ორსულობა და მელანომა

გააზიარე:

მელანომასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მისი ბუნება, რისკფაქტორები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

სამწუხაროდ, მელანომის შემთხვევების რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება. საზოგადოების ინფორმირებულობა შესაძლოა მძლავრ იარაღად იქცეს ამ დაავადების წინააღმდეგ.

რა არის

მელანომა ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება მელანოციტების (პიგმენტების წარმომქმნელი უჯრედების) უკონტროლო გამრავლების შედეგად. ის პოტენციურად ლეტალური კიბოა.

არსებობს მელანომის რამდენიმე ფორმა: კანის, ლორწოვანის, თვალის, თავის ტვინის გარსების. მათგან ყველაზე გავრცელებული კანის ფორმაა.

მელანომა უმთავრესად ასაკოვნებს ემართებათ, თუმცა ბოლო ხანს ახალგაზრდებს შორისაც ხშირად აღირიცხება. კვლევების თანახმად, მელანომის დიაგნოზის მქონე ქალების მესამედი რეპროდუქციული ასაკისაა.

მელანომის გავლენა ორსულობის გამოსავალსა და ქალის შემდგომ ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.

რა იწვევს

არსებობს კვლევები, რომელთა შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ორსულობამ შესაძლოა ხალებისა და სხვა პიგმენტური ლაქების მელანომებად ტრანსფორმაცია, უკვე არსებული მელანომის ზრდის ტემპის მატება და მისი მეტასტაზირება გამოიწვიოს. ეს იმით აიხსნება, რომ:

. მელანომა ჰორმონმგრძნობიარე დაავადებაა (სასქესო ჰორმონები მელანოციტებისა და მელანინის გამომუშავების მატებას იწვევს);

. მელანომის ზოგიერთ უჯრედზე რეცეპტორები იმატებს, რის შედეგადაც ის უფრო მგრძნობიარე ხდება ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების მიმართ (ორსულობის დროს კი სხეულში ჰორმონების ნამდვილი ქარიშხალია);

. ორსულობის დროს კანის პიგმენტაცია ხშირად იცვლება (სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჩნდება დამახასიათებელი ლაქები);

. ორსულობის დროს ორგანიზმი იმუნოსუპრესიულ მდგომარეობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა შესუსტებულია. თუ ქალის ორგანიზმში რაიმე ტიპის სიმსივნური უჯრედი გაჩნდა, ის შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს იმუნური სისტემისთვის და სიმსივნურმა პროცესმა პროგრესირება განაგრძოს.

მელანომა ხშირად ვითარდება პუბერტული პერიოდის დასრულების შემდეგ.

სიმსივნის ზოგად რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

. ღია ფერის კანი;

. კანის ხშირი დამწვრობა გარუჯვისას;

. ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი და`ან ინტენსიური ზემოქმედება კანზე;

. ხალების სიმრავლე, უცნაური ფორმისა და უჩვეულოდ დიდი ზომის ხალები;

. მელანომის შემთხვევები ოჯახში;

. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;

. სუბეკვატორულ და ეკვატორულ სარტყელში ცხოვრება.

რამდენად ხშირია

რამდენიმე ათწლეულია, მელანომის სიხშირე მთელ მსოფლიოში სტაბილურად იზრდება – შემთხვევების წლიური მაჩვენებელი 4-6%-ით იმატებს ღია ფერის კანის მქონე პოპულაციაში, თუმცა მაჩვენებლის მატებას სხვა მიზეზებიც აქვს: დიაგნოსტიკური მეთოდების გაუმჯობესება, ექიმთან ადრეული მიმართვა და მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება.

მელანომა სხვადასხვა სიხშირით გვხვდება სხვადასხვაა ეთნიკურ და გეოგრაფიულ პოპულაციაში, სხვადასხვა ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში. ამ განსხვავებათა გათვალისწინება მნიშვნელოვანია, ვინაიდან მელანომის განვითარება ფაქტორთა მთელ წყებაზეა დამოკიდებული.

მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც დაავადება გვიან სტადიაზე აღმოუჩინეს.

სქესთან დაკავშირებული თავისებურებები

ქალები და მამაკაცები სხვადასხვა სიხშირით ავადდებიან მელანომით. 40 წლამდე ის ქალებთან უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე მამაკაცებთან. შესაძლოა, ამაში გარუჯვისადმი ქალების სიყვარულსაც მიუძღოდეს ბრალი. 40 წლიდან კი მისი გავრცელება მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.

გავრცელების ანატომია

სქესის, ასაკის, რასისა და გარემო პირობების მიხედვით განსხვავებულია მელანომის ლოკალიზაციაც.

კავკასიური რასის მამაკაცებს მელანომა უფრო ხშირად ზურგსა და მხრებზე აქვთ, ხოლო ამავე რასის ქალებს – ქვედა კიდურებზე.

ეკვატორის მახლობელი რეგიონების მოსახლეობაში მელანომის ანატომიურ გავრცელებას სხვა თავისებურება ახასიათებს. მაგალითად, ავსტრალიელებში ტიპობრივია სახეზე, თავსა და კისერზე ლოკალიზაცია.

ყველაზე იშვიათად მელანომა ჩნდება დუნდულებსა და სკალპზე (უკანასკნელი ფორმა კიდევ უფრო იშვიათია ქალებში, ვინაიდან მათ თავის კანს მეტად იცავს თმა).

ხასიათი და პროგნოზი

მელანომას აგრესიული ბუნების გამო ადრეული მეტასტაზირება ახასიათებს. მეტასტაზების გავრცელების ტიპობრივი ადგილებია კანქვეშა ქსოვილი (პირველადი კერის სიახლოვეს), ლიმფური ჯირკვლები, ღვიძლი და ლულოვანი ძვლები.

დაავადების აგრესიულობის ერთ-ერთი მარკერია ბრესლოუს სიღრმე (სისქე) – მელანომის ზომა კანის ზედაპირიდან სიმსივნის ყველაზე ღრმა კომპონენტამდე (გამოისახება მილიმეტრებში). ბრესლოუს სიღრმე მელანომის სტადიის დასადგენი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ამ კრიტერიუმის მიხედვით განასხვავებენ დაავადების ხუთ სტადიას – ნულოვანიდან მეოთხის ჩათვლით. პროგნოზი სტადიაზეა დამოკიდებული.

როგორ სვამენ დიაგნოზს

არაორსულ და ორსულ პაციენტებთან დიაგნოსტიკა ერთნაირად ხდება: საეჭვო ხალის ან პიგმენტური ლაქის აღმოჩენისთანავე ტარდება მისი დერმატოსკოპიული დათვალიერება. თუ სპეციალისტმა მელანომა იეჭვა, დაუყოვნებლივ ტარდება კანის დაზიანებული უბნის ბიოფსია. ორსულისთვის დიდი რაოდენობით საანესთეზიო საშუალების შეყვანა უკუნაჩვენებია, – შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მზარდ ნაყოფზე (რეკომენდებულია ლიდოკაინის გამოყენება), ამიტომ, თუ კლინიკური ვითარება იძლევა საშუალებას, უმჯობესია, ბიოფსიის პროცედურა მეორე ტრიმესტრამდე გადაიდოს.

დიაგნოსტიკის მომდევნო ეტაპი უახლოესი ლიმფური ჯირკვლის ბიოფსიაა. ის მეტასტაზების არსებობისა და ხარისხის დადგენის საშუალებას იძლევა.

შორეული მესტასტაზების არსებობისას დიაგნოსტიკისთვის საჭიროა რადიოლოგიური კვლევა. მისი ყველაზე უსაფრთხო ნაირსახეობებია ექოსკოპია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა.

დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა რენტგენოლოგიურ და კომპიუტერულ ტომოგრაფიასაც მიმართონ, თუმცა ორივე ეს მეთოდი ნაყოფისთვის საფრთხის შემცველია. მათ იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც სარგებელი გადაწონის რისკს.

გავლენა ნაყოფსა და ორსულობაზე

ორსულობის პერიოდში მელანომის დიაგნოზის მქონე ქალების მართვისა და მკურნალობის საკითხი საკამათოა. მელანომის მეტასტაზები უმეტესად ლიმფური გზით ვრცელდება, ორსულობის დროს კი ლიმფანგიოგენეზის (ახალი ლიმფური სადინარების წარმოქმნის) გაძლიერება მეტასტაზების გამრავლებას უწყობს ხელს,  ამიტომ ორსულებში დაავადებას შესაძლოა უფრო აგრესიული ხასიათი ჰქონდეს.

მელანომას შეუძლია, მეტასტაზირდეს ნაყოფში და მისი საშვილოსნოშიდა სიკვდილი გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები იშვიათია – გვხვდება მხოლოდ იმ ორსულებთან, რომლებთანაც სიმსივნე აგრესიულობით გამოირჩევა.

პლაცენტის დაზიანების შემთხვევაშიც კი ნაყოფის დაავადების რისკი არ აღემატება 25%-ს.

იმისთვის, რომ ნაყოფს დროულად დაესვას დიაგნოზი, მშობიარობის შემდეგ ხდება პლაცენტის ქსოვილის მიკროსკოპით გამოკვლევა სიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად. თუ ასეთი უჯრედების არსებობა დადასტურდა, ახალშობილის მკურნალობა დაუყოვნებლივ იწყება. შესაბამისად, იმატებს შანსი, მას ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდეს.

მელანომის დიაგნოზი იმას არ ნიშნავს, რომ ორსულობა აუცილებლად საკეისრო კვეთით უნდა დასრულდეს. მშობიარობის გზის არჩევა დამოკიდებულია დედის ასაკზე, ორსულობის ვადაზე, სიმსივნის სტადიასა და აგრესიულობაზე, მანამდე არსებულ ფერტილობის პრობლემებზე, ორსულობისა და მშობიარობის რიგითობაზე, ორსულის საერთო მდგომარეობაზე. ასე რომ, მიდგომა, ფაქტობრივად, ინდივიდუალურია. ყველაზე სასურველი მაინც ორსულობის ვადამდე მიტანაა – ამ შემთხვევაში ნაყოფს გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს.

ორსულობის დასრულება, სამწუხაროდ, ხელს არ უწყობს სიმსივნის რეგრესიას.

მკურნალობა

დაავადების მართვა და მკურნალობა მის სტადიაზეა დამოკიდებული. რაც უფრო შორეულია სტადია, მით უფრო კომპლექსურია მკურნალობა.

თუ მელანომის დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაისვა, დაზიანებული ქსოვილის რეზექციის (ამოკვეთა) შემდეგ განკურნების ალბათობა უფრო დიდია.

შორეულ სტადიაზე ოპერაციული მკურნალობა აღარ არის საკმარისი. სამწუხაროდ, ეს ვერაგი დაავადება ქიმიო- და რადიოთერაპიის მიმართ მგრძნობელობით არ გამოირჩევა, ამიტომ მათ იშვიათად მიმართავენ (წესისამებრ, მაშინ, როცა პირველადი კერა სახის არეშია).

მეტასტაზების არსებობისას გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ძნელია.

კიბოთი დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობას გამოსახავენ ხუთწლიანი გადარჩენადობის ფარდობითი მაჩვენებლით (იმ პაციენტების წილი, რომლებიც დიაგნოზის დასმიდან ხუთი წლის შემდეგ ცოცხლები იქნებიან). მელანომის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. რაც ნიშნავს, რომ მელანომით დაავადებული ყოველი 100 ადამიანიდან 92 დიაგნოზის დასმიდან ხუთი წლის შემდეგ ცოცხალი იქნება. თუ მელანომა სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელდა, მაჩვენებელი 20%-მდე იკლებს.

არის იმედი, რომ კომბინირებული იმუნოთერაპიული მკურნალობა, რომელიც არც ისე დიდი ხანია დაინერგა, დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობას გაზრდის.

სიმსივნის წარმატებით მკურნალობის შემდეგ ადრეული სტადიის მელანომის მქონე ქალებს შეუძლიათ, სურვილისამებრ დაგეგმონ მომდევნო ორსულობა, ხოლო იმ ქალებმა, რომლებსაც რეციდივის მაღალი რისკი აქვთ, სასურველია, ის ორი-სამი წლით გადადონ.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: