კლინიკა

კლინიკა "მედალფამ" დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

  • 2017-04-11


11 აპრილს კლინიკა "მედალფამ" არასამთავრობო ორგანიზაცია "მზის შვილებთან" მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად, ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი სარეაბილიტაციო ცენტრის "მზის სივრცის" ბენეფიციარები ორი წლის მანძილზე კლინიკა "მედალფაში" მათთვის საჭირო ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებენ. ამ ორგანიზაციაში დღეს 25 დაუნის სინდრომის მქონე ბავშვია გაერთიანებული.
მზის შვილებს - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ბევრი დაავადების მიმართ აქვთ მიდრეკილება. ლეიკოზი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და ბევრი სხვა სამედიცინო პრობლემა, სამწუხაროდ, ხშირად ამ სინდრომის თანმხლები ხდება. კლინიკა "მედალფას" ხელმძღვანელობამ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და ბავშვებს პროფილაქტიკური ანალიზებისა და ექიმ-სპეციალისტებთან უფასო კონსულტაციების ჩატარების შესაძლებლობა მისცა.
ინგა ლოლაძე არასამთავრობო ორგანიზაცია "მზის შვილების" დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ. კლინიკა "მედალფას" ინიციატივასთან დაკავშირებით მას კომენტარი ვთხოვეთ:
- "ჩვენმა ორგანიზაციამ - "მზის შვილებმა" ორი წლის წინ ჩამოაყალიბა სარეაბილიტაციო ცენტრი "მზის სივრცე", სადაც დღეს 25 ბენეფიციარია რეგისტრირებული. ორი კვირის წინ კლინიკა "მედალფას" წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და არაჩვეულებრივი შემოთავაზება გაგვიკეთა - ჩვენს პატარებს ორი წლის მანძილზე კლინიკა "მედალფაში" შესანიშნავი, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი უსასყიდლოდ მოემსახურება.
დღეს ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრისა და კლინიკა "მედალფას" დამეგობრების დღეს აღვნიშნავთ. უნდა ვაღიარო, რომ კლინიკის ინიციატივა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენთვის. შემოთავაზებული სერვისები საკმაოდ ძვირადღირებულია და ყველა იმ ასპექტს მოიცავს, რაც ამ სინდრომის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ამ კლინიკის ხელმძღვანელობას სიკეთისთვის, რასაც ჩვენი ბენეფიციარების მიმართ იჩენს. ყველა მშობელი უზომოდ გახარებულია, ეს ჩვენთვის დიდი შეღავათია".

კლინიკა "მედალფას" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამბროლიანმა აღნიშნა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საზოგადოების მხრიდან თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ:
- დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა აქტუალურ თემად იქცა. დღეს ამ სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებასა და სპორტში, თუმცა ამ პატარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღება და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაა. სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა მათ ეს თანადგომა აღმოვუჩინოთ. მე და ჩვენი კლინიკის პერსონალი, პირველ რიგში, ექიმები ვართ და უნდა ვაღიარო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ამ მემორანდუმის გაფორმება.
ვესაუბრეთ ორგანიზაცია "მზის შვილების" ბენეფიციართა მშობლებსაც.
ნანა ჩერქეზიშვილი:
- კლინიკა "მედალფაში" შესანიშნავი გარემო დაგვხვდა: თბილი, კეთილგანწყობილი მედპერსონალი და მოღიმარი ადამიანები... ასე რომ, დიდი იმედებით ვართ აღსავსე. გვჯერა, რომ ამ კლინიკაში ჩვენი შვილები სრულყოფილ და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. სიკეთე არასოდეს იკარგება და ამ იდეის ინიციატორებს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ!
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ ინტერესი და ყურადღება უმეტესწილად მხოლოდ ერთი დღით - 21 მარტით შემოიფარგლება და სწორედ ამ დღეს იგეგმება ყველა ერთჯერადი აქცია, რადგან 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა და 2011 წლიდან მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აღნიშნავენ. იდეის მთავარი მიზანი საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება გახლდათ. თუმცა, ამ ბავშვების მიმართ ყურადღება მხოლოდ ერთი დღით არ უნდა განისაზღვროს. მათ მუდმივად სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა.
კომპანია "ავერსი" და მისი ყველა შვილობილი კომპანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა.

გააზიარე: