ხმა და მისი ცვლილებები
გააზიარე:
სახმო ნაოჭების სტრუქტურული ცვლილებები
სახმო ნაოჭების ნერვული დაზიანება
ადამიანის ხმა ისეთივე უნიკალურია, როგორიც მისი თითის ანაბეჭდები. ის ჩვენი იდენტობის ნაწილია. ჩვენ მიერ გამოცემული ბგერები მხოლოდ სხვებისთვის აზრების გაზიარებაში კი არ გვეხმარება, მსმენელს ჩვენ შესახებ არავერბალურ ინფორმაციასაც აწვდის. თუმცა ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური მიზეზების გამო ხმაც შეიძლება შეიცვალოს.
ადგილი, სადაც ხმა წარმოიქმნება, ხორხია, სასულის (ტრაქეის) ზემოთ მდებარე ნაწილი. თუ ყელზე ყველაზე გამობურცულ ადგილს, ადამის ვაშლს მოძებნით, იცოდეთ, რომ მბგერავი ნაოჭები (რომლებსაც სახმო იოგებსაც უწოდებენ) ზუსტად მის უკან მდებარეობს.
მბგერავი (სახმო) ნაოჭი ხორხში ჰორიზონტალურად გადაჭიმული ერთგვარი მემბრანაა, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისა და ლორწოვანი გარსისგან შედგება. ადამიანს წყვილი მბგერავი ნაოჭი აქვს, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ მდებარეობს და საჭიროებისამებრ უახლოვდება და შორდება ერთმანეთს.
როდესაც ჰაერის ძლიერ ნაკადს ფილტვებიდან ვუშვებთ, ხოლო მბგერავი ნაოჭები დახურულია, ჰაერი მათ შორის დარჩენილ ნაპრალს გაივლის. ნაოჭები უსწრაფესად ვიბრირებს – წამში ასზე მეტ მოძრაობას ასრულებს. მათი ვიბრაციის შედეგად წარმოიქმნება ხმა.
ხმის ძალა უმთავრესად ფილტვებიდან ამოსული ჰაერის წნევაზეა დამოკიდებული. ჰაერის მძლავრი ნაკადისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ინსტინქტურად, შეგნებული ძალისხმევის გარეშე, სახმო ნაოჭები უფრო მეტად იჭიმება, რათა მათ შორის არსებული ნაპრალი არ გაფართოვდეს. ამიტომ არის, რომ სახმო ნაოჭების დამბლის ან სხვა დაზიანების შემთხვევაში ადამიანს ხმამაღლა ლაპარაკი უჭირს.
ხმის ტონი, მისი სიმაღლე მბგერავი ნაოჭების რხევის სიხშირეზეა დამოკიდებული. რხევის სიხშირის ცვლილებას ნაოჭების დაგრძელება-დამოკლება იწვევს.
თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ყლაპვის დროს ხმის გამოცემა შეუძლებელია, რადგან ამ დროს სახმო ნაპრალი იხურება, თანაც ხორხს ზემოდან ხორხსარქველი ეფარება, რომელიც სასუნთქ გზებს მასში საკვების მოხვედრისგან იცავს. სუნთქვის დროს კი ნაპრალი ღიაა.
რა ემუქრება ხმას
ხმის არასასურველ ცვლილებებს იწვევს:
* ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
* გასტროეზოფაგური რეფლუქსით (რომელსაც მჟავა რეფლუქსსაც უწოდებენ) გამოწვეული ანთება;
* ხმის გადატვირთვა;
* მბგერავ ნაოჭებზე არსებული წანაზარდები (კვანძები, პაპილომები);
* ხორხის კიბო;
* ნევროლოგიური დაავადებები (სპაზმური დისფონია, მბგერავი ნაოჭების დამბლა);
* ფსიქოლოგიური ტრავმა.
ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემას, რომელიც ხორხს ეხება, ხმის შეცვლა შეუძლია. ყველაზე გავრცელებული ცვლილებაა ხმის ჩახლეჩა. ასევე შეიძლება განვითარდეს:
* მფშვინავი ხმა;
* ხმის წყვეტა;
* მაღალი ნოტების აღების შეზღუდვა;
* ხმის დასუსტება;
* ფონური ხმაურის დროს თანამოსაუბრისთვის ხმის მიწვდენის სირთულე;
* ხმის “დაღლა”, დისკომფორტი ხანგრძლივი საუბრის ან სიმღერის დროს;
ხმის ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, განსაკუთრებით – მწეველებთან, მბგერავი ნაოჭების გამოკვლევის ჩვენებაა.
ხორხში არსებულმა პრობლემებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს:
* ქოშინი საუბრისას;
* ხმის ჩაწმენდის მოთხოვნილება ან ქრონიკული ხველა;
* სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.
ასაკი და ხმა
ხმა რადიკალურად ეცვლებათ ბიჭებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ამ დროს მათ ორგანიზმში იწყება ჰორმონ ტესტოსტერონის წარმოქმნა, რომლის ზემოქმედებითაც იზრდება ხორხი, გრძელდება და სქელდება მბგერავი ნაოჭები, ფართოვდება სახის ძვლები და თავის ქალაში არსებული სინუსური წიაღები (რაც ექოს აძლიერებს). ყველა ეს ფაქტორი ხმის დაბოხებას განაპირობებს. ამ პერიოდში გოგონებსაც ეცვლებათ ხმა, მაგრამ არა ისე, როგორც ბიჭებს.
ორგანიზმის დაბერებასთან ერთად კი ხშირად ხმაც ბერდება. ხორხის ქსოვილები მოქნილობას კარგავს და მბგერავი ნაოჭების კუნთოვანი ბოჭკოებიც ატროფირდება. ზოგჯერ ამ ცვლილებებს ხორხის ტრემორიც ერთვის, რაც ხმის კანკალს იწვევს.
თუმცა ეს პროცესები სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ზოგი თუ ოთხმოცი წლისაც ნორმალური ჟღერადობის ხმას ინარჩუნებს, ზოგს ის უკვე ორმოცდაათი წლის ასაკში უბერდება. ამის სავარაუდო მიზეზი გენეტიკაშია საძიებელი. განსხვავებულია ცვლილებების ხარისხიც.
ასაკით შეცვლილი ხმა უფრო მაღალი, სუსტი და არათანაბარია. მისი გაგონება ძნელია ფონური ხმაურის დროს და სახლის ერთი ოთახიდან მეორეში.
ხმის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ხმის თერაპია, არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში კი შეიძლება სახმო ნაოჭში კოლაგენის ან ცხიმის ინექცია გაკეთდეს. თუმცა მისი შედეგი დროებითია და არასრულყოფილი.
როგორ იკვლევენ
ხორხისა და მბგერავი ნაოჭების გამოკვლევა ლარინგოსკოპიულად ხდება. არსებობს ლარინგოსკოპიის რამდენიმე მეთოდი, თუმცა ნაოჭების ვიბრაციის შესაფასებლად აუცილებელია სტრობოსკოპია.
ლარინგოსკოპიის მეთოდებია:
. ლარინგოსკოპია სარკით. სარკე პირის უკანა ნაწილში იდგმება. ამ მეთოდით გამოკვლევისას ჩანს მბგერავი ნაოჭების რეალური ფერი და სტრუქტურა. თუმცა დღეს ამ მეთოდს იშვიათად იყენებენ, რადგან არ გააჩნია გამოსახულების ჩაწერის ფუნქცია და ექიმისგანაც განსაზღვრულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს.
. მოქნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ლარინგოსკოპია. 4 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე ენდოსკოპი ცხვირიდან შეჰყავთ. მეთოდი მარტივია და იძლევა ხორხის გამოკვლევის შესაძლებლობას ყლაპვის, მეტყველებისა და სიმღერის დროს. ინფორმაციულია ნევროლოგიური დარღვევების (სპაზმური დისფონია, სახმო ნაოჭის დამბლა) შეფასებისას. თუმცა, ხისტი ენდოსკოპისგან განსხვავებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ლარინგოსკოპიით მიღებული გამოსახულება შესაძლოა მარცვლოვანი ან პიქსელირებული აღმოჩნდეს და გაჭირდეს მბგერავ ნაოჭებზე არსებული წარმონაქმნების დიფერენციაცია. ამ ხელსაწყოს თანდათანობით ანაცვლებს დისტალური ციფრული ჩიპის მქონე ენდოსკოპი.
. ლარინგოსკოპია ხისტი ტრანსორალური ენდოსკოპით. მისი პრინციპი სარკით ლარინგოსკოპიის მსგავსია. ხისტ ენდოსკოპს პირიდან დგამენ. მას აქვს საკუთარი სინათლის წყარო. ექიმს შეუძლია გამოსახულების ჩაწერა, გადიდება, სტრობოსკოპიის ჩატარება.
სტრობოსკოპია შემდეგნაირად ტარდება: პაციენტს კისერზე, ხორხის პროექციაზე, ამაგრებენ მიკროფონს, რომელიც აღრიცხავს ხმის სიხშირეს. ის უკავშირდება ნათურას, რომელიც მბგერავი ნაოჭების რხევის სინქრონულად ციმციმებს და იძლევა მათი ვიბრაციის ვიდეოსურათს. სტრობოსკოპია საუკეთესო მეთოდია მბგერავი ნაოჭების შესაფასებლად, თუმცა ყოველთვის ადვილი არ არის მიღებული სურათის სწორი ინტერპრეტაცია. ანომალიებისა თუ დაზიანებების დასადგენად გამოცდილი თვალია საჭირო.
ფონოტრავმა და ქცევითი თერაპია
როდესაც სახმო ნაოჭების დაზიანება ფონოტრავმით, სახმო აპარატის ფიზიკური სტრესით არის გამოწვეული, მკურნალობის მთავარი მეთოდი ხმის ქცევის შეცვლაა. ფონოტრავმის მიზეზია ხმამაღალი ლაპარაკი, ხმაურიან გარემოში ლაპარაკი, ხმის ინტენსიური გამოყენება, რაც ზოგიერთ პროფესიაში გარდაუვალია.
ფონოტრავმის მკურნალობის ორი ძირითადი საშუალება არსებობს: ხმის დასვენება და ხმის თერაპია.
ხმის დასვენება – სრული დუმილი ან ხმის შეზღუდული გამოყენება – ეფექტიანია მბგერავი ნაოჭებიდან სისხლდენის, ლარინგიტის, ხმის გადატვირთვის გამო განვითარებული შეშუპების დროს, ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ხმის დასვენება შეშუპებას ამცირებს. საინტერესოა, რომ ჩურჩულს, რომელიც შესაძლოა უვნებელი მოგეჩვენოთ, სინამდვილეში საპირისპირო ეფექტი აქვს.
ხმის დასვენება კვირაზე მეტხანს თითქმის არასოდეს არის რეკომენდებული, მაგრამ თუ პრობლემის უშუალო მიზეზი არ აღმოიფხვრა, სიმპტომებმა შესაძლოა ხელახლა იჩინოს თავი.
ხმის თერაპია მიზნად ისახავს მავნე ვოკალური ქცევის შეცვლას. ის მოიცავს პაციენტის განათლებას, სავარჯიშოების სწავლებას და ქცევის გამოსწორებას. თერაპიას მეტყველების პათოლოგი ატარებს. ის პაციენტს სიმპტომებისგან გათავისუფლებაში და მაქსიმალურად ხარისხიანი ხმის მიღებაში ეხმარება. ხმის თერაპია ინდივიდუალურად ირჩევა. მისი გეგმა ადამიანის პირად, სოციალურ თუ პროფესიურ ვოკალურ მოთხოვნილებებს უნდა შეესაბამებოდეს. ზოგიერთი დარღვევა ხმის თერაპიით მთლიანად იკურნება, დანარჩენ შემთხვევებში კი შესაძლებელი ხდება დარღვევის ჯანსაღი კომპენსაცია.
ხმის მკურნალობის მეთოდები
მბგერავ ნაოჭებზე ადგილობრივი ანესთეზიით შესაძლებელია შემდეგი პროცედურების ჩატარება:
. ნაოჭებში ინექცია – სახმო ნაპრალის უკმარისობისას, როდესაც მბგერავი ნაოჭები მჭიდროდ ვერ იხურება და არსებობს ყლაპვისას სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენის საფრთხე, ნაოჭების მოცულობის გასაზრდელად მათში შემავსებელი ნივთიერება შეჰყავთ. ინექცია ტარდება კანის გავლით, ლარინგოსკოპიული კონტროლით.
. ლაზერული ზემოქმედება – გამოიყენება მბგერავ ნაოჭებზე არსებული ზოგიერთი კეთილთვისებიანი (პაპილომა, ზოგიერთი პოლიპი) და ავთვისებიანი (ერითროპლაკია, ლეიკოპლაკია) წარმონაქმნების დროს პათოლოგიური ქსოვილის გასანადგურებლად ან შესამცირებლად. ის ენდოსკოპიურად ტარდება. მისი თანმხლები მთავარი რისკია მიმდებარე ნორმალური ქსოვილის დაზიანება, რაც იშვიათად – უნებლიე დამიზნების, უფრო ხშირად კი ლაზერული ენერგიის მეზობელ ქსოვილში არაპირდაპირი დიფუზიის შედეგია.
. ბოტულინის ტოქსინის ინექცია – გამოიყენება კუნთოვანი ჰიპერფუნქციის (სპაზმური დისფონია, ტრემორი) სამკურნალოდ. ინექცია კანის გავლით კეთდება შესაბამის კუნთში. მანამდე ექიმი ელექტრომიოგრაფიით კუნთების ელექტრულ აქტივობას აფასებს.
. წამლები – პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ანტიბიოტიკები, ანტირეფლუქსური მედიკამენტები, ლორწოს გამათხელებლები, სტეროიდული აბები, ინექციები ან ინჰალატორები. მათი თვითნებური მიღება, მით უფრო – ხანგრძლივად, არ შეიძლება.
. ოპერაცია. ხმის აღსადგენად ორგვარ ოპერაციას მიმართავენ: კარკასულს და მიკროქირურგიულს. კარკასული ოპერაცია ყველაზე ხშირად გამოიყენება პარალიზებული მბგერავი ნაოჭების პოზიციის შესაცვლელად (მედიალიზაცია). ამ დროს ხორხში იდგმება იმპლანტი ან ხორხზე ედება ნაკერები. მიკროქირურგიული ოპერაცია მიკროსკოპისა და ლარინგოსკოპით დახმარებით ტარდება უმეტესად მბგერავი ნაოჭების კიბოს, ცისტის, პაპილომის, პოლიპების, რეინკის შეშუპების სამკურნალოდ.
გავუფრთხილდეთ ხმას
ჯანსაღი ხმის შესანარჩუნებლად რამდენიმე რეკომენდაციის დაცვა მოგიწევთ.
უპირველეს ყოვლისა, იზრუნეთ ორგანიზმის დატენიანებაზე:
* სვით ბევრი წყალი, განსაკუთრებით – ვარჯიშის დროს.
* კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელებიც წყლის მიღებით დააბალანსეთ.
* ეცადეთ, დღის განმავლობაში ხმა პერიოდულად დაასვენოთ.
* კარგი იქნება, თუ სახლში დამატენიანებელს გამოიყენებთ, განსაკუთრებით – ზამთარში და მშრალ ამინდებში. ხმისთვის რეკომენდებულია მინიმუმ ოცდაათპროცენტიანი ტენიანობა.
* ეცადეთ, თავიდან აირიდოთ ან მინიმუმამდე დაიყვანოთ ისეთი მედიკამენტების გამოყენება, რომლებსაც მბგერავი ნაოჭების გამოშრობა შეუძლია (ასეთია გაციებისა და ალერგიის სამკურნალო ზოგიერთი წამალი). თუ ხმის პრობლემები გაქვთ, ჰკითხეთ ექიმს, რომელი მედიკამენტებია თქვენთვის უსაფრთხო.
არ მოწიოთ. ერიდეთ გარემოს, სადაც ეწევიან. კვამლი მბგერავ ნაოჭებს აღიზიანებს. ნაოჭების კიბო ყველაზე ხშირად სწორედ მწეველებს ემართებათ.
ერიდეთ ცხარე საკვებს – მას შეუძლია გამოიწვიოს კუჭის მჟავა წვენის საყლაპავში ასვლა და ლორწოვანი გარსის დაზიანება.
რაციონში შეიტანეთ ბევრი მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი. ეს საკვები შეიცავს A, E და ჩ ვიტამინებს. ამასთან, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის სიჯანსაღეს.
დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსული ინფექცია (გაციება, გრიპი და სხვა).
საკმარისად დაისვენეთ. ფიზიკური დაღლილობა ხმას ვნებს.
რეგულარულად ივარჯიშეთ. ვარჯიში ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და კუნთების ტონუსს, ხელს უწყობს კარგ ტანდეგობას და კარგ სუნთქვას, რაც აუცილებელია კარგი მეტყველებისთვის.
თუ მუდმივად გაწუხებთ გულძმარვა, გაესაუბრეთ ექიმს, მიიღეთ მისგან რეკომენდაციები დიეტის და, საჭიროებისამებრ, მედიკამენტების შეცვლის შესახებ.
ერიდეთ პირის ღრუში ალკოჰოლის ან გამაღიზიანებელი ქიმიკატების შემცველი სითხეების გამოვლებას.
პირიდან უსიამოვნო სუნის შემთხვევაში თვითნებურად ნუ დაიწყებთ პირის ღრუს გამორეცხვას – ჰალიტოზი შესაძლოა ისეთი პრობლემის შედეგი იყოს, რომელსაც სავლები არ შველის: ცხვირის ღრუს, სინუსების, ტონზილების, ღრძილების ან ფილტვების ინფექციებისა, მჟავა რეფლუქსისა.
ეცადეთ, ხმა არ გადატვირთოთ. ერიდეთ ლაპარაკს და სიმღერას, როდესაც ხმა ჩახლეჩილი ან დაღლილი გაქვთ.
დაასვენეთ ხმა ავადმყოფობის დროს – ავადმყოფობა მისთვის დამატებითი სტრესია.
ერიდეთ ვოკალურ უკიდურესობებს – ყვირილს და ჩურჩულს. ხმის დაძაბვა შეუძლია როგორც მეტისმეტად ხმამაღალ, ისე მეტისმეტად ხმადაბალ საუბარს.
გამოიყენეთ სუნთქვის სწორი ტექნიკა საუბრისა თუ სიმღერისა დროს. ხმის გასაძლიერებლად ძალას ნუ დაატანთ ყელს. ყელიდან საუბარი სათანადო სუნთქვითი მხარდაჭერის გარეშე ხმას ძალიან ტვირთავს.
ხანგრძლივი საუბრისას ტელეფონს მხრით ნუ დაიჭერთ – ამ პოზაში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა კისრის კუნთების დაძაბულობა გამოიწვიოს.
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ მიკროფონი.
ერიდეთ ხმაურიან გარემოში ლაპარაკს. ხმაურის ფონზე საუბრის მცდელობა ხმის გადატვირთვას იწვევს.
ხმას ბევრი რამ ცვლის. ცვლილების ზოგიერთი მიზეზი არც ისე საშიშია, ზოგიერთი კი სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ხმის შეცვლის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე მაინც გვექნება წარმოდგენა.
ლარინგიტი
ლარინგიტი ხორხისა და მბგერავი ნაოჭების ანთებაა. ვირუსული ლარინგიტი ვლინდება ხმის ჩახლეჩით, ყელის ტკივილით, ხველით, სიცხით. ასეთ დროს რეკომენდებულია დასვენება, სითხეების მიღება. ბაქტერიული ლარინგიტის დროს, როდესაც ადამიანი იღებს ყვითელ ან მწვანე ნახველს, შესაძლოა, მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა გახდეს საჭირო.
თუ გაციების სიმპტომებმა გაიარა, ხმა კი ჩახლეჩილი დარჩა, სხვა მიზეზი უნდა მოიძებნოს (მჟავა რეფლუქსი, ალერგია, სიგარეტის კვამლის ზემოქმედება, წარმონაქმნი ყელში).
ზოგი ლარინგიტს ხმის მუდმივ ჩახლეჩას უწოდებს, რაც შეცდომაა. ლარინგიტს გაციების სხვა ნიშნებიც უნდა ახლდეს თან, მხოლოდ ხმის ჩახლეჩა კი შესაძლოა უფრო სერიოზული პრობლემის ადრეული ნიშანი იყოს, განსაკუთრებით – მწეველებთან. თუ ხმა ორ-სამ კვირაში არ აღდგა, საჭიროა მბგერავი ნაოჭების გამოკვლევა.
მჟავა რეფლუქსი
რეფლუქსური ლარინგიტი ფაქტობრივად იგივეა, რაც გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდი). ამ დროს საყლაპავში ამოდის საჭმლის მომნელებელი მჟავასა და ფერმენტების შემცველი კუჭის წვენი. ხორხი მისგან ისე კარგად არ არის დაცული, როგორც კუჭთან ახლოს მდებარე ქსოვილები, ამიტომ არ არის გამორიცხული, რეფლუქსმა მბგერავი ნაოჭები დააზიანოს. შესაძლოა განვითარდეს ჩუმი რეფლუქსი – ყელის გაღიზიანება რეფლუქსური დაავადების ტიპობრივი სიმპტომების: გულძმარვის, გულმკერდის არეში დისკომფორტის – გარეშე.
რეფლუქსი ყელში ლორწოს დაგროვების შეგრძნებას იწვევს. ამ შეგრძნებას ბევრი ცხვირიდან ნაწვეთს აბრალებს. სინამდვილეში რეფლუქსი უფრო ხშირია, ვიდრე ცხვირიდან ნაწვეთი. ზოგჯერ მას თან ახლავს ღიტინისა და ჩხვლეტის შეგრძნებაც, რაც ჩახველების, ყელის ჩაწმენდის მოთხოვნილებას იწვევს. შესაძლოა, გაძნელდეს ყლაპვა, განსაკუთრებით – მშრალი მყარი ნივთიერებებისა. უფრო ძლიერმა რეფლუქსმა შესაძლოა გამოიწვიოს ყელის ტკივილი და ლარინგოსპაზმი, მბგერავი ნაოჭების უეცარი უნებლიე დახურვა, რაც რამდენიმე წუთით აძნელებს სუნთქვას.
რეფლუქსის მქონე ადამიანები ხშირად ახველებენ და ყელს იწმენდენ. ორივე ამ მოქმედების დროს სახმო ნაოჭები ძლიერად ეჯახება ერთმანეთს და დროთა განმავლობაში იმატებს მათი დაზიანების საფრთხე.
თავად რეფლუქსი ხმის ჩახლეჩას იშვიათად იწვევს, მაგრამ ხშირად აძლიერებს კვანძების, პოლიპებისა და სხვა წარმონაქმნების არასასურველ ეფექტს. გარდა ამისა, არის გრანულომების გაჩენის მთავარი მიზეზი, ამძიმებს მბგერავ ნაოჭებზე ფონოტრავმისა და მოწევის გავლენას, ხელს უწყობს ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების განვითარებას.
რეფლუქსის სავარაუდო დიაგნოზი შეიძლება დაისვას ხორხის გამოკვლევის შემდეგ. შესაძლოა, საჭირო გახდეს ხორხისა და საყლაპავის მჟავიანობის (პH) გაზომვა 24 საათის განმავლობაში, ეზოფაგოსკოპია და რენტგენოგრაფია ბარიუმის ფაფით.
რეფლუქსი წამლებით არ იკურნება, ის დიეტით და მედიკამენტებით (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, H2-ბლოკატორებით, ანტაციდებით) რეგულირდება. რეფლუქსს ამწვავებს ცხიმიანი და შაქრიანი საკვები, ალკოჰოლი, კოფეინი და ნიკოტინი. მისგან თავის დასაღწევად საჭიროა ამ ყველაფერზე უარის თქმა და მცირე ულუფებით კვება, საკვების უკანასკნელი ულუფა კი დაძინებამდე, სულ მცირე, სამი საათით ადრე უნდა მიიღოთ. ღამის სიმპტომების არსებობისას რეკომენდებულია საწოლის თავის წამოწევა და არა რამდენიმე ბალიშის დადება – ამ დროს სხეული იხრება, მუცელში წნევა იმატებს და რეფლუქსი შესაძლოა დამძიმდეს კიდეც.
მკურნალობის ფონზე სიმპტომების გაქრობას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. მძიმედ მიმდინარე რეფლუქსის დროს დიეტისა და მედიკამენტების უეფექტობის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა დიაფრაგმის ხვრელის თიაქრის სამკურნალოდ.
ხორხის კიბო
ხორხის კიბო, სხვა კიბოების მსგავსად, ნორმალური უჯრედების გადაგვარებისა და უკონტროლო გამრავლების შედეგია. ის ხორხის ლორწოვანი გარსის უჯრედებისგან აღმოცენდება. თუ დროულად ვერ აღმოაჩინეს, გაიზრდება, ჯერ მეზობელ ქსოვილებზე გავრცელდება, მერე – კისრის ლიმფურ კვანძებზე, ბოლოს კი სხეულის სხვა ნაწილებსაც მოედება, როგორც წესი – ფილტვებს. ზოგჯერ ხორხის კიბოს დასაბამს აძლევს მანამდე არსებული კიბოსწინარე დაზიანება ან დისპლაზია.
შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ხორხის კიბოზე პასუხისმგებლობა მოწევას ეკისრება. თამბაქო და ალკოჰოლი აძლიერებს ერთმანეთის ეფექტს, ამიტომ ქსოვილოვან ცვლილებებზე ორივე ამ ფაქტორის დართვისას ზიანი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი მათგანის ზემოქმედებისას.
არამწეველებში ხორხის კიბო საკმაოდ იშვიათია.
ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებული ხორხის კიბო კარგად იკურნება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ხორხის ღრმა ქსოვილებში ჯერ არ არის გავრცელებული. უფრო მეტიც: უკანასკნელი ათწლეულების მიღწევებმა შესაძლებელი გახადა განკურნება ხორხის ამოკვეთის გარეშე. ხმის ჩახლეჩისთვის ყურადღების დროული მიქცევა, განსაკუთრებით – მწეველებთან, წარმატებული მკურნალობის დასაწყისია.
სიმპტომები
სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, რა ადგილასაა აღმოცენებული კიბო. ძალიან მცირე ზომის წარმონაქმნიც კი, თუ ის სახმო ნაოჭზე განვითარდა, იწვევს ხმის ჩახლეჩას. თავისთავად ეს სიმპტომი, განსაკუთრებით – არამწეველებთან, უმეტესად კეთილთვისებიანი წარმონაქმნით არის გამოწვეული, მაგრამ კიბოს მკურნალობის შედეგი დიაგნოსტიკის დროზეა დამოკიდებული, ამიტომ თუ ადამიანს ორ კვირაზე მეტია ჩახლეჩილი აქვს ხმა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს სახმო ნაოჭების გამოსაკვლევად.
ხორხის სხვა ქსოვილები ხმის წარმოქმნაში ნაკლებად მონაწილეობს, ამიტომ ხორხის სხვა ადგილას განვითარებული კიბო გაცილებით გვიან ვლინდება და ასწრებს, უფრო დიდ ზომას მიაღწიოს. ასეთ დროს მისი პირველი ნიშანი შესაძლოა იყოს სისხლიანი ხველა, ხმაურიანი ან გაძნელებული სუნთქვა.
როგორ გამოიყურება
ხორხის კიბო ხორხის ზედაპირზე არსებული წყლულების ან გამონაზარდების სახით არსებობს. შესაძლოა იყოს თეთრი, წითელი, ჰქონდეს სხვადასხვა ზომა და მდებარეობა. კეთილთვისებიანი წარმონაქმნების უმრავლესობისგან განსხვავებით, კიბოს აქვს უხეში, უსწორმასწორო ზედაპირი და ზოგ შემთხვევაში დროდადრო სისხლმდენია.
მბგერავი ნაოჭის კიბო თუ ქსოვილებში ღრმად ჩაიზარდა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ლორწოვანი გარსის ვიბრაციაზე. სტრობოსკოპია შესაძლოა ძალიან ინფორმაციული აღმოჩნდეს ვიბრაციული ქსოვილის მთლიანობის შეფასებისას და დაეხმაროს ექიმს კეთილთვისებიანი დაზიანების კიბოსგან გარჩევაში. საბოლოო დიაგნოზი კი მხოლოდ დაზიანებული ადგილის ნიმუშის მიკროსკოპიული შესწავლით დაისმის.
მკურნალობა
ხორხის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, ზომასა და გავრცელებაზე. საჭიროებისამებრ, ტარდება ოპერაცია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია ან მათი კომბინაცია. მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადებისგან განკურნებას სიცოცხლის რაც შეიძლება მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.
მცირე დაზიანებებს, რომლებიც ხორხითაა შემოფარგლული, შეიძლება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით ან მხოლოდ სხივებით უმკურნალონ.
სხივური თერაპია ხმას უფრო ნაკლებად აზიანებს, ვიდრე ოპერაცია, მაგრამ სიმსივნის მიმდებარე ნორმალურ ქსოვილში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს, ამ ცვლილებებმა კი შესაძლოა ხმის ჩახლეჩამდე, ყლაპვის გაძნელებამდე, ყელის სიმშრალემდე მიგვიყვანოს.
რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, ოპერაციის შემდეგ ხმის ჩახლეჩა მოსალოდნელია, მაგრამ ხმა უმეტესად კარგად აღდგება და არც ქსოვილები ზიანდება, ამიტომ უპირატესობა სწორედ ქირურგიულ მიდგომას ენიჭება.
ხორხის უფრო დიდი სიმსივნეების დროს (რომლებიც შეიძლება კისრის ქსოვილებში იყოს ჩაზრდილი), მიმართავენ სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის კომბინაციას, რომელსაც ზოგჯერ მოჰყვება ქირურგიული ჩარევა დარჩენილი სიმსივნის მოსაშორებლად. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მინიინვაზიური პროცედურის ჩატარება ან ხორხის ნაწილობრივი ამოკვეთა. დიდი, მოცულობითი სიმსივნეები მოითხოვს ამოკვეთას ან, სულ მცირე, ქირურგიულ ჩარევას სასუნთქი გზების გახსნის მიზნით.
თუ ხორხის კიბო შორეულ ორგანოებში გავრცელდა, განკურნება ნაკლებმოსალოდნელია, თუმცა შესაძლებელია მდგომარეობის შემსუბუქება, კიბოს ზრდის შეფერხება და სიცოცხლის ხარისხზე მისი უარყოფითი გავლენის შემცირება.
სახმო ნაოჭების სტრუქტურული ცვლილბები
სახმო ნაოჭზე მრავალნაირი წარმონაქმნი ჩნდება: კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი, ფონოტრავმის შედეგად განვითარებული და ვირუსული წარმოშობისა, ხმის უმნიშვნელო თუ ძლიერი ცვლილების გამომწვევი. ზუსტი დიაგნოზი ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, რადგან სხვადასხვა წარმონაქმნი სხვადასხვანაირ მკურნალობას მოითხოვს.
ცისტა
ცისტა მებრანულ გარსში მოქცეული თხიერი შიგთავსია. ვარაუდობენ, რომ ის ლორწოვან გარსში არსებული ჯირკვლების სადინართა დაბლოკვის შედეგად წარმოიქმნება. ზოგჯერ ეს სპონტანურადაც ხდება, მაგრამ სახმო ნაოჭების გაღიზიანებისას ჯირკვლები უფრო მეტადაა მიდრეკილი დახშობისკენ.
ცისტა უმეტესად ნაოჭის შუაში ჩნდება, რაც მის წარმოშობაში ფონოტრავმის როლზე მეტყველებს.
ცისტა არც სიმსივნეა და არც კიბოსწინარე დაავადება. მისი აღმოჩენა მნიშვნელოვანია მხოლოდ ხმის ცვლილების მიზეზის დასადგენად.
ცისტა, წესისამებრ, იწვევს ხმის ჩახლეჩას ტკივილის გარეშე. ჩახლეჩა უმეტესად ქრონიკული და სტაბილურია. ზოგჯერ მას თან ახლავს უცხო სხეულის შეგრძნება სახმო ნაოჭების დონეზე, ყელის ჩაწმენდის, ჩახველების მოთხოვნილება ან ხველა.
ხმის დასვენებას შეუძლია გააუმჯობესოს მდგომარეობა, მაგრამ ცისტა არ გაქრება. ხმის დასვენება მხოლოდ თანმხლები შეშუპების შემცირებასა და გაწოვას ისახავს მიზნად. ძალიან იშვიათად, მხოლოდ ახალჩამოყალიბებული ცისტის შემთხვევაში, თუ სადინარის ბლოკი მოიხსნა, წარმონაქმნი შესაძლოა თავისთავად გაიწოვოს.
ცისტას უმეტესად ქირურგიულად ამოკვეთენ. არასრული მოცილების შემთხვევაში მოსალოდნელია რეციდივი, ამიტომ ექიმმა ყოველი ღონე უნდა იხამროს, რომ წარმონაქმნი მთლიანად, დაუზიანებლად ამოკვეთოს, თანაც დაბალი იყოს ნაწიბურის გაჩენის ალბათობა, რისთვისაც ნაოპერაციებ ადგილს უნდა გადაეფაროს ცისტის მფარავი ქსოვილის ფენა. ასეთი ოპერაცია ტექნიკურად რთულია, რადგან ცისტის კედელი ადვილად ზიანდება.
ფსევდოცისტა
ფსევდოცისტაც სახმო ნაოჭის შუაში ჩნდება და ფონოტრავმის შედეგია. ისიც იწვევს ხმის ჩახლეჩას ტკივილის გარეშე, თუმცა, სხვა წარმონაქმნებისგან განსხვავებით, მოქნილია და ნაოჭებთან ერთად ვიბრირებს, ამიტომ ფსევდოცისტით გამოწვეული ხმის ჩახლეჩა უფრო სუსტად არის გამოხატული და არამუდმივია.
ფსევდოცისტამ ხმის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ სახმო ნაოჭების შეშუპებისას, რაც მოსალოდნელია გაციების, ალერგიის და ხმის ძლიერი დატვირთვის დროს. ფსევდოცისტის მქონე პაციენტთა უმრავლესობა ვოკალისტია – სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ხმის ცვლილება იმდენად უმნიშვნელოა, ჩვეულებრივი ადამიანები მას ყურადღებას არც კი აქცევენ.
ფსევდოცისტის დროს მიმართავენ ხმის თერაპიას, მკურნალობენ ალერგიას, მჟავა რეფლუქსს. თუ ფსევდოცისტა ამ ღონისძიებებს არ ემორჩილება და პაციენტისთვის შემაწუხებელია, ტარდება ოპერაცია.
გრანულომა
გრანულომა გაღიზიანების ან ტრავმის შედეგად განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის, წესისამებრ, სახმო ნაოჭის უკანა ნაწილზე ჩნდება. ნაოჭები ხშირად ტრავმირდება ხანგრძლივი საუბრის, ხმისთვის ძალის დატანების, სიმღერის, ხმის ჩაწმენდის და ხველის დროს. მიიჩნევა, რომ გრანულომის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს რეფლუქსიც.
გრანულომა შეიძლება ზოგადი ანესთეზიის შემდეგაც განვითარდეს, რადგან სასუნთქი მილი მბგერავ ნაოჭებს შორის იდგმება. ასეთ გრანულომას ინტუბაციურს უწოდებენ. ინტუბაციური გრანულომები ნაკლებად მდგრადია.
გრანულომა სახმო ნაოჭების იმ იშვიათი წარმონაქმნთაგანია, რომლებსაც ტკივილი ახასიათებს. ხველის, ყლაპვის, ხმის ჩაწმენდის დროს ვითარდება მწვავე და ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ყურშიც გადაეცემა. თავის მხრივ, ტკივილი იწვევს ყელის ჩაწმენდის სურვილს ან ხველას, რომელსაც შეუძლია, გრანულომა უფრო მეტად გააღიზიანოს. ასე იქმნება გაღიზიანებისა და გრანულომის ფორმირების ციკლი, რომლის გაწყვეტა ძალიან ძნელია.
გრანულომას, გარდა ტკივილისა, ახასიათებს ყელში უცხო სხეულის შეგრძნება, ხმის ჩახლეჩა (უფრო მეტად – მფშვინავი ხმა) და ხმის წყვეტა. გრანულომის მასა ხელს უშლის ნაოჭების დახურვას, ადამიანს უჭირს ხმამაღალი ლაპარაკი, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჩაკეტილი წრე: ადამიანი თავს ძალას ატანს, რომ ხმამაღლა ილაპარაკოს. შედეგად მბგერავი ნაოჭი უფრო მეტად ტრავმირდება და გრანულომა იზრდება.
ზოგიერთი გრანულომის საპირისპიროდ მეორე ნაოჭზე ნაპრალი ჩნდება, ზოგი გრანულომა კი იმხელა ხდება, რომ სისხლმომარაგება ერღვევა და ნეკროზდება.
გრანულომის სამკურნალოდ აუცილებელია რეფლუქსისგან თავის დაღწევა, რისთვისაც ინიშნება მედიკამენტების რამდენიმეთვიანი კურსი გაცილებით დიდი დოზებით, ვიდრე რეფლუქსის რუტინული მკურნალობის დროს. საჭიროა ქცევის შეცვლაც: ხმამაღალი ლაპარაკისგან, ხმის ჩაწმენდისგან, ჩახველებსგან თავის შეკავება), ქირურგიული ჩარევა უკიდურესი საშუალებაა – სათანადო მკურნალობითა და ქცევის კორექციით გრანულომების უმრავლესობა პატარავდება და საბოლოოდ ქრება.
კვანძები
კვანძები სახმო ნაოჭების შუაში არსებული სიმეტრიული, ფართოძირიანი წარმონაქმნებია. ისინი ორივე ნაოჭზე ჩნდება ფონოტრავმის შედეგად. კვანძები ხშირად უვითარდებათ ახალგაზრდა ქალებს და ბიჭებს გარდატეხის ასაკამდე, საკმაოდ ხშირია მომღერლებშიც, ზრდასრულ მამაკაცებთან კი ფაქტობრივად არ გვხვდება.
კვანძები უმეტესად იწვევს ხმის ჩახლეჩას ტკივილის გარეშე. მდგომარეობა უარესდება ხმის დატვირთვისას, გაციების, ყელის ტკივილის დროს და უმჯობესდება ხმის დასვენების შემდეგ. კვანძები შესაძლოა შეშუპდეს ხმის გამოყენების გამო განვითარებული განმეორებითი ტრავმის შედეგად.
მკურნალობა გულისხმობს ხმის დასვენებას. ეს აუმჯობესებს ხმას, შესაძლოა, გარკვეულწილად შეამციროს კვანძებიც, მაგრამ, სავარაუდოდ, მათ გაქრობას არ იწვევს. ხმის დასვენებისას ფონოტრავმით გამოწვეული შეშუპება მცირდება და ხმა თავდაპირველ ჟღერადობას იბრუნებს, მაგრამ როგორც კი ადამიანი ხმას ძალას დაატანს, ჩივილები ისევ აღმოცენდება. ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, სტეროიდები, ხშირად გამოიყენება შეშუპების შესამცირებლად, მაგრამ ძირითად პრობლემას ვერ აგვარებს.
კვანძების საწყისი მკურნალობის საფუძველია ხმის თერაპია. მისი მიზანია, ადამიანი გაეცნოს ხმის გამოყენების გარემოებებსა და ჩვევებს, რომლებმაც პრობლემა გამოიწვია და შეიმუშაოს ხმის გამოყენების უვნებელი სტრატეგიები. თერაპიის შედეგად კვანძები უფრო რბილი და მოქნილი ხდება, რაც ხმას აუმჯობესებს.
ძალიან იშვიათად, უმეტესად – გამკვრივებული ქსოვილის მოსაცილებლად, მიმართავენ მიკროლარინგოსკოპიულ ქირურგიას.
პოლიპი
პოლიპი არის წითელი, მკვეთრად გამოყოფილი წარმონაქმნი, რომელიც, წესისამებრ, სახმო ნაოჭების შუა წერტილში ჩნდება. უმეტესად ცალმხრივია, მაგრამ შესაძლოა წყვილადაც გაჩნდეს ერთმანეთის მოპირდაპირედ. ისიც ფონოტრავმის შედეგია. ზოგი ვარაუდობს, რომ პოლიპები სახმო ნაოჭების სისხლძარღვებიდან სისხლდენის შედეგად ვითარდება.
სხეულის სხვა ნაწილების პოლიპებისგან განსხვავებით, მბგერავი ნაოჭის პოლიპები კიბოსწინარე წარმონაქმნად ან სიმსივნედ არ მიიჩნევა.
პოლიპები იწვევს ხმის ჩახლეჩას ტკივილის გარეშე. თუ პოლიპს ვიწრო ფეხი აქვს, შესაძლოა იმოძრაოს და გამოიწვიოს ხმის გარდამავალი წყვეტა. მისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებია უცხო სხეულის შეგრძნება სახმო ნაოჭების დონეზე ან ყელის ჩაწმენდის მოთხოვნილება.
ხმის დასვენებამ შესაძლოა რამდენამდე გააუმჯობესოს მდგომარეობა, მაგრამ არ აქრობს პოლიპს, ხმის დატვირთვამ კი ადამიანი შესაძლოა უხმოდაც დატოვოს. დასვენების შემდეგ ხმა დაბრუნდება, მაგრამ ისევ დაიკარგება ხმის ინტენსიური გამოიყენებისას. ასე გაგრძელდება, სანამ პოლიპს არ მოაშორებენ.
თუ წარმონაქმნი მცირე ზომისა და არც ისე დიდი ხნისაა, ხმის თერაპია შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს სიმპტომების შესამცირებლად და ხმის აღსადგენად, თუმცა უმეტესად საჭირო ხდება პოლიპის ამოკვეთა. ოპერაციისა და ხმოვანი თერაპიის შემდეგ სხვა პოლიპის წარმოქმნის შანსი ძალიან მცირეა.
პაპილომა
პაპილომა ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული მეჭეჭისმაგვარი წარმონაქმნია. სხვადასხვა ტიპის პაპილომავირუსი იწვევს პაპილომების გაჩენას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.
პაპილომავირუსი ადამიანისგან ადამიანს მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა, თუმცა ყველას, ვისაც ის ხვდება, არ უვითარდება პაპილომა.
ხორხის პაპილომების წარმოქმნაზე არავითარ გავლენას არ ახდენს ხმის გამოყენების ინტენსივობა. ის უმეტესად მცირეწლოვანი ბავშვების დაავადებაა. ზრდასრულებთან ნაკლებად აგრესიულია, თუმცა რაც უნდა ძირში მოიკვეთოს, კვლავ გაიზრდება, ამიტომ მდგომარეობას მორეციდივე რესპირატორულ პაპილომატოზს უწოდებენ და განიხილავენ როგორც ქრონიკულ, უკურნებელ დაავადებას, რომელსაც არაპროგნოზირებადი მიმდინარეობა აქვს.
პაპილომა უმეტესად ტკივილის გარეშე ხმის ჩახლეჩას იწვევს. მდგომარეობა დაზიანების ზომისა და მოცულობის პირდაპირპროპორციულად უარესდება. უკონტროლო ზრდის შემთხვევაში პაპილომამ შესაძლოა დაახშოს სასუნთქი გზები და სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს.
გაურკვეველი მიზეზების გამო ვირუსი უპირატესობას ანიჭებს სახმო ნაოჭების ლორწოვან გარსს, თუმცა დაზიანება შესაძლოა გადავიდეს მიმდებარე ზედაპირებზეც. პაპილომა ზოგჯერ ერთი ადგილით შემოიფარგლება, ზოგჯერ კი ერთი ან ორივე ნაოჭის მთელ ზედაპირზე ვრცელდება.
იშვიათად, იმუნური სისტემის დაავადების დროს, პაპილომა შესაძლოა გავრცელდეს ხორხის გარეთაც – პირში, ყელსა და ფილტვებში. უიშვიათესია მისი კიბოდ გარდაქმნა.
პაპილომისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია. ოპერაცია, რომელიც მკურნალობის მთავარ მეთოდად რჩება, გამოიყენება დაავადების სამართავად, მაგრამ მის შემდეგ მოსალოდნელია პაპილომების გამრავლება. ზოგიერთ ზრადსრულს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაავადება შემოიფარგლება ხორხის ერთი მხარით, პაპილომა შესაძლოა გაქრეს ერთი ან მეტი ქირურგიული ჩარევის შემდეგ. რეციდივისგან დაცვის უნარი, როგორც ჩანს, ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული.
ნაწიბურის შესამცირებლად და ხმის ხარისხის შესანარჩუნებლად ზოგჯერ ოპერაციის დროს წარმონაქმნის მცირე ნაწილს ტოვებენ, თუმცა ხშირი ოპერაციები უმეტესად გავლენას ახდენს ხმის ხარისხზე.
ამჟამად იკვლევენ ანტივირუსული მედიკამენტის ციდოფოვირის მოქმედებას პაპილომებზე და ეძებენ გზებს იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, რათა უკეთ გაუმკლავდეს დაავადებას.
ლეიკოპლაკია და ერითროპლაკია
ლეიკოპლაკია თეთრ ლაქას ნიშნავს, ხოლო ერითროპლაკია – წითელ ლაქას. ამ ტერმინებით მოიხსენიებენ ლორწოვანი გარსის გარქოვანებას. თუ ერთსა და იმავე ადგილას ჩანს თეთრი და წითელი უბნების კომბინაცია, მას ერითროლეიკოპლაკიას უწოდებენ.
ლეიკოპლაკია და ერითროპლაკია ყველაზე ხშირად პირის ღრუს ლორწოვანზე ვითარდება, მაგრამ მათგან არც ყელი და სახმო ნაოჭებია დაზღვეული. ისინი, წესისამებრ, უვითარდებათ მწეველებს, პირებს, რომლებიც ტოქსიკური გამღიზიანებლების ზემოქმედებას განიცდიან ან კვების დეფიციტი აქვთ, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს ამ ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც.
ლეიკოპლაკია და ერითროპლაკია კიბოსწინარე დაზიანებებად მიიჩნევა, თუმცა კიბოდ მათი გარდაქმნის რისკის შესაფასებლად საჭიროა მათი უჯრედების მიკროსკოპული გამოკვლევა. რისკი უფრო მაღალია დისპლაზიის არსებობისას.
პირის ღრუში ან ყელში არსებული ლეიკოპლაკია და ერითროპლაკია შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს და შემთხვევით აღმოაჩინონ რუტინული გამოკვლევის ან ხმის სკრინინგის დროს, მაგრამ მბგერავ ნაოჭებზე არსებული გარქოვანებული უბნები ხმას ცვლის – ჩახლეჩიდან სრულ დაკარგვამდე. სიმპტომები ნელა ვითარდება.
ლეიკოპლაკიისა და ერითროპლაკიის მართვა დაზიანების ადგილსა და ბიოფსიის პასუხზეა დამოკიდებული. ექიმმა შესაძლოა აირჩიოს დაკვირვების ტაქტიკა, ლაზერული ან ქირურგიული მკურნალობა. მკურნალობის სტრატეგიის ნაწილია მოწევისთვის თავის დანებება და სხვა გამღიზიანებლებთან კონტაქტის შეწყვეტა.
ხმის ფუნქციის გასაუმჯობესებლად ოპერაცია შესაძლოა ჩატარდეს მაშინაც, როცა ბიოფსიის პასუხი ამას არ ითხოვს.
რეინკეს შეშუპება
რეინკეს შეშუპება არის ლორწოვანი გარსის ფირფიტის (ლამინა პროპრია), იმავე რეინკეს შრის, შეშუპება, რაც, წესისამებრ, მწეველებს ემართებათ. ის თავისთავად კიბოსწინარე მდგომარეობად არ მიიჩნევა, მაგრამ ვინაიდან რეინკეს შეშუპების მქონე ადამიანი მწეველია, რეკომენდებულია პირის ღრუს, ცხვირის, ყელის გულდასმით გამოკვლევა კიბოს ან კიბოსწინარე დაზიანების გამოსარიცხად.
რეინკის შეშუპება იწვევს დამახასიათებელ დაბალ ჩახლეჩილ ხმას. ის უფრო მეტად ქალებთანაა შესამჩნევი, მამაკაცებთან კი, ვინაიდან ბუნებრივად დაბალი ხმა აქვთ, ცვლილება შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს.
შეშუპებამ შესაძლოა სუნთქვაც კი შეაფერხოს, თავდაპირველად – დატვირთვისას, მოგვიანებით – დასვენების დროსაც, და ხელი შეუწყოს ძილის აპნოეს (სუნთქვის შეწყვეტა ძილის დროს) განვითარებას.
რეინკეს შეშუპების ადრეულ და მსუბუქ შემთხვევებში პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლოა მოწევის შეწყვეტაც საკმარისი აღმოჩნდეს. თუ ამან მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა, ტარდება ოპერაცია ლამინა პროპრიას ისე გასათხელებლად, რომ ნაოჭებმა ვიბრაციის უნარი შეინარჩუნოს, თუმცა არსებობს ნაწიბურების გაჩენის რისკიც.
ნაწიბური
მბგერავ ნაოჭზე ნაწიბური შესაძლოა წარმოიქმნას ქირურგიული ჩარევის, ხორხის დაავადების, ტრავმის, ხმის გადაჭარბებული გამოყენების შედეგად. ხმის ჩახლეჩის ხარისხი დაახლოებით ნაწიბურის მოცულობისა და სიმძიმის პროპორციულია. ვინაიდან ნაწიბურის არსებობისას ხმის წარმოქმნა უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, შესაძლოა განვითარდეს კისრის კუნთების ტკივილი ან დაჭიმულობა.
ნაწიბურებით გამოწვეული ხმის ჩახლეჩა ხმის გამოყენების შემდეგ იმატებს, ხმის დასვენების შემდეგ კი ოდნავ იკლებს. ნაწიბურები ყლაპვას და სუნთქვას ხელს არ უშლის.
ნაწიბურის წარმოქმნის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა, ამიტომ სახმო ნაოჭზე ოპერაციის დაგეგმვისას ყველაფერი უნდა გაკეთდეს მისი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. პაციენტს რეკომენდაცია ეძლევა, ოპერაციის შემდეგ თავი დაანებოს მოწევას, დაარეგულიროს რეფლუქსი და ერთხანს ხმა არ გამოიყენოს.
უკვე განვითარებულ ნაწიბურს არაქირურგიულად მკურნალობენ. მდგომარეობას უმეტესად აუმჯობესებს ხმის თერაპია და ხმის გონივრული გამოყენება, სულ მცირე, რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ნაწიბურზე ოპერაცია ფრთხილად უნდა დაიგეგმოს, რადგან ნებისმიერმა ასეთმა ჩარევამ შესაძლოა გააუარესოს მდგომარეობა. ნაწიბუროვანი სახმო ნაოჭების რეაბილიტაცია ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ლარინგოლოგიაში. ზედაპირული ლამინა პროპრიას სრულყოფილი შემცვლელი არ არსებობს, თუმცა ქირურგები სხვადასხვანაირი წარმატებით იყენებენ კოლაგენს, ცხიმს და ჰიალურონის მჟავას.
ღარი
სახმო ნაოჭის ზედაპირზე ღარის გაჩენა გამოწვეულია საკუთარი ფირფიტის განლევით ან არარსებობით.
თუ ღარი მთელ სიგრძეზე გასდევს ნაოჭს (შულცუს ვერგეტურე), ადამიანს მთელი სიცოცხლე ჩახლეჩილი ხმა აქვს. ეს შესაძლოა გენეტიკურიც იყოს. თუ ღარი ნაოჭის მხოლოდ ნაწილზეა (შულცუს ვოცალის), ვარაუდობენ, რომ ეს არის ნაოჭის ცისტის გახეთქვის ან სხვა ნაწიბუროვანი პროცესის შედეგი. მას ხშირად ანთებითი პროცესიც ახლავს თან.
შულცუს ვერგეტურე იწვევს ხმის დამახასიათებელ ჩახლეჩას, გაუხეშებას. ხმის გამოსაცემად ადამიანს დიდი ძალისხმევა უწევს. ფონური ხმაურისას მისი ხმის გაგონება ჭირს. ზოგჯერ ღარი ხმის სიმაღლის ცვლილებასაც განაპირობებს, რის გამოც მამაკაცი ტელეფონით საუბრისას შესაძლოა ქალად მიიჩნიონ.
შულცუს ვოცალის იწვევს ნაკლებად სპეციფიკურ ხმის ჩახლეჩას ტკივილის გარეშე. მან შესაძლოა მოიმატოს ან მოიკლოს, მაგრამ ამა თუ იმ ხარისხით ყოველთვის შეინიშნება. სულცუს ვოცალის-ის დიაგნოზის დასმა რთულია.
ღარის მკურნალობის შესახებ ექიმებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ძირითადი სირთულეა ლამინა პროპრიას სრულყოფილი შემცვლელის პოვნა. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ქსოვილი მთლიანად უნდა მოიკვეთოს და მომიჯნავე ნორმალური ქსოვილებით ჩანაცვლდეს, მაგრამ ეს დანაწიბურებას და ზოგჯერ ხმის უარეს ჩახლეჩას იწვევს. ზოგის აზრით, საჭიროა, სახმო ნაოჭის ზედაპირის ქვეშ შეყვანილ იქნეს სხეულის სხვა ნაწილიდან ამოღებული ცხიმი, კოლაგენი ან სხვა ნივთიერება. შედეგები არაპროგნოზირებადია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მეთოდს ხშირად აქვს დადებითი ეფექტი.
სისხლდენა
სახმო ნაოჭიდან სისხლდენა და მასში სისხლჩაქცევა ფონოტრავმის შედეგია ხმის ძლიერი ან ხანგრძლივი გამოცემისას. მას ხელს უწყობს ლარინგიტის გამო განვითარებული შეშუპება, მცირე ზომის პოლიპები, ვარიკოზის გამო სისხლძარღვების შესუსტება. ასეთი სისხლდენა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
სისხლდენა იწვევს ძალიან მოკლე დროში განვითარებულ ხმის ჩახლეჩას. ის მოჰყვება კონკრეტულ მოვლენას, რომელიც ხმის დაძაბვას მოითხოვს, მაგალითად, მუსიკალურ გამოსვლას, წვეულებაზე ხმაურის გამო ხმამაღალ საუბარს, სპორტული გუნდის გულშემატკივრობას. ხმის ჩახლეჩა ზოგჯერ საუბრის დროსაც შესამჩნევია, ზოგჯერ კი მხოლოდ სიმღერის დროს. სისხლჩაქცევა არც ტკივილს იწვევს, არც ყლაპვასა და სუნთქვას უშლის ხელს.
სისხლჩაქცევა, რომელიც მთელ სახმო ნაოჭს მოიცავს, ხმის დაუყოვნებლივ დასვენებას მოითხოვს. ხმის გამოყენება რამდენიმე დღით უნდა შეიზღუდოს ან მთლიანად შეწყდეს. განმეორებითი გამოკვლევის შემდეგ შეიძლება განისაზღვროს “დამუნჯების” ზუსტი ხანგრძლივობა. სტეროიდებს არ იყენებენ.
განმეორებითი სისხლდენისას, რასაც ყოველთვის აქვს მიზეზი: ხმისთვის საზიანო ქცევა ან სახმო ნაოჭის დაზიანება, – ხმის თერაპიასთან ერთად შეიძლება ჩატარდეს მიკროლარინგოსკოპია და სისხლძარღვოვანი დეფექტი გასწორდეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური ოპერაციაა ლარინგოლოგიაში.
სახმო ნაოჭების ნერვული დაზიანება
სახმო ნაოჭების ნერვების დაზიანება მათ სხვადასხვა ხარისხით გამოხატულ დისფუნქციას იწვევს. ზოგჯერ მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ერთადერთი გამოსავალია ტრაქეოსტომია – სასულის გაკვეთა და მასში სასუნთქი მილის ჩადგმა, ზოგჯერ კი პრობლემა შეიძლება თავისთავადაც მოგვარდეს.
დამბლა
მბგერავი ნაოჭების დამბლა არის ხორხის შებრუნებითი ნერვის დაზიანების ან დისფუნქციის გამო განვითარებული უძრაობა. დამბლას იწვევს ნერვის დაზიანება ოპერაციის (უმეტესად – ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის) დროს, ნერვზე სიმსივნის ზეწოლა, ინსულტი, ნერვის ვირუსული ანთება... ის ცალმხრივიც შეიძლება იყოს და ორმხრივიც (მარცხენა სახმო ნაოჭი მარჯვენაზე ორჯერ ხშირად დამბლავდება). ეს ორი ფორმა სხვადასხვანაირად ვლინდება და სხვადასხვანაირ მკურნალობას მოითხოვს.
ორმხრივი დამბლის დროს ნაოჭები საერთოდ ვერ იხსნება, რაც სასუნთქი გზების შევიწროებას და დახშობას იწვევს. თითქმის ყოველთვის აღინიშნება ხმაურიანი სუნთქვა და ქოშინი, რაც ზოგჯერ ასთმაში ერევათ. არსებობს საშიშროება სასუნთქი გზების დაბლოკვისა, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. ორმხრივი დამბლის საწყისი (და ზოგჯერ გადაუდებელი) მკურნალობა სწორედ ამ საშიშროების თავიდან აცილებისკენ არის მიმართული. ტარდება ტრაქეოსტომია –ტრაქეაში გარედან იდგმება სასუნთქი მილი. თუ დამბლამ გაიარა, ტრაქეოსტომას ხურავენ. თუ სახმო ნაოჭების მოძრაობა არ აღდგა, ტრაქეოსტომას ტოვებენ ან ნაოჭის ნაწილის ამოკვეთით აფართოებენ სასუნთქ გზას. სამწუხაროდ, ამ ოპერაციამ შეიძლება ხმაც და ყლაპვის ფუნქციაც გააუარესოს.
ცალმხრივი დამბლა ხმისა და ყლაპვის პრობლემებს იწვევს. ხმა ჩახლეჩილია, მფშვინავი და რბილი, ხმაურის ფონზე საუბარი ჭირს, გართულებულია ტონალობის კონტროლი, პაციენტები ხმას ჰაერს აყოლებენ, რის გამოც მდგომარეობა ერევათ სასუნთქი სისტემის პრობლემით გამოწვეულ ქოშინში. ზოგჯერ მეტყველებაში ერთვება კუნთები, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაში ხმის წარმოქმნაში არ მონაწილეობს, და მბგერავი ნაოჭების ერთმანეთთან მიტანას ცდილობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი ხანგრძლივი საუბრის შემდეგ. ხმის შეცვლას ზოგჯერ თან ახლავს ხველა ყლაპვის, განსაკუთრებით სითხის მიღების დროს.
ცალმხრივი დამბლა ზოგჯერ თავისთავად გაივლის, მკურნალობით კი უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია თითქმის ნორმალური სასაუბრო ხმის აღდგენა. მკურნალობა ეფუძნება დადამბლავებული ნაოჭის მოძრავ ნაოჭთან მიახლოებას, მედიალიზაციას, რაც სახმო ნაოჭში სპეციალური ნივთიერების ინექციით ან ქირურგიული მანიპულაციით ხორციელდება.
პარეზი
პარეზი სახმო ნაოჭების ნაწილობრივი დამბლაა, რომლის დროსაც ნაოჭი მოძრაობის უნარს ინარჩუნებს. ის უმეტესად ვირუსული ინფექციის ან გაციების შედეგია, იშვიათად კი მიმდებარე მიდამოზე ქირურგიული ჩარევისა.
ვინაიდან პარეზის გამო მბგერავი ნაოჭები კარგად ვერ იხურება, ხმა შეიძლება იყოს რბილი, ჩახლეჩილი ან მფშვინავი. ცვლილებები ზოგჯერ თითქმის შეუმჩნეველია, ზოგჯერ კი აშკარავდება ხმაურის ფონზე ლაპარაკის, ლექციის კითხვის, პრეზენტაციის წარდგენის დროს. ადამიანს შესაძლოა ხმისთვის ძალის დატანება დასჭირდეს, გაუჩნდეს სუნთქვის გაძნელების შეგრძნება, საუბრისას ასტკივდეს კისრის კუნთები. არც ის არის გამორიცხული, ხმა უცვლელი დარჩეს და პრობლემის ერთადერთი ნიშანი ტკივილი, სუნთქვის გაძნელება ან მათი კომბინაცია იყოს.
პარეზი, წესისამებრ, უეცრად ვითარდება. პაციენტს შეუძლია, საკმაოდ ზუსტად გაიხსენოს მისი დაწყების დრო.
პარეზის დიაგნოზის დასმა ხშირად ჭირს, რადგან შესაძლოა, ადამიანს ბუნებრივად ჰქონდეს ნაოჭების ასიმეტრია. ზოგჯერ პარეზი რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში თავისთავად გაივლის. საწყისი მკურნალობაა ხმის თერაპია. თუ მან შედეგი ვერ გამოიღო, ტარდება მედიალიზაცია.
ხმის ტრემორი
ესენციური ტრემორი უმეტესად ხელების უნებლიე მოძრაობებით გამოიხატება, თუმცა შესაძლოა მოიცვას სხეულის ზემოთა ნაწილებიც, მათ შორის – ხორხი და სახმო ნაოჭები. შემთხვევათა ნახევარში ტრემორი გენეტიკურია და ასაკის მატებასთან ერთად მძიმდება.
ხმის ესენციური ტრემორი იწვევს ხმის სიძლიერის, სიმაღლის (ტონალობის) ან ორივე მათგანის რიტმულ ცვლილებებს. მსუბუქი ტრემორის დროს ხმა ოდნავ კანკალებს, უფრო ძლიერმა ტრემორმა კი შესაძლოა ხმის წყვეტა გამოიწვიოს. ამის გამო ტრემორის მქონე ადამიანები ზოგჯერ ჩურჩულით ლაპარაკობენ.
სამწუხაროდ, არ არსებობს ხმის ტრემორის დასადგენი სპეციფიკური ტესტი. დიაგნოზი სახმო ნაოჭების მოძრაობაზე დაკვირვებას ემყარება. ხმის ძლიერი ტრემორი ადვილად შეიძლება სპაზმურ დისფონიაში აერიოთ. ეს გავრცელებული დიაგნოსტიკური შეცდომაა.
მკურნალობენ მედიკამენტებით (პროპრანოლოლი, პრიმიდონი) ან მბგერავ ნაოჭებში ბოტულინის ტოქსინის ინექციებით, თუმცა ინექციას დროებითი ეფექტი აქვს, საჭიროა მისი გამეორება სამ-ოთხ თვეში ერთხელ. ხმის თერაპია შესამჩნევ შედეგს იშვიათად იძლევა. ოტოლარინგოლოგთან ერთად დაავადებას მკურნალობს ნევროლოგიც. თუმცა ყოველგვარი მკურნალობა მიზნად ისახავს სიმპტომებისგან გათავისუფლებას, თავად ტრემორი არ იკურნება.
სპაზმური დისფონია
სპაზმური დისფონია ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც მბგერავი ნაოჭების უნებლიე მოძრაობებს იწვევს. არსებობს ორი ტიპის დისფონია. ერთისთვის (ის დისფონიის შემთხვევათა 85-90%-ს შეადგენს) დამახასიათებელია ხმის გამოცემის დროს სახმო ნაოჭების ერთმანეთისკენ მიზიდვა, მეორისთვის კი – განიზიდვა.
სპაზმური დისფონია ოცდაათი-ორმოცი წლის ასაკში ვითარდება. მისი მიზეზი უცნობია. სახმო ნაოჭების ერთმანეთთან ზედმეტად მიახლოება ხმაში დაძაბულობას აჩენს, განზიდვა კი ფშვინვას ან ხმის წყვეტას განაპირობებს. ეს სიმპტომები უფრო აშკარად იჩენს თავს შფოთვისას, როდესაც აღწერილ ცვლილებებს შესაძლოა ხმის კანკალიც დაერთოს, უცხო ადამიანებთან საუბრისას, ტელეფონით საუბრისას, საჯარო გამოსვლისას.
სპაზმური დისფონია, წესისამებრ, თავს იჩენს ერთი და იმავე ტიპის აქტივობის დროს. მაგალითად, სიცილის ან სიმღერის დროს ხმა სრულფასოვანია, ლაპარაკის დროს კი იცვლება.
ვინაიდან სპაზმური დისფონია სახმო ნაოჭების მოძრაობის დარღვევაა, ხორხის გამოკვლევა უნდა მოხდეს ხმის გამოცემის, სასურველია, მეტყველების დროს. სპაზმური დისფონია არ იკურნება, მაგრამ თითქმის ყოველთვის შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება. მკურნალობა ტარდება ბოტულინის ტოქსინის ინექციებით. ზოგჯერ ოპერაციასაც მიმართავენ.
კუნთოვანი დაძაბულობის დისფონია
კუნთოვანი დაძაბულობის დისფონია (კდდ) არის ხმის ჩახლეჩა ან სხვაგვარი ცვლილება, რომელიც გამოწვეულია მეტყველების ან სიმღერის დროს ხორხის გარშემო არსებული კუნთების არასათანადო გამოყენებით. ის შეიძლება განვითარდეს თავისთავად (პირველადი კდდ) ან სხვა დარღვევის ფონზე (მეორეული კდდ). პირველადი კდდ-ს მიზეზი ხშირად გაურკვეველია. მას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს რომელიმე დაავადებამ, ალერგიამ, რეფლუქსმა, სხვა გამღიზიანებელმა ან ხმის ინტენსიურმა გამოყენებამ, სტრესმა, შფოთვამ ან ძლიერმა ემოციამ. მეორეული კდდ-ს დროს კუნთი ზედმეტად იძაბება კვანძების, პოლიპების, სახმო ნაოჭების დამბლით გამოწვეული პრობლემის საკომპენსაციოდ.
კდდ-მ შეიძლება გააუარესოს ხმის ხარისხი, გაართულოს ხმის წარმოქმნა, გამოიწვიოს ხმის სწრაფად დაღლა, კისრის ან ყელის ტკივილი, შებოჭილობა ან დისკომფორტი. ხმა ამ დროს შესაძლოა იყოს მფშვინავი, დაძაბული, უხეში. ზოგიერთი საერთოდ ვერ ახერხებს ხმის გამოცემას, რასაც აფონია ეწოდება. რაც უფრო მეტად ვიყენებთ ხმას, მით უფრო მძიმდება სიმპტომები.
კდდ-ს დიაგნოსტირება შესაძლებელია ანამნეზისა და კლინიკური ნიშნების საფუძველზე. კუნთების გადაჭარბებულ დაძაბულობაზე მუთითებს ხორხის ირგვლივ არსებული კუნთების ტკივილი შეხებისას და რბილქსოვილოვანი სივრცის შევიწროება ფარისებრ ხრტილსა და ენისქვეშა ძვალს შორის.
კდდ ხშირად იქცევა განტევების ვაცად – მას მიაწერენ ხმის ფუნქციის დარღვევას ბევრ ისეთ შემთხვევაში, როდესაც დიაგნოზი გაურკვეველია, ამიტომ დიაგნოსტიკა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
თუ კდდ-ს დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანი არ არის, ნიშნავენ საცდელ მკურნალობას – ხმის თერაპიას. თუ ხმა მკურნალობას დაემორჩილა და სიმპტომები შემსუბუქდა, ეს დიაგნოზის დამადასტურებელი ნიშანია. თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩა, ტარდება ხელახალი დიაგნოსტიკა.
კდდ-ს დროს სწორედ ხმის თერაპიაა რეკომენდებული. პირველადი კდდ-ს მკურნალობა გულისხმობს პრობლემური ვოკალური ქცევის გამომწვევის იდენტიფიცირებას და მის მართვაზე მუშაობას. მეორეული კდდ-ს მკურნალობა მიმართულია როგორც თავად დისფონიის, ისე პირველადი პრობლემის დაძლევისკენ, თუმცა მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ხმა თავისთავად შესაძლოა არ აღდგეს და საჭირო გახდეს ხმის თერაპია კუნთის ჩვევად ქცეული კომპენსატორული დაძაბულობის სამკურნალოდ.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა
ადამიანის ხმა ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი ინსტრუმენტია. ის სამუშაო იარაღია მრავალი პროფესიის ადამიანებისთვის: მასწავლებლებისთვის, ტელე- და რადიოჟურნალისტებისთვის, დიქტორებისთვის, მსახიობებისთვის... მაგრამ არავისთვის აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორიც მომღერლებისთვის.
ადამიანის ვოკალური პორტრეტი
ბგერა, როგორც უკვე იცით, ხორხში წარმოიქმნება, როდესაც ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ნაკადი სახმო ნაპრალს გაივლის. ხორხის აგებულება ინდივიდუალურია, ისევე როგორც ინდივიდუალურია ყოველი მომღერალი. ამიტომ არის, რომ არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი ხმა. ამიტომ არის, რომ ხმით ისევე შეიძლება ადამიანის ამოცნობა, როგორც გარეგნობით.
მაგრამ ხმა, რომელიც გვესმის, არ არის მხოლოდ სახმო ნაოჭების მუშაობის შედეგი – მის ფორმირებაში მონაწილეობს ხახა, რბილი და მაგარი სასა, ცხვირის ღრუ, პირის ღრუ, ცხვირის დანამატი წიაღები, ენა, ტუჩები, კბილები, ლოყები, ქვედა ყბა, გულმკერდისა და მუცლის კუნთები.
ბგერას წარმოქმნისთანავე აქვს მთავარი მახასიათებლები: სიმაღლე, ძალა და ტემბრი, - რომლებსაც სახმო ნაოჭების სიგრძე, სისქე და მოქნილობა განსაზღვრავს. მაგალითად, რაც უფრო სქელია ეს ნაოჭები, მით უფრო დაბალია ხმა. ქალებს ბუნებრივად უფრო თხელი სახმო ნაოჭები აქვთ, ამიტომ ქალის ხმა მამაკაცისაზე მაღალია.
სასიმღერო ხმის ფორმირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეზონატორებიც. რეზონატორი სახმო აპარატის ნაწილია, რომელიც ხმას აძლიერებს. ის რომ არა, ერთმანეთის ხმას ვერ გავიგონებდით.
სახმო ნაოჭები შეიძლება კამერტონს შევადაროთ: დარტყმის შემდეგ ის რხევას იწყებს, მაგრამ ბგერა, რომელსაც გამოსცემს, იმდენად ხმადაბალია, რომ თუ ყურთან არ მივიტანეთ, ვერ გავიგონებთ. სამაგიეროდ, თუ კამერტონთან მივიტანთ რეზონატორს, მაგალითად, ცარიელ ქილას, ბგერა რეზონირებას დაიწყებს და გაძლიერდება.
ადამიანის ხმისთვის რეზონატორების როლს ასრულებს თავი (ხახა, პირის ღრუ, ცხვირის ღრუ, ცხვირის დანამატი წიაღები) და გულმკერდი (ტრაქეა, ბრონქები).
იმის გასაგებად, რომელ რეზონატორებს იყენებს ადამიანი, ზედას თუ ქვედას, შეიძლება სიმღერის დროს ხელი მკერდსა და ცხვირზე მივიდოთ. ქვედა რეზონატორების გამოყენებისას გულმკერდი ვიბრირებს, ხოლო ზედა რეზონატორების გამოყენებისას - ცხვირი.
ხმათა კლასიფიკაცია
სასიმღერო ხმების მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული დაყოფა ხმის დიაპაზონს ეფუძნება.
დიაპაზონი იმ ბგერების ერთობლიობაა, რომელთა გამოცემაც შეუძლია მომღერალს. მომღერლის დიაპაზონი საშუალოდ ორ ოქტავას მოიცავს, თუმცა არსებობენ ისეთი შემსრულებლებიც, რომელთა დიაპაზონი სამ, ოთხ, ხუთ და ექვს ოქტავასაც კი აღწევს.
ტრადიციულად, ხმებს ექვს ძირითად ჯგუფად ყოფენ. სამი მათგანი: სოპრანო, მეცოსოპრანო და კონტრალტო – ქალისაა, სამი: ტენორი, ბარიტონი და ბანი – მამაკაცისა.
ყველაზე მაღალი ბგერები სოპრანოს დიაპაზონში შედის, ყველაზე დაბალი – ბანის დიაპაზონში.
ამავე კლასიფიკაციაში ხმის ძალისა და მოქნილობის მიხედვით რამდენიმე ქვეკატეგორიას გამოყოფენ. მაგალითად, სოპრანო შეიძლება იყოს კოლორატურული, ლირიკული ან დრამატული. კოლორატურული სოპრანო ყველაზე მოქნილი ხმაა, რომელსაც რთული ფიორიტურების შესრულება შეუძლია, ხოლო დრამატული – ყველაზე ძლიერი და სავსე. ამავე კრიტერიუმებით განასხვავებენ ტენორე დი გრაციას, იმავე ლეჯეროს, ლირიკულ ტენორს, სპინტოს, დრამატულ ტენორს...
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ყველა ქვეკატეგორიას არ მოიცავს, მაგრამ ხმათა კლასიფიკაციის შესახებ ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით:
ქალის ხმები
სოპრანო
კოლორატურული სოპრანო
ლირიკული სოპრანო
სპინტო სოპრანო
დრამატული სოპრანო
მეცოსოპრანო
კოლორატურული მეცოსოპრანო
ლირიკული მეცოსოპრანო
დრამატული მეცოსოპრანო
კონტრალტო
კოლორატურული კონტრალტო
ლირიკული კონტრალტო
დრამატული კონტრალტო
კაცის ხმები
ტენორი
ტენორე ალტინო
ტენორე დი გრაცია
ლირიკული ტენორი
სპინტო ტენორი
დრამატული ტენორი
ჰელდენტენორი
ბარიტონი
კოლორატურული ბარიტონი
ლირიკული ბარიტონი
დრამატული ბარიტონი
ჰელდენბარიტონი
ბას-ბარიტონი
ბანი
ბელკანტოს ბანი
ბასო კანტანტე
ბასო ბუფო
დრამატული ბანი
ბასო პროფონდო
სასიმღერო სუნთქვა
ჩვეულებრივი მეტყველების დროს ადამიანი სუნთქვას დიდ ყურადღებას არ აქცევს, სიმღერა კი გამართული, მოწესრიგებული სუნთქვის გარეშე შეუძლებელია.
განასხვავებენ სუნთქვის სამ ძირითად ტიპს:
. ზედამკერდისმიერს, რომელშიც მონაწილეობს გულმკერდის ზედა ნაწილი, დიაფრაგმა არ ეშვება, მუცელი შეზნექილია;
. მკერდ-დიაფრაგმისმიერს, რომელიც სრულდება გულმკერდის ქვედა ნაწილის გაფართოებისა და დიაფრაგმის დაშვების ხარჯზე;
. მუცლისმიერს – გულმკერდი თითქმის უძრავია, ჩასუნთქვა ხდება მხოლოდ დიააფრაგმის დაშვებით, მუცელი ოდნავ გამოიზნიქება.
ჩასუნთქვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამოსუნთქვა, რადგან სწორედ ამოსუნთქული ჰაერის ნაკადის რეგულაციაზეა დამოკიდებული ხმის ჟღერის ხარისხი. სწორედ აქ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა დიაფრაგმას, რომელიც ჰაერის ნაკადს არეგულირებს და ხმის ერთგვარ საყრდენს წარმოადგენს.
მკერდისმიერი სუნთქვის დროს ხმას მეტი ძალა, მაგრამ ნაკლები მოქნილობა აქვს. ასეთი სუნთქვის დროს ძნელია ხმის ნიუანსირება. მუცლისმიერი სუნთქვა ნიუანსირების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამ დროს ნაკლებია ხმის ძალა, ამიტომ ბევრს ოპტიმალურად მიაჩნია შერეული ანუ მკერდ-დიაფრაგმისმიერი სუნთქვის ტიპი.
ვინ მკურნალობს ხმას
სახმო აპარატის დაზიანებისა და ხმის მწყობრიდან გამოსვლისას მომღერლები ფონიატრს მიმართავენ. ფონიატრია ოტორინოლარინგოლოგიის ნაწილია, რომელიც ხმის წარმოქმნის დარღვევებს შეისწავლის და მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს შეიმუშავებს.
ხმის აღდგენასთან ერთად ფონიატრს მის შესაძლებლობათა გაფართოებაში დახმარებაც შეუძლია.
ხმის დასაცავად
მომღერლებისთვის რეკომენდაციები ფაქტობრივად ისეთივეა, როგორიც ყველა სხვა ადამიანისთვის, იმ განსხვავებით, რომ მომღერლებს ზედმიწევნით მოეთხოვებათ მათი შესრულება, რადგან ხმა, ეს უფაქიზესი ინსტრუმენტი, მცირე უყურადღებობასაც არ პატიობს.
შრომისა და დასვენების რეჟიმი
ადამიანის ყოველგვარი საქმიანობა ნერვული და კუნთოვანი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. ენერგიის ხარჯვა დაღლილობას იწვევს, რომელიც დასვენების შემდეგ გაივლის. ორგანიზმის მთელი ცხოველქმედება ენერგიის ხარჯვისა და შემდგომი აღდგენის მონაცვლეობაზეა აგებული.
პროფესიონალი მომღერლები სიმღერას დღეში საშუალოდ 2-3 საათს უთმობენ, მაგრამ ესეც კი საკმაოდ დამღლელია, ამიტომ მათთვის აუცილებელია სრულფასოვანი დასვენება და ძილი. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაერის სისუფთავეს, ტემპერატურას და ტენიანობას იმ ოთახში, სადაც მომღერალს სძინავს.
მომღერალს ზომიერი, მაგრამ მრავალფეროვანი და საკმაოდ კალორიული კვება სჭირდება. ამასთან, ის უნდა ერიდოს მეტისმეტად ცხელ და ცხარე საკვებს, მეტისმეტად ცხელ და ცივ სასმელებს.
ორგანიზმის ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელია ცხოვრების მოძრავი წესი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.
სასურველია სხეულის გაკაჟება ვარჯიშით, სუფთა ჰაერზე რეგულარული სეირნობით – ამ შემთხვევაში ადამიანი ისე ადვილად ვეღარ გაცივდება.
ალკოჰოლი და ნიკოტინი ყველა ადამიანისთვის შხამია, მაგრამ მომღერლისთვის ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, დამღუპველია. მოწევა, გარდა ორგანიზმზე საერთო ზემოქმედებისა, აღიზიანებს ლორწოვან გარსებს და იწვევს მათ ქრონიკულ ანთებას. გარდა ამისა, აჩენს ნახველს, რომელიც სიმღერის დროს სახმო ნაპრალში ამოდის და ხმის ხარისხს აუარესებს.
ლორწოვან გარსებს აღიზიანებს ალკოჰოლიც. ამიტომ არის, რომ მსმელებს, მწეველების მსგავსად, უხეში, ხრინწიანი ხმა აქვთ.
რაც შეეხება უშუალოდ ხმის ჰიგიენას, წესები ასეთია:
. არ შეიძლება გადაცივება.
. არ შეიძლება სიცივეში პირღია სიარული.
. არ შეიძლება სიმღერის დასრულებისთანავე ქუჩაში გასვლა, თუ გარეთ ცივა – გახურებული მბგერავი ნაოჭები სიცივის მიმართ უფრო მოწყვლადია.
. არ შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი და ყვირილი, განსაკუთრებით – სიცივეში. არ შეიძლება ღია ცის ქვეშ სიმღერა, თუ ჰაერის ტემპერატურა 15-16 გრადუსზე დაბალია.
. სიმღერის დაწყებამდე სასურველია მოთელვა, სახმო ნაოჭების გახურება.
. არ არის რეკომენდებული გაღვიძებისთანავე სიმღერის დაწყება – სახმო აპარატი ამისთვის ჯერ არ არის მზად. მის “გამოღვიძებას” კიდევ 3-4 საათი სჭირდება.
სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როდესაც ხმა მუტაციას განიცდის, რეკომენდებულია ზედმიწევნით დამზოგველი რეჟიმის დაცვა, განსაკუთრებით – ბიჭებისთვის. მათ წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიარონ გამოკვლევა ფონიატრთან. გოგონებთან მუტაცია ისეთი მკვეთრი არ არის, მაგრამ სასურველია, ხმის გადაღლას მაინც ერიდონ.
რა უხდება ხმას:
. ბევრი სითხე, განსაკუთრებით – C ვიტამინის შემცველი;
. თბილი სასმელები;
. ცილოვანი საკვები;
. კარაქი;
. ხილი, განსაკუთრებით – ციტრუსები და მჟავე კენკრა.
ოქროს წესი კი ასეთია: თუ პრობლემებმა მაინც იჩინა თავი, არაფრით არ შეიძლება თვითმკურნალობა – ამისთვის სპეციალისტი არსებობს.
ქეთევან ნიკოლეიშვილი