საეჭვო ნივთიერებები ტუჩსაცხში
გააზიარე:
ტუჩსაცხი ქალების საყვარელი ატრიბუტია. რა გასაკვირია – წითელი ტუჩები ხომ უფრო მეტ გრძნობიერებას, სითამამესა და შარმს სძენს ქალს, ვიდრე იმიჯის რომელიმე სხვა დეტალი. თუმცა პომადის არცთუ მცირე ნაწილი ჩვენს ორგანიზმში ხვდება.
გაინტერესებთ, რისგან მზადდება ის?
ტუჩების შეღებვის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ძველად ტუჩებს იღებავდნენ კარმინით, რომელსაც პაწია მწერის, ბუჟღენდის, სისხლისგან იღებდნენ, მცენარეებისა და წყალმცენარეების პიგმენტებით... სხვადასხვაგვარი იყო თავად რიტუალისადმი დამოკიდებულებაც. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში ტუჩებს იღებავდნენ მეომრები ბრძოლის წინ, ძველ საბერძნეთში რესპექტაბელურ საზოგადოებაში მაკიაჟით გამოჩენა სათაკილოდ მიიჩნეოდა – ტუჩებს მხოლოდ ხელოვანები და მეძავები იღებავდნენ, იაპონური კულტურა კი მაღალი წრის ქალებს პირდაპირ ავალდებულებდა მაკიაჟის გაკეთებას. ისინი ტუჩების შესაღებავად ცვილის, თაფლისა და მცენარეული პიგმენტების ნაზავს იყენებდნენ, რაც ძალიან ახლოსაა თანამედროვე ტუჩსაცხის შემადგენლობასთან.
დღეს ტუჩის პომადები შედგება საღებავისგან (მთელი შემადგენლობის დაახლოებით 5%), ზეთისგან (40%), ცვილისგან (20%), ტიტანის დიოქსიდისა (10%) და დამარბილებლებისგან (25%). რომრლი მავნე ნივთიერებები შეიძლება შეგვხვდეს მათ გვერდით?
მოდი, კარგით დავიწყოთ.
ნატურალური კოსმეტიკა
სინთეტიკური ნივთიერებების შემცველთა გვერდით ბაზარზე ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ტუჩსაცხებიც გვხვდება. სპეციალური სერტიფიკატებიც კი გაიცემა ასეთი ნაწარმის დანარჩენი პროდუქციისგან გასარჩევად. ნატურალური კოსმეტიკა მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება. წარმოებაში მხოლოდ მცენარეულ, მინერალურ ან მიწის პიგმენტებს იყენებენ, სურნელს კი პროდუქტს ეთერზეთების დამატებით აძლევენ.
ტუჩსაცხის უდიდესი წილი ზეთი და ცვილია. რაც შეეხება პალიტრას, სულ რამდენიმე წლის წინ ნატურალური პომადის ფერთა არჩევანი საკმაოდ მწირი იყო, დღეს კი ფერების ფართო სპექტრია ხელმისაწვდომი, რაც ბუნებრივი საღებავების სხვადასხვა კომბინაციით მიიღწევა.
ნატურალური ტუჩსაცხი არ შეიცავს სილიკონს, მინერალურ ზეთს, ხელოვნურ არომატს, ამიტომ გაცილებით უვნებელია, თუმცა ნაკლებად გამძლე – 24-საათიან მდგრადობას მისგან ნუ ელით. ამის მიღწევა მხოლოდ მავნე დანამატებით არის შესაძლებელი.
ნატურალური კოსმეტიკის თაყვანისმცემლებმა ისიც იციან, რომ კონსერვანტების ნაკლებობის გამო, ნატურალური პომადა დიდხანს არ ინახება. სამაგიეროდ მისი ბუნებრივი ინგრედიენტები კარგად არეგულირებს ტუჩებზე ტენის ბალანსს და არც შიში აგიტანთ, თუ ცოტა გადაგეყლაპათ.
საეჭვო ნივთიერებები
თუ წინათ ქალები იმითაც კი კმაყოფილები იყვნენ, რომ ტუჩების სხვადასხვა ფერით გახალისება შეეძლოთ, დღეს პომადა მრავალ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: ჰქონდეს ინტენსიური ფერი და მიმზიდველი ბზინვარება, ძლებდეს დიდხანს, ტუჩის ნაოჭებში არ უნდა დაგროვდეს და პეწი დიდხანს შეინარჩუნოს. ამ ყველაფრის მიღწევა კი სინთეზური ნივთიერებების გარეშე თითქმის შეუძლებელია.
ტუჩსაცხების წარმოებაში უმეტესად იყენებენ ჯანმრთელობისთვის საზიანო შემდეგ ნივთიერებებს:
ნავთობისგან მიღებულ პარაფინებს და მინერალურ ზეთებს – ისინი წყალში უხსნელ ფენად ეკვრიან ტუჩებს, რითაც მათ სირბილეს და ელასტიკურობას მატებენ. მათ შემადგენლობაში შედის ისეთი ქიმიური ნაერთები, როგორიცაა Mosh (Mineral oil saturated hydrocarbons) – ნაჯერი ნახშირწყალბადები და Moah (Mineral oil aromatic hydrocarbons) – არომატული ნახშირწყალბადები. განსაკუთრებით საყურადღებოა ტუჩსაცხში Mოსჰ-ის შემცველობა. ორგანიზმში ჭარბად მოხვედრისას ეს ნივთიერებები შესაძლოა ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ელენთაში დაგროვდეს. არანაკლებ მავნეა Mოაჰ. რამდენიმე კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ამ ჯგუფში ბევრი კიბოს გამომწვევი ნაერთიც შედის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობაზე მათი მავნე გავლენა მეცნიერულად დადასტურებული არ არის, სპეციალისტები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ მათი გამოყენებისგან და ყურადღებით გავეცნოთ ტუჩსაცხის შეამდგენლობას. თუ შეფუთვაზე მითითებული ინგრედიენტების ჩამონათვალში წაიკითხეთ: Mineral Oil, Petrolatum, Paraffinum Liquidum, Mikrokristallines Wachs, Ozokerit, Ceresin, Vaseline – ესე იგი ის მინერალურ ზეთს შეიცავს.
ბევრ პომადაში გვხვდება ფორმალდეჰიდი როგორც კონსერვანტი და დიეთილ ფტალატი როგორც სინათლისადმი მდგრადი დამარბილებელი. ორივე ნივთიერებას ძლიერი კანცეროგენული ეფექტი აქვს.
ტუჩსაცხის ბუნებრივი ინგრედიენტების უსიამოვნო სუნის ჩასახშობად მწარმოებლები არ იშურებენ სინთეზურ სურნელის მიმცემ ნივთიერებებს, რომელთა უმრავლესობას შეუძლია, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
ფერის პიგმენტები, რომლებსაც ტუჩსაცხისთვის იყენებენ, ხელოვნურად მზადდება. ეს, ერთი მხრივ, იაფი უჯდება მწარმოებელს, მეორე მხრივ კი ფერების თითქმის შეუზღუდავ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა ზოგიერთი მათგანი საშიშიც კია ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, საღებავი CI 17200, რომელსაც შეუძლია გამოყოს ანილინი – კიბოს განვითარებაში ეჭვმიტანილი ნივთიერება – და ტარტრაზინი, რომლის მაღალი ალერგიული პოტენციალი უკვე დიდი ხანია ცნობილია.
ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტუჩის პომადა შესაძლოა შეიცავდეს ლითონების მავნე რაოდენობას. შემოწმებული ტუჩსაცხების შემადგენლობაში თითო ლითონი მაინც აღმოაჩინეს, მათ შორის – ალუმინი, კადმიუმი, ტყვია, ტიტანი, კობალტი, სპილენძი, ნიკელი, თუმცა ზოგიერთი მათგანი აუცილებელია ტუჩსაცხების წარმოებისთვის და განსაზღვრული დოზებით ნებადართულია FDA-ს მიერ. მაგალითად, ალუმინს სტაბილიზატორად იყენებენ, პომადამ ფერი რომ არ შეიცვალოს, ტიტანის ოქსიდს – წითელი პიგმენტის გასაბაცებლად და მისგან ვარდისფრის მისაღებად. აი, ზოგიერთი კი მხოლოდ სილამაზისთვისაა. მაგალითად, ბრჭყვიალები.
ზოგიერთ ტუჩსაცხში განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა ტიტანისა და ალუმინის კონცენტრაცია. შემოწმებული პროდუქციის 75 პროცენტი კი ტყვიას შეიცავდა, ზოგიერთი – საგანგაშოდ დიდი დოზით.
ლითონები, რომლებიც ორგანიზმში ჭარბად გროვდება, საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. მაგალითად, თუ ტყვია ან ალუმინი ტვინში მოხვდა, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მას.
ტყვიის შემცველობაზე FDA-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 400-მდე ტუჩსაცხი შეამოწმეს. მათ 95 პროცენტში აღმოჩნდა ტყვიის კონცენტრაცია, რომელიც აღემატებოდა მის მაქსიმალურ ნებადართულ ოდენობას შოკოლადში.
FDA-ს დასკვნით, ტყვიის ერთჯერადი მიღება, თუნდაც ასეთი კონცენტრაციით, არ არის საშიში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალების უმრავლესობა დღეში ოცჯერ მაინც აცოცხლებს ტუჩებზე ფერს, მან შესაძლოა საფუძვლიანად ავნოს ჯანმრთელობას, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, ტუჩსაცხი დღეში ორ-სამ ჯერზე მეტად არ გავიახლოთ.
საფრთხის ზუსტი შეფასება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების საერთო ზემოქმედება მაინც ინდივიდუალურად განიხილება. განსაკუთრებული რისკის პირისპირ დგანან ორსულები და მეძუძურები, რადგან ისინი ტოქსინებს გადასცემენ ან ნაყოფს პლაცენტის საშუალებით, ან ჩვილს რძით. ვინაიდან არც ნაყოფს, არც ახალშობილს ჰემატოენცეფალური ბარიერი ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული, ტოქსინები თითქმის შეუფერხებლად აღწევს ტვინამდე და შეუძლია, განვითარების მძიმე დარღვევები გამოიწვიოს.
ნუ დავივიწყებთ დაბინძურების უამრავ სხვა წყაროს: სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, საკვებს, გარემოს, სასმელ წყალს... ვფიქრობთ, ცხადია, რომ მავნე ნივთიერებების შეგნებული მიღება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე