მსოფლიო არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ

გააზიარე:

არაგადამდები დაავადებები (აგდ) დღეს მთავარ სამედიცინო საფრთხედ მიიჩნევა. სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში ეს სნეულებები პირველ ადგილს იკავებს. მათ მთელი თანამედროვე სამედიცინო სამყარო ებრძვის. არაგადამდები დაავადებების ხსენების გარეშე არც ერთი კონგრესი, კონფერენცია თუ სამუშაო შეხვედრა არ ჩაივლის. მოდი, ჩვენც გავიხსენოთ, რომელი დაავადებებია ყველაზე საშიში, რით ებრძვის მსოფლიო მათ და, რაც მთავარია, რა როლი გვაკისრია ჩვენ, რა შეგვიძლია ვიღონოთ ამ სიტუაციაში.

 

აგდ – რა იმალება აბრევიატურის მიღმა

შესაძლოა, ფორმულირება “არაგადამდები დაავადებები” პირველად გესმოდეთ, მაგრამ სინამდვილეში საქმე ძალზე ცნობილ სნეულებებს ეხება. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ეს ჯგუფი აერთიანებს ყველა იმ დაავადებას, რომელიც ადამიანისგან ადამიანს ან ცხოველისგან ადამიანს არ გადაედება. მათი პირველი ოთხეული ასე გამოიყურება: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. ამ დროს არც დაავადებულ ცხოველსა თუ ადამიანს უნდა ერიდოთ, არც საინკუბაციო პერიოდის გამოთვლა მოგიწევთ და არც იმაზე დარდი, რომ შესაძლოა, გამომწვევი ფარულად ცხოვრობდეს თქვენს ორგანიზმში და თავისი “საუკეთესო” თვისებების გამოსაჩენად ხელსაყრელ წუთს ელოდეს. მთავარი, რასაც უნდა უფრთხილდეთ, თქვენივე ცხოვრების წესია. წესი, რომელიც ხშირად აგდ-ის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. თუმცა ამაზე – ქვემოთ. მანამდე კი პრობლემის მასშტაბის უკეთ წარმოსადგენად სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლოთ თვალი.

 

სტატისტიკა

არაგადამდები დაავადებები ყოველწლიურად 35 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს (მაგალითად, 2012 წელს სიკვდილის 56 მლნ შემთხვევიდან 38 მლნ სწორედ აგდ-თი იყო განპირობებული). აქედან თითქმის მესამედი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების წილად მოდის. ჯანმოს რეგიონებიდან აგდ-თა ყველაზე მძიმე ტვირთი ევროპაში აღირიცხება. ზემოთ ჩამოთვლილი ოთხეული: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, სასუნთქი სისტემის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი, – ავადობის 77%-ს და ნაადრევი სიკვდილიანობის 86%-ს განაპირობებს.

უფრო დაწვრილებით, მონაცემები ასეთია:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – 17.5 მლნ სიკვდილი, აგდ-თი გამოწვეული სიკვდილიანობის 46,2 %;
  • კიბო – 8,2 მლნ სიკვდილი, აგდ-თი გამოწვეული სიკვდილიანობის 21,7%;
  • ქრონიკული რესპირაციული დაავადებები – 4მ ლნ სიკვდილი, აგდ-თი გამოწვეული სიკვდილიანობის 10.5%;
  • შაქრიანი დიაბეტი – 1,5 მლნ სიკვდილი, აგდ-თი გამოწეული სიკვდილობის 3.9%.

საინტერესოა შემდეგი სტატისტიკური ინფორმაციაც: 2012 წელს 30 წლის ადამიანისთვის რომელიმე აგდ-ით 70 წლამდე გარდაცვალების რისკი საშუალოდ 19%-ს შეადგენდა. სხვადასხვა რეგიონში ეს მაჩვენებელი 15%-დან (ამერიკა) 25%-მდე (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია) მერყეობს. ტვირთი ყველაზე მცირეა ავსტრალიაში, ისრაელში, იტალიაში, იაპონიაში, კორეაში, შვედეთსა და შვეიცარიაში – ამ ქვეყნებში მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.

აგდ-ის პირველი ოთხეული საქართველოშიც ასეთივეა, თუმცა ტვირთი კიდევ უფრო მძიმეა – ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა საერთო სიკვდილიანობის 91%-ს აღწევს. აქედან 69% გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წილად მოდის, 14% – კიბოს, 4% – ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, ხოლო 1% – შაქრიანი დიაბეტის წილად. ამის კვალობაზე, ზემოხსენებულ დაავადებებთან ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის ერთიორად მნიშვნელოვანია.

 

პრობლემის მასშტაბი

აგდ-თა შესახებ ჯანმოს ანგარიშში მოცემულია რამდენიმე დასკვნა, რომლებიც, ვფიქრობ, სათანადოდ წარმოაჩენს პრობლემის მასშტაბსა და აქტუალობას.

* არაგადამდები დაავადებები, ამ დაავადებებით გამოწვეული შრომის ნაყოფიერების დაქვეითება და მკურნალობის ინდივიდუალური თუ სახელმწიფო ხარჯები, მნიშვნელოვან დაბრკოლებად ეღობება წინ სიღარიბის დაძლევასა და ქვეყნების მდგრად განვითარებას.

* ცალკეულ ქვეყნებში პროგრესი დიდია, თუმცა ქვეყნების უმრავლესობა არ იჩენს პოლიტიკურ ნებას აგდ-ის გლობალური მიზნების მისაღწევად – პროგრესი არათანაბარი და არაადეკვატურია, რაც მთავრობების შესაბამის დამოკიდებულებაზე მეტყველებს. არაერთი სოციალური კველევა ცხადყოფს, რომ აგდ-ების პრევენციის კუთხით სწორედ იმ ქვეყნებშია მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელთა პოლიტიკური ლიდერები ამ საკითხებს პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

* არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, დროა, ქვეყნები ლაპარაკიდან მოქმედებაზე გადავიდნენ – აგდ-ების პრევენციისა და კონტროლის არაადეკვატური პროგრესის ძირითად მიზეზად ჯანმო ინტერვეციების ნაკლებობას ასახელებს.

* ყველა ქვეყანამ უნდა დაისახოს აგდ-ების პრევენციის მიზნები და იკისროს პასუხისმგებლობა მათ მიღწევაზე – ექსპერტთა გათვლები ნათლად მიუთითებს, რა მდგომარეობა იქნება მსოფლიოში 2025 წელს ამ დაავადებათა გავრცელების თვალსაზრისით, ამიტომ ქვეყნებმა კონკრეტული მიზნები უნდა დაისახონ და შედეგების შეფასების მექანიზმები შეიმუშაონ.

* უნდა გაძლიერდეს მულტისექტორული და ინტერსექტორული თანამშრომლობა – ჯანდაცვის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა მიზნების მიღწევის აუცილებელ პირობად მიიჩნევა. ასეთი მიდგომა უნდა დაინერგოს დადგემვის, იმპლემენტაციის, საზოგადოებრივი რეგულაციების გაუმჯობესების, შეფასებისა და მონიტორინგის, ერთი სიტყვით, ყველა საფეხურზე.

* აგდ-თა შედეგების შესამსუბუქებლად აუცილებელია ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების ზრდა – აგდ-ებთან ბრძოლის დამაბრკოლებელ ერთ-ერთი მთავარ ფაქტორად ჯანდაცვის, განსაკუთრებით კი მისი პირველადი რგოლის სისუსტეა მიჩნეული. აუცილებელია ამ სფეროს დაფინანსება, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მედიკამენტები და დაიხვეწოს სამედიცინო ინფორმაციული სისტემები.

 

როგორ ვებრძოლოთ

გამოთვლები მოწმობს, რომ გულის იშემიური დაავადების, ინსულტის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ათიდან რვა შემთხვევისა და კიბოს შემთხვევათა მესამედის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. ამისთვის საკმარისია, შევამციროთ დაავადებათა ძირითადი რისკფაქტორების ზემოქმედება. ამ ფაქტორების რიცხვს მიეკუთვნება: არაჯანსაღი კვება, მცირე ფიზიკური აქტივობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის საზიანო მოხმარება.

როგორც უკვე ვთქვით, ჯანმოს რეგიონის ორი მთავარი მკვლელი გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებებია. ამ დაავადებათა განვითარების ძირითადი მიზეზი კი არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა და სიმსუქნე გახლავთ.

არაჯანსაღი კვება უმთავრესად ნაჯერი ცხიმებისა და ტრანსცხიმების, შაქრისა და მარილის ჭარბ და ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებ მიღებას გულისხმობს.

ჭარბი წონა ზრდასრულთა 30-80%-ის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. ბავშვთა და მოზარდთა 20%-ზე მეტს ჭარბი წონა აღენიშნება, მათ მესამედს კი – სიმსუქნე. სტაბილურად, საგანგაშოდ იმატებს ბავშვთა სიმსუქნის მაჩვენებელი, რომელიც 1970 წელთან შედარებით 10-ჯერ მაღალია. ეს, ცხადია, მოზრდილებს შორის სიმსუქნის ეპიდემიის გავრცელებასაც უწყობს ხელს. 2014 წლის მონაცემებით, ზრდასრულ მამაკაცთა 11% და ქალთა 15% მსუქანია.

სიკვდილის ყოველწლიურად 3.2 მლნ შემთხვევა დაბალ ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება. მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ მულტისექტორული მიდგომით – ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, რეკრეაციის, სპორტისა და განათლების სექტორების თანამშრომლობით, რომლებმაც ერთობლივად უნდა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო.

არაჯანსაღი კვება, მცირე ფიზიკური აქტივობა და სიმსუქნე ხშირად ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის ყოველწლიურად 1,7 მლ შემთხვევა მარილის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება. მარილის დღიური მოხმარება საშუალოდ 10 გრამს შეადგენს, მაშინ როდესაც, ჯანმოს რეკომენდაციით, 5 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

2010 წელს სიკვდილის 9,4 მლნ შემთხვევა მაღალი არტერიული წნევით იყო გამოწვეული. 2014 წელს არტერიული წნევის მომატება მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 22% აღენიშნებოდა.

2012 წელს გლობალური სიკვდილიანობის 5,9% (3.3 მლნ შემთხვევა) გამოწვეული იყო ალკოჰოლის საზიანო მოხმარებით.

ჯანმოს წევრ 76 ქვეყანას მომზადებული აქვს ალკოჰოლის მავნე გავლენის პრევენციის ეროვნული სტრატეგია, ხოლო 52 უკვე შეუდგა მის განოხრციელებას.

სიკვდილის ყოველწლიურად 6 მლნ შემთხვევა თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება. ამათგან 600 000 პასიური მწეველობითაა გამოწვეული. 2013 წელს 95-მა ქვეყანამ დანერგა თამბაქოს კონტროლის, სულ მცირე, ერთი ეფექტური ინტერვენცია. შედეგად მოწევა შემცირდა დასავლეთ ვროპის ქვეყნების უმეტესობასა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, ოდნავ მოიმატა მისმა გავრცელებამ ქალებში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპაში წამყვან მოდიფიცირებად რისკფაქტორებად ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაა მიჩნეული.

 

ვსახავთ მიზნებს

ათასწლეულის განვითარების მიზნები, რომლებიც 2000 წელს გაეროს ათასწლეულის სამიტზე იქნა დასახული, აგდ-ებს საერთოდ არ ითვალისწინებდა, დღეს კი ამ დაავადებათა შემცირება მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მდგრადი განვითარების მიზნების ამსახველი დოკუმენტი 2015 წლის 25-27 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს უმაღლესი დონის შეხვედრაზე შეიმუშავეს. ის საფუძვლად დაედება საერთაშორისო განვითარების სამუშაო პროგრამას და შეცვლის ათასწლეულის განვითარების მიზნებს.

ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა და კეთილდღეობის ხელშეწყობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანია, მისი ქვემიზანი კი ასეა ფორმულირებული: 2030 წლისთვის აგდ-ებით გამოწვეული ადრეული სიკვდილიანობის მესამედით შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

 

9 სამიზნე – 9 მიზანი

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მეტი ქმედითი ღონისძიების გარეშე აგდ-ებით გამოწვეული სიკვდილიანობა კვლავ მოიმატებს, ხოლო ყველაზე დიდი ზიანი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს მიადგებათ, ამიტომ 2011 წელს გაეროს გენერალურამ ასამბლეამ მიიღო პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც წევრ ქვეყნებს აგდ-ების პრევენციასა და კონტროლს ავალებს. შედეგად ქვეყნებმა დაისახეს 9 მიზანი, რომლებიც 2025 წლისთვის 4 ძირითადი აგდ-ით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის 2010 წელთან შედარებით 25%-ით შემცირებას ემსახურება (მოკლედ ამ მიზანს ასე გამოხატავენ: 25X25). განისაზღვრა მთავარი სამიზნეებიც – აგდ-ების ძირითადი რისკისფაქტორები: თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, მარილის ჭარბი მიღება, სიმსუქნე, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, დიაბეტი, დაბალი ფიზიკური აქტივობა. კიდევ ორი მიზანია მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის მაღალი რისკის მქონე ადამიანების მკურნალობა და ესენციური სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობააა.

ამრიგად, 2025 წლისთვის აგდ-ების პრევენციისა და კონტროლის ჯანმოს გლობალური სამოქმედო გეგმის 9 ძირითადი პუნქტი ასე გამოიყურება:

1. გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებითა და შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობის 25%-ით შემცირება;

2. ალკოჰოლის მავნე მოხმარების, სულ მცირე, 10%-ით შემცირება;

3. დაბალი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებლის საშუალოდ 10%-ით შემცირება;

4. მარილის მოხმარების საშუალო მაჩვენებლის 39%-ით შემცირება;

5. 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლის 30%-ით შემცირება ეროვნულ დონეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით;

6. სისხლის მაღალი წნევის გავრცელების საშუალოდ 25 %-ით შემცირება;

7. დიაბეტისა და სიმსუქნის გავრცელების არსებული მაჩვენებლების შენარჩუნება (2014 წლის მონაცემებით, შაქრიანი დიაბეტის გავრცელება 9%-ია);

8. მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტური თერაპიის 50%-იანი ხელმისაწვდომობა;

9. ძირითად აგდ-თა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოყენებული ესენციური მედიკამენტებისა და ტექნოლოგიების 80%-იანი ხელმისაწვდომობა – დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ეს კვლავ პრობლემად რჩება.

 

ვიკვლევთ მომავალს

იმედის მომცემია, რომ მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა რისკფაქტორების პრევენციის კუთხით სასურველი შედეგები უკვე მიიღეს – შემცირდა მაღალი არტერიული წნევის გავრცელების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების, სისხლში ქოლესტერინის დონის საშუალო მაჩვენებლები, თუმცა ეს პოზიტიური ტენდენცია ნაწილობრივ კომპენსირდება მზარდი სიმსუქნითა და სისხლში გლუკოზის დონის მატებით.

როგორია პროგნოზი? შესაძლებელია თუ არა დასახული მიზნების მიღწევა? ექსპერტთა შეფასებით, იდეალურ შემთხვევაში, 2025 წლისთვის 30-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის 4 ძირითადი აგდ-ით გამოწვეული სიკვიდილიანობა 11%-ით დაიკლებს, ხოლო ამავე ასაკის ქალებს შორის – 10%-ით. ეს უმთავრესად განპირობებული იქნება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის თანდათანობითი კლებით. მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობა 28,3 მლნ-დან 38,8-მდე გაიზრდება მოსახლეობის რაოდენობის მატებისა და დაბერების გამო. ადრეული სიკვდილიანობა უმეტესად დაბალი ან საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში აღრიცხება, სადაც ის 3,2 მილიონით მოიმატებს, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში კი 70 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობის 100 000-ით შემცირებაა მოსალოდნელი.

რისკის ფაქტორების ზემოქმედების შემცირება მამაკაცთა სიკვდილიანობას ჯამში 22%-ით შემაცირებს, ხოლო ქალთა სიკვდილიანობას – 19%-ით. მართალია, ეს საკმარისი არ იქნება 25X25 მიზნის მისაღწევად, მაგრამ მიგვაახლოებს მას.

ინდივიდუალური რისკის ფაქტორებიდან ყველაზე დიდ სარგებელს სისხლის წნევისა და თამბაქოს მოხმარების შემცირების გზით მივიღებთ. თუ თამბაქოს წევა 2025 წლისთვის 50%-ით შემცირდა, მხოლოდ ესეც კი მამაკაცებთან – 50%-ზე მეტით, ხოლო ქალებთან – 24%-ით მიგვაახლოებს სიკვდილიანობის სასურველ მაჩვენებელს, ამიტომ მამაკაცებისთვის მწეველობა ყველაზე მნიშვნელოვან რისკფაქტორად მიიჩნევა, ხოლო ქალებთან მნიშვნელობით მეორე ადგილს იკავებს (პირველზე სისხლის მაღალი წნევაა). თამბაქოს წევის 50% შემცირება სხვა რისკფაქტორების შესუსტებასთან ერთად მამაკაცებთან 24%-ით შეამცირებს სიკვდილიანობის ალბათობას, ხოლო ქალებთან კომბინირებული ეფექტი სიკვდილიანობის 20%-ით შემცირება იქნება.

მიზნების მიღწევის შედეგად გულის იშემიური დაავადებით, ინსულტით, ჰიპერტენზიული დაავადებითა და ფქოდ-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 25%-ით დაიკლებს, ფილტვისა და კუჭის კიბოთი გამოწვეული კი – 12-19%-ით. შემცირდება დიაბეტით სიკვდილიანობის მზარდი ტენდენცია, თუმცა აქ ეფექტი ისეთივე ძლიერი არ იქნება როგორიც ზემოაღნიშნულ დაავადებებთან. რისკფაქტორებთან დაკავშირებული მიზნეების მიღწევა ყველაზე ნაკლებ გავლენას მოახდენს ძუძუს, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობაზე.

ინტეგრირებული მიდგომა მხოლოდ 2025 წლისთვის კი არ შეამცირებს აგდ-ებით სიკვდილიანობას, არამედ მიღწეულს 2025 წლის შემდეგაც შეინარჩუნებს, რაც გამოიწვევს სიკვდილიანობის 30%-ით ან მეტით კლებას 2030 წლისთვის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყოველივე ეს 2035 წლისთვის მსოფლიო ჯანდაცვაში დიდ გარდატეხას მოახდენს.

ამრიგად, არაგადამდები დაავადებები უდიდესი საფრთხეა და მათთან ბრძოლა მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევაა. ექსპერტები, ჯანდაცვის ორგანიზატორები, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ამ ბრძოლაში ვერაფერს გახდებიან, თუ ჩვენც არ დავეხმარეთ. ჩვენ ვერ შევიცვლით სქესს, გენეტიკას, ასაკსა თუ ეთნიკურ თავისებურებებს. სამაგიეროდ, შეგვიძლია შევამციროთ ალკოჰოლის, თამბაქოს, მარილისა და არაჯანსაღი საკვების მოხმარება, გავზარდოთ ფიზიკური აქტივობა, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ არაგადამდები დაავადებების გლობალური ტვირთის შემცირებას, მხოლოდ ასე მოხვდება ჩვენი ტყვია მიზანს.

 

სტატია მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მასალებზე დაყრდნობით.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: