ვის ეშინია სხვის?
გააზიარე:
როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, ადამიანი სხეულის ტემპერატურის სპეციალურ ხსნარში რომ მოვათავსოთ, ჩავაქროთ შუქი, ჩავახშოთ ყოველგვარი ხმაური, ავარიდოთ სხეულს ყოველგვარი გამაღიზიანებელი? აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავში გამოკეტილი ადამიანი თავს კარგავს. მსგავსი ექსპერიმენტების მონაწილეებს ჰალუცინაციები ანუ არარსებულის აღქმა ეწყებათ, რადგან სენსორულ იზოლაციაში მყოფი ტვინი თვითონვე იწყებს შეგრძნებების წარმოქმნას.
დაახლოებით იგივე ხდება ჩვენს ფსიქიკაში, როდესაც თავს ვარიდებთ უცხოს, განსხვავებულს – “სხვას”, გავურბივართ მას ან სულაც ვანადგურებთ.
გეშტალტთერაპიაში გვჯერა, რომ საკუთარი თავის აღმოჩენა მხოლოდ სხვასთან კონტაქტის შედეგად ხდება. “მე” არ ვარსებობ სოციალურ ვაკუუმში, "მე" ვყალიბდები და ვაცნობიერებ ჩემს პიროვნებას იმ სოციალურ ქსელში, იმ ინტერაქციებში, რომლებითაც ვარ გარშემორტყმული (და რასაც გეშტალტთერაპიის მამა ფრიც პერლზი გარემოს უწოდებს). ამგვარად, გეშტალტთერაპია სხვის აღიარებაზე, განსხვავებულის პატივისცემაზე, მეტიც, დაფასებაზეა ორიენტირებული. ჩვენი დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფსიქოთერაპევტმა ჯეი ლევინმა ტრენინგზე ასეთი რამ მითხრა: “გეშტალტთერაპიაში განსხვავებულს განსაკუთრებით ვაფასებთ, რადგან განსხვავებები გვეხმარება გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ. განსხვავებებს ვაგემოვნებთ, რადგან მხოლოდ განსხვავებულთან შეხება გვაძლევს კონტაქტის შესაძლებლობას და არა მეორესთან შერწყმა, მეორე ადამიანში საკუთარი თავის დაკარგვა”. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თემისადმი, ჯგუფსიადმი, საზოგადოებისადმი მიკუთვნებულობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ, ვცდილობ, გულწრფელ კონტაქტში შევიდე ჩემგან განსხვავებულ ადამიანებთან და მათ შესახებ არა მათი ჯგუფური, არამედ ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით შევიქმნა წარმოდგენა. თავისთავად ცხადია, ეს ყოველთვის არ გამომდის და მეც უამრავ სტერეოტიპს დავატარებ ზურგით, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავი ამაში გამოვიჭირო და დავინახო ადამიანი აქ და ამჟამად.
“ჩვენ” და “სხვა” – მიკუთვნებულობის განცდა და საფრთხე
“მე”-სა და “სხვას” შორის ეს დაპირისპირება ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მრავალსაუკუნოვანი ინტერესის საგანია. ჰეგელით დაწყებული, რომელმაც შემოიტანა ფილოსოფიაში ცნება “სხვა” და სიმონ დე ბოვუარით დამთავრებული, რომელმაც ეს დიქოტომია ქალისა და კაცს ურთიერთობათა ჭრილში განიხილა, ჩვენ გამუდმებით ვიკვლევთ და ვაკვირდებით ჩვენს შიშს “სხვის” მიმართ. ეს “სხვა” იმიტომ კი არ არის “უცხო”, რომ მას პირადად არ ვიცნობთ ან პირადად მასთან გვაქვს კონფლიქტი, არამედ იმიტომ, რომ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც “ჩვენი” არ არის. შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანს არ ვიცნობდეთ, მაგრამ მის შესახებ დასკვნები გამოგვქონდეს ამა თუ იმ ჯგუფისადმი მისი მიკუთვნებულობის გამო.
ერთი მხრივ, ადამიანები ბუნებრივად ვეძებთ ჩვენთვის ახლობელსა და ნაცნობს. ეს ბაზისური მიკუთვნებულობის განცდაა, განცდა, რომ მარტო არ ვართ, რომ საფრთხით სავსე სამყაროში არსებობს “ჩვენიანი” და ეს “ჩვენიანი” გაგვიგებს, რადგან ჩვენნაირად ფიქრობს, ჩვენნაირად განიცდის. ყველაზე “ჩვენიანები” ოჯახის წევრები არიან. მათ ის ხალხი მოსდევს, რომელსაც ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ვუახლოვდებით, რომელსაც ვირჩევთ. მათგან ერთგვარ თემს, საკუთარ მიკროკოსმოსს ვქმნით. ჩვენი თემი, ჩვენი ტომი ჩვენი საყრდენია, ამიტომ ვსწავლობთ, რა ახასიათებს “ჩვენიანს” და რა ახასიათებს “სხვას”. რაც უფრო სტრესულ ვითარებაში ვართ, მით უფრო გვჭირდება საყრდენი. ამიტომ ვეძებთ “ჩვენიანებს”.
მიკუთვნებულობის მოთხოვნილება საბაზისო მოთხოვნილებაა და მასში თავისთავად პრობლემური არაფერია. პირიქით, გასაგები და მისაღები სოციალური ფენომენია. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც “ჩვენი” ჯგუფი “სხვისაზე” აღმატებულად მიგვაჩნია. საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად ვიწყებთ “სხვის” უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას (“შეხედეთ, ის ჩვენნაირი არ არის, ჩვენი ტომის ნაწილი არ არის”) და გარიყვას – თავს ვარიდებთ, არ ვრთავთ კოლექტიურ აქტივობებში, ვდევნით, არ ვიმჩნევთ, ვცდილობთ გავანდგუროთ. მრავალრიცხოვან თემთან გაიგივება, როგორც წესი, გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე უმცირესობაში ყოფნა. უმრავლესობა იწყებს კულტურული და სოციალური ნორმების დაწესებას, ადგენს, ვინ არის მისაღები და ვინ – არა.
“ჩვენ” და “სხვა” – ძალაუფლება და ჩაგვრა
მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების იმპერიალისტურად განწყობილმა “თეთრმა” ევროპამ გარეგნული ნიშან-თვისებების საფუძველზე უპირატესი რასის იდეა წარმოშვა. დღეს ეს იდეა უარყოფილია, რადგან კვლევებისა და დაკვირვებების წყალობით დადასტურდა, რომ თავის ქალას მოყვანილობა, ცხვირის ფორმა, კანისა თუ თვალების ფერი ინტელექტის განმსაზღვრელი არ არის. ისტორიამ დაგვანახა, რომ “სხვის” მტრად გამოცხადება საბოლოო ჯამში მმართველი უმრავლესობისთვის ძალაუფლებისა და პრივილეგიების მოხვეჭის ინსტრუმენტია. მაგალითად, რასიზმის იდეოლოგიას აქტიურად იყენებდნენ კოლონიზატორები, ქალებს არ ჰქონდათ საკუთრებისა და ხმის მიცემის უფლება და ა.შ.
დასავლეთის ქვეყნებმა საბოლოოდ ჰოლოკოსტის შემდეგ, ნიურნბერგის სასამართლო პროცესის დროს გამოიღვიძეს, რასაც 1960-იანი წლების სოციალურ-კულტურული რევოლუცია მოჰყვა. ამ უკანასკნელმა პრინციპულად შეცვალა დემოკრატიული წყობის ქვეყნებში კანის ფერის, გენდერის, მრწამსის, სქესის, სექსუალობის, სპეციალური საჭიროებების მიხედვით “განსხვავებული” ადამიანებისადმი დამოკიდებულება. აღმოჩნდა, რომ საფთხეს “ისინი” კი არა, “ჩვენ” ვქმნით. რომ, თუ სოციალურად ძლიერმა უმრავლესობამ ნაკლები პრივილეგიის მქონე უმცირესობის გარიყვა არ შეწყვიტა, ეს პროცესი ნებაზე მიუშვა, უმრავლესობას თავისუფლად შეუძლია, უმცირესობა ბანაკებში გამოკეტოს, აწამოს და დახოცოს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლოკოსტის შედეგად დაიღუპა 6 მილიონი ებრაელი, 250 000 რომა (ბოშა), 250 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, 70 000 ჰომოსექსუალური იდენტობის მქონე პირი. სწორედ ამ ფაქტმა შეძრა მაშინ ევროპა, დღევანდელი მისი პოლიტიკა და, შესაბამისად, ეთიკური თუ მორალური ღირებულებები კი გარკვეულწილად ამ დანაშაულის გამოსყიდვას და მისი გამეორების პრევენციას ემსახურება.
და რა შუაში ვართ ჩვენ?
ჩვენც ვიყავით ამ მოძრაობის ნაწილი. ჩვენთანაც გაისმა სამოციანების რევოლუციის ექო оттепель-ის სახით. ჩვენც განვიცადეთ გრძელი თმის, შლაქსებისა და დასავლური მუსიკის გამო დევნა, სასწავლებლიდან გარიცხვა, სამსახურიდან გაგდება... ეს “საბჭოური ფაშიზმი” გარკვეულწილად დღესაც კულტურული ნორმაა, რომელიც გვეუბნება: თუ კოლექტივის გვერდით არ დადგები, თუ ოდნავ მაინც განსხვავდები მისგან, საშიში ხარ! ბევრი ერთს გამოგეკიდებით, ფიზიკურად და მორალურად გაგანადგურებთ, ჩვენ გვერდით არსებობას არ დაგანებებთ.
როგორ ამოვიცნოთ საკუთარი შიშები
როგორ მივხვდეთ, რომ “სხვის” დემონიზაციას ვეწევით?
. ჩვენნაირებს მხოლოდ დადებით თვისებებს მივაწერთ, განსხვავებულებს კი – მხოლოდ უარყოფითს.
. დაუსაბუთებლად გვჯერა, რომ განსხვავებული ადამიანი რამეს დაგვიშავებს.
. ეჭვის თვალით ვუყურებთ განსხვავებული ადამიანების ჯგუფს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ამ ჯგუფიდან არავის ვიცნობდეთ.
. უარს ვამბობთ მათთან ინტერაქციაზე, ვინც სოციალურად მისაღებ ჯგუფს არ მიეკუთვნება.
. პიროვნებას ვაფასებთ როგორც ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის წევრს (მაგალითად, ჟურნალისტი, გემინისტი, გეი) და არა როგორც ინდივიდს.
. უარყოფით ემოციებს განვიცდით, როდესაც სოციალურად მისაღები ნორმის მიღმა მყოფ ადამიანებს ვხვდებით.
იმ დღეს, როდესაც ამ სტატიას ვწერდი, რუსთავში გრძელი თმის გამო ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. ჩნდება კითხვა, ახლა ვინ წარმოადგენს ნამდვილ საფრთხეს – “ჩვენიანი” უმრავლესობა თუ გარიყული “სხვა”? და თითოეულ ჩვენგანს გვიწევს ცნობიერი არჩევანის გაკეთება: დავუჯეროთ ფსევდომეცნიერებებს, მითებს, გავიმეოროთ ისტორიული ემოციური ტრავმები და ყველა განსხვავებულში მტერი დავინახოთ თუ გავაანალიზოთ ჩვენი შიშები და თავი სხვისი დევნით კი არა, საკუთარი პიროვნების გაძლიერებით დავიმკვიდროთ.
რამდენად გვინდა, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს და ერთნაირად იქცევა? იქნებ შესაძლებელია, ისე ვისიამოვნოთ საკუთარი ცხოვრებით, რომ “სხვას” არ დავესხათ თავს?
“სხვის” გარიყვა კაშხალში გაჩენილი ბზარივითაა – მას ვერ შეაჩერებ, აუცილებლად გაიზრდება, გასკდება და მოვარდნილი სტიქია წალეკავს ყველაფერს, გადაიზრდება ძალადობაში, დევნაში და ჩვენი დროის კულტურულ-სოციალურ ფაშიზმში.
გამოსავლის ძიება კი ალბათ იქ იწყება, როდესაც დავფიქრდებით: რა მოგვდის ჩვენ, რას ვგრძნობთ, რისი გვეშინია, როდესაც “სხვას” ვხედავთ.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე