ჩოხატაურში “მედალფას” განახლებული კლინიკის პრეზენტაცია გაიმართა

ჩოხატაურში “მედალფას” განახლებული კლინიკის პრეზენტაცია გაიმართა

  • 2017-02-20

ჩოხატაურში “მედალფას” კლინიკა 2013 წლის სექტემბრიდან ფუნქციობს. მიმართვიანობა იქ დღიდან დღემდე იმატებდა, ამიტომ კლინიკის გაფართოების საკითხი მალე დადგა დღის წესრიგში. განახლებული კლინიკის პრეზენტაცია 10 თებერვალს გაიმართა. ხუთსაწოლიან სტაციონარს კიდევ 20 საწოლი შეემატა, შეიცვალა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, გაფართოვდა სერვისების ჩამონათვალი, გაიხსნა სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება, რომელიც მანამდე რაიონში არ ყოფილა, სტაციონარული და პედიატრიული განყოფილებები თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.

სიახლეების შესახებ “მედალფას” გენერალურ დირექტორს გიორგი ამბროლიანს ვესაუბრეთ:
– კლინიკა, მათ შორის – რადიოლოგიური განყოფილება, საოპერაციო ბლოკი და ლაბორატორია, აღჭურვილია მხოლოდ თანამედროვე, საუკეთესო აპარატურით, რაც სამედიცინო მომსახურების სფეროსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რაიონის მოსახლეობას სრულ სტაციონარულ სერვისს ვაწვდით.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ “ავერსი” უახლეს აპარატურასა და მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა. მის პრინციპებს ჩვენც სავსებით ვიზიარებთ. ალბათ ამიტომ, რაიონის მოსახლეობა “მედალფას” სახელს მხოლოდ საუკეთესო სერვისსა და ულტრათანამედროვე აპარატურასთან აიგივებს.
– რამდენი კადრია დასაქმებული ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკაში? რას გვეტყვით მათ პროფესიონალიზმსა და მომზადებაზე?
– კლინიკაში ამჟამად ასი ადამიანი მუშაობს. პროფესიონალიზმის მუდმივი ამაღლება მედიცინის სფეროში დასაქმებულთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს დარგი სწრაფად ვითარდება. ბუნებრივია, გვინდა, სიახლეებს ფეხი ავუწყოთ. ჩვენს კლინიკაში გამუდმებით ინერგება მკურნალობის უახლესი მეთოდები. ვიყენებთ თანამედროვე მიდგომებსა და გაიდლაინებს. კადრების კვალიფიკაციაც განუწყვეტლივ მაღლდება... რამდენიმე ახალგაზრდას რეზიდენტურის გასავლელად დაფინანსება გამოვუყავით, რამდენიმეს კი, რომლებიც წარმოშობით ჩოხატაურიდან იყვნენ და თბილისში მუშაობდნენ, რაიონში დაბრუნება შევთავაზეთ და ჩვენს კლინიკაში დავასაქმეთ.
შეკრული, ერთსულოვანი გუნდი გვყავს. 10 თებერვალს, კლინიკის პრეზენტაციის დღეს, კორპორატიული წვეულებაც გაიმართა, რომელზეც ჩვენი მუშაობის შედეგები შევაჯამეთ, სამომავლო გეგმები დავსახეთ, საუკეთესო თანამშრომლები გამოვავლინეთ და დავაჯილდოეთ. მიგვაჩნია, რომ ამგვარი წახალისება თანამშრომელთა მოტივაციას ერთიორად ამაღლებს.
საუკეთესოთა ჩამონათვალი ასეთი გახლავთ:
* საუკეთესო სანიტარი – თამარ კალანდაძე
* საუკეთესო ექთანი – ნანა უჯმაჯურიძე
* საუკეთესო რეგისტრატორი – ნათელა ცინცაძე
* საუკეთესო სამეურნეო მენეჯერი – ზვიად ბენდელიანი
* საუკეთესო ეკონომისტი – თამარ კოროშინაძე
* საუკეთესო ექიმი-ლაბორანტი – ეკატერინე ღლონტი
* საუკეთესო ოჯახის ექიმი – თამარ ცინცაძე
* ყველაზე სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის ავტორი – ელისო სიხარულიძე (ის საზღვარგარეთ შემოქმედებითი შვებულებით დაჯილდოვდა)
* საუკეთესო ხელმძღვანელი – ანტონ ხუნდაძე
ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკა რაიონში საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ადგილობრივ მოახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესატყვის სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

გააზიარე: