თავბრუ თუ თავბრუხვევა - რა უნდა ვიცოდეთ
გააზიარე:
თემის კონსულტანტი - ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გეგელაშვილი
თავბრუსა და თავბრუხვევის სხვა მიზეზები
ცხოვრება თავბრუსა და თავბრუხვევასთან ერთად
თავბრუს, რომელიც ადამიანების უმეტესობას განუცდია, ცოტა თუ ეკიდება სერიოზულად. თავბრუს ასეულობით მიზეზი იწვევს, მაგრამ ვიდრე ექიმი მიზეზის ძიებას შეუდგებოდეს, ჯერ იმის გარკვევა მოუწევს, სინამდვილეში რას უჩივის პაციენტი, ვინაიდან ამ ცნებას ყველა სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებს. თავბრუც და თავბრუხვევაც ადამიანმა შეიძლება დაარქვას მის გარშემო სამყაროს “დატრიალებას”, უეცარ სისუსტეს, გულის წასვლის შეგრძნებას, თავის უეცარ სიმსუბუქეს, წონასწორობის დაკარგვას... ასე რომ, პრობლემის სწორად შესაფასებლად ექიმს სათანადო ცოდნა, გამოცდილება და გამომძიებლის უნარებიც კი დასჭირდება.
თავბრუ-თავბრუხვევის ტერმინოლოგიურ ლაბირინთში გზის გაკვლევაში ექიმი ნევროლოგი, ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის თავის ტკივილის საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი გეგელაშვილი დაგვეხმარა.
აქვე დავძენთ, რომ ბატონი გიორგი ავტორია წიგნისა “თავბრუ, თავბრუხვევა და არამდგრადობა თვალის ერთი გადავლებით”, რომელშიც ამ სიმპტომის შესახებ უახლესი სამედიცინო ინფორმაცია შესატყვისი ქართული ტერმინოლოგიითაა გადმოცემული. მონოგრაფიის კონსულტანტი გახლავთ ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკის ვესტიბულური ნევროლოგი, MD/PHD ნანა თევზაძე.
– ძლიერ თავბრუს სიცოცხლეში ერთხელ მაინც თითქმის ყოველი მესამე ადამიანი შეუწუხებია, თავბრუხვევას – ყოველი მეათე. თავბრუს ან თავბრუხვევას უჩივის ამბულატორიული პაციენტების 2.6% და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოთავსებულთა 4%.
თავბრუხვევა ყველაზე იდუმალებით მოცული სიმპტომია სამედიცინო პრაქტიკაში. როდესაც ადამიანი თავის ტკივილს უჩივის, მას ნამდვილად თავი სტკივა, როდესაც გულის ტკივილს – გულის არეში აქვს ტკივილის შეგრძნება, განურჩევლად იმისა, გულიდან მომდინარეობს თუ არა ის. ამგვარად, ჩივილები ასე თუ ისე რეალობას ასახავს, მაგრამ მაინც მოითხოვს გადამოწმებას, დაზუსტებას, ვინაიდან შესაძლოა გაზვიადებული ან, პირიქით, დაკნინებული იყოს. ასე უნდა მოვიქცეთ ნებისმიერი სიმპტომის არსებობისას, მაგრამ ყველაზე მეტად – თავბრუხვევისას. მედიცინა არ იცნობს სხვა სიმპტომს, ამდენ ჩაკითხვას და გამოძიებას რომ მოითხოვდეს. თავბრუხვევა, ისევე როგორც კარიბჭის დაზიანების ნებისმიერი სხვა სიმპტომი, შესაძლოა სხვადასხვა ავადმყოფობის შედეგი იყოს და, შესაბამისად, სრულიად სხვადასხვანაირი მართვა სჭირდებოდეს.
– რა განსხვავებაა თავბრუსა და თავბრუხვევას შორის?
– თავბრუ (Dizziness), იგივე თავზე რეტის დასხმა, რეტი, დარეტიანება, იმ მდგომარეობის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინია, რომელსაც წინათ თავის გაბრუებას უწოდებდნენ და რომლითაც გულისხმობდნენ სივრცითი ორიენტაციის ყოველგვარ დარღვევას. ახლანდელი განმარტებითაც თავბრუ სივრცის აღქმის და მასთან ურთიერთობის დარღვევად ითვლება, ოღონდ მოძრაობის ილუზიის გარეშე. იგი შესაძლოა გამოიწვიოს უეცარმა წამოჯდომამ ან წამოდგომამ (ორთოსტატიკური თავბრუ), ორნამენტებით დატვირთული ხალიჩის შეხედვამ სასტუმროში, დახლებით სავსე სივრცემ სუპერმარკეტში, მაღალი სართულის აივნიდან გადმოხედვამ...
თავბრუხვევა (Vertigo) იგივე თავბრუა, მაგრამ მოძრაობის შეგრძნებით “გამდიდრებული”. მაგალითად, ცათამბჯენიდან გადახედვისას თუ თვალები აგვიჭრელდა, ეს თავბრუა, მაგრამ თუ სივრცემ ტრიალი დაიწყო – თავბრუხვევა. თავბრუხვევა მოძრაობის ცრუ შეგრძნებაა. ის შეიძლება იყოს ბრუნვადი და არაბრუნვადი – ტრიალის შეგრძნების გარეშე, მაგრამ სივრცეში მოძრაობით: რხევით, ქანაობით, შეტორტმანებით, გადაყირავებით, შეჯანჯღარებით, ჩავარდნით, გაქანებით, ჩასრიალებით, ფეხქვეშ მიწის გამოცლით... თავბრუხვევა უმეტესად შინაგანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვალების დახუჭვის შემდეგაც გრძელდება. გარეგანი თავბრუხვევის დროს კი გარემომცველი საგნების ტრიალის ან ტივტივის მოჩვენებითი შეგრძნება თვალების დახუჭვისთანავე ქრება.
თავბრუსა და თავბრუხვევის გარდა ახალ კლასიფიკაციაში ცალკეა გამოყოფილი კარიბჭის სიმპტომთა ორი ჯგუფი: კარიბჭე-მხედველობის სიმპტომები (გარეგანი თავბრუხვევა, ოსცილოფსია, მხედველობითი დაყოვნება, გამოსახულების გადახრა, მოძრაობისმიერი გაბუნდოვნება) და მდებარეობითი სიმპტომები (არამდგრადობა, მიმართული გაქანება, დაბარბაცება, წონასწორობის დარღვევით გამოწვეული დაცემა).
– რა ძირითადი სხვაობაა ძველ და ახალ კლასიფიკაციებს შორის?
– 1972 წლის კლასიფიკაციით, თავბრუში აერთიანებდნენ კარიბჭის ყველა სიმპტომს, მათ შორის – თავბრუხვევასაც, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა და კვლევებმაც დაადასტურა, რომ ადამიანს შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს თავბრუხვევაც, თავბრუც და არამდგრადობაც. ამიტომ 2009 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კარიბჭის სიმპტომების ძველ კლასიფიკაციას შეუჩერა უფლებამოსილება და ახლით შეცვალა. სამწუხაროდ, საქართველომ ამ ისტორიულ ცვლილებას დღემდე ვერ აუბა მხარი. უფრო მეტიც: 2010 წელს 1972 წლის კლასიფიკაციაზე აგებული თავბრუხვევის მართვის გზამკვლევი და სტანდარტი იქნა შემოღებული. არადა, მედიცინა კიდევ უფრო წინ წავიდა და კარიბჭის სინდრომების ახლებურად დალაგებასაც მიჰყო ხელი.
. კარიბჭის მწვავე სინდრომი ახალდაწყებულ და უჩვეულოდ ძლიერ თავბრუხვევა-თავბრუ-არამდგრადობას გულისხმობს. იგი დღეების ან კვირების განმავლობაში გრძელდება და ახასიათებს: გულზიდება და`ან ღებინება; ნისტაგმი (თვალების რხევითი მოძრაობა); ჯდომის, დგომის და`ან სიარულის გაძნელება. შესაძლო მიზეზებია: კარიბჭის ნევრიტი, ლაბირინთიტი, ინსულტი, გაფანტული სკლეროზი, ტრავმა, ალკოჰოლის ან მედიკამენტების (ანტიბიოტიკები, ფსიქოტროპული საშუალებები, შარდმდენები და სხვ.) მიღება, ნახშირჟანგით მოწამვლა და სხვ.
. კარიბჭის ეპიზოდური სინდრომი თავბრუხვევა-თავბრუ-არამდგრადობის ჩვეული, ხანმოკლე, გარდამავალი მოვლენაა, წამები, საათები ან, იშვიათად, დღეები გრძელდება და, ჩვეულებრივ, მრავალჯერ მეორდება. ახასიათებს ხანმოკლე ღებინება, ნისტაგმი, უეცარი დაცემა. მისი მიზეზებია კარიბჭის შაკიკი, მენიერის დაავადება, კარიბჭის პაროქსიზმია, კარიბჭის ეპილეფსია, პანიკური შეტევა, კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუხვევა (კპპთ), მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა (წარსულში “ზღვის ავადმყოფობად” წოდებული) და სხვ.
. კარიბჭის ქრონიკული სინდრომი თვეობით ან წლობით გაჭიანურებულ თავბრუხვევა-თავბრუ-არამდგრადობას გულისხმობს. იგი ხშირად მზარდი და შეუქცევადია. გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია: მდებარეობა-აღქმის გამუდმებული თავბრუ, ქრონიკული ცალმხრივი მიზეზდაუდგენელი ვესტიბულოპათია, შვანომით განპირობებული ცალმხრივი ვესტიბულოპათია, ინსულტის ნარჩენი მოვლენები, უკანა ფოსოს სიმსივნე, ხმელეთზე დაბრუნების სინდრომი და სხვ.
თავბრუხვევის აღმძვრელები
– რამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუხვევა?
– თავბრუხვევის ძირითადი გამომწვევებია თავის მდებარეობის შეცვლა დედამიწის მიზიდულობის ღერძის მიმართ (წინ დახრა, ზემოთ ახედვა, დაწოლა, საწოლში გადაბრუნება), თავის მკვეთრი მოძრაობა, მხედველობითი და ბგერითი გამღიზიანებლები, ვალსალვას ცდა (ჩაბერვა ნესტოების ხელით დახშობისა და პირის მოკუმვისას) ან მასთან გათანაბრებული აქტივობები (ცემინება, ხველება, გაჭინთვა, სიცილი, გაზმორება). თავბრუსა და თავბრუხვევის განვითარებას ხელს უწყობს გაუწყლოება, მედიკამენტური მკურნალობა, ნარკოტიკების მოხმარება, ატმოსფერული წნევის ცვლილება, ყვინთვა, მთაზე ან სხვა სიმაღლეზე ასვლა, ვარჯიში, დაძაბვა (განსაკუთრებით – ხელების დატვირთვა), ხანგრძლივი პასიური მოძრაობა (გემით მოგზაურობა), ჰორმონული წონასწორობის დარღვევა, ჰიპერვენტილაცია, საფუძვლიანი შიში, უსაფუძვლო ფობია, მჭიდრო საყელო, ვიბრაცია, ცალკეული გამღიზიანებლის უჩვეულო აუტანლობა (იდიოსინკრაზია) და სხვ.
დიაგნოსტიკა
– თავბრუხვევის ჩივილი სანდო არ არის. ექიმს ამ დროს დიდი სიფრთხილე მართებს – უამრავი კითხვა უნდა დასვას და ზედმიწევნით შეკრიბოს ანამნეზი. თავბრუხვევა, თავბრუსგან განსხვავებით, ყოველთვის თავის ტვინიდან მოდის, მაგრამ თვით მაგნიტურ-რეზონანსულმა გამოსახვამაც (მრგ) კი შესაძლოა საგულისხმო ვერაფერი გვიჩვენოს და ანამნეზის შეკრებამ გაგვიწიოს სამსახური. მაგალითად, ნარკოტიკის მიღების ან ანტიდეპრესანტით მკურნალობის უეცარი შეწყვეტის დროს აღმოცენებული კარიბჭის სიმპტომები საერთოდ არ მოითხოვს ინსტრუმენტულ კვლევას.
დასავლეთში, სადაც ფულს გაცილებით მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ჩვენთან, ზუსტად იციან, როდის რა გამოკვლევა უნდა ჩაატარონ. ადვილი შესაძლებელია, თავბრუხვევის გამოკვლევა უბრალო, იაფი და ნაცადი მეთოდით – ელექტროკარდიოგრაფიით შემოიფარგლოს. მაგალითად, თუ მიმღებში თავბრუხვევით შესულ პაციენტს არითმია აღმოაჩნდა, მას პირდაპირ კარდიოლოგს გადაულოცავენ. თუ თავბრუხვევასთან ერთად ადამიანი ოფლიანობასაც უჩივის და სისხლში გლუკოზის დაბალი დონე აქვს, ენდოკრინოლოგს იწვევენ. როცა თავბრუხვევას მოწამვლის კლინიკური ნიშნები ერთვის, შარდს ამოწმებენ და ტოქსიკოლოგს უხმობენ.
როდესაც პაციენტი აღნიშნავს, რომ დილით გაეღვიძა, თავის მიტრიალებისას დაეხვა თავბრუ, თუმცა ერთ წუთში გაუარა და დაუტოვა შიში, არამდგრადობა – მას პრაქტიკულად არავითარი ინსტრუმენტული კვლევა არ სჭირდება, სახეზეა კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუხვევა. მაგრამ თუ ექიმს სურს დარწმუნდეს, რომ ლაბირინთის არხში ან გუმბათში ნამდვილად არის კენჭი, ჩაატარებს დიქს-ჰოლპაიკის ცდას, რომელიც სულ სამ წუთს მოითხოვს. მეტი გამოკვლევა საჭირო არ არის.
თავბრუხვევისა და თავის ტკივილის ერთობლიობისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმპტომების ამგვარი წყვილი განმეორებადია, კარიბჭის შაკიკი უნდა ვიეჭვოთ. კპპთ-ისგან განსხვავებით, აქ მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა აუცილებელია.
დაცემინების, წინ დახრის, დუდუკზე დაკვრის ან ბუშტის გაბერვის შემდეგ დაწყებული თავბრუხევა მესამე ფანჯრის სინდრომზე მიგვანიშნებს. ამ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიით ნახევრად წრიული (არასწორია “ნახევარრკალოვანი”) არხის ნაპრალი ან ფისტულა უნდა მოვიძიოთ.
– ჩვენთან როგორ იგეგმება გამოკვლევები?
– ძირითადად – საყოველთაოდ მიღებული წესების გარეშე. ერთ-ერთი გავრცელებული სცენარი ამგვარად გამოიყურება: პირველი ვიზიტი ექიმთან – კისრის რენტგენი; მეორე ვიზიტი – დოპლერი; მესამე ვიზიტი – მრგ; მეოთხე ვიზიტი – ნეიროოტოლოგი; მომდევნო ვიზიტები – უამრავი ფუჭი წამალი და “დრო უნდა ყველაფერს”...
მთავარი შეცდომა
– თავბრუსა და თავბრუხვევის შემთხვევაში უმთავრესად რა შეცდომები მოსდით პაციენტებს და რა – ექიმებს?
– ქართველი პაციენტები, როგორც წესი, შეგრძნებებს კი არ ჰყვებიან, არამედ ცდილობენ, ექიმს ავადმყოფობის წარმომავლობის საკუთარი კონცეფცია მოახვიონ თავს. იშვიათად, მაგრამ როგორღაც ვახერხებთ ხოლმე პაციენტების განცდებისა და შეგრძნებების გადმოცემის წახალისებას, თუ თანმხლებმა პირმა რენტგენის ფირი ან ტომოგრაფიის პასუხი არ შემოგვაჩეჩა ხელში და საათზე არ დაიხედა. კოვიდის ეპიდემიამ და კარანტინმა ცოტა შეარბილა გულშემატკივართა “ინსტრუმენტულ-ინტელექტუალური ტერორიზმი” და პაციენტთან მარტო დარჩენის და გულახდილი საუბრის საშუალება მოგვცა.
თავბრუხვევის, ისევე როგორც თავის ტკივილის, წარმომავლობის დადგენისას ჩვენში გადაჭარბებულ როლს ანიჭებენ არტერიული წნევის მომატებას. პაციენტები ხშირად ისე დამაჯერებლად ამბობენ, წნევამ ამიწია და თავბრუ დამეხვაო, რომ ექიმს სხვა გზას არ უტოვებენ, გარდა იმისა, რომ ჰიპერტონიული ან ვესტიბულური კრიზის დიაგნოზი დასვას. საზოგადოდ, სამედიცინო დასკვნაში არსებულ ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ “ესა თუ ის სიმპტომი მაღალი არტერიული წნევის ფონზე განვითარდა”, ყოველთვის ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ.
ამრიგად, პაციენტის ყველაზე დიდი შეცდომა ექიმის უნებლიეთ შეცდომაში შეყვანაა, ხოლო ექიმისა – შეთავაზებული კონცეფციის უპირობოდ მიღება. წარმოიდგინეთ არაეჭვიანი და მიმნდობი შერლოკ ჰოლმსი ან ერკიულ პუარო... დიახ, ექიმიც გამომძიებელი უნდა იყოს და არა მორჩილი მსმენელი. ექიმი ბრმად არც რადიოლოგს უნდა მიენდოს. ნეიროგამოსახვის დასკვნა შეიცავს ფაქტებს. ჩვენი მოვალეობა ამ ფაქტებსა და კლინიკურ მონაცემებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის აღმოჩენაა.
განსაკუთრებით საგანგაშო და სავალალო მაინც ყოფილ საბჭოთა სივრცეში სპონდილოზის “ოსტეოქონდროზად” მონათვლა და მისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებაა. ხშირად, როდესაც თავბრუხვევის მიზეზს ვერ პოულობენ, პაციენტს კისრის რენტგენს უღებენ, რათა “მარილები აღმოაჩინონ” და თავბრუხვევაც “მას დააბრალონ”. აქ ორი დიდი ბოროტება იკვეთება: პირველი – ცნობილია, რომ ნებისმიერ ადამიანს ოცი წლიდან სპონდილოზი ეწყება, მაგრამ “ოსტეოქონდროზის” დასკვნა ექიმს საშუალებას მისცემს, საზოგადოებასთან “პირნათელი” იყოს – “მიზეზი ნაპოვნია!”; მეორე – რენტგენზე გაგზავნის წინ ექიმმა უკვე იცის, რომ პაციენტი დასხივდება და ეს რისკი საპირწონე სიკეთეს არ მოიტანს, მაგრამ საბუთები ხომ “წესრიგში იქნება”! მკითხველს უნდა შევახსენოთ, რომ ოსტექონდროზი უპირატესად ბავშვთა ასაკში განვითარებული მძიმე ორთოპედიული დაავადებების კრებითი სახელია. ოსტექონდროზით ავადობა (ინციდენტობა) ასაკთან ერთად მცირდება, ხოლო სპონდილოზისა, პირიქით, იზრდება.
მკურნალობა
– როგორ იმართება თავბრუხვევა?
– თავბრუხვევის დროს ჩვენში მიღებულია კარიბჭე-ლოკოკინას სისხლის მომარაგების გასაუმჯობესებელი საშუალების ან “თავის ტვინის მკვებავის” დანიშვნა. ამგვარ “მკურნალობას” მოჩვენებითი შედეგი მოაქვს და, ექსპერტთა აზრით, ასიდან ოთხმოცდაათზე მეტ შემთხვევაში უსარგებლოა.
– რა მიდგომები არსებობს დასავლეთში? შესაძლოა თუ არა, თავბრუხვევას საერთოდ არ სჭირდებოდეს მკურნალობა?
– კპპთ-ის ყოველი მეორე შემთხვევა თვითგანკურნებადია, ადამიანს ექიმთან მისვლაც კი არ სჭირდება. იგივე ითქმის შაკიკთან დაკავშირებულ თავბრუხვევაზეც. შაკიკის შეტევა არ მოიხსნება, თუ სისხლძარღვები არ შევიწროვდა; პაციენტი შაკიკის წამლებს უნდა იღებდეს და არა “სისხლძარღვების გამაფართოებლებს”.
კპპთ-ის დროს კენჭის ჩასწორება სპეციალური ვარჯიშებით ხდება. წამალი პაციენტს შესაძლოა სულ სამი დღე დასჭირდეს.
შაკიკის დროს გამუდმებული თავბრუს შემთხვევაში საჭიროა ფსიქოთერაპია, ანტიდეპრესანტები. მენიერის ავადმყოფობა მარილის შეზღუდვას და შარდმდენების დანიშვნას ითხოვს. რაც შეეხება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ პრეპარატებს, ამერიკაში მათ საერთოდ არ ცნობენ; ევროპელები დროდადრო “მოვალეობას კი იხდიან”, მაგრამ იქვე ამ ღონისძიების უსარგებლობაზეც არ ერიდებიან მითითებას.
თუ თავბრუხვევის მიზეზი ნახევრად წრიული არხის ნაპრალი ან ფისტულაა და ის მეტისმეტად შემაწუხებელია, ოპერაციულად უნდა დაილუქოს; თუ მოწამვლაა, მოწამვლის საწინააღმდეგო მკურნალობა უნდა ჩატარდეს; არითმია რითმოლოგის მხარდაჭერას მოითხოვს; სიმსივნის (შვანომა ან უკანა ფოსოს მენინგიომა) არსებობისას საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
თავბრუხვევის უნივერსალური ეტიოლოგიური მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ მისი შემამსუბუქებელი საშუალება არცთუ ცოტაა. თავბრუხვევა თავად არ არის ავადმყოფობა, ის მხოლოდ სიმპტომია და რომელიმე ავადმყოფობის ან ავადმყოფური მდგომარეობის წიაღში ისახება. არც ხველაა ავადმყოფობა, თუმცა უამრავ დაავადებას ახლავს თან და მკურნალობაც, ამ ავადმყოფობათა კვალობაზე, ნაირგვარი სჭირდება, მაგრამ ვინ გვიშლის, ხველის დასაამებლად ამოსახველებელი ან ხველების საწინააღმდეგო საშუალება გამოვიყენოთ?!
გასათვალისწინებელია, რომ კარიბჭის დამთრგუნველი ყველა საშუალება ცნს-ის სხვა ფუნქციებსაც თრგუნავს და ხანგრძლივი მიღებისას სივრცის აღქმას აბლაგვებს, გამოჯანმრთელებას აფერხებს. ამიტომ უმჯობესია, სიმპტომური თერაპია სამ დღეზე მეტხანს არ გაგრძელდეს.
დღეს კარიბჭის გაუმართაობათა დაძლევის ახალი ეპოქა დგას. თანამედროვე ექიმის დანიშნულებაში გაზრდილია ფიზიკური და შემცირებულია ქიმიური ღონისძიებების ხვედრითი წილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კარიბჭის რეაბილიტაციამ აშკარად “დაგვიჩაგრა” კარიბჭის ფარმაკოლოგია და ფარმაკოთერაპია.
– კარიბჭის რომელი დარღვევაა ყველაზე გავრცელებული?
– საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მთელ მსოფლიოში თავბრუ`თავბრუხვევის ყველაზე გავრცელებული სამეულია: 1. კპპთ (შიგნითა ყურში “კენჭების გავლა”), ICD-11: AB31.2; 2. კარიბჭის შაკიკი, ICD-11: AB31.1; 3. მდებარეობა-აღქმის გამუდმებული თავბრუ, ICD-11: AB32.0. საქართველოში თავბრუხვევის ეპიდემიოლოგია მეცნიერულად შეუსწავლელია.
კპპთ – “კენჭები ყურში”
– კპპთ, არსობრივად, შიგნითა ყურში კალციუმის კარბონატის – კირქვის ნამსხვრევების -უადგილო ადგილას მოხვედრა ანუ კენჭების გავლაა. ხალების (მაკულები) ოტოლითურ აპკზე 3-30 მიკრონი სიდიდის კირქვის ოტოკონიებია მიმაგრებული, რომლებიც ხალის მემბრანის რხევებს აღრიცხავს. დროთა განმავლობაში (ასაკის, კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის გამო) ოტოკონიებს შესაძლოა ბზარი გაუჩნდეს და ნაწილაკები ჩამოემსხვრეს. ეს კენჭები ენდოლიმფაში ტივტივებს, თავისსავე მსგავს ნამსხვრევებს უერთდება და ღამით, ძილის დროს, როდესაც ადამიანი წევს და გრავიტაციულ სიმშვიდეში იმყოფება, კარიბჭის ყველაზე დაბალ წერტილში, უკანა არხის ამპულაში ხვდება. დილით, როდესაც ადამიანი თავს მკვეთრად მიატრიალებს ან საწოლიდან სწრაფად წამოდგება, კენჭების გროვას ენდოლიმფა წარიტაცებს. მათი მოძრაობა იმდენად არაბუნებრივია, რომ თავის ტვინი განგაშს აცხადებს, რაც თავბრუხვევით ვლინდება, მაგრამ რამდენიმე წამში ტვინი ვითარებაში ერკვევა და განგაშსაც მაშინვე წყვეტს.
კპპთ მოსახლეობის 2.4%-ს აღენიშნება. ის მეტწილად ცალმხრივია, ასაკთან ერთად იმატებს და ქალებთან ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება. თავბრუხვევა ძლიერი და სამოც წამზე ნაკლები ხანგრძლივობისაა. ერთი წუთის შემდეგ შესაძლოა დარჩეს თავბრუ ან`და არამდგრადობა, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე დღე, თვე, წლებიც კი გრძელდება. ეს უკვე ფსიქოგენური მოვლენაა, განცდილი ცრუ კატასტროფის გამოძახილი.
კპპთ პოზიციური შინაგანი თავბრუხვევისა და ნისტაგმის განმეორებადი ეპიზოდებით მიმდინარეობს. შესაძლოა, სხვა სიმპტომებიც აღინიშნებოდეს: გარეგანი თავბრუხვევა, არამდგრადობა, გულზიდება, ღებინება, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, შიში. სიმპტომებს აძლიერებს მკვეთრი მოძრაობა, თავის უკან გადაწევა, ზემოთ ახედვა, წინ დახრა, მაგრამ არა გვერდით მიხედვა. უნდა იცოდეს თუ არა ყოველივე ეს არაპროფესიონალმა? რა თქმა უნდა, არა. ამდენად, თავბრუხვევის შიშით კისერგაშეშებულ ადამიანს სულ ადვილად შეიძლება გავუქარვოთ სადარდებელი და არ დავახარჯვინოთ აფთიაქში ასეულობით ლარი, ზოგჯერ – უკანასკნელიც კი.
კპპთ-ის დებიუტი ან გამწვავება ხშირად უკავშირდება ტრავმას, ინფექციას, კბილის დაბჟენას, “მარილების დაგროვების სამკურნალო” კისრის ვარჯიშებს, სახლის დიდ დალაგებას, დამქანცველ მგზავრობას და სხვ.
კპპთ-ის შემთხვევაში სიმპტომური მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება მხოლოდ ძლიერ შემაწუხებელი ჩივილების დროს და რაც შეიძლება მცირე ხნით. სადიაგნოზო ცდები, რომლებსაც არავითარი აპარატურა არ სჭირდება, კპპთ-ის დიაგნოზის დასმისა და კენჭების მდებარეობის ზუსტი განსაზღვრის საშუალებას იძლევა, კვალიფიციურად ჩატარებული სამკურნალო პროცედურებით კი შესაძლებელია მისგან სრული განკურნება, მაშინ როდესაც არასათანადოდ ჩატარებულმა პროცედურამ შესაძლოა ვითარება გააუარესოს.
კარიბჭის შაკიკი
– კარიბჭის ანუ “ვესტიბულური” შაკიკი სინამდვილეში აურიანი თუ აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის ისეთი ქვესახეობაა, როდესაც კარიბჭის სიმპტომები ფარავს თავის ტკივილს. უფრო მეტიც: ყოველ მეორე შეტევას თავის ტკივილი არც კი ახლავს თან. კარიბჭის შაკიკი ქალებთან 1.5-5-ჯერ ხშირად გვხვდება, ბავშვებთან კი კარიბჭის გაუმართაობათა შორის პირველ ადგილს იკავებს.
პაციენტები შეტევას თავისებურად ახასიათებენ: “ყველაფერი ტრიალებს, შემაქანა, ფეხქვეშ მიწა მეცლება, ვბორძიკობ, ტვინი გამომიცარიელდა, თავში დამიბნელდა, გონება ამერია, მეგონა, ბურუსში ვიყავი, თითქოს მთვრალი ვარ, თითქოს ზღვაზე ნავით ვსეირნობდი, თითქოს კარუსელზე ვიტრიალეო...” შეტევა შესაძლოა გაგრძელდეს წუთების (30%), საათების (30%), დღეების (30%) განმავლობაში, შემთხვევათა 10%-ში კი ის წამიერია, მიწისძვრის შემდგომი მცირე ბიძგების შეგრძნების მსგავსი.
კარიბჭის შაკიკი თვითნაბადი ავადმყოფობაა. ის პერიოდულად უმიზეზოდ ან წამქეზებლების – ტრიგერების – წყალობით იღვიძებს. გავრცელებული ტრიგერებია სტრესი, შიმშილი, მენზესი, ჰორმონების მიღება, მენოპაუზა, თავის გრავიტაციული ღერძის მკვეთრი შეცვლა, მხედველობითი გაღიზიანება და სხვ. სხვათა შორის, შაკიკის ცნობილი წამქეზებელია ცივი ქარი. ძველი ჩინელები კარიბჭის შაკიკს “ქარის თავბრუხვევას” უწოდებდნენ. თანამედროვე ქართველები კი მას, სამწუხაროდ, “ნერვის გაციებად”, “ჰაიმორიტად” ან სულაც “მენინგიტად” მოვნათლავთ ხოლმე და ბავშვებს ვუშლით შინიდან გასვლამდე ბანაობას ან ვთიშავთ კონდინციონერს და სიცხეში ვახრჩობთ საკუთარ მომავალს.
კარიბჭის შაკიკს ისევე მკურნალობენ, როგორც “ჩვეულებრივ” შაკიკს. მთავარია სწორი დიაგნოზის დასმა. მაგრამ თუ ეს “ვესტიბულურ კრიზად” ან “ხერხემლის არტერიის სინდრომად” მოვნათლეთ, შედეგი როგორ უნდა მივიღოთ?
მდებარეობა-აღქმის გამუდმებული თავბრუ
– მდებარეობა-აღქმის გამუდმებული თავბრუ საუკუნეების განმავლობაში სულიერ აშლილობადაც კი იყო შერაცხული. საქმე ის არის, რომ მწვავე თავბრუხვევას ყოველთვის ახლავს თან შიში და შფოთვა. ზოგჯერ ზეზღურბლოვანი განცდა და ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიური რესურსების ნაკლულოვნება ადამიანს საშუალებას არ აძლევს, გამოეთიშოს “ცრუ განგაშის” მდგომარეობას. ჩვენ კი დახმარების ნაცვლად პაციენტს ტვინის შერყევის ან სხვა წარმომავლობის მწვავე თავბრუხვევის შემდეგ წოლით რეჟიმს ვთავაზობთ და სიმპტომის ქრონიკულად გარდასახვას ვუწყობთ ხელს
მდებარეობა-აღქმის გამუდმებული თავბრუ მეტწილად ვითარდება კარიბჭის ნერვის ანთების, ზოგადი მოწამვლის, ინსულტის, ბაროტრავმის (მაგალითად, აფეთქებაში მოყოლის) შემდეგ. არაბრუნვადი თავბრუ და`ან არამდგრადობა სამ თვეზე მეტხანს გრძელდება. სიმპტომები დღის განმავლობაში მძაფრდება ან მინავლდება. უეცარი, წამიერი შეტევები შესაძლოა თავისთავად ან მოულოდნელი მოძრაობის შედეგად აღმოცენდეს. პაციენტი თავს უარესად გრძნობს გამართულ მდგომარეობაში, მოძრავი მხედველობითი გამღიზიანებლების, რთული მხედველობითი ხატების ზემოქმედებისა და თავის აქტიური ან პასიური მოძრაობის დროს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წელს ამ ავადმყოფობას საკუთარი კოდიც (Persistent Postural-Perceptual Dizziness, PPPD: AB32.0) კი მიაკუთვნა ავადმყოფობათა ახალ (ICD-11) კლასიფიკაციაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნილი და 90-იანებში აღიარებული ICD-10 კლასიფიკაციით ვსარგებლობთ და ვზრდით ექიმთა ახალ თაობას ძველი პროგრამით, რომელიც 1972 წელსაა შემოღებული და 2009 წელს უარყოფილი. ამავე დროს, “ევროკავშირის კარზე ვაკაკუნებთ”...
დავეხმაროთ კარიბჭეს
– კარიბჭის დარღვევების ელემენტარული მართვა პაციენტს თავადაც შეუძლია, გააჩნია დაავადებას. მაგალითად, მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობისას მან უნდა დაიცვას მგზავრობის წესები, მენიერის ავადმყოფობის, შაკიკის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც გულისხმობს წყლის სწორ მიღებას, თამბაქოსა და ნარკოტიკებზე უარის თქმას, სუფრის მარილის შეზღუდვას, ალკოჰოლისა და კოფეინის ზომიერ მოხმარებას.
ზოგჯერ საჭიროა სიმპტომური პრეპარატების დანიშვნაც, თუმცა დღეს მათი არსენალი საკმაოდ შემცირებულია; გაცილებით დიდი როლი ეკისრება კარიბჭის რეაბილიტაციას. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ექიმებმა ტერენს ედვარდ კაუთორნმა და ფრენკ სებასტიან კუკსმა შეამჩნიეს, რომ თავის ტრავმის შემდეგ ჯარისკაცებს, რომლებსაც წოლას აქტიურობა ერჩივნათ, მალევე აღუდგებოდათ დარღვეული წონასწორობა. სამწუხაროდ, ჩვენში დღემდე არსებობს თავის ტვინის შერყევისა და თავბრუ-თავბრუხვევის დროს შარდმდენების, “ტვინის მკვებავების”, “გამწოვებისა” და ოცდაერთდღიანი “შინაპატიმრობის” პრაქტიკა.
კარიბჭის რეაბილიტაციის არსი ასეთია: მხედველობისა და პროპრიოცეფციის (საკუთარი სხეულის პოზიციის აღქმა) გააქტიურება იწვევს კარიბჭის უნარების გაღვიძებას და ახალი ბიოლოგიური კავშირების ჩამოყალიბებას, შფოთვის შემცირებას და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ზრდას. სივრცის აღქმის გასაუმჯობესებლად სასარგებლოა მოძრავი ცხოვრება და განსაზღვრული ტიპის აქტივობები: პინგ-პონგი, ბადმინტონი, აერობიკა, ცეკვა, ბოულინგი...
რაც შეეხება ვარჯიშებს, მეტად სასარგებლოა კაუთორნ-კუკსის პროგრამა. ის მოიცავს: თვალებისა და მხრების მოძრაობას; დახრას და იატაკიდან საგნის აღებას; ჯერ გახელილი, მერე კი დახუჭული თვალებით სკამიდან წამოდგომას; დაღმართზე, კიბეზე ასვლა-ჩასვლას; ბურთის სროლასა და დაჭერას; დახრის, დაჭიმვა-გაწელვისა და დამიზნების შემცველ თამაშებს. თითოეული სავარჯიშო ერთ ჯერზე სრულდება არა უმეტეს ათჯერ.
მნიშვნელოვანია მზერის გასამყარებელი ვარჯიშის პროგრამა – პირდაპირ ცქერისას ადამიანი ირჩევს თვალების დონეზე მდებარე საგანს და თავს ისე ატრიალებს მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, რომ სამიზნე საგანს თვალს არ აცილებს. მნიშვნელოვანია, სამიზნე საგნის გარჩევადობა (ფოკუსი) არ შეიცვალოს. თავდაპირველად სავარჯიშოდ ათი წამი საკმარისია. დროთა განმავლობაში ხანგრძლივობა ერთ წუთამდე უნდა გაიზარდოს და ვარჯიშიც დღეში 3-5-ჯერ განმეორდეს.
არსებობს ბრანტ-დაროფის პროგრამაც: ადამიანი ჯდება საწოლის კიდეზე და თავს 45°-ით აბრუნებს, შემდეგ სწრაფად გადაწვება საპირისპირო მხარეს და ყურის უკან მდებარე თავის ნაწილს საწოლს ახებს. ამ მდგომარეობაში ჩერდება 30 წამს ან მანამდე, სანამ თავბრუხვევა არ გაუვლის. ვარჯიში სრულდება ორივე მხარეს (3-6-ჯერ ყოველ მხარეს), დღეში 2-3-ჯერ, ორი კვირის განმავლობაში.
ასეთია ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ იდუმალებით მოცული სიმპტომის შესახებ. ვფიქრობ, ჩვენი საუბარი მკითხველს დაეხმარება, სწორად შეაფასოს ჩივილები და სათანადოდ დააფასოს მარტივი ცდებისა და ვარჯიშების მნიშვნელობა.
თავბრუსა და თავბრუხვევის სხვა მიზეზები
წიგნში “თავბრუ, თავბრუხვევა და არამდგრადობა თვალის ერთი გადავლებით“ ექიმი ნევროლოგი გიორგი გეგელაშვილი წერს:
“თავბრუ და თავბრუხვევა შეიძლება იყოს: ● კეთილიც (კპპთ) და ბოროტიც (ჩირქოვანი ლაბირინთიტი) ● პედიატრიულიც (კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუხვევა, კპპთ) და გერიატრიულიც (პრესბივესტიბულოპათია) ● უვნებელიც (კარიბჭის შაკიკი) და მავნებელიც (ლაბირინთის ინფარქტი) ● ვირუსულიც (კარიბჭის ნევრიტი) და სიმსივნურიც (კარიბჭის შვანომა) ● ნაცნობიც (ტრავმული ვესტიბულოპათია) და უცნობიც (ნათხემის ატაქსია ნეიროპათიით და ვესტიბულოპათიით, ჩANVAშ) ● კარდიოლოგიურიც (გულისწასვლა, სინკოპე) და ავტოიმუნურიც (კოგანის სინდრომი) ● მშვილდ-ისრისაც (ხერხემლის მოტრიალების სინდრომი) და ნაღმისაც (პერილიმფური ფისტულა) ● დასაყვავებელიც (შფოთვა) და გასაკიცხიც (მრავალი წამლით მკურნალობა, პოლიპრაგმაზია) ● საპროცედუროც (კენჭების ჩასწორება) და საოპერაციოც (შინაგანი სისხლდენა) ● პაროქსიზმულიც (კარიბჭის ეპილეფსია) და მორეციდივეც (გაფანტული სკლეროზი) ● სიტუაციურიც (წნევის ვარდნა წამოდგომისას) და ოჯახურ-მემკვიდრულიც (ეპიზოდური ატაქსია) ● წყლის წამახალისებელიც (გაუწყლოება) და მარილის შემზღუდავიც (მენიერის ავადმყოფობა) ● ნაკლებიც (B-1 ვიტამინის უკმარისობა) და ჭარბიც (ლითიუმით ინტოქსიკაცია) ● დაწყებისაც (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები) და აღკვეთისაც (ანტიდეპრესანტები) ● მოგზაურობის თანამგზავრიც (მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა) და მოგზაურობის შემდგომიც (ხმელეთზე დაბრუნების სინდრომი) ● წამიერიც (კარიბჭის პაროქსიზმია) და უსასრულოც (მდებარეობა-აღქმის გამუდმებული თავბრუ, PPPD)...
თავბრუსა და თავბრუხვევის გამომწვევ მთავარ სამეულზე (კპპთ, კარიბჭის შაკიკი, PPPD) საუბრის შემდეგ ბატონ გიორგის ვთხოვეთ, მკითხველისთვის საინტერესოდ მოეთხრო ამ სიმპტომებით გამოხატულ კიდევ რამდენიმე გავრცელებულ ავადმყოფობაზე. ვფიქრობ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მკითხველი მიხვდება, რატომ შეიძლება გართულდეს დიაგნოზის დასმა და რა საჭიროა სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარი მკურნალობა.
მოძრაობის აუტანლობა
მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა (motion sickness) სიცოცხლეში ერთხელ მაინც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოსცადოს და “ნამდვილ” ავადმყოფობად არც კი განიხილება. იგი ვითარდება ხმელეთზეც, ზღვაზეც, ჰაერშიც, კოსმოსშიც (space sickness). ამდენად, ისტორიული “ზღვის ავადმყოფობა” (sea sickness) მისი პირველი აღმწერის – ჰიპოკრატესადმი მოწიწებას გვავალდებულებს მხოლოდ. მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობის მიზეზი სატრანსპორტო საშუალებით გადადგილებისას ანუ პასიური თვითმოძრაობისას აღმოცენებული მგრძნობელობის სამი სისტემის (მხედველობა, საკუთარი სხეულის შეგრძნება, კარიბჭე) ერთმანეთთან “წაკინკლავება” ანუ ინტერსენსორული შეუთავსებლობა უნდა იყოს. საინტერესოა, რომ იგი მაშინაც კი ვითარდება, როდესაც ადამიანი საერთოდ არ გადაადგილდება, მაგრამ მასზე ზემოქმედებას ახდენს დაბალი სიხშირის (0,4 ჰერცი) მოძრავი მხედველობითი გარემო. ამ მდგომარეობას პასიური თვითმოძრაობის ილუზია ეწოდება და ვითარდება სამგანზომილებიანი ფილმის ყურების, ჩახერგილი მანქანების ცქერისა თუ ესკალატორის უეცარი გაჩერების დროს. პასიური თვითმოძრაობის ილუზიის არასახარბიელო შედეგები განსაკუთრებით აშკარა გახდა გამოთვლითი ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ. კომპიუტერული ვიდეოთამაშით ხანგრძლივი გართობის შემდეგ ბავშვებს მეტ-ნაკლები სიმწვავით უვითარდებათ კარიბჭის უკმარისობის მოვლენები. თამაშის ან პროფესიული წვრთნის (საფრენოსნო ტრენაჟორი) შედეგად განვითარებულ კარიბჭულ მოვლენებს კიდევ უფრო ამწვავებს წარმოსახვითი სინამდვილის თავსაცმების (HMDS) გამოყენება. თანამედროვე მედიცინაში ყურს უკვე აღარ ჭრის ტერმინი “კომპიუტერული ტრავმატიზმი” და ის ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ სტრესს ან თაგუნას მოხმარების შედეგად განვითარებულ მაჯის გვირაბის სინდრომს არ გულისხმობს მხოლოდ; ვიდეოსეანსის შემდეგ განვითარებული კარიბჭის გაუმართაობა და დაცემა ზოგჯერ ძვლის მოტეხილობასაც კი იწვევს.
მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობის კლასიკური სიმპტომები შემპარავად დაწყებული თავბრუ (და არა თავბრუხვევა), ცივი ოფლი, გულზიდება-ღებინება, მთქნარება და დაქანცულობაა. მოძრაობის აუტანლობა და, შესაბამისად, მოძრაობისადმი მგრძნობიარობა მეტად ინდივიდუალურია. ის ყველაზე დაბალი აქვთ აკრობატებს, ტანმოვარჯიშეებს, მოცეკვავეებს, აგრეთვე – ორმხრივი ვესტიბულოპათიით დაავადებულებს; მაღალი – ბავშვებს (პიკს 9-10 წლის ასაკში აღწევს), ქალებსა და შაკიკის ან მენიერის ავადმყოფობის მქონე ადამიანებს. მას ზრდის გამოუძინებლობაც.
ტრადიციულად, მათ, ვინც წარსულში მოძრაობის ავადმყოფურ აუტანლობას უჩიოდა, კარიბჭის “ნამდვილი” ავადმყოფობა უფრო ცუდად გადააქვთ. მოძრაობის აუტანლობა კარიბჭის გაუმართაობით მიმდინარე სხვა ავადმყოფობების (მაგალითად, შაკიკის) წინმსწრებ მდგომარეობადაც კი გვევლინება. როდესაც მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა მეტისმეტად შემაწუხებელია, მგზავრობის წინ რეკომენდებულია დიმენჰიდრინატის (დრამინა, მილსენა) ან დიმენჰიდრინატისა და ცინარიზინის შემცველი პრეპარატის (არლევერტი) მიღება. ამ პრეპარატებს კარიბჭის დამთრგუნველ საშუალებებს უწოდებენ და მოკლე ხნით მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი წარმომავლობის თავბრუხვევა-თავბრუს შემთხვევაში. მაგრამ, როგორც ქვემოთ იხილავთ, თანამედროვე მედიცინა პრევენციული და ეტიოპათოგენეზური მკურნალობის სრულიად განსხვავებულ საშუალებებს გვთავაზობს სხვადასხვა ავადმყოფობის დროს.
უკან, ხმელეთზე
როგორც ლიტერატურა გვამცნობს, 25 საუკუნის წინ მოღვაწე ჰიპოკრატეს მახვილ გონებას “საჭირბოროტო ცურვასთან” ერთად არც “ნაპირზე გადასვლის უხერხულობა” გამოპარვია მხედველობიდან. მეზღვაურთა და ზღვაზე მოგზაურთა “ხმელეთის აუტანლობაც” (land sickness), რომელსაც ხმელეთზე დაბრუნების სინდრომად (Mal de debarquement, Disembarkment syndrome) მოვიხსენიებთ, ნებისმიერი სახის ტრანსპორტს შეიძლება დაუკავშირდეს, მაგრამ, მოძრაობის აუტანლობისგან განსხვავებით, იგი მხოლოდ მიწაზე ფეხის დადგმის შემდეგ იწყება.
“ხმელეთის აუტანლობა”, როგორც წესი, 1-2 დღე გრძელდება, თუმცა იშვიათად ისეც ხდება, რომ კარიბჭის ეს გაუმართაობა ჭიანურდება და მეტად შემაწუხებელი ავადმყოფობის სახეს იძენს. ასეთ შემთხვევებში ნაჩვენებია კარიბჭის ვარჯიში, შემეცნებით-ქცევითი მკურნალობა და შფოთვის სამკურნალო საშუალებები.
ენდოლიმფური წყალმანკი - მენიერის ავადმყოფობა
გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1861 წელს, პარიზის სამედიცინო აკადემიის სხდომაზე ექიმმა პროსპერ მენიერმა კაცობრიობას ამცნო ახალი ავადმყოფობის აღმოჩენა. დღეს “მენიერი” ლამის თავბრუხვევის სინონიმად არის ქცეული და ჩვენი საზოგადოებაც ხშირად ამ “გაუგებრობის” ცრუ მკურნალობითაა დაკავებული. “ნამდვილ” მენიერს ახასიათებს შეტევები თავბრუხვევით, ყურში მოწოლის შეგრძნებით, სმენის გარდამავალი დაქვეითებითა და ყურებში ხმაურით (მენიერის ტეტრადა). თითოეული ეპიზოდი 20 წუთიდან 12 საათამდე გრძელდება და უმეტესად თავისთავად აღმოცენდება. თავბრუ და არამდგრადობა ამ დროს შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც იყოს. სიმპტომებს ზოგჯერ აძლიერებს ფონური ხმაური (ტულიოს ფენომენი). ავადმყოფობას ახასითებს დაცემის შეტევებიც (ტუმარკინის ოტოლითური კრიზი). ცალკეულ შემთხვევებში ან საწყის სტადიაზე ლოკოკინას სიმპტომები (წუილი, შუილი, “ზარების რეკვა”, პულსაცია, ყურზე მოწოლა, ყურის სისავსის ან დაცობის შეგრძნება) შესაძლოა საერთოდ არ აღმოცენდეს. მემკვიდრული განწყობა შემთხვევათა 8-9%-ში გვხვდება. დღეს მენიერის ავადმყოფობის ძირითადი პათოგენეზური საფუძვლის, ენდოლიმფური წყალმანკის, აღმოჩენა უკვე შესაძლებელია 3-ტესლიანი მრგ-ით. რეკომენდებულია სუფრის მარილის, კოფეინის, ალკოჰოლის შეზღუდვა. მკურნალობენ შარდმდენებითა და ბეტაჰისტინით. შეუპოვარ შემთხვევებში იყენებენ სტეროიდებს, დაფის აპკის გავლით შეჰყავთ გენტამიცინი. მძიმე მიმდინარეობისას მიმართავენ ენდოლიმფური პარკის დეკომპრესიას (შუნტირებით ან მის გარეშე), ლაბირინთის ამოკვეთას ან სხვა ქირურგიულ პროცედურებს.
ნერვული ფაქტორი
კარიბჭის მწვავე ცალმხრივი პერიფერიული დაზიანება ძირითადად ლაბირინთის ტრავმას, ინფექციას ან იშემიას გულისხმობს. ის შესაძლოა განვითარდეს როგორც სმენის შენარჩუნებით (კარიბჭის ნევრიტი), ისე ცალმხრივი სიყრუითაც (ლაბირინთიტი, ლაბირინთის ინფარქტი). დღესდღეობით მიაჩნიათ, რომ ნევრიტის დროს ყოველთვის არ არის საჭირო ანტივირუსული და ჰორმონული მკურნალობა, მაშინ როდესაც ბაქტერიული ლაბირინთიტის დროს, პირიქით, აუცილებელია ანტიბიოტიკები. რაც შეეხება ლაბირინთის იზოლირებულ ინფარქტს, იგი მეტად ვერაგი ავადმყოფობაა და შესაძლოა, მისი არსებობა მრგ-მაც კი ვერ დაადასტუროს.
კარიბჭის მწვავე ცენტრული დაზიანების სინდრომის განხილვისას ექიმს მუდამ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა (ინსულტი) უტრიალებს გონებაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცენტრული წარმოშობის თავბრუ-თავბრუხვევა და არამდგრადობა შესაძლოა ენცეფალიტმა ან გაფანტულმა სკლეროზმაც გამოიწვიოს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ვერნიკეს სინდრომი ანუ ვიტამინ B1-ის მწვავე უკმარისობა. ვერნიკეს კლასიკური ტრიადა გულისხმობს გაორებას ან თვალების მოძრაობის სხვა დარღვევას, ცნობიერების აბნევას და ქანაობას სიარულის დროს (ატაქსია). ძველად ამ მდგომარეობას უმეტესად ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას მიაწერდნენ. დღესდღეობით B1-ის დეფიციტის გამომწვევ მდგომარეობებად განიხილავენ ცელიაკიას, კრონის ავადმყოფობას, არასრულფასოვან კვებას, ორსულთა შეუპოვარ ღებინებას, “ნერვოზულ ანორექსიას” და კუჭ-ნაწლავზე ჩატარებულ ნებისმიერ ოპერაციას ბარიატრიულის ჩათვლით. რაც შეეხება დიაგნოზებს “ვერტებრო-ბაზილური უკმარისობა” და “ხერხემლის არტერიის სინდრომი”, შემთხვევათა უმრავლესობაში ისინი გაყალბებულია და “ასე ნანატრი კოდის” მოსაპოვებლად იწერება მხოლოდ.
კარიბჭის პაროქსიზმია სისხლძარღვის ზეწოლის გამო კარიბჭე-ლოკოკინას ნერვის მიელინის გარსის დაზიანებით გამოწვეული მდგომარეობაა. ახასიათებს ბრუნვადი ან არაბრუნვადი თავბრუხვევის სტერეოტიპული, ხანმოკლე (წამებიდან 1 წუთამდე) და ხშირი (დღეში 10-დან 30-მდე) შეტევები. დამატებითი სიმპტომებიდან აღსანიშნავია არამდგრადობა, ყურების შუილი ან სმენის სხვაგვარი შეცვლა დაზიანების მხარეს. იშვიათად ასეთი მდგომარეობა შესაძლოა 5 წუთამდეც კი გაგრძელდეს.
შეტევები უმეტესად თავისთავად აღმოცენდება. ზოგჯერ შეტევის წამქეზებლად გვევლინება ზოგადი ვარჯიში ან თავის მკვეთრი მოტრიალება ფეხზე დგომისას. შედარებით იშვიათი წამომწყებია სუნთქვის გახშირება. კარიბჭე-ლოკოკინას ნერვზე სისხლძარღვის ზეწოლის ანუ ნეიროვასკულური კონფლიქტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მრგ-ის მეშვეობით. მკურნალობენ კარბამაზეპინით ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებით (ფენიტოინი, ვალპროს მჟავა, ლამოტრიგინი). თავის ტვინის ღეროს ინსულტით გართულების საფრთხის გამო ქირურგიულ დეკომპრესიას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ.
მესამე ფანჯარა
ზემო არხის ნაპრალი მესამე ფანჯრის სინდრომში (ოვალური და მრგვალი ფანჯრები ფიზიოლოგიური წარმონაქმნებია) შემავალი ავადმყოფობაა. ის 1998 წელს აღწერა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა ლოიდ მინორმა, მაგრამ საერთაშორისოდ აღიარებული სადიაგნოზო პირობები მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა ოფიციალურად. არხის ნაპრალს ახასიათებს თავბრუხვევა-თავბრუს, სმენის გაძლიერების (ჰიპერაკუზია), ყურის სისავსისა და მფეთქავი შუილის უეცარი შეტევები. თითოეული შეტევა ძლიერი ხმაურის, დაცემინების, დახველების, გაჭინთვის, სიცილის ან გაზმორების შემდეგ იწყება და წამებიდან წუთებამდე გრძელდება. ამ დროს პაციენტს შესაძლოა საკუთარი გულისცემა, ქუთუთოების ან თვალების მოძრაობა და ნაბიჯების ხმაც კი ესმოდეს (აუტოფონია). მძიმე მიმდინარეობისას ვითარდება ქრონიკული არამდგრადობა, დაცემისკენ მიდრეკილება და გულისცემასთან სინქრონული ოსცილოფსია. ეს უკანასკნელი გარემომცველი საგნების რხევითი მოძრაობის ილუზიაა (გამოსახულების “მოწესრიგებული” ხტუნვა აქეთ-იქით, ქანაობა) და კარიბჭე-თვალის რეფლექსის დარღვევის გამოვლინებას წარმოადგენს. მას თან ახლავს მხედველობის გაბუნდოვნება. მაგალითად, პაციენტები აღნიშნავენ, რომ სიარულის ან უსწორმასწორო გზაზე გადაადგილების დროს ყველაფერი ირწევა და ხშირად უხდებათ გაჩერება, რათა სწორად აღიქვან საგზაო ნიშნები. ინსტრუმენტული გამოკვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს საფეთქლის ძვლის კომპიუტერული ტომოგრაფია, ხოლო მრგ-ით მიღებული მონაცემები არასანდოდ მიიჩნევა. რეკომენდებულია ხმაურისგან თავდაცვა და თანაავადობის მკურნალობა. მძიმე შემთხვევებში მიმართავენ “ფანჯრის გაუქმების” ანუ არხის “დალუქვის” ქირურგიულ ოპერაციას.
მრავალსენსორული უკმარისობა
მოსახლეობის გლობალურმა დაბერებამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კაცობრიობა. დღეს ყველა საუბრობს ასაკთან დაკავშირებულ მხედველობის დაქვეითებაზე (პრესბიოპია, კატარაქტა, მხედველობის ხალის გადაგვარება) და სმენაჩლუნგობაზე (პრესბიკუზისი), მაგრამ იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ხანდაზმულთა ჩვეულ ჩივილს: “თავბრუ მესხმის” ან “თავბრუხვევა მაქვს”. ამ ადამიანებს ხომ ლამის მისჯილი აქვთ “სისხლძარღვების გამაფართოებელი” პრეპარატებისა და ათასგვარი “მკვებავების” სიცოცხლის ბოლომდე მიღება და, დასასრულ, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა... სინამდვილეში მათ თავბრუხვევა არ აქვთ, მაგრამ აქვთ თავბრუ და საკმაოდ ხშირადაც. რას ცვლის ყოველივე ეს?
პრესბივესტიბულოპათია 60 წლის შემდეგ ვითარდება (“პრესბი” ბერძნულად ხანდაზმულს ნიშნავს) და სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია კარიბჭის გაუმართაობის, ჩამოთვლილთაგან სულ მცირე, ორი გამოვლინება: პოზიციური არამდგრადობა, სიარულის დარღვევა, ქრონიკული თავბრუ, განმეორებადი დაცემა, – და თანდათანობითი განვითარების გამო არ ახასიათებს თავბრუხვევა.
პრესბივესტიბულოპათიის ყველაზე შედეგის მომცემი მკურნალობა კარიბჭის სისტემატური ვარჯიშია (იხ. ზემოთ). როდესაც პრესბივესტიბულოპათიას ემატება პრესბიოპია, პრესბიკუზისი და პერიფერიული ნეიროპათია, ყალიბდება მრავალსენსორული უკმარისობა, რომელიც კლინიკური გამოვლინებითაც და პროგნოზითაც ბევრად უფრო დრამატულია, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე მათგანი. ამ დროს პაციენტები გაუბედავად გადაადგილდებიან და სიარულის დროს უნებურად ეხებიან კედელს, მაგიდის კიდეს, ზოგჯერ კი ცდილობენ, თანამგზავრს ხელკავი გამოსდონ. ეს ყველაფერი მათ საყრდენად კი არა, არამედ “სივრცითი კოორდინატების დასაზუსტებლად” და “ინფორმაციული სინაკლულის შესავსებად” სჭირდებათ. მრავალსენსორული უკმარისობის დასაძლევად აუცილებელია სამედიცინო გუნდის მრავალმხრივი ყურადღება და მრავალფეროვანი სოციალური თუ სამედიცინო მართვა.
ცხოვრება თავბრუსა და თავბრუხვევასთან ერთად
კარიბჭის ფიზიოლოგიურ არასრულფასოვნებასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებული მდგომარეობები ადამიანის ცხოვრებაზე მრავალმხრივ გავლენას ახდენს. ადამიანი ამ დროს ჯეროვნად ვერც სახლში ფუსფუსს ახერხებს და ვერც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას. დიდ ძალისხმევას მოითხოვს საყიდლებზე, თეატრში, სტუმრად სიარული... ვინაიდან თავბრუსა და თავბრუხვევის სიმპტომები “უხილავია”, ადამიანის წუხილი გარშემო მყოფებმა შესაძლოა სერიოზულად არც კი აღიქვან.
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ზოგიერთ სიტუაციაში სირთულეებისთვის თავის გართმევას გაგიადვილებთ.
მოგზაურობის სტრატეგია
მოგზაურობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია კარიბჭის გაუმართაობის ტიპი, ტრანსპორტის სახეობა (მატარებელი, გემი, თვითმფრინავი, ავტომობილი), დანიშნულების ადგილას არსებული პირობები და იქ დაგეგმილი აქტივობები.
სიმაღლის ან წნევის სწრაფი ცვლილებისას, მაგალითად, თვითმფრინავის ჰაერში ასვლისას და დაშვებისას, მანქანით ან მატარებლით უღელტეხილის გადალახვისას, სწრაფი ლიფტით გადაადგილებისას, ყვინთვისას, მოსალოდნელია ყურის ან მთელი თავის ტკივილი და სმენისა და წონასწორობის პრობლემები.
წნევის ცვლილება განსაკუთრებით მოქმედებს მათზე, ვისაც პერილიმფური ფისტულა, ენდოლიმფური წყალმანკი, გაგანივრებული კარიბჭის წყალსადენი (“მესამე ფანჯრის სინდრომი”) ან მენიერის ავადმყოფობა აქვს.
თუ წნევის ცვლილებისადმი მგრძნობიარე ბრძანდებით:
* თვითმფრინავის აფრენისა და დაჯდომის წინ გამოიყენეთ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს შუა და გარეთა ყურში ჰაერის წნევის გათანაბრებას.
* თუ ფრენისას ყურები დაგიგუბდათ, სცადეთ ევსტაქის მილის გახსნა მთქნარებით, ყლაპვით, საღეჭი რეზინის ღეჭვით. განსაკუთრებით ხშირად ამთქნარეთ ან ბოთლიდან ყლუპ-ყლუპად სვით წყალი თვითმფრინავის დაშვებისას.
* სასტუმროში შეარჩიეთ ნომერი დაბალ სართულზე, რომ სწრაფი ლიფტით სარგებლობა არ მოგიწიოთ.
ტრანსპორტით მგზავრობისას ადამიანი თავად არ მოძრაობს, მაგრამ ხანგრძლივი თვითმოძრაობის ილუზიის ტყვეობაში ხვდება. კარიბჭის არასრულფასოვნების დროს ადამიანს უჭირს ამ მოძრაობებთან ან მათ შეწყვეტასთან შეგუება, ამიტომ:
* თუ მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობა გელით, შუალედურ სადგურებზე ჩამოქვეითდით და რამდენიმე წუთით ბაქანზე გაიარ-გამოიარეთ. ასევე მოიქეცით მანქანით ხანგრძლივი მგზავრობისას – ხშირად გაჩერდით, გადმოდით მანქანიდან და რამდენიმე წუთი იარეთ ფეხით. ორსართულიანი მატარებლით ან ავტობუსით მგზავრობისას აირჩიეთ პირველი სართული.
* საძილე ვაგონით მგზავრობისას მოთავსდით ქვედა საწოლზე, გემით მგზავრობისას ეცადეთ, დროის უდიდესი ნაწილი გემბანზე გაატაროთ და ჰორიზონტს უყუროთ. მოერიდეთ გემის კიდესთან ტალღების ცქერას. თუ მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა გაქვთ, აირჩიეთ ცენტრში მდებარე კაიუტა.
* მატარებლით ან ავტომობილით მგზავრობისას ერიდეთ კითხვას, კომპიუტერით სარგებლობას. დაჯექით წინა სავარძელზე მოძრაობის მიმართულებით და დაჟინებით იყურეთ პირდაპირ.
* თუ ხმელეთზე დაბრუნების სინდრომი გაქვთ, გემით, მანქანით ან მატარებლით მგზავრობის დასრულების შემდეგ აუცილებლად გაიარეთ გარკვეული მანძილი ფეხით, თან ჰორიზონტს უყურეთ.
კარიბჭის გაუმართაობის მქონე ადამიანებში შესაძლოა დისკომფორტი და დეზორიენტაცია გამოიწვიოს მკვეთრმა, მბჟუტავმა ან მოციმციმე სინათლემ, ხოლო უცნობ ადგილებში მოგზაურობით გამოწვეულმა დაღლილობამ გაამძაფროს ეს რეაქცია. თუ სინათლისა და ხმაურისადმი მგრძნობიარე ხართ:
* მოგზაურობისას წაიყოლეთ ნივთები, რომლებიც არასასიამოვნო სინათლისა და ხმისთვის თავის არიდებაში დაგეხმარებათ – მზის სათვალე, ქუდი, ფარანი, ყურის საცობები, ყურსასმენები;
* აეროპორტისა და სადგურის გრძელ რიგში დგომისას დაეყრდენით ხელჯოხს ან ჩემოდნის ამოწეულ სახელურს.
მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა
მოძრაობის ავადმყოფურმა აუტანლობამ შესაძლოა თვითმფრინავით, გემით, ავტომობილით მგზავრობისას ან სულაც ატრაქციონზე გართობისას შეგახსენოთ თავი. ასეთ დროს გულზიდება და ღებინება დაახლოებით ათიდან ერთ ადამიანს აწუხებს და უმეტესად მრავალღერძული მოძრაობისას და მოძრაობის აჩქარებისას ვითარდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვალები ერთს ხედავს, ხოლო სხეული მეორეს გრძნობს. მოძრაობის ავადმყოფურ აუტანლობას უმეტესად უჩივიან ბავშვები და ქალები (განსაკუთრებით – ორსულები). მოძრაობის, ცრუ მოძრაობისა და ცრუ მოძრაობის ილუზიის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ შევთანხმდით, რომ ამ დროს მხედველობისა და კარიბჭის სისტემები ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციას აწვდიან თავის ტვინს (თვალები ამოიცნობს მოძრაობას, ხოლო კარიბჭის სისტემა “დუმს”).
ვინაიდან აუტანლობის მთავარი მიზეზი მხედველობით მიღებულ და კარიბჭით მიწოდებულ ინფორმაციებს შორის კონფლიქტია, სიმპტომების მართვის საუკეთესო საშუალებაა მათი დაბალანსება:
* მგზავრობისას მოთავსდით ისე, რომ თვალებმა დაინახოს იგივე მოძრაობა, რასაც სხეული და შიგნითა ყური გრძნობს. მაგალითად, დაჯექით მანქანის წინა სავარძელზე და იყურეთ შორს, გადით გემბანზე და უყურეთ ჰორიზონტს, თვითმფრინავში დაჯექით ფანჯარასთან და გარეთ იყურეთ. შეძლებისდაგვარად, შეარჩიეთ ადგილი ფრთების ზემოთ, სადაც მოძრაობა ყველაზე მცირეა.
* არ იკითხოთ.
* მოერიდეთ სხვა მგზავრების ყურებას და მათთან საუბარს.
* მოერიდეთ მკვეთრ სუნებს. ნუ მიირთმევთ ცხარე და ცხიმიან საკვებს მგზავრობამდე და მგზავრობის დროს.
* მიიღეთ მსუბუქი და ადვილად მოსანელებელი საკვები.
მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობის დროს გულზიდვა-ღებინებისა და სხვა არასასურველი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ექიმის რჩევით შეგიძლიათ მიიღოთ საკმაოდ ეფექტური მედიკამენტები. ზოგჯერ საკმარისია, მგზავრობამდე მიიღოთ თქვენივე მომაზადებული ჯანჯაფილის (იგივე კოჭა, ჯინჯერი, მიწავაშლა, იმბირი) ნაყენი. აფთიაქშიც შეიძლიათ მოიკითხოთ ჯანჯაფილის შემცველი პრეპარატები.
უეცარი თავბრუხვევა
მოულოდნელი თავბრუხვევა, თანმხლები გულზიდება, წონასწორობის დაკარგვა აშინებს ადამიანს. საბედნიეროდ, თავბრუხვევა უმეტესად არ არის გამოწვეული სერიოზული სამედიცინო მდგომარეობით.
მოიქეცით ასე:
* მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ ეს თავბრუხვევის პირველი შემთხვევაა, გულზიდება და ღებინება დამძიმდა, გიჭირთ ლაპარაკი ან ყლაპვა, გაგიორდათ მხედველობა ან ვეღარ ხედავთ, დაგერღვათ ხელების, თითების, ფეხების კოორდინაცია, დაგისუსტდათ ან დაგეკარგათ მგრძნობელობა ერთ ან მეტ კიდურში, დაგეწყოთ თავის ძლიერი ტკივილი, რომელიც თქვენთვის უჩვეულოა. თუ მომდევნო შეტევა წინას ჰგავს, შეასრულეთ წინა შეტევის დროს ექიმისგან მიღებული რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში მასვე დაუკავშირდით.
. მოთავსდით უსაფრთხო სივრცეში. თავბრუხვევის ეპიზოდებმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობისა და წონასწორობის პრობლემები და დეზორიენტაციის შეგრძნება, ამიტომ უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. მოშორდით გზას, ადგილს, სადაც სიარულისას ან წაქცევისას შესაძლოა რამეს დაეჯახოთ და დაშავდეთ. იარეთ ნელა, კედლის ან მოაჯირის გასწვრივ, თავი პირდაპირ გეჭიროთ, მხედველობის ფოკუსირება მოახდინეთ თქვენ წინ მდებარე წერტილზე. როდესაც უსაფრთხო ადგილას აღმოჩნდებით, დაჯექით ან დაწექით. წოლისას თავქვეშ რამე ამოიდეთ, რომ თავი წამოწეული გქონდეთ. თუ შინ ხართ, დაწექით წყნარ, ჩაბნელებულ ოთახში. საჭიროებისამებრ, გაიკეთეთ ყურსასმენები, დახუჭეთ თვალები.
* თუ თავბრუხვევის შეტევის მოახლოება იგრძენით, მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული წამლები, რომლებიც თავბრუხვევის მართვაში დაგეხმარებათ. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ისინი მხოლოდ მოკლევადიანი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.
* გულზიდების შესამცირებლად შეიძლება ჯანჯაფილისა და პიტნის ნაყენის ან კაფსულების მიღება, სხეულის განსაზღვრულ წერტილებზე ეთერზეთის შეზელა, ალკოჰოლით გაჟღენთილი ხელსახოცის დაყნოსვა, აკუპრესურის ჩატარება, ბევრი წყლის დალევა.
* გამოიყენეთ რელაქსაციის ტექნიკა – ის ამცირებს შფოთვასა და თავბრუხვევას. ისუნთქეთ ნელა და ღრმად, ისწავლეთ მედიტაცია. ამისთვის არსებობს ონლაინრესურსებიც და სმარტფონების სპეციალური პროგრამებიც. თუ მათ არ ენდობით, დაიხმარეთ ფსიქოლოგი.
* შეძლებისდაგვარად ერიდეთ გამომწვევებს – შეამცირეთ ალკოჰოლის, კოფეინის, თამბაქოს, მარილის, შაქრის მოხმარება; დაისტაბილურეთ სისხლში გლუკოზის დონე; ჭამეთ ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. თავი არიდეთ შემაწუხებელ, დამძაბველ, დამთრგუნველ სიტუაციებს. სიმპტომების გაქრობამდე ერიდეთ მოძრაობებს, რომლებიც თავბრუხვევას აძლიერებს.
* შეიმუშავეთ გეგმა – თუ მწვავე თავბრუხვევის განმეორებით ეპიზოდებს უჩივით, თავის დაცვის საუკეთესო გზა თავბრუხვევისთვის მომზადება იქნება. სამუშაო ადგილზე, სეირნობისას, მგზავრობისას, დასვენებისას მუდამ თან იქონიეთ თქვენი მედიკამენტები და დამხმარე საშუალებები (გულისრევის საწინააღმდეგო აბები, თავბრუხვევის შემამსუბუქებელი საშუალებები). ნუ დამალავთ თქვენს მდგომარეობას, აცნობეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და თანამშრომლებს, რომ პერიოდულად თავბრუხვევის შეტევები გაქვთ და მიეცით საშუალება, დაგეხმარონ.
ფეხსაცმლის სწორად შერჩევა
65 წელს გადაცილებული ყოველი მესამე ადამიანი წელიწადში ერთხელ ეცემა. ამაში დიდი წვლილი ფეხსაცმელსაც მიუძღვის, რადგან სომატოსენსორული უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია წონასწორობის დასაცავად და ფეხის აცურების თავიდან ასაცილებლად.
ხანდაზმულები უმეტესად ჩუსტებს ამჯობინებენ, რადგან ისინი კომფორტულია, განსაკუთრებით – დეფორმირებული ფეხებისთვის. ეს იმდენად ბუნებრივი ჩანს, ალბათ არც კი დაიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ ჩუსტებით ან წინდებით სიარულისას 11%-ით მაღალია დაცემის რისკი. შინაც კი ფეხსაცმლით სიარულია რეკომენდებული – ეს ზრდის სტაბილურობას და ამცირებს ფეხის აცურების რისკს. თუ მაინცდამინც ჩუსტები გირჩევნიათ, შეარჩიეთ კარგად მორგებული, დახურული და ისეთი ლანჩით, რომ არ სრიალებდეს.
ფეხების ტკივილის გამო ბევრს გრძელი ან ფართო ფეხსაცმელი აცვია, რაც ასევე ზრდის დაცემის ალბათობას. ამიტომაა საჭირო, ფეხსაცმელი კარგად მორგებული იყოს და ჰქონდეს დაბალი (მაქსიმუმ, 2.7-სანტიმეტრიანი) ქუსლი. სქელ- და რბილძირიანი ფეხსაცმლის ტარებისას წონასწორობის შესანარჩუნებლად უფრო მეტი კუნთოვანი აქტივობაა საჭირო, ამიტომ უმჯობესია, ხანდაზმულებს თხელ- და მყარძირიანი ფეხსაცმელი ეცვათ.
ფეხსაცმლის ყელის სიმაღლეს ასაკოვანი ადამიანებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს – მაღალყელიანი ფეხსაცმელი კოჭის სტაბილურობას განაპირობებს, რაც სპორტის მიმდევარი ახალგაზრდებისთვის უფრო მნიშვნელოვანია.
ზოგიერთი ხანდაზმული წაქცევას იმას აბრალებს, რომ ფეხები მიწაზე “ებმის”, ვერ მიასრიალებს. თუ წონასწორობის პრობლემის მქონე ადამიანი სიარულისას ფეხს მიწას არ აშორებს, უმჯობესია, გლუვძირიანი ფეხსაცმელი ატაროს, მაგრამ ისეთი, რომელსაც მოცურების საწინააღმდეგო თვისება აქვს.
კიდეებაწეული ღაბაშები აუმჯობესებს პროპრიოცეფციას და ამცირებს დაცემის რისკს.
სახლის უსაფრთხოება
ქვემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინებით შეამცირებთ სახლში დაცემის, ხოლო დაცემის შემთხვევაში – დაშავების საფრთხეს.
საქმის გასაადვილებლად შეგვიძლია სახლი წარმოსახვით სამ ზონად დავყოთ:
. პირველი იქნება ზონა, რომელიც თვალების სიმაღლეზე მდებარეობს. კარგი ხედვისთვის საჭიროა კარგი განათება და თავის მოძრაობების მინიმუმამდე დაყვანა.
. მეორე იქნება ზონა, რომელიც ხელებისა და დასაჯდომ სიმაღლეზეა. ადამიანს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს რამეზე ჩაჭიდება ან ჩამოჯდომა.
. მესამე იქნება იატაკის დონეზე მდებარე ზონა. ზედაპირები უნდა იყოს მყარი, თანაბარი, დაბრკოლებებისა და სიმაღლის მოულოდნელი ცვლილების გარეშე.
იმისთვის, რომ ეს სამი ზონა შეისწავლოთ და თქვენს საჭიროებებს მოარგოთ, სასურველია, სულ მცირე, სამჯერ შემოიაროთ სახლი და თითო შემოვლაზე თითო ზონას დაუთმოთ ყურადღება.
. ზონა პირველი – დღისითაც და ღამითაც ყველაფერს კარგად ხედავთ? დაინახავთ თუ არა, უეცრად დენი რომ გაითიშოს? ყველაფერი იმ სიმაღლეზეა, რომ კიბის ან სკამის მიდგმა არ გჭირდებათ?
. ზონა მეორე – იარეთ და ყოველ ორ მეტრზე შეჩერდით, დაფიქრდით, მოახერხებთ თუ არა რამეზე ჩამოყრდნობას ან ჩამოჯდომას, თუ უეცრად თავბრუ დაგეხვათ.
. ზონა მესამე – დააკვირდით, არის თუ არა თქვენ მიერ გასავლელ გზაზე ნოხები, ხალიჩები, საფეხურები, სრიალა ფილები... სასურველია, ხალიჩა ფარავდეს მთელ იატაკს კედლიდან კედლამდე და დაბალი ხაო ჰქონდეს.
შეამოწმეთ, ახერხებთ თუ არა კარის საკეტის გაღებას ცალი ხელით.
დილით ადგომა განსაკუთრებით რთული და საშიშია. წამოდგომამდე რამდენიმე წამით საწოლის კიდეზე ჩამოჯექით. ნაბიჯის გადადგმამდე დარწმუნდით, რომ ოთახში საკმარისი სინათლეა და ყველაფერს კარგად ხედავთ. საწოლთან ახლოს გქონდეთ ხელჯოხი ან ჭოჭინა. თუ ორსართულიან სახლში ცხოვრობთ, შეგიძლიათ, ერთი ჯოხი ერთ სართულზე დატოვოთ კიბესთან, მეორე – მეორეზე.
დაცემის თავიდან ასაცილებლად
ატარეთ კარგად მორგებული ფეხსაცმელი ხაოიანი ძირით, ისეთი ტანსაცმელი, რომ არც არაფერს წამოედოს და არც შეგბოჭოთ, რეგულარულად ივარჯიშეთ, რათა ძალა და მოქნილობა შეინარჩუნოთ, შეიმოწმეთ მხედველობა, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ, აკონტროლეთ არტერიული წნევა, ყურადღება მიაქციეთ წამლების თანამოვლენებს და მათ ურთიერთქმედებას; პრეპარატის მიღებამდე გაარკვიეთ, ხომ არ იწვევს იგი თავბრუს; ერიდეთ ალკოჰოლს; სახლში დაამონტაჟეთ მოაჯირები, სახელურები, პანდუსები; საშხაპეში მოიწყვეთ დასაჯდომი. ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა