როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის
გააზიარე:
თუ ბავშვის გაჩენას ცდილობთ ან უბრალოდ ფიქრობთ ამაზე, ნუ გადადებთ ორსულობის დაგეგმვას. ორსულობის დადგომამდე (ან ორსულობათა შორის) ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თავის მოვლა აუცილებელია, რათა გაიზარდოს ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი.
ვიდრე დაორსულდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, მიმართოთ ექიმს წინასწარი კონსულტაციისა და კვლევებისთვის.
ექიმი შეკრებს მონაცემებს თქვენს რაციონზე, ცხოვრების წესზე, წინა ორსულობებზე (მათი არსებობის შემთხვევაში), გკითხავთ, ხომ არ გაქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება ან გენეტიკური დაავადების ოჯახური ისტორია, მუდმივად ხომ არ იღებთ რომელიმე მედიკამენტს და ა.შ.
ამასთან ერთად, არსებობს კვლევები, რომლებიც ორსულობამდე უნდა ჩაიტარონ ქალმა და მისმა პარტნიორმა, და ეს ეხება არა მხოლოდ პირველ, არამედ ყველა ორსულობას.
მნიშვნელოვანი საკითხები
* იღებთ თუ არა რომელიმე მედიკამენტს ან მცენარეულ პრეპარატს, გჭირდებათ თუ არა მათი მიღება ან მკურნალობის კურსის შეცვლა;
* ვაქცინაციის საკითხი;
* უნდა დაიწყოთ მულტივიტამინების მიღება, განსაკუთრებით – ფოლიუმის მჟავასი (ან ფოლატის);
* უნდა იცოდეთ, რომელი საკვებია სასურველი ორსულობისას და რომელს უნდა მოერიდოთ;
* შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოწევა და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარება;
* წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი და ბავშვის რისკები, თუ:
- გაქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება ან სამედიცინო მდგომარეობა;
- არსებობს გენეტიკური დაავადება თქვენს ან პარტნიორის ოჯახში.
* ერიდეთ მავნე ნივთიერებებს სახლსა და სამსახურში;
* შეეცადეთ მიაღწიოთ ჯანსაღ წონას.
სასურველია, მომზადება 1-3 თვით ადრე დაიწყოთ. შესაძლოა, კვლევის პროცესში ისეთი პრობლემა გაჩნდეს, რომლის მოგვარებასაც გარკვეული დრო და რესურსი დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ თავს ჯანმრთელად გრძნობთ.
რომელი წამლები მივიღოთ
თუ ორსულობამდე განსაზღვრულ მედიკამენტებს, საკვებდანამატებსა თუ მცენარეულ საშუალებებს იღებდით, აუცილებელია, ეს საკითხი თქვენს მეან-გინეკოლოგთან (რეპროდუქტოლოგთან) შეათანხმოთ, ვინაიდან ზოგი წამლის მიღება არც ჩასახვისას შეიძლება და არც ორსულობის პერიოდში. ზოგ მედიკამენტს გარკვეული დრო სჭირდება, რომ ორგანიზმიდან გამოიდევნოს. შესაძლოა, ამის გამო რამდენიმე თვით ადრეც კი მოგიწიოთ ზომების მიღება.
არის შემთხვევები, როცა ესა თუ ის წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალის ჯანმრთელობისთვის, მისი ერთბაშად მოხსნა კი ნამდვილად არ არის გამოსავალი. ამ შემთხვევაში აუცილებელია შესაბამის სპეციალისტთან (კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ნევროლოგი და სხვა) კონსულტაცია, რათა საჭირო მედიკამენტების მათი უსაფრთხო ანალოგებით შეცვლა მოხერხდეს. წამლის მიღების მოულოდნელმა შეწყვეტამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ქალის ჯანმრთელობას. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს კრუნჩხვების, მაღალი წნევის, სისტემური წითელი მგლურას, რევმატოიდული ართრიტის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
საჭიროა თუ არა ვაქცინაცია
ქალებს, რომლებსაც დაორსულება სურთ, უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი ვაქცინაციის სტატუსის შესახებ. თუ ორსულობას გეგმავთ, უმჯობესია, მომზადებული შეხვდეთ იმ საშიშ დაავადებებს, რომელთა თავიდან აცილებაც იმუნიზაციის გზით არის შესაძლებელი – წითელას, ყბაყურას, წითურას, ტეტანუსს, დიფტერიას, პოლიომიელიტს, ჩუტყვავილას, B ჰეპატიტს.
დღეს ეროვნული კალენდრის მიხედვით თითქმის ყველა ქალი აცრილია ზემოხსენებულ დაავადებებზე. მიუხედავად ამისა, უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა იმუნიტეტი მათ მიმართ. გადამოწმება სისხლში ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრით არის შესაძლებელი.
ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ვაქცინის გაკეთება არც ორსულობის დროს, არც ორსულობამდე ერთი-სამი თვის განმავლობაში არ შეიძლება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ შუალედს და დაიცავით სპეციალისტის რეკომენდაციები.
ასევე ყველა ქალმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს გრიპის აცრა.
პანდემიის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია COVID-19-ისგან მომავალი დედის დაცვა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება რისკს იმ ქალებისთვის, რომლებიც ორსულად არიან ან შესაძლოა დაორსულდნენ მომავალში. თუ ორსულობას გეგმავთ, რეკომენდებულია მ-რნმ (მესენჯერ-რნმ) ვაქცინით იმუნიზაცია.
ვიტამინები
მინერალებისა და ვიტამინების მიღების საუკეთესო გზა ჯანსაღი კვებაა. გამონაკლისია ფოლიუმის მჟავა, რომელიც საკვებში ცოტაა, ამიტომ დანამატის სახით მიღება მოგიწევთ. იგი ხელს უწყობს ზოგიერთი თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილებას, ამიტომ თუ დაორსულებას გეგმავთ, ერთი თვით ადრე მაინც დაიწყეთ თავად ფოლიუმის მჟავას ან ისეთი მულტივიტამინის მიღება, რომელიც მინიმუმ 400 მიკროგრამ ფოლიუმის მჟავას შეიცავს – იმ დროისთვის, როცა თქვენ ორსულობის შესახებ შეიტყობთ, თქვენს პატარას უკვე ჩამოყალიბებული ექნება მრავალი ორგანო და სხეულის ნაწილი, რომელთა ნორმალური განვითარებისთვის ფოლიუმის მჟავაა საჭირო.
თუ მულტივიტამინს მიიღებთ, უნდა იცოდეთ, რომელ ვიტამინებს ერიდოთ, ვინაიდან ყველა მათგანი არ არის სასარგებლო განვითარებადი ნაყოფისთვის, და რა დოზით მიიღოთ საჭირო მიკროელემენტები. სასურველია, დანამატი შეიცავდეს რკინას, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ A ვიტამინთან. საზოგადოდ, გირჩევთ, ექიმთან შეუთანხმებლად არ დაიწყოთ მულტივიტამინის მიღება – დამოუკიდებლად ვერ შეარჩევთ თქვენთვის და თქვენი შვილისთვის უსაფრთხო დოზებს.
რა ვჭამოთ
ყოველგვარი საკვები არ არის უვნებელი ქალისთვის, რომელიც ორსულადაა ან ცდილობს დაორსულდეს.
თუ ორსულობას გეგმავთ, ერიდეთ უმ და ცუდად მოხარშულ ხორცს, ასევე ზვიგენს, ხმალთევზას, სამეფო სკუმბრიას და ზოგიერთ ეგზოტიკურ თევზს – მათში შესაძლოა მაღალი იყოს ვერცხლისწყლის შემცველობა, რომელიც მომწამლავია ნაყოფისთვის.
შეზღუდეთ კოფეინის რაოდენობა – დღეში 1-2 ფინჯან ყავაზე მეტს ნუ დალევთ. ჩაი და გაზიანი სასმელებიც შეიცავს კოფეინს, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც ყავა.
ეცადეთ, გქონდეთ დაბალანსებული, ხილით, ბოსტნეულითა და მარცვლეულით, ცილითა და ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი რაციონი.
ხილი და ბოსტნეული მიირთვით კარგად გარეცხილი და თერმულად დამუშავებული.
დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს
ორსულობის დადგომამდე მავნე ჩვევებზე სრულიად უნდა თქვათ უარი – შეწყვიტოთ თამბაქოს წევა, ალკოჰოლიანი სასმელების სმა, ნარკოტიკული საშუალებების მიღება. ორსულობის დროს ამ ნივთიერებების მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
თავის იმით ნუ დაიმშვიდებთ, რომ მავნე ნივთიერებების მოხმარებას ორსულობის დადასტურებისთანავე დაანებებთ თავს. სამწუხაროდ, ეს ნივთიერებები პირველივე დღეებიდან დიდ ზიანს აყენებს ემბრიონს. მათი გავლენისა და დოზების წინასწარ გათვლა, სამწუხაროდ, შეუძლებელია – დღეში შვიდ ღერ სიგარეტს ეწევით თუ თხუთმეტს, რისკფაქტორი რისკფაქტორად რჩება. ამ დროს იზრდება ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის წონაში ჩამორჩენის, განვითარების ანომალიების რისკი და სხვა.
თუ დახმარება გჭირდებათ, ესაუბრეთ თქვენს ექიმს. ის შეგირჩევთ მკურნალობის ეფექტურ გზას.
აუცილებელია, თქვენმა პარტნიორმაც შეწყვიტოს მოწევა, ალკოჰოლისა და მავნე ნივთიერებების მოხმარება. ცხოვრების არაჯანსაღი წესი მამის ჯანმრთელობასა და გენეტიკურ მასალაზეც ისეთსავე გავლენას ახდენს, როგორსაც დედისაზე.
სხვადასხვა დაავადების რისკი
აუცილებლად გაირეთ ექიმთან ეს საკითხიც. ბევრ სასარგებლო რჩევას მიიღებთ იმის შესახებ, როგორ აიცილოთ თავიდან ესა თუ ის გართულება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის თაობაზე მშობლების ინფორმირება, როდესაც დედას ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემა აქვს ან რომელიმე მშობლის ოჯახში დადასტურებულია გენეტიკური დაავადება.
* თუ დედას ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემა აქვს, ორსულობის დროს ამან შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელია, ასეთი ორსულობები რამდენიმე სპეციალისტის თანამშრომლობით და მეთვალყურეობით დაიგეგმოს. ასეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება დიაბეტი, ესენციური ჰიპერტენზია, ასთმა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კრუნჩხვითი დარღვევები, აივ ინფექცია. თუ ეს მდგომარეობები ორსულობის დადგომამდე კარგად არ იმართა, შესაძლოა, მომავალში პრობლემები შეუქმნას დედას და ნაყოფს.
* თუ მომავალ დედას ან მამას ოჯახში ისეთი დაავადების შემთხვევები აქვთ, რომელიც შეიძლება ნაყოფს გადაეცეს, გენეტიკოსის კონსულტაციაც საჭირო იქნება. გენეტიკური კონსულტაცია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორია შანსი, თქვენს პატარას ეს დაავადება განუვითარდეს. კონსულტაცია დაგეხმარებათ იმის გარკვევაშიც, რა არჩევანი, შესაძლებლობები და საშუალებები გექნებათ განსაკუთრებული მოთხოვნილების ბავშვის გასაზრდელად. ასეთი დაავადებების მაგალითებია ცისტური ფიბროზი, გონებრივი ჩამორჩენილობა, კუნთოვანი დისტროფია და სხვა.
უსაფრთხო გარემო
არსებობს პროფესიები, რომლებიც მოითხოვს ქიმიკატებთან კონტაქტს (სილამაზის სალონის, ქიმწმენდის პერსონალი). უმჯობესია, ორსულობისას ასეთ გარემოს ერიდოთ.
ჯანსაღი წონა
ჭარბმა წონამ ან წონის დეფიციტმა შესაძლოა გაართულოს დაორსულება. წონის პრობლემები იწვევს ჰორმონულ დისბალანსს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ოვულაციასა და დაორსულების შანსზე.
დაორსულებამდე უნდა ეცადოთ, მიაღწიოთ ჯანსაღ წონას.
ასევე მნიშვნელოვანია, სამსახურსა თუ სახლში მუდმივად არ იჯდეთ, არ ეწეოდეთ მძიმე საგნებს, იკვებებოდეთ თანაბარი ინტერვალებით, საკმარისად მოძრაობდეთ, საკმარის დროს ატარებდეთ სუფთა ჰაერზე, სვამდეთ საკმარისი რაოდენობის (დღეში 2-2,5 ლ) წყალს.
სესილი ცირეკიძე