რევმატოიდული ართრიტი და ორსულობა

გააზიარე:

რევმატოიდული ართრიტით (რა) მოზრდილთა 1%-ია დაავადებული, უმეტესად – ქალი. ამ ქალების უმრავლესობა რეპროდუქციულ ასაკშია. მათთვის მეტად მნიშვნელოვანია სიფრთხილე ორსულობის დაგეგმვისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მუდმივად იღებენ მედიკამენტებს ან აქვთ დაავადების მწვავე ფორმა.

ორსულობის დროს ავადმყოფობის სიმპტომები უმეტესად მსუბუქდება და ზოგადი თვითშეგრძნება უმჯობესდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, დაავადება გამწვავდეს, ამიტომ საჭიროა, ორსულებისთვის ფრთხილად შეირჩეს რა-ს მკურნალობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გამწვავება და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი განვითარებად ნაყოფზე მედიკამენტების გავლენა.

რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი ყველაზე გავრცელებული ანთებითი დაავადებაა. ის გენეტიკური განწყობისა და გარემოს კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგია. რევმატოიდული ართრიტი ავტოიმუნური პროცესით არის გამოწვეული –  ამ დროს ორგანიზმი შეცდომით საკუთარი ჯანმრთელი ქსოვილების საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს და მიზანმიმართულად აზიანებს მათ.

ყველაზე მეტად  ზიანდება წვრილი (თითის, მაჯის, მუხლის) სახსრები, ვითარდება სახსარშიდა სითხის  ანთება (სინოვიტი), ზიანი ადგება ძვლებსა და ხრტილებს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს სხეულის სხვა სისტემებიც, მათ შორის – კანი, თვალები, ფილტვები, გული და სისხლძარღვები.

ავტოანტისხეულები და სხვა რევმატოიდული ფაქტორები პაციენტის სხეულში დაავადების გამოვლენამდე ათი წლით ადრეც კი შეიძლება არსებობდეს და თანდათან იმატებდეს, მაგრამ მათი არსებობა საკმარისი არ არის დაავადების დასაწყებად. იმისთვის, რომ განწყობა დაავადებაში გადაიზარდოს, საჭიროა ე.წ. “მეორე დარტყმა”.

რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

* ცხოვრების არაჯანსაღი წესი; 

* სიგარეტის მოწევა;

* სახსრის ტრავმა;

* ზოგადი სტრესი;

* ინფექცია;

* ჭარბი წონა;

* ასაკი (ასაკთან ერთად იმატებს დაავადების ალბათობაც);

* სქესი (რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი ქალებს უფრო მაღალი აქვთ).

მას შემდეგ, რაც ანთებითი პროცესი სრულად ჩაირთვება, იწყება ძვლის, ხრტილის, სასახსრე ჩანთის დაზიანება. რევმატოიდულ სინოვიტს ავთვისებიანი სიმსივნის თვისებები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველი დაზიანების კერა ნელ-ნელა იზრდება, უფრო ღრმა შრეებში გადადის და მეზობელ სახსრებსაც აზიანებს. საბედნიეროდ, ეს პროცესი წამლების ზემოქმედებას ექვემდებარება.

რევმატოიდული ართრიტის პათოლოგიურ მექანიზმში ძალიან ბევრი უჯრედი, იმუნური მექანიზმი, ანთების მედიატორი, ცილა და ფერმენტი მონაწილეობს, რაც უჯრედულ და ქსოვილოვან დონეზე ცვლილებს იწვევს – წარმოიქმნება ახალი სისხლძარღვები, იწყება ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქცია, აღარ ხდება ძვლოვანი ქსოვილის განახლება, რის გამოც ძვლები გამოიფიტება და სახსრები შეუქცევადად დეფორმირდება.

სიმპტომები

რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები პერიოდულად ძლიერდება, რასაც გამწვავების ფაზას უწოდებენ. პერიოდულად ხდება რემისიაც – ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესდება გარკვეული ხნით.

რა-ს სიმპტომებია:

* ტკივილი ერთზე მეტ სახსარში (სიმეტრიულად ორივე მხარეს);

* სახსრების შებოჭილობა (სიმეტრიულად, განსაკუთრებით – გაღვიძების შემდეგ, დილის საათებში);

* მგრძნობელობის მატება სახსრებში (სიმეტრიულად);

* სახსრების შეშუპება, დეფორმირება;

* წონის კლება;

* უმადობა;

* ცხელება;

* დაღლილობა;

* ზოგადი სისუსტე.

გავლენა ფერტილობაზე

რევმატოიდული ართრიტის მქონე ქალების გამოკითხვისას გაირკვა, რომ მათ 50%-ზე მეტი დაორსულებისგან თავს იკავებდა. ამას საფუძვლად ედო შიში – იმისა, თუ როგორ წარიმართებოდა ორსულობა, ორსულობის შეწყვეტისა, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეებისა და დაავადებისადმი განწყობის შთამომავლობისთვის გადაცემისა. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ქალს სხვა რეპროდუქციული პრობლემა არ აქვს, მისი დაორსულების შანსი ისეთივეა, როგორიც მისი თანატოლი ჯანმრთელი ქალისა.

მზადება ორსულობისთვის

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულმა ქალებმა დაორსულებამდე აუცილებლად უნდა გაიარონ რევმატოლოგისა და მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია.

* თუ ქალი მუდმივად იღებს ართრიტის სამკურნალო მედიკამენტებს, უნდა შეფასდეს მათი უვნებლობა. ორსულობის დროს ზოგიერთი მედიკამენტი საშიშია განვითარებადი ნაყოფისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მათი ჩანაცვლება ალტერნატიული წამლით.

* პაციენტებმა, რომლებიც მეტოტრექსატს იღებენ, მისი მიღება დაორსულებამდე ერთი-სამი თვით ადრე უნდა შეწყვიტონ. ეს პერიოდი აუცილებელია, რათა ნულამდე დავიდეს ორგანიზმზე მეტოტრექსატის გავლენა და ჩასახვა უსაფრთხო იყოს.

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალებისთვის ნორმალურია მღელვარება იმის გამო, როგორ იმოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე ორსულობა, მშობიარობა და შემდეგ – ბავშვის მოვლა. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ქალები ხშირად უჩივიან ტკივილისა და დაღლილობის შეგრძნებას, სჭირდებათ სიმშვიდე, მოსვენება, ნაკლებად სტრესულ გარემოში ყოფნა... მართალია, ორსულობის დროს ართრიტის სიმპტომები მსუბუქდება, მაგრამ დიდი შანსია, მშობიარობის შემდეგ ქალის საერთო მდგომარეობა გაუარესდეს, ამიტომ მომავალი დედა წინასწარ უნდა მოემზადოს იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც შეიძლება შეიტანოს მის ცხოვრებაში ახალშობილის მოვლამ: ძილის ნაკლებობისთვის, დაღლილობისთვის, სტრესისა და შფოთვისთვის.

ორსულობა

რევმატოიდული ართრიტის დროს ორსულობა მართლაც დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში დაავადების მიმდინარეობა მსუბუქდება, ექიმის წინაშე მაინც დიდი ამოცანა დგას – საჭიროა მკურნალობის კურსის ინდივიდუალურად შერჩევა, რათა ნაყოფზე მედიკამენტების ტოქსიკური გავლენა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

ორსულობის დროს ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად ბევრი იმუნოლოგიური ცვლილება უნდა მოხდეს. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ დედის ორგანიზმში ხვდება მამისეული გენეტიკური მასალა, რომელიც უცხოა დედის იმუნური სისტემისთვის. იმუნოლოგები ორსულობის სამ იმუნოლოგიურ ფაზას გამოყოფენ:

* იმპლანტაცია –  განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება საშვილოსნოს ღრუში;

* ნაყოფის ზრდა;

* მშობიარობა.

იმუნური ქარიშხალი კი, როგორც ხედავთ, მთელი ორსულობის განმავლობაში არ წყდება, რის გამოც საჭიროა დაავადების მუდმივი კონტროლი მედიკამენტებით.

მკურნალობა ორსულობის დროს

ნაყოფზე რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო საშუალებათა გავლენას წინასწარ ყოველთვის ვერ გათვლი. თითოეული პაციენტისთვის წამლები ინდივიდუალურად ირჩევა, სხვადასხვა მედიკამენტის ურთიერთქმედების, დაავადების სიმწვავის, რემისიის, ორსულის საერთო მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების შესაბამისად. მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები შესაძლოა უსაფრთხო იყოს ორსულობის ერთ სტადიაზე და საშიში - მეორეზე. არსებობს ისეთი პრეპარატებიც, რომელთა მიღება არათუ ორსულობის დროს არ შეიძლება, არამედ ორსულობის დაგეგმვამდე რამდენიმე ხნით ადრეც კი უნდა შეწყდეს. თუმცა ზოგიერთი პაციენტისთვის მნიშვნელოვანია პრეპარატის ეფექტიანობა დაავადების მართვისა და თავად პაციენტის ფუნქციური მდომარეობის შენარჩუნების კუთხით, ამიტომ ორსულმა და მისმა ექიმმა განსაზღვრული მედიკამენტების თაობაზე ინდივიდუალურად შეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

მშობიარობა და ლოგინობის ხანა

თუ ართრიტით ქალის ხერხემალი ან მენჯ-ბარძაყის სახსრებია დაზიანებული, ორსულობის ვადასთან ერთად შესაძლოა ტკივილის შეგრძნებამაც მოიმატოს, რადგან ნაყოფის ზომა და წონა თანდათან იზრდება. თუ ქალს არ აქვს ხერხემლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრების დეფორმაცია ან აქტიური ანთება, რევმატოიდული ართრიტი ბუნებრივი მშობიარობის შესაძლებლობაზე გავლენას ვერ მოახდენს. თუ სხვა ჩვენება არ არსებობს, უპირატესობა სწორედ ასეთ მშობიარობას ენიჭება.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ქალების დაახლოებით 90%-ს, როგორც ვთქვით, აღენიშნება დაავადების გამწვავება მშობიარობის შემდეგ, უმეტესად – პირველი სამი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს პირველი ორსულობაა. ექიმების აზრით, უმჯობესია, ლოგინობის ხანაში ქალი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მკურნალობის თავდაპირველ, ორსულობამდელ კურსს.

ამის გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა დედა ახალშობილის ძუძუთი კვებას. ვინაიდან ძუძუთი კვებას მრავალი სარგებლობა მოაქვს როგორც დედისთვის, ისე ჩვილისთვისაც, კარგი იქნება, წახალისდეს მისი გაგრძელება მანამდე, სანამ დედის მკურნალობის კურსი ამის საშუალებას იძლევა, ვინაიდან მედიკამენტების უმრავლესობა რძეში გადადის და შესაძლოა, ჩვილს ავნოს.

უფრო მეტიც: 2004-2008 წლებში ჩატარებული კვლევები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მეძუძურ დედებთან ლაქტაცია 50%-ით ამცირებს რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს.

მეან-გინეკოლოგსა და რევმატოლოგთან მჭიდრო კომუნიკაცია, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერა დიდად ეხმარება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ქალს ორსულობისა და ბავშვის აღზრდის სირთულეთა გადალახვაში.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: