მთავარი თემა: მწვავე მოწამვლა

გააზიარე:

 

ფრთხილად, სახიფათოა!

გემრიელ საკვებში ჩამალული ნაღმი

შინაურიშხამები

ვერცხლისწყალიმოუხელთებელი საწამლავი

წამალი თუ საწამლავი? – გააჩნია დოზას

 

 

ფრთხილად, სახიფათოა!

საფრთხე ყოველ ნაბიჯზეა. ცივილიზაციამ მრავალ სიკეთესთან ერთად უამრავი საზრუნავიც მოგვიტანა. ჩვენ გარშემო ლამის ყოველი მეორე ნივთიერება პოტენციური საწამლავია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოზა – არასწორი დოზირების შემთხვევაში ერთი შეხედვით უვნებელი ნივთიერებაც კი შეიძლება მომწამვლელი აღმოჩნდეს.

მოწამვლა, იგივე ინტოქსიკაცია, მაშინ ვითარდება, როცა ადამიანი ტოქსიკურ ნივთიერებას გადაყლაპავს, ჩაისუნთქავს ან მოხვდება კანზე, ლორწოვან გარსზე, თვალში. პოტენციური მომწამვლელი ნივთიერებების სია ძალზე გრძელია: თავისუფალ გაყიდვაში არსებული მედიკამენტები, აკრძალული პრეპარატები, ქიმიკატები, აირი, ვიტამინი, ზოგიერთი საკვები, სოკო, მცენარე, ცხოველის შხამი და უამრავი სხვა. ინტოქსიკაცია სახლის პირობებში მომხდარი არაფატალური სამედიცინო შემთხვევების მთავარი მიზეზია. ცნობილია, რომ აშშ-ში ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი ხვდება კლინიკაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციით. ყველაზე ხშირად მედიკამენტებით იწამლებიან. მედიკამენტებს მოსდევს აირები, საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი ნაერთები, ინდუსტრიული ნარჩენები, ვიტამინები და სხვა.

 

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება ალკოჰოლით მწვავე მოწამვლის შედეგად. ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას დიდი რაოდენობის ალკოჰოლის მოკლე ხანში მიღება იწვევს. ყველაზე ხშირად ასეთ შემთხვევებს ახალგაზრდებს, სტუდენტებს შორის ვაწყდებით. მოწამვლის ხარისხი მომწამვლელი ნივთიერების დოზასა და ბუნებაზეა დამოკიდებული და მსუბუქი მოწამვლიდან სასიკვდილო შედეგამდე მერყეობს.

დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის: სპეციფიკურ სუნთან ერთად ყურადღებას იპყრობს სიმპტომებიც. მნიშვნელოვანია პაციენტის ან მისი თანმხლები პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია
, ზოგჯერ – სისხლისა და შარდის ანალიზის შედეგებიც. მკურნალობის პრინციპები თითქმის ყოველგვარი მოწამვლის დროს ერთნაირია: ტოქსიკური ნივთიერების შეწოვის პრევენცია, პაციენტის მდგომარეობის ხელშეწყობა და ზოგჯერ – საწამლავის გამოყოფის დაჩქარება. პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება კი სიფრთხილეა: ნუ შეინახავთ მედიკამენტებსა და ქიმიურ ნივთიერებებს ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

ადამიანებმა მეტი რომ იცოდნენ მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შესახებ, მას თავიდან აიცილებდნენ. ალკოჰოლურ მოწამვლას, ისევე როგორც მედიკამენტით მოწამვლას, იწვევს ალკოჰოლური სასმლის, მათ შორის – ლუდის, ღვინის ან არყის, ჭარბი მიღება, თუმცა გამოუცდელ მსმელებთან ან ალკოჰოლის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე პირებთან მწვავე ინტოქსიკაცია შესაძლოა მცირე რაოდენობის ალკოჰოლმაც კი გამოიწვიოს.

 

მაინც რა ხდება?

ალკოჰოლი როგორც დეპრესანტი სხეულის ზოგიერთი ფუნქციის, მათ შორის – გულისცემის სიხშირის, სისხლის წნევისა და სუნთქვის, დაქვეითებას იწვევს. როდესაც სასიცოცხლო ცენტრები ალკოჰოლით ითრგუნება, ადამიანი გონებას კარგავს. მეტიც – ალკოჰოლის ის დოზა, რომელიც გონების დაკარგვას იწვევს, ახლოსაა სასიკვდილო დოზასთან. ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას გადაურჩებიან, ზოგჯერ ტვინის შეუქცევად დაზიანებას იღებენ. ბევრი ახალგაზრდა გაოცებას ვერ მალავს, როცა აღმოაჩენს, რომ მწვავე ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ შესაძლოა პაციენტის სიკვდილიც კი გამოიწვიოს – უმრავლესობას სჯერა, რომ ყველაზე უარესი, რაც ამ დროს შეიძლება დაგემართოს, გონების დაკარგვა და მეორე დღის ნაბახუსევია.

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომების ცოდნა და შესაბამისად მოქმედება ტრაგედიის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

როგორია მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნები?

* პაციენტი უგონოდ ან ნახევრად უგონოდაა.

* სუნთქვის სიხშირე მცირდება – ჩასუნთქვა წუთში 8 ან ნაკლებია, ჩასუნთქვიდან ჩასუნთქვამდე პაუზა 8 წამზე მეტხანს გრძელდება.

* კანი ცივია, წებოვანი, ფერმკრთალი ან მოლურჯო.

* ღებინებაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშანია და შესაძლოა დახრჩობა, ასფიქსია და სიკვდილი გამოიწვიოს.

* ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, წესისამებრ, თან ახლავს ალკოჰოლის მძაფრი სუნი.

ეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ძირითადი სიმპტომებია, თუმცა ჩამონათვალი არასრულია. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში შემდეგი გართულებებია მოსალოდნელი:

* ასფიქსია – როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალკოჰოლი იწვევს გულისრევას და, იმავდროულად, ღებინების რეფლექსის დათრგუნვას. ამ დროს იზრდება პირნაღები მასის გადაცდენისა და დახრჩობის რისკი.

* მწვავე დეჰიდრატაცია – ღებინებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიდი ოდენობის სითხის დაკარგვა და დეჰიდრატაცია, რაც, თავის მხრივ, წნევის ვარდნასა და ტაქიკარდიას იწვევს.

* გულყრა– სისხლში შაქრის დონე შესაძლოა ისე დაეცეს, რომ გულყრა განვითარდეს.

* ჰიპოთერმია – იმავდროულად, ეცემა სხეულის ტემპერატურა, რომელმაც შესაძლოა ისეთ ნიშნულს მიაღწიოს, რომ გულის გაჩერება გამოიწვიოს.

* ტვინის დაზიანება – ძლიერმა სასმელმა შესაძლოა გამოიწვიოს ტვინის შეუქცევადი დაზიანება.

* სიკვდილი – ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ გართულებას, თუ დროული კუპირება არ მოხდა, შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

 

როგორ მოვიქცეთ?

თუ თქვენ გვერდით ვინმეს ერთი ან მეტი ზემოთ აღწერილი სიმპტომი გამოაჩნდა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო. სანამ სასწრაფო დახმარება მოვა, გადააბრუნეთ პაციენტი რომელიმე გვერდზე – ეს პოზა ყველაზე უსაფრთხოა, ღებინების შემთხვევაში პირნაღები მასა არ გადასცდება. დარჩით მასთან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მას ინტრავენურად გადაუსხამენ სითხეს. ასევე მნიშვნელოვანია ოქსიგენოთერაპია და გლუკოზისა და ვიტამინების გადასხმა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სერიოზული გართულებების პრევენციისთვის.

 

რამდენი დავლიოთ?

საკვებისგან განხვავებით, ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება და გადადის სისხლის მიმოქცევაში, ხოლო მის გამოყოფას გაცილებით მეტი ხანი სჭირდება. ალკოჰოლის უდიდეს ნაწილს ღვიძლი გადაამუშავებს. ერთი ულუფა ალკოჰოლის გადასამუშავებლად საშუალოდ ერთი საათია საჭირო.

ერთი ულუფა ალკოჰოლია:

* 355 მლ ჩვეულებრივი ლუდი (5% ალკოჰოლი);

* 237-266 მლ მძიმე ლუდი (7% ალკოჰოლი);

* 148 მლ ღვინო (12% ალკოჰოლი);

* 44 მლ მაგარი სასმელი (40% ალკოჰოლი).

შერეული სასმელები ალკოჰოლის რამდენიმე ტიპს შეიცავს, ამიტომ მათი გადამუშავება მეტ დროს მოითხოვს.

ხალხში გავრცელებულია უამრავი მცდარი წარმოდგენა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მკურნალობის შესახებ. გახსოვდეთ:

* შავი ყავა ან კოფეინი ვერ აღმოფხვრის მავნე ალკოჰოლის მოქმედებას;

* არ შეიძლება ცივი შხაპი – ცივი წყლით გამოწვეულმა შოკმა შესაძლოა გონების დაკარგვა გამოიწვიოს;

* სიარულის დროს არ იზრდება ალკოჰოლის გადამუშავების დრო;

* არ არის სასურველი დაძინება – შესაძლოა, ადამიანმა ძილის დროს გონება დაკარგოს.

ამრიგად, ყველაფერი, რასაც ხალხში გავრცელებული მითები გვთავაზობს, მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას.

 

როგორ მოვიქცეთ ნარკოტიკების ზედოზირების დროს

უკანასკნელ ხანს პოპულარული გახდა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია “ქუჩის” ნარკომანიაც. “ქუჩის ნარკოტიკებს” მიეკუთვნება ნივთიერებები, რომლებსაც არ გააჩნია თერაპიული ეფექტი და მხოლოდ ნარკოტიკული თრობის მისაღწევად გამოიყენება. ზოგი მათგანი დამოკიდებულებასაც იწვევს. მაგალითად, კოკაინის მიმართ დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად მისი რამდენიმე დოზის მიღებაც საკმარისია. ქუჩის ნარკოტიკებით გამოწვეული თრობა სხვადასხვანაირია. ამის კვალობაზე, სხვადასხვანაირია ზედმეტი დოზის მიღებისას განვითარებული სიმპტომებიც. ნარკოტიკული საშუალებების უმრავლესობა იწვევს ძილიანობას, სუნთქვის გაიშვიათებას და გონების დაკარგვას, ზოგიერთი ნარკოტიკი სტიმულატორია და საპირისპირო ეფექტი აქვს – აგზნებამდე, გულისცემისა და სუნთქვის აჩქარებამდე მივყავართ. ჰალუცინოგენების, მაგალითად, LSD-ს, PCP-ს (“ანგელოზის მტვერი”), გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა პარანოიამდე, ჰალუცინაციებამდე, აგრესიულ ქცევამდე ან მძიმე სოციალურ მოხსნის სინდრომამდე მიგვიყვანოს. კანაბინოიდები, მათ შორის – მარიხუანა, რელაქსაციას, მოდუნებას და მადის გაძლიერებას იწვევს.

ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებისას განვითარებული სცენარიც სხვადასხვანაირია და ნარკოტიკული საშუალების სახეობაზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს თითქმის ყოველი მათგანისთვის დამახასიათებელი საერთო სიმპტომები: გუგების ზომის ცვლილება, აგზნება, გულყრა, სუნთქვის გაძნელება, მოთენთილობა, ჰალუცინაციები, გულისრევა და ღებინება, სინათლეზე გუგების ურეაქციობა, სიარულის გაძნელება, ატაქსია, ოფლიანობა ან კანის უკიდურესი სიმშრალე, კანკალი, უგონო მდგომარეობა, აგრესიული მოქმედება, ხშირად – კომა და, სამწუხაროდ, სიკვდილიც. არანაკლებ საშიშია მოხსნის სინდრომი, ვინაიდან მას, ფსიქოლოგიურთან ერთად, მძიმე ფიზიკური გართულებებიც მოჰყვება: მუცლის სპაზმი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ცივი ოფლი, აღგზნება, კრუნჩხვები, ილუზიები, დეპრესია, ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, კანკალი.

 

პირველი დახმარება

არავინ იცის, რას უმზადებს ცხოვრება – შესაძლოა, მოულოდნელად ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შემსწრე გახდეთ და ადამიანის გადარჩენა მოგიწიოთ, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს პირველი დახმარების წესები. უპირველეს ყოვლისა, შეუმოწმეთ პაციენტს სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა და პულსი. თუ არ სუნთქავს, მისი გულმკერდის ყაფაზი არ მოძრაობს და არც პულსი ისინჯება, საჭიროა გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყება, რაც ხელოვნურ სუნთქვას და გულის არაპირდაპირ მასაჟს გულისხმობს. შეუხსენით ტანისამოსი, რათა ადვილად ისუნთქოს, გაათბეთ, გამოიძახეთ სასწრაფო და არ დატოვოთ მარტო მის მოსვლამდე. უფრთხილდით შოკის ნიშნებს: სისუსტეს, ტუჩებისა და ფრჩხილების სილურჯეს, წებოვან კანს, სიფითრეს და გონების დაბინდვას. თუ კრუნჩხვა აქვს, ეცადეთ, მაგარ ზედაპირზე მოათავსოთ და ტრავმისგან დაიცვათ. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების (პულსის, სუნთქვის სიხშირის, სისხლის წნევის) მონიტორინგი.

 

გახსოვდეთ:

ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება აგრესიულ და არაპროგნოზირებად ქცევას იწვევ. თუ ასეთ შემთხვევასთან გაქვთ საქმე, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში, დაელოდეთ პროფესიონალებს. ნუ ეცდებით, რამეზე დაიყოლიოთ ნარკოტიკების მომხმარებელი, ნუ ელით მისგან გონივრულ ქცევას. პირვედი დახმარების აღმოჩენისას არ დაუწყოთ საუბარი ნარკოტიკების მავნეობის შესახებ.

ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის ამოცნობა ყოველთვის იოლი არ არის, მაგრამ თუ ეჭვობთ, რომ ვინმემ ზედმეტი დოზა მიიღო ან მოხსნის სინდრომი აქვს, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თუ შეძლებთ, ეცადეთ გაარკვიოთ, რომელი ნარკოტიკი მიიღო. ზოგჯერ მისი ნარჩენები პირნაღებ მასაშია – აუცილებლად შეაგროვეთ ის და კლინიკაში წაიღეთ. მიაწოდეთ აღნიშნული ინფორმაცია ექიმს, ვინაიდან ეს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მკურნალობისთვის.

 

კლინიკაში მოხვედრის შემდეგ

კლინიკაში ექიმი სწრაფად შეკრებს ანამნეზს და პაციენტს გასინჯავს, მერე კი გადაუდებლად დაიწყებს მკურნალობას. მკურნალობისთვის ხშირად იყენებენ აქტივირებულ ნახშირსა და სასაქმებელ, საფაღარათო საშუალებებს, რაც პაციენტს მიღებული ნარკოტიკის გამოყოფაში ეხმარება. ზოგჯერ ამ მედიკამენტებს ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებითაც აძლევენ. გარდა ამისა, ექიმი აუცილებლად შეამოწმებს სასუნთქი გზების გამავლობას, საჭიროების შემთხვევაში აღადგენს მას და უზრუნველყოფს სუნთქვის შენარჩუნებას. ამისთვის, წესისამებრ, გამოიყენება ნიღაბი, რომლის საშუალებითაც პაციენტს სუფთა ჟანგბადი მიეწოდება. შესაძლოა, საჭირო გახდეს ხელოვნურ ვენტილაციაზე მისი გადაყვანა. ამ შემთხვევაში სუნთქვას სპეციალური აპარატი უზრუნველყოფს. პაციენტს აუცილებლად აუღებენ ანალიზისთვის სისხლსა და შარდს. შესაძლოა, საჭირო გახდეს თავის ტვინის, კისრის ან სხვა მიდამოს კომპიუტერული გამოკვლევა, ეკგ, გულმკერდის რენტგენოგრაფია. ინტრავენურად გადაუსხამენ სითხეებსა და იმ მედიკამენტებს, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერებების ეფექტს თრგუნავს.

გადარჩება თუ არა პაციენტი და, საზოგადოდ, ამგვარი სიტუაციებიდან გამოსავალი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: ნარკოტიკული ნივთიერების ტიპზე, რაოდენობაზე, ორგანიზმში მოხვედრის გზასა და ჯანმრთელობის სხვა, თანმხლებ პრობლემებზე. ოპიოიდების როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი ქმედობაუუნარობა, გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმელებისა და ტვინის დაზიანება.

 

მხუთავი აირით მოწამვლა

ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა ნახშირბადის მონოქსიდით, ე.წ. მხუთავი აირით მოწამვლა. ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა მაშინ ხდება, როცა სისხლში მისი დონე იმატებს. როცა გარემოში დიდი რაოდენობით გროვდება ნახშირბადის მონოქსიდი, სისხლის წითელ უჯრედებში ჟანგბადის ატომს ნახშირბადის მონოქსიდი ცვლის, ეს კი ძლიერ ჟანგბადოვან შიმშილს და ქსოვილების დაზიანებას იწვევს.

ნახშირბადის მონოქსიდი უფერო, უსუნო, გემოს არმქონე აირია, რომელიც ბუნებრივი აირის, ხის, პროპანის, ნახშირის ან სხვა საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება. გამათბობლები და საწვავზე მომუშავე სხვა მოწყობილობები მუშაობის დროს განსაზღვრული რაოდენობის ნახშირბადის მონოქსიდს გამოყოფს. ჩვეულებრივ, მათ მიერ გამოყოფილი ნახშირბადის მონოქსიდის რაოდენობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა დახურულ ან ნაწილობრივ დახურულ სივრცეში მისმა მაჩვენებელმა შესაძლოა საშიშ ზღვარს მიაღწიოს და ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

თუ ეჭვობთ, რომ თქვენ ან თქვენი თანმხლები პირი ნახშირბადის მონოქსიდით მოიწამლეთ, სასწრაფოდ გადით სუფთა ჰაერზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მხუთავი აირით მოწამვლის თაობაზე ეჭვს კი შემდეგი სიმპტომები გაგიჩენთ:

* ყრუ თავის ტკივილი;

* სისუსტე;

* თავბრუხვევა;

* გულისრევა, ღებინება;

* სუნთქვის უკმარისობა;

* გონების დაბინდვა;

* მხედველობის დაბინდვა;

* გონების დაკარგვა.

ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა განსკაუთრებით საშიშია მძინარე ადამიანისთვის. ამ დროს პაციენტმა შესაძლოა ტვინის შეუქცევადი დაზიანება მიიღოს ან მანამდე მოკვდეს, სანამ ვინმე პრობლემის არსებობას დაადგენს.

ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა განსაკუთრებით საშიშია:

* ნაყოფისთვის – ნაყოფის სისხლი ნახშირბადის მონოქსიდს უფრო იოლად ითვისებს, ვიდრე მოზრდილი ადამიანის სისხლი, ამიტომ ნაყოფი უფრო მგრძნობიარეა ნახშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციის მიმართ;

* ბავშვებისთვის – ბავშვების სუნთქვის სიხშირე მეტია, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ ისინი უფრო სწრაფად იწამლებიან მხუთავი აირით, ვიდრე მოზრდილები;

* ხანდაზმულებისთვის – ხანდაზმულებთან ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის დროს ტვინის დაზიანება უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდებთან.

ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ამიტომ პაციენტის კლინიკაში მოხვედრისთანავე ექიმები მკურნალობას იწყებენ. დიაგნოზის დასაზუსტებლად აკეთებენ სისხლის ანალიზსაც.

 

პირველი დახმარება

ერთადერთი, რისი გაკეთებაც სასწრაფოს მოსვლამდე შეგიძლიათ, სუფთა ჰაერზე გასვლაა. მიმღებ განყოფილებაში პაციენტებს სპეციალური ნიღბით ასუნთქებენ სუფთა ჟანგბადს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ჰიპერბარიულ ჟანგბადის კამერაში მოთავსება, სადაც ჰაერის წნევა ჩვეულებრივ გარემოზე 2-3-ჯერ მაღალია. ასეთი მკურნალობის წყალობით სწრაფად ხდება ორგანიზმიდან ნახშირბადის მონოქსიდის გამოძევება და ჟანგბადით ჩანაცვლება. ამ გზით შესაძლებელია ტვინისა და გულის დაზიანების თავიდან აცილება, ვინაიდან ეს ორგანოები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ჟანგბადოვანი შიმშილის მიმართ. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება ორსულ პაციენტებთანაც.

ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის პრევენციისთვის რამდენიმე ღონისძიებაა რეკომენდებული. არსებობს ნახშირბადის მონოქსიდის სპეციალური დეტექტორი, რომელიც ოთახში მხუთავი აირის საგანგაშო კონცენტრაციის დროს განგაშის სიგნალს გამოსცემს. მისი დამონტაჟება სასურველია საძინებელთან ახლოს. ზამთრის სეზონის დაწყებამდე აუცილებლად შეამოწმებინეთ სპეციალისტს თქვენი გამათბობელი, ვინაიდან ნახშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციას ყველაზე ხშირად სწორედ გაუმართავი გამათბობელი იწვევს.

 

გემრიელ საკვებში ჩამალული ნაღმი

მიუჯდები მოხდენილად გაწყობილ სუფრას, ისიამოვნებ გემრიელი კერძებით და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით, გაერთობი, ემოციებით დატვირთული დაბრუნდები შინ და... მოწამვლის ნიშნები ერთბაშად გააუფერულებს დღესასწაულს. არცთუ სასიამოვნო პერსპექტივაა, არა? მაშ, მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა იწვევს საკვებისმიერ ინტოქსიკაციას და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება.

 

საკვებისმიერ ინტოქსიკაციას მიკროორგანიზმებით დაბინძურებული საკვები იწვევს. დამნაშავე შესაძლოა აღმოჩნდეს ბაქტერიაც, ვირუსიც და პარაზიტიც, მოწამვლის უშუალო მიზეზი კი თავად მიკრობი ან მის მიერ გამომუშავებული ტოქსინია.

საკვების დაბინძურება მოსალოდნელია მისი წარმოების ნებისმიერ ეტაპზე: მოყვანისას, დამუშავებისას, შენახვისას, გადაზიდვისას თუ მომზადებისას. ეს ნახევარფაბრიკატებსაც ეხება და შინ მომზადებულ კერძებსაც. ამიტომ სურსათის სწორი დამუშავება, მომზადება და შენახვა აუცილებელია. არცთუ იშვიათია ჯვარედინი დაბინძურება, რაც გულისხმობს მავნე მიკრობების პროდუქტიდან პროდუქტზე გადასვლას ერთსა და იმავე ზედაპირთან კონტაქტის დროს. განსაკუთრებით დიდ სიფრთხილეს მოითხოვს უმი და ნახევრად უმი პროდუქტები, მაგალითად, სალათის ინგრედიენტები. ისინი არ იხარშება, არ ცხვება, შესაბამისად, მათზე არსებული მიკრობები არ ნადგურდება.

საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამომწვევი მიკრობებიდან აღსანიშნავია:

* კამპილობქატერია (Campylobacter), რომლით მოწამვლის სიმტომებიც 2-5 დღის შემდეგ იჩენს თავს. ბაქტერია ორგანიზმში ხვდება ცხოველის ფეკალიებით დაბინძურებულ ხორცთან, წყალსა და არაპასტერიზებული რძის ნაწარმთან ერთად.

* ბოტულიზმის ჩხირი (Clostridium botulinum).ინტოქსიკაციის ნიშნები თავს იჩენს 12-72 საათის შემდეგ. ამ ბაქტერიის ტოქსინი შესაძლოა აღმოჩნდეს დაბალი მჟავიანობის მქონე შინ მომზადებულ კონსერვებში, საწარმოში არასწორად მომზადებულ კონსერვებში, ასევე – შებოლილ და დამარილებულ თევზში, ფოლგაში გამომცხვარ კარტოფილში და სხვა.

* ნაწლავის ჩხირი(Escherichia coli). მოწამვლის სიმპტომები 1-8 დღის შემდეგ ვლინდება. ინტოქსიკაციის წყაროა საქონლის ხორცი, რომელიც პირუტყვის დაკვლის დროს ბინძურდება განავლით, ასევე – არაპასტერიზებული რძე, დაბინძურებული წყალი და სხვა.

სხვა, ნაკლებად გავრცელებული გამომწვევებია ჩლოსტრიდიუმ პერფრინგენს, ლამბლია (Giardia lamblia), A ჰეპატიტის ვირუსი (დაავადება თავს იჩენს ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 28 დღის შემდეგ), ლისტერია, ნოროვირუსი, როტავირუსი, სალმონელა, შიგელა, ოქროსფერი სტაფილოკოკი.

გამოიწვევს თუ არა დაბინძურებული საკვები მოწამვლას, გამომწვევის რაოდენობაზე, ადამიანის ასაკსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

დაავადების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:

* ასაკოვანი პირები, რომლებსაც იმუნური სისტემა სუსტი აქვთ – იმუნიტეტის სისუსტის გამო ორგანიზმმა შესაძლოა მიკრობის შეჭრაზე დროული, სწრაფი და ეფექტური რეაგირება ვერ მოახდინოს;

* ორსულები – საკვებით მოწამვლის რისკს ზრდის მეტაბოლიზმისა და სისხლის მიმოქცევის ცვლილებები. ჩამოთვლილ მიზეზთა გამო ორსულის ორგანიზმის რეაქცია შესაძლოა გაცილებით მწვავე აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა ადამიანისა. ის კი არა, ზოგ შემთხვევაში ნაყოფიც ზარალდება;

* ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები,რომელთაც იმუნური სისტემა სრულყოფილად არ აქვთ განვითარებული;

* ქრონიკულადმოავადე (დიაბეტი, ღვიძლის დაავადებები, შიდსი) პირები;

* ქიმიოთერაპიაზე, რადიაციულ თერაპიაზე მყოფი პირები (მკურნალობის ეს მეთოდები იმუნურ პასუხს ამცირებს).

 

როგორ ვლინდება

საკვებისმიერი მოწამვლის ნიშნები დაბინძურებული საკვების მიღებიდან ზოგჯერ – რამდენიმე საათის, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირის შემდეგ იჩენს თავს. მოწამვლის ნიშნებიც რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს გრძელდება.

საკვებისმიერ ინტოქსიკაციაზე მიუთითებს:

* გულისრევა;

* პირღებინება;

* დიარეა წყლისებრი განავლით;

* მუცლის ტკივილი და სპაზმები;

* ტემპერატურის მომატება.

საკვებისმიერი ინტოქსიკაცია უმეტესად დიდად საშიში არ არის, მაგრამ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ თუნდაც ერთი სიმპტომი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

* ხშირი ღებინება, რომელიც ბევრ სითხეს გაკარგვინებთ და გაუწყლოების საფრთხეს წარმოშობს;

* სისხლიანი ღებინება ან სისხლიანი განავალი

* დიარეა, რომელიც სამ დღეზე მეტია გრძელდება;

* მუცლის მწვავე, ძლიერი ტკივილი ან სპაზმები;

* 38 გრადუსზე მაღალი სიცხე;

* დეჰიდრატაციის მკაფიო სიმპტომები – ძლიერი წყურვილი, გამომშრალი პირი, შარდის შემცირება ან გაქრობა, ძლიერი სისუსტე, თავბრუხვევა;

* ნევროლოგიური სიმპტომები – მხედველობის დაბინდვა, კუნთების სისუსტე, ხელების დაბუჟება.

 

მთავარი საფრთხე

საკვებით მოწამვლის ყველაზე ხშირი გართულება დეჰიდრატაციაა. დეჰიდრატაცია გაუწყლოებას ნიშნავს და წყლისა და მინერალური მარილების დაკარგვის შედეგია. თუ ახალგაზრდა, პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი იღებს საკმარის სითხეს, მათ შორის – შემანაცვლებელსაც (სარეჰიდრატაციოს), ანუ ივსებს დანაკარგს, პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ ბავშვებმა, მოხუცებმა, სუსტი იმუნური სისტემის მქონე და ქრონიკულად მოავადე ადამიანებმა შესაძლოა ვერ შეივსონ ღებინებისა და დიარეის შედეგად დაკარგული სითხის მარაგი და გაუწყლოება დაემართოთ. ამ შემთხვევაში საჭიროა მათი ჰოსპიტალში გადაყვანა და ინტრავენური გადასხმით სითხის ბალანსის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოწამვლა შესაძლოა სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს.

ლისტერიით (Listeria monocytogenes) მოწამვლა ორსულისთვის განსაკუთრებით საშიშია – განურჩევლად იმისა, რა სიმძიმითაა გამოხატული ინტოქსიკაცია, ორსულობის ადრეულ პერიოდში მან შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა, მოგვიანებით კი – ნაყოფის სიკვდილი, ნაადრევი მშობიარობა ან ძლიერი, ფატალური ინფექცია მშობიარობის შემდეგ.

ნაწლავის ჩხირის (Escherichia coli) ზოგიერთი შტამი ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს იწვევს. ამ დროს ზიანდება თირკმელების უწვრილესი სისხლძარღვების ამომფენი გარსი, რასაც ზოგჯერ თირკმლის უკმარისობამდეც კი მივყავართ. გართულების რისკი უფრო მაღალია ასაკოვნებთან, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებთან, ამიტომ ამ კატეგორიის ადამიანებმა, თუ ძლიერი ან სისხლიანი დიარეა აქვთ, ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადონ.

 

როგორ მოვიქცეთ

სვით ბევრი სითხე. მიირთვით მსუბუქი საკვები. მიიღეთ სარეჰიდრატაციო ხსნარი. დაავადების დიაგნოზს ექიმი დეტალური გამოკითხვისა და ლაბორატორიული მონაცემების შეფასების შედეგად დასვამს, თუმცა გამომწვევის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

საკვებისმიერი მოწამვლის მკურნალობა გულისხმობს:

* დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების ჩანაცვლებას. ელექტროლიტები ის ელემენტებია, რომლებიც სითხის ბალანსს უნარჩუნებს ორგანიზმს. ესენია ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი. დანაკარგი აუცილებლად უნდა აღდგეს. თუ პაციენტს საჭირო რაოდენობის სითხის დალევა არ შეუძლია, ბალანსი ინტრავენური გადასხმით უნდა შეივსოს.

* ანტიბიოტიკების მიღებას – იმ შემთხვევაში, თუ ინტოქსიკაციის მიზეზი ბაქტერიაა, ხოლო ინტოქსიკაციის სიმპტომები – ძლიერი. ლისტერიული ინტოქსიკაციის დროს ანტიბიოტიკების ინტრავენური გადასხმაა საჭირო. დროული ანტიბაქტერიული მკურნალობა განსაკუთრებით ორსულებისთვისაა მნიშვნელოვანი, რათა ნაყოფზე ინტოქსიკაციის ზემოქმედება შეფერხდეს.

მოზრდილ ადამიანს, რომელსაც არც სისხლიანი განავალი აქვს და არც მაღალი ტემპერატურა, ექიმთან კონსულტაციით შეუძლია მიიღოს ლოპერამიდი (იმოდიუმი) ან სხვა პრეპარატები.

საკვებისმიერი ინტოქსიკაცია უმეტესად მკურნალობის გარეშეც გაივლის 48 საათის განმავლობაში, მაგრამ თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ და დეჰიდრატაციასაც აიცილებთ თავიდან, თუ სპეციალისტთა რჩევებს გაითვალისწინებთ:

* რამდენიმესაათის განმავლობაში საკვებისგან თავი შეიკავეთ.

* სვით ბევრი სითხე – უგაზო მინერალური წყალი, უკოფეინო სასმელები. როდესაც შარდი ბაცი და უხვი გახდება, მიხვდებით, რომ საკმარისი სითხე მიიღეთ.

* კვება დაიწყეთ მსუბუქი, ნაკლებცხიმიანი, ადვილად მოსანელებელი საკვებით. მაგალითად, ორცხობილათი, ბანანით, ბრინჯით. თუ გულისრევის შეგრძნება დაგიბრუნდათ, ჭამა შეწყვიტეთ.

* ვიდრე გამოკეთდებით, ერიდეთ რძის პროდუქტებს, კოფეინს, ალკოჰოლს, ნიკოტინს, ასევე – ცხიმიან ან ჭარბად შეკაზმულ კერძებს.

* დაისვენეთ – დეჰიდრატაციამ სისუსტე და დაღლილობა იცის.

 

დავიცვათ თავი

საკვებისმიერი ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად კერძის მომზადებამდეც და მომზადების შემდეგაც თბილი წყლითა და საპნით დაიბანეთ ხელები. საგულდაგულოდ გარეცხეთ ჭურჭელი და საჭრელი დაფა.

ეცადეთ, უმი სურსათი არ შეეხოს მზა კერძს. შეძენის, მომზადებისა და შენახვისას უმი ხორცი, ფრინველი, თევზი ყოველთვის გააცალკევეთ სხვა პროდუქტებისგან. ეს ჯვარედინი დაბინძურებისგან დაგიცავთ.

თერმულად კარგად დაამუშავეთ უმი ხორცი და ნახევარფაბრიკატები.

დროულად შეინახეთ მაცივარში მალფუჭებადი პროდუქტები.

გაყინული სურსათი გაალღვეთ არა ოთახის ტემპერატურაზე, არამედ მაცივარში ან მიკროტალღურ ღუმელში (სპეციალურ რეჟიმში). გალღობისთანავე მოამზადეთ მისგან კერძი.

ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს დაყოვნებისას საკვებში შესაძლოა ისე გამრავლდნენ მიკრობები და იმდენი ტოქსინი დაგროვდეს, რომ მოხარშვამაც ვეღარ უშველოს.

საკვებისმიერი ინტოქსიკაცია განსაკუთრებით საშიშია მცირე ასაკის ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, მოხუცებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის. ისინი ზედმიწევნით უნდა ერიდონ უმ და თერმულად ნაწილობრივ დამუშავებულ ხორცს, ფრინველს, თევზს, მოლუსკებს, ლოკოკინებს, მიდიებს, კვერცხს (მაგალითად, თოხლო კვერცხს, გოგლი-მოგლს, შინ მომზადებულ ნაყინს), არაპასტერიზებულ წვენებს, არაპასტერიზებულ აუდუღარ რძესა და მის ნაწარმს, ჭყინტ ყველს, სოსისს, ძეხვს და სხვ.

 

სოკოთი მოწამვლა

შხამიანი სოკოს უვნებელი სოკოსგან გარჩევა ძნელია, თუმცა ცნობილია, რომ ხის სოკო ნაკლებად შხამიანია, ვიდრე მიწისა.

სოკოსმიერი ინტოქსიკაციის ადრეული ნიშნები საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ნიშნებს ჰგავს: გულისრევის შეგრძნება, მუცლის სპაზმები, ღებინება და დაირეა, ზოგჯერ – სისხლიანიც კი. ეს ნიშნები სოკოს ჭამისთანავე ან ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ იჩენს თავს. ინტოქსიკაცია, რომელიც სოკოს ჭამიდან ორი საათის განმავლობაში იწყება, წესისამებრ, ნაკლებსაშიშია, ვიდრე ის, რომელიც ექვსი საათის შემდეგ იწვევს მოწამვლის ნიშნებს.

თუ სოკოთი მოწამვლას ეჭვობთ, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან თავად მიმართეთ ექიმს, თუ შესაძლებელია, შეინახეთ სოკოს ნიმუშიც. სოკოთი მოწამვლა ზოგჯერ სერიოზულ დაზიანებებს იწვევს შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვა, თირკმელების, ღვიძლის უკმარისობა. სამწუხაროდ, არც სიკვდილია გამორიცხული. ამიტომ ჯობს, ექიმის მეთვალყურეობით პრევენციული ღონისძიებები ჩატარდეს.

 

შინაურიშხამები

სუფთა სახლი მთელი ოჯახის ჯანმრთელობის საწინდარია, მაგრამ იმისთვის, რომ იდეალურ სისუფთავეს მივაღწიოთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებთ ქიმიურ საშუალებებს, რომლებიც მჟავებს, ტუტეებს, ქლორის ნაერთებს შეიცავს. ისინი ფერად, მიმზიდველ ჭურჭელში ასხია და ინტერესს უღვიძებს პატარებს. ეს სულაც არ არის წვრილმანი, რადგან ერთი შეხედვით უწყინარმა ქიმიურმა ხსნარმა შესაძლოა ძლიერი მოწამვლა ან დამწვრობა გამოიწვიოს. თუმცა არასწორი გამოყენების შემთხვევაში ხშირად უფროსებიც ზარალდებიან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ უსაფრთხოების წესებიც და ისიც, როგორ მოვიქცეთ მწვავე მოწამვლისა თუ დამწვრობის დროს.

 

მჟავები

მჟავა შეიძლება იყოს მსუბუქიც და შედარებით ძლიერმოქმედიც. მსუბუქ მჟავებს მიეკუთვნება ძმარმჟავა და ლიმონმჟავა. ისინი უვნებელია ბავშვებისა და ცხოველებისთვის. მსუბუქი მჟავა გამოიყენება მინის ჭურჭლიდან წყლის ლაქების მოსაშორებლად, ლითონის სახელურების, საშხაპისა და ონკანის გასაპრიალებლად.

ფოსფორმჟავა შედარებით ძლიერია. მას უნიტაზის, კაფელისა და აბაზანის საწმენდად იყენებენ.

განსაკუთრებით საშიშია გოგირდმჟავას, მარილმჟავასა და ნატრიუმის სულფატზე დამზადებული საწმენდი საშუალებები. ისინი მხოლოდ ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს კი არ აშორებენ, არამედ ლითონსაც “ღრღნიან”. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია მათი ეფექტი კანზე ამ ლორწოვანზე მოხვედრისას... განსაკუთრებით ერიდეთ ისეთ მჟავაშემცველ საშუალებებს, რომლებიც კანალიზაციის მილების საწმენდადაა განკუთვნილი. მათი დალევა საყლაპავის ძლიერ დამწვრობას იწვევს.

ეტიკეტზე ყოველთვისაა მითითებული უსაფრთხოების წესები, ამიტომ ჭურჭელს ეტიკეტს ნუ მოაშორებთ. ნურც საწმენდ საშუალებებს აურევთ ერთმანეთში. მაგალითად, თუ მჟავაშემცველ უნიტაზის საწმენდს მათეთრებელს შეურევთ, წარმოიქმნება ქლორის ორთქლი, რომელიც სერიოზულად დაგიზიანებთ სასუნთქ სისტემას. დალაგების დროს კი აუცილებლად გაანიავეთ ოთახი.

 

ტუტეები

ტუტეები უმთავრესად ქურების, საზოგადოდ, სამზარეულოს ინვენტარის საწმენდი საშუალებების, საწმენდი ფხვნილების შემადგენლობაში შედის.

ნატრიუმის ბიკარბონატი (იგივე საჭმელი სოდა) მსუბუქი ტუტეა და ბავშვებისთვის არ არის საშიში.

ამიაკი და ნატრიუმის ბორატი საშუალო სიძლიერის ტუტეებს მიეკუთვნება. არასოდეს შეურიოთ ამიაკი ქლორს ან მათეთრებელ საშუალებას – წარმოიქმნება ქლორამინის აირი, რომელიც ძლიერ აღიზიანებს თვალებს.

განსაკუთრებით საშიშია ტრინატრიფოსფატი, რომელიც კანს წვავს. მაღალი ტოქსიკურობის გამო ის ფაქტობრივად ამოღებულია საწმენდი საშუალებების წარმოებიდან.

 

მათეთრებელი საშუალებები

მათეთრებელ საშუალებებს ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად, სადეზინფექციოდ, სოკოსა და ობის საპროფილაქტიკოდ იყენებენ. ზოგი მათგანის ეტიკეტზე შესაძლოა არც კი იყოს მითითებული, რომ ეს მათეთრებელი საშუალებაა, მაგრამ შემადგენლობაში წააწყდებით ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, კალციუმის ჰიპოქლორიტი. ქლორი, როგორც აღვნიშნეთ, აღიზიანებს კანსა და თვალებს. მათეთრებლის დალევა იწვევს გულისრევას და საყლაპავის ძლიერ დამწვრობას.

 

საპრიალებელი საშუალებები

ავეჯის საპრიალებელი საშუალებების შემადგენლობაში შედის სპეციფიკური ქიმიური ნივთიერება – ე. წ. ნახშირწყალბადი მინერალურ ზეთებთან ერთად. მათი გადაყლაპვის შემთხვევაში ვითარდება ძლიერი ხველა და ღებინება, რომელიც ხშირად ასპირაციული პნევმონიით მთავრდება. საპრიალებელი საშუალებების უმეტესობა აეროზოლის სახით იწარმოება. მოარიდეთ ისინი სიცხეს, რადგან მაღალ ტემპერატურაზე კონტეინერი შესაძლოა აფეთქდეს.

 

როგორც ითქვა, ქიმიური ნივთიერება შესაძლოა სხვადასხვა გზით მოხვდეს ორგანიზმში: სასუნთქი სისტემის გავლით ან პერორალურად (დალევით). კანსა და ლორწოვანთან მათი კონტაქტი ძლიერ დაზიანებას იწვევს.

 

გაგაცნობთ ინტოქსიკაციის ნიშნებს, რომელთა დროსაც აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა:

* სუნთქვის გაძნელება;

* თავის ტკივილი და მხედველობის დაბინდვა;

* თავბრუხვევა;

* კანის გამუქება;

* კორდინაციის დარღვევა, კანკალი;

* საერთო სისუსტე, ძილიანობა;

* გულყრა (კრუნჩხვა);

* დიარეა;

* კანისა და ლორწოვანის დამწვრობა;

* გულისრევა, ღებინება;

* პირის ღრუს, ტუჩების დამწვრობა, ყლაპვის გაძნელება;

* სისხლიანი ღებინება.

 

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე

* თუ დაინახეთ, რომ ადამიანმა რომელიმე ქიმიური ნივთიერება გადაყლაპა, ამოუსუფთავეთ პირის ღრუ ნარჩენისგან, სასწრაფოდ წაიკითხეთ ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქცია და მიჰყევით მას. იქ ამოიკითხავთ, როგორ მოიქცეთ მოწამვლისას.

* თუ შხამი კანზე მოხვდა, თქვენც აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები, გახადეთ დაზარალებულს დაბინძურებული ტანსაცმელი და დაზიანებულ კანზე 15-20 წუთით მიუშვით გამდინარე წყლის ჭავლი.

* თუ ქიმიური ნივთიერება თვალში მოხვდა, ურეცხეთ თვალი ცივი წყლით 20 წუთის განმავლობაში.

* თუ მოწამვლა ქიმიური აირით მოხდა, უპირველეს ყოვლისა, დაზარალებული სუფთა ჰაერზე გაიყვანეთ.

* ღებინების შემთხვევაში სასუნთქი გზების საკვებით დახშობის თავიდან ასაცილებლად მოწამლული დააწვინეთ გვერდზე.

* თუ სუნთქვა შეწყვიტა, ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი.

* გულყრის შემთხვევაში დააწვინეთ გვერდზე, თავქვეშ ამოუდეთ ბალიში. ნუ ეცდებით უნებლიე მოძრაობების შეკავებას – ამ გზით დაზარალებულს დამატებით ტრავმას მიაყენებთ.

* არ დაალევინოთ არავითარი სითხე, რა “სასარგებლოც” უნდა გეჩვენოთ.

* ნუ მოახდენთ გულისრევის პროვოცირებას თვითნებურად.

* დაბოლოს, არასოდეს ჩაასხათ თხევადი ქიმიური ნივთიერებები საკვებისთვის განკუთვნილ კონტეინერში, ქილასა თუ ბოთლში, მეტადრე – თუ ეს ნივთიერება გამჭვირვალეა და ძნელად გასარჩევია წყლისგან.

 

 

ვერცხლისწყალიმოუხელთებელი საწამლავი

უძველეს ჩინეთსა და ტიბეტში ვერცხლისწყალი დღეგრძელობის წყაროდ მიიჩნეოდა. შუა საუკუნეებში მას აქტიურად იყენებდნენ საწამლავად. არც ალქიმიკოსებს გამოჰპარვიათ მისი უნიკალურობა – ეგონათ, თუ მას სიმყარეს მიანიჭებდნენ, მისგან ოქროს მიღებას მოახერხებდნენ. საუკუნეების განმავლობაში ვერცხლისწყალი შედიოდა წამლების: დიურეტიკების (შარდმდენების), ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური საშუალებების, – შემადგენლობაში. XVIII საუკუნეში მისი მოხმარების ბუმი დაიწყო – ვერცხლისწყლით მკურნალობდნენ სიფილისს. ინგლისური გამოთქმა “მეცილინდრესავით შეშლილის” წარმოშობაც ვერცხლისწყალს უკავშირდება – ამ ნივთიერებას ფეტრის დასამუშავებლად იყენებდნენ და მეცილინდრეები მისი ორთქლით იწამლებოდნენ, რაც ნერვულ სისტემას ვნებდა.

და მაინც, ვერცხლისწყლის ხსენებისას, უპირველეს ყოვლისა, ალბათ მაინც ვერცხლისწყლის თერმომეტრი წარმოგვიდგება თვალწინ, რომელიც დღემდე ფართოდაა გავრცელებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ნივთიერებას იყენებენ ელემენტების, მანომეტრების წარმოებაშიც. ვერცხლისწყალს ასევე შეიცავს კანის მათეთრებელი კოსმეტიკური საშუალებები. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ასეთი საშუალებების გავრცელება ამერიკის ტერიტორიაზე უკვე აკრძალა. არც ისე დიდი ხნის წინ ვერცხლისწყალი ფართოდ გამოიყენებოდა სტომატოლოგიაშიც ამალგამის სახით.

 

რამდენად საშიშია ვერცხლისწყალი?

ბუნებაში ვერცხლისწყლის სამი ფორმა გვხვდება: ელემენტარული ვერცხლისწყალი, არაორგანული ვერცხლისწყლის მარილები და ორგანული მეთილირებული ვერცხლისწყალი. ამათგან მომაკვდინებელი ტოქსიკურობა მეთილირებულ ვერცხლისწყალს ახასიათებს. აღსანიშნავია, რომ დაუზიანებელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას ვერცხლისწყლის მარილების მხოლოდ 2-10% შეიწოვება. ელემენტარულ ვერცხლისწყალს ორგანიზმი ფაქტობრივად არ შეიწოვს (შეწოვა არ აღემატება 0,1%-ს), რასაც ვერ ვიტყვით მეთილირებულ ვერცხლისწყალზე – მისი შეწოვა 90%-ს აღწევს.

ელემენტარული ვერცხლისწყალი, რომელსაც თერმომეტრებისა და მანომეტრების წარმოებაში იყენებენ, აქროლადია, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, სასუნთქ გზებს აზიანებს.

მეთილირებული ვერცხლისწყალი ხშირად გვხვდება დაბინძურებულ მდინარეებსა და წყალსატევებში. წყლიდან ის წყალმცენარეების საშუალებით თევზების ორგანიზმში ხვდება, სადაც ისე მჭიდროდ უკავშირდება ცილებს, რომ თერმული დამუშავების (მოხარშვის, შეწვის) დროსაც კი არ იშლება. ასეთი თევზი ძლიერ მომწამვლელია და ე. წ. მინამატას დაავადებას იწვევს. დაავადება 1956 წელს აღმოაჩინეს. იაპონიის ქალაქ მინამატაში კომპანია ჩჰისსო-მ ქარხანა ააშენა, სადაც ქიმიურ ნივთიერებებს აწარმოებდნენ, ნარჩენებს კი წყალში ყრიდნენ. ერთ-ერთი ასეთი ნარჩენი ვერცხლისწყალი იყო. ვერცხლისწყალმა მიკროორგანიზმების ზემოქმედებით მეთილირება განიცადა და წარმოიქმნა ახალი ორგანული შხამი – მეთილირებული ვერცხლისწყალი. დაბინძურებულ წყალში დაჭერილი თევზის შეჭმის შემდეგ 2200 ადამიანი ერთნაირი სიმპტომებით მოხვდა საავადმყოფოში. 1700 მათგანი გარდაიცვალა. სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, რომ დამნაშავე ვერცხლისწყალი იყო.

სტატისტიკური მონაცემებით, მინამატას დაავადებით კანადის, ბრაზილიის, იაპონიისა და კოლუმბიის ზოგიერთ გეოგრაფიულ ზონაში 1000-დან 17-მდე ბავშვი ავადდება.

 

როგორ ვლინდება ვერცხლისწყლით მწვავე მოწამვლა?

ვერცხლისწყლით მოწამვლისას ზიანდება ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანო: ფილტვები, თავის ტვინი, გული და თირკმელები.

ვერცხლისწყლით მწვავე ინტოქსიკაციის ზოგადი ნიშნებია:

* მეტალისმიერი ცხელება, რომელიც ვლინდება მაღალი (40-ზე მეტი) ტემპერატურით, თავბრუხვევით, სისუსტით, მუცლის ტკივილით, დიზურიით (შარდვის გაძნელებით) და მტკივნეული ერექციით.

 

* აკროდინია. ცნობილია როგორც ვარდისფერი დაავადება. გამოწვეულია ვერცხლისწყლის მიმართ ალერგიული რეაქციით. ვლინდება ხელისგულებისა და ფეხისგულების ჰიპერემიით (სიწითლით), ხელ-ფეხების შეშუპებით, აქერცვლადი გამონაყარით, თმის ცვენით, ტაქიკარდიით (გულისცემის გახშირებით), მაღალი არტერიული წნევით, ფოტოფობიით (სინათლის შიშით), დიარეით ან ყაბზობით, სუნთქვის უკმარისობით, კუნთოვანი სისუსტით.

როგორც ავღნიშნეთ, ელემენტარული ვერცხლისწყალი აქროლადია, ამიტომ ინტოქსიკაცია ჩასუნთქვის შედეგად ხდება. უპირველეს ყოვლისა, ზიანდება სასუნთქი სისტემა, ვითარდება პნევმონიტი, სუნთქვის უკმარისობა. შესაძლოა, თავი იჩინოს ზოგადი ინტოქსიკაციის შემდეგმა ნიშნებმა:

* ხელების კანკალმა;

* ემოციურმა ლაბილურობამ, გაღიზიანებადობამ, განწყობის ხშირმა ცვლილებამ;

* უძილობამ;

* თავის ტკივილმა;

* ყუდარღების დეფიციტმა;

* მეხსიერების დაქვეითებამ.

ვერცხლისწყლის მარილებით ინტოქსიკაციისას მოსალოდნელია:

 

* კონტაქტური დერმატიტი (კანთან კონტაქტის შემთხვევაში);

* სისხლიანი დიარეა;

* თირკმლის უკმარისობა;

* აგზნება და მეხსიერების დაბინდვა.

მეთილირებული ვერცხლისწყალი საკვებიდან სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ნერვულ სისტემას აზიანებს. მისთვის დამახასიათებელია:

* პერიფერიული მხედველობის დაქვეითება;

* სახის, პირის ირგვლივ არსებული მიდამოს დაბუჟება;

* ჩხვლეტის შეგრძნება ხელ-ფეხში;

* მეტყველებისა და სმენის დარღვევა;

* კორდინაციის დარღვევა, ბარბაცი;

* კუნთოვანი სისუსტე.

 

“მოუხელთებელი” მეტალი

სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად ვერ იხსენებენ ან არ იციან, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ვერცხლისწყალთან, ამიტომ დაავადების დიაგნოსტიკა ჭირს. ეს პროცესი კვირაობით, ზოგჯერ კი თვეობითაც ჭიანურდება. ექიმები იკვლევენ პაციენტებს ისეთ დაავადებებზე, რომლებსაც მსგავსი სიმპტომატიკა ახასიათებს: გვერდით ამიოტროფიულ სკლეროზზე, გაფანტულ სკლეროზზე, სხვა მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციაზე... ამიტომ, თუკი რაიმე შეხება გქონიათ ვერცხლისწყალთან, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

დაავადება დიაგნოსტირდება სისხლსა და შარდში ვერცხლისწყლის განსაზღვრით. ვერცხლისწყლის დასაშვები კონცენტრაცია სისხლში <10მკგ`ლ-ია, ხოლო შარდში – <20მკგ`ლ. უფრო მაღალი კონცენტრაცია ინტოქსიკაციაზე მიუთითებს. სისხლის საერთო ანალიზი ანემიას ავლენს, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ კი შესაძლოა თავის ტვინის ქერქის ატროფია გამოავლინოს.

 

მკურნალობა

მწვავე სიმპტომების გამომჟღავნებისთანავე აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. უპირველეს ყოვლისა, პაციენტი უნდა მოვარიდოთ გამომწვევ ტოქსინს და მთლიანად გავხადოთ ტანსაცმელი. ელემენტარულმა ვერცხლისწყალმა და ვერცხლისწყლის მარილებმა შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების შეშუპება, დახშობა, სუნთქვის უკმარისობა. ამ შემთხვევაში უწინარესად სასუნთქი გზების გამავლობა უნდა აღდგეს. ვერცხლისწყლის მარილებით მოწამვლას ღებინება ნაკლებად ახსიათებს, ამიტომ მეტალის ორგანიზმიდან გამოსადევნად აგრესიული ინფუზიური თერაპიაა საჭირო.

აქტივირებული ნახშირი ორგანული ვერცხლისწყლით მოწამვლისას გამოიყენება, თუმცა გაცილებით ეფექტურია პოლითიოლის პოლიმერი.

თუ სისხლის ანალიზით ვერცხლისწყლის მაღალი კონცენტრაცია დადასტურდა, რეკომენდებულია სპეციფიკური ხელატოთერაპია 2,3 დიმერკაპტოპურინის მჟავათი (DMSA). მას ბავშვებთანაც აქტიურად იყენებენ.

მძიმე შემთხვევაში, როცა თირკმელები ფუნქციობას წყვეტს, რეკომენდებულია დიალიზი L ცისტეინით. ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნავს სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმის ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზმიდან ვერცხლისწყლის მთლიანად გამოდევნა ვერ ხერხდება. პაციენტებს რჩებათ ნევროლოგიური დეფიციტი.

 

თუ თერმომეტრი გაგიტყდათ

თერმომეტრი ყველას გაგვტეხია, მაგრამ ალბათ არასდროს დავფიქრებულვართ, რამდენად საშიშია დაღვრილი ვერცხლისწყალი. უმეტესობა უბრალოდ იღებს ცოცხსა და აქანდაზს და მიმოფანტულ ბურთულებს სანაგვეში ყრის. აშშ-ის ტოქსიკური ნივთერებებისა და დაავადებების სააგენტომ გამოსცა რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ მოვიქცეთ და რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დროს.

თუ თერმომეტრი გაგიტყდათ და ვერცხლისწყალი დაგეღვარათ:

* ოთახიდან სასწრაფოდ უნდა გავიდეს ყველა, განსაკუთრებით – ბავშვები. რჩება ერთი ადამიანი, რომელმაც დაღვრილი ვერცხლისწყალი უნდა შეაგროვოს.

* დაკეტეთ სხვა ოთახებში გამავალი კარი, გააღეთ ყველა ფანჯარა და გაანიავეთ ოთახი. გამორთეთ გათბობა და ცენტრალური კონდიცირება – მაღალ ტემპერატურაზე ვერცხლისწყალი ადვილად ორთქლდება, ვენტილაციის საშუალებით კი მთელ სახლში გაავრცელებთ.

* მოიმარაგეთ ნივთები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ: პლასტმასის კონტეინერი, რომელსაც მყარად ეხურება თავსახური, სანაგვე პარკი, რეზინის ან ლატქესის ხელთათმანები, ქაღალდის ხელსახოცი, პიპეტი, წებოვანი ლენტი, პატარა ფუნჯი, ფარანი, მუყაოს ნაჭერი.

* გაიკეთეთ ხელთათმანები. მუყაოთი შეაგროვეთ დიდი ბურთულები და მინის ნატეხები და პლასტმასის კონტეინერში ჩაყარეთ. პატარა ბურთულები პიპეტით შეაგროვეთ. თუ პიპეტი არ გაქვთ, გამოიყენეთ შპრიცი. ძალიან პატარა ბურთულები შეიძლება აიღოთ წებოვანი ლენტით.

კარგად დაათვალიერეთ ოთახის კუთხეები – ვერცხლისწყალი ძლიერ მოძრავია და იოლად იფანტება დიდ მანძილზე.

* თუ შეინ შემთხვევით აღმოგაჩნდათ გოგირდის ფხვნილი, შეიძლება მისი გამოყენებაც. გოგირდის ფხვნილს ორმაგი ეფექტი აქვს. ის რეაქციაში შედის ვერცხლისწყალთან და უვნებელს ხდის მას. ამასთან, ვერცხლისწყალთან შეხებისას ის ფერს იცვლის, ყავისფერი და ადვილი შესამჩნევი ხდება.

* მოწმინდეთ იატაკი სველი ტილოთი, ტილო მოათავსეთ პარკში, პირი მოუკარით და გადააგდეთ.

* გაანიავეთ ოთახი, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში.

 

როგორ არ უნდა მოიქცეთ

* არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი და ცოცხი ვერცხლისწყლის ბურთულების ასაღებად – მტვერსასრუტი ხელს შეუწყობს მის აორთქლებას, თავად მტვერსასრუტს კი შემდგომ ვეღარ გამოიყენებთ; ცოცხით აღებისას ვერცხლისწყალი წვრილ ბურთულებად იშლება, რაც ასევე აადვილებს მის აორთქლებას.

* არ ჩაყაროთ ვერცხლისწყალი საკანალიზაციო მილში – შესაძლოა მილშივე დარჩეს და ოთახში აორთქლება განაგრძოს.

* ოთახში მყოფმა პირებმა, რომლებიც ფეხსაცმლით შეეხნენ ვერცხლისწყალს, მაშინვე უნდა გაიხადონ ფეხსაცმელი, რომ ვერცხლისწყლი მთელ სახლში არ გაავრცელონ, მოათავსონ პოლიეთილენის პარკში და პირი მოუკრან.

* არ გარეცხოთ ვერცხლისწყლით დაბინძურებული ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში – ვერცხლისწყალი მანქანის დოლურაში ჩარჩება და ტოქსიკურ მოქმედებას განაგრძობს.

ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ (AAP) ჯერ კიდევ 2001 წელს გასცა რეკომენდაცია,ვერცხლისწყლის თერმომეტრები უსაფრთხოების მიზნით ელექტრონულით შევცვალოთ.

 

წამალი თუ საწამლავი? – გააჩნია დოზას

ყველა წამალი შხამია და ყველა შხამი – წამალი, გააჩნია დოზას, – პარაცელსუსის ამ გენიალურ მიგნებას დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. მეტიც – მედიცინის განვითარებასთან ერთად იზრდება ყველაზე “უწყინარი” წამლების არასწორი გამოყენებით გამოწვეული საფრთხეების სიაც. აღმოჩნდა, რომ წამლის მიღებისას არა მარტო დოზა და შეყვანის გზა, არამედ სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და პაციენტის კვების რაციონიც კი უნდა გავითვალისწინოთ.

მაშ, როგორ მოვიქცეთ, წამალი საწამლავად რომ არ გვექცეს?

დღეს სწორედ წამლისმიერ ინტოქსიკაციაზე ვისაუბრებთ.

წამლისმიერი ინტოქსიკაციის მიზეზი ყველაზე ხშირად სიფრთხილის ზომების დაუცველობაა. ბავშვებს პატარა ბურთულები კანფეტები ჰგონიათ და გემრიელად შეექცევიან. ამის თავიდან ასაცილებლად მარტივი წესი უნდა დაიცვათ – ყოველგვარი წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახოთ, მაგრამ თუ პატარამ მაინც გაუსინჯა გემო, დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. საკითხი გაცილებით რთულად დგას, როდესაც საქმე შემთხვევით ინტოქსიკაციას ეხება – გგონიათ, მკურნალობთ, სინამდვილეში კი იწამლებით. სწორედ ასეთ შემთხვევებზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ კეზელი.

 

– რა გზას გაივლის წამალი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ და რაზეა დამოკიდებული მისი მოქმედება?

– წამლის ეფექტი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყოველგვარ წამალს აქვს მოხმარების წესი, რომლის დაუცველობამაც შესაძლოა წამლისმიერი ინტოქსიკაცია ან სხვა გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ ყოველგვარი წამალი დიდი სიფრთხილით, საჭირო დროს, საჭირო დოზითა და ხანგრძლივობით უნდა გამოვიყენოთ.

წამლის მიღებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმში მისი შეყვანის გზას. გზას, რომლის დროსაც წამალი თავდაპირველად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება, ენტერალური ეწოდება, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარეთ ნებისმიერი გზა პარენტერალურია. მაგრამ რა გზითაც არ უნდა შევიყვანოთ ორგანიზმში წამალი, ის აუცილებლად მოხვდება სისხლში. განსხვავება მხოლოდ დროშია. როდესაც წამალი ვენაში ან არტერიაში შეგვყავს, ცხადია, მთელი დოზა პირდაპირ სისხლში გადადის, ამიტომ შეყვანის ეს გზა ყველაზე სწრაფიცაა და, ამავე დროს, ყველაზე საშიშიც. გადაუდებელ შემთხვევებში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება, ქრონიკულ პაციენტებთან კი ენტერალურს.

სისხლს წამალი ყველა ქსოვილამდე მიაქვს. წინათ მიაჩნდათ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი პლაცენტაში არ გადადიოდა. აღმოჩნდა, რომ გადასვლით ყველა გადადის, მაგრამ ზოგი მათგანი პლაცენტის კედელშივე იშლება და ნაყოფისთვის უვნებელი ხდება.

რამდენი წამალი გადავა ამა თუ იმ ქსოვილში, იმაზეა დამოკიდებული, რამდენი სისხლი მიეწოდება ამ ქსოვილს. რაც უფრო მეტად პერფუზირებადია ორგანო, მით მეტი წამალი მიდის მასთან და პირიქით.

ქსოვილებიდან წამალი ისევ სისხლში გადადის და მისი საშუალებით ღვიძლამდე აღწევს. ღვიძლი, როგორც ქიმიური ქარხანა, ორგანიზმში მოხვედრილ ნებისმიერ ქიმიური ნაერთს ამოიცნობს და უვნებელყოფს, ანუ უფრო ადვილად გამოსაყოფ ნაერთებად შლის. ეს ნაერთები სისხლს თირკმელებამდე მიაქვს, იქიდან კი ისინი გარეთ გამოიყოფა.

ამრიგად, წამალი ორგანიზმში მიმოქცევის მთელი პერიოდის განმავლობაში რამდენიმეჯერ ხვდება სისხლში, მაგრამ, შეყვანის ადგილის გათვალისწინებით – სხვადასხვა სიჩქარითა და კონცენტრაციით. ამის ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დიდი დოზით გამოყენებული ადგილობრივი საშუალებაც კი შეიძლება სისხლში მოხვდეს და სისტემური ეფექტი გამოიწვიოს. მაგალითად, მალამო. მისი წასმის დროს მნიშვნელოვანია, რამდენ სანტიმეტრს გამოადენთ ტუბიდან და რამხელა ფართობზე წაისვამთ. თუ ეს ფართობი დიდია, შესაძლოა, მალამომ მთელ ორგანიზმზე იმოქმედოს. ეს ფაქტორი განსაკუთრებით საყურადღებოა კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. მათი შემცველი მალამოები აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაიცემა და მოსახლეობაც საკმაოდ ხშირად იყენებს, მაგრამ საკმარისია, ნახევარ სანტიმეტრზე მეტი გამოადინოთ, რომ მალამოს მოქმედება ადგილობრივ საზღვრებს გასცდება. ამიტომ წამალი, რა გზითაც არ უნდა ვიღებდეთ, არ შეიძლება, ადვილად ხელმისაწვდომი იყოს სამედიცინო განათლების არმქონე პირებისთვის.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს დოზას. დოზა წამლის ის რაოდენობაა, რომელიც მოქმედების ადგილას სამკურნალო ნივთიერების სასურველ კონცენტრაციას ქმნის. დოზა აუცილებლად ინდივიადუალურად უნდა შეირჩეს. ჯერ ერთი, სხვადასხვა ადამიანს წამლის მიმართ სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს. მეორე – ადამიანები სხეულის მასითაც განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თუმცა გადაჭრით ვერც იმას ვიტყვით, რომ ვისაც დიდი მასა აქვს, დიდი დოზა სჭირდება და პირიქით. ესეც გამოსათვლელია. კუჭ-ნაწლავის მხრივ შეწოვა თუ შემცირებული ან გაძლიერებულია, წამლის ტრანსპორტი თუ შეფერხებული ან მომატებულია, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქცია დაქვეითებულია, დოზა უნდა შეიცვალოს. ბავშვებთან დოზა ძალზე მკაცრადაა დასაცავი, ვინაიდან მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ წამლის უვნებელმყოფი ფუნქცია. იგივე ითქმის ხანდაზმულებზეც. ზოგჯერ დოზა სქესსზეც არის დამოკიდებული. გასათვალისწინებელია თანმხლები დაავადებებიც. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ცვლის წამლის ფარმაკოკინეტიკას, დოზის საჭიროებასაც ცვლის.

– ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტებიდან რომელმა შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია?

– ინტოქსიკაციას ყველა პრეპარატი გამოიწვევს, თუ ზომაზე მეტი ან არასწორად მივიღეთ. ისევე როგორც აბსოლუტურად ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი ეფექტი, განურჩევლად იმისა, მცენარეული წარმოშობისაა, ცხოველური თუ სინთეზური.

ხშირად მოხმარებადი წამლებიდან მოწამვლის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა პარაცეტამოლი. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებთან. მოგეხსენებათ, პატარები, თუ განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, პრაქტიკულად ჯანმრთელნი არიან. მათთვის მთავარი პრობლემა ვირუსული ინფექციებით ხშირი ავადობაა. ამ დროს ყველაზე მეტად სიცხის დამწევ პრეპარატებს ვიყენებთ. მათ შორის უნივერსალურია პარაცეტამოლი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ პარაცეტამოლი ბავშვებთან არჩევის პრეპარატია. მისი გამოყენებისას მთავარია, ზედმიწევნით დავიცვათ მიღებათა შორის ინტერვალი. ამ შემთხვევაში ის სრულიად უწყინარია, სხვაგვარად კი შესაძლოა, უმძიმესი შედეგიც გამოიწვიოს.

ორგანიზმში მოხვედრილი პარაცეტამოლი სამ სხვადასხვა ნივთიერებად გარდაიქმნება. მათგან ორი უვნებელია, ერთი კი – მეტად საშიში, რადგან მსგავსება აქვს ღვიძლის ქსოვილთან და მას აზიანებს, ამიტომ ჩვენი ორგანიზმი ამ ნაერთს კიდევ ერთხელ უშვებს ქიმიური დამუშავების გზაზე და უვნებელ მეტაბოლიტად გარდაქმნის. მაგრამ თუ ამ პროცესში მონაწილე ნივთიერება გამოილია, ვიწამლებით. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანს ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს გადატანილი, მიიღო პარაცეტამოლის დიდი დოზა ან სათანადოდ დოზა, მაგრამ იმაზე ხშირად, ვიდრე საჭროა. ამ შემთხვევაში პარაცეტამოლის მავნე მეტაბოლიტი ღვიძლის ქსოვილს აზიანებს და ციროზს იწვევს. 1990-იან წლებში დიდ ბრიტანეთში ბავშვებს შორის ზედიზედ აღირიცხა ციროზის შემთხვევები. დაიწყეს მიზეზის ძებნა. გაირკვა, რომ იმ წელს აქტიურად ხდებოდა პარაცეტამოლის რეკლამირება და დედები მას დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ. სწორედ ასე გაირკვა, რომ პარაცეტამოლი ჰეპატოტოქსიკურია. მიღებიდან მიღებამდე, სასურველია, 6 საათი გავიდეს, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში 4 საათის შემდეგაც შეიძლება დოზის გამეორება.

– მაგრამ ზოგჯერ ტემპერატურა შუალედშიც იმატებს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

– პარაცეტამოლი მართლაც პირველი ორი საათის განმავლობაში გვაძლევს ეფექტს. ამის შემდეგ ტემპერატურა ისევ მაღლა იწევს. ეს იმიტომ, რომ სისხლში შექმნილი არ არის მისი სათანადო კონცენტრაცია. ეფექტი რომ შენარჩუნდეს, წამლის ე.წ. სტაციონარული კონცენტრაციაა საჭირო, მაგრამ ამ კონცენტრაციისთვის საჭირო დოზის ერთბაშად მიცემა არ შეიძლება. ის მიიღწევა პარაცეტამოლის მესამე მიღების შემდეგ და სიცხეც აღარ აიწევს. მანამდე, ანუ პირველი-მეორე მიღების შემდეგ, საფრთხე ემუქრებათ ბავშვებს, რომლებსაც კრუნჩხვისადმი მიდრეკილება აქვთ. ასეთ დროს პარაცეტამოლის მიღებიდან ორი საათის შემდეგ უნდა მივცეთ სხვა სიცხის დამეწევი, მაგალითად, იბუპროფენი. იბუპროფენის ჩართვა მხოლოდ თავიდან დაგვჭირდება, მერე ამ ფუნქციას უკვე პარაცეტამოლი შეასრულებს.

– როდესაც პარაცეტამოლის პირველი დოზის შემდეგ ტემპერატურა არ იკლებს, მშობლები პარაცეტამოლის სანთელს ხმარობენ. მართებულია ეს?

– ასეთი მიდგომა უმართებულოა. რექტალური სანთელი ინტოქსიკაციისგან ვერ დაგვიცავს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სანთელიც შეიწოვება და სისხლში ხვდება. მნიშვნელობა აქვს იმასაც, სწორ ნაწლავში რა სიღრმეზე შევიტანთ სანთელს. სწორი ნაწლავის ქვედა სეგმენტიდან სისხლი ღვიძლს არ გაივლის, შუა და ზედა სეგმენტიდან კი გაივლის, ამიტომ თუ სანთელი საკმარის სიღრმეზე არ შევიტანეთ, სისხლში უფრო დიდი დოზა მოხვდება, თანაც ღვიძლის გვერდის ავლით, რაც უფრო მეტად გაზრდის ინტოქსიკაციის რისკს.

შემთხვევითი მოწამვლის ალბათობა იზრდება გაციების საწინააღმდეგო იმ მედიკამენტების მიღებისას, რომლებიც პარაცეტამოლს შეიცავს. ადამიანი შესაძლოა მათთაც იღებდეს და პარაცეტამოლსაც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პარაცეტამოლი სხვადასხვა დასახელებით გამოდის, ამიტომ ყოველი პრეპარატის მიღებისას დიდი სიფრთხილე და კლინიკური ფარმაცევტის კონსულტაციაა საჭირო. უნდა იცოდეთ, რას სვამთ.

– როგორ ვლინდება პარაცეტამოლით მოწამვლა?

– პირველი ნიშანი გულისრევაა. ეს ღვიძლის ინტოქსიკაციის შედეგია. ბავშვს ეცვლება ფერი. მდგომარეობა მძიმდება. ამ სიმპტომების შესახებ აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს, ვინაიდან ისინი შესაძლოა სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული. კარგი იქნება, თუ პარაცეტამოლით მკურნალობისას ხაჭოს გამოიყენებთ – ის სწორედ იმ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც პარაცეტამოლის მეტაბოლიტს უვნებელყოფს და ამით ინტოქსიკაციისგან გვიცავს.

– პარაცეტამოლთან ერთად იბუპროფენის მაგივრად ასპირინის გამოყენება თუ შეიძლება?

– საზოგადოდ, ასპირინს ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი ეფექტი აქვს, სიცხესაც დაბლა სწევს და ანთებად ტკივილსაც აყუჩებს, თანაც პარაცეტამოლზე გაცილებით ეფექტურად, მაგრამ მისი მიღებისას რამდენიმე ვირუსსა და რეიეს სინდრომს შორის მაღალი კორელაციაა დადასტურებული, ეს სინდრომი კი სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ ბავშვებისთვის, მეტადრე – 12 წლამდე, ასპირინის მიცემა არ შეიძლება. სიცხის დამწევი უნივერსალური საშუალებები პარაცეტამოლი და იბუპროფენია.

– ასპირინით ინტოქსიკაცია როგორ ვლინდება?

– ასპირინით ინტოქსიკაციის დროს ვითარდება სალიცინიზმი. მისი პირველი ნიშანი ყურების შუილია. ასპირინის მთავარი ეფექტი, დადებითიც და უარყოფითიც, ის გახლავთ, რომ პროსტაგლანდების სინთეზს აქვეითებს. ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც ამიტომ აქვს. მაგრამ იმავე მექანიზმის გამო კუჭის ლორწოვან გარსს მარილმჟავას მიმართ სრულიად დაუცველს ტოვებს. ამის კვალობაზე, ასპირინი ახდენს ულცეროგენულ, წყლულის გამჩენ ეფექტსაც, ხოლო იმ პაციენტებთან, რომლებსაც ეროზია ან წყლული უკვე აქვთ, სისხლდენას იწვევს.

– ამის თავიდან ასაცილებლად ასპირინს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ომეპრაზოლთან) ერთად იღებენ...

– ესეც არასწორია. ასპირინის შეწოვა რომ მოხდეს, ის მჟავა გარემოში უნდა იყოს. კუჭის ლორწოვანის პროტექტორი მარილმჟავას სეკრეციის დაქვეითებას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, ასპირინის შეწოვას აქვეითებს. ესე იგი მავნე ზემოქმედების აღკვეთასთან ერთად ასპირინის ეფექტიც იკარგება.

– კიდევ რომელი პრეპარატებით მოწამვლაა ხშირი?

– ძალიან ხშირია მოწამვლა ცხვირის წვეთებით, ნაფტიზინით. განსაკუთრებით – ბავშვებთან. პატარებს ეს წამალი ძალიან მოსწონთ, მაგრამ თუ დიდი ოდენობით გამოიყენეთ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოქმედებისაა, შეიწოვება, გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე იმოქმედებს. ამ დროს ბავშვი დუნდება და შესაძლოა, კომაშიც ჩავარდეს. ესეც იმის უცოდინრობის ბრალია, რომ ნებისმიერი წამალი სისხლში ხვდება.

საყურადღებოა ანალგინი, რომლის დიდი დოზებიც იმუნოსუპრესიას იწვევს. მაგალითად, გოგონებს, რომლებსაც დისმენორეა (ტკივილი მენსტრუაციის დროს) ჰქონდათ და რეგულარულად იღებდნენ ანალგინს, ძვლის ტვინის სუპრესია განუვითარდათ. ეს პროცესი დასაწყისში მართვადია, მაგრამ თუ შორს წავიდა, საქმე შეუქცევად ცვლილებებამდე მივა. შეადარეთ ერთმანეთს მენსტრუალური ტკივილი და ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ან ტემპერატურა და ღვიძლის ციროზი. ასე რომ, უმართავად გამოყენებულმა წამალმა შესაძლოა იმაზე დიდი ზიანი მოგვაყენოს, რის გამოც მკურნალობა დავიწყეთ.

ერთხანს პოპულარული იყო ანტიდეპრესანტები. არადა, ცენტრალური ნერვული სისტემა მეტად რთული და, ამავე დროს, ბურუსით მოცული სისტემაა და მასთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ნებისმიერი ანტიდეპრესანტის მოქმედება იმისკენაა მიმართული, რომ ორგანიზმში ნორადრენალინისა და დოფამინის რაოდენობა გაზარდოს. თუ ეს უკონტროლოდ მოხდა, შესაძლოა, ფსიქოზიც განვითარდეს. ანტიდეპრესანტების განსაკუთრებული ჯგუფია მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტოები (მაო ინჰიბიტორები). რომლებთან ერთადაც სხვა ანტიდეპრესანტების გამოყენება ძალიან საშიშია. მათი გავლენით თავის ტვინში ამინების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ეფექტი მჟღავნდება ორი კვირის შემდეგ, ამიტომ მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან ორი კვირა არც ერთი სხვა წამლის მიღება არ შეიძლება, ვინაიდან წამალთაშორისი ურთიერთქმედება ჯერ კიდევ მოსალოდნელია.

გასათვალისწინებელია საკვებიც. მაო ინჰიბიტორებით მკურნალობისას ზოგიერთი პაციენტი ჰიპერტენზიული კრიზით ხვდება კლინიკაში – წნევას ვერ უქვეითებენ – და ეს საკვების ბრალია. მაგალითად, გუდის ყველისა, ბანანისა, შოკოლადისა, წითელი ღვინისა, შებოლილი ხორცისა. მათ შესაძლოა წამლის ეფექტი გააათმაგონ კიდეც. იმავე მიზეზით საფრთხილოა კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად გრეიპფრუტის, ფორთოხლისა და სხვა ციტრუსების მიღება.

– მაშასადამე, მოწამვლის მიზეზად შესაძლოა წამლების ურთიერთქმედებაც იქცეს...

– საზოგადოდ, ერთდროულად სამზე მეტი წამლის გამოყენება არ შეიძლება. როდესაც ხუთ წამალს იღებთ, წამალთაშორის ურთიერთქმედებას ვერ გადაურჩებით. ეს ურთიერთქმედება გამოიხატება როგორც ეფექტების გაძლიერებით, ისე შესუსტებით. სასურველი არც ერთი არ არის.

უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც პაციენტი რამდენიმე პრობლემით მიმართავს ექიმს, ყველას ერთდროულად მოგვარება ვერ მოხერხდება. უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები და მკურნალობა ამის მიხედვით ჩატარდეს. ამ შემთხვევაში პოლიპრაგმაზია აღარ განვითარდება. წამალთშორისი ურთიერთქმედების დროს შესაძლოა პაციენტი ისე დამძიმდეს, ჰოსპიტალიზაციაც კი დასჭირდეს და ხშირად ეს შედეგები თავდაპირველ დაავადებაზე გაცილებით მძიმეა.

– რამდენად მრავალფეროვანიცაა მედიკამენტები, იმდენადვე მარავლფეროვანია მოწამვლის კლინიკური სურათიც. თითოეულ მათგანზე შეჩერება შორს წაგვიყვანს. არსებობს თუ არა ზოგადი ნიშნები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება ვიეჭვოთ წამლისმიერი ინტოქსიკაცია?

– ზოგადი ნიშნების გამოყოფა გამიჭირდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელი პრეპარატით ხდება ინტოქსიკაცია. ამიტომ მთავარი რჩევა ასეთია: მკურნალობის დაწყებიდან პირველი ათი დღის, განსაკუთრებით 3 დღის განმავლობაში თუ ახალმა სიმპტომმა იჩინა თავი, იეჭვეთ წამლის გვერდითი ეფექტი ან ინტოქსიკაცია. ნუ დაიწყებთ ახალი დაავადების ძებნას, ეძებეთ მიზეზი წამალში.

მთავარი თემა მოამზადეს: მარი აშუღაშვილმა, თეონა ირემაძემ, გვანცა გოგოლაძემ, თამარ არქანიამ.

გააზიარე: