მენ სინდრომი - ენდოკრინული სისტემის იშვიათი პათოლოგია
გააზიარე:
მეოცე საუკუნის დასაწყისიდან სამედიცინო ლიტერატურაში დაიწყეს ისეთი შემთხვევების აღწერა, სადაც ერთ პაციენტს ერთდროულად რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვალი ჰქონდა გადიდებული. ამ მდგომარეობას დიდხანს სხვადასხვა სახელით იხსენიებდნენ, იმის მიხედვით, ვინ აღწერა პირველად მისი ესა თუ ის ფორმა, საბოლოოდ კი მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია, იგივე მენ სინდრომი უწოდეს.
სინდრომის შესახებ “ავერსის კლინიკის” ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ მახარაძე გვესაუბრა.
– მენ სინდრომი საერთო სახელწოდებაა სინდრომებისა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ერთდროულად რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვლის სიმსივნე ან ჰიპერპლაზია (გადიდება). ის განპირობებულია გენეტიკური დეფექტებით, ხოლო შთამომავლობას ავტოსომურ-დომინანტური გზით გადაეცემა. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანმა რომელიმე მშობლისგან მენ-სინდრომის გამომწვევი დეფექტური გენი მიიღო, სინდრომი განუვითარდება. დაავადებულთა შვილებს კი ამ გენის მიღების და, შესაბამისად, სინდრომის გამოვლენის შანსი ერთი ერთზე აქვთ.
მენ სინდრომის დროს ნეოპლაზია, იგივე ახალწარმონაქმნი ან სიმსივნე, ერთდროულად, სულ მცირე, ორ ენდოკრინულ ჯირკვალში ვითარდება. ის კეთილთვისებიანიც შეიძლება იყოს და ავთვისებიანიც.
გამოყოფენ მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის რამდენიმე ძირითად ფორმას. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება დეფექტური გენებისა და ჭარბად წარმოქმნილი ჰორმონების, ასევე – გამოვლენილი ნიშნებისა და სიმპტომების მიხედვით.
მენ1 სინდრომი
– მენ1 სინდრომი, იგივე ვერმერის სინდრომი, იშვიათი ენდოკრინული პათოლოგიაა – 100 000 კაცზე ერთიდან ათამდე შემთხვევა აღირიცხება. ამ სინდრომის დროს ინაქტივირებულია მე-11 ქრომოსომაზე (რეგიონი 11ქ13) არსებული სიმსივნეების დამთრგუნველი გენის ორივე ალელი.
სიმსივნეები ჩნდება ფარისებრახლო ჯირკვლებში, პანკრეასსა და ჰიპოფიზში, თორმეტგოჯა ნაწლავსა და კუჭში. ისინი, როგორც წესი, კეთილთვისებიანია.
მენ1 სინდრომის ყველაზე თვალში საცემი ნიშნებია დაღლილობა, ძვლების ტკივილი, ხშირი მოტეხილობა, მაღალი წნევა, გულისრევა-ღებინება, თირკმელებში კენჭების არსებობა, კუჭში ან ნაწლავებში – წყლულებისა.
სინდრომის ყოველი ცალკეული გამოვლინება სხვადასხვა ჯირკვლის მომატებული სეკრეციის შედეგია. მაგალითად, პარათირეოიდული ანუ ფარისებრახლო ჯირკვლები ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულირებს. მათი სიმსივნე ან გადიდება იწვევს პარათჰორმონის ჭარბ გამოყოფას, სისხლში კალციუმის დონის მატებას, თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარებას, ძვლების გამოფიტვას. მენ1-სინდრომით დაავადებულთა 95%-ს პარათირეოიდული ჯირკვლის სიმსივნე 50 წლამდე ასაკში უვლინდება.
ჰიპოფიზის სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად პროლაქტინომა აღირიცხება, ყველაზე იშვიათად – სომატოტროპინომა. პროლაქტინის მატება განაპირობებს თავის ტკივილს, მხედველობის დარღვევას, მენსტრუაციის შეწყვეტას, გალაქტორეას – სარძევე ჯირკვლიდან გამონადენის გამოყოფას, აკრომეგალიას – კიდურებისა და სხეულის სხვა წარზიდული ნაწილების გადაჭარბებულ ზრდას.
მენ1-ით დაავადებულ დაახლოებით ხუთიდან ორ ადამიანს უვითარდება სიმსივნე პანკრეასში, თორმეტგოჯა ნაწლავში ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ნაწილებში. ამ ადგილებზე ერთდროულად შესაძლოა ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული სიმსივნე გაჩნდეს, რომელთა უმეტესობა ჰორმონებს წარმოქმნის.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირია გასტრინომა (ცოლინგერ-ელისონის სინდრომი), რომელიც ჰორმონ გასტრინის დონის, მინიმუმ, სამჯერ მატებას იწვევს. გასტრინის სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის წყლული, ძლიერი დიარეა, სტეატორეა (ცხიმიანი განავალი). გასტრინომები მრავლობითია, ყველაზე ხშირად თორმეტგოჯა ნაწლავში ვითარდება, ზოგჯერ – პანკრეასშიც. დროთა განმავლობაში ამ სიმსივნეების ნაწილი შესაძლოა ავთვისებიანად გადაგვარდეს. ახასიათებს მეტასტაზები ღვიძლსა და სხვა ორგანოებში.
ინსულინომის – პანკრეასში მდებარე ლანგერჰანსის კუნძულების ბ-უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნის – გამო იმატებს ინსულინის დონე. ინსულინი, როგორც ვიცით, სისხლიდან უჯრედებში გლუკოზის შეღწევას უზრუნველყოფს, ამიტომ ლოგიკურია, რომ მისი მომატება სისხლში გლუკოზის დონეს აქვეითებს. გლუკოზის დონის დაწევა გამოიხატება ჰიპოგლიკემიის ნიშნებით: კანკალით, ოფლიანობით, ტაქიკარდიით. ინსულინომები კეთილთვისებიანია და მათი ამოკვეთა შესაძლებელია.
გაცილებით იშვიათია გლუკაგონომა – სიმსივნე, რომლის დროსაც ჭარბად წარმოიქმნება გლუკაგონი. ეს გახლავთ ჰორმონი, რომელიც სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს. გლუკაგონომა გლუკაგონის ოდენობას 5-10-ჯერ ზრდის და განაპირობებს შაქრიან დიაბეტს, წონის კლებას, ანემიას. ამ ყველაფერს ერთვის კანზე ნეკროლიზური მიგრირებადი ერითემა მეორეული ბულოზური დერმატიტით.
ვიპომის, პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნის, არსებობისას ჭარბად წარმოიქმნება ვაზოაქტიური ინტესტინური პეპტიდი, ვითარდება ჰიპოკალიემია, სხეულის გაუწყლოება, მძიმე სეკრეტორული დიარეა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.
– როგორ ხდება მენ1-ის აღმოჩენა და მკურნალობა?
– მენ1-ზე მიუთითებს ჩამოთვლილი ჰორმონების მატება სისხლში და გამოსახვითი მეთოდებით ახალწარმონაქმნების აღმოჩენა შესაბამის ჯირკვლებში. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა. შესაძლებელია ჩატარდეს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, პანკრეასის ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა და სხვა.
რაც შეეხება მკურნალობას, თუ შესაძლებელია, ქირურგიულად ამოიკვეთება გადიდებული ჯირკვლები. ამასთან ერთად, ჰიპოფიზის ადენომის შემთხვევაში ინიშნება დოფამინის აგონისტები (ბრომკრიპტინი, კაბერგოლინი), გასტრინომის შემთხვევაში – პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ლანსოპრაზოლი, ომეპრაზოლი, რანიტიდინი), საჭიროებისამებრ – სომატოსტატინის ანალოგები, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და ა.შ.
მენ2 სინდრომი
– მეორე ტიპის მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის დროს, რომელიც 30 000-დან ერთს აქვს, უმეტესად ვითარდება სამი ტიპის სიმსივნური წარმონაქმნი: ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო, პარათირეოიდული სიმსივნე და ფეოქრომოციტომა.
განასხვავებენ მენ2 სინდრომის A და B ტიპებს.
ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო მენ2 სინდრომის მქონე თითქმის ყველა პაციენტთან აღირიცხება. ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის დროსაც სისხლში ჰორმონ კალციტონინის დონე იმატებს. ჯანმრთელი ადამიანის სხეულში კალციტონინის დანიშნულება ძვლის განლევის შეფერხებაა, მენ სინდრომის დროს კი ის სიმსივნისადმი მგრძნობიარე სპეციფიკურ მარკერად გვევლინება, თუმცა გამორიცხული არ არის, სხვა პათოლოგიების დროსაც მოიმატოს.
ფეოქრომოციტომა, თირკმელზედა ჯირკვლის კიბო, პაციენტთა ნახევარს აღენიშნება და უმეტესად ორმხრივია. მის მიერ კატექოლამინების (ადრენალინისა და ნორადრენალინის) ჭარბი წარმოქმნის გამო მომატებულია არტერიული წნევა, ვითარდება ჰიპერტონიული კრიზები, აჩქარებულია გულისცემა, პაციენტი უჩივის ოფლიანობას, სიცხის შეგრძნებას, თავის ტკივილს, მოუსვენრობას.
ჰიპერპარათირეოიდიზმი, ფარისებრახლო ჯირკვლების გადიდება, მხოლოდ მენ2A-ს მქონე პირთა 5-10%-თან გვხვდება.
– კლინიკურად რა განსხვავებაა მენ2B-სა და მენ2A-ს შორის?
– მენ2B კიდევ უფრო იშვიათია – მენ2-ის დაახლოებით ოციდან ერთი შემთხვევა. მენ2A სინდრომს ვეჭვობთ, როდესაც ადამიანს ან მის უახლოეს ნათესავს (მშობელი, და, ძმა, შვილი) ორი მაინც უდასტურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამი სიმსივნიდან: ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო, ფეოქრომოციტომა, პარათირეოიდული ადენომა. მენ2B-ს შემთხვევათა უმეტესობაში კი, გარდა ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოსი და ფეოქრომოციტომისა, ვითარდება:
. ლორწოვანი გარსის ნევრინომა, ნერვული ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე ენაზე, ტუჩებზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა უბანზე;
. ნერვების დაზიანებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები;
. კუნთების, სახსრებისა და ზურგის პრობლემები;
. ტიპური სახე – შეშუპებული ტუჩები, სქელი ქუთუთოები;
. მარფანისებური გარეგნობა – პაციენტი მაღალია, გამხდარი, აქვს არაპროპორციული ზედა და ქვედა კიდურები, ხელისა და ფეხის თითები, აღენიშნება ხერხემლისა და გულმკერდის ყაფაზის გამრუდება.
ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს მაღალი რისკის გამო მენ2-ის მქონე ბავშვებისთვის რეკომენდებულია ღEთ გენის ტესტირება და სხვა დამატებითი სკრინინგული გამოკვლევები.
მარი აშუღაშვილი