გადაუდებელი დახმარება (მეორე ნაწილი)

გააზიარე:

(მეორე ნაწილი)

მოტეხილობა

ექვს წლამდე ასაკის ბავშვთა ტრავმებს შორის მოტეხილობებს მეორე ადგილი უკავია ნაკაწრების შემდეგ. მათი მიზეზი ყველაზე ხშირად წაქცევა ან ვარდნაა, თუმცა მოტეხილობა ყველაზე მეტად ავტოსაზგაო შემთხვევებს ახასიათებს.

მოტეხილობა ბავშვებსა და ზრდასრულებში სხვადასხვანაირად ვითარდება, ვინაიდან მოზარდი ძვლები უფრო მოქნილი და დრეკადია და სქელი ძვალსაზრდელათია დაფარული, რომელსაც ძვლის ზრდასთან ერთად საიზოლაციო ფუნქციაც აქვს.

ბავშვთა ასაკში მოტეხილობა ქირურგიულ მკურნალობას იშვიათად მოითხოვს. უპირატესობა თაბაშირსა და იმობილიზაციას ენიჭება.

მოტეხილობა სხვადასხვა ტიპისაა. ბავშვებთან ყველაზე ხშირია ე.წ. მწვანე ტოტისებრი მოტეხილობა, როცა ძვალი ნაწილობრივ ტყდება და ატკეჩილი ყლორტივით იზნიქება. გვხვდება ბალთისებრი მოტეხილობაც – ძვალი ცალ მხარესაა გატეხილი, მეორე მხარეს კი დაუზიანებელია. ასეთი მოტეხილობები საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ ადვილად ხორცდება. სრული მოტეხილობაა, როცა ძვალი მთელ სისქეზე ზიანდება.

მკურნალობის კურსის შერჩევისას მნიშვნელოვანია, მოტეხილობა ღიაა თუ დახურული, ცდომის გარეშე თუ ცდომით. ღია ეწოდება მოტეხილობას, როდესაც გატეხილი ძვალი გლეჯს კუნთებს და კანს და ჭრილობაში მისი ფრაგმენტები მოჩანს. დახურულია მოტეხილობა, როდესაც კანის მთლიანობა დარღვეული არ არის. ცდომითი კი ისეთ მოტეხილობას ჰქვია, როდესაც მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები ერთმანეთს დაშორებული და აცდენილია.

ვინაიდან ბავშვის ორგანიზმი მოზარდია, მოტეხილობამ შესაძლოა კვალი დააჩნიოს მის ძვლოვან სისტემას. ლულოვან ძვლებს თავი და ბოლო დაფარული აქვს ხრტილოვანი ფირფიტებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათ სიგრძეში ზრდას. თუ ეს ფირფიტები დაზიანდა (რასაც საზრდელი ზონის მოტეხილობას ვუწოდებთ), შესაძლოა, პრობლემა წარმოიშვას – თუ ხრტილი კარგად არ შეხორცდა, შესაძლოა, დაზიანებული ძვალი სხვებთან შედარებით ნელა ან სხვა კუთხით გაიზარდოს, თანაც ეს ყველაფერი წლობით შეუმჩნეველი დარჩეს და დიაგნოზი მეტისმეტად გვიან  დაისვას.

ხრტილოვანი ფირფიტის დაზიანებისას უპირატესობა ქირურგიულ მკურნალობას ენიჭება.

ქირურგიული მკურნალობა შესაძლოა იდაყვის მოტეხილობასაც დასჭირდეს. ვინაიდან იდაყვი საკმაოდ მოძრავი სახსარია, შესაძლოა, მისი იმობილიზაცია გაჭირდეს, ამის გამო ცუდად შეხორცდეს და არაბუნებრივი (მოკაუჭებული) ფორმა მიიღოს. ამ დროს ქირურგის ჩარევა გარდაუვალია.

ნიშნები და სიმპტომები

ერთი შეხედვით ყოველთვის ვერ იტყვით, ძვალი მოტეხილია თუ არა, ხოლო თუ ბავშვმა ჯერ არ იცის ლაპარაკი, შესაძლოა, იმასაც კი ვერ მიხვდეთ, რა სტკივა.

მოტეხილობას ახასიათებს შეშუპება, მოძრაობისას ან შეხებისას ტკივილი; ბავშვს უჭირს ან ტკივილის გამო არ სურს მოტეხილი კიდურის გატოკება. თუმცა ეს სიმპტომებიც არ არის საწინდარი იმისა, რომ ექიმი მოტეხილობის დიაგნოზს დასვამს. უტყუარი დიაგნოზის დასმა მხოლოდ რადიოლოგიური გამოკვლევის (მაგალითად, რენტგენის) საფუძველზეა შესაძლებელი.

პირველი დახმარება შინ

ვიდრე სამკურნალო დაწესებულებამდე მიხვალთ, დაიკარგება ძვირფასი დრო, ამიტომ პირველი დახმარება ბავშვს სახლის პირობებშივე უნდა გაუწიოთ. თუ მოტეხილობას ეჭვობთ, უძრავად დააფიქსირეთ დაზიანებული კიდური: დაადეთ ხელნაკეთი არტაშანი; გადაუხვიეთ დაშავებული ხელი და ტანზე მიაბით, რომ არ ამოძრაოს.

ნუ მისცემთ ტკივილგამაყუჩებელს ექიმთან მოუთათბირებლად. შეგიძლიათ, ნატკენ ადგილას ცივი საფენი ან ყინული დაადოთ. ყინულს კანის დაზიანება შეუძლია, ამიტომ, პირდაპირი კონტაქტი თავიდან რომ აიცილოთ, ყინული სუფთა ქსოვილის ნაჭერში გაახვიეთ, ჩვილებთან კი მის გამოყენებას საერთოდ ერიდეთ.

თუ პატარამ ფეხი მოიტეხა, ეცადეთ, არ გაანძრიოთ და ტრანსპორტირებისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაელოდოთ.

თუ ჭრილობაში ძვლის ფრაგმენტი ჩანს, მის ჩასწორებას ნუ ეცდებით. დაადეთ კიდურზე მჭიდრო ნახვევი, რათა მოტეხილმა ფრაგმენტმა ზედმეტად არ იმოძრაოს და უფრო მეტი ტრავმა არ გამოიწვიოს.

თუ მოტეხილობას თან ახლავს სისხლდენა, უპირველეს ყოვლისა, დაადეთ დამწოლი ნახვევი. როცა სისხლდენა იკლებს, ჩამობანეთ ჭრილობა ნელთბილი წყლითა და საპნით. ამის შემდეგ დააფიქსირეთ კიდური და მიმართეთ კლინიკას.

თუ მოტეხილობის შემდეგ პატარას ტემპერატურამ აუწია, სავარაუდოდ, ჭრილობაა ინფიცირებული. ამ დროს წამლების მიცემა დაგჭირდებათ, ოღონდ ისინიც, რასაკვირველია, ექიმმა უნდა გამოგიწეროთ.

პროფესიული მკურნალობა

გასინჯვის შემდეგ რენტგენის სურათის გადაღებაა საჭირო, რათა მოტეხილობის მასშტაბი შეფასდეს. თუ ექიმმა ხრტილოვანი ფირფიტის დაზიანება ან ცდომითი მოტეხილობა იეჭვა, ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაციაც დაგჭირდებათ.

ბავშვის ძვლები, განურჩევლად დაზიანების სიმძიმისა, სწრაფად და კარგად ხორცდება. ამისთვის ხანდახან მხოლოდ იმობილიზაციაც კმარა.

ახალგაზრდა ძვლის ღირსებაა ისიც, რომ თუ მოტეხილი ფრაგმენტები ერთმანეთთან ახლოსაა, ეს საკმარისია შეხორცებისთვის. ხანდახან მათი იდეალური განლაგებაც კი არ არის საჭირო.

ბავშვის ძვალი ზრდასრულის ძვალზე ორჯერ (ხანდახან – კიდევ უფრო) სწრაფად ხორცდება. ეს, ერთი მხრივ, კარგია – პატარა ნაკლებ ხანს განიცდის ტკივილს და იმობილიზაციით გამოწვეულ დისკომფორტს, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ძვალი სწორად ხორცდება. შეხორცების პროცესზე დასაკვირვებლად პერიოდულად შესაძლოა რენტგენოგრაფია დაგჭირდეთ.

თუ ძვლის ფრაგმენტები აცილებულია ერთმანეთს, მაგრამ ჭრილობა ღია არ არის, შესაძლოა, ძვლის ჩასწორება დახურული წესითაც მოახერხოს ქირურგმა. თუ საქმე გვაქვს ღია მოტეხილობასთან ცდომით, ღია წესით ოპერაციას ამჯობინებენ.

მოტეხილობების მკურნალობა უმეტესად თაბაშირის დადებით ხდება. იმობილიზაცია შვებას ჰგვრის პატარას – მცირდება (ხანდახან ქრება კიდეც) ტკივილის შეგრძნება. თანამედროვე თაბაშირის დასველება ნებადართულია (მაგალითად, ბავშვის დაბანისას), მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ დეფორმაცია არ განიცადოს, არ გატყდეს, არ მოძვრეს. თუ დაზიანდა, ექიმს მიმართეთ გამოსაცვლელად.

ექიმს უნდა მიმართოთ მაშინაც, თუ თაბაშირის დადების შემდეგ ტკივილმა იმატა ან კიდური შეშუპდა, ბავშვს კანი გაულურჯდა, თითებს ვერ ამოძრავებს ან დაბუჟების შეგრძნება აქვს – შესაძლოა, მჭიდროდ დადებული  თაბაშირი ნერვს ან სისხლძარღვს აწვებოდეს. ექიმი ნახვევს შეამოწმებს და შესაძლოა, ახლით შეცვალოს.

სანამ ძვალი კარგად შეხორცდება, მოტეხილობის ადგილას მაგარი კორძი ჩნდება. ის განსაკუთრებით შესამჩნევია ლავიწის ძვალზე. კორძი შესაძლოა მგრნობიარე ან ოდნავ მტკივნეულიც იყოს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ – ძვლის შეხორცების შემდეგ ის რამდენიმე თვეში გაქრება.

<> 

თავის ტრავმა, ტვინის შერყევა

ბავშვობაში თავის ტრავმა გარდაუვალია. მსუბუქ ტრავმას ხანდახან მხოლოდ ჩახუტებაც შველის.

როგორ გავარჩიოთ მძიმე დაზიანება მსუბუქისგან?

თუ დაშავებულმა ბავშვმა გონება დაკარგა, არეული აქვს დროსა და სივრცეში ორიენტაცია, უჭირს ლაპარაკი, აწუხებს გულისრევის შეგრძნება ან პირღებინება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – შესაძლოა ტვინის შერყევასთან გქონდეთ საქმე, აქ კი აუცილებელია პროფესიონალის დაკვირვება და მკურნალობა.

მკურნალობა

თუ თავის ტრავმის შემდეგ ბავშვის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – არ ჭირვეულობს, ძილად არ არის მივარდნილი, მოფერების შემდეგ ტირილს ათიოდე წუთში წყვეტს (ტირილის ხანგრძლივობა დაზიანების სიმძიმის პირდაპირი ინდიკატორია) და თავის საქმიანობას (თამაშს) უბრუნდება, სანერვიულო არაფერია.

თუ ჭრილობა მსუბუქია და სისხლდენაც არ არის ძლიერი, შეგიძლიათ, ბავშვს სახლის პირობებშიც უმკურნალოთ:

. ჩამობანეთ ჭრილობა წყლითა და საპნით. თუ დარტყმის ადგილი გაუწითლდა და შეუშუპდა, რამდენიმე საათის განმავლობაში დაადეთ ცივი კომპრესები – შეშუპება აღარ მოიმატებს. 2-3 საათის შემდეგ ცივი კომპრესის დადებას აზრი აღარ აქვს. კარგი იქნება, თუ დამატებითი რეკომენდაციისთვის მაინც მიმართავთ პედიატრს.

ერთი შეხედვით მსუბუქი დაზიანების შემთხვევაშიც კი რეკომენდებულია, 24-48 საათის განმავლობაში დააკვირდეთ სიმპტომებს და ბავშვის ქცევას – შესაძლოა, სერიოზულმა სიმპტომებმა მოგვიანებით იჩინოს თავი. თუ ბავშვს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი გამოაჩნდა, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას:

. ძილიანობა (იმ საათებში, როცა, ჩვეულებრივ, ფხიზლობს);

. ლეთარგიულობა (უჭირს ძილიდან გამოფხიზლება, ვერ აღვიძებთ);

. თავის ტკივილი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ვერ აცხრობს (მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებმაც ლაპარაკი ჯერ არ იციან, ვერ მიგახვედრებენ, რომ თავი სტკივათ, მაგრამ თუ პატარა თავის დარტყმის შემდეგ გამუდმებით ტირის, დიდი ალბათობით, თავის ტკივილი აწუხებს);

. თავის ტკივილის თანმხლები ღებინება;

. მუდმივი გაღიზიანება, ჩხუბი, ტირილი;

. კოორდინაციის გაძნელება, უღონობა (ვერ დგება, კოორდინირებულად ვერ ამოძრავებს ხელებს, უჭირს გამართულად სიარული, მგრძნობელობა დაქვეითებული აქვს);

. რამდენჯერმე გონების დაკარგვა ან გულყრა.

თუ პატარამ თავის ტრავმის მიღებიდან გარკვეული ხნის შემდეგ გონება დაკარგა, ან რამდენიმე წუთია, ვერ ახერხებთ მის გამოფხიზლებას, სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას.

როგორ მოვიქცეთ

ნუ გაანძრევთ, ნუ შეუცვლით პოზიციას პატარას, თუ უგონოდაა. შესაძლოა კისრის ტრავმა ჰქონდეს და შეხებამ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს. გადააადგილეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ გარემოში სხვა საფრთხე ემუქრება (რამის დაცემა, ავტომანქანა, ელექტროდენი და სხვა).

შეუმოწმეთ სუნთქვა და გულისცემა. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი.

თუ ძლიერი სისხლდენა აქვს, დაადეთ მჭიდრო ნახვევი სუფთა ნაჭრით ან ტანსაცმლით.

დაუკავშირდით 112-ის ბრიგადას, უმჯობესია ძლიერი დაზიანების მქონე პატარა მათ გადაიყვანონ კლინიკაში.

<> 

მოწამვლა

ბავშვებს იზიდავთ ფერადი სითხეები  და ტაბლეტები. ისინი ხედავენ, როგორ სვამენ უფროსები წამლებს და მათ ბაძავენ. უყვართ სახელურებით თამაში და შესაძლოა, ღუმლიდან ბუნებრივი აირის გაპარვის მიზეზად იქცნენ.

მოწამვლისას სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ, მაგრამ სწრაფად იმოქმედოთ.

თუ ბავშვი უცნაურად იქცევა ან ტოქსიკური ნივთიერების გახსნილ სათავსთან მოთამაშე იპოვეთ, სავარაუდოდ, მოწამლულია. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, თუ პატარას აღენიშნება:

• ნერწყვდენა ან უცნაური სუნი პირიდან;

• მოულოდნელი ღებინება (რომელსაც წინ სხვა სიმპტომები არ უძღოდა);

• სუნთქვის გაძნელება;

• მუცლის ტკივილი ცხელების გარეშე;

• გულყრა ან გონების დაკარგვა;

• ტუჩებზე ან პირის ღრუში დამწვრობა;

• ტანსაცმელზე უცნაური ლაქები.

როგორ მოვიქცეთ

თუ ბავშვმა შხამ-ქიმიკატი მიიღო, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს – როცა სამკურნალო დაწესებულებამდე მიაღწევთ, შესაძლოა, უკვე გვიანი იყოს.

გამოართვით პატარას მომწამლავი ნივთიერება. ნუ აიძულებთ, ამოაფურთხოს ან გული აირიოს – ამან შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მიაყენოს. ზოგიერთი შხამ-ქიმიკატი (უნიტაზის საწმენდი, ჭურჭლის სარეცხი, ცხიმის მოსაშორებელი საშუალებები) მჟავა ან ტუტე ბუნებისაა. ეს ნივთიერებები, ინტოქსიკაციასთან ერთად, იწვევს პირის ღრუს, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავის ქიმიურ დამწვრობას. თუ ბავშვს გულის არევას აიძულებთ, ნივთერება ხელმეორედ გაივლის ტრაქტს და უკვე დაზიანებულ ლორწოვანს უფრო მეტად დააზიანებს. ნაცვლად ამისა, უმჯობესია, პატარას რძე ან წყალი დაალევინოთ.

კლინიკაში წაიყოლეთ ისიც, რაც ბავშვმა დალია, რათა ექიმს ანტიდოტის პოვნა გაუადვილოთ.

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს:

• ყელის ტკივილს;

• ჭარბ ნერწყვდენას;

• სუნთქვის გაძნელებას;

• ძლიერ საერთო სისუსტეს.

შხამ-ქიმიკატით მოწამვლა კანთან კონტაქტითაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში პატარას სასწრაფოდ გახადეთ ტანსაცმელი (შესაძლოა,  შხამი ქსოვილმა შეიწოვოს და მომწამლავ ნივთიერებასთან კონტაქტი გაახანგრძლივოს) და 15 წუთის განმავლობაში ბანეთ კანი ნელთბილი წყლით. მის ჭირვეულობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მომწამლავი ნივთიერება მთლიანად უნდა მოშორდეს კანს, რათა სერიოზული დაზიანება თავიდან აიცილოთ.

თუ ნივთიერება თვალში მოხვდა, აუცილებლად უნდა გამოურეცხოთ. წყლის მსუბუქი ჭავლი თვალის შიგნითა კუთხიდან ისე მიმართეთ, რომ გარეთა კუთხიდან გადმოვიდეს და შხამიც გამოიყოლოს (ძნელია, მაგრამ ცდა არ უნდა დააკლოთ). ბავშვი ამას აუცილებლად გააპროტესტებს, ამიტომ ვინმე დაიხმარეთ. თუ მარტო ხართ, დაიჭირეთ პატარა ხელში და შხაპის ქვეშ ერთად დადექით. მერე კი რაც შეიძლება სწრაფად მიაკითხეთ სამკურნალო დაწესებულებას.

თვალის წვეთებს და მალამოებს ნუ გამოიყენებთ!

თუ ბავშვი კვამლით ან ბუნებრივი აირით მოიწამლა, რაც შეიძლება მალე გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. თუ არ სუნთქავს ან პულსი არ ესინჯება, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, მის მოსვლამდე კი გულის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეთ.

პრევენცია

ყველაზე ხშირად ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვები იწამლებიან – მედიკამენტებით, კოსმეტიკით, საოჯახო ქიმიური საშუალებებით, ქოთნის მცენარეებით, მიწით, საღებავებით... ეს იმიტომ, რომ ამ ასაკში პატარებს ყველაფერი აინტერესებთ და ყველაფერს, რაც აინტერესებთ, გემოს უსინჯავენ.

ბავშვები ყველაზე ხშირად იმ დროს იწამლებიან, როცა უფროსები მათ უყურადღებოდ ტოვებენ. პატარების უსაფრთხოებისთვის გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

. მედიკამენტები ისეთ ადგილას შეინახეთ, რომელიც ბავშვისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზეა. შეამოწმეთ, კარგად იხურება თუ არა კარადის კარი.

. შეიძინეთ ან შეინახეთ მედიკამენტები სპეციალურ კოლოფებში, რომლებსაც ბავშვი ვერ გახსნის.

. გამოჯანმრთელების შემდეგ საგულდაგულოდ შეინახეთ (ან გადაყარეთ) მედიკამენტები, რომლებსაც ავად ყოფნისას მუდმივად იყენებდით და ხელმისაწვდომ ადგილას გეწყოთ.

. ნუ დალევთ წამლებს ბავშვის დასანახად და ნუ მიაჩვევთ პატარას აბების კანფეტებად წარმოდგენას – ეგონება, რომ ყველა ტაბლეტი კანფეტია და უნებართვოდ შეჭამს.

. როცა ბავშვს წამალს ასმევთ, ყოველთვის შეამოწმეთ მედიკამენტის დასახელება, დოზა და ვადა. მედიკამენტით მოწამვლა უმეტესად მაშინ ხდება, როცა მშობელს ღამით (ბნელ ოთახში) უწევს ბავშვისთვის წამლის მიცემა.

. საოჯახო ქიმიის შეძენისას ეცადეთ, შეარჩიოთ ყველაზე უსაფრთხო პროდუქტები.

. ნუ შეინახავთ მომწამლავ და ტოქსიკურ ნივთიერებებს ისეთ კოლოფებში, ქილებსა თუ ბოთლებში, რომლებშიც წინათ საჭმელი გეწყოთ ან სასმელი გესხათ – შესაძლოა, ბავშვს ეგონოს, რომ მათი ახალი შიგთავსიც საკვებად ვარგისია.

. თუ მანქანა ფარეხში დგას, ფარეხის კარის გაღებამდე ნუ ჩართავთ ძრავას, თორემ მომწამლავი ნამწვი აირი სათავსში დაგროვდება.

. დარწმუნდით, რომ უსაფრთხოა გარემო იქაც, სადაც პატარა დროის დიდ ნაწილს ატარებს (ბებია-ბაბუასთან, ძიძასთან და სხვა).

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: