რა არ უნდა გავაკეთოთ ტანტრუმის დროს

გააზიარე:

ტანტრუმი – ემოციების ამოხეთქვა, გადაბჟირება – მშობლებისთვის კარგად ნაცნობი ცნებაა. შესაძლოა, თქვენი შვილი ჯერ არ მისულა ამ ზომამდე, მაგრამ მეგობრისგან, ნაცნობისგან ან თუნდაც ტელევიზიით აუცილებლად გაიგონებდით ამ მოვლენის შესახებ. მათთვის, ვისაც ბავშვის ტანტრუმი გამოუცდია, ის ალბათ ყველაზე არასასურველი ქცევაა, რომელსაც კი ოდესმე შეჯახებიან.

მიუხედავად უამრავი ინფორმაციისა, პრობლემასთან პირისპირ აღმოჩენისას ხშირად ყველა რეკომენდაცია გვავიწყდება და იმპულსურად ვმოქმედებთ, რაც უფრო მეტად ამძიმებს სიტუაციას. სტატიაში შემოგთავაზებთ მკაფიო რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რა არ უნდა გააკეთოთ ტანტრუმის დროს და მშობლების როგორი რეაქცია აუარესებს ბავშვის ისედაც რთულ ქცევას.

ნუ დააკნინებთ ბავშვის გრძნობებს

ხშირად მშობლები ტანტრუმს ამგვარად აღწერენ: "სრულ სისულელეზე ატეხა ერთი ამბავი", "ყველა წვრილმანზე ასეთ ამბავს იმართებს", – რადგან მიზეზი, რომლის გამოც პატარას ასე ეშლება ნერვები, მშობლებისთვის უმეტესად აბსურდული და უმნიშვნელოა. ბავშვს კი ის სულაც არ მიაჩნია სისულელედ, ასე რომ, ამ სიტყვებით მას უარესად გააღიზიანებთ.

დააყენეთ თავი ბავშვის ადგილას. როდესაც ძალიან ბრაზობთ, რასაკვირველია, მიგაჩნიათ, რომ ამისთვის საკმარისი მიზეზი გაქვთ. ასევეა ბავშვიც, და როდესაც ასეთ დროს ეუბნებიან, რომ მისი რეაქცია არაადეკვატურია, ეს უარესად აღიზიანებს.

ნუ მიუთითებთ ბავშვს, როგორ უნდა გრძნობდეს თავს

ეს წესი ეხება როგორც მცირეწლოვან ბავშვებს, ისე თინეიჯერებსაც. გამორიცხეთ ფრაზები: "გეყოფა, ახლავე შეწყვიტე, ნუ მარცხვენ!"

ბავშვის ჩვენი აზრით გადაჭარბებული რეაქცია ხშირად თავს იჩენს თამაშის დროს, როდესაც ის გასაფერადებლის ჩარჩოებს გადასცდება ან კუბებისგან აშენებული სასახლე ენგრევა. ამ დროს შესაძლოა იყვიროს, იტიროს, დაანგრიოს, დახიოს. მშობლებს გული არ გვიძლებს და მყისვე მის დასახმარებლად და დასამშვიდებლად გავრბივართ, ვეუბნებით, რომ ასეთ რამეზე გაბრაზება არ ღირს, რომ კიდევ სცდის და აუცილებლად გამოუვა.

მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მიდგომა ამართლებს, მაგრამ ზოგჯერ ბავშვს უარესად ეშლება ნერვები, ჰგონია, რომ მშობელს მისი არ ესმის, ის, რაც მისთვის იმწუთას ასე მნიშვნელოვანია, მშობლისთვის არაფერს ნიშნავს, უარესად ღიზიანდება და შესაძლოა, ყველაფერი ტანტრუმით დასრულდეს.

უმჯობესია, ბავშვს განუმარტოთ სიტუაცია, დაარქვათ მოვლენებს თავისი სახელი, აღწეროთ, რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება: "გინდოდა, იდეალური წრე შემოგეხაზა, მაგრამ ფიგურა უფრო მეტად ოთხკუთხედს დაემსგავსა?"; "ამდენი იშრომე სასახლის ასაშენებლად და პატარა დაიკომ დაგინგრია?" ამით ბავშვს ეუბნებით, რომ გესმით მისი, აჩვენებთ, რომ მიზეზი ნამდვილად არსებობს. ეს მას ამშვიდებს, შესაბამისად, აღარ სჭირდება ყვირილით და ფეხების ბაკუნით გამოხატვა იმისა, რასაც გრძნობს.

მშობლებმა პირად მაგალითზე უნდა ვაჩვენოთ ბავშვს, რომ უსიამოვნო ემოციები დროდადრო ყველა ადამიანს ეუფლება, რომ ეს ნორმალურია. მთავარია მათი სწორად გამოხატვა და მათთან ჯანსაღად გამკლავება. უგულებელყოფაც და ჩახშობაც შეცდომაა, რადგან ადრე თუ გვიან ეს ემოციები მაინც ამოხეთქავენ და ბავშვი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება მათთვის. ნუ აფიქრებინებთ პატარას, რომ მას უნდა ჰქონდეს ემოციების ჩართვა-გამორთვის ფუნქცია – ეს არაჯანსაღი და, ამასთანავე, შეუძლებელიცაა, მით უმეტეს – მცირე ასაკში. თუ ბავშვმა იფიქრა, რომ მშობელი მის გრძნობებს აბსურდულად მიიჩნევს მაშინ, როდესაც მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი დგას, ის ჩაიკეტება, მომავალში მოერიდება მშობლისთვის გრძნობების გაზიარებას და შესაძლოა, ძალზე მძიმე შედეგები მიიღოთ.

ერთი სიტყვით, "ახლავე შეწყვიტე", "გეყოფა", "დამშვიდდი" არ მუშაობს. ნუ აიძულებთ ბავშვს, უგულებელყოს საკუთარი ემოციები, უმჯობესია, მათთან გამკლავება ასწავლოთ.

ნუ მოატყუებთ ტანტრუმის თავიდან აცილების მიზნით

უწყინარ ტყუილს დროდადრო ყველა მშობელი ამბობს, მაგრამ მაინც გირჩევთ, ამ საკითხს მეტი სერიოზულობით მოეკიდოთ. ნუ მოატყუებთ ბავშვს, რომ პლანშეტი გაფუჭდა, როდესაც უბრალოდ აღარ გსურთ, მეტი დრო გაატაროს ეკრანთან. იმ ფაქტმა, რომ თქვენ კი არ უკრძალავთ, არამედ გაფუჭების გამო ვეღარ მოიხმარს პლანშეტს, შესაძლოა მისი ტანტრუმი შეაჩეროს, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მიხვდება, რომ პლანშეტი ასე მარტივად არ ფუჭდება და შემდეგ ჯადოსნურად არ კეთდება, გააცნობიერებს, რომ ატყუებთ და თქვენს სიტყვებს მუდამ ეჭვქვეშ დააყენებს, გულახდილობა კი ბავშვთან ურთიერთობის გასაღებია, ამიტომ უმჯობესია, შეარჩიოთ დიალოგის ფორმა, საკუთარი სახელი დაარქვათ მოვლენებს და ისე უთხრათ ბავშვს სათქმელი. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევებზე, თუ გსურთ, რომ ბავშვმაც იგივე გააკეთოს. აუხსენით, რატომ აღარ შეიძლება მისთვის პლანშეტის გამოყენება, უთხარით, რომ ხვალ ისევ დართავთ ნებას, დაუწესეთ ლიმიტი, ოღონდ ნუ მოიტყუებით.

ნუ იმანიპულირებთ ბავშვის გრძნობებით

ტანტრუმის დროს ნუ მიიღებთ სევდიან სახეს და ნუ ეტყვით ბავშვს, რომ ასეთი საქციელით გულს გტკენთ, ნუ მოაჩვენებთ თავს ისე, თითქოს ტირილით. რასაკვირველია, ბავშვს უნდა ჰქონდეს ემპათიის გრძნობა, მაგრამ ის ასე არ ჩნდება, თქვენ კი ამით ბავშვს პასუხისმგებლობას აკისრებთ თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, მაშინ როდესაც სინმადვილეში სწორედ მშობელს ეკისრება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა. თუ ბავშვმა ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე იმაზე დაიწყო ფიქრი, რა რეაქცია ექნება ამაზე დედას, ხომ არ ეწყინება, ხომ არ გაბრაზდება – აფოქრიაქდება და თქვენი სევდიანი სახის ყოველი დანახვისას მიზეზის ძებნას საკუთარ თავში დაიწყებს.

ტანტრუმის დროს გამოიჩინეთ მეტი მოთმინება

ტანტრუმის დროს საყვარელი შვილისგან შესაძლოა მოისმინოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: "აღარ მიყვარხარ!" "ცუდი დედა/მამა ხარ!" ნუ მიიტანოთ ამ რეპლიკებს გულთან, გახსოვდეთ, რომ არათუ პატარები, ზრდასრული ადამიანებიც კი აფექტურ მდგომარეობაში ბევრ ისეთ რამე ვამბობთ, რასაც მერე ვნანობთ. ამ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს მორალის კითხვას ნუ დაუწყებთ. რა თქმა უნდა მშობლის ვალია, შვილს ზრდილობა ასწავლოს, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ტანტრუმის დროს ის თქვენს შეგონებებს ვერ გაიგებს. აცადეთ დამშვიდება, მერე კი აუცილებლად მიუბრუნდით აღნიშნულ შემთხვევას და აუხსენით, რომ გრძნობების ასე გამოხატვა არასწორია, სულ მცირე, იმიტომ, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება.

ნუ მიმართავთ სარკაზმს

გარკვეულ ასაკამდე ბავშვს უჭირს სარკაზმის გაგება. გაბრაზებული დედა ეუბნება: "ყოჩაღ, რა კარგად იქცევი!"; "შენით ვამაყობ!" ბავშვი იბნევა, რადგან ხვდება, რომ დედის ტონი და გამომეტყველება მისი სიტყვების შინაარსს არ შეესაბამება. დიდებისთვის სარკაზმი ხშირად საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ ბავშვი, რომელსაც მისი არსი არ ესმის, შესაძლოა დაკომპლექსდეს, ეგონოს, რომ მშობელი დასცინის, ამიტომ, რაც უნდა დიდი სურვილი გქონდეთ, ერიდეთ ბავშვთან სარკაზმის გამოყენებას.

მართალია, ეს ყველაფერი სათქმელად ადვილია და არც ძნელი შესასრულებელი ჩანს, მაგრამ დადგება დრო და ტანტრუმის წუთებში, დიდი ალბათობით, ისევ აუწევთ ხმას, მოსთხოვთ ბავშვს, მორჩეს სისულელის გამო ტირილს... ნუ შეგეშინდებათ, ადამიანები მთელი სიცოცხლე ვუშვებთ შეცდომებს და ცხოვრებაც ხშირად გვაძლევს მათი გამოსწორების შანსს. მთავარია, ეს შანსი გამოვიყენოთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: