ვარჯიშები ბავშვებისთვის

გააზიარე:

1-3 წელი
ფიზკულტურა უკვე პატარა სპორტსმენის ძალისხმევასაც მოითხოვს, თუმცა სანამ ვარჯიშებს აითვისებდეს, ალბათ არა ერთი და ორი დღე გავა. მთავარია, მოთმინება არ გამოგელიოთ ან ზედმეტი მცდელობით ვარჯიში საშვილიშვილოდ არ შეაძულოთ. გახსოვდეთ: პატარებისთვის რაიმეს დასწავლისა და მიჩვევის საუკეთესო გზა თამაშია. 
მაია ხვიჩია
“ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამსახური
– ბავშვის ზრდასთან ერთად მოთხოვნები, რომლებსაც ვარჯიშს ვუყენებთ, ბუნებრივია, იცვლება. 
პასიური დატვირთვა თანდათან აქტიურით უნდა შეიცვალოს. ვიმეორებთ: თანდათან, ამიტომ პირველ ხანებში ჟურნალის წინა ნომრებში შემოთავაზებული კომპლექსები განაგრძეთ, თან ნელ-ნელა ახალი ვარჯიშებიც აათვისებინეთ. ამ ასაკში ჩვენი მიზანია, მივაჩვიოთ პატარა ფიზიკური კულტურის ელემენტებს, დავეხმაროთ მოძრაობების დახვეწაში. ისევე როგორც ნებისმიერ ასაკში, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხერხემალს – ჯდომა და სიარული მას საკმაოდ დიდ დატვირთვას უქმნის, ამიტომ ზურგის კუნთების გამაგრებაზე ზრუნვა ნაადრევი არასოდეს არის. გარდა ზურგის კუნთებისა, კომპლექსში კისრისა და მენჯ-ბარძაყის კუნთების განმავითარებელი ვარჯიშებიც ჩავრთეთ. გახსოვდეთ: ბავშვი ამ ასაკში ყველაზე უკეთ მიბაძვითა და უფროსების მაგალითით სწავლობს, ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ უჩიჩინოთ და აკეთებინოთ, უბრალოდ აჩვენეთ. თქვენი ხერხემალი ამისთვის მხოლოდ მადლობას გეტყვით. არასოდეს დააძალოთ ბავშვს ვარჯიში, ის გართობად აქციეთ. თუ უარი გითხრათ, ვარჯიში ცოტა ხნით (ოღონდ მართლა ცოტა ხნით) გადადეთ.
1. სთხოვეთ (და აჩვენეთ), დაწვეს ზურგზე, წამოსწიოს თავი, დაჭიმოს და თავისკენ გადახაროს მტევნები და ტერფები, ბეჭები კი იატაკს არ მოაცილოს. შეყოვნდეს ამ პოზაში 5 თვლაზე. გაიმეოროს 5-ჯერ.
2. ბავშვი ისევ ზურგზე წევს, ბეჭები და თავი იატაკზე უდევს. სთხოვეთ, დაჭიმოს ორივე ფეხი. მარჯვენა იატაკს არ ააცილოს, მარცხენა კი მუხლში მოუხრელად ასწიოს რაც შეიძლება მაღლა ისე, რომ სხეულის მიმართ მართი კუთხე შექმნას. გაიმეოროს 5-5-ჯერ როგორც ერთ, ისე მეორე ფეხით.
 3. საწყისი მდგომარეობა იგივეა. სთხოვეთ, ასწიოს იდაყვსა და მუხლში გამართული ორივე ხელი და ფეხი. გააჩეროს 20 თვლამდე.
გართულებული ვარიანტია ამ ხნის განმავლობაში ხელებისა და ფეხების ვიბრაცია.
4. ამჯერად მარჯვენა გვერდზე დაწოლა თხოვეთ. მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოიდოს. მარცხენათი კი მუცელთან იატაკს დაეყრდნოს. ორივე ფეხი მუხლის სახსარში მაქსიმალურად დაჭიმოს. თვლაზე “ერთი” რაც შეიძლება მაღლა აიქნიოს მარცხენა ფეხი, თვლაზე “ორი” – დაუშვას. გაიმეოროს 5-ჯერ.   შემდეგ გადაბრუნდეს მეორე მხარეს და გაიმეოროს იგივე მარჯვენა ფეხით.
5. დაწვეს მუცელზე. მთელი სხეული დაჭიმოს, თავის წინ კი გაშლილი ხელებით ჯოხი დაიჭიროს. თვლაზე “ერთი” ნელა ასწიოს გაშლილი ხელები, ფეხები და თავი. თვლაზე “ორი” დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. გაიმეოროს 5-7-ჯერ. 
6. კალათა. საწყისი მდგომარეობა – იგივე. სთხოვეთ ბავშვს, ფეხები მუხლებში მოხაროს და გაჭიმული ხელებით კოჭებს და თავი და ფეხები შეძლებისდაგვარად მაღლა ასწიოს. მაქსიმალურ წერტილში გაჩერდეს 10 თვლაზე.
7. ასწავლეთ გამარტივებულ ლოტოსში ჩაჯდომა: მუხლში მოხრილი ფეხები წვივებთან გადაჯვარედინებულია, ტერფები იატაკს ეყრდნობა, მუხლები მაქსიმალურად არის გადაშლილი. სთხოვეთ ხელების მუშტებად შეკვრა,  იდაყვებში მოახრევინეთ და განზე გააშლევინეთ. წელის გამართვა არ დაგავიწყდეთ. თვლაზე “ერთი” გადახაროს თავი გვერდზე ისე, რომ ყური მხარს შეახოს. მიაქციეთ ყურადღება: მხარი არ ასწიოს. გაიმეორეთ 5-5-ჯერ ხან ერთ, ხან მეორეს მხარეს.
8. საწყისი მდგომარეობა – იგივე. ხელები ასწიოს ზემოთ ან ოდნავ განზე და გაჭიმოს. მიაბრუნოს თავი ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს. 

ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლია მიმართოთ “ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამსახურს. ტელ: 2500 700 (5670)

გააზიარე: