის ნაცვლად ფორთოხლის წვენი დააყოლოთ – ჩ ვიტამინ ხომ რკინის ათვისებაში ეხმარება ორგანიზმს. არ არის სასურველი რკინის პრეპარატის დალევა რძით, ჩაით და ყავით. რკინის პრეპარატები პატარებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ, რადგან მოზრდილი ადამიანის დოზა ბავშვისთვის შესაძლოა ტოქსიკურიც კი აღმოჩნდეს. საზოგადოდ კი, სასურველია, დიდებმაც ზუსტად დაიცვან რკინის პრეპარატის დოზირება. თუ რკინის პრეპარატის დოზას გადააჭარბეთ, ამან შესაძლოა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, შეკრულობა, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და დიარეაც კი გამოიწვიოს.
ეცადეთ, რკინის პრეპარატი დღის სხვადასხვა მონაკვეთში მიიღოთ და დააკვირდეთ, რა ჯობს. მაგალითად, თუ პრეპარატი კუჭს გიღიზიანებთ და გულძმარვას იწვევს, უმჯობესია, ძილის წინ მის მიღებას ერიდოთ, რადგან წოლისას დისკომფორტი უფრო საგრძნობია. გარდა რკინის პრეპარატებისა, ექიმი ორსულს რკინით მდიდარი საკვების (ხორცის, კვერცხისა და რძის ნაწარმის) მიღებასაც ურჩევს.
თავის დასაცავად
რკინის დეფიციტის
 თავიდან ასაცილებლად ეცადეთ მიირთვათ ამ ელემენტით მდიდარი საკვები: მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ფორტიფიცირებული ფქვილისგან გამომცხვარი პური, მარცვლეული, პარკოსნები, თხილეული, მზესუმზირა, კვერცხი;
C ვიტამინით მოგამარაგებთ ციტრუსები (წვენიც), კივი, მარწყვი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისთვის კი მწვანეფოთლოვან ბოსტნეულს, ციტრუსებს, ფორტიფიცირებულ პურს,  ხმელ პარკოსნებს მიეძალეთ.
რკინა საკვებში
შევთანხმდეთ: იმისთვის, რომ ორგანიზმი რკინის უკმარისობამ არ შეაწუხოს, ყოველდღიურად 10 მგ ეს ელემენტი მაინც უნდა მივაწოდოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მარტო იმის ცოდნა, რომელი საკვები შეიცავს რკინას, არ კმარა. ამ ელემენტს სხვადასხვა საკვებიდან ორგანიზმი სხვადასხვანაირად ითვისებს. მეტსაც გეტყვით – თავად რკინა არსებობს საკვებში სხვადასხვა ფორმით. მის ორ ძირითად ფორმას მეცნიერები პირობითად ჰემინურსა და არაჰემინურს უწოდებენ. უფრო იოლად ასათვისებელი და, ამის კვალობაზე, უფრო
სასარგებლოც ჰემინური რკინაა, რომელიც უხვად არის ხამანწკებში, საქონლის ღვიძლსა და თირკმელში. საქონლისა და ფრინველის ხორციც, ისევე როგორც თევზი, საკმაოდ მდიდარია ჰემინური რკინით.
ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ, რომელიც მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარდა, დაადასტურა, რომ ჰემინური რკინა, გარდა იმისა, რომ თავად შესანიშნავად შეიწოვება ორგანიზმში, არაჰემინურის ათვისებასაც უწყობს ხელს.
იმავე უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემებით, რკინის დაახლოებით 60% ხორცში არაჰემინური სახითაა თავმოყრილი. ასეთივე რკინაა ბოსტნეულში, ხილში, პარკოსნებში, პურში, თხილეულში და ფორტიფიცირებულ მარცვლეულშიც. რკინით საკმაოდ მდიდარია კვერცხი და რძის ნაწარმიც, თუმცა მათში ჰემინური და არაჰემინური ფორმების თანაფარდობა ჯერჯერობით უცნობია.
გაკვრით უკვე ვახსენეთ, ახლა კი უფრო ვრცლად მოგახსენებთ იმ საკვების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს რკინის ათვისებას, განსაკუთრებით კი არაჰემინური რკინისას. ასეთია C ვიტამინით მდიდარი პროდუქტი: ციტრუსები, ნესვი, მარწყვი, ბროკოლი, თეთრთავა კომბოსტო, პ
ომიდორი, რიბოფლავინით გაჯერებული რძის ნაწარმი.
შეერკინე საკვებს
მოდი, შევადგინოთ დღიური მენიუ, რომელიც რკინადეფიციტური და ვიტამინდეფიციტური ანემიის პროფილაქტიკაში დაგეხმარებათ.

. საუზმე: რკინით გამდიდრებული მარცვლეულის ბურბუშელა (მიუსლი, ჰერკულესი), 4 ჩ. კ. ქიშმიში, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი. ასეთი საუზმის წყალობით თქვენი ორგანიზმი 13 მგ-მდე რკინას მიიღებს, რომლის ათვისებაშიც ფორთოხლის წვენში არსებული C ვიტამინი დაეხმარება.
დაიხსომეთ: ჩაი და ყავა კოფეინის შემცველობის გამო ხელს უშლის რკინის შეწოვას. ასე რომ, თუ რკინით მდიდარი დიეტის დაცვა განიზრახეთ, ამ სასმელებისგან ერთხანს თავის შეკავება მოგიხდებათ.
. ლანჩი: სენდვიჩი (რკინით გამიდრებული პურის ორი თხელი ნაჭერი და 85 გ მჭლე ხორცი), 1 ჭიქა თხლად დაჭრილი მარწყვი, სტაფილო და 1 ჭიქა ნაკლებცხიმიანი იოგურტი. ეს საკვები 5 მგ-მდე რკინას შეიცავს. გაითვალისწინეთ: თეთრი პური რკინის შეწოვას აფერხებს, ამიტომ გირჩევთ, ასეთი დიეტის დროს მასაც ერიდოთ.
. სადილი: 80-90 გ ქათმის ხორცი, საშუალოდ მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი 1 ჩ. კ. მაიონეზით, 1 ჭიქა ბარდით ან ლობიოთი და მოშუშული ბროკოლით. ეს სადილი ორგანიზმს 5-6 მგ-მდე რკინით. ნახევრად გამომცხვარი კარტოფილი და ბროკოლი ჩ ვიტამინის შემცველობის წყალობით რკინის ათვისებაში დაგეხმარებათ.
დიეტას პლუს რკინა
უკვე შევთანხმდით, რომ მკაცრი დიეტის დროს ანემია უფრო მეტად მძიმდება, მაგრამ როდესაც ქალს და, მით უმეტეს, ჯიუტ მოზარდ გოგონას არამც და არამც არ სურს ჩვეულ რაციონზე უარის თქმა, ისღა დაგვრჩენია, შიმშილობის იდეას შევეგუოთ და საკვებს რკინა შევაპაროთ.

ეს სტრატეგია რამდენიმე ეტაპად შეიძლება განვახორციელოთ:
I ეტაპი: დიეტის პარალელურად მიიღეთ რკინის პრეპარატი, რომელიც სასურველია ექიმის რჩევით იყიდოთ.
II ეტაპი: დიეტა ეფექტური რომ იყოს, მენიუდან მხოლოდ პურისა და გამომცხვარი საკვების ამოღება არ კმარა; ყველაზე სწრაფ შედეგს ცხიმიანი ხორცის მჭლით ჩანაცვლება გამოიღებს. ასეთი ხორცი იმდენივე რკინას შეიცავს, რამდენსაც ცხიმიანი, ამდენად,
რკინის დეფიციტი აღარ დაგვემუქრება, თანაც ასეთი ტაქტიკის წყალობით დღეში 500-ით ნაკლებ კალორიას მიიღებთ. საუკეთესოა ინდაურისა და ქათმის მჭლე, კანგაცლილი ხორცი. მუქი ხორცი რკინით შედარებით ღარიბია.  
III ეტაპი: უარი თქვით ჩიპსებსა და კანფეტებზე და, საზოგადოდ, ე.წ. ჯანკ-საკვებზე, რომელიც დროებით აცხრობს მადას. თუ სახელდახელოდ წახემსება განიზრახეთ, ჯობს, ყველი და პარკოსნები მიირთვათ. ცხიმმოხდილი რძის ნაწარმი საუკეთესოა მადის მოსატყუებლად, მაგრამ მასში რკინის შემცველობა არც ისე მაღალია.
IV ეტაპი: ეცადეთ, რკინით მდიდარი საკვები, მაგალითად, ქათმის, ინდაურის ხორცი, ლობიო, თხილი, ნუში, ნიგოზი, C ვიტამინით მდიდარ ხილსა და ბოსტნეულთან (ფორთოხალთან, ბროკოლთან, ბულგარულ წიწაკასთან) ერთად მიირთვათ.
V ეტაპი: დიეტას შეუხამეთ ვარჯიშიც. საუკეთესო შემთხვევაში, კვირაში 5 დღე, დღეში 45-60 წუთი უნდა ივარჯიშოთ. ამისთვის სავარჯიშო დარბაზში სიარული არ არის აუცილებელი; საკმარისია ფეხით სეირნობა, ძუნძული სკვერში, ცეკვა.
ვავსებთ რკინის ლიმიტს
თუ ქალს მენსტრუაციის დროს უხვი სისხლდენა აქვს, გასაკვირი არ არის, ანემია განუვითარდეს. დაკარგული სისხლის აღსადგენად აუცილებელია ცოლებით, რკინით, B ვიტამინით, ვიტამინებით მდიდარი საკვებისგან შემდგარი დაბალანსებული რაციონი.
მენსტრუაციის პერიოდში გირჩევთ მიირთვათ:
. ზღვის პროდუქტები, საქონლისა და ფრინველის ხორცი. ეს საკვები შეიცავს ცილებს, B ვიტამინების მთელ კომპლექსს და, რაღა თქმა უნდა, რკინას. განსაკუთრებით მდიდარია ამ კომპონენტებით საქონლისა და ფრინველის ხორცი და ღორის ღვიძლი. მნიშვნელობა არ აქვს, ხორცი მსუქანია თუ მჭლე. ასე რომ, წონის კონტროლი არ გაგიჭირდებათ. მენიუში შეგიძლიათ ჩართოთ სოსისი, სარდინი და ხამანწკებიც.
. მიკროელემენტებით გამდიდრებული პროდუქტები. ასეთია უმთავრესად მარცვლეული, რომელსაც ხშირად რთავენ დიეტურ რაციონში. ზოგიერთი სახის მიუსლი და ჰერკულესი 20 მგ-მდე რკინას შეიცავს, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, დღიური ნორმაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორტიფიცირებულ საკვებში მიკრო- და მაკროელემენტების შემცველობას სურსათისა და მედიკამეტების ადმინისტრაცია მკაცრად აკონტროლებს და ასეთი პროდუქტები, როგორც წესი, გაჯერებულია ყველა ელემენტის დღიური ნორმით.
. პარკოსნები – ლობიო ერთ-ერთი ალტერნატიული საკვებია, რომელიც ხორცის მაგივრობას გაგიწევთ, თუმცა არა სრულყოფილად. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პარკოსნებზეც. ერთი ჭიქა ლობიო ან ბარდა რკინის დღიურ მოთხოვნილებას მხოლოდ 25 პროცენტით აკმაყოფილებს, ხოლო ფოლიუმის მჟავას დღიურ მოთხოვნილებას – 75 პროცენტით.
. მწვანე ბოსტნეული – ეს დაბალკალორიული საკვები ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. ერთი ჭიქა მოხარშული ისპანახი რკინის დღიური ნორმის 40%-ს, ფოლიუმის მჟავას დღიური ნორმის 70%-ს და 5 გ ცილას შეიცავს. გარდა ამისა, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული მდიდარია B2 ვიტამინით, რიბოფლავინითა და C ვიტამინით, რომლებიც ორგანიზმისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
მოკლედ | ვრცლად

აორტის ანევრიზმა

  აორტა ორგანიზმის მთავარი, მაგისტრალური სისხლძარღვია. მისი კედელი ძალზე ელასტიკურია და უნარი შესწევს, სისხლის ნაკადის სიძლიერის მიხედვით გაიწელოს და დაიბრუნოს პირვანდელი ფორმა, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ზოგჯერ ესა თუ ის დაავადება ასუსტებს აორტის კედელს. თუ ამას დაერთო ასაკობრივი ცვლილებები, რომლებიც ისედაც ახდენს გავლენას აორტის სიმკვრივეზე, შესაძლოა სისხლძარღვის კედელი გაიწელოს და გამოიბეროს. ამგვარ ცვლილებას ანევრიზმას უწოდებენ. კედლის გამობერილი ნაწილი გათხელებულიც არის, იქმნება მისი აშრევების ან გასკდომის საფრთხე, რაც ძლიერ, სიცოცხლესთან შეუთავსებელ სისხლდენას იწვევს. აშშ-ში აორტის ანევრიზმის გასკდომა 65-74 წლის მამაკაცებში სიკვდილიანობის რიგით მეათე მიზეზად სახელდება.
აორტის ანევრიზმის შესახებ გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, “ავერსის კლინიკის” ექიმი კარდიოლოგი ალექსანდრე ესაკია.
– აორტა არის მაგისტრალური სისხლძარღვი, რომელიც გულიდან გამოდის და სისხლთან ერთად ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს ორგანიზმს. იგი 2-3 სმ დიამეტრის მქონე სქელკედლიანი მილია. ანატომიურად აორტა რამდენიმე ნაწილად იყოფა: აღმავალ აორტად, აორტის რკალად, დაღმავალი გულმკერდის ნაწილად და მუცლის აორტად, რომელიც ორად იტოტება. აორტიდან გამომავალი სისხლძარღვები სისხლის მიმოქცევის დიდ წრეს ქმნიან.
– რა არის აორტის ანევრიზმა და რამდენი სახისაა იგი?
– ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის გაფართოებაა. იგი ჭეშმარიტია, როდესაც გაფართოებაში აორტის კედლის სამივე შრეა ჩართული. ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება აორტის შუა შრის ელასტიკური ბოჭკოები, რის შედეგადაც ფიბროზული ქსოვილი სისტოლის (გულის შეკუმშვის) შემდეგ ბოლომდე ვეღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას და სანათური ამ ადგილას გაფართოებული რჩება. თუ ანევრიზმა ტრავმის შედეგად განვითარდა, ხშირად ზიანდება აორტის შიგნითა ან შუა გარსი, რის გამოც ანევრიზმის კედელი მხოლოდ აორტის გარე შრისა და პერივასკულარული თრომბებისაგან შედგება და მას ცრუ ანევრიზმას ვუწოდებთ.
ანევრიზმა ფორმით თითისტარს ან ტომარას ჰგავს. თითისტარისებრი ანევრიზმისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვის გაფართოება ყველა მიმართულებით, მთელ გარშემოწერილობაზე (სწორედ ეს ანიჭებს მას თითისტარისებრ ფორმას), ხოლო ტომრისებრი ანევრიზმა მოიცავს სისხლძარღვის გარშემოწერილობის მხოლოდ ნაწილს. იგი ტომარასავით არის ჩამოკიდებული სისხლძარღვზე.
გარდა ამისა, გვხვდება განშრევებადი ანევრიზმა. ამ დროს დაზიანებული ინტიმიდან (აორტის კედლის შიდა შრიდან) სისხლი მედიალური (შუა) შრის გასწვრივ იჟონება და ვითარდება აორტის კედლის განშრევება.
– რა იწვევს ანევრიზმას?
– პირველი მიზეზია აორტის მდებარეობა. სისხლძარღვთა შორის აორტა ყველაზე მეტად განიცდის გულის შეკუმშვისას გადმოსროლილი სისხლის ნაკადის ძლიერი ბიძგების ზემოქმედებას, რაც მისი კედლის დაჭიმვას განაპირობებს. წნევა, რომელიც გულის შეკუმშვის ანუ სისტოლის დროს აორტის შიგნით წარმოიქმნება, იმდენად მაღალია, რომ აორტის კედელს მაქსიმალურად ჭიმავს და, ამრიგად, აორტის ანევრიზმის წინაპირობად გვევლინება. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ინფექცია, ტრავმა, არტერიული ჰიპერტენზია და უმთავრესად ათეროსკლეროზი, ანევრიზმის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს ასრულებს. მიზეზთა შორის უნდა დავასახელოთ აგრეთვე თანდაყოლილი პათოლოგიები – მარფანის სინდრომი, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის გენეტიკური დეფექტით განპირობებული დაზიანებაა, ერდჰაიმის სინდრომი, ელერს-დანლოს სინდრომი, ელასტინის მემკვიდრეობითი დეფიციტი... ეს იმ პათოლოგიათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც შეიძლება გავაერთიანოთ შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზიის ცნების ქვეშ. გენეტიკური ფაქტორების როლზე მეტყველებს კვლევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ აორტის ანევრიზმით დაავადებულთა 20%-ის სისხლით ნათესავებსაც ანალოგიური დაავადება ჰქონდათ.
– უმეტესად რა ასაკში ვლინდება ანევრიზმა?
– სტატისტიკურად აორტის ანევრიზმა ყველაზე ხშირად 40-დან 70 წლამდე გვხვდება. ლოკალიზაციის მიხედვით პირველი ადგილი უკავია მუცლის აორტის ანევრიზმას – ასეთია ასიდან 75 შემთხვევა. მუცლის აორტის ანევრიზმა უმთავრესად თირკმლის არტერიის ქვევით ვითარდება. მიზეზი თითქმის ყოველთვის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებებია.
კიდევ ერთი: ანევრიზმა უფრო ხშირად ემართებათ მამაკაცებს, განსაკუთრებით – თამბაქოს მწეველებს.
– რა კლინიკური სიმპტომებით ვლინდება ეს პათოლოგია?
– აორტის ანევრიზმის კლინიკურ მანიფესტაციას საფუძვლად უდევს მიმდებარე ქსოვილებზე: ბრონქებზე, საყლაპავზე, სისხლძარღვებზე, ნერვებზე – ანევრიზმის ზეწოლა. ჩივილები უმთავრესად ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული – ყრუ, მღრღნელი ტკივილი შესაბამის არეში. მზარდი ტკივილი შესაძლოა აორტის გახეთქვის მომასწავებელი იყოს. ტკივილი ანევრიზმის ყველაზე ხშირი სიმპტომია. როდესაც გამობერილობა ტრაქეასა და მიმდებარე სასუნთქ გზებს აწვება, პაციენტი უჩივის ხველას, ქოშინს, საყლაპავი მილის კომპრესიის დროს – ყლაპვის გაძნელებას.
ანევრიზმების დაახლოებით 40% უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით აღმოაჩენენ კლინიკური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს.
– როგორ ადგენენ ანევრიზმის არსებობას და რა ინფორმაციას იძლევა თითოეული კვლევა?
– რენტგენოგრამაზე ანევრიზმა ვლინდება პათოლოგიური წარმონაქმნის სახით, რომლის კედელშიც შეიძლება გამოისახოს კალციფიკატები. ულტრაბგერა, წესისამებრ, ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის ანევრიზმის ლოკალიზაციისა და ზომის შესახებ. კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს, ზუსტად შევაფასოთ ანევრიზმის ზომა და მდებარეობა, რაც ქირურგიული მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალზე ინფორმაციულია ასევე მაგნიტურ- ბირთვული რეზონანსი და ანგიოგრაფია.
– როდის არის აუცილებელი ოპერაციული მკურნალობა?
– აორტის მკურანლობა მის ზომებზეა დამოკიდებული. მცირე ზომის ანევრიზმის დროს, რომელსაც თან არ ახლავს პათოლოგიური სიმპტომატიკა, შესაძლებელია დინამიკაზე დაკვირვება, რაც ითვალისწინებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას 6 თვეში ერთხელ ანევრიზმის მდგომარეობის შესაფასებლად. ასევე აუცილებელია არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვათა რიტმის მუდმივი კონტროლი და კარდიოლოგის მიერ ამ მიმართულებით დანიშნული მედიკამენტების რეგულარული მიღება.
შედეგიანია მედიკამენტები და დიეტა, რომლებიც ქოლესტეროლის მაჩვენებლის დასაწევად ინიშნება.
თუ ანევრიზმა მაინც იზრდება და წელიწადში 1 სმ-ზე მეტს იმატებს, აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა. ოპერაცია აუცილებელია მაშინაც, როდესაც ანევრიზმას თან ახლავს თრომბოემბოლიური გართულებები (ინფარქტი, ინსულტი და სხვა). სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს გასკდომაზე საეჭვო და სწრაფად მზარდი ანევრიზმები. თუ ანევრიზმის ზომა იმატებს და აღწევს 6 სმ-ს, რეკომენდებულია ქირურგიული მკურნალობა, რომლის დროსაც ხდება სინთეტიკური გრაფტის (ხელოვნური სისხლძარღვის) იმპლანტაცია.
– როგორ ხორციელდება ეს ოპერაცია?
– ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობა – პროთეზის იმპლანტაცია – შესაძლებელია ორგვარად: ღია ოპერაციით და ენდოვასკულარული მეთოდით. ღია მეთოდი აორტისადმი პირდაპირ მიდგომას მოითხოვს. ამ დროს, ანევრიზმის ადგილმდებარეობის შესაბამისად, იხსნება გულმკერდის ან მუცლის ღრუ. ღია მეთოდი უკვე ორმოცდაათ წელიწადზე მეტია გამოიყენება. ენდოვასკულარული მეთოდის გამოყენება პრაქტიკულ მედიცინაში წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყეს. მას შემდეგ ენდოვასკულარულ მეთოდს სულ უფრო ხშირად მიმართავდნენ, ხოლო 2006 წლისათვის იგი რაოდენობრივად დაეწია და გაუსწრო კიდეც ღია მეთოდით ჩატარებულ ოპერაციებს. ენდოვასკულარული მეთოდით სისხლძარღვში პროთეზის იმპლანტირებისას საზარდულის არეში, ბარძაყის არტერიის პროექციაზე, კეთდება პატარა განაკვეთი, საიდანაც აორტის ანევრიზმული გაფართოების ადგილას რენტგენოლოგიური კონტროლის თანხლებით სპეციალური კათეტერით განთავსდება სტენტ-გრაფტი და იქვე გაიშლება. ტრანსპლანტანტი ინარჩუნებს აორტულ სისხლის ნაკადს და ამცირებს აორტის კედელზე ზეწოლას, რაც ამცირებს ანევრიზმის ზომას და აქვეითებს აორტის გახეთქვის რისკს.

– როგორ ირჩევა ოპერაციული მეთოდი ცალკეული პაციენტისთვის და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?
– სისხლძარღვოვანი პროთეზის ენდოვასკულარული იმპლანატაციისას ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა 2-5 დღეს შეადგენს, ღია ოპერაციისას – 5-7 დღეს, ხოლო მძიმე თანმხლები პათოლოგიის შემთხვევაში შესაძლოა 2-3 თვემდე, სრულ გამოჯანმრთელებამდე გაგრძელდეს. მინიმალურად ინვაზიური ენდოვასკულარული მეთოდის განვითარებამ საშუალება მოგვცა, აორტის ანევრიზმის მკურნალობა ჩავუტაროთ უფრო ასაკოვან პაციენტებსაც. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ პერიოპერაციული სიკვდილიანობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ღია წესით ქირურგიული ჩარევისას, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ განმეორებითი ჩარევა ენდოვასკულარული მეთოდის გამოყენებით დასჭირდა 30% პაციენტს, ხოლო ღია მეთოდის გამოყენებისას – მხოლოდ 10%-ს. ასეა თუ ისე, ქირურგის  გადასაწყვეტია, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით რომელ მეთოდს მიანიჭოს უპირატესობა. თუ პაციენტს ანევრიზმასთან ერთად აქვს აორტის სარქვლის უკმარისობა ან გულის იშემიური დაავადება, მას ღია ოპერაცია უკეთდება. ამ გზით ხდება საქვლოვანი პათოლოგიის კორექცია, აორტის სარქვლის პროთეზირება და ქირურგიული რევასკულარიზაცია, კორონარული არტერიების შუნტირება გულის იშემიური დაავადების დროს.
– რამ შეიძლება ხელი შეუშალოს ოპერაციას?
– ოპერაციული ჩარევის უკუჩვენებაა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით მიმდინარე დაავადებები.
– რა გართულებას იწვევს არაოპერირებული ანევრიზმა, რა ნიშნებით ვლინდება იგი და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?
– ნებისმიერი ლოკალიზაციის ანევრიზმა შეიძლება გართულდეს განშრევებით ან გასკდომით და განვითარდეს სისტემური ემბოლიზაცია – სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა, რაც გულისხმობს მრავლობითი თრომბის ერთდროულ ჩამოყალიბებას სხვადასხვა ორგანოში – თავის ტვინში, გულში, ფილტვში. ანევრიზმის განშრევება და გახეთქვა ვლინდება ძლიერი ტკივილით, წნევის უეცარი დაცემით, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას, ხოლო თრომბოემბოლიური გართულებები ლოკალიზაცის მიხედვით იძლევა სხვადსხვა კლინიკურ სურათს: შესაძლოა განვითარდეს ჰემიპარეზი, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ.
რაც უფრო იმატებს ანევრიზმის ზომა, მისი გასკდომის რისკიც იმატებს. ყოველწლიურად ამ მიზეზით 15 000 ამერიკელი იღუპება.
ანევრიზმის გართულების შემთხვევაში პაციენტს არასტაციონარულ პირობებში ვერაფრით დავეხმარებით; იქვე მყოფ ახლობელს მოეთხოვება, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი გადაყვანა შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში.
– როგორია დაავადების პროგნოზი?
– მკურნალობის გარეშე – არაკეთილსაიმედო. გართულების რისკი ანევრიზმის დიამეტრსა და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. საოპერაციო პაციენტთა დაახლოებით 90%, რომელიც არ ან ვერ იტარებს ოპერაციას, ანევრიზმის გახეთქვის შედეგად უახლოესი 5 წლის განმავლობაში იღუპება. მასიური სისხლდენა იწყება რეტროპერიტონეალურ სივრცეში, თავისუფალ მუცლის ღრუში და სხვა. ამიტომ აორტის ანევრიზმის მქონე პაციენტები აუცილებლად სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ექიმის მითითების მიხედვით მათ ან შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა უნდა ჩაიტარონ, ან მედიკამენტური მკურნალობის ფონზე პერიოდულად აკონტროლონ ანევრიზმის მდგომარეობის დინამიკა.
აორტის ანევრიზმის განვითარების რისკფაქტორები (ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის მიხედვით)
. მოწევა – ანევრიზმის მქონეთა 90% მწეველია;
. მაღალი არტერიული წნევა – აფართოებს აორტის ლორწოვან შრეს;
. სქესი – მამრობითი;
. გენეტიკა – დაავადებები, რომლებიც აქვეითებს შემაერთებელი ქსოვლის სიმტკიცეს;
. ასაკი – წლების მატებასთან ერთად აორტა ნაკლებად ელასტიკური და მკვრივი ხდება;
. ინფექცია – შესაძლოა დააზიანოს გულისა და აორტის ლორწოვანი გარსი;
. ანთება – აორტის ანთებად ქსოვილებზე ჩნდება ნაწიბურები;
. ტრავმა – დაცემამ ან ავტოკატასტროფამ შესაძლოა აორტა დააზიანოს.
მოკლედ | ვრცლად

წელის ტკივილი

  ბენჯამინ ფრანკლინის ცნობილ გამონათქვამს: “ამქვეყნად მხოლოდ ორი რამაა გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები”, – XXI საუკუნეში თამამად შეგვიძლია წელის ტკივილიც დავამატოთ. როგორც ეპიდემიოლოგები გვაუწყებენ, ზრდასრული მოსახლეობის 90%-ს ერთხელ მაინც განუცდია წელის ტკივილი. სწორედ ეს ჩივილია ექიმთან კონსულტაციის, ჰოსპიტალიზაციის, ოპერაციული ჩარევის და, თქვენ წარმოიდგინეთ, დროებითი შრომისუუნარობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი.
აშშ-ში სადაზღვევო კომპანიებს ყოველწლიურად 50-60 მილიარდი დოლარის გადახდა უწევთ წელის ტკივილის მკურნალობის ასანაზღაურებლად. ასე რომ, წელის ტკივილი ჩვენს დროში არა მხოლოდ სიმპტომი, არამედ სერიოზული სოციალური პრობლემაცაა.
წელის ტკივილმა შეიძლება უცაბედად, ყოველგვარი წინამორბედი მოვლენის გარეშე იჩინოს თავი, ანდა ნელ-ნელა შემოგვეჩვიოს.
ის ორი სახისაა: მწვავე და ქრონიკული. წელის მწვავე ტკივილი მყისიერად ჩნდება. ის უმთავრესად მძიმე ტვირთის აწევით, ტრავმით, არასწორ პოზაში ძილით ან ჯდომით, უხერხული მოძრაობით არის გამოწვეული. ამ სახის ტკივილს თბილი საფენები, დასვენება და მალამოს შეზელა მალევე აქრობს.
წელის ქრონიკული ტკივილი დიდხანს გრძელდება. ის საწყის სტადიაშივე მოითხოვს მკურნალობას, ვინაიდან ასაკთან ერთად მხოლოდ პროგრესს განიცდის.
რა იწვევს წელის ტკივილს ყველაზე ხშირად?
შემთხვევათა მესამედში წელის ტკივილის მიზეზი ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებებია, რომლებსაც საერთო სახელწოდება – ოსტეოქონდროზი აერთიანებს.
რა არის ოსტეოქონდროზი? ოსტეოქონდროზი ხერხემლის მალებისა და იოგების პათოლოგიურ ცვლილებათა შედეგად განვითარებული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად მალათაშუა დისკების დეგენერაცია უდევს. გარდა ამისა, ოსტეოქონდროზის დროს შესაძლოა ხერხემლის მალებზე ძვლოვანი წარმონაქმნები – ოსტეოფიტები გაჩნდეს (ხალში მათ “მარილებს” ეძახიან). ოსტეოფიტები ზურგის ტვინის ფესვებს აწვება, რაც წელის მიდამოში ყრუ და დამწოლ ტკივილს იწვევს.
მალათაშუა დისკი ორმხრივამოზნექილი ლინზის ფორმის წარმონაქმნია, რომელიც მალებს შორის არის მოქცეული და ხერხემლის ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს. დისკის ცენტრში მოთავსებულია ჟელესმაგვარი ბირთვი – პულპა. დროთა განმავლობაში ის შრება, იბზარება და სკდება. ამის შედეგად მალა მოძრავი ხდება და შესაძლოა დისკიდან გადმოცურდეს, რაც მალათაშუა სივრცის შევიწროებას და აქ გამავალ ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლას გამოიწვევს.
ხერხემლის წელის მიდამოს მალები ანატომიურად უფრო მოძრავია და, იმავდროულად, სიმძიმის აწევისას ხერხემლის სხვა ნაწილებთან შედარებით მაქსიმალურ დატვირთვას განიცდის, ამიტომ უფრო მეტადაც არის მიდრეკილი დაზიანებისკენ.
წელის ოსტეოქონდროზის დროს ძლიერ ტკივილს მხოლოდ ნერვების მექანიკური გაღიზიანება კი არ იწვევს, არამედ დისკის დაზიანებისას გამოყოფილი ნივთიერებებიც, რომლებიც ტკივილის რეცეპტორებს აღიზიანებს.
რა იწვევს ოსტეოქონდროზს? ოსტეოქონდროზის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მარილოვანი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევაა. ზოგჯერ ოსტეოქონდროზი მალათაშუა დისკის თანდაყოლილი დაზიანების გამო ჩნდება. მისი პროვოცირება კი შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინოს.
ოსტეოქონდროზის განვითარების რისკფაქტორებია:
. ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, სიმძიმეების აწევა;
. ხერხემლის განვითარების ანომალიები;
. სიმსუქნე;
. ჰიპოდინამია – ცხოვრების მჯდომარე, არააქტიური წესი;
. თამბაქოს წევა;
. კვების არაჯანსაღი რეჟიმი;
. ვიბრაციის ზემოქმედება, მაგალითად, მანქანის მართვისას.
ოსტეოქონდეროზის გვიანდელ სტადიაში დისკი მალათაშუა სივრციდან გადაინაცვლებს და ყალიბდება ე.წ. მალათაშუა დისკის თიაქარი. ის მეტწილად შუახნის და ხანდაზმულ პირებში გვხვდება. ყველაზე ხშირად სწორედ წელის მიდამო ზიანდება, ვინაიდან მისი მალათაშუა სივრცეები ანატომიურად ყველაზე ვიწროა, მათგან გამომავალი ნერვის ფესვები კი საკმაოდ მასიური.
რა სიმპტომები ახასიათებს მალათაშუა დისკის თიაქარს?
მალათაშუა თიაქარი ძალიან საშიში დაავადებაა. გარდა იმისა, რომ იგი გავა-წელის რადიკულიტისთვის დამახასიათებელ ტკივილს იწვევს, მასიურმა პროცესმა შესაძლოა ზურგის ტვინზე ზეწოლის შედეგად ქვედა კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა და დამბლა გამოიწვიოს. მალათაშუა დისკის თიაქრისთვის დამახასიათებელია აუტანელი ტკივილი. ავადმყოფი წამოდგომისას ხელებით მუხლებს ან სკამს ეყრდნობა, რათა დაზიანებულ დისკზე დატვირთვა შეამციროს; არ შეუძლია მუცელზე წოლა და ვერ იხრება ნივთის ასაღებად. წელის ძლიერი ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია რადიკულიტი, იგივე რადიკულოპათია. ის დიდხანს ინფექციურ დაავადებად მიიჩნეოდა, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ რადიკულიტის დროს ტემპერატურის მატება და ლეიკოციტოზი არ შეინიშნება, ამიტომ თანამედროვე ლიტერატურაში მას რადიკულოპათიად იხსენიებენ. რადიკულოპათია ოსტეოქონდროზის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.

როგორ ვლინდება წელის რადიკულოპათია? წელის რადიკულოპათია მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელი ტკივილიც მწვავე ან ყრუა. ის, როგორც წესი, ცალმხრივია და ირადიაციას თეძოსა და ბარძაყის მიდამოში განიცდის. განსაკუთრებით ძლიერდება სიარულის, ხველისა და ცემინების დროს. ზოგჯერ მას სხვა სახის შეგრძნებებიც ახლავს თან – გაშეშება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, წვა და ქავილი. წოლისას ავადმყოფი საათობით ვერ პოულობს მოხერხებულ პოზას. რადიკულოპათიის სიმპტომები საკმაოდ მკვეთრია. ავადმყოფს ეცვლება სიარულისა და დგომის მანერა, უჩნდება დამახასიათებელი მოძრაობები და პოზები, სიარულისას ტანს წინ და ჯანმრთელი ფეხის მხარეს სწევს, დგომისას კი მტკივან მხარეს ფეხი ნახევრად მოხრილი აქვს, რადგან ასეთ პოზიციაში ნერვული ღეროს დაჭიმულობა მცირდება. სხეულის მოძრაობა წელის მიდამოში შეზღუდულია. რადიკულოპათიის იოლი ფორმები მოძრაობას თითქმის არ ზღუდავს, ხოლო თუ დაავადებამ პროგრესი განიცადა, თავს იჩენს კუნთოვანი სისუსტე, ხშირია ტერფის მიდამოში სიცივის, სიმშრალის ან, პირიქით, სისველის შეგრძნება. ტერფზე კანი უფერულდება ან მონაცრისფრო ელფერს იღებს. თუმცა ამ სიმპტომების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რადიკულიტის დიაგნოზი დაუსვათ საკუთარ თავს. მსგავს სურათს ზოგჯერ სხვა დაავადებაც, მაგალითად, ქვედა კიდურის სახსრების დაზიანებაც, იწვევს.
მორეციდივე რადიკულიტთან ერთად ძალზე გავრცელებულია წელის მიდამოს ისეთი მწვავე დაავადება, როგორიცაა ლუმბაგო, უბრალო ენით – წელკავი. ლუმბაგოს დროს ასევე ღიზიანდება ნერვის ფესვი და თავს იჩენს ძლიერი ტკივილი, რომელიც კუნთების სპაზმს და გაშეშებას იწვევს. ის უმეტესად მძიმე ფიზიკური შრომით დაკავებულ პირებს ემართებათ. მას პროვოცირებას უწევს სხეულის გადახურება, სხეულის გაოფლიანება და შემდეგ სწრაფი გაცივება. ლუმბაგო შესაძლოა მწვავე და ქრონიკულმა ინფექციამაც გამოიწვიოს. ტკივილი, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა ზოგჯერ 2-3 კვირაც გასტანს. სანამ შეტევა გაივლის, უმჯობესია პაციენტმა წოლითი რეჟიმი დაიცვას.
თუ წელი აგტკივდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ხერხემალია დაზიანებული – წელის ტკივილის მიზეზი შესაძლოა მიოზიტიც იყოს.
მიოზიტის დროს ანთებითი პროცესი კუნთებშია ლოკალიზებული და დიდხანს გრძელდება. კუნთის ტკივილი, ლუმბაგოსგან განსხვავებით, ყრუა, არც ისე ძლიერი და მწვავე.
როგორ გავუმკლავდეთ წელის ტკივილს?
წოლითი რეჟიმი

წელის ტკივილი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ მკურნალობის გარეშე ფონს ვერ გავალთ. განურჩევლად მიზეზისა, პირველ დღეებში ავადმყოფი უნდა იწვეს; მას შემდეგ, რაც მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება, მას ეძლევა სიარულის ნება. თავდაპირველად სასურველია ყავარჯნებით იაროს, რათა ხერხემლის სვეტზე დატვირთვა შემცირდეს. საწოლი მაგარი და მყარი უნდა იყოს.
მალამოები
მტკივან ადგილზე შეიძლება გამაღიზიანებელი მალამოს წასმა. ის ამ უბანში სისხლის მიდინებას აძლიერებს და ტკივილის კუპირებას ახდენს. ასევე, შვება მოაქვს თბილ საფენებსა და ნახვევებს. ყველაზე ხშირად კი ექიმები ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მალამოებს გვირჩევენ.
ტრაქციული თერაპია და ბალნეოთერაპია
მალათაშუა დისკის გადანაცვლებით გამოწვეული რადიკულოპათიის დროს იყენებენ ტრაქციულ თერაპიას – სხეულის დაჭიმვას საწოლზე ან წყალქვეშ. ეს პროცედურები აუცილებლად პროფესიონალმა უნდა ჩაატაროს სტაციონარულ პირობებში.
საკმაოდ ეფექტურია ბალნეოთერაპიაც – აბაზანები და ტალახის აპლიკაციები, ასევე – სპეციალური მასაჟი ან აკუპუნქტურა, რომელიც აუცილებლად მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს უნდა მიანდოთ.
ზოგ შემთხვევაში ტკივილის შესამცირებლად და პროფილაქტიკისთვის კორსეტს იყენებენ. ის ხელს უშლის ხერხემლის დეფორმაციას, აუმჯობესებს ვენური სისხლისა და ლიმფის დინებას, მოხდენილობას ანიჭებს სხეულს.
კორსეტის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება, რადგან:

. კორსეტის მუდმივი ტარება შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს ხერხემლისთვის.
. კორსეტის პირდაპირ შიშველ სხეულზე ჩაცმა არ შეიძლება.
. მეტისმეტად მოჭერილი კორსეტი აძნელებს სუნთქვას, საჭმლის მონელებას და სხეულის ქვედა ნაწილში სისხლის მიმოქცევას.
. კორსეტის დღედაღამ ტარებამ შესაძლოა კუნთების ატროფია გამოიწვიოს. მისი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ხანგრძლივი ჯდომის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს.
. გახსოვდეთ, საუკეთესო დამჭერი ბუნებრივი, კუნთოვანი კორსეტია, ამიტომ წელის ტკივილის მკურნალობისა და პროფილაქტიკის იდეალური საშუალება სამკურნალო ფიზკულტურაა.
მედიკამენტური მკურნალობა
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის დროს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები უკუნაჩვენებია. ამ შემთხვევაში უმჯობესია ციკლოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორით მკურნალობა, რადგან ის არ აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და არც სხვა გვერდით მოვლენებს იწვევს. ასევე სასურველია B ჯგუფის ვიტამინით ინექციის კურსის ჩატარება.
მართალია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და ანალგეზიური საშუალებები ტკივილს ხსნის, მაგრამ დაავადების მიზეზზე გავლენას არ ახდენს. ხერხემლის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინიშნება ტკივილმამოდიფიცირებელი, ბაზისური და ნელა მოქმედი პრეპარატები. ეს გახლავთ კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც იმ ბუნებრივ პოლისაქარიდებს შეიცავს, რისგანაც ხრტილოვანი ქსოვილია წარმოქმნილი. ის აუმჯობესებს ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზს და აფერხებს ოსტეოქონდროზის პროგრესს. ვიდრე ზემოხსენებულ მედიკამენტებს მიიღებდეთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, გაეცანით წამლის ინსტრუქციას, გვერდით ეფექტებს და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებას.
ტკივილი ზოგჯერ იმდენად მძლავრია (მაგალითად, ლუმბაგოს დროს), რომ საჭირო ხდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების კუნთშიგა ინექცია (ეს ფორმა უფრო ეფექტურია, ვიდრე ტაბლეტის მიღება), ხოლო თუ ტკივილი ვერც მედიკამენტურმა თერაპიამ შეამცირა, ვერც ფიზიოთერაპიამ და სხვა საშუალებებმა, სტეროიდების ეპიდურალურ ინექციას მიმართავენ. ამ მანიპულაციის დროს ძლიერმოქმედი ანთების საწინაღმდეგო საშუალება ზურგის ტვინის გარემომცველ სივრცეში შეჰყავთ. ეს საკმაოდ სარისკო პროცედურაა, ამიტომ აუცილებლად გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს. სასურველი შედეგის მისაღებად 2-3 დღეა საჭირო.
სხვა მეთოდები
მალათაშუა დისკის თიაქრის ზოგიერთი შემთხვევისას ინტენსიური ტკივილები ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგაც რჩება. ამ შემთხვევაში მისი კუპირება ქირურგიული გზითაა საჭირო.
მას შემდეგ, რაც დაავადების მწვავე პერიოდი გაივლის, სასურველია მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და მანუალური თერაპია.
აქვს თუ არა წელის ტკივილს სხვა მიზეზებიც?
წელის ტკივილი შესაძლოა ზოგიერთი შინაგანი ორგანოს პათოლოგიის გამოვლინებაც იყოს. ესენია:
. თირკმლის დაავადებები: შარდკენჭოვანი დაავადება, გლომერულონეფრიტი;
.  ორსულობა;
. გინეკოლოგიური პრ
ობლემები: მტკივნეული მენსტრუაცია, საშვილოსნოს, საკვერცხეებისა და ფალოპის მილების ანთებითი დაავადებები;
. მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი;
. მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
. საშარდე გზების ინ
ფექციები;
. სიმსივნე;
. ხერხემლის ტუბერკულოზი;
. ჰერპეს ზოსტერი;
. აორტის ანევრიზმა.

მსგავს შემთხვევებში ძირითადი დაავადების მკურნალობის შედეგად წელის ტკივილიც ქრება.
ექიმთან ვიზიტი აუცილებელია:
. თუ წელის ტკივილს წინ უძღოდა რაიმე სახის ტრავმა;
. ტკივილი ძალიან მწვავეა;
. ტკივილი გახანგრძლივდა;
. თან ახლავს სხვა სახის გამოვლ
ინებები – ტემპერატურის მომატება, ცვლილებები შარდში, კიდურის დაბუჟება, ფერის შეცვლა, სისუსტე, შესიება ან სხვა.
. პაციენტი ორსულადაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევე
ბი მათთვის, ვისაც წელის ტკივილი აწუხებს:
. ეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროთ მჯდომარე პოზაში; თუ მაინც გიწევთ, დაჯექით წელგამართული.
. თუ დიდხანს ჯდომა გიწევ
თ, საათში ერთხელ აუცილებლად შეისვენეთ, რათა განიტვირთოთ და შეასრულოთ რამდენიმე მარტივი მოძრაობა (გაჭიმვა, მოხრა, უბრალო სიარული).
. ნუ ასწევთ მძიმე ნივთებს, ხოლო თუ მაინც მოგიხდათ, ეცადეთ, ეს ნელა, მკვეთრი მოძრაობების გარეშე გააკეთოთ.
. ავარჯიშეთ მუცლის პრესის კუნთები, რადგან მათი დაჭიმვისას ხერხემალზე დატვირთვას ამცირებთ.
. რეგულარულად შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები ხერხემლისა და კუნთოვანი სისტემისათვის. ძლიერ კუნთებს შეუძლია, შეამციროს ზედმეტი დატვირთვა წელზე, ხოლო მოქნილი ხერხემალი თავიდან აგაცილებთ სისხლძარღვებსა და ნერვულ ფესვებზე მალების ზეწოლას.
გახსოვდეთ, წელის ტკივილის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს. დიაგნოზის დასმა ზოგჯერ პროფესიონალებსაც კი უჭირთ და დიაგნოსტიკის ისეთი თანამედროვე მეთოდების გამოყენება უწევთ, როგორიცაა ულტრაბგერა, კომპიუტერული, პოზიტრონულ-ემისიური და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე წელის ტკივილის რადიკულიტით ახსნა არა მარტო მცდარი, არამედ საშიშიცაა, ამიტომ ვიდრე თვითნებურ მკურნალობას დაიწყებდეთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ ნევროპათოლოგთან.

მოკლედ | ვრცლად

შეჩერდი, შეკავდი!

  შარდის შეუკავებლობა მხოლოდ ახალშობილთა პრობლემა როდია; ასეთი რამ ზრდასრულ ადამიანებსაც ემართებათ და რეალური პრობლემა სწორედ მაშინ იწყება: ზოგჯერ ერთი დაცემინებაც კმარა, რომ საცვალი დასველდეს.
შარდის შეუკავებლობას
მრავალი მიზეზი აქვს და სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ის გაცილებით მეტს აწუხებს,
ვიდრე აღრიცხულია, რადგან ბევრს სირცხვილის გადალახვა და ექიმთან მისვლა უჭირს.
სხვადასხვაგვარი შეუკავებლობა
შარდის შეუკავებლობა სხვადასხვანაირია. სახელდობრ, განასხვავებენ:
. სტრესულ შეუკავებლობას, რომელიც ყველაზე გავრცელებული ფორმაა და უმთავრესად ქალებში იჩენს თავს მშობიარობის ან მენოპაუზის შემდეგ. იშვიათად ასაკოვან მამაკაცებშიც ვლინდება, წეეიეამებრ, პროსტატის გადიდების ფონზე. შარდი ჟონავს ცემინების, ხველის, სიცილის, ვარჯიშის, სქესობრივი კავშირის დროს. პრობლემის თავიდათავი იმ კუნთების სისუსტეა, რომლებიც მცირე მენჯის ღრუს ფსკერზეა “ჩაფენილი” და შარდის ბუშტის სფინქტერის დახურვა-გაღებაში მონაწილეობს. როდესაც ეს კუნთები სუსტდება, შარდი მცირე ფიზიკური დატვირთვის (სტრესის) დროსაც კი იპარება.
. ჰიპერაქტიური შარდის ბუ
შტის სინდრომს. ამ დროს შარდის ბუშტი თვითნებურად იკუმშება, განურჩევლად იმისა, სავსეა თუ არა შარდით. მოშარდვის უეცარი სურვილი ჩნდება როგორც დილის, ისე ღამის საათებში და ამ დროს ადამიანი სულ რამდენიმე წვეთ შარდს გამოყოფს. ის, ვისაც ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი აქვს, ორგვარ დისკომფორტს განიცდის: პირველი – ჩაისველებს ხოლმე, რადგან მოშარდვის სურვილი ისე უეცრად ჩნდება და შარდის ბუშტი ისე სწრაფად იკუმშება, რომ ადამიანი საპირფარეშომდე მისვლას ვერ ასწრებს, და მეორე – ხშირად უჩნდება მოშარდვის მოთხოვნილება, მაგრამ სულ ამაოდ – ცარიელი შარდის ბუშტი უბრალოდ “იტყუება”.
. შერეული ტიპის შეუკავებლობას. ამ დროს თავს იჩენს ორივე ზემოაღნიშნული შეუკავებლობა, თუმცა, როგორც წესი, ერთ-ერთი მათგანი უფრო შემაწუხებელია ხოლმე.
. ჭარბი ჭავლის შეუკავებლობას. ამ დროს ხშირად ჩნდება მოშარდვის სურვილი, მაგრამ მოშარდვა კმაყოფილებას არ გვგვრის – რჩება შეგრძნება, რომ საშარდე ბუშტი ბოლომდე არ დაცლილა. ამის მიზეზია ე.წ. მისკომუნიკაცია შარდის ბუშტსა და თავის ტვინს შორის (რასაც ნერვის დაზიანება განაპირობებს) და საშარდე მილის სანათურში შარდის გადაადგილების შეზღუდვა, რაც შარდის ბუშტის გადავსებას, მერე კი შარდის მსხვილი ჭავლით გამოდევნას და გამოჟონვას იწვევს.
. ფუნქციურ შეუკავებლობას. ამ დროს შარდის ბუშტის ფუნქცია არ არის დარღვეული; უბრალოდ, ადამიანი ვერ მიდის ტუალეტში რომელიმე ქრონიკული დაავადების ან ინვალიდობის გამო, რასაც საბოლოოდ შარდის “გაპარვა” მოყვება.
. რეფლექსურ შეუკავებლობას, როდესაც ნერვული სისტემა საშარდე ბუშტზე ყოველგვარ კონტროლს კარგავს. ასეთი რამ უმეტესად ზურგის ტვინისა და ნერვების ტრავმის ან მათზე ქირურგიული ოპერაციის შედეგად იჩენს თავს. ამ დროს შარდი მცირე წვეთებად ან საკმაოდ დიდი ულუფებით ჟონავს, მაგრამ პაციენტი ამას ვერ გრძნობს.
ხშირად მოშარდვის სურვილი ცისტიტის, საშარდე არხის ინფექციის, ერთ-ერთი სიმპტომია. ინფექცია უმეტესად ბაქტერიული წარმოშობისაა და, ამის კვალობაზე, ანტიბიოტიკებით იკურნება. ანთებას, გარდა გახშირებული შარდვისა, ავლენს ტკივილისა და წვის შეგრძნება შარვის დროს და შარდის ჩვეულებრივზე მძაფრი სუნი.
რატომ ვერ ვიკავებ?
შარდის შეუკავებლობას სხვადასხვა მიზეზი და მექანიზმი აქვს, კოფეინის ჭარბი მოხმარებიდან და უზომო ვარჯიშიდან დაწყებული, ტრავმითა და ქირურგიული ოპერაციით დამთავრებული. ყველაზე გავრცელებული მიზეზებიდან აღსანიშნავია:
. ორსულობა. მცირე მენჯის ღრუს ამომფენი კუნთები შესაძლოა მოდუნდეს ან სულაც დაზიანდეს მშობიარობის დროს. ამ უსიამოვნებას შეიძლება გადავურჩეთ, თუ დაორსულებამდე კუნთებს სათანადოდ გავავარჯიშებთ. ვარჯიში შეიძლება ან ორსულობის დროსაც, თუმცა, ცხადია, მეტი სიფრთხილით.
. ჰორმონული ცვლილება, რომელიც თან ახლავს მენოპაუზას. ის შესაძლოა მცირე მენჯის ღრუს კუნთების სისუსტის მიზეზად იქცეს.

. წინამდებარე ჯირკვლის გადიდება – შარდის შეუკავებლობას ესეც ხშირად იწვევს.
. ინფექცია. ცისტიტისა და საშარდე გზების სხვა ინფექციური დაავადებების დროს გახშირებული შარდვა, თავისთავად, შარდის შეუკავებლობაზე არ მიუთითებს, მაგრამ ხშირმა ინფექციამ საშარდე ბუშტში შესაძლოა იმგვარი ცვლილებები (მაგალითად, შეხორცებები) გამოიწვიოს, რომ საბოლოოდ მისი ფუნქცია დაზიანდეს და უნებლიე შარდვა ჩამოყალიბდეს.
. ბლოკირება, მარტივად რომ ვთქვათ, საშარდე მილში შარდის გადაადგილების შეზღუდვა ან შეუძლებლობა. ასეთი რამ ხდება საშარდე ბუშტში კენჭების ან სიმსივნური წარმონაქმნის არსებობისას.
. ქირურგიული ოპერაცია. სფინქტერი ყველაზე ხშირად პროსტატის ოპერაციის დროს ზიანდება. გაცილებით იშვიათია ოპერაციის შემდგომი შეუკავებლობა ქალებში, თუმცა გამორიცხული არ არის, მაგალითად, ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამოკვეთის) შემდეგ.

. ნერვის დაზიანება. შარდვას თავის ტვინი ნერვული კავშირის საშუალებით აკონტროლებს. როდესაც შესაბამისი ნერვი ზიანდება, უნებლიე შარდვაც იჩენს თავს. ასეა ქირურგიული ოპერაციის, ტრავმისა და ზოგიერთი მძიმე დაავადების, მაგალითად, მრავლობითი სკრელოზის დროს.
დიეტა და ვარჯიში
იმის განსაზღვრა, რომელი საკვები რგებს თქვენს საშარდე ბუშტს, ძნელია. უმჯობესია, თავად დააკვირდეთ, რა გავლენას ახდენს თქვენზე ესა თუ ის პროდუქტი. მაგალითად, ბევრი აღნიშნავს, რომ შტოშის წვენი შარდვის ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. საზოგადოდ, სასურველია, დიეტა ინდივიდუალურად შეირჩეს.
დაიხსომეთ, შარდის შეუკავებლობის დროს არამც და არამც არ მოაკლოთ ორგანიზმს სითხე. დღის განმავლობაში 1-2 ლიტრი მაინც მიიღეთ. სითხის მარაგის შევსება შეიძლება წყლით, წვენით, წვნიანი კერძით.
ასევე გირჩევთ, თავი არიდოთ ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველ სასმელებს (ყავას, ჩაის, ზოგიერთ ტკბილ, გაზიან სასმელს) – მათ შარდმდენი ეფექტი აქვთ და შესაძლოა პრობლემა უფრო მეტად გააღღმაონ. ანალოგიურ ეფექტს ახდენს გრეიპფრუტის წვენიც.
თქვენ წარმოიდგინეთ, შარდის შეუკავებლობას ხელს უწყობს სიგარეტის მოწევაც. ექიმები ამას ასე ხსნიან: მოწევა ხველას იწვევს, ხველა კი შეუკავებლობის დროს შარდის უნებლიე გამოყოფის მიზეზად იქცევა.

კიდევ ერთი პრობლემაა ჭარბი წონა. ამ შემთხვევაში ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა და ვარჯიში აუცილებელია.
შარდის შეუკავებლობის დროს, ზოგადგამაჯანსაღებელთან ერთად, ექიმის მითითებით ინიშნება სპეციალური ვარჯიშებიც, რომლებიც მცირე მენჯის ღრუს კუნთების მომაგრებას უწყობს ხელს. ამგვარი ვარჯიშები, სულ მცირე, სამი თვის განმავლობაში მაინც უნდა შესრულდეს, რომ შედეგი გამოიღოს.
წამალი თუ ოპერაცია?

თავდაპირველად ექიმი მედიკამენტებს დაგინიშნავთ. იმის კვალობაზე, რისი ბრალია შარდის შეუკავებლობა, წამალიც სხვადასხვა ინიშნება. მაგალითად, სტრესული შეუკავებლობის დროს უნიშნავენ იმ მედიკამენტებს, რომლებიც მცირე მენჯის ღრუს კუნთების ტონუსის მომატებას იწვევს. მენოპაუზის დროს შესაძლოა დამატებით ჰორმონული თერაპიაც დაინიშნოს. ჰიპერაქტიური საშარდე ბუშტის სინდრომის დროს ინიშნება პრეპარატები, რომლებიც საშარდე ბუშტის შეკუმშვებს ამცირებს. გაითვალისწინეთ: ამ მედიკამენტებს გვერდითი ეფექტებიც აქვთ და შესაძლოა პირის ძლიერი სიმშრალე გამოიწვიონ.
რაც შეეხება საშარდე გზების ინფექციებს, მათი მკურნალობის ძირითადი გზა ანტიბიოტიკოთერაპიაა.
როდესაც მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა, ექიმი ქირურგიულ ჩარევას გირჩევთ. შარდის შეუკავებლობის ოპერაციულ მეთოდებს უფრო ქალების მკურნალობისას მიმართავენ და საქართველოშიც წარმატებით არის დანერგილი. უმთავრესად იყენებენ ე.წ. სლინგ-მეთოდს: სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ამაგრებენ მცირე მენჯის ღრუს კუნთებს და საშარდე ბუშტს საჭირო პოზიციაში აფიქსირებენ.

სხვა მეთოდებიდან აღსანიშნავია ხელოვნური სფინქტერის ჩადგმა, პროსტატის ოპერაცია მისი გადიდების დროს, ტრანსუტერული აბლაცია, კათეტერის ჩადგმა, ხოლო დასავლეთის ქვეყნების ზოგიერთ კლინიკაში, თქვენ წარმოიდგინეთ, ბოტოქსის ინექციებსაც კი სთავაზობენ. საშარდე ბუშტის კუნთოვან ქსოვილში ბოტულოტოქსინის შეყვანის შედეგად საშარდე ბუშტის კედელი ეშვება, დამბლას განიცდის. ამ მეთოდს ჰიპერაქტიური საშარდე ბუშტის დროს იყენებენ.     
მოკლედ | ვრცლად

თიაქარი ბავშვთა ასაკში

  თუ ჩვილი ჭირვეულობს, გაუჩერებლად ტირის და ვერაფრით აწყნარებთ, ტირილის სხვა მიზეზებთან ერთად თიაქრის ჩაჭედვაც უნდა გამორიცხოთ, რადგან ზოგჯერ მშობელს ვერც კი წარმოუდგენია, რომ მის პატარას თიაქარი აქვს.
თიაქარი ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
ეს არის გამობერილობა მუცლის წინა კედელზე ან საზარდულის მიდამოში და უმთავრესად თანდაყოლილი მიზეზებითაა გამოწვეული. თიაქარი ორივე სქესის ბავშვებში გვხვდება, მაგრამ ბიჭებში – უფრო მეტად. განასხვავებენ ჭიპის, თეთრი ხაზის ანუ მუცლის წინა ფარის და საზარდულის თიაქრებს.
უკანასკნელი ფორმა ყველაზე მეტად არის გავრცელებული.
თიაქრების შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ქირურგი ნუგზარ ჩუბინიძე.
ჭიპის თიაქარი
– ჭიპის თიაქარი წარმოადგენს გამობერილობას ჭიპის მიდამოში. იგი დაბადებისას ბევრ ახალშობილს აქვს, მაგრამ ზრდის პროცესში, სამ-ოთხ წლამდე, უფრო ხშირად კი ერთ წლამდე, ყალიბდება მუცლის წინა ფარის კუნთები და აპონევროზი და თიაქარი იხურება. თუ ჭიპის თიაქარი ბავშვს სამ-ოთხ წლამდე არ დაეხურა, კეთდება ოპერაცია.
თიაქარზე უარყოფითად მოქმედებს შეკრულობა, მეტეორიზმი, ტირილი (ნერვულ ბავშვებს თიაქარი უფრო ხშირად ეზრდებათ ხოლმე). ჭიპის თიაქარი ბავშვებში პერიოდულად ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. თუ თიაქარმა დიდ (2 სმ-მდე და მეტ) ზომას მიაღწია, ახალშობილობის პერიოდში შესაძლებელია მისი ლეიკოპლასტირით გამაგრება, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს მხოლოდ ექიმმა და მშობელსაც მან უნდა ასწავლოს.
ძველად გავრცელებული იყო ხუთკაპიკიანის დაადება ჭიპზე და მისი გაკვრა, რაც დაუშვებელია, რადგან თუ პროცედურა არასწორად ჩატარდა, შესაძლოა ლითონის მონეტასა და კანს შორის ნაწლავი ჩაიჭედოს.
ბავშვთა ასაკში ჭიპის თიაქარი საშიში არ არის. ჩემი ოცდათხუთმეტწლიანი პრაქტიკის განმავლობაში ბავშვებში ჭიპის თიაქრის ჩაჭედვას არ შევხვედრივარ, რასაც ვერ ვიტყვით მოზრდილებზე.
ოპერაცია კეთდება გეგმურად 4-5 წლის ასაკში.
თეთრი ხაზის თიაქარი
– თეთრი ხაზის თიაქარი ოდნავ მოგვიანებით წარმოიშობა. თეთრი ხაზი არის მუცლის წინა კედელზე კუნთების მყესებისგან შექმნილი მკვრივი ზონარი. ჭიპის ზევით ჩნდება გამობერილობა, რომელიც, ჭიპის თიაქარისგან განსხვავებით, თავისთავად არ ხორცდება. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს თეთრი ხაზის თიაქართან, უნდა ჩატარდეს გეგმური ოპერაციული მკურნალობა.
– ყველაზე ხშირად რა ასაკში ყალიბდება თეთრი ხაზის თიაქარი?
– უმეტესად – ორი-სამი წლის შემდეგ. მიიჩნევა, რომ იგი შეძენილია, თუმცა არ გამოვრიცხავთ, საქმე გვქონდეს თანდაყოლილი დეფექტის მოგვიანებით  გამოვლენასთან.
ჭიპისა და თეთრი ხაზის თიაქრების ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს წინა კედელზე არსებული აპონევროზული დეფექტის დახურვას, მის გაკერვას.
საზარდულის თიაქარი
– ბავშვებში ყველაზე ხშირად საზარდულის თიაქარი გვხვდება. იგი უმეტესად წლამდე ვლინდება და უფრო ხშირადაც იჭედება ახალშობილობის პერიოდში. ვისაც თიაქარი გამოაჩნდება, წლამდე თითქმის ყველას უტარდება ოპერაცია. იშვიათია, ბავშვს თიაქარი ერთი წლის შემდეგ გაჰყვეს. საზარდულის თიაქარი თუ არ ჩაიჭედა, საშიში არ არის, მაგრამ გეგმურ ქირურგიულ მკურნალობას მაინც მოითხოვს. მართალია, ჩემს პრაქტიკაში იყო ერთი-ორი შემთხვევა, როდესაც საზარდულის თიაქარი თავისთავად გაქრა და შემდეგ აღარც გამოვლენილა, მაგრამ ასეთ შემთხვევებზე ორიენტირება არ შეიძლება.
საზარდულის თიაქარმა შესაძლოა დაბადებისთანავე იჩინოს თავი, მაგრამ თუ არ იჭედება ან იშვიათად იჭედება, ექვს თვემდე ოპერაციის გაკეთებას ვერიდებით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ბავშვი ფიზიკურად კარგად არის განვითარებული, გეგმური ოპერაცია სამი-ოთხი თვის ასაკშიც დასაშვებია, რა თქმა უნდა, ისეთ კლინკაში, სადაც საამისოდ ტექნიკური საშუალება არსებობს.
საშიშია ჩაჭედილი თიაქარი. ამ შემთხვევაში ოპერაცია ნებისმიერ ასაკში კეთდება.
– როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ თიაქარია ჩაჭედილი?
– ბავში ჭირვეულობს, ტირის, რადგან ჩაჭედილი თიაქარი მტკივნეულია. აფართხალებს ფეხებს, თუ პატარაა, შესაძლოა აუვარდეს ღებინება, გაუჭირდეს აირების გამოყოფა და მუცელი შეებეროს. ბავშვი რომ ატირდება, თუ მშობელმა იცის, რომ თიაქარი აქვს, პირველ რიგში საზარდულის მიდამოზე უნდა დახედოს. ჩაჭედვის შემთხვევაში ამ მიდამოში გამობერილობა შეინიშნება. წინა დღეებისგან განსხვავებით, როდესაც თიაქარი იბერებოდა, მერე კი სწორდებოდა, ახლა გამობერილობა ადგილზე რჩება, ხელის დაჭერისას მტკივნეულია და უფრო მკვრივი.
ხშირად მშობელმა თიაქრის არსებობა არც კი იცის და იგი პირდაპირ ჩაჭედვით ვლინდება, ამიტომ როდესაც ბავშვი გაუჩერებლად ტირის, მშობელმა თიაქარიც უნდა გამორიცხოს – დაათვალიეროს საზარდულის მიდამო.
– როგორ უნდა მოიქცეს ბავშვის პატრონი თიაქრის ჩაჭედვის დროს?
– შეიძლება, ბავშვი თბილ აბაზანაში ჩასვას, დააწყნაროს, საზარდულის მიდამოზე თბილი სათბური დაადოს, აუწიოს საჯდომი ნაწილი ტანზე მაღლა. თიაქარზე ხელის დაჭერა არ შეიძლება. თუ ის 1-2 საათის განმავლობაში თავისთავად არ ჩასწორდა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს: თუ ბავშვი დასუსტებულია, ნაავადმყოფარია ან იმ პერიოდში ავადმყოფობს, მაღალი სიცხე აქვს და ა.შ., ქირურგი შეეცდება, ოპერაცია გადაავად
ოს და თიაქარი დროებით ჩაასწოროს. ამისთვის ის გამოიყენებს სპაზმოლიზურ და დამამშვიდებელ საშუალებებს, ოყნას, სათბურს. ქირურგს თიაქრის ხელით ჩასწორებაც შეუძლია. თუ კონსერვატიული მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ ოპერაციას ვეღარ გადადებს.
ოპერაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, რომ  ბავშვებში ნაწლავის დანეკროზება ისე სწრაფად არ ხდება, როგორც მოზრდილებში. მოზრდილებში ნეკროზი შესაძლოა 2-3 საათშიც განვითარდეს; ბავშვებში ეს პერიოდი რამდენიმე საათით უფრო ხანგრძლივია, მაგრამ მაინც – თიაქრის ჩაჭედვა არ უნდა გაგრძელდეს ორ საათზე მეტ ხანს.
– რომელი ორგანო ქმნის თიაქრის შიგთავსს?

– ბიჭებში, როგორც წესი – წვრილი ნაწლავის მარყუჟი, ზოგჯერ – მსხვილი ნაწლავი, ხანდახან – ჭიაყელა ნაწლავიც; გოგონებში იმავე ჩამონათვალთან ერთად ხშირად გვხვდება საკვერცხე, ხანდახან – საშვილოსნოც.
– რა სახის ოპერაცია კეთდება საზარდულის თიაქრის დროს?
– ბავშვთა ასაკში საზარდულის თიაქარი თანდაყოლილია. მუცლადყოფნის პერიოდში პერიტონეუმის ბუდობრივი მორჩი შეუხორცებელია, ანუ საზარდულის არხი უკავშირდება მუცლის ღრუს; მისი ობლიტერაცია – დახურვა – დაბადებისას ხდება. თიაქარს ამ მორჩის შეხორცების პროცესის დარღვევა იწვევს. თუ მოზრდილებში თიაქრის ოპერაცია გულისხმობს საზარდულის არხის პლასტიკას, ბავშვებში მხოლოდ ბუდობრივი მორჩი იხურება – მოიძებნება ეს მორჩი, გაიკერება და საზარდულის არხი მუცლის ღრუსგან გაიმიჯნება.
მოზრდილებში თავდაპირველად საზარდულის არხის სისუსტე, რგოლის აპონევროზის კუნთების სისუსტე შეინიშნება, თიაქრის პარკი კი მოგვიანებით ყალიბდება. სიმძიმის აწევა, მკვეთრი მოძრაობა ასუსტებს საზარდულის არხს და ხელს უწყობს თიაქრის ჩამოყალიბებას.
ბავშვებში ოპერაციის დროს საზარდულის არხი პრაქტიკულად არ იხსნება – ჩარევა ხდება საზარდულის არხის გარეთა რგოლთან.
– ძნელია ჩაჭედილი თიაქრის ოპერაცია?
– თუ ნაწლავი ან სხვა ჩაჭედილი ორგანო სიცოცხლისუნარიანია და მუცლის ღრუში თავისუფლად ბრუნდება, მას ჩააბრუნებენ, პერიტონეუმის ბუდობრივ მორჩს დახურავენ და ოპერაციაც ამით დასრულდება; თუ ორგანო დანეკროზებულია, უფრო რთული ოპერაცია კეთდება – ჩაჭედილი და ნეკროზული ორგანო ამოიკვეთება. თუ ეს ნაწლავია, გახსნილი ბოლოები გადაეკერება ერთმანეთს.
– რა განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს ოპერაცია?
– ბავშვებში ყველა ამ ტიპის ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება, ამიტომ ოპერაციისთვის მომზადება პრაქტიკულად ნარკოზისთვის მომზადებას გულისხმობს. ბავშვი უნდა იყოს სავსებით ჯანმრთელი, ოპერაციამდე 10-14 დღის განმავლობაში მაინც არ უნდა ჰქონდეს გადატანილი ინფექციური დაავადება, ნორმალური უნდა ჰქონდეს სისხლისა და შარდის საერთო მაჩვენებლები. ამ ოპერაციის დროს სისხლის შედედების მაჩვენებლებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, რადგან ის, პრაქტიკულად, უსისხლოა.
ოპერაციის წინ ბავშვს სინჯავენ პედიატრი და ანესთეზიოლოგი. ისინი გასცემენ ოპერაციის ნებართვას.
თვითონ ოპერაცია ხ
ანმოკლეა, გოგონებში ქირურგული ჩარევა თხუთმეტ წუთს გრძელდება, ბიჭებში – ნახევარ საათამდე. გაურთულებელი თიაქრის ოპერაცია თავისი ნარკოზიანად ორმოც-სამოც წუთს გასტანს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბავშვთა ქირურგებს იუველირის სინატიფით მუშაობა გვიწევს, რადგან ყველა ქსოვილი (პერიტონეალური მორჩი, საზარდულის ბაგირაკი და სხვა) მეტად ნატიფი და თხელია.
– რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ?
– თიაქრის გეგმური პერაციის შემდგომი პერიოდი პრაქტიკულად არავითარ შეზღუდვას არ მოითხოვს, ბავშვს იმავე ან მეორე დღეს ფეხზე ვაყენებთ და სახლშიც ვუშვებთ. ჩაჭედილი თიაქარის შემთხვევაში საქმე შედარებით რთულადაა – ნაოპერაციებ ბავშვს რამდენიმე დღე ვაკვირდებით, რათა გაირკვეს, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჩაბრუნებული ორგანო, ველოდებით კუჭის მოქმედებასაც.
კვება ბავშვს მხოლოდ ო
პერაციის დღეს ეზღუდება, ისიც – ნარკოზის გამო. ვცდილობთ, რამდენიმე თვით მცირედ შევუზღუდოთ ფიზიკური დატვირთვა. ამ მიზნით სკოლის მოწაფეებს 1,5-2 თვით ვათავისუფლებთ ფიზკულტურის გაკვეთილებიდან.
– რა შემთხვევაში ყა
ლიბდება თიაქარი განმეორებით?
– რეციდივი უფრო ხშირია იმ პაციენტებში, რომლებსაც ოპერაცია ახალშობილობის პერიოდში გაუკეთდათ ჩაჭედვის გამო. ჩაჭედილი თიაქრის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის სისწრაფეს, ჩაჭედილი ორგანოს დროულ გათავისუფლებას, ასეთ სიჩქარეში კი ქირურგი ტექნიკური შეცდომისგან ყოველთვის ვერ იქნება დაზღვეული.
– შესაძლებელია თუ არა, ბავშვმა საზარდულის თიაქარი “შეიძინოს“?
– წესისამებრ, ბავშვებს არ უწევთ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, რაც ერთ-ერთი წამყვანი პირობაა შეძენილი თიაქრის ჩამოყალიბებისთვის, თუმცა მინახავს 13-14 წლის ასაკში შეძენილი თიაქარი შტანგაზე მოვარჯიშე და მოჭიდავე ვაჟებში. ასე რომ, გადაჭარბებულმა ფიზიკურმა დატვირთვამ მაირთლაც შეიძლება ბავშვს თიაქარი ჩამოუყალიბოს.
– ბატონო ნუგზარ, რას ურჩევდით ჩვენი საუბრის დასასრულს მშობლებს?
– მშობლებს ვურჩევ, ყურადღებით იყვნენ, ჩაჭედილი თიაქრით ბავშვი დიდხანს არ გააჩერონ სახლში. საზოგადოდ, ჯობს ოპერაცია გეგმურად გაკეთდეს, ვიდრე ჩაჭედვას დაველოდოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხული – უმჯობესია, ბავშვს ოპერაცია გაუკეთონ და ისე წაიყვანონ ქალაქგარეთ, რადგან გამორიცხული არ არის, თიაქარი ისეთ ადგილას ჩაიჭედოს, სადაც ბავშვთა სპეციალისტი არც კია და ამის გამო საქმე გართულდეს.


მოკლედ | ვრცლად

დამოუკიდებლობა

ანა და მაშო დები არიან.
ანა ოთხი წლისაა. დილით, ადგომისთანავე, შეხსენებაც არ სჭირდება, ისე მიფრატუნობს სააბაზანოსკენ და თავს იწესრიგებს. დედა მხოლოდ შორიდან ადევნებს თვალს, როგორ იბანს პატარა ქალი პირს, იხეხავს კბილებს და ივარცხნის თმას. საუზმის შემდეგ
თეფში ნიჟარაში იდება და ანა სიხარულით ემზადება საბავშვო ბაღში წასასვლელად. ანას არაფრის ეშინია,
კონტაქტურია, ნაცნობებს ესალმება და კითხვებზეც თამამად პასუხობს. სტუმრებისთვისაც მუდამ მზად აქვს თითო-ოროლა ლექსი და სიმღერა და თხოვნისთანავე მზადაა მინიკონცერტის ჩასატარებლად.
მაშო ხუთი წლისაა.
პირის დასაბანად შესული საპნის ბუშტების “წარმოებით” და მათზე დაკვირვებით ისე ერთობა, რომ საერთოდ ავიწყდება, რისთვის შევიდა სააბაზანოში. ჩაცმა, საუზმე და ბაღისთვის მომზადება დედის მკაცრი მეთვალყურეობის გარეშე შეიძლება დღის ბოლომდე გაიწელოს. არც ბაღში წასვლა სურს, არც სტუმრებსა და თანატოლებთან ერთად გართობა. დედის კალთას ამოფარებული შესცქერის სამყაროს და საკუთარ სურვილებსაც კი თითქოს რიდით გამოთქვამს.
რატომ არის, რომ ერთ ოჯახში, ერთსა და იმავე პირობებში გაზრდილი ბავშვები ასე ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან? რატომ აქვს ზოგიერთ ბავშვს ქცევის თითქოს განსხვავებული, გაუმჯობესებული რეპერტუარი, მეორე კი სრულიად მოკლებულია გარკვეულ უნარ-ჩვევებს? და მთავარი კითხვა – რა არის საჭირო იმისთვის, რომ ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე მიზანს მივაღწიოთ და ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები გამოვუმუშაოთ?
უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებლობა ის თვისებაა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ზრდისა და განვითარებისთვის, მისი ხასიათის, მომავლის, ურთიერთობებისა და სიცოცხლისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის.
ეს თვისება ადამიანს დაბადებიდანვე თან არ დაჰყვება.
ახალშობილი ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე უმწეო და უსუსური არსებაა და მას ყველა ცოცხალ ორგანიზმზე მეტხანს სჭირდება მშობლის პატრონობა და მეთვალყურეობა, რათა ელემენტარული საჭიროებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება შეძლოს.
ეს ხანგრძლივი პროცესი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა თავისებურებით ხასიათდება და თუ მშობელს არ ეცოდინება, როდის უნდა მისცეს შვილს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც მისთვის ამა თუ იმ ეტაპზეა სასიცოცხლოდ აუცილებელი, არსებობს საშიშროება, რომ იგი ჩამოუყალიბებელი და უმწიფარი პიროვნება დადგეს.
უკვე 5-6 თვის ასაკში პატარა ცდილობს მისწვდეს სათამაშოს, წამოჯდეს, საწოლში იკოტრიალოს... პირველი წლის მიწურულს იგი სწავლობს წონასწორობის დაცვას, დგომას, სიარულს, ასრულებს მიზანდასახულ მოძრაობებს და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ადამიანი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას.
3 წლიდან მშობლებს სულ უფრო ხშირად ესმით სიტყვა “მე!” სულ ცოტა ხანია, რაც ამ ნაცვალსახელმა ბავშვისთვის გარკვეული მნიშვნელობა შეიძინა და ამიერიდან იგი არც ერთ შემთხვევას არ გაუშვებს ხელიდან, რომ ეს ახალი სიტყვა არ გამოიყენოს, თანაც – რაც შეიძლება დამაჯერებლად, რაც შეიძლება ხმამაღლა! და თუ აქამდე შვილთან თქვენი ურთიერთობა მშვიდ, ჰარმონიულ კლასიკურ მუსიკას ჰგავდა, ამიერიდან ნამდვილი ჯაზი იწყება. ბავშვის აქტივობის რიტმი და ტემპი ნამდვილი გამოცდაა მშობლებისთვის. ფსიქოლოგებმა სწორედ ამ პერიოდს უწოდეს არცთუ სასიამოვნო სახელი – “3 წლის კრიზისი”, და, თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, დაამატეს ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “ნეგატივიზმი” და “ბავშის სიჯიუტის ხანა”. საბოლოოდ ამ ასაკის ბავშვის ბევრი მშობელი მიმართავს სპეციალისტს დახმარების თხოვნით და თითქმის ყველა მათგანი ერთსა და იმავეს აღნიშნავს: “არ ვიცი, რამ შეცვალა ბავშვი, ისეთი დამჯერი და ჭკვიანი იყო, ახლა კი ყველაფერში მეწინააღდეგება და არაფრის გაგონება არ სურს!“ სპეციალისტებს ჩვენც მივმართეთ სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვებზე კვალიფიციური პასუხის მისაღებად. იმედი გვაქვს, ბავშვთა ფსიქოლოგის და ნევროლოგის რჩევები, მათი მსჯელობა და დაკვირვებები ჩვენს მკითხველსაც წაადგება და დააინტერესებს.
ნანა ჟორდანია, ფსიქოლოგი:
– გაიზარდო – ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ისწავლო ყველაფრის თვითონ, დამოუკიდებლად გაკეთება.
უდავოა, რომ ბავშვობის ხანისთვის აუცილებელი პირობაა მშობლის გავლენის ქვეშ არსებობა. მისი მზრუნველობის, მასზე დამოკიდებულების გარეშე პატარა ვერ იარსებებს, მაგრამ მშობელს უნდა ესმოდეს, რომ ზომიერების დაცვა და ბავშვისთვის უსაფრთხო პირობებში თავისუფლების მინიჭება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხშირად მქონია შემთხვევა, როცა შეხვედრაზე მოსული დედა შვილს კითხვებზე პასუხის გაცემას არ აცლის და თავად პასუხობს მის ნაცვლად, ან მუდმივად მრავლობით რიცხვში საუბრობს: “ჩვენ დავდივართ სკოლაში, გვიყვარს შემწვარი კარტოფილი, არ ვამზადებთ გაკვეთილებს ბეჯითად“ და ა.შ. ასეთი დამოკიდებულების დეფინიციისთვის ლიტერატურაში გამოიყენება განსაზღვრება “ტირანული მზრუნველობა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვს და მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში, შესაძლოა შეექმნას სირთულეები სოციუმთან, უმაღლესი სასწავლებელი იქნება ეს თუ სამსახური.
ერთი საინტერესო ექსპერიმენტის შესახებ მინდა მოგითხროთ.
ჩატარდა კვლევა დედა-შვილის ურთიერთობის შესასწავლად. ექსპერიმენტში მონაწილე დედა-შვილს განსაზღვრული დავალებების წყვილად შესრულება ევალებოდა. ამ ცდის შედეგად გამოვლინდა ურთიერთმიმართების რამდენიმე  ტიპიური ფორმა:
. დედა-ლიდერი`ბავშვი-დამკვირვებელი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დავალების მიღებიდან ორიოდე წუთში მშობელი ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს და დავალებას ისე ასრულებს, როგორც თავად მიაჩნია მართებულად. ბავშვი ასეთ დროს შესასრულებელი საქმის მიმართ არც ინიციატივას იჩენს, არც სურვილს და არც ინტერესს.
. პასიური დედა`აქტიური ბავშვი – დედა სრულ თავისუფლებას ანიჭებს შვილს, მაგრამ მაშინაც კი არ იჩენს ინტერესს მის მიმართ, როდესაც მას დახმარება სჭირდება ან რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. პასიურ მშობელს მიღებული შედეგის სისწორე და შესრულების ხარისხიც ნაკლებად აინტერესებს, რაც პირდაპირ აისახება ბავშვის მოტივაციაზე, მომავალში სამუშაო უფრო გულდასმით და უკეთ შეასრულოს.
. დაბოლოს, პარტნიორული ურთიერთობა, როდესაც დედა თანაბრად და შესაძლებლობების მიხედვით ანაწილებს საქმეს და პასუხისმგებლობას. რასაკვირველია, შედეგების მიხედვით ურთიერთობის მესამე ფორმაა ყველაზე უფრო პროდუქტული და მისაღები, რადგან ამ შემთხვევაში მშობელი პატივს სცემს ბავშვის პიროვნებას და აძლევს მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, უმაღლებს მოტივაციას და აწვდის ქცევის სწორ მოდელს.
ცხადია, სხვადასხვა ბავშვს განსხვავებული შესაძლებლობა და რესურსი აქვს ამა თუ იმ ქცევის განსახორციელებლად. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი თითოეული მათგანის თავისებურების გათვალისწინება და განსავითარებლად მისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. არც ის ვარგა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობის სურვილი უტიფრობასა და უზრდელობაში გადაიზარდოს და ზედმეტად მორცხვი და უთქმელი ბავშვიც პრობლემურია, ამიტომ მშობლებმა შვილის უნარებ
ის, ხასიათისა და თანდაყოლილი, ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაონ აღზრდის სტრატეგია.
ნებისმიერ შემთხვევაში, მშობელი მოთმინებით უნდა მოეკიდოს შვილის ინიციატივას, გააკეთოს რაიმე თავად, მისი დახმარების გარეშე. თუ ყოველ ჯერზე ვუკრავთ თასმებს 5 ან 6 წლის ბავშვს და თან ვეუბნებით, მაინც არ გა
მოგდის და რამდენ დროს მაკარგვინებო, იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ მომავალში ბავშვი სხვა, უფრო რთული დაბრკოლების გადალახვასაც სხვისი დახმარებით შეეცდება.
მეტწილად სწორედ ასეთი ყოველდღიური, ყოფითი სიტუაციები აყალიბებს უნარებს. სამი წლის ასაკიდან ბავშვს უკვე შეუძლია თავად მიირთვას საჭმელი, მაგრამ მშობლების უმეტესობას ურჩევნია, ბავშვი მხოლოდ პირის დამოუკიდ
ებლად გაღებით შემოიფარგლოს, რადგან თავად უფრო აკურატულად, სწრაფად და რაც მთვარია, უფრო მეტს აჭმევს შვილს. ასეთ დროს, სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა რჩება გაცილებით მნიშვნელოვანი რამ.
აუცილებელია, სახლში უფროსებმა შექმნან ისეთი გარემო, რომელიც ბავშვის დამოუკიდებელ საქმიანობას შეუწყობს ხელს. აქ ისეთ დეტალებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, როგორიცაა პირსაბანის სიმაღლე აბაზანაში – თუ ნიჟარა მეტისმეტად მაღლაა, დაუდგით ბავშვს პატარა სკამი, რათა მან შეძლოს საჭიროების დროს ხელების დამოუკიდებლად დაბანა. იზრუნეთ იმაზე, რომ ერთი საკიდი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე იყოს განთავსებული, რათა მან შინიდან გასვლისა და შინ შემოსვლის დროს ქურთუკის დამოუკიდებლად ჩაცმა და გახდა მოახერხოს. ავარჯიშეთ თასმების შეკვრაში, განუვითარეთ წვრილი და მსხვილი მოტორიკა, რაც მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მის ქმედებებს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მთელი ეს შრომა და მოთმინება აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ბავშვი დამოუკიდებელ, ძლიერ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდება.
თეა გაჩეჩილაძე, ბავშვთა ნევროლოგი:
– ჩემი დაკვირვებით, თანამედროვე მშობლებს ერთი თავისებურება ახასიათებთ. ხუმრობით თუ ვიტყვი, მათ ერთგვარი დაავადება სჭირთ – ჰიპერმზრუნველობა.

ეს ვლინდება მშობლის ზედმეტი მზრუნველობით შვილის მიმართ.
ბავშვს, უბრალოდ, არ ეძლევა შესაძლებლობა დამოუკიდებლად გადალახოს სირთულეები. ჰიპერმზრუნველობის შედეგად იგი კარგავს საკუთარი ენერგიის, რესურსების მობილიზების უნარს რთულ და მისთვის მნიშვნელოვან სიტუაციებში და ვითარდება ე.წ. “შეძენილი უსუსურობა” – ნებისმიერი დაბრკოლების აღმოცენებისთანავე ბავშვი თავს ანებებს საქმეს და იმის ნაცვლად, რომ დასახული მიზნის შესრულებაზე იზრუნოს, ნებდება და საქმიანობას წყვეტს.
დამოუკიდებლობის ჩვევის გამომუშავება ხანგრძლივი და არცთუ მარტივი პროცესია, თუმცა აუცილებელიც, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე დეტალების გათვლით ეყრება საფუძველი ადამიანის ფსიქოტიპს.
იმისთვის, რომ მშობელსა და ბავშვს შორის სწორი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, აუცილებელია, მშობელმა წააქეზოს პატარას დამოუკიდებელი ქცევა, გაითვალისწინოს მისი აზრი ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისას, გათვალოს ბავშვის შესაძლებლობები და ამის მიხედვით შესთავაზოს აქტივობა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში დაუშვებელია გარკვეული ეპითეტებისა და ფრაზების გამოყენება ბავშვის მიმართ: “ჩანჩალა”, “უვარგისი”, “არაფერში ვარგიხარ, არაფერი გამოგდის” და მსგავსი შეფასებები მატრავმირებელია მოზარდის ფსიქიკისთვის და არასწორ სტერეოტიპებს აყალიბებს. დღეს უამრავი ფსიქოლოგი აღიარებს, რომ ურთულესი ქცევის კორექციაც კი მხოლოდ დადებითი განმამტკიცებლის გამოყენებით არის შესაძლებელი. ამიტომ ქება და კარგი საქციელისკენ წაქეზება მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე შენიშვნა და უარყოფითი შეფასება.
დასასრულ, მინდა მშობლებს ვთხოვო: შეუწყვეთ ხელი დამოუკიდებლობისკენ ბავშვების სწრაფვას, რადგან სწორედ ეს უნარია მათი მომავალი წარმატებების საწინდარი!

მოკლედ | ვრცლად

არტთერაპია – განკურნების ხელოვნება
 
“განათლებას და ხელოვნებას შეუძლია ადამიანი საკუთარი თავის საუკეთესოდამხმარედ აქციოს ნებისმიერი სირთულის გადალახვისას”
იოჰან ჰენრიხ პესტალოცი, შვ
ეიცარიელი პედაგოგი, განათლების თეორეტიკოსი
ჩვენი ჟურნალის რუბრიკა, “ალტერნატიული მედიცინა”, ამჯერად არტთერაპიის შესახებ მოგითხრობთ.
რა არის არტთერაპია – ბოლო დროს მოდური მსუბუქი ფსიქოთერაპიული ეფექტის მქონე მეთოდი თუ უნივერსალური წამალი ნებისმიერი დაავადების თანმხლებ უსიამოვნებათა გასაქარწყლებლად? შესაძლებელია თუ არა ხელოვნების – ხატვის ან ძერწვის მეშვეობით ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გამკლავება? საჭიროა თუ არა ამ მეთოდის გამოყენებამდე ხელოვნების ამ დარგებისთვის საჭირო პროფესიული უნარების დაუფლება?

შევეცდებით, შეძლებისდაგვარად ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ თერაპიის ამ მიმართულების შესახებ და შემოგთავაზებთ ინტერვიუს არტთერაპევტ ირაკლი კიკალიშვილთან.
პედაგოგიკის, ფსიქოთერაპიისა და ხელოვნების ინტეგრაციის იდეა გერმანელ ფსიქიატრს არტურ კრონფელდს ეკუთვნის. თავის სამეცნიერო ნაშრომში “ფსიქოგოგიკა ანუ ფსიქოთერაპიული სწავლება აღზრდის შესახებ” (1927 წ.) იგი მიუთითებდა, რომ ადამიანის განკურნებისთვის ისეთი თერაპიული მეთოდების გამოყენებაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომლებიც პიროვნების ჰარმონიულ განვითარებასა და ორგანიზმის შინაგანი ძალების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებად ექიმს ხელოვნებით თერაპია მიაჩნდა და სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც პრობლემურ ბავშვებთან ურთიერთობისას ხელოვნების სხვადასხვა დარგს მიმართავდა.
კომპლექსური თერაპიისა თუ სარეაბილიტაციო კურსის აუცილებლობის შემთხვევაში მისი პაციენტები იმ დროისთვის საკმაოდ უჩვეულო “თერაპიული მეთოდებით” მკურნალობდნენ – ხატავდნენ, ძერწავდნენ, უსმენდნენ მუსიკას...
ტერმინი “არტთერაპია”, რომელიც მოგვიანებით ოფიციალურ სამედიცინო ლიტერატურაშიც მოხვდა, პირველად 1938 წელს გამოიყენეს. სიტყვასიტყვით “არტთერაპია” ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება არა მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნაზე, არამედ თავად შემოქმედების პროცესის თერაპიულ ეფექტზე.
შესაძლოა, ბევრს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ ეპოქაში, სადაც “აპარატურული”, ტექნიკური მიღწევებით გაჯერებული სამედიცინო მომსახურება და ფარმაკოლოგია წამყვან როლს ასრულებს ავადმყოფის მკურნალობაში, არტთერაპია უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება და მსოფლიოს უამრავ კლინიკაში იმკვიდრებს ადგილს.
ფსიქიკურ აშლილობათა კვლევის, დიაგნოსტირებისა და შემდგომი კორექციისთვის, საოჯახო და ჯგუფური ფსიქოთერაპიული სეანსებისა და სარეაბილიტაციო პერიოდის თანმხლები მკურნალობის დროს ხელოვნებით თერაპია შეუცვლელი მეთოდია და ჯერ კიდევ ფსიქოანალიზის აღმოცენების დროიდან აქტიურად გამოიყენება.
კარლ გუსტავ იუნგი, ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი, ზიგმუნდ ფროიდის მიმდევარი, ანალიტიკური ფსიქიატრიის ფუძემდებელი და “კოლექტიური ცნობიერის” მკვლევარი, თავის ნაშრომებში მიუთითებდა, რომ სიმბოლური ენა, რომელიც ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით მეტყველებს, ყველაზე ნათლად გამოხატავს პიროვნების “ შინაარსს” და მის ქვეცნობიერს, ფარულ და ხშირად პიროვნებისთვისვე უცნობ შფოთსა და წუხილს, რაც არაერთი ფსიქიკური პრობლემის მიზეზი ხდება.
ხელოვნებით საკუთარი განცდების გადმოცემას და შემდგომ ამ შინაარსის მიხედვით საკორექციო სამუშაოების ჩატარებას იუნგი “კომპენსატორულ პროცესს” უწოდებდა და საკუთარი პაციენტების შემოქმედებით პოტენციალს ხშირად იყენებდა დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
დღესდღეობით არტთერაპიას სულ უფრო ხშირად მიმართავენ ისეთ რთულ შემთხვევებშიც, როდესაც პაციენტთან კომუნიკაციის დამყარება მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელი ხდება. თვითგამოხატვის ეს ფორმა საკმაოდ ინფორმაციულია და სპეციალისტს საშუალებას აძლევს, სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში მკურნალობის მართებულ გზას დაადგეს.

თავად შემოქმედების და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესი სასიამოვნო, კომფორტული და უსაფრთხოა, ამიტომ ფსიქოკორექციის ამ მეთოდს ძალიან ხშირად იყენებენ ბავშვებისთვის.
– არტთერაპიის სეანსი არ არის უბრალოდ ხატვის გაკვეთილი. სხვადასხვა მეთოდის, მიმართულების, მასალის გამოყენებით პაციენტი უარყოფითი ემოციებისგან, შიშებისა და დაძაბულობისგან თავისუფლდება, – ამბობს არტთე
რაპევტი ირაკლი კიკალიშვილი და ნებას გვრთავს, ერთ-ერთ სეანსს დავესწროთ.
არტ-თერაპიის სეანსი ჯგუფურიც შეიძლება იყოს და ინდივიდუალურიც. გადაწყვეტილებას სპეციალისტი პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ იღებს. ოთახი, სადაც სეანსი მიმდინარეობს, ძალიან ჰგავს მხატვრისა და მოქანდაკის სახელოსნოს. გარემო მშვიდი და საქმიანია. ბავშვები სეანსის დაწყებამდე თავად ირჩევენ სამუშაო მასალას და ყოველგვარი მითითების გარეშე იწყებენ ძერწვას, ხატვას, გაფერადებას… მუშაობის პარალელურას მიმდინარეობს თერაპევტისა და პაციენტის დიალოგი, სხვადასხვა სახე-სიმბოლოს ინტერპრეტირება, მსჯელობა…
სეანსის დასასრულს არტთერაპევტს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
– რას ნიშნავს არტთერაპია და რა სამედიცინო ჩვენებით შეიძლება მოგმართონ თქვენ, როგორც არტთერაპევტს?
– არტ-თერაპია მხატვრული შემოქმედების, ხელოვნების მეშვეობით მკურნალობის მეთოდია და მისი გამოყენების სპექტრი პრაქტიკულად შეუზღუდავია. კრიზისული, სარეაბილიტაციო და ტრავმის შემდგომი პერიოდები, ტრავმები, ნევროზული და ფსიქოსომატური ტიპის პრობლემები, განვითარების თავისებურებები ბავშვებთან, ფსიქოლოგიური დარღვევები… სხვადასხვა მძიმე დაავადების თანმხლები ფსიქოემოციური ფონი. ფსიქოთერაპიის ამ მეთოდისთვის არ არსებობს არც ასაკობრივი შეზღუდვა. როგორც კი ბავშვს იმდენად განუვითარდება წვრილი მოტორიკა, რომ ფუნჯის ხელში დაჭერა და თიხის მოზელა შეეძლება, შესაძლებელია მუშაობის დაწყება.
– რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომელსაც სურს, მკურნალობის ამ მეთოდს მიმართოს? მაგალითად, უნდა იცოდეს თუ არა მან გარკვეულ დონეზე ხატვა, ძერწვა?

– ნურავის დააბრკოლებს ის, რომ ან ხატვა არ შეუძლია, ან ძერწვა. არ არის აუცილებელი არავითარი წინასწარი მომზადება და თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შესრულდება ნახატი. მნიშვნელოვანი ისაა, რა ფერებს გამოიყენებს ადამიანი, როგორ ფორმებს, სად განალაგებს ამა თუ იმ ფიგურას, ფურცლის რომელ მხარეს დატვირთავს მეტად.
– მუშაობის დაწყებამდე, როგორც სპეციალისტს, რა ინფორმაცია გჭირდებათ ადამიანის შესახებ?
– ჩემთან სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიმართვით ხვდებიან. უცილებლად ვუკავშირდები ამ ექიმს და დეტალურად ვეცნობი ანამნეზს. ბავშვებთან მუშაობის დაწყებამდე ვცდილობ, მშობლებს გამოვკითხო, რის ცოდნაც აუცილებელია ჩემთვის. გასათვალისწინებელია ბავშვის ფსიქოტიპიც.
– როგორ მიმდინარეობს არტთერაპიის სეანსი?
– ბავშვები თავად ირჩევენ სამუშაო მასალას და იმასაც თვითონ წყვეტენ, რა გამოძერწონ თუ დახატონ. ხატვის გაკვეთილისგან განსხვავებით, აქ მათ არავინ მიუთითებს, როგორ დახატონ “სწორად” და “გამართულად”. ჩვენი მიზანი ეს არ არის. თუმცა ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვი განივი
თარებს ამა თუ იმ უნარს, აღმოჩნდება, რომ იგი კარგად ხატავს ან ძერწავს. ეს მას თვითშეფასებასაც უმაღლებს და კონცენტრირებაშიც ეხმარება.
– რა ასაკზეა გათვლილი მეთოდი და ყოველთვის შეიძლება თუ არა მისი გამოყენება?
– არავითარი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ სეანსები სწორად ჩატარდა, უკუჩვენებებზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. ზრდასრული ადამიანებიც, ხანდაზმულებიც და მცირეწლოვანი ბავშვებიც ერთნაირი ხალისით ერთვებიან პროცესში.

– გარდა ხატვისა და ძერწვისა, ხელოვნების რა დარგებს მიმართავს არტთერაპია?
– აქ ბავშვები ხატავენ, აფერადებენ, ძერწავენ. საზოგადოდ კი არტთერაპიას აქვს სხვა მიმართულებებიც: მუსიკით თერაპია, ზღაპრებისა და ლექსების თხზვა, დრამატურგია, ხელგარჯილობა და გამოყენებითი ხელოვნება. მეთოდი უამრავია, ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობების ადამიანს დააკმაყოფილებს.
– რა კონკრეტულ შედეგებზე შეიძლება საუბარი ხელოვნებით თერაპიის კურსის გავლის შემდეგ?
– არტთერაპია ხშირად კომპლექსური მკურნალობის ნაწილია. თვითგამოხატვისა და თვითკვლევის შედეგად ადამიანს ემატება თავდაჯერება. მისი შინაგანი ძალების მობილიზება საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს. მშვიდ და კომფორტულ გარემოში სასიამოვნო საქმიანობა ერთმნიშვნელოვნად დადებით გავლენას ახდენს ნერვული და ფსიქიკური დაძაბულობის დროს. მძიმე დაავადებების, მაგალითად, სიმსივნის შემთხვევაში პაციენტებს საშუალება ეძლევათ, მოეშვან და შემაწუხებელი, მშფოთვარე ფიქრებისგან გათავისუფლდნენ. საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება განვითარების ახალ საფეხურს სთავაზობს ადამიანს, მისი ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება, დადებითი ემოციებით მდიდრდება. საკუთარ ემოციებსა და ქცევაზე კონტროლის მოპოვება უმნიშვნელოვანესი უნარია და ცხოვრებისეული სირთულეების დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. სწორედ ამას ვუსურვებ თქვენს მკითხველს. ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე არ მოგკლებოდეთ.

მოკლედ | ვრცლად

ღვინის კეთილი სული

  ადამიანმა დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ ყურძნის, ვაშლისა და ზოგიერთი სხვა ხილის წვენი, თუ რამდენიმე ხანს დააყენებდნენ, გემოსა და არომატს იცვლიდა და განსაკუთრებულ, მათრობელა თვისებას იძენდა. თუმცა კარგა ხანს არ იცოდნენ, რა ანიჭებდა ღვინოს ამ თვისებას. ძველმა ხალხებმა ამ უცნაურობას მარტივი ახსნა უპოვეს – დაასკვნეს, რომ ღვინოში უცნობი “სული” იბუდებდა. რომაელებმა მას “ღვინის სული” – სპირიტუს ვინი – შეარქვეს, არაბებმა – ალკოჰოლი.
ალბათ, გეცნოთ ეს ტერმინები – მოგვიანებით, როდესაც სწავლულებმა მოახერხეს ღვინიდან იმ ნივთიერების გამოყოფა, რომელიც მას მათრობელა თვისებას სძენდა, მის სახელწოდებაზე დიდხანს არ უფიქრიათ და ძველი სახელი დაუტოვეს. ასე რომ, მას ამჟამადაც სპირტად ან ალკოჰოლად ვიხსენიებთ.

რა არის ნატურალური ღვინო?
ეს არის ყურძნის ან ხილის გამონაწურისგან ყოველგვარი დანამატის გარეშე, ბუნებრივი დუღილის გზით მიღებული სასმელი.
არის შემთხვევები, როდესაც ყურძნის ან ხილის წვენს წყალს, შაქარს, თაფლს ან სპირტს ამატებენ. ღვინო ამ შემთხვევაშიც ნატურალურად მიიჩნევა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ იგი განზავებული, დამტკბარი ან დასპირტულია.
ღვინოებს, რომლებიც 20%-მდე სპირტს შეიცავს, მსუბუქი ეწოდება, რომლებიც 20%-ზე მეტს – მაგარი.
რა იწვევს დუღილს?
ყველაფრის თავიდათავი საფუარა სოკოა. მას ერთი საინტერესო თვისება აქვს: ნახშირწყლოვან გარემოში მოხვდება თუ არა, მყისვე საოცარი სისწრაფით იწყებს გამრავლებას. სწორედ მისი გამრავლებით არის გამოწვეული ღვინის დუღილი.
სოკო ცხოველქმედებისთვის ღვინოში არსებულ შაქრებს იყენებს, მაგრამ, ადამიანის ორგანიზმისგან განსხვავებით, მათ ბოლომდე არ შლის, მხოლოდ ნაწილობრივ გადაამუშავებს. სწორედ ასეთი არასრულყოფილი დაშლის შედეგად წარმოიქმნება ნახშირმჟავა აირი და სპირტი. ეს ყოველივე სოკოს სპეციფიკური ცილების – ენზიმების დამსახურებაა. ენზიმები სხვა არაფერია, თუ არა ფერმენტები, ამიტომ მათი მონაწილეობით მიმდინარე ქიმიურ გარდაქმნებს ფერმენტაციას უწოდებენ.
სამკურნალო თვისებები
ღვინის სასარგებლო თვისებებს დიდი ხანია იცნობენ და არა მხოლოდ ყოფაში, არამედ მედიცინაშიც იყენებენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ეს სასმელი ორგანიზმზე ზოგადმომამაგრებელ გავლენას ახდენს, ხელს უწყობს სასიცოცხლო ძალების აღდგენას, ამაღლებს ტონუსს, მატებს მხნეობას, ამდიდრებს ორგანიზმს სასარგებლო მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და ამინმჟავებით, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას. ნატურალური ღვინოების შემადგენლობაში შემავალი სპეციფიკური ნივთიერება აფერხებს უჯრედების დაბერებას და ხელს უშლის სიმსივნური პროცესების განვითარებას.
ღვინოს მკაფიოდ გამოხატული ანტიბაქტერიული თვისება აქვს. იგი ისეთი დაავადებების გამომწვევებსაც კი თრგუნავს, როგორიც არის ტუბერკულოზი, ქოლერა და მალარია.
ნატურალური ღვინო სასარგებლოა გაციების, გრიპის, ფილტვების ანთების დროს.
კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს კარგია წითელი ღვინო, რომელიც მთრიმლავი ნივთიერებებით არის მდიდარი. ასეთი სასმელი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ წყლულებსა და ეროზიებსაც კი აშუშებს.
ღვინო სასარგებლოა გაცხიმოვნებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც. მას ორგანიზმიდან წიდა და ტოქსინები გამოაქვს.
ღვინის განსაკუთრებით ფასეული თვისებაა სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დაქვეითების უნარი, რასაც მრავალრიცხოვანი გამოკვლევა ადასტურებს.
შაქრიანი დიაბეტის დროს კარგია მშრალი ყურძნის ღვინო შაქრის დაბალი შემცველობით.
მსუბუქი თეთრი ღვინო, განსაკუთრებით – შამპანური, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვებს, აქვეითებს თრომბების წარმოქმნისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ალბათობას. ყოველივე ამასთან ერთად, შამპანური აუმჯობესებს ფილტვების ვეტნილაციას და ხელს უწყობს სუნთქვის ცენტრის აღგზნებას.
წითელი სუფრის ღვინოები კარგია ანემიის დროს.
თეთრ და წითელ ნახევრად მშრალ ღვინოებს ორგანიზმიდან ჭარბი მარილი გამოაქვს.
ღვინო სასარგებლოა ავიტამინოზის დროსაც, საერთო სისუსტისა და უძლურების შემთხვევაში კი განსაკუთრებით კარგია კარგია პორტვეინი. ეს უკანასკნელი ძალიან უხდება უმადობას, რადგან კუჭის წვენის გამოყოფას აუმჯობესებს.
მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ღვინოები სასარგებლოა ძვლების მოტეხილობის დროს.
გახსოვდეთ: ისევე, როგორც ყველა სხვა წამალი, ღვინოც ზომიერადაა კარგი. გადაჭარბებამ შესაძლოა ზიანი მოგიტანოთ.
ღვინისგან სარგებლობა რომ მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ, როგორ ვსვათ და რამდენი. ოდენობა ადამიანის სქესზე, ასაკზე, სიმაღლესა და წონაზე, ასევე _ ორგანიზმის სხვა თავისებურებებზეა დამოკიდებული. დღესდღეობით მიიჩნევენ, რომ ოპტიმალურია დღეში 1-3 ჭიქა ღვინის მიღება, სასურველია, ჭამის დროს. ზრდასრული ჯანმრთელი მამაკაცისთვის ნორმად დღეში 300-350 მილილიტრი მიიჩნევა, ქალისთვის კი – 100-150 მილილიტრი.
როგორ ვსვამთ
ცხადია, ღვინო ჩვეულებრივი წამალი არ არის. მას, უწინარეს ყოვლისა, სიამოვნებისთვის ვსვამთ. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის ტემპერატურას. თუ ტემპერატურა არასწორად არის შერჩეული, ღვინის საუკეთესო თვისებები შეუმჩნეველი დარჩება. ამ შემთხვევაში უძვირფასესი საკოლექციო ღვინოც კი შეიძლება უგემური მოგვეჩვენოს.
სხვადასხვა სახეობის ღვინისთვის სხვადასხვა ტემპერატურაა ოპტიმალური. შამპანური სასურველია 7-9 გრადუსამდე გაგრილებული მივირთვათ, მსუბუქი მშრალი ღვინოები – 10-120ც-მდე (თეთრი) ან 10-140ც-მდე შემთბარი (წითელი), მაგარი ღვინოების 16-180ც-მდე შეთბობა ჯობს. სადასერტო ღვინოებისთვის კი ოპტიმალურია ოთახის ტემპერატურა, დაახლოებით 200ც.
ძველი დავარგებული ღვინო, რომელიც დიდხანს ინახებოდა ბოთლში, უმჯობესია სურაში გადავასხათ (ისე, რომ ნალექი არ გადაგვიყვეს) და ოციოდე წუთი გავაჩეროთ გასანიავებლად. ასეთ ღვინოს საცობი ძალიან ფრთხილად უნდა ამოვაძროთ, რომ კორპის ნამცეცები ბოთლში არ ჩაცვივდეს, თორემ ღვინოს გააფუჭებს. თუ ატყობთ, რომ ამას ვერ მოახერხებთ, ჯობს ბოთლს საცობიანად წაატეხოთ თავი.
საზოგადოდ, უმჯობესია, ღვინის ტემპერატურა ოპტიმალურზე ერთი-ორი გრადუსით ნაკლები იყოს. ამ შემთხვევაში ბოკალს ხელისგულებში იქცევენ და საჭირო ტემპერატურამდე ასე ათბობენ. ამგვარად ღვინის გემო და არომატი უფრო უკეთ შეიგრძნობა.
როდესაც სუფრაზე რამდენიმე სახეობის ღვინოა, თავდაპირველად უფრო ახალი მიაქვთ, მერე – უფრო მეტად დავარგებული; ჯერ შამპანურს და მსუბუქ ღვინოებს სვამენ (ჯერ თეთრს, მერე წითელს), შემდეგ – უფრო მაგარ, მეტი ალკოჰოლის შემცველ ღვინოებს. ყველაზე ტკბილ ღვინოებს – სადესერტოს, ლიქიორისას – სულ ბოლოს მიირთმევენ. რაც შეეხება ვერმუტსა და პორტვეინს, ჯობს, ისინი მადის გასაღვიძებლად ტრაპეზის დაწყებამდე მოსვათ.
შამპანური და თეთრი ღვინოები – მშრალი და ნახევრად მშრალი – შესანიშნავად ეხამება ხილს. გარდა ამისა, თეთრი ღვინოები უხდება ზღვის პროდუქტებს. წითელი ღვინო იდეალურია ხორციან კერძებთან. ფრინველს კი თეთრი და წითელი ერთნაირად უხდება. ღვინოსთან ერთად ნუ შეექცევით ცხარე, სანელებლებითა და ძმრით შეზავებულ კერძებს _ წიწაკა და სხვა საკაზმი ახშობს ღვინის გემოსა და არომატს.
ასე რომ, სული, რომელიც ღვინოში ბუდობს, სულაც არ არის ბოროტი; მთავარია, მასთან ურთიერთობა ვიცოდეთ. გაითვალისწინეთ ეს, სვით ღვინო, დაიბრუნეთ ჯანმრთელობა და ისიამოვნეთ.
მოკლედ | ვრცლად

მაღაზიისკენ ბედნიერების საძიებლად

  ისინი ბედნიერებას მხოლოდ ნივთების შეძენაში პოვებენ. მათთვის ცხოვრება მხოლოდ მაშინ იძენს აზრს, როდესაც მაღაზიიდან შენაძენით დატვირთულები გამოდიან. ყიდულობენ ყველაფერს, განურჩევლად საჭიროებისა. ხშირად მათი შენაძენი სრულიად უსარგებლო და უფუნქციოა, შესაძლოა არც არასოდეს გამოიყენონ; მიუხედავად ამისა, მზად არიან, მაღაზიაში უკანასკნელი გროშები დატოვონ და საყიდლებისთვის სესხიც კი აიღონ. ინგრევა ოჯახები, ბევრი თავს იკლავს...
დაავადებას, რომელზეც ამჯერად გვსურს გესაუბროთ, უბრალო ენით შოპინგომანიას ან შოპოჰოლიზმს უწოდებენ, ფსიქიატრებისთვის კი მას ონიომანია ჰქვია.
ფსიქოლოგიური დარღვევა, დაავადება თუ პათოლოგიური დამოკიდებულება?
ოციოდე წელიწადია, რაც ზემოხსენებული სენი სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტად იქცა. მისი არსით პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინტერესდნენ. გამოკვლევებმა აჩვენა,
რომ ამერიკის 15 მილიონი მოქალაქე შოპოჰოლიზმით არის დაავადებული, 55 მილიონი კი ამ მანიაკური გატაცების ზღვარზეა. აშშ-ში ანონიმური შოპოჰოლიკების 400-მდე განყოფილებაა. მათში ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებსაც ყიდვის მანიაკურმა სინდრომმა ლამის ცხოვრება დაუნგრია და ამ სენისგან გათავისუფლებას ცდილობენ. ის კი არა, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამ მანიით შეპყრობილმა ადამიანებმა, იმის გამო, რომ მათი ვალები თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა და გამოსავალს ვერ პოულობდნენ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
ამერიკელებს არც ევროპელები ჩამოუვარდებიან. მხოლოდ ინგლისში შოპოჰოლიზმით ზრდასრული მოსახლეობის 2-დან 10%-მდეა დაავადებული. გერმანიაში შოპინგომანიით შეპყრობილთა რიცხვი ჯერ კიდევ 2008 წელს 800 ათასს აჭარბებდა.
შოპინგით მანიაკური გატაცება არც ქართველებისთვის არის უცხო ხილი. ალბათ ყველა თქვენგანს ჰყავს ნაცნობი, რომელიც უსასრულოდ სტუმრობს მაღაზიებს, გატაცებულია ინტერნეტშოპინგით და თითქმის ყოველდღიურად იწერს ათასგვარ ნივთს სანდო თუ ნაკლებად სანდო საიტებიდან, იღებს  და დაუფიქრებლად იყენებს უამრავ საკრედიტო ბარათს, მთელ დანაზოგს  ზოგჯერ სრულიად უსარგებლო ნივთის შესაძენად ხარჯავს და ა.შ.
კვლევებმა აჩვენა, რომ შოპოჰოლიზმი ეკონომიკური განვითარების თანამდევი სენია და უმთავრესად დიდ ქალაქებში ვრცელდება. სწორედ ამიტომ არის, რომ მეგაპოლისებში უამრავი გამოკვლევა ტარდება იმ უხილავი ზღვრის გამოსავლენად, რომელიც ყიდვისადმი მანიაკურ დამოკიდებულებასა და საყიდლებზე სიარულით მოდურ გატაცებას შორის გადის. როდის იქცევა საყიდლების სიყვარული მანიად, ძნელი სათქმელია. ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ვერც იმაზე თანხმდებიან, რა ტიპის დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნონ  ონიომანია: ფსიქოლოგიური დარღვევებისას, რომლებიც ფსიქოთერაპიით იკურნება, ფსიქიატრიული დაავადებებისას, რომლებიც მედიკამენტურ ჩარევას მოითხოვს, თუ ნარკოდამოკიდებულებასთან გააიგივონ.
შოპინგომანია რაღაცით ექსტრემალური სპორტით გატაცებასაც ჰგავს. ისევე როგორც ექსტრემალები, შოპოჰოლიკებიც განიცდიან ადრენალინის წყურვილს, ყოველი ახალი შენაძენი კი მათ განუზომელ სიამოვნებას ანიჭებთ. ამ დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი, ორგანიზმი ამას ეჩვევა და ადრენალინის უფრო და უფრო დიდ დოზას ითხოვს. შოპინგომანებიც, მძაფრი შეგრძნებების გამოსაწვევად, უფრო და უფრო მეტ და ძვირად ღირებულ ნივთს ყიდულობენ (ისევე როგორც ექსტრემალები  ლახავენ მეტ და მეტ სირთულეს შეგრძნებათა გასამძაფრებლად).
განურჩევლად იმისა, რა განსაზღვრებას მივანიჭებთ შოპოჰოლიზმს, ერთი რამ ცხადია: ეს მოვლენა ალკოჰოლიზმზე, თამბაქოს წევასა და ნარკოდამოკიდებულებაზე არანაკლებ სერიოზული პრობლემაა და მისგან განსაკურნებლად ადამიანს სპეციალისტის დახმარება სჭირდება. შოპოჰოლიკებს სურვილის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხომ თითქმის იგივე ემართებათ, რაც ალკოჰოლიზმით დაავადებულებს, ნარკო-და ნიკოტინდამოკიდებულებს, ანდა თამაშის მანიით შეპყრობილებს. ვითარდება აბსტინენციის სინდრომი (ე.წ. “ლომკა”), რომელიც აგრესიით ან დეპრესიით გამოიხატება, ხშირად კი მდგომარეობას თავისა და სახსრების ტკივილიც ართულებს.
რა იწვევს შოპინგომანიას?
შოპინგით მანიაკური გატაცების გამომწვევი ერთი, კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ეს სენი ადამიანს უამრავი ფაქტორის გამო შეიძლება ჩამოუყალიბდეს. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღაზიებში დაუსრულებელი სიარულით ადამიანები ბავშვობის დროინდელი დაუკმაყოფილებლობის კონპენსირებას ახდენენ. შოპინგომანები ხშირად სწორედ ისინი ხდებიან, ვისაც ბავშვობაში ბევრი რამ აკლდა, ვისთვისაც მშობლები ვერ ყიდულობდნენ სასურველ სათამაშოებს, ტანსაცმელს, სასუსნავს...
შოპოჰოლიზმის  მიზეზად შეიძლება იქცეს არასრულფასოვნების კომპლექსი და დაბალი თვითშეფასებაც. ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი გარეგნობით ან საზოგადოებაში დაკავებული ადგილით და წარუმატებლობის მიზეზად საკუთარი ნაკლოვანებები მიაჩნიათ, ფიქრობენ, რომ მოდური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკის, გასახდომი ტრენაჟორისა თუ ტაბლეტების მეშვეობით წარმატებას მიაღწევენ. ზოგჯერ ეს მოსაზრება დაუძლეველ აკვიატებად ექცევათ ხოლმე. ყიდულობენ უსასრულოდ და თავად შეძენის პროცესისგან ისეთ სიამოვნებას იღებენ, რომ მიზანი ხშირად ავიწყდებათ კიდეც.
კვლევები ამტკიცებს, რომ შოპოჰოლიკები ხშირად ის ადამიანები ხდებიან, რომლებსაც ბავშვობაში  ყურადღება და სითბო აკლდათ, მშობლები კი მათ სანაცვლოდ საჩუქრებს სთავაზობდნენ. ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახალ ნივთს ერთგვარ ფსიქოლოგიური დაცვის საშუალებად აღიქვამენ და ნებისმიერი უსიამოვნების შემთხვევაში, განწყობის გამოსაკეთებლად, მაღაზიაში გარბიან.
შეამოწმეთ საკუთარი თავი

ზღვარი ონიომანიასა  და შოპინგით გატაცებას შორის, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან მყიფეა. თანაც, როგორც წესი, შოპოჰოლიკებს საკუთარი პრობლემის აღიარება უჭირთ. ამიტომ სანამ ჩათვლიდეთ, რომ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ, შეამოწმეთ საკუთარი თავი, უპასუხეთ კითხვებს  და დააკვირდით იმ სიმპტომებს, რომლებიც შოპოჰოლიზმს ახასიათებს. თუ თქვენი პასუხების უმრავლესობა დადებითია, ე.ი თქვენ ან უკვე ჩამოყალიბებული შოპოჰოლიკი ბრძანდებით, ან ამ დაავადებამდე ერთი ნაბიჯი გაკლიათ და დროა, კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართოთ.
. გრძნობთ, რომ რამის შეძენის სურვილი ისეთი ძლიერია, საკუთარ ქცევაზე კონტროლს გაკარგვინებთ?
. მაღაზიებში მხოლოდ საჭირო ნივთზე ორიენტირების უნარს კარგავთ და ყიდულობთ და ყიდულობთ მანამდე, სანამ ფული არ გაგითავდებათ?
. სახლში უსარგებლო ნივთები უსასრულოდ გიგროვდებათ?
. ახალი ნივთის შეძენის სურვილი გიჩნდებათ ყოველთვის, როცა კი რამე გაღიზიანებთ, დაუკმაყოფილებლობას ან იმედგაცრუებას გრძნობთ, უგუნებოდ ხართ?

. მაღაზიებს “გასართობად” უფრო ხშირად სტუმრობთ, ვიდრე მეგობრებს, თეატრს, კინოს?
. უსარგებლო შენაძენის გამო საკუთარ თავზე ხშირად ბრაზობთ და სიტყვას აძლევთ, რომ ეს აღარ განმეორდება, მაგრამ მიცემული სიტყვა მხოლოდ მაღაზიაში მორიგ ვიზიტამდე გახსოვთ?
. ატყობთ, რომ შოპინგით გატაცება ნეგატიურად აისახება თქვენი ცხოვრების წესზე (ოჯახში უაზრო შენაძენების გამო უთანხმოებებმა იმატა, სამსახურში პრობლემები მოგიმრავლდათ და ა.შ)?
. საფულეში რამდენიმე საკრედიტო ბარათი გიწყვიათ გახარჯული თანხით და კიდევ გსურთ ახალი საკრედიტო ბარათის აღება?
. ხშირად მიდიხართ მაღაზიაში კონკრეტული მიზნის გარეშე?
როგორ გადავირჩინოთ თავი საკუთარი თავისაგან
თუ გრძნობთ, რომ შოპინგით გატაცება უსიამოვნებას გაყენებთ და მზად ხართ, ამ პრობლემას ებრძოლოთ, ესე იგი სიტუაცია არც ისე უიმედოა. ამ მავნე ჩვევის დასაძლევად პირველ რიგში, თქვენს მადას საზღვრები უნდა დაუწესოთ, რ
აშიც რამდენიმე მარტივი წესის დაცვა დაგეხმარებათ:
. სანამ მაღაზიაში წახვიდოდეთ, წინასწარ ჩამოწერეთ, რისი შეძენა გსურთ, მიუწერეთ სავარაუდო დანახარჯის რაოდენობა და მაღაზიაში მხოლოდ საჭირო თანხითა და საყიდლების სიით აღჭურვილი გაეშურეთ.
. იმ დღეებში, როდესაც მაღაზიაში წასვლა არ გაქვთ დაგეგმილი, ჯიბეში ხოლოდ ის თანხა ჩაიდეთ, რაც სამგზავროდ და სადილისთვის გჭირდებათ.

. მაღაზიაში “გასაგიჟებელი” ნივთი (ტანსაცმელის ჩანთა, ფეხსაცმელი) დანახვისთანავე არ იყიდოთ. უმჯობესია, გამყიდველს სთხოვოთ, სასურველი ნივთი საღამომდე ან მეორე დილამდე გადაგინახოთ. ადვილი შესაძლებელია, რამდენიმე საათში მიხვდეთ, რომ ეს ნივთი არაფერში გამოგადგებათ.
. გაითვალისწინეთ: ფასდაკლება იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მთელი მაღაზია უნდა იყიდოთ. ის, რომ ნივთი ადრინდელზე იაფი ღირს, სულაც არ ზრდის მის საჭიროებას.
. მოიშორეთ საკრედიტო ბარათები და ეცადეთ, საყიდლებში ყოველთვის ნაღდი ფული გადაიხადოთ. ასე უკეთ მიხვდებით, რა თანხას ხარჯავთ და უკეთაც შეძლებთ მის განაწილებას.
ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ  შოპოჰოლიზმის ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზმში ჰორმონ  სეროტონინის ნაკლებობაც არის, ასე რომ, მიირთვით პროდუქტები, რომლებიც აღნიშნული ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს, მაგალითად, კაკალი, ლეღვი, ბანანი, შოკოლადი და ბედნიერების საძებნელად მაღაზიისკენ გული ნაკლებად გაგიწევთ.

მოკლედ | ვრცლად

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულთა სია...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად