მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი
გააზიარე:
რა გასაკვირიც უნდა იყოს, თავის ტკივილის წამალი ტკივილის გაყუჩების ნაცვლად ზოგჯერ თვითონვე იქცევა ტკივილის წყაროდ.
არის ხალხი, ვისაც კვირაში 2-3-ჯერ მაინც უწევს ქრონიკულ თავის ტკივილთან ტკივილგამაყუჩებლებით გამკლავება, ამდენი წამლის მიღებამ კი შესაძლოა უკუეფექტი გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი მსოფლიოს მასშტაბით უუნარობის მიზეზების პირველ ოცეულშია.
რა ხდება ამ დროს
მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის სიმპტომები სხვადასხვანაირია. მათი რაგვარობა დამოკიდებულია იმ თავის ტკივილის ტიპზე, რომლის გამოც საჭირო გახდა წამლის მიღება. ამ დროს ტკივილი ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იჩენს თავს. ის დილაადრიან აღვიძებს ადამიანს. ტკივილგამაყუჩებელი რამდენიმე ხნით ამსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ მალე ტკივილი ხელახლა გვატყდება თავს. ზოგჯერ მას ერთვის გულზიდება, მოუსვენრობა, კონცენტრირების უნარის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, გაღიზიანება.
მედიკამენტების უკუეფექტით გამოწვეული თავის ტკივილი შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს დაძაბვის თავის ტკივილის, შაკიკის ან ტრანსფორმირებული შაკიკის სამედიცინო ისტორია და ბევრი ტკივილგამაყუჩებლის მიღება უწევს.
როდის მივმართოთ ექიმს
სპეციალისტები გვირჩევენ, ექიმს მანამდე მივმართოთ, სანამ მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი შეგვაწუხებს. მაგალითად, მაშინ, როდესაც თავის ტკივილი კვირაში უკვე 2-ჯერ ან მეტჯერ გახსენებთ თავს და ტკივილგამაყუჩებლის მიღება კვირაში 2 ჯერზე ხშირად გიწევთ, მაშინ, როდესაც რეკომენდებულზე დიდი დოზით გიწევთ ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებლის მიღება ან შეამჩნიეთ, რომ თავის ტკივილმა ხასიათი იცვალა.
ნებისმიერი ტიპის თავის ტკივილის დროს ადამიანს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება, თუ: ტკივილი ძლიერი და უეცარია, თან ახლავს ცხელება, კისრის გაშეშება, გამონაყარი, დაბნეულობა, გულყრა, სუნთქვის უკმარისობა, მხედველობის გაორება, სისუსტე, დაბუჟება ან მეტყველების გაძნელება, წინ უძღოდა თავის ტრავმა, ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგაც კი იმატებს, დგომისას იწყება და დაწოლის შემდეგ გაივლის, ახლად აღმოცენებული და მუდმივია, განსაკუთრებით – 50 წელს გადაცილებულ პირებთან.
რა იწვევს
ბევრი ისეთი მედიკამენტი, რომელიც თავის ტკივილის მწვავე სიმპტომებს ებრძვის, შესაძლოა მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის მიზეზად ექცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ ქრონიკული პირველადი ან მეორეული თავის ტკივილი, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რატომ იწვევს წამლის ჭარბი მიღება უკუეფექტს. ვარაუდობენ, რომ ამაში ბრალი მიუძღვის გენეტიკურ განწყობას, ცენტრალურ მგრძნობელობას (ნერვული სისტემა მუდმივად იმყოფება მაღალი რეაქტიულობის მდგომარეობაში, ეს კი ამცირებს ტკივილის შეგრძნების ზღურბლს, შედეგად ტკივილი თანდათან მყარი ხდება და მას შემდეგაც კი რჩება, რაც მის თავდაპირველ წყაროს აღმოვფხვრით), ქცევით ფაქტორებს.
ტკივილის მიზეზად შეიძლება იქცეს ისეთი მედიკამენტების ჭარბი მოხმარება, როგორიცაა:
. გავრცელებული მარტივი ტკივილგამაყუჩებლები (ასპირინი და აცეტამინოფენი, განსაკუთრებით – თუ რეკომენდებულ დღიურ ოდენობას გადააჭარბებთ. იბუპროფენი და ნატრიუმის ნაპროქსენი ამგვარ უკუეფექტს შედარებით ნაკლებად იწვევს);
. ურეცეპტოდ გასაცემი კომბინაციური ტკივილგამაყუჩებლები, რომლებშიც კომბინირებულია კოფეინი, ასპირინი და აცეტამინოფენი ან ბუტალბიტალი. განსაკუთრებით – თუ თვეში ათი დღე მაინც იყენებთ;
. შაკიკის სამკურნალო საშუალებები – ტრიპტანები (იმიტრექსი, ზომიგი და სხვა) როცა წამალს თვეში ათი დღე მაინც სვამენ. დიჰიდროერგოტამინს (D.H.E. 45) ამ პრობლების გამოწვევის შედარებით დაბალი პოტენციალი აქვს;
. ოპიატები – ოპიუმისგან ან სინთეზური ოპიუმის ნაერთებისგან მიღებული ტკივილგამაყუჩებლების თვეში ათ დღეზე ხშირად გამოყენება ზრდის მედიკამენტებს ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის ალბათობას;
. ყავის, გაზიანი სასმელების, ტკივილგამაყუჩებლებისა და სხვა პროდუქტების შემადგენლობაში შემავალმა კოფეინმა შესაძლოა დააჩქაროს მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის განვითარება. რისკი წარმოიშობა დღეში 200 მგ-ზე მეტი კოფეინის მიღებისას, ამიტომ საჭიროა პროდუქტის ეტიკეტის გაცნობა ზედოზირების თავიდან ასაცილებლად.
დიაგნოზი
წამლების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის დიაგნოზი კლინიკურ მონაცემებს ეფუძნება. მასზე მიანიშნებს ტკივილგამაყუჩებლების კვირაში 2-3 დღეზე ხშირად გამოყენება ისეთი პაციენტის მიერ, რომელსაც ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი აწუხებს. სპეციალური გამოკვლევა, წესისამებრ, საჭირო არ არის, თუმცა ზოგჯერ დამატებითი ლაბორატორიული და გამომსახველობითი კვლევებიც ტარდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავის ტკივილის ხასიათი იცვლება – ამგვარად გამოირიცხება (ან დასტურდება) სხვა მეორეული მიზეზი.
ამ დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რაც უფრო იმატებს მედიკამენტების დოზა, მით უფრო ხშირდება თავის ტკივილი, წამლის მოხსნის საპასუხოდ კი იშვიათდება და მცირდება.
პრევენცია
მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:
. მისდიოთ ექიმის მიერ შედგენილ სქემას. თუ თავის ტკივილის სამკურნალოდ წამლის მიღება კვირაში 2-ჯერზე ხშირად გიწევთ, ექიმს დაუკავშირდით.
. თავი არიდოთ მედიკამენტებს, რომლებიც ბუტალბიტალს ან ოპიოდებს შეიცავს.
. ურეცეპტოდ გასაცემ ტკივილგამაყუჩებლებს თვეში 15 დღეზე ხშირად ნუ გამოიყენებთ.
. შეზღუდოთ ტრიპტანებისა და კომბინაციური ანალგეტიკების გამოყენება, მიიღოთ თვეში არა უმეტეს 9-ჯერ.
. ერიდოთ თავის ტკივილის გამომწვევ გამღიზიანებლებს. თუ ზუსტად არ იცით, რა უწევს პროვოცირებას ტკივილს, აწარმოეთ დღიური, რომელშიც დეტალურად აღწერთ ყოველ თავის ტკივილთან დაკავშირებულ ნიუანსებს – დროთა განმავლობაში მათში გარკვეულ კანონზომიერებას აღმოაჩენთ.
. კარგად გამოიძინოთ – ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად. ეცადეთ, გაღვიძებითაც ერთსა და იმავე დროს გაიღვიძოთ, შაბათ-კვირასაც კი.
. არ გამოტოვოთ ტრაპეზი. დღე ჯანსაღი საუზმით დაიწყეთ, სამხარი და სადილი დღის ერთსა და იმავე მონაკვეთებში მიირთვით. სვით საკმარისი ოდენობის წყალი.
. რეგულარულად ივარჯიშოთ – ფიზიკური აქტიურობის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ქიმიური ნაერთები, რომლებიც ტვინისკენ მიმავალ ტკივილის სიგნალებს ბლოკავს. ექიმთან შეთანხმებით აარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი აქტივობა – ველოსიპედით სეირნობა, ცურვა, ფეხით სიარული და სხვ.
. შეამცირეთ სტრესული ფაქტორები თქვენ გარშემო – გახდით უფრო ორგანიზებული, გაიმარტივეთ დღის რეჟიმი, ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ.
. შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა, ვინაიდან სიმსუქნეს შეუძლია, ხელი შეუწყოს თავის ტკივილის წარმოშობას.
. შეწყვიტეთ მოწევა.
მკურნალობა
მკურნალობის მთავარი მეთოდი ჭარბად მიღებული მედიკამენტის შეწყვეტაა. მიღება შეიძლება შეწყდეს როგორც ერთბაშად, ისე თანდათანობით, დოზის შემცირებით. თავის ტკივილის მანკიერი წრის დარღვევას რამდენიმე თვიდან 6 თვემდე პერიოდი სჭირდება. პარალელურად, მედიკამენტის მოხსნის პერიოდში ან შემდეგ, იწყება ძირითადი თავის ტკივილის პრევენციული მკურნალობა. ჭარბად მოხმარებული წამლის შეწყვეტამ საწყის ეტაპზე თავის ტკივილი შესაძლოა დაამძიმოს კიდეც ან გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები: გულზიდება, ღებინება, უძილობა, მოუსვენრობა, შეკრულობა. ეს ნიშნები, წესისამებრ, 2-დან 10 დღემდე გრძელდება, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე კვირასაც გასტანოს.
არსებობს რამდენიმე სტრატეგია მედიკამენტის მოხსნის პროცესის გასაადვილებლად და სიმპტომების შესამსუბუქებლად. ბოლო ხანს მიმართავენ ფარმაკოლოგიურ თერაპიას, არაფარმაკოლოგიურ თერაპიას, ბიოლოგიურ უკუკავშირს, მიზანმიმართულ ფიზიოთერაპიას ან მათ კომბინაციას.
მკურნალობის არაფარმაკოლოგიური მეთოდები ადამიანს ეხმარება, შეიცვალოს ცხოვრების წესი და გამოიყენოს ეს ცვლილებები თავის ტკივილის სამართავად.
ბიოუკუკავშირი პაციენტს ასწავლის ორგანიზმის განსაზღვრული რეაქციების მართვას, კერძოდ, დიაფრაგმულ სუნთქვას, ტემპერატურის კონტროლს, გულისცემის სიხშირესა და კუნთების დაჭიმულობას, რათა უფრო მალე მოდუნდეს, რაც ტკივილთან გამკლავებაში დაეხმარება.
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია კი გულისხმობს საუბრის თერაპიას, რომლის დროსაც პაციენტი თავის ტკივილთან გამკლავებას, ჯანსაღი ცხოვრების წესებს და თავის ტკივილის დღიურის წარმოებას სწავლობს.
მარიამ რამაზაშვილი