მანანა მენაბდე: წარმატებად ის მიმაჩნია, როცა საკუთარ თავთან ბრძოლას ვიგებ

გააზიარე:

არავის ჰგავს – ძლიერია, თავისთავადი... მანანა მენაბდე ხელოვნების მსახურია, ფუნჯი, კალამი, მუსიკალური ინსტრუმენტები და ფოტოაპარატი კი – მისი თვითგამოხატვის იარაღები.

მუსიკალური ტრადიციების, ქართული რომანსის დამაარსებლების – დები იშხნელების ოჯახში გაიზარდა. ამან, თავისთავად, გავლენა მოახდინა მის პროფესიულ არჩევანზე, ხელოვნებისა და მუსიკის სიყვარულზე.

– ცხადია, ოჯახი დიდ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ თავად ახალგაზრდაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. როდესაც ახალგაზრდა მშობლიური სახლის კედლებს ტოვებს, პირველი ადგილი, სადაც იგი მარტო, მშობლების გარეშე ეხება გარე სამყაროს, საბავშვო ბაღია. მერე – სკოლა, მერე კი – ინსტიტუტი. მის ცხოვრებაში მანამდე უცნობი გარემო იჭრება და ახალგაზრდას ოჯახის რჩევის გარეშე უხდება ამა თუ იმ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება. უკვე თავად უნდა აირჩიოს რა გზას დაადგეს, რა წრეში იტრიალოს და ვინ გაიხდოს მეგობრად. ასე და ამგვარად, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, მარტო მიაბიჯებს ცხოვრების გზაზე.

– იყო ორკესტრი “რერო”, რუსეთის თეატრალური სახელმწიფო ინსტიტუტი “გიტისი”, სოლო კონცერტები და თქვენ მთლიანად ხელოვნების სამყაროში აღმოჩნდით. ხართ მუსიკოსი, მხატვარი, მსახიობი, მწერალი, ფოტოხელოვანი – როგორ იქცა ყველა ეს სფერო მანანა მენაბდის ასპარეზად?

– ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ვარ. ბევრი ნიჭიერი შემოქმედი ვიცი, ვინც ერთდროულად ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაობს. ხატვა, რეჟისურა, ფოტოგრაფია, სიმღერა და
მწერლობა ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, ვერც ერთს ვერ მივანიჭებ უპირატესობას. ისინი ერთმანეთს ავსებენ. თითოეულ მათგანს სერიოზულად ვეკიდები და თავდადებით ვემსახურები.

მიჭირს დაზუსტებით იმის თქმა, თუ როგორ იქცა ეს ყველაფერი ჩემს ასპარეზად. ასეთი რამ სადღაც ზევით წყდება. ჩვენ ღმერთის ჭურჭელი ვართ და ის, რაც ამ ჭურჭელშია, კი არ უნდა დაძმარდეს და დამჟავდეს, არამედ დაღვინდეს.

– თბილისში, “ქარვასლაში” გამართულ თქვენს გამოფენაზე გვესაუბრეთ. რა სიახლე შესთავაზეთ საზოგადოებას და რა რაკურსით იხილა დამთვალიერებელმა მანანა მენაბდის შემოქმედება?

– ეს იმდენადაა “სიახლე”, რამდენადაც უკვე მრავალჯერ ნათქვამს ჩემებურად გამოვთქვამ. ჩემებურად გადმოვცემ იმას, რაც ჩემს თვალსაწიერში ექცევა. ამ ფოტოეტიუდებს შეიძლება “მხატვრულიც” ვუწოდოთ, რადგან ჩემი ამოცანა იყო, ესა თუ ის დეტალი, ცხოვრებისეული მონაკვეთი, რაც შეიძლება მეტად მიმეახლოებინა ფერწერასთან, გრაფიკასა და აკვარელთან. თუმცა გამოფენას მხოლოდ ეს დატვირთვა არ ჰქონია – აქ იყო შუქ-ჩრდილების, სიცოცხლისა და მანეკენის, პორტრეტის, ორი ფერის, ლურჯისა და წითლის, თემებიც...

– 1991 წლიდან ბერლინში ცხოვრობთ, თუმცა თქვენთვის საყრდენი მუდამ ქართული ფესვები იყო...

– ...და მუდამ ასე იქნება. ევროპელი და ამერიკელი მსმენელისთვის, მაყურებლისა თუ მკითხველისთვის ჩვენ საინტერესო ვართ მხოლოდ ჩვენი ქართული ფუძით. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ ამერიკულ და ევროპულ კულტურას, მიმაჩნია, რომ ჩვენმა წინაპრებმა საოცარი განძი შემოგვინახეს, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. მხოლოდ ამ საგანძურის ათვისებით და მასზე დაყრდნობით შეიძლება შეიქმნას რამე ღირებული.     

– რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნებში მიღებული გამოცდილება შემოქმედის განვითარებისთვის? რა პერსპექტივა არსებობს ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისთვის განათლებისა და ზრდის თვალსაზრისით?

– ასე, ოცდაათიოდე წლის წინ ჩვენი მესამეკლასელები ცოდნით იქაურ მეშვიდეკლასელებს უტოლდებოდნენ. ახლა ყველგან სავალალო მდგომარეობაა. ყველაფრის ხარისხი დაეცა... მაინც არის ადგილები ევროპასა და ამერიკაში, სადაც ხარისხი ჯერ კიდევ ფასობს. რა თქმა უნდა, თუ ახალგაზრდას საშუალება აქვს, განათლება კემბრიჯში ან სორბონში მიიღოს, ეს მისი ზრდისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, მაგრამ არის ინსტიტუტები, რომელთა უმრავლესობა ისეთივე დაბალი დონისაა, როგორიც ჩვენთან. ასე მგონია, ხარისხის დაცემა სისწრაფემ მოიტანა. ადამიანებს დრო აღარ რჩებათ, გაკეთებული გადაამოწმონ. ამიტომაცაა, რომ გაქრა ისეთი ცნებები, როგორებიცაა ღირსება, სინდისი და პატიოსნება. დროის სიმცირის გამო ადამიანი თავის საქციელს ვეღარ აკონტროლებს. ყველაფერი ფულმა და სისწრაფემ დაიპყრო. გამოსავალი ერთია: შევიყვაროთ და პატივი ვცეთ იმ ადგილს, სადაც დავიბადეთ და ვცხოვრობთ. ეს ბაღნარი, სახელად საქართველო, უფალმა გვიბოძა და მას მოწიწებით უნდა მოვეპყროთ. ფრანგმა გენიოსმა ვიქტორ ჰიუგომ თქვა: “ხალხის სიდიადე რიცხობრივად არ იზომება, მისი ერთადერთი საზომი მისი გონებრივი და ზნეობრივი სიმაღლეა”.

უნდა მიხვდნენ ჩვენი სახელმწიფოს სათავეში მდგომი პირები, რომ ქვეყნის კულტურა არა უცხო ქვეყნების პროდუქციის სიმრავლით, “X Factor”-ებსა და “Voice”-ებზე ინგლისურად სიმღერით კი არ იზომება, არამედ საკუთარი პროდუქციის გარეთ გატანით და ბრწყინვალე წარდგენით. ხალხმა ოდესმე მაინც უნდა შეიგნოს, რომ მას უცხოელბის წინაშე მხოლოდ თავისი კულტურა წარმოაჩენს. მაღალი რანგის ხელოვნება კი საგარეო პოლიტიკის განმტკიცებასაც უწყობს ხელს. “ო, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!” – დიდი ილიას ეს სიტყვები ზედმიწევნით შეესატყვისება ჩვენს მდგომარეობას ბოლო 70 წლის განმავლობაში.

– ხშირად მონაწილეობთ საქველმოქმედო აქციებში, კონცერტებსა თუ გამოფენებში. რა არის ქველმოქმედება თქვენთვის? როგორ ფიქრობთ, ექცევა თუ არა მას სათანადო ყურადღება ჩვენს ქვეყანაში და რამდენად ლოიალურია ჩვენი საზოგადოება უმწეო ადამიანების მიმართ?

– ქველმოქმედება ხელოვანს საშუალებას აძლევს, დაეხმაროს მათ, ვისაც ფიზიკურად თუ ფინანსურად უჭირს.

დიდი ხანია ვოცნებობდი საქველმოქმედო აქციის გამართვაზე, მაგრამ ამ ოცნების ახდენა ახლაღა მოვახერხე. ძალიან ძნელი ყოფილა საქველმოქმედო კონცერტის გამართვა. ლეიკემიით დავადებული ბავშვებისთვის. გამოგიტყდებით, უფრო ადვილი მეგონა... ეს ყველაფერი კულტურის სამინისტროსა და ქალაქის მერიის დონეზე წყდება. მათ ასეთი დიდი თანხები არ გააჩნიათ, ამიტომ სპონსორის პოვნაა საჭირო. ზოგი ამ სიტყვებით გისტუმრებს: მე უკვე დავეხმარე ავადმყოფ ბავშვებს, დაე, ახლა სხვა დაეხმაროსო. სამარცხვინო პასუხია! ამას სჯობია, თქვან, ახლა ფული არ გვაქვსო... ფაქტი ფაქტად რჩება: ასეთი პასუხები, ასეთი დაბრკოლებები ძალას გართმევს და ადამიანებზე გულს გიცრუებს.

– სამომავლო გეგმებზეც გვითხარით რამე...

– რამდენიმე სერიოზული პროექტი მაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ მხოლოდ ორს ვახსენებ: ახლახან პოეტმა და მთარგმნელმა რაულ ჩილაჩავამ ჩემი იგავების უკრაინულ ენაზე თარგმნა დაასრულა; წიგნი ცნობილმა უკრაინელმა გამომცემელმა ანეტა ანტონენკომ გამოსცა. აპრილში კიევში გახლდით, წიგნის ფესტივალზე, სადაც ორი გამოსვლა მქონდა. მეორე პროექტი კი თეატრს ეხება: ახლახან, როგორც რეჟისორმა, ამავე იგავების მიხედვით დაწერილ პიესაზე დავიწყე მუშაობა. იგავების პიესად გარდაქმნა და დადგმა ქეთი დოლიძის იდეა გახლდათ. მის დასაწერად ჩემს ორ უსაყვარლეს პოეტს – ნინია სადღობელაშვილსა და კატო ჯავახიშვილს ვუხმე. ასე რომ, პიესას სამი ავტორი ჰყავს. პრემიერამდე ჯერ კიდევ შორია, სულ შვიდი რეპეტიცია გვქონდა. სავარაუდოდ, სპექტაკლი ნოემბერ-დეკემბრისთვის იქნება მზად.

– რა მიგაჩნიათ თქვენს უდიდეს მიღწევად?

– ადამიანად დარჩენა, თუ ეს მოვახერხე.

– წარმატების თქვენეული ფორმულა როგორია?

– წარმატება... გაუზვიადებლად გეტყვით, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს სიტყვა. ყველა ცდილობს, სხვის თვალში იყოს “წარმატებული”, მე კი წარმატებად ის მიმაჩნია, როცა საკუთარ თავთან ბრძოლას ვიგებ. ჩემთვის მთავარია, ყოველდღიური ძალისხმევით საკუთარ თავზე მეტი გავხდე. რაც შეეხება “ფორმულას”, ის ყველასთვის ერთია: შრომა, შრომა და შრომა.

– ახერხებთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას? არჩევთ თუ არა ჯანსაღ საკვებს, ბალანსირებულ რაციონს? ფიზიკურ აქტიურობას რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევთ?

– მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით დროის ნაკლებობას განვიცდი, ჯანსაღი წესით ცხოვრებას მაინც ვახერხებ. მიმაჩნია, რომ ადამინი სხვას ვერ დაეხმარება, თუ საკუთარი თავი არ ადარდებს. დიდ ყურადღებას ვაქცევ ჯანსაღ კვებას და ბალანსირებულ რაციონს. ფიზიკური აქტიურობაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მაგრამ ძალიან დატვირთული ვარ, ამიტომ შინ ვვარჯიშობ.

– ჯანმრთელობის პერსონალური რეცეპტი გაგვაცანით.

– მიმაჩნია, რომ “დიეტა” არასწორი მიდგომაა. ადამიანმა დღეში ორი-სამი ლიტრი წყალი უნდა სვას. გარდა ამისა, ჭამოს ცოტა და ხშირად. საერთოდ, ყველაფრისთვის, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობისთვის, მნიშვნელოვანია რიტმი: ერთსა და იმავე დროს ადგომა, საუზმე, სადილი, ძილი... 18-19 საათის შემდეგ ჭამა არ არის სასურველი. ხილი ადამიანმა 12-დან 18 საათამდე უნდა მიირთვას. ტკბილი ხილის ციტრუსებში არევა არ შეიძლება. ხორცს გარნირად უთუოდ მსუბუქი სალათა უნდა ახლდეს და არა მაკარონი ან კარტოფილი. თუ გარნირი არ არის, ხორცს უნდა დასჯერდეთ. და, რა თქმა უნდა, აუცილებელია სრულფასოვანი ძილი.

მე ამ პრინციპებს მივდევ და თქვენც იმასვე გირჩევთ. ჯანმრთელობას გისურვებთ.

 

 

თამარ ციბალაშვილი

 

გააზიარე: