მანანა კოპლატაძე – ქართული ენდოკრინოლოგიის პასიონარია
გააზიარე:
არიან ადამიანები, რომლებიც მთელ ცხოვრებას უფერულად ატარებენ და სიცოცხლის ბოლოს ცდილობენ, მცირედი მსხვერპლის გაღებით დაიმკვიდრონ ადგილი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ გიამბობთ ქალბატონზე, რომელმაც სიცოცხლე მაღალი იდეალების მსახურებას მიუძღვნა. ბრწყინვალე ენდოკრინოლოგის, პედაგოგისა და მეცნიერის მიერ განვლილი გზა სავსეა როგორც ნათელი, ბედნიერი დღეებით, ისე სევდიანი და ტრაგიკული ეპიზოდებით...
მანანა კოპლატაძის შესახებ სტატიის მომზადებაში უდიდესი დახმარება გაგვიწიეს მისმა დამ, მამოლოგმა ლიანა კოპლატაძემ, და ქართული მედიცინის ისტორიის მოამაგემ, გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ. ტექსტში გამოყენებულია მეგობრებისა და ახლობლების მოგონებები მანანა კოპლატაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნიდან “ფერისცვალება”.
მანანა კოპლატაძე 1947 წლის 5 მარტს დაიბადა ბათუმში, გერმანე კოპლატაძისა და თამარ ურუშაძის ოჯახში. დედა, ფილოლოგი, პროფესიით მასწავლებელი, დიდი შინაგანი კულტურის პიროვნება ყოფილა, უაღრესად სტუმართმოყვარე, ოჯახზე გადაგებული, მუდამ მოფუსფუსე, ჩინებული კულინარი. ძალიან ჰყვარებია მშობლიური კუთხე – ლანჩხუთის რაიონის სოფელი ჩანჩეთი, სადაც ზაფხულობით ოჯახითურთ მიდიოდა დასასვენებლად. მამას, ბათუმის ავეჯის ფაბრიკის დირექტორს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღიდან საბოლოო გამარჯვებამდე უკრაინის ფრონტზე უბრძოლია და არაერთი ჯილდოც მიუღია. სწორედ ევროპიდან ჩამოიტანა გერმანე კოპლატაძემ ავეჯის წარმოებაში ბამბუკის გამოყენების ნოვატორული იდეა, რომელიც წარმატებით განახორციელა.
მანანა და მისი და-ძმა მშობლებმა სამშობლოსა და ცოდნის უსაზღვრო სიყვარულით აღზარდეს.
ადრეული წლები
მანანა პირველი შვილი იყო. ბავშვობიდანვე მტკიცე ხასიათით და ცოდნის წყურვილით გამოირჩეოდა. ქართული ლიტერატურის მოტრფიალეს, შემოქმედებითმა ბუნებამ ჯერ კიდევ სკოლის წლებში მოუტანა აღიარება. მაშინაც და შემდგომშიც უკომპრომისო და ერთგული მეგობარი იყო და სანაცვლოდაც იმავეს მოითხოვდა, ამიტომ მანანასთან მეგობრობა როგორც მიმზიდველი, ისე საპასუხისმგებლოც იყო.
სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. ვისაც სამოციანი წლების საგამოცდო პერიპეტიები ახსოვს, მიხვდება, რას ნიშნავდა იმ პერიოდში სამკურნალო ფაკულტეტზე მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარება პროტექციის გარეშე. მანანა კოპლატაძემ ეს შეძლო და სტუდენტი გახდა.
ხუტა პაჭკორია:
– მანანა ჩემი თანაკურსელი იყო. გამოირჩეოდა გარეგნული და სულიერი სილამაზით, ოჯახიშვილობით, ერუდიციით. სამკურნალო ფაკულტეტზე ტოლს არ უდებდა დედაქალაქელ თანაკურსელებს და არისტოკრატიზმით, განსწავლულობით და ნაკითხობით აღემატებოდა კიდეც მათ. პირველი კურსიდანვე ლიდერის, გამორჩეული სტუდენტის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული. როგორც აბსოლუტურ ფრიადოსანს, დაენიშნა ლენინური სტიპენდია...
ახლაც თვალწინ მიდგას მისი გამოსვლა სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტთა კრებაზე, სადაც მან, მამის ტრაგიკული გარდაცვალების გამო ძაძით შემოსილმა, სახარების ციტირება გაბედა. პარტიულ-კომკავშირული აქტივისთვის ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ვერც კი შეაჩერეს. ამ ინციდენტით ინსტიტუტის სპეცგანყოფილება დაინტერესდა, მაგრამ უკვე მჟავანაძის დრო იყო, რეჟიმიც – შედარებით რბილი, და ლენინური სტიპენდიანტი დასჯას გადაურჩა.
კარიერული წინსვლა
1970 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ, ცნობილი ენდოკრინოლოგის, პროფესორ ვაჟა ლეკიშვილის (ივერიელის) რეკომენდაციით, მანანა ლენინგრადის ოტის სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში, ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში, სახელგანთქმული ენდოკრინოლოგის, აკადემიკოს ვასილ ბარანოვის ასპირანტი გახდა. მისივე ხელმძღვანელობით დაასრულა დისერტაცია, რომელიც წარმატებით დაიცვა კიდეც. ლენიგრადში გატარებული ოთხი განუმეორებელი წლის განმავლობაში მანანა მაღალი დონის ენდოკრინოლოგად ჩამოყალიბდა, რაც მის პედაგოგსაც არაერთხელ აღუნიშნავს. გამოთხოვებისას აკადემიკოსმა საყვარელ მოსწავლეს საკუთარი ფოტოც კი უსახსოვრა წარწერით: “Пройденные годы совместной работы обогатили каждого из нас и помогли сформировать нового человека независимо от его возраста” (“ერთად მუშაობის წლებმა ორივე გაგვამდიდრა და თითოეული ჩვენგანი, განურჩევლად ასაკისა, ახალ ადამიანად აქცია”).
საქართველოში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, არსებობდა კლინიკური ენდოკრინოლოგიის მძლავრი კერა ვაჟა ივერიელის ხელმძღვანელობით. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1974 წელს, მანანა კოპლატაძე თბილისში დაბრუნდა და სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი გახდა, ორი წლის შემდეგ კი ამავე კათედრაზე ასისტენტის თანამდებობა დაიკავა. ინსტიტუტის რექტორის კონსტანტინე ვირსალაძის თაოსნობით იმხანად საფუძველი ჩაეყარა ენდოკრინოლოგიის კურსს, რომელიც მოგვიანებით კათედრად გადაკეთდა. მანანა კოპლატაძე ამ კათედრის ერთ– ერთი დამაარსებელია პროფესორ კონსტანტინე ვირსალაძესთან, დოცენტ ივზირა ანდღულაძესა და დოცენტ ოქროპირ გოგიბერიძესთან ერთად. ენდოკრინოლოგიის კათედრაზე მან თავიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც შესანიშნავმა კლინიცისტმა, პედაგოგმა და კეთილსინდისიერმა მეცნიერმა.
ენდოკრინოლოგიის კათედრაზე მიმდინარეობდა სამეცნიერო, პედაგოგიური და, რასაკვირველია, სამკურნალო საქმიანობა. მანანა კოპლატაძე გამოირჩეოდა ინოვაციური იდეებით და უსაზღვრო ენთუზიაზმით, მიზანსწრაფულობით. 1997 წლის შემოდგომაზე შეიტყო, რომ სტამბოლში შავი ზღვის აუზის დიაბეტოლოგთა ფორუმი იმართებოდა და კოლეგებთან ერთად მონაწილეობა გადაწყვიტა. კონფერენციას მასთან ერთად ვაჟა ივერიელი, დავით მეტრეველი, დავით ვირსალაძე და ნინო ჩარკვიანი დაესწრნენ. საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების აღდგენის შესახებაც იყო საუბარი. ბატონმა ვაჟამ ამ საშური საქმის ხორცშესხმა გადაწყვიტა, მაგრამ 1999 წლის გაზაფხულზე უეცრად გარდაიცვალა ისე, რომ ჩანაფიქრის ასრულება ვერ მოასწრო. საქმე მისმა კოლეგებმა და მოწაფეებმა მიიყვანეს ბოლომდე: არაერთი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, 2001 წლის გაზაფხულზე, დაარსდა პროფესორ ვაჟა ივერიელის სახელობის საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელობაც პროფესორ დავით ვირსალაძეს ანდეს. ამ საქმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელიც მანანა კოპლატაძე იყო.
მანანა კოლეგებთან ერთად დღედაღამ ფიქრობდა მასშტაბური ღონისძიების – საქართველოს ენდოკრინოლოგთა პირველი ყრილობის – გამართვაზე. საჭირო თანხისა და სპონსორების მოძებნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. სწორედ ამ სიტუაციაში გამოვლინდა ყველაზე ცხადად მანანას მიზანდასახულობა – ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია, ძალა ერთობაშიაო, თქვა მან. და მართლაც, კოლექტივმა ეს შეძლო. შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი და 2004 წლის 5-6 ნოემბერს “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა საქართველოს ენდოკრინოლოგთა პირველი ყრილობა, რომელშიც სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და რუსეთის წამყვანმა სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა. ყრილობა ორი დღე გაგრძელდა და გრანდიოზული ბანკეტით დასრულდა.
მომდევნო ამოცანა ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოებაში გაწევრიანება იყო. 2005 წლის სექტემბერში დავით ვირსალაძე, მანანა კოპლატაძე, კობა კოპლატაძე და ნინო ჩარკვიანი გაემგზავრნენ ქალაქ გიოტებორგში, სადაც ევროპის ენდოკრინოლოგთა ყრილობაზე ქართველები ევროპის საზოგადოების წევრად მიიღეს. იმ საღამოს ქართველ ენდოკრინოლოგთა დიდმა დელეგაციამ ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენა ზარზეიმით აღნიშნა.
ქართველმა ენდოკრინოლოგებმა, დავით ვირსალაძის ხელმძღვანელობით და მანანა კოპლატაძის დიდი მონდომებით, საფუძველი ჩაუყარეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. რეგიონებში მისმა დანერგვამ არაერთ პაციენტს გამოკვლევის ჩატარებისა და სწორი მკურნალობის მიღების შესაძლებლობა მისცა.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ წვლილი, რომელიც და-ძმა კოპლატაძეებმა დიაბეტური ბანაკის შექმნაში შეიტანეს. 1992 წელს ელიოტ ჯოსლინმა დიაბეტის სწავლების ახალი კონცეფცია შეიმუშავა და მალევე, პირველად ამიერკავკასიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, საქართველოში დაინერგა დიაბეტის ინტენსიური ინსულინოთერაპიისა და ინტენსიური სწავლების სპეციალურად შერჩეული ფორმა. ეს იყო ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურად, კულტუროლოგიურად, ფიზიკურად, ემოციურად ყველაზე მისაღები ფორმა და ისეთ დონეზე განხორციელდა, რომ ამერიკელმა ექსპერტებმა ხმამაღლა განაცხადეს, ამ ბანაკმა საქართველოს საზოგადოება შეცვალაო. ისინი გულისხმობდნენ დიაბეტიან ბავშვთა მშობლებისა და ნათესავების დამოკიდებულების შეცვლას და თვით ექიმების მიერ ამ პროცესის ახლებურად გააზრება-შეფასებას. საქართველო მოხვდა ბავშვთა დიაბეტური ბანაკების საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოში და მეცნიერების კურირება დაევალა.
2006 წლის რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი მეტად მტკივნეული აღმოჩნდა მანანასთვის. საკონკურსო ბატალიებს შეეწირა და-ძმის საექიმო, პედაგოგიური და სამეცნიერო კარიერა. უსამართლოდ თავს დატეხილ ნერვულ სტრესს უკვალოდ არ ჩაუვლია – და-ძმა კოპლატაძეებს უკურნებელი დაავადება დაემართათ.
2009 წელს ცნობილმა მეცნიერმა, პროფესორმა ედვინ გეილმა, კობა კოპლატაძე ინგლისში, ენდოკრინოლოგიის კათედრაზე ინგლისში მიიწვია, მანანამ კი კლინიკა “სამკურნალო სახლში” გააგრძელა მუშაობა, სადაც ავადმყოფებისა და თანამშრომლების დიდი სიყვარული დაიმსახურა.
ხუტა პაჭკორია:
– მანანა კოპლატაძის პროფესიულმა და ადამიანურმა თვისებებმა კლინიკას დიდი სახელი მოუხვეჭა. მანანასთან, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ენდოკრინოლოგსა და დიაბეტოლოგთან, უამრავი პაციენტი მიდიოდა, მათ შორის – ქართული საზოგადოების ცნობილი პირები, ხელოვანები, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეები. მისი აკადემიურობა, დიდი პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული კეთილსინდისიერება თვით ყველაზე მედიდურ ესკულაპებსაც კი განაიარაღებდა. ვერ იტანდა ექიმის მიერ კოლეგის გაქილიკებას, დაცინვას, უსამართლოდ გაკიცხვას თუ გალანძღვას. იყო პირდაპირი, უკომპრომისო და სამართლიანი.
სამხრეთული გარეგნობისა და ტემპერამენტის გამო მანანას ხშირად ადარებდნენ XX საუკუნის ლეგენდას, ესპანელ რევოლუციონერ დოლორეს იბარურის, რომელსაც თანამემამულეებმა “პასიონარია” (“მგზნებარე”) უწოდეს.
ქვეყნის სამსახურში
– გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მანანა კოპლატაძემ უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. როცა 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, მეორე დღესვე მისი ინიციატივით რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გრანდიოზული მიტინგი, რომლის მთავარი მომხსენებელი თავად იყო. მანანამ გაბედულად ამხილა სკკპ ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი გენერალური მდივანი მიხაილ გორბაჩოვი და ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, უწოდა მას მშვიდობიანი დემონსტრაციის მხეცური დარბევის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი. მისი წინადადებით კრებამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობდა ცენტრალური კომიტეტის, პოლიტბიუროს და პირადად გორბაჩოვის დანაშაულს.
იმ დღიდან მანანა კოპლატაძე და მისი რამდენიმე კოლეგა, მათ შორის – ზურაბ ტაბიძე, შავ სიაში მოხვდნენ და საიდუმლო სამსახურის აგენტების მთავარ სამიზნეებად იქცნენ.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მტკიცე მხარდამჭერი იყო მანანას ოჯახიც.
1999 წელს, კოლხურ კოშკში ხელისუფლების მხარდამჭერთა რამდენიმეთვიანი შიმშილობის პერიოდში, მანანა ორიოდე სხვა ღირსეულ ექიმთან ერთად თავს დასტრიალებდა მოშიმშილეებს, თანაუგრძნობდა და მკურნალობდა. ეროვნული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის შემდეგ ახალი მთავრობა აშკარად თუ ფარულად დევნიდა კოპლატაძეების ოჯახს, სამსახურში ავიწროებდნენ და აბსურდული ბრალდებებით ჩხრეკდნენ...
90-იან წლებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან დევნილები შეასახლეს. ენდოკრინოლოგიის განყოფილებაში 10-15 ოჯახი ცხოვრობდა. მანანა ყველანაირად ეხმარებოდა ამ ხალხს – უგროვებდა ტანსაცმელს, საკვებს, საოჯახო ნივთებს და საკუთარი კერიდან აყრილი ოჯახებისთვის მძიმე ხვედრის შემსუბუქებას ცდილობდა.
მონაწილეობდა რუსთაველის საზოგადოების საქმიანობაშიც. მაშინდელ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მისი ინიციატივით იმართებოდა აკაკი ბაქრაძის საჯარო ლექციები, რომლებიც ეროვნული სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი. იმ დროს ასეთი სულისკვეთების საჯაროდ გაცხადება ჯერ კიდევ უცხო იყო საზოგადოებისთვის და მანანა კოპლატაძის მიზანიც სწორედ ის გახლდათ, რომ საზოგადოებას ყური შეჩვია ეროვნულ საკითხებზე საუბრისთვის – იქნებ ნათქვამს გულამდე და გონებამდეც მიეღწია.
რითაც შეეძლო, მუდამ ეხმარებოდა ავადმყოფებს, სტუდენტებს, ექიმებს და დაჩაგრულ ადამიანებს, შუამდგომლობდა თავის გავლენიან პაციენტებთან – თანამდებობის პირებთან, ბიზნესმენებთან... კომუნისტური რეჟიმის წლებშიც ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა საკუთარი ინიციატივით მისულა აღმასკომში, პროფკავშირისა თუ პარტიულ კომიტეტში უბინაო ექიმისა თუ სტუდენტის დასახმარებლად. პირდაპირი, უსამართლობასთან შეურიგებელი ხასიათის გამო არაკეთილმოსურნეთა რიცხვიც მოუმრავლდა.
მანანა სამშობლოზე უსაზღვროდ იყო შეყვარებული და ქართველი ხალხისთვის სამსახურის გაწევა არასდროს დაზარებია. კოლეგებთან ერთად დადიოდა საქართველოს რეგიონებში, მართავდა საქველმოქმედო გასინჯვებს და ფარმაცევტული კომპანიების მხარდაჭერით არიგებდა წამლებს.
ოჯახი
– მანანა კოპლატაძეს მოწიწების გარეშე ვერ გაიხსენებ. მისი ცხოვრება მოვალეობებისგან შედგებოდა. სხვა რომ არაფერი, მეხუთე კურსზე მოულოდნელად დაობლებულმა გოგონამ სიცოცხლის ბოლომდე ჩამოუხსნელად ატარა ოჯახის უფროსის ტვირთი. დედად და მეუღლედ იყო გაჩენილი: მუდამ სხვებზე ფიქრობდა და ზრუნავდა, ახლობლებს სიყვარულს უნაწილებდა და უანგაროდ იხარჯებოდა მათთვის, საკუთარი ოჯახი კი ვერ თუ არ შექმნა... ღვთისგან ბოძებული სიკეთე პირველ რიგში ძმას, კობას, მერე კი ძმისა და დის შვილებს დაახარჯა.
მანანა კობას შეუცვლელი მეგობარი იყო. მათ ურთიერთობაში ერთად იყო ჩაქსოვილი დაძმური და დედაშვილური სიყვარული – კობა ხომ თითქმის მანანამ გაზარდა. პატარაობიდან შეჰხაროდა უმცროს ძმას და დიდი სიფაქიზით ძერწავდა მის სულიერ სამყაროს. საკუთარ წინსვლაზე არ უზრუნია მანანას ისე, როგორც კობას მომავალზე ზრუნავდა. ძმის დაოჯახების შემდეგ თამარი და პატარა მანანა მოევლინნენ ქვეყნიერებას და მამიდის მთელი ყურადღება ბავშვებს ერგოთ. დისა და ძმის ოჯახების ბედნიერება მანანასთვის პირად კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი იყო. ლიანას ვაჟები და კობას ქალიშვილები შვილებივით ჰყავდა. ქართული ბუნება და ქართული მიწაც სწორედ მან შეაყვარა. როდესაც ძმისწულებს ინგლისში მოუწიათ წასვლა, დაფაცურდა, უცხოეთში მიდიან და საქართველო ჯერ წესიერად არც კი უნახავთო... ზაფხულობით გიდის როლს ირგებდა და არდადეგებზე სამშობლოში ჩამოსულ ბავშვებს საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებინებდა.
ადამიანებს ღრმა და მრავალმხრივი განათლებით ხიბლავდა. მედიცინასთან ერთად ხელოვნების მოყვარული და ნიჭიერი შემფასებელიც იყო. არასოდეს ღლიდა ბუნების წიაღში ფეხით სეირნობა, რაც უნდა გრძელი ყოფილიყო მარშრუტი. დადიოდა, ტკბებოდა და ხარობდა თითოეული ყვავილით, ფოთლით, მშობლიური თუ უცხო ბუნების მშვენებით.
როდესაც უბედურება მოხდა და მანანამ ჯერ დისწული, ალვასავით მოხდენილი ახალგაზრდა, შემდეგ – დედა და ბოლოს ძმა, კობა დაკარგა, სწორედ მაშინ შეერყა ჯანმრთელობა. ამდენი ტკივილის მიუხედავად, მაინც წარბშეუხრელად, შეუპოვრად ებრძოდა ბედს, თავისი ძმისშვილებისა და დისშვილის მომავლით აგრძელებდა ცხოვრებას.
2015 წლის 12 აპრილს, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე, დასრულდა გამოჩენილი ექიმის, პედაგოგის, მეცნიერის, თავდადებული მამულიშვილის – მანანა კოპლატაძის ცხოვრება და რაოდენ სასიხარულოა, რომ მისი გენეტიკური ხაზი მის შთამომავლებში – თამარ და მანანა კოპლატაძეებში გრძელდება.
მარიამ მარღანია