ვიზიტი ორთოდონტთან

გააზიარე:

ერთგვარი სავიზიტო ბარათი, კარიერული წინსვლის ხელშემწყობი იარაღი, რომლის მეშვეობითაც უცნობებსაც კი შენდამი კეთილად განაწყობ… ღიმილზე  კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება. რა სჯობს, როცა ბაგის გახსნისას ბუნებისგან ბოძებული თუ წინაპართაგან ნაანდერძევი უნაკლო, “თლილი, მიჯრით მიწყობილი ბროლ-ბადახში” გამოანათებს! სამწუხაროდ, ბუნებამ ასეთი საჩუქარი მხოლოდ ერთეულებისთვის გამოიმეტა, ყველა დანარჩენს კი ორთოდონტის კაბინეტი ელის.
ორთოს ბერძნულად სწორს ნიშნავს, სტომატოლოგიის ეს დარგი ყბა-კბილთა სისტემის ყოველგვარი ანომალიის განვითარების მიზეზებს, გასწორების მეთოდებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, პრობლემების თავიდან აცილების გზებს შეისწავლის. ამ პროფესიის სპეციალისტებს მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. ამერიკელები წერენ, რომ თუ ოციოდე წლის წინ კლასში თითო-ოროლა ბავშვი დადიოდა რკინებით და თანატოლთა დაცინვის ობიექტი ხდებოდა, დღეს ასეთი სამკაული უმრავლესობას ამშვენებს. რატომ იცვლიან კბილები ადგილს, რა მნიშვნელობა აქვს მათ გასწორებას, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მკურნალობა? ამ და სხვა საკითხებზე “ავერსის კლინიკის” ორთოდონტი სალომე ავალიშვილი გვესაუბრება.

 ქალბატონო სალომე, რამდენად გავრცელებულია ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები, რამდენად ხშირად სჭირდებათ ადამიანებს თქვენი დახმარება?
– სამწუხაროდ, ვისაც სჭირდება, ჩვენთან მათი მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის. სტატისტიკურად კბილთა არასწორი დგომა და თანკბილვის ანომალიები მოსახლეობის 90%-ს აღენიშნება, სპეციალიზებულ ორთოდონტიულ მკურნალობას კი მხოლოდ მესამედი თუ იტარებს.
 ასე რომ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიზარმაცისა თუ სხვა მიზეზების გამო მზად არის, არასრულყოფილ ღიმილს დასჯერდეს…
– და არამხოლოდ ღიმილს. ესთეტიკური მხარე ორთოდონტიული მკურნალობის მხოლოდ ერთი მხარეა, ერთგვარი თანმხლები და ერთობ სასიამოვნო  ეფექტი, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების თავიდან აცილებას სდევს თან. საქმე ის არის, რომ სწორად მდგარი კბილები გაცილებით ჯანსაღია და ნაკლებად არის მიდრეკილი ავადობისკენ, არასწორი თანკბილვა კი, პირიქით, კბილთა და ღრძილთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს.
 რატომ არის ყბა-კბილთა ანომალიები ასეთი ხშირი? რა იწვევს და რა უწყობს ხელს მათ ჩამოყალიბებას?
– კბილების განლაგება, ისევე როგორც ფორმა და ფერი, ბევრად არის დამოკიდებული გენეტიკაზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა ფაქტორებიც: რაქიტი, გადიდებული ადენოიდები, რომლებიც ბავშვს აიძულებს, პირი მუდამ ღია ჰქონდეს… ლომის წილი უდევს მავნე ჩვევებს – თითისა თუ სხვადასხვა ნივთის წოვას, ენის კბილებს შორის მოთავსებას – და მშობლების არასწორ ქცევას.
 რას გულისხმობთ? რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ კბილების ნორმალურ განვითარებას ხელი არ შეუშალოს?
– დაბადებიდანვე უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის კვებას და ძილს. ორივე შემთხვევაში ბავშვს თავი არც წინ უნდა ჰქონდეს წამოწეული, არც უკან გადავარდნილი. არ შეიძლება არც მაღალი ბალიში, არც ჩავარდნილი სასთუმალი. ხელოვნური კვებისას კი საწოვარას ზომა ზუსტად ასაკის მიხედვით უნდა შევარჩიოთ – დიდიც და პატარაც ყბების არათანაბარზომიერ დატვირთვას იწვევს და ანომალიის განვითარებას უწყობს ხელს. ფაფები და პიურეები სასურველია თავიდანვე კოვზით მივცეთ, ისე რომ, ერთი წლის ასაკისთვის ბავშვი საწოვარას საერთოდ გადავაჩვიოთ.
გავრცელებული შეცდომაა სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია. მოსაცვლელ კბილებს მრავალი მშობელი ნაკლებ ყურადღებას აქცევს, მათ მკურნალობას ზედმეტად მიიჩნევს და ექიმთან მაშინ მიჰყავს ბავშვი, როცა კბილების გადარჩენა უკვე შეუძლებელია, დარჩენილ სიცარიელებში კი კბილები აუცილებლად გადაჯგუფდება და თანკბილვა დაირღვევა.
 პროფილაქტიკის მიზნით თუ ურჩევდით ყველა დედას, ბავშვი ორთოდონტს გაასინჯოს და თუ ურჩევდით, რა ასაკში?
– იმის გათვალისწინებით, რამდენად გავრცელებულია ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები, სასურველია, 3-4 წლის ასაკში ყველა ბავშვი მივიყვანოთ  ორთოდონტთან. სწორედ ამ პერიოდში ხდება  ყბების აქტიური ზრდა და სარძევე თანკბილვის ფორმირება. ბევრი მშობელი ორთოდონტიული მკურნალობის დასაწყებად სარძევე კბილების მოცვლას და მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებას ელოდება. თუ სარძევე კბილებს ყურადღება არ მივაქციეთ, ძირითადიც, რა თქმა უნდა, არასწორად ამოვა, კორექციას კი რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უფრო ადვილად მივაღწევთ შედეგს.
 როგორ ხდება ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების დიაგნოსტიკა?
– გარდა კლინიკური გამოკვლევისა, აუცილებელი და საკმაოდ ინფორმაციულია რენტგენოლოგიური გამოკვლევა – ორთოპანტომოგრაფია. ჩვენი კლინიკა იაპონური წარმოების, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ციფრული ორთოპანტომოგრაფით არის აღჭურვილი, რომელსაც გაცილებით ნაკლები გამოსხივება აქვს და უკეთესი ხარისხის გამოსახულებით გამოირჩევა. ციფრული ტექნოლოგია პანორამული სურათის ინტერნეტით გადაგზავნის, ჩD დისკზე ჩაწერის საშუალებასაც იძლევა.
 როგორ ხდება ყბა-კბილთა ანომალიების გასწორება?
– ორთოდონტიული მკურნალობა გულისხმობს თანკბილვის კორექციას ორთოდონტიული აპარატებით. ამისთვის ვიყენებთ როგორც მოსახსნელ, ასევე მოუხსნელ კონსტრუქციებს. მოსახსნელ აპარატებს მიეკუთვნება ფირფიტები, მოუხსნელს კი ბრეკეტები (თითოეულ კბილზე მისამაგრებელი ფირფიტები, რომლებიც ერთმანეთს სპეციალური მასალისგან დამზადებული რკალით უკავშირდება). ამ უკანასკნელთა გამოყენება მხოლოდ 11-12 წლიდან, მუდმივი კბილების ამოჭრისა და მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბების შემდეგ შეიძლება. მკურნალობის პროცესში აპარატებში განსაზღვრული პერიოდულობით შესაბამისი კორექტივების შეტანა, ეგრეთ წოდებული აქტივაციაა საჭირო.
 რამდენად ცვლის ფირფიტები და ბრეკეტები ცხოვრების ჩვეულ წესს? ხომ არ ქმნის დისკომფორტს? როგორ უნდა მოვუაროთ?
– ფირფიტოვანი აპარატის ტარებისას თავდაპირველად ჭირს მეტყველება, სანერწყვე ჯირკვლები კი დიდი რაოდენობით ნერწყვს გამოიმუშავებს. ფირფიტა ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გაიწმინდოს. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით შესაძლოა მოსაბეზრებელი და პრობლემური იყოს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ფირფიტა შეიძლება დაიკარგოს. ამის გამო მშობლები ხშირად თავს იკავებენ ადრეული ორთოდონტიული მკურნალობისგან და ბრეკეტების გამოყენებას ამჯობინებენ, მაგრამ მკურნალობის გადავადებამ შესაძლოა გაახანგრძლივოს ბრეკეტების ტარების ვადა.
განსაზღვრული შეზღუდვები ბრეკეტსისტემის გამოყენებასაც აქვს: აკრძალულია ისეთი საკვების მიღება, რომელიც შესაძლოა მავთულებს შორის გაიჭედოს ან აპარატი დააზიანოს; ყველა კერძი უნდა დაიჭრას, რომ ბავშვს მოკბეჩა არ დასჭირდეს; დროებით უარი უნდა ითქვას კარამელზე, თხილზე, პოპკორნზე, საღეჭ რეზინზე…
 საშუალოდ რამდენ ხანს უწევთ ბავშვებს რკინებითა და მავთულებით სიარული და რამდენად გარანტირებულია სასურველი შედეგი?
– აპარატის ტარების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ანომალიის სახეობასა და სირთულეზეა დამოკიდებული. საშუალოდ 1,5-2 წელია საჭირო, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა 3 წელიც დაგჭირდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე ბრეკეტები გაცილებით ნაკლებ დისკომფორტს ქმნის. შეგვიძლია, ბავშვს, სურვილისამებრ, ნაკლებად ან მეტად შესამჩნევი, ამა თუ იმ ფერისა შევურჩიოთ. ასევე შეგვიძლია, ბრეკეტებზე დავამაგროთ ფლუორესცენციური ლიგატურები, რომლებიც ნეონის შუქზე ანათებს. კლუბში, დისკოთეკაზე თუ ბოულინგცენტრში ასეთი ბრეკეტებით ყოფნა ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
რაც შეეხება შედეგს, თანამედროვე ორთოდონტიას პრაქტიკულად ნებისმიერი ანომალიის აღმოფხვრა შეუძლია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტსა და მის მშობლებს მოთმინება ეყოფათ და ჩვენს ყველა რჩევა-დარიგებას ზედმიწევნით შეასრულებენ. ეს, რა თქმა უნდა, ექიმ-ორთოდონტთან რეგულარულ ვიზიტებსაც გულისხმობს.
 რამდენად მყარია მიღწეული შედეგი და რა არის საჭირო მის შესანარჩუნებლად?
– ორთოდონტიული აპარატის მოხსნის შემდეგ დგება რეტენციული პერიოდი – შედეგის დაფიქსირების პერიოდი. ეს მკურნალობის აუცილებელი ეტაპია და პაციენტმა რეგულარულად უნდა ატაროს შესაბამისი მოსახსნელი ან მოუხსნელი აპარატი – რეტეინერი. რეტენციული აპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ანომალიის სახეობასა და სირთულეზეა დამოკიდებული და ექიმი მას ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ჩვეულებრივ, პირველი სამი თვის განმავლობაში სასურველია რეტეინერის მუდმივად ტარება, ხოლო შემდეგ – მხოლოდ ღამით.
 ორთოდონტის კაბინეტი მხოლოდ ბავშვებისთვის არის? რომელ ასაკამდე შეიძლება ანომალიის გასწორება, თუ რაიმე მიზეზით ბავშვობაში ორთოდონტიული მკურნალობა არ ჩატარებულა?
– მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომით მიიჩნევს, რომ კბილების გასწორება მხოლოდ ბავშვობაშია შესაძლებელი. ეს ასე არ არის – თანკბილვის კორექცია ნებისმიერ ასაკში შეიძლება. უბრალოდ, მოზრდილებში შედეგის ფიქსაციას გაცილებით მეტი ხანი სჭირდება.

გააზიარე: