საჭირო ელემენტები

გააზიარე:

  

რკინა

კალციუმი ორგანიზმის სიმტკიცისათვის

მაგნიუმი – მიკროელემენტზე მეტი

რაში გვჭირდება კალიუმი

ვზღუდავთ ნატრიუმს

ფთორი თქვენი კბილების სამსახურში

შეუცვლელი თუთია

 

“ჭამე, ჭამე, ჭამე!” – თქვენი არ ვიცი, მე კი ბებოს ხსენებისთანავე მისი ეს შეგონება ჩამესმის. თვალწინ წარმომიდგება, როგორ დამდევს ბებია ხილით ან ბოსტნეულით სავსე თეფშით ხელში, საყვედურებზე კი მუდამ ერთსა და იმავეს მპასუხობს – მოზარდი ხარ და უნდა ჭამოო.

მართალია, ბებიას სამედიცინო განათლება არ ჰქონია, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ მართალი იყო: უკლებლივ ყველა სამედიცინო გამოცემა ჯანსაღ კვებას ავადმყოფობის პრევენციისა თუ მკურნალობის დაურღვეველ წესად მიიჩნევს, ბავშვებისა და მოზარდებისთვის კი ამ წესის დაცვა ერთიორად მნიშვნელოვანია.

ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ გამეორება ცოდნის დედაა, ამიტომ, მოდი, ჩვენც მივუბრუნდეთ უკვე არაერთხელ თქმულს და ის ელემენტები გავიხსენოთ, რომლებსაც საკვებიდან ვიღებთ და რომლებიც ჩვენი ორგანიზმის ცხოველქმედებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

საჭირო ნუტრიენტებს მიკროელემენტებად და მაკროელემენტებად ყოფენ. მაკროელემენტებს იმ ელემენტებს უწოდებენ, რომელთა ოდენობა ორგანიზმში 25 გრამიდან 1 კგ-მდეა. მათ რიცხვს მიეკუთვნება ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, გოგირდი, ქლორი. მიკროელემენტები კი ის ელემენტებია, რომელთა ოდენობა ორგანიზმში 0.0015 გრამს არ აღემატება. ესენი გახლავთ რკინა, მანგანუმი, იოდი, თუთია, კობალტი... განურჩევლად ოდენობისა, მიკროელემენტებიც და მაკროელემენტებიც თანაბრად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ისინი სასიცოცხლო პროცესებში მონაწილეობენ და ორგანიზმის ჰომეოსტაზს (შინაგანი შემადგენლობის მუდმივობას) უზრუნველყოფენ.

ამ ელემენტების მიღების საუკეთესო საშუალება საკვებია, ამიტომ რომელიმე მათგანის დეფიციტის დროს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ რაციონის შესწავლას და დაბალანსებას ცდილობენ. თუმცა ელემენტების ნაკლებობა სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ მიზეზების შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ.

ელემენტების საჭირო მარაგს ორგანიზმი უმეტესად სიცოცხლის პირველ წლებში ქმნის. დაუბალანსებელი კვების დროს უკმარისობა ნელა ვითარდება და შესაძლოა, ისე გვიან გამომჟღავნდეს, რომ ზოგი რამის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყოს. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება ბავშვობის ასაკში. ბალანსირებული კვება ის ფუნდამენტია რომელზეც ადამიანის ცხოვრება შენდება. რაც უფრო მტკიცეა ეს ფუნდამენტი, მით უფრო ჯანმრთელი და დღეგრძელია ადამიანი. ასე რომ, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი რაციონს და ელემენტების ათვისებას შევუდგეთ.

რკინა

28 წლის ელენე ფერმკრთალი და დასუსტებულია, ადვილად იღლება, სულ ძილი და დასვენება უნდა, აღარც სამსახურში სიარული ეხალისება და აღარც სახლში ფუსფუსი. 11 წლის გიორგის ყურადღების მოკრება უჭირს, ნასწავლი იოლად ავიწყდება, ამიტომ ბოლო ხანს მისი ნიშნები გაუარესდა. კახა 40 წლისა. შეკრულობას და ყლაპვის დროს ტკივილს უჩივის, 23 წლის ნინო კი ორსულადაა და ეშინია, რადგან დროდადრო ცარცისა და მიწის ჭამის სურვილი იპყრობს. ელენე ნევროლოგთან მისვლას აპირებს, გიორგის მშობლები და მასწავლებლები ლექციებს უკითხავენ სწავლის მნიშვნელობაზე, კახა კვალიფიციურ გასტროენტეროლოგს ეძებს, ნინო კი გინეკოლოგთან მიღებაზე ეწერება.

რა საერთო აქვთ ამ ადამიანებს? ერთი შეხედვით, არაფერი, თუმცა მათ განსხვავებულ ჩივილებს შესაძლოა ერთი და იგივე რამ ედოს საფუძვლად – რკინის დეფიციტი. კვების მოწესრიგება, სათანადო მკურნალობა და ყველა უსიამოვნება უკვალოდ გაქრება.

 

რკინასავით ძლიერი

რკინა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია. ორგანიზმში ის უმთავრესად ჰემოგლობინისა და მიოგლობინის შემადგენლობაში გვხვდება. ჰემოგლობინს ჩასუნთქული ჟანგბადი ფილტვებიდან მთელ ორგანიზმში გადააქვს. ორგანიზმის რკინის მარაგის ორი მესამედი მის წილად მოდის. მიოგლობინს კი ჟანგბადი კუნთებში შეაქვს და მცირე ხანს ინახავს, რათა კუნთების მუშაობისთვის გამოიყენოს. გარდა ამისა, რკინა მონაწილეობს დნმ-ს სინთეზში, ზრდაში, რეპროდუქციული და იმუნური ფუნქციების განხორციელებაში.

 

მეტი რკინა!

რკინასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემა მისი დეფიციტია. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში რკინის მარაგი იწურება. რკინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული გამოხატულება კი რკინადეფიციტური ანემიაა.

რკინის დეფიციტს მხოლოდ რკინის შემცველი პროდუქტების არასაკმარისი მიღება არ იწვევს – ის შეიძლება განვითარდეს ფოლიუმის მჟავას უკმარისობის, ვიტამინ B12-ის უკმარისობისა და რკინის კარგვის გამოც. არსებობს სხვა მიზეზებიც. ერთი მათგანია ჰელმინთოზი.

2009 წელს საქართველოში ჩატარდა ნუტრიციის ეროვნული კვლევა (GNNS) 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, 15-დან 49 წლამდე ასაკის არაორსულ ქალებსა და ორსულებს შორის. კვლევამ აჩვენა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვების 22.8%-ს, არაორსული ქალების 24.1%-ს და ორსულთა 25.6%-ს ანემიის ესა თუ ის ფორმა ჰქონდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ანემია საქართველოში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაზე მეტადაა გავრცელებული.

რკინის დეფიციტის დროს ჰემოგლობინის სინთეზი მცირდება. ამის შედეგად სისხლში ჰემოგლობინის დონე ან ერითროციტების რაოდენობა იკლებს. სწორედ ამ მდგომარეობას უწოდებენ ანემიას.

რკინის დეფიციტი შესაძლოა ფარულიც იყოს – როგორც ექიმები ამბობენ, ლატენტური. ამ დროს რკინის მარაგი მცირდება, მაგრამ ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებელი ნორმალური რჩება. სისხლის საერთო ანალიზი უკმარისობას არ აჩვენებს, მაგრამ არასასურველი ცვლილებები ორგანიზმში მაინც მიმდინარეობს.

 

რა საფრთხე მოაქვს რკინის დეფიციტს?

ჟანგბადი ყველა ორგანოს, ქსოვილსა და უჯრედს სჭირდება, ამიტომ რკინის დეფიციტი, როგორც ჟანგბადის დეფიციტის წყარო, მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას:

  • აფერხებს ნაყოფის მოტორულ და მენტალურ განვითარებას;
  • აფერხებს ნაყოფის ზრდას და ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს;
  • აქვეითებს შრომის უნარს;
  • ასუსტებს მეხსიერებასა;
  • აქვეითებს ყურადღების კონცენტრირებისა და სწავლის უნარს;
  • ასუსტებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით ავადობას;
  • იწვევს ქცევით დარღვევებს.

 

რატომ გვაკლია რკინა

ზრდასრულ მამაკაცს დღე-ღამეში 8 მგ რკინა სჭირდება, ქალს – 18 მგ, ორსულს – 27 მგ.

რკინის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს როგორც ამ ელემენტის არასაკმარისმა მიღებამ, ისე მასზე მოთხოვნის მატებამაც. ეს უკანასკნელი ახასიათებთ მცირე ასაკის ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს. დეფიციტს იწვევს სისხლის უხვი დანაკარგიც მენსტრუაციის, სისხლდენის ან ხშირი დონაციის შედეგად.

რკინის არასაკმარისი მიღება კი უმეტესად კვების დეფიციტს უკავშირდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, უკმარისობის მიზეზი კუჭ-ნაწლავიდან რკინის შეწოვის დაქვეითება იყოს. ასეთ დროს რკინის შემცველ საკვებს სათანადო რაოდენობით იღებთ, მაგრამ ორგანიზმი მის ათვისებას ვერ ახერხებს.

მცირეწლოვანი ბავშვები, ორსულები და მეძუძურები რკინის მოთხოვნილების მომატების გამო რკინის დეფიციტის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ბავშვებთან რკინის დეფიციტი განსაკუთებით ხშირია 6 თვიდან 3 წლამდე, როდესაც ბავშვი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება, მაგრამ საკვებიდან საკმაო რაოდენობის რკინას ვერ იღებს.

რისკი მაღალია მაშინაც, როცა უხვად სვამთ რძეს.

 

სად ვიპოვოთ

რკინით მდიდარია: საქონლის მჭლე ხორცი, საქონლის ღვიძლი, თევზი, გარგარი, ყურძენი, ვაშლი, მოლუსკები, ხამანწკები, წითელი წიწაკა, სალათის ფოთლები, კარტოფილი, ნიორი, პარკოსნები, ნიგოზი, ჭარხალი...

საკვებიდან რკინის ათვისება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული:

ფრინველის, საქონლისა და თევზის ხორცში შემავალი (ჰემური) რკინა ორჯერ უკეთესად შეიწოვება, ვიდრე მცენრეებში შემავალი (არაჰემური).

არაჰემური რკინის შეწოვა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, რასთან ერთად იღებთ მას. ჰემური რკინის შემცველი საკვები ხელს უწყობს არაჰემური რკინის შემცველიდან რკინის ათვისებას.

არაჰემური რკინის შეწოვას აუმჯობესებს C ვიტამინის შემცველი საკვებიც.

ჩაი, ყავა, რძე და რძის ნაწარმი კი, პირიქით, ამცირებს.

რკინის შეწოვა მცირდება, როდესაც კუჭში მარილმჟავას რაოდენობა იკლებს, რაც შესაძლოა ანტაციდების, პეპტიკური წყლულისა და რეფლუქსის სამკურნალო პრეპარატების, დოზის გადაჭარბებამ გამოიწვიოს.

 

როგორ ამოვიცნოთ

რკინის დეფიციტი ორი სინდრომით ვლინდება – ანემიურითა და სიდეროპენიულით.

პირველს ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცირება განაპირობებს, მეორე კი ორგანიზმში რკინის ქსოვილოვანი დეფიციტის შედეგია.

ანემიური სინდრომი მჟღავნდება არასპეციფიკური სიმპტომებით: თავბრუხვევით, ყურებში შუილით, გულისცემის გახშირებით, ჰაერის უკმარისობით, ძილიანობით, გონებრივი და ფიზიკური შრომის ნაყოფიერების დაქვეითებით. ავადმყოფობა უმეტესად ნელა ვითარდება. ავადმყოფების უმეტესობა თავის მდგომარეობას შეგუებულია და ექიმს მხოლოდ მძიმე ანემიის შემთხვევაში მიმართავს.

რაც შეეხება სიდეროპენიულ  სინდრომს, გამოყოფენ ორგანოების 4 ჯგუფს, სადაც ჰიპოსიდეროზი (რკინის დონის დაქვეითება) ვლინდება:

* კანი და ლორწოვანი გარსები – სიმშრალე, თმისა და ფრჩხილების დაზიანება;

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტი – დისფაგია, შეკრულობა, დიარეა, მადის დაქვეითება ან გაუკუღმართება (პათოფაგია) – ცარცის, მიწის, უმი ხორცის ფარშის ჭამის სურვილი, პათოსომია – უჩვეულო მიდრეკილება სუნების (აცეტონის, ბენზინი და სხვათა) მიმართ ;

* ნერვული სისტემა – ადვილად დაღლა, ყურების შუილი, თავბრუხვევა, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება;

* სისხლძარღვოვანი სისტემა - ტაქიკარდია.

ანემია, ტრადიციისამებრ, სიფითრესთან ასოცირდება, თუმცა რკინის დეფიციტი კანსა და ლორწოვანს ზოგჯერ მომწვანო შეფერილობას აძლევს, სკლერების ირგვლივ სილურჯე იჩენს თავს, პირის ირგვლივ კი სახეს მოყვითალო ფერი ედება. ასევე დამახასიათებელია შარდის შეუკავებლობა სიცილისა და ხველის დროს, ზოგჯერ – ღამითაც.

 


ვებრძვით დეფიციტს

რკინის დეფიციტის მკურნალობა, ცხადია, მის აღმოფხვრას გულისხმობს. უპირველეს ყოვლისა, დეფიციტის მიზეზი უნდა გაირკვეს. თუ ის საკვებისმიერია, აქცენტი რაციონზე უნდა დავსვათ. რკინის გაძლიერებული მოთხოვნილების დროს ზოგჯერ კვების მოწესრიგება არ კმარა – დანამატების მიღებაც არის საჭირო.

თუ რკინის უკმარისობა სისხლის დაკარგვის ბრალია, აუცილებლად უნდა დავადგინოთ მისი მიზეზი – ნებაზე მიშვებამ შესაძლოა მძიმე გართულებამდე მიგვიყვანოს. ამისთვის შესაძლოა დაგვჭირდეს განავლის ანალიზი კუჭ-ნაწლავიდან ფარული სისხლდენის გამოსავლენად და სხვა ინსტრუმენტული კვლევები.

ანემია შესაძლოა არა რკინის დეფიციტით, არამედ სხვა ისეთი ფაქტორებით იყოს გამოწვეული, რომელთა ფონზეც რკინის პრეპარატების მიღება არ შეიძლება, ამიტომ თავდაპირველად მიზეზს უნდა მივაგნოთ. ამისთვის სისხლის საერთო ანალიზთან ერთად სისხლში რკინის შემცველობის დადგენაც დაგვჭირდება. მიზეზის აღმოჩენის შემდეგ კი სათანადო მკურნალობა დაინიშნება. ოღონდ გახსოვდეთ – მხოლოდ დანამატები ვერ გიშველით, კვების მოწესრიგება ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ.

 

რითია მავნებელი რკინის სიჭარბე

შეიძლება თუ არა, რკინამ გვავნოს? დიახ, შეიძლება, თუ მას მეტისმეტად დიდი რაოდენობით მივიღებთ. ჯანმრთელ ადამიანებში რკინის პრეპარატების ჭარბი მიღება, განსაკუთრებით – მშიერ კუჭზე, კუჭის გაღიზიანებას, შეკრულობას, მუცლის ტკივილს, თავბრუხვევას, გულისრევასა და ღებინებას იწვევს. რკინის სიჭარბემ შესაძლოა თუთიის ათვისებაც შეაფერხოს. ძლიერი გადაჭარბება კი ორგანოთა უკმარისობას, კომას, ზოგჯერ სიკვდილისაც კი იწვევს (რკინის პრეპარატებზე გამაფრთხილებელმა წარწერებმა ფატალური შეთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა).

ორგანიზმში რკინის მავნე რაოდენობით დაგროვება ზოგჯერ მემკვიდრეობითი დაავადების – ჰემოქრომატოზის შედეგია. ამ დროს ორგანიზმს რკინისგან გათავისუფლების უნარი არ შესწევს და ეს ელემენტი ორგანოებში გროვდება. ასეთი ადამიანები უნდა ერიდონ რკინის პრეპარატებისა და C ვიტამინის შემცველი საშუალებების მიღებას.

ორგანიზმში რკინის სიჭარბეს ჰემოსიდეროზი ეწოდება. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც რკინის შეწოვის გაძლიერება, ისე ხშირი განმეორებითი ჰემოტრანსფუზიაც  (სისხლის გადასხმა). როცა რკინის სიჭარბის მიზეზი გენეტიკური ფაქტორებია, პირველად ჰემოსიდეროზზე საუბრობენ, რკინის მეორეულ ჭარბ ჩალაგებას კი ტრანსფუზიული ჰემოსიდეროზი ეწოდება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთა მკურნალობაც სისხლის ხშირ გადასხმას ითვალისწინებს. რკინის სიჭარბე თან ახლავს შემდეგ ჰემატოლოგიურ დაავადებებს: თალასემიას, ნამგლისებრუჯრედოვან ანემიას, მიელოდისპლაზიურ სინდრომს, აპლაზიურ ანემიას და სხვ.

რამდენად სერიოზულ გავლენას მოახდენს ორგანიზმზე რკინის სიჭარბე, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ასაკზე, როდესაც დროსაც დაიწყო რკინის ჭარბი დაგროვება, რკინით დატვირთვის სიხშირეზე, ორგანიზმში რკინის გადანაწილებაზე... წესისამებრ, რკინის მთავარი სამიზნე ღვიძლია. ღვიძლში რკინის ჩალაგება ციროზისა და ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარებას უწყოს ხელს. ჭარბი რკინა ლაგდება ენდოკრინულ ქსოვილებში, მიოკარდიუმში. უკანასკნელ შემთხვევაში ნაადრევი სიკვდილია მოსალოდნელი

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ რკინა სასიცოცხლოდ აუცილებელია, მისმა სიჭარბემაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ დანამატების უკონტროლო მიღებას ერიდეთ. რკინის ცვლის მოსაწესრიგებლად ექიმთან შეთანხმებით უნდა იმოქმედოთ.

კალციუმი ორგანიზმის სიმტკიცისათვის

კალციუმის ნაერთებს – კირს, მარმარილოს, თაბაშირს – ხუროთმოძღვრებაში უძველესი დროიდან იყენებდნენ, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ეს ელემენტი მხოლოდ შენობების კი არა, სხეულის სიმტკიცისთვისაც საჭირო ყოფილა. სწორედ ის არის ძვლებისა და კბილების ძირითადი საშენი მასალა. მონაწილეობს სიცოცხლისთვის აუცილებელ არაერთ სხვა პროცესშიც: კუნთების შეკუმშვაში, ნერვული გამტარობის კოორდინაციაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში, სისხლის შედედებაში.

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში საშუალოდ 1000 გ კალციუმს შეიცავს. მისი მთავარი საწყობი ძვლებია, სადაც კალციუმის 99%-ია თავმოყრილი. აქ ის კრისტალების – ჰიდროქსიაპატიტების სახით ინახება. ფოსფატური მარილების სახით ძვლები კალციუმის მხოლოდ 1%-ს შეიცავს. ეს მარილები ადვილად რეაგირებს სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის ცვლილებაზე და ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს. კალციუმის მეორე საცავი სწორედ სისხლის პლაზმაა, სადაც მისი საერთო რაოდენობის 1% მიმოიქცევა. პლაზმაში ეს ელემენტი ნაწლავებიდან და ძვლებიდან ხვდება.

პლაზმაში კალციუმის იონების კონცენტრაციას ზრდის პარათჰორმონი, რომელსაც ფარისებრახლო ჯირკვალი გამოიმუშავებს. მისი ანტაგონისტია კალციტონინი – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, რომლის მოქმედების სისწრაფე ქალის ორგანიზმში უმთავრესად ესტროგენებზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელთა დეფიციტის დროს კალციტონინის კონცენტრაციაც იკლებს, რაც ძვლებიდან მის გამოთავისუფლებას აძლიერებს. ამის შედეგად ვითარდება ოსტეოპოროზი.


კალციუმის ცვლაში მონაწილეობს, სახელდობრ, მის შეწოვას ზრდის, D ვიტამინი. ის, როგორც იცით, ორგანიზმშივე წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედების დროს.

 


როდის გვემუქრება დეფიციტი

კალციუმის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს:

  • საკვებში ამ ელემენტის მცირე შემცველობამ;
  • შეწოვის დარღვევამ – მალაბსორბციამ, დისბაქტერიოზმა;
  • ორგანიზმში რკინის, ნატრიუმის, კალიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, კობალტის, თუთიის სიჭარბემ;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა;
  • ფარისებრახლო ჯირკვლის პათოლოგიებმა;
  • გაძლიერებულმა მოხმარებამ – მაგალითად, ორსულობის, ლაქტაციის, მენოპაუზის დროს, გარდატეხის ასაკში;
  • გაძლიერებულმა ხარჯვამ – მაგალითად, კოფეინიანი პროდუქტების ან თამბაქოს მოხმარების შედეგად
  • ინტენსიურმა გამოდევნამ – შარდმდენების ხანგრძლივი გამოყენებისას;
  • ხანგრძლივმა იმობილიზაციამ (მოძრაობის შეზღუდვამ).

 

რამდენი გვჭირდება

კალციუმის სადღეღამისო ნორმა და მისი ზედა ზღვარი ასაკის მიხედვით ასეთია:

დაბადებიდან 6 თვემდე – 200 მგ (1000 მგ)

7-დან 12 თვემდე – 260 მგ (1500 მგ)

1-დან 3 წლამდე – 700 მგ (2500 მგ)

4-დან 8 წლამდე – 1000 მგ (2500 მგ)

9-დან 13 წლამდე – 1300 მგ (3000 მგ)

14-დან 18 წლამდე – 1300 მგ (3000 მგ)

19-დან 50 წლამდე – 1000 მგ( 2500 მგ)

51-დან 70 წლამდე

მამაკაცებისთვის – 1000 მგ (2000 მგ)

ქალებისთვის – 1200 მგ (2000 მგ)

71 წლიდან – 1200 მგ (2000 მგ)

ორსულებისა და მეძუძურებისთვის – 1300 მგ (3000 მგ)

 

სად ვიპოვოთ

საბედნიეროდ, კალციუმს უამრავი პროდუქტი შეიცავს, რძე და რძის ნაწარმი კი მისი მთავარი წყაროა. ბევრია კომბოსტოში (განსაკუთრებით – ბროკოლიში), ოხრახუშში, ნიახურში, მსხალში, ჭერმისა და გარგარის ჩირში, თევზსა და თხილში.

კალციუმს შეიცავს ბევრი პოლივიტამინი და მინერალური დანამატიც. ამ ელემენტის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ორი ძირითადი ფორმა არსებობს – კარბონატი და ციტრატი. კარბონატი შედარებით იაფია და ყველაზე უკეთ მაშინ შეიწოვება, როცა საკვებთან ერთად ვიღებთ. კალციუმის ციტრატი უფრო ძვირად ღირებული დანამატია და მას კუჭი ნებისმიერ მდგომარეობაში კარგად შეიწოვს. მათთვის, ვისაც კუჭის წვენის მჟავიანობა დაქვეთებული აქვს, ციტრატის მიღებაა რეკომენდებული. არსებობს ასევე კალციუმის გლუკონატი, ლაქტატი და ფოსფატი.

კალციუმის ათვისება მაშინაა საუკეთესო, როცა ერთ ჯერზე მაქსიმუმ 500 მგ-ს ვიღებთ, ამიტომ თუ, მაგალითად, თქვენი დღიური დოზა 1000 მგ-ია, ჯობს, ის ორ ულუფად მიიღოთ.

კალციუმის დანამატებმა შესაძლოა აირების დაგროვება გამოიწვიოს. თუ ასეთი რამ შეგემთხვათ, გირჩევთ, სადღეღამისო დოზა რამდენიმე ულუფად გაყოთ და საკვებს შეურიოთ.

გაითვალისწინეთ: დანამატებთან სიფრთხილეა საჭირო, ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.

 

როგორ ამოვიცნოთ

კალციუმის დეფიციტი, უპირველეს ყოვლისა, იმ ორგანოებში იჩენს თავს, სადაც მათი სწრაფი ცვლა ხდება: არა ძვლებსა და კბილებში, არამედ სისხლში, კუნთოვან ქსოვილში, სეკრეტორულ ქსოვილში, – ამიტომ კალციუმის უკმარისობის ადრეული ნიშნები სისხლის შედედების დარღვევა, კუნთების სპაზმი და გულის რიტმის დარღვევაა. დეფიციტის კომპენსაციას ორგანიზმი ნელი ცვლის ადგილებიდან – კბილებიდან და ძვლებიდან – “ნასესხები” კალციუმით ახდენს. ამის შედეგად ამ ორგანოების დაზიანება გაცილებით გვიან მჟღავნდება.

კალციუმის დეფიციტის ნიშნებია: სისუსტე და დაღლილობა, კუნთების ტკივილი და სპაზმის შეგრძნება, ძვლების ტკივილი, განსაკუთრებით – სიარულის დროს, ზრდის შეფერხება, იმუნური დარღვევები, ალერგიული დაავადებები, სისხლდენებისადმი მიდრეკილება, ოსტეოპოროზი, ხერხემლის დეფორმაცია. კალციუმის ძლიერი დეფიციტი იწვევს გულყრებს, გულის რიტმის ცვლილებას, რომელიც, თუ არ აღმოიფხვრა, შესაძლოა სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. ასეთი სიმპტომები უმეტესად მათთან იჩენს თავს, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და განსაზღვრულ სამედიცინო პროცედურებს იტარებს.

 

ოსტეოპოროზი – დეფიციტის თანმხლები მთავარი პრობლემა

 

ოსტეოპოროზი დაავადებაა, რომელსაც ძვლის სიმკვრივის შემცირება და სტრუქტურის შეცვლა ახასიათებს. ამ ცვლილებათა გამო იმატებს მოტეხილობის რისკი – მცირე ტრავმამაც კი შეიძლება მოტეხილობა გამოიწვიოს. დაავადება საკმაოდ გავრცელებულია – მხოლოდ აშშ-ში 50 წელს გადაცილებულ 10 მლნ-ზე მეტ ადამიანს აღენიშნება. აშშ-ში ოსტეოპოროზით გამოწვეულ ყოველწლიურად 1.5 მლნ მოტეხილობას აღრიცხავენ, მენჯის ძვლის მოტეხილობიდან 6 თვის განმავლობაში კი ავადმყოფების 10-20% იღუპება. დაშავებულთა 50% დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებს, ხოლო 25%-ს ხანგრძლივი სამედიცინო დახმარება სჭირდება.

კალციუმისა და D ვიტამინის სათანადო რაოდენობით მიღება და აქტიური ცხოვრების წესი ოსტეოპოროზის პრევენციის აუცილებელი პირობებია. პიკური ძვლოვანი მასის ფორმირება სწორედ ახალგაზრდობაში ხდება. ამ ეტაპზე არასწორი კვება და დარღვევები მომავალში გართულებათა განვითარების ფაქტობრივი გარანტიაა. ძვლოვან მასას ფიზიკური აქტიურობა ამაგრებს. ამიტომ აკისრია დიდი როლი ვარჯიშს.

 

არ გადააჭარბოთ

 

მართალია, მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მეტადრე – ქალები, კალციუმის ნაკლებობას უჩივის, მაგრამ ზოგს სულ სხვა პრობლემა აწუხებს – კალციუმის სიჭარბე. ჰიპერკალციემიამ შესაძლოა თირკმელებში კენჭების წარმოშობას შეუწყოს ხელი. არსებობს მოსაზრება, რომ გულ-სისხლძარღვთა დააავდებების რისკსაც ზრდის, მაგრამ ეს მოსაზრება ჯერ კიდევ მოითხოვს დაზუსტებასა და დადასტურებას.

კალციუმის ჭარბი მიღება, წესისამებრ, არა საკვების, არამედ დანამატების მეშვეობით ხდება. საკვებით ასეთი რამ, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ამიტომაც აღვნიშნეთ, რომ დანამატების უკონტროლო მიღება გაუმართლებელია.

 

2016 წლის აგვისტოში  ჟურნალ  HealthDayNews -ში დაიბეჭდა სტატია მეტად ამბიციური სათაურით – “ოსტეოპოროზის საწინააღმდეგოდ კალციუმის დანამატების მიღება შესაძლოა ხანდაზმულ ქალებში ჭკუასუსტობის მიზეზად იქცეს!”

ეს ვარაუდი სავსებით ხელშესახები ჩანს, როცა ქალს რომელიმე ისეთი დაავადება აქვს გადატანილი, რომელიც თავის ტვინისთვს სისხლის მიწოდების შეფერხებას იწვევს. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ინსულტგადატანილ ქალებს, რომლებიც კალციუმის დანამატებს იღებდნენ, დემენციის რისკი მათზე 6-ჯერ მაღალი ჰქონდათ, ვისაც ინსულტის შემდეგ დანამატები არ მიუღია. რისკი 3-ჯერ მაღალი აღმოჩნდა ქალებთან, რომლებსაც დაზიანებული ჰქონდათ თავის ტვინის თეთრი ნივთიერება, ეს უკანასკნელი კი მინიინსულტის ან ტვინისთვის სისხლის მიწოდების დარღვევის გამომწვევი სხვა პროცესის მანიშნებელია.

მიზეზშედეგობრივი კავშირი მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, ამიტომ შვეიცარიის უნივერსიტეტის მკვლევარი, ექიმი სილკე კერნი, მოგვიწოდებს, კალციუმის დანამატების მიღების საკითხი მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შედეგად ინდივიდუალურად გადავწყვიტოთ. კერნი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შედეგები მხოლოდ კალციუმის დანამატებს ეხება, საკვებისმიერი კალციუმი კი ტვინზე სხვაგვარად მოქმედებს – უფრო უსაფრთხო და დამზოგველია.

კვლევა დემენციის მქონე 70-დან 92 წლამდე ასაკის 700 ქალს ჩაუტარდა. მეცნერები მათ 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად დარღვევის მექანიზმი გაურკვეველია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კალციუმის ჭარბი ოდენობა ნეირონების ნაადრევ სიკვდილს უწევს პროვოცირებას.

მეცნიერთა სხვა ჯგუფი კი იკვლევს, შესაძლოა თუ არა, კალციუმის დანამატებმა ან კალციუმით მდიდარმა დიეტამ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი შეამციროს ან პროსტატის განვითარების რისკი გაზარდოს, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული პასუხი არ მიუღიათ.

ერთი სიტყვით, ყველაფერი სასარგებლო შეიძლება უსარგებლო და მავნეც კი გახდეს, თუ არასწორად, არადანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ. გაითვალისწინეთ ეს უნივერსალური დებულება ნებისმიერ სამედიცინო საკითხთან მიმართებით და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ – ჯანმრთელობას დიდხანს შეინარჩუნებთ.

მაგნიუმი – მიკროელემენტზე მეტი

მაგნიუმი ის ელემენტია, ურომლისოდაც ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციობა წარმოუდგენელია. ის ჩვენს სხეულში მიმდინარე უამრავ პროცესში მონაწილეობს: არეგულირებს კუნთებისა და ნერვების მუშაობას, სისხლში გლუკოზის დონეს და სისხლის წნევას, ცილების, ძვლისა და დნმ-ს წარმოქმნის პროცესს.

 

რამდენი გვჭირდება?

მაგნიუმის საჭირო რაოდენობა ასაკსა და სქესზეა დამოკიდებული. სადღეღამისო ნორმა ასეთია:

* 6 თვემდე – 30 მგ;

* 7-დან 12 თვემდე  – 75 მგ;

* 1-დან 3 წლამდე – 80 მგ;

* 4-დან 8 წლამდე – 130 მგ;

* ზრდასრულ ასაკში:

მამაკაცებისთვის – 400-420 მგ;

ქალებისთვის – 310-320 მგ.

 

სად ვიპოვოთ

საბედნიეროდ, მაგნიუმით მდიდარი საკვები მრავლადაა ჩვენ გარშემო: თხილი, მარცვლეული, პარკოსნები, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული (მაგალითად, ისპანახი), რძე და რძის ზოგიერთი ნაწარმი (მათ შორის  – იოგურტი).

გარდა ამისა, მაგნიუმის მიღება შესაძლებელია დიეტური და მულტივიტამინურ-მინერალური დანამატების სახით. ასეთი დანამატები მაგნიუმს, წესისამებრ, ისეთი ფორმით შეიცავს, რომლის შეწოვაც უფრო ადვილია. მაგალითად, მაგნიუმის მარილისა, მაგნიუმის ციტრატისა და მაგნიუმის ქლორიდისა. მაგნიუმს შეიცავს ასევე ზოგიერთი საფაღარათო და გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალება.

საინტერესოა, ვიღებთ თუ არა საჭირო ოდენობის მაგნიუმს საკვების მეშვეობით.

ცნობილია, რომ აშშ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილი არასწორად შერჩეული დიეტის გამო მაგნიუმის დეფიციტს განიცდის. განსაკუთრებით სავალალოა ვითარება 70 წელს გადაცილებულ მამაკაცებსა და თინეიჯერ გოგონებთან. ზოგჯერ პირიქითაც ხდება – თუ მაგნიუმით მდიდარ საკვებს მისი შემცველი დანამატებიც დავუმატეთ, იმაზე მეტ მაგნიუმს მივიღებთ, ვიდრე ჩვენს ორგანიზმს სჭირდება.

ალბათ გაინტერესებთ, რა მოხდება, თუ მაგნიუმი დაგვაკლდა.

ერთხანს ეს არავითარ შესამჩნევ ცვლილებას არ გამოიწვევს. როდესაც ჯანმრთელ ადამიანს მაგნიუმი აკლია, თირკმელები ცდილობენ, ამ ელემენტის დონე შარდის გამოყოფის შემცირების ხარჯზე შეინარჩუნონ, მაგრამ თუ მაგნიუმით ღარიბი საკვების ხანგრძლივი მიღება საბოლოოდ მაგნიუმის დეფიციტამდე მიგვიყვანს.

მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა დაავადებამ და ისეთმა სამედიცინო ჩარევამაც, რომელიც არღვევს ნაწლავებიდან მაგნიუმის შეწოვის პროცესს ან აიძულებს ორგანიზმს, დიდი ოდენობით გამოყოს ეს ელემენტი.

მაგნიუმის უკმარისობის დროს ადამიანი უჩივის უმადობას, გულისრევას, ღებინებას, დაღლილობასა და სისუსტეს. ძლიერ დეფიციტს კი შეუძლია გამოიწვიოს დაბუჟება, ჩხვლეტა, კუნთების კრამპი, გულყრა, პიროვნული ცვლილებები, გულის რიტმის დარღვევა.

ყველაზე მეტად ვის ემუქრება მაგნიუმის დეფიციტის განვითარების საფრთხე?

* ადამიანებს, რომლებსაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებება, მაგალითად, კრონის დაავადება ან ცელიაკია აქვს;

* ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირებს;

* ალკოჰოლიზმით დაავადებულებს;

* ხანში შესულებს.

 

რაში გვჭირდება

გაგიკვირდებათ, მაგრამ მაგნიუმის როლი ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებაში ბოლომდე ჯერაც არ არის შესწავლილი. მეცნიერები ამაზე მუშაობას განაგრძობენ. მანამდე კი გიამბობთ, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით.

 

მაღალი წნევა და გულის დაავადებები

მოგეხსენებათ, მაღალი არტერიული წნევა გულის დაავადებებისა და ინსულტის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია. ცნობილია, რომ მაგნიუმის შემცველი დანამატები ხელს უწყობს წნევის მაჩვენებლების შემცირებას, ოღონდ ზომიერება საჭირო. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც საჭირო ოდენობის მაგნიუმს იღებენ, ნაკლებად არიან მიდრეკილნი გულის დაავადებებისა და ინსულტისადმი.

 

დიაბეტი

ცნობილია, რომ საჭირო ოდენობის მაგნიუმის მიღებისას მცირდება ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი. მაგნიუმი ორგანიზმს ნახშირწყლების გადამუშავებაში ეხმარება. ამჟამად მეცნიერთა კვლევის საგანია, ხომ არ შეუძლია მაგნიუმს, უკვე ჩამოყალიბებული დიაბეტის დროსაც გამოიღოს დადებითი შედეგი.

 

ოსტეოპოროზი

მაგნიუმი ჯანმრთელი ძვლებისთვისაც მნიშვნელოვანია. მას, ვინც საკმაო მაგნიუმს იღებს, უფრო მკვრივი ძვლები და, შესაბამისად, ოსტეოპოროზისა და მოტეხილობათა უფრო დაბალი რისკი აქვს. ამრიგად, მაგნიუმი განსაკუთრებით საჭიროა პოსტმენოპაუზურ პერიოდში, როდესაც ესტროგენული დეფიციტის გამო იმატებს ოსტეოპოროზის რისკი.

 

შაკიკი

აღმოჩენილია კავშირი შაკიკსა და მაგნიუმის დეფიციტს შორის. რამდენიმე კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მაგნიუმის დანამატების მიღების შედეგად შაკიკის ეპიზოდები გაიშვიათდა. მაგრამ გახსოვდეთ: შაკიკის სამკურნალოდაც კი მაგნიუმი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ.

 

ხომ არ გვავნებს?

საკვებში არსებული მაგნიუმი სრულიად უვნებელია, მისი ოდენობის შეზღუდვა საჭირო არ არის. ჯანმრთელი ადამიანის თირკმელებს შეუძლია, ორგანიზმი ზედმეტი მაგნიუმისგან გაათავისუფლოს. რაც შეეხება მაგნიუმის შემცველ დანამატებს, ეცადეთ, მათი მიღებისას არ ასცდეთ ზედა ზღვარს.

სხვადასხვა ასაკისთვის ეს ზღვარი სხვადასხვაა:

* 1-დან 3 წლამდე – 65 მგ;

* 4-დან 8 წლამდე – 110 მგ;

* 9 წლიდან – 350 მგ.

მაგნიუმის სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ძლიერმა სიჭარბემ – გულის რიტმის დარღვევაც კი. ასე რომ, გამოჩინეთ ზომიერება და ყველაფერი კარგად იქნება.

რაში გვჭირდება კალიუმი

 

უკვე იცით, რომ ნორმალური ფუნქციობისთვის ორგანიზმს მრავალი ელემენტი სჭირდება. კალიუმს მათ ნუსხაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. ეს ელემენტი აუცილებელია ნერვული და კუნთოვანი კავშირების დასამყარებლად. ის ერთგვარი გადამტანის როლსაც ასრულებს – საკვებ ნივთიერებებს უჯრედში შეღწევაში ეხმარება, ცხოველქმედების ნარჩენებს კი – უჯრედის დატოვებაში. გარდა ამისა, კალიუმით მდიდარი დიეტა გარკვეულწილად ანეიტრალებს სუფრის მარილის შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმის სისხლის წნევისთვის მავნე ეფექტს.

ადამიანთა უმრავლესობა საჭირო რაოდენობის კალიუმს საკვების მეშვეობით იღებს. კალიუმით მდიდარია საქონლის წითელი ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, ისპანახი, ბროკოლი, ლობიო, კარტოფილი (განსაკუთრებით – ქერქი), ყურძენი, მაყვალი, ძირხვენები (მათ შორის – სტაფილო), პომიდორი, ციტრუსები, ბანანი, შავი ქლიავი, გარგარი.

ორგანიზმს კალიუმი თირკმელების საშუალებით ტოვებს.

კალიუმით მდიდარი საკვების ზომიერი მიღება მართებთ მათ, ვისაც თირკმელები აქვს დაავადებული. ასეთ ადამიანებს ექიმი სპეციალურ დიეტას უნიშნავს.

თუმცა ზომიერება არც დანარჩენებს გვაწყენს. რამდენი კალიუმი მივიღოთ და, საერთოდ, როგორ შევივსოთ მისი მარაგი?

აშშ-ის მედიცინის, სურსათისა და კვების ინსტიტუტი უახლესი კვლევებით დადგენილ სადღეღამისო ნორმებს გვთავაზობს:

* 6 თვემდე – 0,4 გ

* 6-დან 12 თვემდე – 0,7 გ

* 1-დან 3 წლამდე – 3 გ

* 4-დან 8 წლამდე – 3,8 გ

* 9-დან 13 წლამდე – 4,5 გრ

* 14 წლიდან – 4,7 გ

მეძუძურ ქალებს მეტი კალიუმი სჭირდებათ, ამიტომ დღეში 5,1 გრამზე მეტი უნდა მიიღონ. ზუსტი ოდენობა ადამიანის წონის მიხედვით გამოითვლება, რასაც თქვენი ოჯახის ექიმი გააკეთებს.

კალიუმის სადღეღამისო ნორმის მიღება სავსებით შესაძლებელია საკვების მეშვეობით, როდესაც რაციონი მდიდარი და მრავალფეროვანია. თუ ადამიანს ჰიპოკალიემია დაუდასტურდა, დეფიციტის შესავსებად შესაძლოა კალიუმის დანამატებიც დასჭირდეს.

კალიუმის დეფიციტიც ისევე საშიშია ორგანიზმისთვის, როგორც სიჭარბე. მოდი, ვნახოთ, რას უნდა ველოდეთ ამა თუ იმ შემთხვევაში.

 

როცა კალიუმი გვაკლია

ორგანიზმში კალიუმის დონის დაქვეითებას ჰიპოკალიემია ეწოდება. მან შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე ან სპაზმი, დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება, შეკრულობა, დაღლილობა, გულის რიტმის დარღვევა და არტერიული წნევის მცირედი მატებაც კი. ჰიპოკალემიის რისკი ემუქრებათ ადამიანებს, რომლებიც:

  • არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ რეგულარულად იღებენ შარდმდენ პრეპარატებს;
  • ხშირად იღებენ საფაღარათო საშუალებებს;
  • ხანგრძლივად იღებენ ანტიბიოტიკებს;

აქვთ

  • შეუპოვარი ან გახანგრძლივებული ღებინება ან დიარეა;
  • თირკმელების ან თირკმელზედა ჯირკვლების ქრონიკული დაავადება;
  • კვებითი დარღვევები (მაგალითად, ბულიმია);
  • ჭარბი ოფლიანობა.

 

მეტი კალიუმი, მეტი საფრთხე

ორგანიზმში კალიუმის დონის მომატებას ჰიპერკალიემიას ვუწოდებთ. როგორც უკვე ვთქვით, ამ ელემენტს საკვების მეშვეობით ვიღებთ, ხოლო იმას, რაც ნორმაზე მეტია, თირკმელების საშუალებით გამოვყოფთ. როცა თირკმელები ამა თუ იმ მიზეზით სათანადოდ ვერ მუშაობენ, სისხლში კალიუმი ჭარბად გროვდება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, გულის რიტმის დარღვევა – წესისამებრ, შენელება – და უეცარი გულის წასვლის ეპიზოდები.

კალიუმის დონის მომატების მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
  • ადისონის დაავადება;
  • სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა;
  • გულის სამკურნალო პრეპარატების – აგფ-ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ-2-ის რეცეპტორთა ბლოკატორების გამოყენება;
  • კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ქირურგიული ჩარევის, ტრავმის ან ქიმიოთერაპიის შედეგად;
  • კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენების მიღება;
  • კუჭიდან ან ნაწლავებიდან მწვავე სისხლდენა;
  • ჰემოლიზური ანემია;
  • მწვავე ინფექცია;
  • ზოგიერთი სიმსივნე.

 

როგორც ჰიპოკალიემიის, ისე ჰიპერკალიემიის მკურნალობა უმთავრესად საკვები რაციონის ცვლილებებს გულისხმობს. პირველ შემთხვევაში მოგიწევთ, მიიღოთ მეტი სატაცური, ისპანახი, ავოკადო, კარტოფილი, პომიდორი, კომბოსტო, გოგრა, ფორთოხალი, კივი, ბანანი, შავი ქლიავი, გარგარი, ქიშმიში და სხვა სახის ჩირი, ჰიპერკალემიიის დროს კი, პირიქით, ამ პროდუქტებს უნდა ერიდოთ.

ვზღუდავთ ნატრიუმს

 

სუფრის მარილი ნატრიუმისა და ქლორისგან შედგება. მისი ქიმიური სახელწოდებაც ნატრიუმის ქლორიდია. ნორმალური ფუნქციობისთვის ნატრიუმი ორგანიზმს ისევე სჭირდება, როგორც სხვა ელემენტები. ის მუშაობაში ეხმარება კუნთებსა და ნერვებს, ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებას...

ნატრიუმის დონეს თირკმელები აკონტროლებს – როცა ეს ელემენტი გვაკლია, ორგანიზმში აკავებს მას, ზედმეტს კი შარდთან ერთად გამოყოფს. თუ ნატრიუმი ჭარბად მივიღეთ, თირკმელებმა კი თავიანთი ფუნქცია ჯეროვნად ვერ შეასრულეს, ორგანიზმში მისი დონე მოიმატებს, რაც სულაც არ არის უსაფრთხო – ნატრიუმის სიჭარბე არტერიული წნევის მომატების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რისკფაქტორია, მაღალი წნევა კი, თავის მხრივ, შესაძლოა გულის დაავადებების, ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და თირკმელების დაზიანების მიზეზად იქცეს.

ადამიანთა უმრავლესობა იმაზე მეტ ნატრიუმს იღებს, ვიდრე სჭირდება. ჯანსაღი კვების გასაღები ისეთი საკვების მიღებაა, რომელიც ნაკლებ მარილს, შესაბამისად, ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს. ექიმები გვირჩევენ, დღე-ღამეში 2,3 მგ ნატრიუმს დავჯერდეთ, რაც 1 ჩაის კოვზ მარილს უტოლდება. მისი ოდენობის კონტროლში საკვების შემადგენლობის გაცნობა დაგეხმარებათ.

ზოგი ადამიანი უფრო მგრძნობიარეა ნატრიუმის სიჭარბის მიმართ. გაიდლაინებში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ჰიპერტენზიით დაავადებულებმა, შავკანიანებმა და შუახნის ასაკს გადაცილებულებმა დღე-ღამეში 1,5 მგ ეს ელემენტი უნდა იკმარონ. თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია – სპეფიციკური ჩივილების გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ზოგს შესაძლოა სუფრის მარილის უფრო მეტად შეზღუდვა ურჩიოს. ყურადღებით მოეკიდეთ ექიმის დანიშნულებას, ნუ გეგონებათ, რომ მწიკვი მარილი ვერაფერს დაგაკლებთ!

 

როგორ შევზღუდოთ

მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები, რადგან ეს ელემენტი ამცირებს ნატრიუმის მავნე ეფექტს.

კერძი მარილის ნაცვლად სხვა სანელებლებით შეაზავეთ.

ერიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ჩიფსები, მარილიანი ჩხირები და სხვა.

მიირთვით უფრო მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.

მზა პროდუქტის შეძენამდე წაიკითხეთ მისი ეტიკეტი, გაეცანით ნაწარმში ნატრიუმის შემცველობას და ნაკლებად მარილიანი აარჩიეთ.

 

საკვები, რომელშიც ნატრიუმის შემცველობა 5%-ზე ნაკლებია, ნაკლებმარილიანად ითვლება, 5-დან 20 პროცენტამდე – საშუალოდ მარილიანად, ხოლო 20%-ზე მეტი უკვე ნატრიუმის მაღალი შემცველობაა.

 

რა იცით მარილის შემცვლელების შესახებ? რამდენად უვნებელია ისინი? მარილის ზოგიერთი შემცვლელი კალიუმის ქლორიდს შეიცავს და მარილის ნაცვლად მისი გამოყენება ჯანმრთელი ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხოა, თუმცა კალიუმი სახიფათოა მათთვის, ვისაც დიაბეტი აქვს ან გულისა თუ თირკმელების დაავადებას უჩივის. ამ შემთხვევაში ექიმს უნდა ჰკითხოთ, მიზანშეწონილია თუ არა თქვენთვის მარილის შემცვლელის გამოყენება.

ბევრს ჰგონია, რომ პრობლემა მხოლოდ შინ მომზდებული კერძებია. აი, მეცნიერებმა კი არ დაიზარეს და დაითვალეს, რომელი საკვებიდან ვიღებთ ყველაზე მეტ ნატრიუმს.

ამერიკელებისთვის მარილის მთავარი წყარო თურმე მზა, ნახევრად მზა და რესტორნის საკვებია. ამ კვლევის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ტიპურ ამერიკელს, როდესაც სამარილეს იღებს, რომ თეფშზე გადაღებულ კერძს მარილი დაამატოს, უკვე იმაზე მეტი ნატრიუმი აქვს მიღებული, ვიდრე დღე-ღამეში სჭირდება. როგორც უკვე გითხარით, ნატრიუმის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობა დღე-ღამეში 2,3 მგ-ია, ამერიკელები კი, სულ მცირე, 3,4 მგ-ს იღებენ.

ეს დეტალები უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ? არადა, ეშმაკი სწორედ დეტალებში იმალება... თუ არ დაიზარებთ, პროდუქტის შეძენამდე შეამოწმებთ მასში ნატრიუმის დონეს და ნაკლებმარილიანი ნაწარმით შეცვლით, უფრო ადვილად აიცილებთ თავიდან თანამედროვე ადამიანის პირველ მტერს – გულ-სისხლძღარღვთა დაავადებებს. დიახ, ამ “წვრილმანებს” მილიონობით გადარჩენა შეუძლია.

ფთორი თქვენი კბილების სამსახურში

თქვენი არ ვიცი, მე კი ფთორის ხსენებისთანავე კბილის პასტის რეკლამა წარმომიდგება თვალწინ... სწორედ ასეთი რეკლამების წყალობით გაიგო ბევრმა, რომ ფთორი კბილებს ამაგრებს. საინტერესოა, კიდევ რაში გვარგია ეს ელემენტი.

ფთორი ადამიანის ორგანიზმში კალციუმთან ნაერთის სახით არსებობს და უმთავრესად ძვლებისა და კბილების შემადგენლობაში შედის. მისი ყოველდღიური მიღება – რასაკვირველია, საჭირო რაოდენობით – კბილების დაზიანებას უშლის ხელს. ცნობილია, რომ ონკანის წყლისთვის ფთორის დამატებისას ბავშვებთან ერთიორად იკლებს კარიესის ალბათობა.

როგორ გვიცავს ფთორი?

დავიწყოთ იმით, როგორ ყალიბდება კარიესი.

კბილებზე გაჩენილი ნადები შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც საკვების შემადგენლობაში შემავალ შაქრებს შლიან. ამისთვის ისინი სპეციალურ მჟავას წარმოქმნიან, რომლებიც შაქრის მოლეკულებთან ერთად კბილის მინანქარსაც შლის. თუ ეს პროცესი დროულად არ შევაჩერეთ, ბაქტერია მინანქარში შეაღწევს და ღრმულებს გააჩენს. ღრმულები ასუსტებს კბილს, იწვევს ტკივილს და ინფექციის გავრცელებას. ფთორი ორ ფლანგზე ერთდროულად იბრძვის: თან კბილის სტრუქტურაში ლაგდება და ამაგრებს მას, თან კბილის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ფენას და მინანქარს მჟავას მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

ღრმულების ამოვსება ფთორს არ შეუძლია, მაგრამ ზედაპირული კარიესის დროს ეფექტურად აღადგენს მინანქარს, რაც, საბოლოოდ, თავიდან გვაცილებს კბილების შემდგომ დაზიანებას და ღრმულებს.

როგორ მივიღოთ საჭირო ოდენობის ფთორი?

ონკანის წყალი თითქმის ყველა ქვეყანაში ფთორირებულია. აი, წყაროსი ყოველთვის არ შეიცავს საკმაო ოდენობის ფთორს. ფთორი უხვადაა ოკეანეებში, ამიტომ ზღვის პროდუქტების უმრავლესობა მდიდარია ამ ელემენტით. ფთორი შედის ჩაისა და ჟელატინის შემადგენლობაშიც.

ახალშობილებს ფთორის მიღება მხოლოდ სპეციალური დანამატების საშუალებით შეუძლიათ, ვინაიდან დედის რძე ფთორს უმნიშვნელო ოდენობით შეიცავს.

რამდენი გვჭირდება?

ამერიკის მედიცინის სურსათისა და კვების ინსტიტუტის მიერ დადგენილი სადღეღამისო ნორმები ასეთია:

* 6 თვემდე – 0,01 მგ;

* 7-დან 12 თვემდე – 0,5 მგ;

* 1-დან 3 წლამდე – 0,7 მგ;

* 4-დან 8 წლამდე – 1,0 მგ;

* 9-დან 13 წლამდე – 2,0 მგ;

* 14-დან 18 წლამდე – 3,0 მგ;

* 18 წლიდან:

მამაკაცებისთვის – 4,0 მგ;

ქალებისთვის – 3,0 მგ.

როგორ მივიღოთ საკმარისი ფთორი? აქაც უნივერსალური წესი უნდა დავიცვათ – მივირთვათ მრავალფეროვანი საკვები, რომელიც ყველა საჭირო ვიტამინსა თუ მიკროელემენტს შეიცავს.

ცხადია, არც ზედმეტი ფთორის მიღებაა მართებული. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ელემენტის სიჭარბე ძალზე იშვიათად გვხვდება. 8 წლამდე ამან შესაძლოა მინანქარის ფლუოროზი გამოიწვიოს – მინანქარმა ფერი იცვალოს ან გაუჩნდეს დაბინდული თეთრი ზოლები, რომელთა შემჩნევა დაუკვირვებელი თვალისთვის არც ისე ადვილია.

ბავშვის ორგანიზმში ფთორის შემცველობის მომატებას უმეტესად ფთორიანი კბილის პასტის ან სავლების უნებლიე გადაყლაპვა იწვევს. ფთორით ძლიერი მოწამვლის დროს შეინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მომატებული ნერწყვდენა ან წყურვილის შეგრძნება.

ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ:

* ჰკითხეთ ექიმს, რა სახის წყალი ასვათ პატარას;

* თვითნებურად ნუ მისცემთ მიკროელემენტის შემცველ ნურც ერთ დანამატს;

* ნუ გამოიყენებთ ფთორის შემცველ კბილის პასტას 2 წლამდე ასაკის ბავშვების ჰიგიენისთვის.

* ასევე არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფთორის შემცველი სავლების გამოყენება.

შეუცვლელი თუთია

 

ყველა მიკროელემენტს თავისი მოქმედების სფერო აქვს. თუთია იმუნური სისტემის თანაშემწეა. ის ორგანიზმს ბაქტერიებსა და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. გარდა ამისა, თუთია საჭიროა ცილებისა და გენეტიკური მასალის – დნმ-ს სინთეზისთვის, ამიტომ მუცლად ყოფნის, ახალშობილობისა და ბავშვობის პერიოდში ის განსაკუთრებით გვჭირდება. გარდა ამისა, თუთია მონაწილეობს ჭრილობის შეხორცებაში, გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნებათა ჩამოყალიბებაში.

რამდენი მივიღოთ? ეს, ცხადია, ასაკზეა დამოკიდებული. სადღეღამისო ნორმა ასეთია:

* 1 წლამდე – 2-3 მგ;

* 1-დან 8 წლამდე – 5 მგ;

* 9-დან 18 წლამდე – 8-11 მგ;

* ზრდასრულ ასაკში:

მამაკაცებისთვის – 11 მგ;

ქალებისთვის – 8 მგ;

მეძუძური დედებისთვის – 11-13 მგ.

თუთიით მდიდარია ხამანწკები, წითელი ხორცი, შინაური ფრინველის ხორცი, კიბორჩხალა, ლობსტერი, ლობიო, თხილი და რძის ნაწარმი. არსებობს თუთიით გამდიდრებული ბურღულეულიც.

გარდა ამისა, თუთიას შეიცავს თითქმის ყველა პოლივიტამინური დანამატი, უმეტესად – სხვა მიკროელემენტებთან ერთად. პოლივიტამინურ დანამატებში თუთია სხვადასხვა ფორმით გვხვდება: თუთიის გლუკონატისა, თუთიის სულფატისა ან აცეტატისა. თუთიას აღმოაჩენთ ისეთი წამლების შემადგენლობაშიც, რომლებიც ურეცეპტოდ იყიდება. ასეთებია, მაგალითად, გაციების საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშუალებები.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ თუთიის შემცველი ცხვირის სპრეის ან მალამოს ხშირი გამოყენება ყნოსვის ხანმოკლე ან ხანგრძლივ დაკარგვასთანაა ასოცირებული. თუთიის შემცველ პერორალურ მედიკამენტებთან ასეთი კავშირი არ შეუმჩნევიათ.

თუთიას შეიცავს კბილის პროთეზის მისაკრავი ადჰეზიური კრემიც. მისმა ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა ორგანიზმში თუთიის შემცველობის მომატება და სპილენძის დონის დაქვეითება გამოიწვიოს, რასაც, თავის მხრივ ნევროლოგიურ დარღვევებამდე – კიდურების დაბუჟებამდე და სისუსტემდე მივყავართ.

როგორ მივხვდეთ, ვიღებთ თუ არა საკმარისი ოდენობის თუთიას?

ამერიკის კვებისა და სურსათის სააგენტოს მონაცემებით, ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა საკვებიდან საკმარისი რაოდენობის თუთიას იღებს, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ:

* ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს გასტროინტესტინური ტრაქტის ოპერაცია (მაგალითად, ბარიატრიული) ან აქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ესა თუ ის დაავადება (მაგალითად, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება). მათ ორგანიზმში დარღვეულია შეწოვის პროცესი, ამიტომ საკმარისი რაოდენობის თუთიას ვერ ითვისებენ;

* ვეგეტარიანელები. ისინი არ ჭამენ ხორცს, ლობიო და მარცვლეული კი სხვა ისეთ ნივთიერებებსაც შეიცავს, რომლებიც ხელს უშლის თუთიის სრულყოფილ ათვისებას, ამიტომ ვეგეტარიანელებს საკვების მეშვეობით სხვებზე ორჯერ მეტი თუთიის მიღება მართებთ;

* 6 თვეს გადაცილებული ბავშვები, რომლებიც კვლავ ძუძუთი იკვებებიან – ამ პერიოდში ქალის რძე არ შეიცავს იმდენ თუთიას, რამდენიც 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვს სჭირდება. ამ დროს საჭიროა სპეციალური ფორმულის მქონე საკვების მიცემა, რომლის შემადგენლობაშიც ყველა საჭირო ელემენტი ასაკისთვის შესაბამისი რაოდენობით შედის;

* ალკოჰოლიზმით დაავადებულები. ცნობილია, რომ ალკოჰოლიანი სასმელი ხელს უშლის თუთიის შეწოვას და აძლიერებს შარდის მეშვეობით მის გამოყოფას. გარდა ამისა, ალკოჰოლიზმით დაავადებულთა რაციონი, წესისამებრ, მწირია;

* ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიით დაავადებულები – მათ მეტი თუთია სჭირდებათ.

 

რა გვემუქრება თუთიის ნაკლებობის დროს?

მართალია, თუთიის ნაკლებობა იშვიათია, მაგრამ თუ განვითარდა, სერიოზულ უსიამოვნებას მოგვაყენებს. ბავშვები ზრდაში ჩამორჩებიან, მოზარდებს ერღვევათ სქესობრივი მომწიფების პროცესი, მამაკაცები კი ერექციულ უკმარისობას უჩივიან. გარდა ამისა, თუთიის დეფიციტს შესაძლოა მოჰყვეს თმის ცვენა, დიარეა, თვალისა და კანის წყლულები, უმადობა, ჭრილობის შეხორცების გართულება და ღვიძლის დაზიანება.

ზედმეტი თუთიაც მავნებელია – შესაძლოა, გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, უმადობა მუცლის ტკივილი, დიარეა, თავის ტკივილი. როცა ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ჭარბად იღებს თუთიას, შესაძლოა, დაუქვეითდეს ორგანიზმში სპილენძისა და “კარგი” ქოლესტეროლის დონე, დაუსუსტდეს იმუნური სისტემა.

ასე რომ, დაიცავით ოქროს შუალედი, მიიღეთ თუთიით მდიდარი ბუნებრივი პროდუქტები და შეივსეთ ამ ფასდაუდებელი მიკროელემენტის მარაგი.

მოამზადეს  გვანცა გოგოლაძემ და თამარ არქანიამ

გააზიარე: