პირველი ღამისთევა სახლიდან შორს

გააზიარე:

საკუთარი სახლის გარეთ გატარებული პირველი ღამე ღირსშესანიშნავი მოვლენაა ბავშვისთვის. მშობელსაც უჭირს მღელვარების დამალვა, რადგან მისი პატარა პირველად გაატარებს ღამეს მისგან შორს. ბავშვებს კი, თუმცაღა სახიდან ღიმილი არ შორდებათ მოსალოდნელი თავგადასავლის გამო, გულის სიღრმეში მაინც ეშინიათ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა ბავშვს სახლის გარეთ პირველი ღამისთევა გაუადვილოთ.

აქვს თუ არა მნიშვნელობა ასაკს

ყველა ბავშვი ინდივიდია, შესაბამისად, ერთსა და იმავე ასაკში სხვადასხვა ბავშვის გონებრივ, ფიზიკური და ემოციური განვითარების დონე შესაძლოა სრულიად სხვადასხვა იყოს. აქედან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, როდის იქნება ის მზად სხვაგან ღამის გასათევად.

გადამწყვეტია არა ასაკი, არამედ მზაობა, რომელიც სხვადასხვა ბავშვისთვის სხვადასხვა ასაკში დგება. შესაძლოა, 11 წლის გოგონას აშინებდეს მეგობრის სახლში ღამის გათევის პერსპექტივა, 5 წლისას კი ერთი სული ჰქონდეს, როდის დატოვებთ ღამის გასათევად მეგობართან. ორივე შემთხვევა ნორმალურია.

იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი შვილი მზად არის ამ ნაბიჯისთვის, პასუხი გაეცით რამდენიმე კითხვას:

* შეუძლია დამოუკიდებლად ჩაძინება თუ გვერდით მიწოლა, მოფერება ან უბრალოდ მის ოთახში უფროსის ყოფნა სჭირდება?

* შეუძლია, უთქვენოდ მოაგვაროს კონფლიქტი თანატოლთან?

* საკუთარ საწოლში სძინავს?

* მთელი ღამე უშფოთველად სძინავს თუ ეღვიძება? თუ ეღვიძება, შეუძლია თუ არა, დამოუკიდებლად შეიბრუნოს ძილი?

* ხომ არ ახასიათებს უნებლიე შარდვა ძილის დროს?

* მეტისმეტად მწვავედ ხომ არ განიცდის მშობლებისგან განშორებას, თუნდაც სკოლაში ყოფნის დროს?

* გრძნობს თუ არა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ მშობლების გარეშე?

* როგორ იქცევა, როდესაც მთელი დღით ბებია-ბაბუასთან ტოვებთ? იქნებ ღამითაც დაგიტოვებიათ – როგორ მოიქცა? როგორ ეძინა?

* რამდენად გასაგებად გამოხატავს ბავშვი თავის საჭიროებებს და სურვილებს სხვა ადამიანებთან?

* რამდენად შეუძლია მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავება უთქვენოდ?

* დამჯერია? ადვილად ემორჩილება წესებს?

* ახასიათებს თუ არა სახიფათო ქცევა? მაგალითად, აივანზე ხომ არ გადის მარტო? ხომ არ აინტერესებს გაზქურის ჩამრთველები, დენის როზეტები?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში უკეთ მიხვდებით, რამდენად მზადაა თქვენი შვილი უცხო გარემოში მშობლების გარეშე დიდი ხნით დასარჩენად.

ბავშვი, რომელიც გარეშე ადამიანების გარემოცვაშიც კომფორტულად გრძნობს თავს, აინტერესებს სიახლეები, ადვილად ემორჩილება წესებს – უფრო მალე იქნება მზად სახლის გარეთ ღამის გასათევად, ხოლო ბავშვი, რომელსაც აშინებს უცხო გარემო, არ გიჯერებთ, უთქვენოდ ვერ ერევა საკუთარ ემოციებს, სავარაუდოდ, ჯერ არ არის მზად მშობლების გარეშე ღამისთევისთვის.

იმისთვის, რომ ბავშვი სხვაგან დასარჩენად მოამზადოთ, უპირველეს ყოვლისა, ხშირად უნდა წაიყვანოთ მეგობრებთან სტუმრად. ის ნორმალურად უნდა მიიჩნევდეს სხვა ადამიანების გარემოცვას. შეგიძლიათ, ერთი-ორი საათით დატოვოთ ახლობლებთან, სანდო ნაცნობებთან, მოსინჯოთ, როგორ მოიქცევა, დაუჯერებს თუ არა მათ.

ნელ-ნელა გაზარდეთ უთქვენოდ გატარებული დროის ხანგრძლივობა, დატოვეთ ბავშვი სანდო ადამიანთან მთელი დღით. ერთია სასეირნოდ წასვლა მეგობრის მშობლებთან ერთად და მეორეა მათ სახლში ღამის გათევა. შესაძლოა, გასართობად ბავშვი ადვილად გაჰყვეს გარეშე ადამიანებს, მაგრამ მთელი ღამით მათ სახლში დარჩენა არ მოინდომოს, ან უნდოდეს, მაგრამ შეეშინდეს.

ვემზადებით

თუ თქვენი შვილი პრინციპში მზადაა, ღამე სხვაგან გაათიოს, სწორად მომზადება საქმეს გააადვილებს.

განიხილეთ, რას ელით ამ თავგადასავლისგან

არ აქვს მნიშვნელობა, ბებიასთან და ბაბუასთან ათევს ღამეს, მეგობართან თუ საზაფხულო ბანაკში მიდის რამდენიმე დღით – ესაუბრეთ, რას უნდა მოელოდეს ამა თუ იმ ადგილას, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. მაგალითად, შეამზადეთ იმისთვის, რომ ბანაკში რამდენიმე ამხანაგთან ერთად მოუწევს ძილი, რომ აუცილებლად უნდა ადგეს მაშინ, როდესაც ეტყვიან, შესაძლოა, საჭმელი ყოველთვის არ მოეწონოს, მაგრამ უნდა შეჭამოს, რათა არ დაუძლურდეს.

ესაუბრეთ დასაშვებ ქცევაზე

ბავშვის სხვაგან დატოვებისას მშობლებს ყველაზე მეტად ის აშინებთ, რომ თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, მათი შვილი მარტო აღმოჩნდება საფრთხის პირისპირ. უნდა გააცნობიეროთ, რომ ყოველთვის გვერდით ვერ ეყოლებით ბავშვს, ამიტომ ჯობია ასწავლოთ, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვი არ შეაშინოთ.

4 წლიდან ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის “კარგი შეხება” და “ცუდი შეხება” და გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ თუ ვინმე, ნებისმიერი ადამიანი მშობლის გარდა, “ცუდად შეეხო”, აუცილებლად გითხრათ თქვენ.

ასევე სასურველია, ბავშვმა იცოდეს საკუთარი სახელი, გვარი, მისამართი, მშობლის ტელეფონის ნომერი და აცნობიერებდეს, ვის შეიძლება გაანდოს ეს ინფორმაცია და ვის – არა.

ბავშვს არ უნდა ერიდებოდეს “არა”-ს თქმის. თუ ისეთ რამეს სთხოვენ, რაც არ უნდა ან არ სიამოვნებს, სხვების ხათრით არ უნდა დათანხმდეს. ეცადეთ აუხსნათ, როგორი ქცევაა დასაშვები მისი თანატოლისგან, მაგრამ დაუშვებელი – ზრდასრული ადამიანისგან.

რაც შეეხება თვითონ ბავშვის ქცევას, უნდა ასწავლოთ, რისი გაკეთებაა ნებადართული თქვენს სახლში, მაგრამ შესაძლოა მიუღებელი იყოს სხვაგან. როგორც სხვებმა უნდა დაიცვან წესები მასთან ურთიერთობისას, ასევე მანაც უნდა იცოდეს, რა არის მისაღები და მიუღებელი მისი მხრივ.

ბარგის ჩალაგება

იმის მიხედვით, სად მიდის ბავშვი და რამდენი ხნით, ერთად ჩაალაგეთ მისი ნივთები. მან უნდა იცოდეს, სად რა ნივთი უდევს, რათა მშვიდად იყოს და უხერხულ სიტუაციებში აღმოჩენის არ შეეშინდეს.

თუ ატყობთ, რომ უნდა მეგობართან დარჩენა, მაგრამ მაინც ნერვიულობს, შეგიძლიათ შესთავაზოთ, თან წაიღოს საყვარელი სათამაშო ან სხვა საყვარელი ნივთი, რომელიც სახლს გაახსენებს და დაამშვიდებს.

პატივი ეცით მის გრძნობებს

აგრძნობინეთ ბავშვს, რომ პატივს სცემთ მის გრძნობებს. უთხარით, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიფიქროს და შინ დაბრუნდეს. აქვე შეგიძლიათ შესთავაზოთ, რომ თუ შინ დაბრუნება მოუნდა, კიდევ ერთი საათი მოიცადოს – თუ ამ ხნის განმავლობაში შინ დაბრუნების სურვილმა არ გაუარა, შეუძლია დაბრუნდეს.

თუ ბავშვი პატარაა, შეგიძლიათ შესთავაზოთ, ათამდე დაითვალოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება.

თუ საზაფხულო ბანაკში უშვებთ, საიდანაც შინ დაბრუნება არც ისე ადვილია, აუხსენით, რომ შესაძლოა, მაშინვე ვერ მოახერხოთ მისი წამოყვანა, ამიტომ მეტხანს მოუწევს მარტო ყოფნა და დამოუკიდებლად მოქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად დაგიკავშირდეთ და გითხრათ, რატომ სურს შინ დაბრუნება ან იქ მყოფ უფროსს – პედაგოგს, ზედამხედველს – გაანდოს, რაც აწუხებს.

მშობლების გარეშე გატარებული ღამე ბავშვის განვითარებისთვის გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მას დამოუკიდებლობას აჩვევს, ურთიერთობებს ასწავლის და აძლევს საშუალებას, საკუთარი ძალებით, მშობლების გარეშე გაუმკლავდეს იმ სირთულეებს, რომელთა დაძლევაშიც აქამდე სხვები ეხმარებოდნენ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: