ნიჭი, მეცნიერებაში განფენილი

გააზიარე:

ნუგზარ ხაინდრავამ მეტეორივით ჩაიქროლა ქართულ მედიცინაში. სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და მაინც უდიდესი ინტელექტუალური მემკვიდრეობა დატოვა... ცნობილი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია თავის კოლეგასა და მეგობარს იხსენებს:

– ნუგზარ ხაინდრავა მარტვილში დაიბადა 1942 წელს. დედა სკოლის დირექტორი და დამსახურებული მასწავლებელი გახლდათ. მამაც პედაგოგი და მარტვილის რაიკომის მდივანი იყო. მშობლებისგან დაჰყვა ხალასი ნიჭი, კოლხური ზრდილობა, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა, რამაც საფუძველი ჩაუყარა მის ბრწყინვალე მომავალს.

სკოლაში უნიჭიერეს მოწაფედ ითვლებოდა. წელი არ ჩაივლიდა, ფიზიკის ან ქიმიის ოლიმპიადაზე არ ესახელებინა სკოლა. ოქროს მედალზე დაამთავრა და სამედიცინო უნივერსიტეტს მიაშურა.

ინსტიტუტშიც გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ მეოთხე თუ მეხუთე კურსზე იყო, როცა მისმა სამეცნიერო ნაშრომმა პროფესორების კონსტანტინე ვირსალაძისა და ბაადურ რაჭველიშვილის ყურადღება მიიპყრო. ნუგზარის მიერ ჩატარებული კვლევის მასალები მათ მსოფლიო კონგრესზე წარადგინეს. კვლევამ ისეთი გამოხმაურება პოვა, რომ სტატია უკვე სახელმოხვეჭილი მეცნიერების ნაშრომთა კრებულში შეიტანეს.

ნუგზარ ხაინდრავა ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. იქაც წარმატებით აგრძელებდა კვლევებს. დღისით პაციენტებით იყო დაკავებული, სამეცნიერი მუშაობისთვის მხოლოდ ღამით თუ მოიცლიდა. იმხანად კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ წინამძღვრიშვილი გალხდათ, რომელსაც რამდენიმეჯერ, გვიან ღამით პაციენტთან გამოძახებულს, შეუმჩნევია, როგორ მუშაობდა ახალგაზრდა ექიმი და მკვლევარი. ცხადია, მისმა შრომისმოყვარეობამ დირექტორის დიდი მოწონება დაიმსახურა.

მსოფლიოში პირველმა ნუგზარ ხაინდრავამ გამოავლინა კუჭის გლუვი კუნთების კუმშვადი ცილების – აქტინისა და მიოზინის – სინთეზის დაქვეითება პილოროსტენოზით გართულებული წყლულოვანი დაავადების დროს. განაგრძო კუჭის კუმშვადობის, კუჭის ევაკუაციური ფუნქციის კვლევა და დაადგინა, რომ წყლულის, გასტრიტისა და ზოგიერთი სხვა პათოლოგიის დროს ეს ფუნქცია დარღვეულია, რის გამოც კუჭში დიდხანს რჩება საკვები, წარმოიშობა სიმძიმე, დისკომფორტი და სხვა. ნუგზარმა დაამტკიცა, რომ ამის მიზეზი აქტინისა და მიოზინის სინთეზის შემცირება იყო. ეს გახლდათ მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური შრომა.

გარდა ამისა, ნუგზარ ხაინდრავამ გელ-ელექტროფორეზის მეთოდით შეისწავლა კუჭის, პანკრეასისა და წვრილი ნაწლავის ფერმენტების სპექტრი, ნატრიუმის, კალიუმისა და კალციუმის ორგანოსპეციფიკური ატეფაზების აქტივობა. 40-50 წლის წინ ყველას, განსაკუთრებით კი სპორტსმენებს, კუნთოვანი ძალის მოსამატებლად ატფ-ს უკეთებდნენ. ნუგზარ ხაინდრავამ დაამტკიცა, რომ ატფ-ს შეყვანას არავითარი შედეგი არ მოაქვს, ვინაიდან ის ორგანიზმში მოხვედრისთანავე იშლება. მის თეორიას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, ვინაიდან ამ საკითხზე ზოგს დისერტაციაც კი ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ნუგზარ ხაინდრავამ ექსპერიმენტებით დაადასტურა თავისი თეორიის სისწორე. მისი დისერტაციის დაცვის დროს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი ცნობილი ფიზიოლოგი, აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავა გახლდათ. მას უთქვამს: პირველად ვხედავ ასპირანტს, რომელიც კი არ ცდილობს, იოლად გავიდეს ფონს, ყველას დაეთანხმოს და არავინ მოიმდუროს, არამედ პირიქით, თამამად გამოთქვამს საწინააღმდეგო აზრს და არ უფრთხის ჯანსაღ კამათს ჭეშმარიტების დასადგენადო.

ნუგზარმა გამოიკვლია ორატომიანი შაქრების, დისაქარიდების, მოქმედებაც. მანამდე კუჭის წყლულის დროს ყველას რძეს ასმევდნენ, რადგან კუჭის მომატებულ მჟავიანობას უხდება, მაგრამ ხშირად მუცელს ბერავს, ყურყურს და დიარეას იწვევს. ნუგზარ ხაინდრავამ დაადგინა, რა იყო ამის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ასეთ პაციენტებს ლაქტაზის – დისაქარიდ ლაქტოზის გადამუშავებაში მონაწილე ფერმენტის – უკმარისობა ჰქონდათ. წვრილი ნაწლავისა და პანკრეასის წვენში მან პირველმა განსაზღვრა დისაქარიდაზული ფერმენტები, რომლებიც მანამდე მხოლოდ წვრილი ნაწლავის ლორწოვანის კედელში თუ გამოვლინდებოდა. ამით გადაიჭრა მანამდე მოუგვარებელი ურთულესი პრობლემა – ალიმენტური ტრაქტის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და პათოლოგიური პროცესის ხასიათის (ანთების, წყლულისა თუ სიმსივნის) დადგენა.

ნუგზარ ხაინდრავამ თავისი ფუნდამენტური გამოკვლევების მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების გამოქვეყნება მოასწრო თეზისების სახით, რომლებმაც სპეციალისტთა მყისიერი ინტერესი გამოიწვია. ლენინგრადში მოღვაწე მეცნიერს, ფიზიოლოგ ალექსანდრ უგოლევს, რომელსაც ამ საკითხზე თავადაც არაერთი ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული, თეზისების წაკითხვის შემდეგ ნუგზარ ხაიდრავას გაცნობა მოუნდომებია. ნუგზარის ნაშრომებმა ყურადღება მიიპყრო არა მხოლოდ მოსკოვსა თუ ლენინგრადში, არამედ ევროპაშიც. ამის შემდეგ მას ხშირად იწვევდნენ კონფერენციებსა და კონგრესებზე.

ნუგზარ ხაინდრავა სწორუპოვარი პედაგოგი და კლინიცისტი იყო. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიური განყოფილების თანამშრომლებმა და პაციენტებმა მისი მისვლისთანავე იგრძნეს გამორჩეული ცოდნისა და მოსიყვარულე გულის ექიმის გამოჩენა. თანდაყოლილი კაცთმოყვარეობა, გამჭრიახობა და ადამიანის სულის სიღრმეში ჩაწვდომის იშვიათი უნარი მას საშუალებას აძლევდა, გულთმისანივით გაეგო ავადმყოფის საწუხარი და მისი ნდობა მოეპოვებინა. ნუგზარს მთელ საქართველოში იცნობდნენ. ხშირად დადიოდა რეგიონებში პაციენტებთან, სასწრაფო შემთხვევების დროს სანავიაციის ეგიდით თვითმფრინავითაც არაერთგზის ჩაფრენილა თბილისიდან თელავში, ქუთაისსა თუ სვანეთში. ჰარმონიული, გაწონასწორებული ხასიათის პატრონს, ავთანდილივით შეეძლო რთული მდგომარეობიდან ღირსეული გამოსავლის პოვნა, მრავალი პროფესიული თუ ყოფითი სირთულის გადალახვა.

პროფესორ კონსტანტინე ვირსალაძეს უთქვამს, გასტროენტეროლოგიურ სამეცნიერო კვლევებში მისი ბადალი არ მეგულებაო. მართლაც, ლაბორატორიაში ნუგზარს ტოლი არ ჰყავდა. იყო ზედმიწევნით კეთილსინდისიერი მკვლევარი და ნებისმიერი ანალიზის გაკეთება შეეძლო.

ნიჭიერება და წარმატება არც სხვა ფლანგზე აკლდა. ნამდვილი რენესანსული პიროვნება იყო, მრავალმხრივი ნიჭის პატრონი. მარტვილში სწავლის დროს სკოლის ფეხბურთის გუნდს კაპიტნობდა. მასთან ერთად თამაშობდა აწ უკვე ცოცხალი ლეგენდა – მურთაზ ხურცილავა. ნუგზარიც ისეთი კარგი მოთამაშე იყო, ყველას ეგონა, მომავალს ფეხბურთს დაუკავშირებდა. აღნიშნავდნენ, რომ თამაშის სტილით ბორის პაიჭაძეს ჰგავდა. “დინამოს” მაშინდელმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ კლუბშიც კი მიიწვია, მაგრამ ნუგზარს ექიმობა უნდოდა და თავისი სურვილის ერთგული დარჩა, თუმცა არც ფეხბურთისთვის უღალატია. სტუდენტობის დროს სამედიცინო ინსტიტუტის ნაკრებშიც კი თამაშობდა. გარდა ამისა, გახლდათ შესანიშნავი ფრენბურთელი – ინსტიტუტის ფრენბურთის ნაკრებსი წევრი. მისი ნახტომი ყველას აოცებდა. მისი მიწოდების აღება ცოტას თუ შეეძლო... იყო ძალიან კარგი მოჭადრაკეც. ოსტატობის კანდიდატებსაც კი უგებდა ტურნირებზე და ამის გამო არაერთი კურიოზული ამბავიც გადახდენია თავს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობის რამდენიმე შეჯიბრებაში მიუღია მონაწილეობა. ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგად მღეროდა...

ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. შვილებს ქრისტიანული ღვთისმოსაობით ზრდიდა. ეროვნული და სოციალური უსამართლობით გულდამძიმებულს, არაერთხელ გამოუჩენია მოქალაქეობრივი სიმამაცე.

მეგობრობაშიც გამორჩეული და თავდადებული იყო. მასთან მეგობრობდნენ ნოდარ ემუხვარი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის გამგე, მურთაზ ლიპარტელიანი – ხაშურის რაიონის მთავარი ექიმი, გოგი ბატიაშვილი – კარდიოლოგიის ინსტიტუტის ბრწყინვალე ექიმი, სოხუმელი თერაპევტი ნუგზარ გადელია, ცნობილი პათანატომი პროფესორი ომარ ხარძეიშვილი, თერაპევტი პროფესორი ელგუჯა ადამია, ნევროლოგი რეზო ბაღათურია, უროლოგი სოსო გველესიანი, გასტროენტეროლოგი ალეკო მაჭავარიანი, ფიზიკოსი პროფესორი ბორის ბულია და ცნობილი გასტროენტეროლოგი ბონდო კანდელაკი.ყველას უყვარდა, მათ შორის – სტუდენტებსაც, რადგან მისი ლექციები გაჯერებული იყო პრაქტიკული გამოცდილებითა და ექსპერიმენტული შრომებით.

ნუგზარ ხაინდრავა უეცრად გარდაიცვალა გულის შეტევით 1991 წლის 11 ოქტომბერს, 49 წლისა. ჯან-ღონით სავსეს, არასოდეს უავადმყოფია. ორად ორი სისუსტე ჰქონდა – თამბაქო და მაგარი ჩაი. მხოლოდ ამას თუ დავაბრალებთ მის უეცარ სიკვდილს... მისი მოულოდნელი გარდაცვალება ყველასთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა... როცა პროფესორმა თამარ დეკანოსიძემ მისი ხსოვნის პატივსაცემად კონფერენცია გამართა, ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანი მეცნიერი გამოვიდა სიტყვით და პატივია მიაგო ნუგზარ ხაინდრავას სახელს. დარწმუნებული ვარ, რომ დასცლოდა, კიდევ ბევრს მოასწრებდა, თუმცა მისი კვლევები და აღმოჩენები დღესაც აქტუალურია. უახლოეს მომავალში გამოვა ნუგზარ ხაინდარავს რჩეული ნაშრომები გასტროენტეროლოგიაში, რაც საშუალებას მოგვცემს, დავაფიქსიროთ მისი პრიორიტეტები მსოფლიო მეცნიერებაში.

თამარ არქანია

გააზიარე: