ბავშვის ასაკობრივი განვითარება და ხელშემწყობი გარემო

გააზიარე:

ბავშვის ზრდა-განვითარების ყოველ პერიოდში, ყოველ ფაზაში საჭიროა ამ ფაზისთვის შესაფერისი გარემოს უზრუნველყოფა, რათა უკეთ განვითარდეს, დაიხვეწოს ესა თუ ის უნარი.

ბავშვს შესაძლებლობების რეალიზებაში ხელი რომ შევუწყოთ, უნდა ვიცნობდეთ მისი განვითარების საფეხურებს და ვიცოდეთ, რომელ საფეხურზე რომელი შინაგანი ძალებია მობილიზებული, უკვე განვითარებული ან მომზადებული, რადგან თითქმის არ ხდება ისე, რომ ყველა ფსიქიკური ფუნქცია ერთდროულად, ერთნაირი ინტენსივობით ვითარდებოდეს.

 

მუცლად ყოფნის ხანა

ბავშვის ასაკობრივი გარემოს ცნებაზე დაყრდნობით სხვადასხვა მეცნიერი სხვადასხვაგვრ პერიოდიზაციას გვთავაზობს. ჩვენ დავეყრდნობით დიდი ქართველი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი უზნაძის მიერ შემუშავებულ პერიოდიზაციას, რადგან მის თეორიას მრავალი თანამედროვე კვლევა ადასტურებს.

დიმიტრი უზნაძე მიიჩნევდა, რომ ბავშვის განვითარება მუცლად ყოფნის ხანაში იწყება და საფეხურებრივად გრძელდება (საინტერესოა, რომ ამის თაობაზე სხვა აზრისაა ავტორიტეტული რუსი ფსიქოლოგი, სოციოკულტურული თეორიის ავტორი ლევ ვიგოტსკი. მან მუცლად ყოფნის ხანა კლასიფიკაციიდან ამოიღო და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სოციალური გარემო ემბრიონულ პერიოდში პიროვნებაზე გავლენას, ცხადია, ვერ ახდენს).

მართლაც, თანამედროვე ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს დედასა და შვილს შორის არსებული ემოციური კავშირი. სასიამოვნო მოლოდინი, ბავშვის დაბადებაზე ფიქრი, სიყვარული და ამ სიყვარულის გამოხატვა გავლენას ახდენს ნაყოფის ფსიქიკისა და უჯრედული მეხსიერების განვითარებაზე, პიროვნების იმ ძირითადი თვისებების განვითარებაზე, რომლებსაც ის მთელი სიცოცხლე ინარჩუნებს.

სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა ჯგუფმა მასშტაბური კვლევა ჩაატარა. კვლევა ორი ფაზისგან შედგებოდა – ანკეტირებისა და ინტერვიუს გზით გამოკითხვისა და დაკვირვებისგან. გამოკითხული ქალების მესამედმა განაცხადა, რომ ორსულობისას ნაყოფზე არ ფიქრობდნენ, დაკვირვებამ კი ცხადყო, რომ მათი შვილები საშუალო მაჩვენებლით დაიბადნენ. უმრავლესობას საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის დარღვევები ჰქონდა. ეს ბავშვები გამოირჩეოდნენ ჭირვეულობით. უჭირდათ გარემოსთან ადაპტაციაც.

ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური და ქიმიური კვლევების შედეგად გაირკვა, რომ როდესაც ადამიანს უხარია, ბედნიერია, ტვინი სიხარულის ჰორმონებს – ენდორფინებს გამოიმუშავებს. მათ შეუძლიათ, ნაყოფს სიმშვიდისა და სიხარულის განცდა მოჰგვარონ. თუ ჩანასახი ხშირად განიცდის ამას, ამახსოვრდება და ეს გავლენას ახდენს მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე.

ფსიქოლოგებმა ისიც დაამტკიცეს, რომ ნაყოფს აქტიური სენსორული სისტემა აქვს: გრძნობის ორგანოები და მათი შესაბამისი ცენტრები ტვინში ორსულობის მესამე თვეს ვითარდება, მომდევნო 6 თვის განმავლობაში კი განიცდის სპეციალიზაციას ფუნქციათა შესრულების მხრივ.

 

ახალშობილობის პერიოდი

ახალშობილს ისეთივე ფიზიკური გარემო რომ ჰქონდეს, როგორიც ზრდასრულს, მალევე დაიღუპებოდა, ამიტომ ჩვილს დაახლოებით ისეთივე მყუდრო, ერთგვაროვან, ყოველგვარი გამღიზიანებლისგან დაცულ გარემოს უქმნიან, როგორსაც მუცლად ყოფნის პერიოდშია შეჩვეული. ახალი გარემო ამ ეტაპზე მაქსიმალურად ჰგავს დაბადებამდელს და, შესაბამისად, ოპტიმალურია ბავშვის განვითრებისთვის. ძველად არსებული ტრადიციის თანახმად, 40 დღემდე ბავშვი შინიდან არ გაჰყავდათ და არც მრავალრიცხოვან მნახველებს, ნათესავებსა და მეზობლებს აცნობდნენ. ცხადია, ეს გადაჭარბებული მიდგომაა – სუფთა ჰაერი, სეირნობა, მშვიდი ურთიერთობა ნებადართული კი არა, სასურველიცაა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ორგანიზმს გარემოს მავნე ფაქტორებისადმი წინააღმდეგობის უნარი ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ შესწევს, ამიტომ დედა და ოჯახის დანარჩენი წევრები შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ.

ყურადღება უნდა მიაქციოთ დედის ლაქტაციის მდგომარეობას და ბავშვის აქტიურობას წოვისას, ძილისა და სიფხიზლის პერიოდების მონაცვლეობას, წონის მატებას, საზოგადოდ, მის აქტიურობას.

ამ პერიოდს მხედველობისა და მოძრაობის კოორდინაციის განვითარების დასაწყისად მიიჩნევენ. იწყება პირობითი რეფლექსების წარმოშობა, მყარდება დედასთან ემოციური, მხედველობითი და ტაქტილური ანუ შეხებითი კონტაქტი.

დაახლოებით სამი კვირის ახალშობილთა უმრავლესობა იწყებს საპასუხო ურთიერთობას ღიმილითა და სიხარულის მიმიკით. ეს პირველი ემოციური კონტაქტი ბავშვის ფსიქოემოციური ცხოვრების დასაწყისად მიიჩნევა. მიმდინარეობს ჩვილის ინტენსიური ფიზიკური, ნერვულ-ფსიქიკური, მოტორული, ინტელექტუალური განვითარება.

თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ამ ასაკში ჩვილთან მშვიდი საუბარი, სასიამოვნო, წყნარი მუსიკის მოსმენა, სითბოსა და სიყვარულის გაზიარება პირდაპირ აისახება ინტელექტის მაჩვენებელზე.

 

სკოლამდელი ასაკი

პირველი წლის დასასრულიდან მდგომარეობა საგრძნობლად იცვლება. ბავშვი ჯერ ფორთხვას, მერე კი სიარულს ცდილობს და სწავლობს, თანდათან იკრებს ძალას და ითხოვს მეტ დამოუკიდებლობას. მას აღარ სჭირდება სასათბურე პირობები, პირიქით, ყველაფერი აინტერესებს, ყველაფერს იკვლევს, “გემოს უსინჯავს”. წლინახევრის ასაკიდან იწყება მეტყველების მარტივი ფორმების გამოვლენა და გარშემო მყოფებთან სრულიად განსხვავებული ტიპის ურთიერთობა ყალიბდება. ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ამ ასაკშიც უნდა ვიზრუნოთ. იდეალურ შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინა უნდა დაემსგავსოს “სასწავლო პოლიგონს”, სადაც არ იქნება “ნაღმები” (ქიმიური, მავნე ნივთიერებები, მსხვრევადი, მტვრევადი ან ძვირფასი ნივთები ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას), სამაგიეროდ, იქნება სივრცე თავისუფალი გადაადგილებისთვის და სხვადასხვა საგანი ხელის ჩასავლებად, დასათვალიერებლად. ნუ შებოჭავთ ბავშვის ინტერესს, ცნობისმოყვარეობას, მიეცით საშუალება, მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გზით შეისწავლოს ესა თუ ის საგანი. გამოცდილი მშობლები დაგიდასტურებენ, რომ მიუხედავად სათამაშოების მრავალფეროვნებისა, ბავშვს ამ ასაკში მაინც ის აინტერესებს, რასაც უფროსები აკეთებენ.

 

სკოლისწინარე ასაკი

ამ ასაკში ბავშვის ფსიქიკა ინტერაქციული აღზრდის მეშვეობით აგრძელებს განვითარებას. ბავშვის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს წინა საფეხურებზე დაგროვებული გამოცდილება. ქცევა და მოქმედება უფრო გააზრებული ხდება. სწრაფად და ადვილად წარმოიქმნება დადებითი პირობითი რეფლექსები – ბავშვი ქცევის შედეგის მიხედვით სწავლობს ახალ რეაქციებს: თუ შედეგი სასიამოვნოა, მისი განმეორების ალბათობა იზრდება და პირიქით; ამის კვალობაზე, ბავშვს მკაფიოდ უნდა ავუხსნათ, რა შეიძლება და რა – არა. აქ ოჯახის წევრების შეთანხმებულ მოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: რაც აკრძალულია, ის აკრძალულია შინაც და სტუმრადაც, ბებიასთან ან ბაბუასთან.

ამ პერიოდში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თამაშს. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს და არ უნდა შეიცვალოს სხვა აქტივობებით, მაგალითად, სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობით, უცხო ენის მექანიკური დასწავლა-დაზეპირებით.

 

სასკოლო ასაკი

სასკოლო ასაკად ექვსი წელი მიიჩნევა. ამ ასაკის სპეციფიკური თავიებურება ისაა, რომ ბავშვი სწავლას იწყებს. მართალია, თამაში კიდევ დიდხანს რჩება მისთვის უაღრესად მიმზიდველ, მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმიანობად, მაგრამ მისი ქცევის წამყვან ფორმად უკვე სწავლა იქცევა. 6-7 წლის ბავშვის ფსიქიკა უკვე მზადაა, მიიღოს ინფორმაციისა და სიახლეების მნიშვნელოვანი ნაკადი. ამ ასაკში უკვე ფორმირებულია ყურადღების განსაკუთრებული ნიშან-თვისებებიც, ასევე – აღქმის უნარი. სასკოლო ასაკის ბავშვს ხელი უნდა შევუწყოთ კონცეტრაციის, ემოციური ცნობიერების, კოორდინაციის განვითარებაში. ბავშვი ფიზიკურადაც მეტად ვითარდება, ენერგიულია, ჭარბად აქვს ენერგია. ამ ეტაპზე ინტელექტუალური დატვირთვა და ფიზიკური აქტივობა ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს.

ბავშვობა ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ხანაა. აღმზრდელების, მშობლების პასუხისმგებლობა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში ფასდაუდებელია. ასაკობრივი განვითარების ცოდნა კი სწორედ იმაში გვეხმარება, სწორად წარვმართოთ აღზრდის პროცესი.

 

გააზიარე: