ტუჩების მაკიაჟი

გააზიარე:

ტუჩები სახის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია, კლასიკური წითელი, ტკბილი ვარდისფერი თუ დახვეწილი ჟოლოსფერი კი მათ მიმზიდველობას მატებს.

გაინტერესებთ, რა ფერის ტუჩსაცხი უფრო მეტად მოუხდება თქვენი კანის ფერს და ტუჩების ფორმას? იცით, როგორ მიანიჭოთ ტუჩებს მოცულობა პატარ-პატარა ხრიკებით?

ვიწყებთ მოვლით

იდეალურ მაკიაჟს ისე არაფერი აფუჭებს, როგორც გამომშრალი და დახეთქილი ტუჩები. ისინი არა მარტო სიცივეში, არამედ ზაფხულის სიცხეშიც შრება და იქერცლება, განსაკუთრებით – გარუჯვისას, ამიტომ ტუჩები ყოველდღე უნდა დაიტენიანოთ, მაკიაჟისთვის კი წინასწარ დამატებით წაისვათ დამანოტივებელი.

გამონახეთ რამდენიმე წუთი, უხვად წაისვით ტუჩებზე ტუჩის ბალზამი და რბილი კბილის ჯაგრისის წრიული მოძრაობით კარგად შეიზილეთ. ტუჩებს მკვდარი უჯრედები მოშორდება, სისხლის მიმოქცევა გააქტიურდება, კანი გლუვი და პრიალა გახდება.

უფრო უკეთესი იქნება, თუ ტუჩის ბალზამს სქლად წაისვამთ ძილის წინ – ის მთელი ღამის განმავლობაში დაატენიანებს ტუჩებს.

ვისვამთ ტუჩსაცხს

იფიქრებთ, ტუჩსაცხის წასმას რა ცოდნა უნდაო, მაგრამ ყველამ არ იცის, როგორ გაიკეთოს მაკიაჟი ისე, რომ ტუჩსაცხი არ გაიდღაბნოს და დიდხანს გაძლოს.

სასურველი ეფექტის მისაღწევად მოიმარაგეთ პრაიმერი, ტუჩის ლაინერი და ტუჩსაცხი.

პრაიმერი

უპირველეს ყოვლისა, წაისვით პრაიმერი – საბაზისო საფარი, რომელიც მსუბუქ დეფექტებს დაფარავს, ტუჩებს გაათანაბრებს და არც ბუნებრივ შესახედაობას დაუკარგავს. მისი წყალობით ტუჩსაცხიც დიდხანს გაძლებს და ტუჩებიც დაზღვეული იქნება გამოშრობისგან – ტუჩის პომადის ინგრედიენტების უმეტესობა ხომ აშრობს კანს.

ტუჩის ლაინერი

პრაიმერის წასმის შემდეგ ტუჩების კონტური უნდა შემოვხაზოთ. ლაინერი გამოკვეთს ტუჩების ხაზს, კარგად აფიქსირებს კიდეებს და ხელს უშლის პომადის კანზე გადასვლას. კონტურით შეგვიძლია ტუჩის ფორმაც კი შევიცვალოთ, თუ არ მოგვწონს.

კარგად წაწვეტებულ ლაინერს უფრო ადვილად წაისვამთ. რომ არ გაიდღაბნოს, უმჯობესია, წასმამდე რამდენიმე წუთით მაცივარში შედოთ. ტუჩებს გარშემო მოკლე შტრიხებით შემოუარეთ და არა ხელაუღებლად. მთავარია, ტუჩის კიდეებს მეტისმეტად არ გასცდეთ. ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის ორჯერ ნაკლები მანძილი უნდა დარჩეს, ვიდრე ქვედა ტუჩსა და ნიკაპს შორის, თორემ სახის პროპორციები არაბუნებრივი გამოჩნდება.

ტუჩსაცხი

ტუჩსაცხს ფუნჯით წაისვამთ თუ სტიკით, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ვიზაჟისტები ამბობენ, რომ ფუნჯით ფერი უკეთ ნაწილდება. პომადის წასმა ტუჩის კუთხეებიდან დაიწყეთ. თანაბრად წაისვით მთელ ტუჩებზე, ბოლოს კი ტუჩები ერთმანეთს შეახეთ, რომ ფერი კარგად ჩაჯდეს და ერთგვაროვანი იერი მიიღოს.

ვარჩევთ ფერს

ტუჩსაცხის ფერის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კანისა და თმის ფერი.

კანის ფერის ამოსაცნობად სახე კარგად გაისუფთავეთ და ჩაიცვით თეთრი ზედატანი – სხვა ფერმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შედეგზე. ისე დადექით სარკესთან, რომ სახეზე კარგად გეცემოდეთ დღის შუქი.

თუ სახეზე მოლურჯო ან მოვარდისფრო ქვეტონი აღმოაჩინეთ, ესე იგი გრილი ფერის სახის კანი გაქვთ, თუ ზეთისხილისფერი ან მოყვითალო – თბილი.

თუ ვერაფერი გაარკვიეთ, დააკვირდით მაჯას დღის შუქზე. თუ ვენებს მოლურჯო-მოიასამნისფრო დაჰკრავს, ესე იგი ცივი ტონი გაქვთ, თუ უფრო მომწვანოა – თბილი.

ზოგჯერ ვენებს ერთდროულად დაჰკრავს ლურჯი და მწვანე ფერი. კანის ეს ტიპი არც გრილია და არც თბილი, ნეიტრალურად ითვლება.

რაც უფრო ბაცია კანი, მით უფრო გრილი ქვეტონები აქვს, რაც უფრო მუქია – თბილი.

გრილი ფერის კანს უხდება მოიისფრო და მოლურჯო ქვეტონების ტუჩსაცხი, მაგალითად, მუქი კენკრისფერი.

თბილი ფერის კანისთვის იდეალურია კლასიკური წითელი და ნარინჯისფერი.

თუ თქვენი კანის ფერი ნეიტრალურია, ესე იგი იმ იღბლიან უმცირესობას მიეკუთვნებით, რომელსაც თითქმის ყველა ფერის პომადა უხდება.

რაც უფრო ბაცი ფერის თმა და კანი და თხელი ტუჩები გაქვთ, მით უფრო ბაცი ფერის ტუჩსაცხს გირჩევთ: ბაც მარჯნისფერს, ვარდისფერს, ატმისფერს.

თუ ბუნებამ მუქი ფერის კანით და თმით და სქელი ტუჩებით დაგასაჩუქრათ, შეგიძლიათ, ნებისმიერი ფერი მოსინჯოთ, თუმცა განსაკუთრებით მოგიხდებათ ღვინისფერი, შოკოლადისფერი, წითელი, ქლიავისფერი...

ჟღალი თმა და წითელი ტუჩები? რატომაც არა, მთავარია, მაკიაჟი ძალიან მსუბუქი იყოს. წითურ თმას უხდება მარჯნისფერი, გარგარისფერი, ვარდისფერი და ატმისფერი, რომელიც თმის ფერს უფრო მეტად გამოკვეთს. ღამის მაკიაჟისთვის შეგიძლიათ ბაცი კენკრის ტონებიც მოსინჯოთ.

იცოდით, რომ ზოგი ფერი კბილებს უფრო თეთრს წარმოაჩენს? მაგალითად, კაშკაშა წითელი ლურჯი ქვეტონებით, რომლებიც მინანქრის სიყვითლეს დააბალანსებს. სპილოსძვლისფერი და მოყვითალო კბილების პატრონებს უჯობთ, ერიდონ მოყვითალო ნიუანსებს, იასამნისფერს, ყავისფერს.

თხელი ტუჩები

თუ ძალიან თხელი ტუჩები გაქვთ, თავი უნდა შეიკავოთ მუქი ფერების გამოყენებისგან – ისინი ტუჩებს უფრო მეტად გაგითხელებთ. თხელ ტუჩებს უხდება ბაცი ტუჩსაცხი მბზინავი ნიუანსებით, მაგალითად, ნათელი წითელი ან ცოცხალი ვარდისფერი, ატმისფერი, მარგალიტისფერი.

ლაინერი ტუჩების ბუნებრივ კონტურს ორი-სამი მილიმეტრით ზრდის, რაც ოპტიკურად მოცულობას მატებს ტუჩებს. ბუნებრივი ეფექტის მისაღებად ის მსუბუქად უნდა წაისვათ და არ გადააჭარბოთ. კონტური ტუჩსაცხზე ერთი ტონით მუქი უნდა იყოს.

ტუჩების გასათხელებლად კი ტუჩსაცხის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, არ ბზინავდეს. უმჯობესია, იყოს გლუვი.

ხრიკები

* ტუჩების ფორმა რომ გაიუმჯობესოთ და მოცულობაც ოდნავ გაზარდოთ, ბუნებრივი კონტური კონსილერით ან ფუძით დატუშეთ და ახალი შემოავლეთ. მთავარია, ბუნებრივ კონტურს მეტისმეტად არ გასცდეთ.

* ლაინერი შეგიძლიათ ტუჩზეც წაისვათ, მაგრამ მხოლოდ კიდეებთან და არა შუა ნაწილში. შუაში ბაცი კონსილერი დაიტანეთ, რათა პომადის წასმის შემდეგ ეს ადგილი უფრო ნათელი გამოჩნდეს, რაც ტუჩებს მოცულობას შემატებს.

* ზედა და ქვედა ტუჩების შუაში წაისვით მბზინავი საცხი – ტუჩები უფრო სავსე გამოჩნდება.

* ტუჩსაცხს ბზინვარებას შესძენს ჰაილაითერიც. ისიც მხოლოდ ტუჩების ღარის გასწვრივ უნდა წაისვათ ორივე ტუჩზე.

* ტუჩსაცხმა დიდხანს რომ გაძლოს, ჯერ ლაინერი წაისვით და მერე საცხი.

* პომადა ადვილად არ მოგცილდებათ, თუ ასე მოიქცევით: მისი წასმის შემდეგ კოსმეტიკურ ხელსახოცს ერთი თხელი ფენა ააცალეთ, ტუჩებზე დაიფინეთ და ზედ პუდრი გადაისვით.

* გამომშრალი ტუჩები უფრო თხელი ჩანს, ვიდრე არის, ამიტომ მათ დატენიანებაზე უნდა იზრუნოთ. ხშირად გაიკეთეთ პილინგი. მისი გაკეთება ბუნებრივი საშუალებებითაც შეიძლება. მაგალითად, ძალიან კარგია ყავისფერი შაქრისა და თაფლის პილინგი: ერთ ჩაის კოვზ შაქარს ამავე რაოდენობის თაფლი დაამატეთ და კარგად აურიეთ. წრიული მოძრაობით წაისვით ტუჩებზე და მსუბუქად დაიზილეთ. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ. ეს სისხლის მოძრაობასაც გააქტიურებს და ტუჩებსაც დაატენიანებს.

* ტუჩებში სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს დარიჩინი და ჯანჯაფილი. წაისვით ტუჩებზე ვაზელინი და ზედ დაფქული დარიჩინი ან ჯანჯაფილი დაიყარეთ. თითებით ოდნავ დაიზილეთ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ. ოღონდ თუ ტუჩზე ჭრილობა გაქვთ, მოერიდეთ.

* ტუჩების დასატენიანებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის ნიღბები ჰიალურონითა და კოლაგენით ან პაჩები – მათ უფრო სწრაფი ეფექტი აქვთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: