თეთრხალათიანი დეტექტივები - მცენარეული შხამები: უჩინარი იარაღის ძიებაში

გააზიარე:

მარი ლაფარჟის პროცესმა, რომლის შესახებაც წინა წერილში მოგიყევით, საზოგადოებას საშუალება მიეცა, მეცნიერული ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა დაენახა.

XIX საუკუნეში ევროპაში გაიმართა კიდევ რამდენიმე გახმაურებული სასამართლო პროცესი, რომელთა მიმდინარეობისას გარდაცვლილის ორგანიზმში მცენარეული შხამის  არსებობა უახლესი მეცნიერული მეთოდებით იქნა დამტკიცებული.

***

გუსტავ ფუნიის უკანასკნელი სადილი

როგორც კი ორგანიზმში ნივთიერების აღმოჩენა შესაძლებელი გახდება (სხვაგვარდ რომ ვთქვათ, როგორც კი მიაგნებენ  მისი აღმოჩენის ხერხს), მისდამი კრიმინალური ინტერესი იკლებს.

მაგალითად, დარიშხანი დღესაც ისეთივე მომაკვდინებელია, როგორიც XIX საუკუნეში იყო, მაგრამ თანამედროვე კრიმინოლოგიაში მას თითქმის ვეღარ შეხვდებით, სწორედ იმიტომ, რომ სხეულში მისი აღმოჩენა ძალიან ადვილია.

XIX საუკუნის შუა წლებში მკვლელობის იდეალურ საშუალებათა რეიტინგს სათავეში მცენარეული შხამები ედგა. მათი შესწავლა ახალი დაწყებული იყო და სხეულში მათი აღმოჩენის ქიმიური მეთოდი ჯერ არ არსებობდა, ამიტომ დანაშაულის ფაქტის დადასტურება შეუძლებელი ჩანდა.

სწორედ ერთ ასეთ დანაშაულს შეეჯახა 1850 წელს ბელგიელი ქიმიკოსი ჟან სერვე სტასი და თავისი უდიდესი აღმოჩენაც გააკეთა – მიაგნო ნივთიერებაში ალკალოიდების პოვნის ხერხს, რომელიც იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ მცირედი მოდიფიკაციებით დღესაც გამოიყენება ანალიზურ ქიმიაში.

მომაკვდინებელი წვეთები

ალკალოიდები ბუნებრივი წარმოშობის ორგანული ნაერთებია. მათი უმრავლესობა, თუ მცირე დოზებით მივიღებთ, სამკურნალო ეფექტს ახდენს, დიდი დოზები კი მომწამვლელია.

ალკალოიდების გამოყენებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. მაგალითად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ოდისეაში მოხსენიებული “ჭირთა დამვიწყებელი ნაყენი” ოპიუმია. პირველი-მესამე საუკუნეების წყაროები მოწმობს, რომ იმ დროს ჩინეთში უკვე იყენებდნენ ეფედრისა და ხაშხაშის გამონაწვლილს, სამხრეთი ამერიკის აბორიგენები კოკაინის აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე აფასებდნენ კოკის ფოთლების ნარკოტიკულ ეფექტს, ხოლო აკონიტინით და ტუბოკურარინით ისრებს წამლავდნენ.

თუმცა ალკალოიდების ინტენსიური მეცნიერული შესწავლა მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყო.

ჯერ კიდევ მატიე ორფილამ შეამჩნია, რომ სანამ ის და მისი კოლეგები – სასამართლო მედიცინისა და სასამართლო ტოქსიკოლოგიის ფუძემდებლები – მინერალური და მეტალური წარმოშობის მომწამლავ ნივთიერებათა საიდუმლოს ხსნიდნენ, მცენარეული საწამლავები სოკოებივით მომრავლებულიყვნენ.

ამ პროცესს სათავე დაუდო გერმანელმა აფთიაქარმა ფრიდრიხ ზერტიუნერმა, რომელმაც 1804 წელს ოპიუმიდან გამოყო “ძილის მომგვრელი კომპონენტი” და ბერძნული პანთეონის ძილის ღმერთის სახელის მიხედვით მორფიუმი უწოდა (თანამედროვე სახელწოდება “მორფინი” მოგვიანებით დაამკვიდრა ფრანგმა ქიმიკოსმა ჟოზეფ გეი-ლუსაკმა).

თითქოს ამას ელოდაო, დაიძრა მცენარეული ნივთიერებების ზვავი. ზედიზედ აღმოაჩინეს ქინინი, სტრიქნინი, ქსანთინი, ატროპინი, კოფეინი, ნიკოტინი, კოლხიცინი, კოკაინი და სხვანი და სხვანი. დღეისთვის კი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, თორმეტი ათასამდე ალკალოიდია ცნობილი.

ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა წვეთი ნიკოტინისა და ცხენის შესახებ. სინამდვილეში ამ გამოთქმაში რვა წვეთზეა საუბარი და ის XIX საუკუნეში მოღვაწე ვეტექიმს, საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრს კამილ ლებლანს ეკუთვნის.

ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ზეთი პირველად 1552 წელს გამოხადეს თამბაქოს ფოთლებისგან, 1665 წელს კი სამეცნიერო საზოგადოებამ მოისმინა პირველი მოხსენება მისი მომაკვდინებელი თვისებების შესახებ.

სუფთა ნიკოტინი 1828 წელს მიიღეს კრისტიან ვილჰელმ პოსელმა და კარლ ლუდვიგ რაიმანმა, რომლებმაც ისიც აღმოაჩინეს, რომ ამ ნივთიერების 1-2 წვეთი კლავდა ძაღლს, 1889 წელს კი ლებლანმა ექსპერიმენტის გზით დაადგინა, რომ ცხენის მოსაკლავად საკმარისი იყო რვა წვეთი ნიკოტინი.

ცხენებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ მეტი ცნობა არ შემორჩენილა. შესაძლოა იმიტომ, რომ, ძაღლების, კატებისა და თაგვებისგან განსხვავებით, ცხენი კეთილშობილ ცხოველად მიიჩნეოდა, ან იმიტომ, რომ გაცილებით ძვირი ღირდა.

ადამიანებზე ნიკოტინით ექსპერიმენტი არავის ჩაუტარებია, მაგრამ ერთმა ბელგიელმა არისტოკრატმა ლოგიკურად დაასკვნა, რომ თუ ნიკოტინი ცხოველს კლავდა, ადამიანსაც მოკლავდა და ასე გახდა ისტორიაში პირველი (და, შესაძლოა ერთადერთი) ადამიანი, რომელმაც მკვლელობის იარაღად ეს ალკალოიდი გამოიყენა.

გრაფ ვიქტორ ბოკარმეს ხელგაშლილი ცხოვრება უყვარდა. სამწუხაროდ, არც მამისგან მიღებული მემკვიდრეობა, არც ახალგაზრდა ცოლის მოკრძალებული მზითევი ამის საშუალებას არ აძლევდა. გრაფს იმედი ჰქონდა, რომ ხეიბარი ცოლისძმა უშვილძიროდ გადაეგებოდა და მისი არცთუ ისე დიდი, მაგრამ არც მთლად ხელწამოსაკრავი ქონება მას დარჩებოდა. მაგრამ ნათქვამია, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო – გუსტავ ფუნიიმ, რომელიც ცალფეხა კი იყო, მაგრამ ამის გამო თავის ცოცხლად დამარხვას არ აპირებდა, ერთ მშვენიერ დღეს ცოლის შერთვა გადაწყვიტა.

1850  წლის შემოდგომის ერთ დილას გუსტავ ფუნიი დას და სიძეს ესტუმრა, რათა ქორწილში მიეპატიჟებინა, ნასადილევს კი მოულოდნელად მოკვდა.

მსახურებს, რომლებიც სადილს არ დასწრებიან, გამოუცხადეს, რომ სტუმარი აპოპლექსიური შეტევით მოკვდა.

ახალგამომცხვარი საქმრო დიდი ხანია უჩიოდა ჯანმრთელობას, ასე რომ, მისი მოულოდნელი სიკვდილი ალბათ არავის დააეჭვებდა, რომ  არა მასპინძლების უცნაური ქცევა: გრაფმა სამზარეულოდან ძმარი მოატანინა და გარდაცვლილს ხახაში უხვად ჩაასხა, მერე კი ნეშტი თავიდან ფეხებამდე გაწმინდა ამავე სითხით. უცნაური იყო ისიც, რომ გრაფის მეუღლემ გარდაცვლილის ტანსაცმელი მაშინვე გასარეცხად წაიღო, ყავარჯნებს კი ცეცხლში შეუძახა.

მსახურებმა – მეეტლემ, მოახლე გოგომ და ძიძამ – რჩევისთვის ადგილობრივ მღვდელს მიმართეს.

მეორე დღეს ბოკარმეების მამულში ჩავიდა სასამართლოს გამომძიებელი, გვარად ეგებერი, ჟანდარმებისა და ექიმების თანხლებით. ეგებერს, რომელსაც ქალის ჭკუაზე სულაც არ ჰქონდა დიდი წარმოდგენა, ყველაფერი მოსამსახურეების ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნდა, მაგრამ მოვალეობა მოითხოვდა, სავარაუდო დანაშაულის ადგილი საკუთარი თვალით ენახა.

დახედა თუ არა გამომძიებელმა გვამს,  მისი თავდაჯერება ეჭვმა შეეცვალა. ეგებერმა ექიმებს დაავალა, დაუყოვნებლივ ჩაეტარებინათ გაკვეთა და გარდაცვალების მიზეზი დაედგინათ.

გაკვეთამ აჩვენა, რომ გარდაცვლილის ტვინი სავსებით ჯანმრთელი იყო. მაშასადამე, მის სიკვდილში აპოპლექსიას ნამდვილად არ მიუძღოდა ბრალი. სამაგიეროდ, ენა, საყლაპავი და კუჭი გრაფის ცოლსძმას ისე ჰქონდა დამწვარი, თითქოს გოგირდმჟავა გადაეყლაპოს.

ეგებერმა განკარგულება გასცა, გარდაცვლილის ორგანოები სპირტში შეენახათ, სანამ კომპეტენტურ ექსპერტს არ იპოვიდა, თვითონ კი ბრიუსელს მიაშურა, სადაც ერთ-ერთ უმაღლეს სკოლაში ქიმიას ასწავლიდა 38 წლის ჟან სერვე სტასი.

მჟავები იმ დროისთვის საკმაოდ კარგად იყო შესწავლილი, ამიტომ სტასმა ადვილად დაადგინა, რომ გოგირდმჟავას გუსტავ ფუნის გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონდა. ერთადერთი მჟავა, რომლის კვალსაც აქ ვხედავ, ძმრის მჟავააო, განუცხადა გამომძებელს.

ეგებერმა დაუდასტურა და ისიც უთხრა, რომ გვამი ძმარში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გარეცხეს.

სწორედ მაშინ დაებადა ეჭვი სტასს, რომ ძმრის დახმარებით რომელიღაც სხვა საწამლავის კვალის წაშლას ცდილობდნენ.

როდესაც ორგანოთა ექსტრაქტებზე ცდებს ატარებდა, ქიმიკოსმა შეამჩნია, რომ მიღებულ სინჯებს კონიინის მსგავსი სუნი დაჰკრავდა (კონიინი იყო ერთ-ერთი იმ დროისთვის ცნობილი ალკალოიდებიდან, რომლებიც ხელის თითებზე ჩამოითვლებოდა).

სტასმა ივარაუდა, რომ ამჯერადაც რომელიღაც მცენარეულ შხამთან ჰქონდა საქმე. ცუდი ის იყო, რომ მანამდე არავის არასოდეს, არც ერთი მეთოდით, მკვდარ სხეულში ალკალოიდის კვალი არ აღმოეჩინა.

იმ დღიდან მოყოლებული, სტასი ლაბორატორიაში ათენებდა და აღამებდა, ცდიდა მისთვის ცნობილ ყველა მეთოდს და იგონებდა ახლებს. და აი, ერთ-ერთი ცდის შემდეგ კოლბის ფსკერზე დარჩა ყავისფერი ლაქა, რომელსაც თამბაქოს კარგად ნაცნობი მწარე სუნი ასდიოდა.

სტასმა რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით გადაამოწმა მიღებული ნივთიერება და როცა დარწმუნდა, რომ ეს ნამდვილად ნიკოტინი იყო, ეგებერს თავის კვლევის შედეგი აცნობა.

ნამდვილი გამოძიებაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო და დასრულდა მაშინ, როდესაც ეგებერმა მიაგნო ქიმიის პროფესორს, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ერთი რესპექტაბელური ბატონი თამბაქოსგან ნიკოტინის მიღების ტექნოლოგიის შესახებ ეკითხებოდა. პროფესორმა იდუმალ სტუმარში ადვილად ამოიცნო გრაფი ბოკარმე, ასე რომ, გამოძიებას დამნაშავის თაობაზე არავითარი   ეჭვი აღარ დარჩენია.

* * *

როცა წამალი საწამლავია

აგათა კრისტიმ დეტექტივების მოყვარულებს იმითაც დაამახსოვრა თავი, რომ არცერთ ავტორს არ გამოუყენებია მკვლელობისთვის იმდენჯერ  საწამლავი, რამდენჯერაც მას. საწამლავებისადმი მისი სიყვარული ხუმრობის საგნადაც არაერთხელ ქცეულა, თუმცა მე ეს სულაც არ მეჩვენება სასაცილოდ –  კარგი მწერალი (ყოველ შემთხვევაში, საკუთარი თავისა და მკითხველის პატივისმცემელი მწერალი) წერს იმაზე, რასაც კარგად იცნობს, ან კარგად შეისწავლის იმას, რაზეც წერს, კრისტი კი მკვლელობის ყველა შესაძლო საშუალებიდან ყველაზე უკეთ საწამლავებს იცნობდა – ტყუილად კი არ ჰქონდა ფარმაცევტული განათლება და წლების განმავლობაში ფარმაცევტის თანაშემწედაც მუშაობდა.

აგათა კრისტის ერთ-ერთი “საყვარელი” საწამლავი გახლდათ დიგიტალინი – გლიკოზიდი, რომელსაც მცენარე დიგიტალისი, იგივე ფუტკარა ან სათითურა შეიცავს.

ფუტკარას გლიკოზიდები დღესდღეობით აღიარებული საგულე პრეპარატებია. მათ ამ თვისებებს მეთვრამეტე საუკუნიდან იცნობენ. ფუტკარას როგორც საწამლავს თითქმის არანაკლებ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ყურადღება მიაქცია ამ ნივთიერების კრიმინალურ პოტენციალს, გახლდათ ოგიუსტ-ამბრუაზ ტარდიე.

პომერეს საქმე

1863-1864 წლების  მიჯნაზე პარიზი კიდევ ერთი ხმაურიანი პროცესის არენად იქცა – ექიმ ედმონდ დე ლა პომერეს საყვარლის, ქალბატონი დე პოვის მოწამვლა დასდეს ბრალად.

პომერეს დაჟინებით, ქვრივმა სიცოცხლე იმ დროისთვის უზარმაზარ თანხად – 500 000 ფრანკად დააზღვია და ეს ფული საყვარელ მამაკაცს უნადერძა, ნოემბერში კი მოულოდნელად ავად გახდა და გარდაიცვალა. მას თავად პომერე მკურნალობდა. მანვე დასვა ქოლერის დიაგნოზი, გასცა გარდაცვალების ცნობა და გარდაცვლილი დაკრძალა.

რამდენიმე დღის შემდეგ სამძებრო პოლიციის უფროსმა მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც ეწერა, რომ პომერე პირადად იყო დაინტრესებული ქვრივის სიკვდილით.

დაიწყო გამოძიება. ჩატარდა ექსჰუმაცია და ამბრუაზ ტარდიე ასისტენტ ზაქარი რუსენთან ერთად შეუდგა ცამეტი დღის გარდაცვლილი ქალის შინაგანი ორგანოების შესწავლას.

ექპსერტებმა ვერავითარი ფიზიკური დაზიანება ვერ აღმოაჩინეს და ვერც იმ დროისთვის პოპოულარული საწამლავების კვალს მიაგნეს, თუმცა დარწმუნდნენ, რომ ქოლერას ქვრივის სიკვდილში ბრალი არ მიუძღოდა.

ტარდიემ გვამის ქსოვილებისგან დამზადებული პრეპარატი ძაღლს შეუყვანა. ორიოდე საათის შემდეგ ცხოველს, ისევე როგორც გარდაცვლილ ქალს, დაეწყო გულისრევა, დაერღვა გულისა და სუნთქვის რიტმი. ასე გაგრძელდა თორმეტიოდე საათი, მერე კი ყველაფერი მწყობრში ჩადგა.

ამრიგად, ტარდიე დარწმუნდა, რომ ნივთიერება, რომლითაც ქალბატონი დე პოვი მოწამლეს, გულზე მოქმედებდა.

მისი ყურადღება მიიპყრო პომერეს პირად აფთიაქში ნაპოვნმა დიგიტალინმა – წითელი სათითურას ექსტრაქტმა, რომელიც იმ დროს უკვე პოპულარულ საგულე საშუალებად ითვლებოდა. ამან ტარდიე დააეჭვა, რადგან პომერეს, პროფესიით დანტისტს და თავად შესაშური ჯანმრთელობის პატრონს, გულის წამალი, წესით, არაფერში უნდა დასჭირვებოდა.

შეფიქრიანებულმა ექსპერტმა ამ ნივთიერებითაც ჩაატარა ცდა. საცდელ ცხოველს იგივე სიმპტომები განუვითარდა, მაგრამ ამჯერად ვეღარ გადარჩა.

თავისი ვარაუდის განსამტკიცებლად ტარდიემ მოითხოვა გარდაცვლილის პირნაღები მასა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არავის შეუნახავს. მაშინ ექსპერტმა აიღო პარკეტის ანაფხეკი იმ ადგილიდან, სადაც ავადმყოფს აღებინა და რამდენიმე უძილო ღამისა და ბაყაყებზე ჩატარებული ცდების შემდეგ ანაფხეკში მომწამლავი ნივთიერების არსებობა დაადასტურა.

მეტი დამაჯერებლობისთვის ტარდიემ იატაკის იმ ნაწილების ანაფხეკიც გამოიკვლია, რომლებზეც პირნაღები მასა არ მოხვედრილა. ცდებმა აჩვენა, რომ მათი ექსტრატები შხამიან ნივთიერებას არ შეიცავდა. ამით ექსპერტმა საფუძველი წაართვა ბრალდებულის ადვოკატს, საცდელი ბაყაყების სიკვდილი იატაკის საღებავის შემადგენლობაში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებისთვის დაებრალებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ტარდიეს თავად დიგიტალინის იდენტიფიკაცია არ მოუხდენია, მის მიერ ჩატარებული ცდები ეჭვს არ იწვევდა, რომ გარდაცვლილის სხეულში იყო შხამი, რომლის მოქმედებაც ჰგავდა დიგიტალინის მოქმედებას და, რაც მთავარია, ის მადამ დე პოვის სიცოცხლეშივე მოხვდა მის სხეულში.

პ.ს. სხვათა შორის, დიგიტალინს მხოლოდ დეტექტიურ ლიტერატურაში არ დაუტოვებია კვალი – სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, პირადი ექიმის რეკომენდაციით, სწორედ ფუტკარას გამონაწვლილით მკურნალობდა ვან გოგი. დიგიტალინის ზედოზირება ფერთა აღქმას ცვლის, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დიდი ჰოლანდიელის ტილოებზე ლურჯისა და ყვითლის საოცარ შეხამებაში ამ ნივთიერებასაც მიუძღვის წვლილი.

ქეთევან ნიკოლეიშვილი

გააზიარე: