გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

26.04.2017
ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშომლები უერთდებიან დედამიწის დღესთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებს...

  1. სამედიცინო თემები >
  2. ბავშვთა დაავადებები და სიმპტომები
  3. ჟურნალში დაბრუნება >

Print Page Digg Twitter Google რა გვეშლება “გაციების” მკურნალობისას

რა გვეშლება “გაციების” მკურნალობისას

შემოდგომამ ძალა მოიცა და სეზონურმა პრობლემებმაც ისევ შეგვახსენა თავი – აცივება და გაციება ლამისაა სინონიმებად იქცეს. ამ პერიოდის გადატანა ყველაზე მეტად ბავშვებს უმძიმთ – ტემპერატურის თითო გრადუსით კლება თითო ახალი სიმპტომის გაჩენას ნიშნავს. არადა, ექიმები გვარწმუნებენ, რომ ამინდის ცვლილებათა მიმართ ბავშვის ორგანიზმი ასეთი მგრძნობიარე არ უნდა იყოს. თუ სწორად მოვიქცევით, “გაციება” გაიშვიათდება კიდეც და უფრო სწრაფადაც გაივლის.

გაციებასა და მის მართვაზე თსუ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ კეზელი გვესაუბრება:

 – დავიწყებ იმით, რომ “გაციება” უმართებულო ტერმინია. მედიცინის ენაზე ამ მდგომარეობას მწვავე რესპირატორული ინფექცია ეწოდება. მას ვირუსი იწვევს. ამჟამად მწვავე რესპირატორული ინფექციის გამომწვევი 200-მდე სახეობის ვირუსია ცნობილი. ყველაზე ხშირად რინოვირუსი გვხვდება. მას მოსდევენ კორონავირუსი, ადენოვირუსი და სხვები. განსაკუთრებით საშიში და საყურადღებო კი პარაგრიპის ვირუსია, რომელსაც ზედა სასუნთქი გზების შეშუპებისა და კრუპის გამოწვევა შეუძლია. ხშირად გაიგონებთ, გაციებული ვარ, არ გადაგედებაო – ადამიანები დადიან სამსახურში, უშვებენ შვილებს სკოლაში, ბაღში და ა.შ. სინამდვილეში ავადმყოფი ძალზე გადამდებია, განსაკუთრებთ – პირველი სამი დღე. ინფექცია ვრცელდება არა მარტო ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ ფომიტების საშუალებითაც – დაბინძურებული წიგნებიდან, სათამაშოებიდან და სხვა საგნებიდან.

ვირუსი ორგანიზმში სამი კარბიჭის გავლით აღწევს – თვალისა, პირისა და ცხვირის ღრუსი გადაცემის ალბათობა საგრძნობლად იმატებს, როცა ოთახში მშრალი ჰაერია – ასეთ პირობებში ვირუსი განსაკუთრებით დიდხანს ძლებს.

  • რა გასხვავებაა გრიპსა და მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას შორის?

– მწვავე რესპირატორული ინფექციის გამომწვევი 200 ვირუსიდან არც ერთი არ არის გრიპისა. გრიპი და მწვავე რესპირატორული ინფექცია სხვადასხვა დაავადებებია. ისინი ხშირად ერევათ ერთმანეთში და ამის გამო მკურნალობის უმართებულო ტაქტიკას ირჩევენ.

არსებობს სამი სახის გრიპის ვირუსი: A, B და C. C ბავშვობაში ყველას გადაგვიტანია. ის მყარ იმუნიტეტს ტოვებს და ყველაზე უვნებელია. A კი ყველაზე ვერაგი გახლავთ – ის სწრაფად იცვლის სტრუქტურას, რაც გრიპის ყოველწლიურ ეპიდემიას იწვევს.

გრიპსა და მწვავე რესპირატორულ ინფექციას მეტ-ნაკლებად მსგავსი სიმპტომები აქვს. სიმპტომების მიზეზია იმუნური სისტემის რეაქცია ინფექციაზე და არა ვირუსის მიერ ქსოვილის დესტრუქცია. თუმცა არის განსხვავებიც – გრიპი სწრაფად იწყება, მაღალი ტემპერატურით, მწვავე რესპირატორულ ინფექციას კი შემპარავი დასაწყისი ახასიათებს და ტემპერატურაც იშვიათად სცდება 38.5 გრადუსს. გრიპის დროს უფრო მკაფიოდაა გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები – ღებინება, თავისა და კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი... გრიპი მწვავე რესპირატორულ ინფექციაზე რთულად მიმდინარეობს და ზოგჯერ ანტივირუსული საშუალებების გამოყენებას მოითხოვს. საზოგადოდ კი რესპირატორული ინფექციის წელიწადში რამდენიმე მწვავე ეპიზოდი (ბავშვებთან – 6-8, ზრდასრულებთა – 4-მდე) საგანგაშო არ არის.

  • რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპისა და რესპირატორული ინფექციის მკურნალობისას?

– ანტივირუსული საშუალებების არჩევანი არც ისე დიდია. ვირუსებიც, ისევე როგორც ბაქტერიები, სხვადასხვანაირია: გრიპს სხვა ვირუსი იწვევს, ჰერპესს – სხვა, შიდსს – სხვა და ა.შ. ანტივირუსული საშუალებები კი უნივერსალური არ გახლავთ – ისინი ყველა ვირუსს ვერ ერევიან.

ვირუსს, ბაქტერიისგან განსხვავებით, დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, სიცოცხლისა და გამრავლებისთვის მას ადამიანის უჯრედი სჭირდება, ამიტომ ვერც ერთი ანტივირუსული საშუალება ვერ კლავს ვირუსს – ეს ნიშნავს, რომ მან ჩვენი უჯრედიც უნდა გაანადგუროს. ეს წამლები მხოლოდ ვირუსის ზრდასა და გამრავლებას თრგუნავს, დანარჩენი კი ორგანიზმის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. ამიტომაც ენიჭება ვირუსული ინფექციის დროს განსაკუთრებული როლი ძლიერ იმუნიტეტს.

მთავარი შეცდომა, რომელიც დედებს და არცთუ იშვიათად ექიმებსაც მოსდით, ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენებაა. მიუხედავად იმისა რომ ამ თემაზე ბევრს ვლაპარაკობთ, ეს მანკიერი პრაქტიკა მაინც არსებობს. ანტიბიოტიკი, გარდა იმისა, რომ ვირუსზე უბრალოდ არ მოქმედებს, ანადგურებს ორგანიზმის ნორმალურ მიკროფლორას. ამის შედეგად კი იმუნური სისტემა სუსტდება. არადა ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ჩვენი მთავარი იარაღი სწორედ ძლიერი იმუნიტეტია.

გრიპის A ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო სულ ორი მედიკამენტია აპრობირებული – ოსელტამივირი და რიმანტადინი. გაურთულებელი გრიპის დროს ამ პრეპარატების მიღება არ არის საჭირო, რადგან დაავადება 7-10 დღეში თავისთავად გაივლის, წამლებს კი არასასურველი ეფექტები ახასიათებს. მაგალითად, თუ რიმანტადინის დოზა სწორად არ იქნა შერჩეული, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დოპამინის დაგროვებას შეუწყობს ხელს და ამის შედეგად შესაძლოა ფსიქოზის ეპიზოდიც კი გამოიწვიოს.

ანტივირუსული საშუალებების გამოყენება საჭიროა გართულებების აღმოცენებისას და რისკჯგუფის პაციენტებთან, მაგალითად, ხანდაზმულებთან და მათთან, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს.

გრიპის პრევენციისთვის არსებობს ვაქცინა ორი ფარმაცევტული ფორმით. ერთია საინექციო ფორმა, რომელიც დახოცილ ვირუსებს შეიცავს და თუ ბავშვს არ აწუხებს სასუნთქი სისტემის პრობლემები, უვნებელია 6 თვიდან. მეორეა სპრეი, რომელიც შეიცავს ცოცხალ, მაგრამ დაუძლურებულ ვირუსებს და უსაფრთხოა 2 წლიდან. გრიპი აცრის შემდეგაც შეიძლება დაგვემართოს, მაგრამ მსუბუქად ჩაივლის.

რაც შეეხება მწვავე რესპირატორულ ინფექციას, მის საწინააღმდეგოდ სპეციფიკური ანტივირუსული საშუალება არ არსებობს. უფრო სწორად, ჯერ არ არსებობს – ამჟამად კლინიკურ გამოცდას გადის პრეპარატი პლეროკორნილი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ. გამოცდის ეტაპზეა კიდევ ერთი პრეპარატი, რომლისთვისაც სახელი ჯერ არ მიუნიჭებიათ, მაგრამ ეს მომავლის საქმეა. დღესდღეობით არსებული მედიკამენტები კი მწვავე რესპირატორული ინფექციის მხოლოდ სიმპტომური მკურნალობისთვისაა ვარგისი ანუ ებრძვის არა მიზეზს, არამედ დაავადების შედეგად თავჩენილ სიმპტომებს, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი განკურნებას ვერ დააჩქარებენ, შესაძლოა, მხოლოდ დაავადების მიმდინარეობა შეამსუბუქონ, თუმცა აქაც არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

  • კერძოდ, რომელი?

– არსებობს ასეთი გამოთქმა – ნამკურნალები მწვავე რესპირატორული ინფექცია ერთ კვირაში რჩება, არანამკურნალები კი შვიდ დღეშიო. ეს გამოთქმა საუკეთესოდ გამოხატავს ჩემს სათქმელს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი ვირუსის ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნა კი არ უნდა იყოს (რასაც მაინც ვერ მოვახერხებთ), არამედ სიმპტომების შემსუბუქება და იმუნური სისტემის მოძლიერება.

რატომ ერთი კვირა? ყველას გამოგვიცდია, რომ ინფექციის პირველი ორი დღე ყველაზე რთულია. მესამე დღიდან მდგომარეობას თითქოს ვეგუებით და სიმპტომები ისეთი შემაწუხებელი აღარ გვეჩვენება. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმში გამომუშავდება ინტეფერონი. ის საფრთხის მოახლოებას ამცნობს ვირუსს გადარჩენილ უჯრედებს და ამით უჯრედის გარსის გამაგრებას ასტიმულირებს, რათა ვირუსის შეღწევას ხელი შეუშალოს. ამასთან, ვირუსის საწინააღმდეგო ნივთიერებებსაც გამოიმუშავებს. მეხუთე დღიდან ანტისხეულების გამომუშავება იწყება, შვიდი დღის შემდეგ კი ადამიანი ყოველგვარი მკურნალობის გარეშე სავსებით იკურნება. მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა: მწვავე რესპირატორული ინფექცია თვითგანკურნებადია და არ ღირს მის გამო ისეთი მედიკამენტების მიღება, რომლებსაც გართულებების გამოწვევა შეუძლია.

  • რა გართულებებს გულისხმობთ? თუმცა, მოდი, თანმიმდევრობით მივყვეთ. დავიწყოთ პრევენციით. მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული პროფილაქტიკური საშუალება ოქსოლინის მალამოა. მას ზოგჯერ სამკურნალოდაც იყენებენ. რამდენად გამართლებულია ეს?

– ოქსოლინის მალამო ლაბორატორიული კვლევის დროს მართლაც ამჟღავნებს ანტივირუსულ ეფექტს, მაგრამ ორგანიზმში ეს ეფექტი არ მჟღავნდება და არ მჟღავნდება სწორედ ზემოხსენებული მექანიზმის გამო – ვირუსი უჯრედშია, მალამო კი უჯრედის შიგნით ვერ აღწევს. ის მხოლოდ ლორწოვან გარსზე წარმოქმნის დამცავ ფენას, რომელიც ვირუსის უჯრედში შეღწევას უშლის ხელს (აქვე გეტყვით, რომ იგივე უნარი ნებისმიერ სხვა მალამოსაც შესწევს), ამიტომ ოქსოლინი მხოლოდ პრევენციას ეწევა და იმასაც – არასრულად.

  • რას გვეტყვით გაციების საწინააღდმეგო კომბინირებულ პრეპარატებზე?

– ეს ძალზე სერიოზული თემაა. აფთიაქებში ოცდაათამდე გაციების საწინააღმდეგო წამალს შეხვდებით. მათ სხვადასხვა სახელწოდება, მაგრამ ერთნაირი შემადგენლობა აქვთ. თითოეული მათგანი სამ აქტიურ კომპონენტს შეიცავს: სიცხის დამწევ პარაცეტამოლს, სისხლძარღვების შემავიწროებელ ფენილეფრინს ან ფსევდოეფედრინს და ხველის საწინააღმდეგო ან ანტიჰისტამინურ საშუალებას.

პარაცეტამოლი ნამდვილად შეიძლება სისტემური მკურნალობისთვის გამოვიყენოთ – თავისა და კუნთების ტკივილის, მაღალი ტემპერატურის წინააღმდეგ. სწორი გამოყენების შემთხვევაში ის ერთ-ერთი ყველაზე უწყინარი საშუალებაა. სწორი გამოყენება კი დოზირების რეჟიმისა და მიღების ინტერვალის ზედმიწევნით დაცვას ნიშნავს. პარაცეტამოლის მიღებიდან მიღებამდე 5 საათი მაინც უნდა გავიდეს. რა შეცდომა მოსდით მშობლებს: წამლის პირველი მიცემის შემდეგ სხეულის ტემპერატურა დაახლოებით ორი საათით იკლებს, მერე ისევ იმატებს და მშობლებიც კიდევ ერთ დოზას აძლევენ ბავშვს. ასეთ დროს უმჯობესია გამოვიყენოთ მეორე სიცხის დამწევი – იბუპროფენი (მაგრამ პარაცეტამოლის მიღებიდან მის მიღებამდეც, სულ მცირე, 2 საათი უნდა იყოს გასული), რომელიც ხელმისაწვდომია პედიატრიული სუსპენზიის სახით. ისიც ძალიან ეფექტურია. პარაცეტამოლი კი მეორედ შეგვიძლია პირველი მიცემიდან 5 საათის შემდეგ მივცეთ. მიღების ინტერვალის შემცირებისას ხდება პარაცეტამოლის ზედოზირება, ორგანიზმი მის გაუვნებლებას ვეღარ ახერხებს, ამის შედეგად კი ზიანდება ღვიძლი.

არამც და არამც არ შეიძლება ბავშვისთვის ასპირინი, რადგან ვირუსის არსებობისას ის ხშირად იწვევს რეიეს სინდრომს, რომელიც გადაუდებელ მდგომარეობად მიიჩნევა.

დღემდე აქტუალურია მეორე საკითხიც – როდის მივცეთ ბავშვს სიცხის დამწევი. მხოლოდ მაშინ, როდესაც ტემპერატურა ასცდება 38.5 გრადუსს. მაღალი ტემპერატურის პირობებში იმუნური სისტემა უფრო აქტიურად მუშაობს, ამიტომ 38.5 გრადუსამდე სიცხის დაწევა რეკომენდებული არ არის. მაგრამ თუ ბავშვი ფებრილური გულყრისკენაა მიდრეკილი ანუ მაღალი სიცხის ფონზე ერთხელ მაინც დამართვია კრუნჩხვა, დამწევი დაბალი სიცხის დროსაც უნდა მივცეთ. სასურველია დამწევის მიცემა ისეთ დროს, რომ ღამის განმავლობაშიც იმოქმედოს, რათა ბავშვს შეუმჩნევლად არ აუწიოს სიცხემ და რამე გართულება არ გამოგვეპაროს.

რაც შეეხება გაციების საწინააღმდეგო საშუალებების მეორე, სისხლძარღვების შემავიწროებელ კომპონენტს, მისი სისტემური მიღება სახიფათოა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა ან გულის იშემიური დაავადება აქვს.

ხველის საწინააღმდეგოდ პრეპარატების ორ ჯგუფს ვიყენებთ – ამოსახველებელს და დამთრგუნველს. ხველა რეფლექსია, რომელიც სასუნთქი გზების უცხო სხეულისგან გათავისუფლებას ემსახურება. თუ ხველა პროდუქტიულია ანუ ნახველიანი, მისი დათრგუნვა არ შეიძლება – სასუნთქი გზები ნახველისგან უნდა გაიწმინდოს. ამ დროს არც ამოსახველებელი საშუალების მიცემაა რეკომენდებული – ნახველის პროდუქცია ისედაც გაძლიერებულია, წამალი კი უფრო მეტად გაზრდის ნახველის რაოდენობას და გაამწვავებს ხველას. ეს განსაკუთრებით არასასურველია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის – სასუნთქი კუნთები მათ სუსტად აქვთ განვითარებული და ნახველის ამოღება უჭირთ. გარდა ამისა, ეს წამლები ღამით ხველას აძლიერებს.

ამოსახველებელი საშუალებების გამოყენება მხოლოდ ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროსაა მიზანშეწონილი, რადგან ნახველის წებოვანი, მინისებრი კონსტიტენცია მის ამოღებას ართულებს.

ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, ვინაიდან იწვევს სედაციას, ძილიანობას და, რაც მთავარია, აშრობს ლორწოვან გარსს, რაც ვირუსული ინფექციის დროს არამც და არამც არ არის ხელსაყრელი.

  • გამოდის, აფთიაქიდან ურეცეპტოდ გასაცემი გაციების საწინააღმდეგო საშუალებები ბავშვებთან არ უნდა გამოვიყენოთ...

– დიახ, ბავშვებისთვის მათი მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა მოზრდილებიც ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან სხვადასხვა დასახელების, მაგრამ ერთი და იმავე შემადგენლოების წამლების მიღება დოზის გადაჭარბების საფრთხეს ქმნის.

  • რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ცხვირის წვეთები?

– ცხვირის წვეთებს შორის ასეთი არჩევანი გვაქვს: ნაფტიზინი, ქსილომეტაზოლინი, ოქსიმეტაზოლინი და ფსევდოეფედირნი. ისინი, უკანასკნელის გარდა, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ზოგ ქვეყანაში კი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც, კატეგორიულად აკრძალულია გაურთულებელი მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს. მათი დანიშვნის ერთადერთი ჩვენება შუა ყურის ანთების ან ევსტაქიიტის განვითარების რისკია. სხვა შემთხვევაში მათ შესაძლოა ზიანიც კი მოგვაყენონ – გააღწიონ ჰემატოენცეფალურ ბარიერში და ცეტრალურ ნერვულ სისტემაზე იმოქმედონ.

ცხვირის წვეთები დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მათაც, ვინც ჰიპერტენზიას, არითმიას, გულის იშემიურ დაავადებას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას უჩივის. ფსევდოეფედრინის შემთხვევაში ამ ნუსხას ემატება გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია და დიაბეტიც.

წვეთების სამ დღეზე მეტხანს გამოყენება არ შეიძლება – ისინი იწვევენ რიკოშეტის ეფექტს და დამოკიდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხანგრძლივი გამოყენებისას ცხვირით სუნთვა უფრო მეტად ძნელდება. მინახავს ადამიანები, რომლებიც მათ მთელი ცხოვრება მოიხმარენ. ეს კატეგორიულად აკრძალულია.

  • აქვს თუ არა მნიშვნელობა წამლის ფორმას?

– პედიატრიულ პრაქტიკაში თხევადი ფორმების გამოყენება ჯობს: ჯერ ერთი, ბავშვი მათ ადვილად ყლაპავს, არ არსებობს ტაბლეტის გადაცდენის საფრთხე, დაბოლოს, უფრო სწრაფად შეიწოვება. ბავშვებისთვის შინ უნდა გქონდეთ სიცხის დამწევი სანთელიც.

– შეუჩერებელი პირღებინებისას მიღებული წამლის ოდენობის კონტროლი ჭირს. აღსანიშნავია, რომ სწორი ნაწლავის სხვადასხვა უბანში სისხლის მიმოქცევა სხვადასხვანაირია. ქვედა და შუა სეგმენტებიდან ჰემოროიდულ ვენებში შეწოვილი წამალი ღვიძლს არ გაივლის, ზედა სეგმენტიდან შეწოვილი კი გაივლის, ამიტომ უმჯობესია, სანთელი ღრმად მოვათავსოთ, რათა ღვიძლში წამლის დეტოქსიკაცია მოხდეს. თუმცა ეს მხოლოდ სიცხის დამწევს ეხება. სხვა დროს წამლის რექტალური და ენისქვეშა ფორმები სწორედ იმისთვის ინიშნება, რომ ღვიძლის გვერდის ავლით, უფრო მალე მოგვცეს ეფექტი.

  • გამოდის, რომ დღეისთვის ცნობილი პრეპარატებიდან მხოლოდ სიცხის დამწევი საშუალებებია უსაფრთხო. მაშ, როგორ ვმართოთ ხველა, სურდო და სხვა სიმპტომები?

– მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს – როგორ მოვიქცეთ მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს. წოლითი რეჟიმი აუცილებელია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არ არის სასურველი, ინფექციის გამავრცელებელი ხალხმრავალ ადგილას მოხვდეს. მეორე – უნდა დაიზოგოს ენერგია. თუ სიცხე მაღალია, უნდა მივიღოთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი ზემოთ ნახსენები სქემით. ხველისა თუ სურდოს წინააღმდეგ დაგვეხმარება მარილწყალი – 1 ჩაის კოვზი მარილი 0.5 ლიტრ გადადუღებულ წყალზე – ან ფიზიოლოგიური ხსნარი. ამ ხსნარით დღეში რამდენჯერმე უნდა ჩავრეცხოთ ცხვირის ღრუ და ყელი, რათა არ მივცეთ ლორწოს – შედედების, ლორწოვანს კი გამოშრობის საშუალება. ნახველის ამოსაღებად ბავშვს უნდა შევურჩიოთ შესაბამისი პოზა – ლეიბის ქვეშ ამოვუდოთ კიდევ ერთი ბალიში, რომ თავი შემაღლებულზე ედოს. თუ სპაზმური ხველა აქვს, უნდა მივმართოთ ექიმს, რომელიც სათანადო დანიშნულებას მოგვცემს. ეფექტურია ინჰალაციაც.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას. ოთახი ხშირად უნდა გავანიავოთ და მეტისმეტად არ გავათბოთ – სითბო ლორწოვანს აშრობს, ამიტომ ტემპერატურამ 20-22 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს. სასურველია, ოთახში გვქონდეს დამატენიანებელიც – სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ჰაერის სასურველ ტენიანობას უზრუნველყოფს. ყურადღება მიაქციეთ: ჰაერი ტენიანი უნდა იყოს და არა ნესტიანი, ანუ ტენიანობა უნდა იყოს 40%-ზე მეტი და 70%-ზე ნაკლები. თუ დამატენიანებელი არ გვაქვს, ჰაერის დანოტივება სხვაგვარადაც შეიძლება – დავდგათ ოთახში წყლით სავსე ფართოპირიანი ჯამები, საიდანაც წყალი ადვილად აორთქლდება. 15 კვ. მ. ფართობზე დღეში 4 ლიტრი წყალი უნდა აორთქლდეს. სასურველია, წყალი სოდიანი იყოს, ვინაიდან ვირუსი ტუტე გარემოს “უფრთხის”. ყოველდღე სველი წესით უნდა გავწმინდოთ ყოველგვარი ზედაპირი – მაგიდა, საწოლი, კომპიუტერი, სათამაშო, წიგნი, რადგან დაბინძურებულ საგნებზე ვირუსი გაცილებით მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ჰაერში: აქ ის 8 საათს ძლებს, საგნებზე კი – 19 საათამდე. სასურველია, არ მივცეთ ბავშვს რბილი სათამაშო, რომელიც ძნელი გასაწმენდია. თეთრეული ყოველდღე უნდა ვცვალოთ.

პირველი ორი დღე ბავშვს საჭმელს ნუ დააძალებთ, მაგრამ აუცილებლად ასვით სითხე: წყალი, ჩაი, კომპოტი,  – რაც ესიამოვნება.

მოარული აზრის თანახმად, C ვიტამინი ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის პრევენციას ეწევა. კვლევებით ეს დადასტურებული არ არის. მეტიც – C ვიტამინის ჭარბი დოზა შესაძლოა შარდთან ერთად გამოკრისტალდეს და საშარდე სისტემის მხრივ გართულებები გამოიწვიოს. სამაგიეროდ, უსაფრთხო და ეფექტურია C ვიტამინის შემცველი საკვები, რომელიც თამამად შეგვიძლია ბავშვის მენიუში ჩავრთოთ. ძალიან კარგია თუთიის შემცველი საკვებიც – ნებისმიერი ხორცი, გარდა ღორის ხორცისა, ისპანახი, მაწონი, კაკაო, გოგრის თესლი...

ხველამ გამოჯანმრთელების შემდეგ შესაძლოა 2-4 კვირას გასტანოს. ეს გართულებაზე არ მიუთითებს. ცხვირიდან გამონადენი კი, რომელიც თავდაპირველად გამჭვირვალეა, მოგვიანებით მომწვანო-მოყვითალო ხდება, რაც არა გართულების, არამედ გამოჯანმრთელების ნიშანია.

  • როდის ვიეჭვოთ გართულება?

– თუ მეოთხე დღიდან ტემპერატურის პიკი არ შემცირდა, ხველამ არ იკლო, სიმპტომები არ შემსუბუქდა, დიდია ალბათობა, ვირუსული ინფექცია ბაქტერიულით იყოს გართულებული და მკურნალობაში ანტიბიოტიკის ჩართვა დაგვჭირდეს, მაგრამ ეს აუცილებლად მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

დაბოლოს, მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს: მწვავე რესპირატორული ინფექციის არაადეკვატური მართვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხითაც სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. საქართველოს მონაცემები, სამწუხაროდ, არ მაქვს, მაგრამ აშშ-ში ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გამო ექიმთან მიმართვიანობა ყოველწლიურად 100 მილიონს აღწევს, ურეცეპტოდ გასაცემ წამლებზე დახარჯული თანხა 8 მილიარდ დოლარს უტოლება, რეცეპტით გასაცემ წამლებზე დახარჯული კი – 400 მილიონს. ამას ემატება 20 მილიარდი დოლარი გაცდენილი სამუშაოს ანაზღაურების გამო. შედეგად ვიღებთ კოლოსალურ დანახარჯს. მისი შემცირება სავსებით შესაძლებელია სწორი ქცევით, სწორი მოვლითა და წამლების რაციონალური გამოყენებით.

გვანცა გოგოლაძე


Print Page Digg Twitter Google რა გვეშლება “გაციების” მკურნალობისას




ზემოთ