ფეხსაწმენდი: როგორ ავარჩიოთ და მოვუაროთ

გააზიარე:

პირველი ის ესალმება სტუმრებს და იმავდროულად ჩვენი სახლის სისუფთავეზეც აგებს პასუხს. ეს ფეხსაწმენდია – ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ პრაქტიკული ნივთი. ის ერთგვარი აქსესუარიც არის, ამიტომ ბევრი მის დიზაინს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ხარისხს.

სულერთია, სახლისთვის ეძებთ ფეხსაწმენდს, ოფისისთვის, მაღაზიისთვის თუ სასტუმროსთვის -შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ...

1. ტიპი

უმჯობესია, ფეხსაწმენდი იმის მიხედვით შერჩიოთ, სად დაიდებს ბინას – შიგნით თუ გარეთ.

ყველაზე ბევრი ჭუჭყი, ტალახი თუ სისველე გარეთა დასაფენზე რჩება, ამიტომ ის განსაკუთრებით გამძლე უნდა იყოს. სამწუხაროდ, ყველა მასალა ასეთი არ არის.

* გარეთა ფეხსაწმენდი უნდა უძლებდეს:

. მუდმივ ხახუნს;

. ყინვას, სიცხეს, წვიმასა და თოვლს;

. ულტრაიისფერ სხივებს – მზე თითქმის ყველაფერს ახუნებს, თუმცა ბუნებრივ ბოჭკოს – უფრო მალე, ვიდრე სინთეზურს და რეზინს;

* კარგად იწოვდეს ტენს;

* არ სრიალებდეს;

* ადვილად ირეცხებოდეს.

შიდა სივრცისთვის ისეთი ფეხსაწმენდი ჯობია, რომელიც სარეცხ მანქანაშიც გაირეცხება. ისიც ნესტის კარგი შემწოვი უნდა იყოს, ხოლო ქვედა მხარე რეზინით ჰქონდეს დაფარული, რომ არ ისრიალოს.

სისუფთავეს უფრო ადვილად შეინარჩუნებთ, თუ ფეხსაწმენდს კართან გარეთაც დააფენთ და შიგნითაც.

2. მასალა

ფეხსაწმენდის ხარისხი ძირითადად მასალაზეა დამოკიდებული, ამიტომ კარგი იქნება, ამა თუ იმ მასალის თვისებებზე შეძენამდე გქონდეთ წარმოდგენა. მაგალითად, ზოგი უკეთ იწოვს ტენს და ადვილად შრება, ზოგი სიმტკიცით გამოირჩევა.

მოდი, გავიგოთ, რისგან ამზადებენ ფეხსაწმენდს ყველაზე ხშირად.

ნეილონი (პოლიამიდი)

ეს ხელოვნური ბოჭკო ფეხსაწმენდისთვის პირველხარისხოვან მასალას წარმოადგენს, რაც ფასზეც აისახება. ის სიმტკიცითა და გამძლეობით გამოირჩევა, საუკეთესოდ ასუფთავებს ფეხსაცმელს და მასზე სიარული სასიამოვნოა. პოლიამიდის ნოხებს უმთავრესად ისეთ ადგილას აგებენ, სადაც ბევრი ხალხია: სავაჭრო ცენტრებში, ტრანსპორტში... ის საკმაოდ მდგრადია ლაქების მიმართ, ძნელად ხუნდება და სწორი მოვლის შემთხვევაში დიდხანს რჩება ახალივით. ნეილონის პლუსია ისიც, რომ მალე შრება. ამ მასალისგან დამზადებული ფეხსაწმენდი, უმჯობესია, მხოლოდ შიდა სივრცისთვის გამოიყენოთ.

პოლიპროპილენი

ძალიან პოპულარულია პოლიპროპილენის ბოჭკოსგან დამზადებული ფეხსაწმენდები. ასეთი საფენი უხეში სტრუქტურის წყალობით ადვილად აშორებს ფეხსაცმელს ჭუჭყს. პოლიპროპილენის ნოხი ძალიან გამძლე და პრაქტიკულია, თანაც ნეილონისაზე იაფი, ამიტომ მისი საუკეთესო ალტერნატივაა. მას აგებენ როგორც შიდა სივრცეში, ისე გარეთაც. 

ქოქოსი

კლასიკაა ქოქოსის ბოჭკოსგან ნაქსოვი ფეხსაწმენდი, თუმცა ბოლო დროს ის თანამედროვე მასალებმა შეცვალა. ქოქოსის ბოჭკოსგან ნაქსოვი ნოხის უხეში, უსწორმასწორო, ჯაგრისებური ზედაპირი კარგად წმენდს ფეხსაცმელს, მაგრამ სწრაფად არ შრება და შედარებით მგრძნობიარეა ჭუჭყის მიმართ. მას ხშირად აფენენ გარეთ, თუმცა წვიმა და თოვლი მალე აფუჭებს, ამიტომ გირჩევთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძინოთ, თუ კარის წინ სივრცე გადახურულია. სახლში მის დაფენას კი არ გირჩევთ, რადგან ღერები ადვილად სცვივა და ოთახებს ანაგვიანებს. არაპრაქტიკულია საჯარო და კომერციული შენობების შესასვლელებთანაც, სადაც ბევრი ხალხი მიმოდის. მასზე ეტლიც ძნელად მოძრაობს.

ბამბა

ბამბა კიდევ ერთი ბუნებრივი ბოჭკოა, რომლისგანაც ფეხსაწმენდს ქსოვენ. ბამბის ფეხსაწმენდი ყველაზე მეტად ჰოლში დასაფენად გამოგადგებათ. ის პირსახოცივით შთანთქავს ტენს და სწრაფად შრება. საუკეთესოა სველი, ზეთოვანი, ცხიმიანი ჭუჭყისთვის, მაგრამ არც ისე კარგი – მშრალი ჭუჭყისა და მტვრისთვის.

ბამბის ფეხსაწმენდი დროთა განმავლობაში იტკეპნება, თუმცა გარეცხვის შედეგ ადვილად იბრუნებს თავდაპირველ ფორმას. კარგად ირეცხება სარეცხ მანქანაში, 40°C ტემპერატურაზე.

ბამბის ფეხსაწმენდი იდეალურია სახლისთვის, მაგრამ ვერ გაუძლებს ინტენსიურ ექსპლუატაციას, მაგალითად, კომერციულ შენობებში.

მიკროფაიბერი

მიკროფაიბერი იმ ქსოვილების ზოგადი სახელწოდებაა, რომლებსაც განსაკუთრებით წვრილი ბოჭკოებისგან ამზადებენ. ასეთი ბოჭკოების სისქე შეიძლება ერთ დეციტექსზე ნაკლებიც კი იყოს, რაც იმას ნიშნავს რომ 10 000 მ ძაფი ერთ გრამს იწონის. ფეხსაწმენდისთვის ყველაზე ხშირად პოლიპროპილენისა და ნეილონის (პოლიამიდის) ბოჭკოსგან დამზადებულ მიკროფაიბერს იყენებენ.

მიკროფაიბერს ტენის შთანთქმის განსაკუთრებული უნარი აქვს – გაცილებით უკეთესი, ვიდრე ბამბას. ეფექტურად ასუფთავებს ფეხსაცმლის ძირებს და აკავებს ჭუჭყის ნაწილაკებს მანამდე, სანამ არ გაირეცხება.

მისი კიდევ ერთი ღირსება ის არის, რომ სწრაფად შრება. მაგალითად, ბამბაზე სამჯერ ნაკლები დრო სჭირდება გასაშრობად. გარდა ამისა, დიდხანს ძლებს და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რბილია, არ წარმოქმნის ბუსუსებს და ფუმფულა მტვერს. კარგად ირეცხება სარეცხ მანქანაში.

რეზინი

რეზინი (განსაკუთრებით – ნიტრილ-ბუტადიენის რეზინი) საუკეთესო მასალაა გარე სივრცისთვის განკუთვნილი ფეხსაწმენდისთვის. პოლივინილქლორიდისგან განსხვავებით, ის ნაკლებად მყიფეა.

ბაზარზე რეზინის ფეხსაწმენდების ფართო არჩევანია – პერფორირებული (დასვრეტილი) თუ ჯაგრისისებური, სხვადასხვანაირად დატვიფრული თუ სადა ზედაპირით. ძალიან ეფექტურია პერფორირებული კონსტრუქციის მქონე რეზინის ფეხსაწმენდი. ის საუკეთესოდ აშორებს ტალახს ფეხსაცმლის ძირებს – ტალახი ნასვრეტებში რჩება და ფეხსაცმელი კარგად იწმინდება.

რეზინს იღებენ როგორც ბუნებრივი კაუჩუკისგან, ისე სინთეზურადაც. მაგალითად, სინთეზური ფორმაა ნიტრილ-ბუტადიენის რეზინი (NBR). ნიტრილის დამატებით რეზინი უფრო გამძლეა სითბოსა თუ სიცივის მიმართ (უძლებს -40°C-დან +108°C-მდე ტემპერატურას), ნელა ცვდება, არ არის მგრძნობიარე ზეთის, ცხიმისა და ქიმიკატების მიმართ, თუმცა ბუნებრივი რეზინი გაცილებით მოქნილია, ვიდრე მისი სინთეზური ორეული.

პოლივინილქლორიდი

პოლივინილქლორიდი (PVC), რომელსაც ზოგჯერ უბრალოდ ვინილს უწოდებენ, ვინილქლორიდის პოლიმერიზაციით მიიღება. ის შედარებით იაფფასიანი მასალაა გარე სივრცისთვის განკუთვნილი ფეხსაწმენდისთვის, მაგრამ ვერ უძლებს ყინვას – დაბალ ტემპერატურაზე ადვილად ტყდება.

როგორ მოვუაროთ

ფეხსაწმენდის მოვლის წესი მასალაზეა დამოკიდებული. რეზინისა და პოლივინილქოლორიდის საფენები, რომლებიც უმთავრესად გარე სივრცისთვის არის განკუთვნილი, ადვილად სუფთავდება. ისინი შედარებით გამძლეა, ამიტომ შეგვიძლია დავგაოთ, ჯაგრისით, სარეცხი საშუალებითა და წყლით გავრეცხოთ. მთავარია, დაფენამდე ორივე მხრიდან კარგად გავაშროთ. ქოქოსის ფეხსაწმენდის დასველება კი არ შეიძლება. მისი გაწმენდა ჯაგრისით, ცოცხით ან მტვერსასრუტით მოგიწევთ.

ჰოლისთვის განკუთვნილი ფეხსაწმენდები, ძირითადად – ბამბისა და სინთეზური ბოჭკოსი, თამამად შეგვიძლია სარეცხ მანქანაში გავრეცხოთ 30-40 გრადუსზე, მაგრამ ზოგიერთს ქვედა მხარე შესაძლოა რეზინისა ან ვინილისა ჰქონდეს. რა მასალაა, უმჯობესია, გარეცხვამდე გაარკვიოთ, რადგან ვინილი სარეცხ მანქანაში დასკდება – მისი გარეცხვა ხელით ჯობია, რეზინი კი მშვენივრად გაუძლებს დოლურას ტრიალს და 30-40 გრადუსი ტემპერატურის წყალს.

ფეხსაწმენდი გარეცხვამდე კარგად უნდა დაბერტყოთ და ზედმეტი ჭუჭყი მოაცილოთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: