ბავშვი და მობილური ტელეფონი

გააზიარე:

მობილურ ტელეფონზე ბავშვის მიჯაჭვულობა დიდი პრობლემაა. სანამ ის მშობლის ტელეფონით თამაშობს, შეგვიძლია, მარტივად ვაკონტროლოთ, რამდენ დროს ატარებს ეკრანთან, უარი ვუთხრათ, როდესაც მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მისთვის ტელეფონის თხოვება, მაგრამ ადრე თუ გვიან მისთვის პირადი მობილურის ყიდვა გარდაუვალი გახდება.

როდესაც ბავშვი სკოლაში თუ კლასგარეშე წრეებზე მარტო დაიწყებს სიარულს, როდესაც იმ ასაკს მიაღწევს, რომ სოციალურ ქსელში თუ სხვა ფორმით მეგობრებთან ყოველდღიური კონტაქტი მისი ცხოვრების აუცილებელი ნაწილი გახდება, ამ გადაწყვეტილებას გვერდს ვერ აუვლით.

როგორი ტელეფონი ვუყიდოთ და რა ასაკში? დავუწესოთ თუ არა მისი გამოყენების ლიმიტი? თუ კი – როგორი უნდა იყოს ის?

პირველ რიგში გასათვალისწინებელი საკითხები

ფასი

რა თანხა გამოვყოთ ბავშვის პირველი ტელეფონისთვის? პირველ რიგში, თქვენი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობა უნდა შეაფასოთ – როდესაც იცით, რა თანხაა თქვენს განკარგულებაში, არჩევანიც მცირდება. თუ შეუზღუდავი ფინანსები გაქვთ, გაითვალისწინეთ წრე, რომელშიც ბავშვი ტრიალებს. თუ მის ყველა ახლო მეგობარს სმარტფონი აქვს, რომელშიც სოციალური მედიის აპლიკაციებიცაა და თქვენი შვილიც იყენებს ამ პლატფორმებს, მაშინ მისთვის სმარტფონის ფუნქციების არმქონე ტელეფონის ყიდვა არ გამოვა.

ასაკი

საქმე იმდენად ასაკში არ არის, რამდენადაც იმაში, მზად არის თუ არა ბავშვი საკუთარი ტელეფონის ქონის პასუხისმგებლობისთვის.

ამის გასარკვევად პასუხი გაეცით რამდენიმე კითხვას:

. რამდენად უფრთხილდება საკუთარ ნივთებს? რამდენად ხშირად კარგავს სათამაშოებს, წიგნებს, აქსესუარებს? თუ იცის, რომ მის საკუთრებაში რაიმე მნიშვნელოვანი ნივთია, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება მას თუ შეუძლია, სათამაშო მოედანზე ან მეგობრის სახლში დატოვოს?

. რამდენად კარგად ერკვევა ფულის საკითხში? არის შანსი, რეკლამის გავლენით ონლაინ მაღაზიაში შეიძინოს რამე? ან, ვთქვათ, თამაშის დროს მეტი სიცოცხლის ყიდვა მოუნდეს და ისე იყიდოს, რომ შედეგზე არც კი დაფიქრდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება, არ მივაბათ მის ექაუნთს ბარათი და ცდუნებისგან ასე დავიცვათ, მაგრამ ეს პუნქტი მაინც გასათვალისწინებელია, თუნდაც სამომავლოდ.

. რამდენად აქტიურია სოციალურ სივრცეში? როცა საკუთარი სმარტფონი ექნება, შესაძლოა, კიდევ უფრო აქტიური გახდეს – ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

. რამდენად აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომლებიც სოციალურ მედიაში აქტიურობას ახლავს თან? არის თუ არა საშიშროება, შანტაჟის, დაშინების, ბულინგის მსხვერპლი გახდეს? არის თუ არა საშიშროება, გააზიაროს სენსიტიური ინფორმაცია? ეკონტაქტოს უცხოებს? სანამ სმარტფონს უყიდით, ეცადეთ, ამ საკითხებში კარგად გაარკვიოთ და დარწმუნდეთ, რომ შესწევს კიბერბულინგთან გამკლავების უნარი.

. რამდენადაა მიჯაჭვული კომპიუტერს? სკოლის მოსწავლეს კომპიუტერთან შეხება უკვე ექნება. დააკვირდით, მეცადინეობის მიღმა რამდენ დროს ატარებს ეკრანთან. თუ ისედაც მიჯაჭვულია ეკრანს, სმარტფონის შეძენის შემდეგ შესაძლოა მასთან გატარებული დრო გაორმაგდეს, ამიტომ ჯერ კომპიუტერის ეკრანთან გასატარებელი დროის ლიმიტი დააწესეთ და დააკვირდით, როგორ იცავს მას ბავშვი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ მისთვის მობილური ტელეფონი.

შედარებით მარტივი არჩევანი

თუ ხვდებით, რომ ბავშვი ჯერ მზად არ არის სმარტფონისთვის, შეგიძლიათ, მარტივი არჩევანი გააკეთოთ და მისთვის ისეთი ტელეფონი შეიძინოთ, რომელიც მხოლოდ დარეკვისა და ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქციები აქვს. არსებობს ტელეფონის ისეთი მოდელებიც, რომლებიც მორგებულია ბავშვების საჭიროებებს, მათი ადგილმდებარეობისთვის თვალის მიდევნების საშუალებასაც იძლევა და შOშ ღილაკიც აქვს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. მსგავსი მოდელები შემომავალი და გამავალი ზარების მონიტორინგის საშუალებასაც იძლევა და სურვილის შემთხვევაში – ტექსტური შეტყობინებების წაკიხთვისასაც. ისიც გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ბავშვი სმარტფონს მოგთხოვთ, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები მისი სოციალური ცხოვრების რიტმს ვეღარ დააკმაყოფილებს.

თუ გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ

თუ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღეთ გადაწყვეტილება, ბავშვს მობილური ტელეფონი უყიდოთ, ახლა წესებზე შეთანხმების დროა, სანამ მოწყობილობა მის ხელთ აღმოჩნდება.

. უპირველეს ყოვლისა, აუხსენით, რომ ტელეფონს მხოლოდ იმ პირობით მიიღებს, თუ თანახმაა, რომ თქვენ იცოდეთ მისი პაროლი და ჩამოართვათ გაჯეტი, თუ ჩათვლით, რომ ის არ ემორჩილება დადგენილ წესებს

. დააწესეთ როგორც ტელეფონთან, ისე კომპიუტერთან გასატარებელი დროის ლიმიტი. იმის მიხედვით, რასაც გიკარნახებთ თქვენი შვილის ცხოვრების რიტმი. ლიმიტის დაწესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს ისედაც აქვს ეკრანთან მიჯაჭვულობის პრობლემა

. თუ გადაწყვეტთ, რომ მისცეთ უფლება, თამაშებსა თუ აპლიკაციებში გარკვეულ თანხა დახარჯოს, აუცილებლდ წინსწარ შეთანხმდით, რა თანხაზეა საუბარი და უთხარით, მას არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოს. აუხსენით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ წესის დაცვა, რომ სხვაგვარად შეიძლება რეკლამას წამოეგოს და იზარალოს. ამასთან ერთად, ინტერნეტში ჩასაფრებული საფრთხეების შესახებაც ესაუბრეთ. პირობა ჩამოართვით, რომ  როდესაც საქმე ფულს გადახდას ეხება, აუცილებლად გაგაცნოთ საქმის ვითარება და გადახდის საკითხი შეგითანხმოთ.

. გააფრთხილეთ, რა მოჰყვება ტელეფონის დაკარგვას ან დაუდევრობით დაზიანებას. ახალს უყიდით? თუ კი – ისეთივეს? უფრო დაბალი კლასისას? თუ საერთოდ უტელეფონოდ დარჩება?

. გამოყავით დრო, როდესაც ტელეფონის ხელში აღება  აკრძალული ექნება. მაგალითად, ოჯახური სადილი, ძილისწინა პერიოდი, მეცადინეობის საათები, ოჯახური კინოსეანსი და ასე შემდეგ.

. აუხსენით, რომ ოჯახური საღამოები წმინდათაწმინდაა. ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა გაუზიარონ ერთმანეთს ემოციები, პრობლემები, საფიქრალ-საზრუნავი. ასეთ დროს ტელეფონში თავის ჩარგვა და რეალობისგან მოწყვეტა გამორიცხული უნდა იყოს.

. აკონტროლეთ მისი სოციალური სივრცე. თქვენ გაქვთ ამის უფლება მანამდე, სანამ შვილი ზრდასრულ ასაკს მიაღწევს. ამით მის უფლებებს არ შელახავთ. მაგრამ ფარულად ნუ დაუწყებთ თვალთვალს და კონტროლს, აუცილებლად გააფრთხილეთ შვილი ამის შესახებ. აუხსენით, რომ სოციალურ სივრცეში ისეთი ფოტოების ან ინფორმაციის გაზიარება, რომელთა თქვენთვის ჩვენებისაც მოერიდებოდა, მის ასაკში არ არის მიზანშეწონილი.

წესები მკაფიო, კონკრეტული და თანმიმდევრული უნდა იყოს. თავიდანვე უნდა დარწმუნდეთ, რომ ბავშვმა ყველა კარგად გაიაზრა. ასევე თავიდანვე უნდა შეთანხმდეთ, რა მოჰყვება წესების დაუმორჩილებლობას და აუცილებლად შეასრულოთ დანაპირები. გახსოვდეთ, რომ ამ წესებით თქვენს შვილს მომავალში სწორი და მისთვისვე სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას აჩვევთ და ასწავლით. შედეგად, როდესაც ისინი ამ უკიდეგანო კიბერსივრცეში მარტონი აღმოჩნდებიან, აღარ დაიბნევიან, აღარ გახდებიან მსხვერპლნი და ეცოდინებათ როგორც საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავის დაცვაც.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა

თუ მათ რიცხვს ეკუთვნით, ვისაც მობილურით თამაში უწყინარ გართობად მიაჩნია, გაითვალისწინეთ, რომ ეკრანისადმი მიჯაჭვულობა ნამდვილად სერიოზული პრობლემაა, რომელიც ბავშვს სოციალიზაციაშიც უშლის ხელს და მის მენტალურ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება.

CNN-მა ფსიქოლოგებთან ერთად ჩაატარა კვლევა, რომელშიც 10-დან 13 წლამდე ასაკის ორასმა მოზარდმა და მათმა მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეისწავლეს ბავშვების მიერ გამოქვეყნებული ფოტოები, ვიდეოები და სტატუსები, რის მიხედვითაც დაასკვნეს, რომ სოციალურ მედიაში ამ ასაკის ბავშვების ზედმეტი აქტიურობა იწვევს მათ ჩამოშორებას რეალური სამყაროსგან და, იმავდროულად, მათ გარშემო მყოფი იმ ადამიანებისგან, ვინც მათი ასაკისა არ არის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი ინტერესების სფერო ვიწროვდება და ოჯახის წევრებისა თუ სხვა ახლობელი, მათზე უფროსი ადამიანების ცხოვრება მათთვის უინტერესო ხდება. იკლებს ამ ადამიანების მიმართ ემპათიის განცდა.

მკვლევრებმა მშობლებს სთხოვეს, ბავშვებისთვის რამდენიმე დღით ჩამოერთმიათ მობილური ტელეფონები, შედეგად კი მიიღეს ის, რომ ბავშვები, რომლებიც ყველაზე მეტ დროს ატარებდნენ ეკრანთან, აგრესიულები გახდნენ, უარს ამბობდნენ კვლევის გაგრძელებაზე, თუ ტელეფონს არ დაუბრუნებდნენ. რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ ტელეფონის ერთი კვირით ჩამორთმევას ჭამაზე ამდენივე ხნით უარის თქმა ერჩივნა.

ამრიგად, თუმცაღა ფსიქოლოგები ამ პრობლემისთვის "დამოკიდებულების" დარქმევას ერიდებიან, ფაქტები მიგვანიშნებს, რომ კონტროლი აუცილებელია, რათა ბავშვებს, განსაკუთრებით – მოზარდ ასაკში, თავიდან ავაცილოთ დეპრესია და სხვა პრობლემები, რომლებიც ამ ასაკს ისედაც ახასიათებს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: