ავერსის კლინიკა 10 წლისაა

ავერსის კლინიკა 10 წლისაა

  • 2016-10-17

სამედიცინო დაწესებულებათა ქსელი "ავერსისთვის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გახლავთ. 15 ოქტომბერს კლინიკამ 10 წლის იუბილე რესტორან "ქართულ სახლში" აღნიშნა და შედეგებიც შეაჯამა.
"ავერსის" დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ კლინიკის გახსნის სურვილი, როგორც განათლებით ექიმს, ყოველთვის ჰქონდა:
- 2006 წელს ღია აუქციონზე შევიძინეთ შენობა, სადაც დღეს ჩვენი კლინიკის ცენტრალური ფილიალია განთავსებული და ეს თარიღი ავერსის კლინიკის დაარსების დღედ შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან სწორედ ამ დღიდან დაიწყო სამედიცინო დაწესებულებათა ქსელის მშენებლობა და განვითარება. 
მხოლოდ უახლესი ტექნიკის შეძენა დავიწყეთ, რადგან ჩვენ პაციენტების და თანამშრომლების კმაყოფილებაზე ვართ ორიენტირებული. მედიცინა სწრაფად განვითარებადი დარგია, იქმნება ახალი სამედიცინო შესაძლებლობები და ამ აპარატურის შეძენა და მათი გამოყენება კარგ შედეგს იძლევა როგორც პაციენტებისთვის, ისე კლინიკის ექიმებისთვის და მათი განვითარებისთვის. ჩვენი დიდი უპირატესობაა ისიც, რომ ექიმებს სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენს ქვეყანაში უცხოელი სპეციალისტების მოწვევის გზით, ესეც მნიშვნელოვნად განაპირობებს კლინიკის წარმატებას.
იუბილე "ავერსის კლინიკის" გენერალურ დირექტორს დიმიტრი ჯორბენაძეს მივულოცეთ და განვლილი 10 წლის შეჯამებაც ვთხოვეთ:
- ავერსის კლინიკათა ქსელში დღეს 1275 თანამშრომელია დასაქმებული, აქედან 475 ექიმია. გაგაცნობთ მონაცემებს, რომელიც თვალნათლივ ასახავს კლინიკის ათწლიანი წარმატებული ისტორიის ქრონიკას:
- სამედიცინო საქმიანობა 2007 წლიდან დავიწყეთ. 9 წლის განმავლობაში 900 ათასამდე ახალი ისტორია გაიხსნა. განხორციელდა 3 მილიონამდე ვიზიტი, პაციენტებს ჩაუტარდათ დაახლოებით 5 მილიონ ნახევარი სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, ჩატარდა 35 ათასი ოპერაცია. სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ყოველწლიურად ეს მზარდი ციფრებია.
"ავერსის" კლინიკა გახლავთ ფლაგმანი და ნოვატორი საქართველოს სამედიცინო ბაზარზე:
- 2013 წლის 5 ივნისს გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD -ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა “ავერსის კლინიკას” ISO სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცა.

- საქართველოში პირველად ავერსის კლინიკაში წარმატებით განხორციელდა ენდოვასკულური ჩარევა მუცლის აორტაზე.
- კლინიკაში პირველად ჩატარდა ე.წ. თანდაყოლილი ცერებრალური დამბლების მკურნალობისას ბაკლოფენის ტუმბოს ნეიროქირურგიული იმპლანტაცია. 
- ცოცხალი დონორიდან ღვიძლის გადანერგვის ხუთი ოპერაცია წარმატებით შესრულდა. 
- აქ პირველად განხორციელდა ღეროვანი უჯრედების შეყვანა ღვიძლის არტერიაში.
- ბარიატრიულ ქირურგიაში სლივგასტრექტომიები - კუჭის ვერტიკალური რეზექციები ლაპაროსკოპიული მეთოდით ხორციელდება.
- თიაქრების მკურნალობის ახალი ინოვაციური მეთოდი ბადეების გამოყენება პირველად ავერსის კლინიკაში დაიწყო. 
- ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა ყელზე განაკვეთის გარეშე ხდება.
- ოტორინოლარინგოლოგიაში ოპერაციები უმეტესწილად ენდოსკოპიურად მიმდინარეობს
- ოფთალმოლოგიაში გვაქვს ძალიან ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. პირველად სწორედ ავერსის კლინიკაში განხორციელდა რქოვანის გადანერგვა.
- არ არის სფერო და მიმართულება, სადაც რამდენიმე პირველი ნაბიჯი არ გვაქვს გადადგმული.
- ძლიერი ლაბორატორია ავერსის კლინიკის კიდევ ერთი პრეროგატივაა. შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკის ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომელმაც სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტის - ISO 15189 აკრედიტაცია გაიარა. ასე რომ ჩვენთან ჩატარებული ანალიზები სანდო და უტყუარია. 
ავერსის პოლიპროფილურ კლინიკათა ქსელს ვულოცავთ იუბილეს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.

გააზიარე: