გოჩა აბულაძე: “შემოქმედება ისაა, რაც შენია, შენი შინაგანი წვის ნაყოფი”

გააზიარე:

“ჩემი ცხოვრება სავსე იყო ბედნიერებით. დავიბადე ოჯახში, სადაც მღეროდა ყველა”, – ამ სიტყვებით იწყებს საკუთარ თავზე თხრობას გოჩა აბულაძე სტეფან ხორაკის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც გერმანელმა რეჟისორმა მაშინ გადაიღო, როცა ახალგაზრდა ქართველი ბარიტონი მაგდებურგის თეატრის სეზონის საუკეთესო მომღერლად დაასახელეს. წარმატება ერთბაშად არ მოსულა – მას წინ უძღოდა სწავლისა და თავდაუზოგავი შრომის წლები, ჯერ – თბილისში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მერე – იტალიაში, ოზიმოს ლირიკული ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში... იყო ისეთი დღეებიც, როცა, კონკურსში მონაწილეობისთვის სხვა ქალაქში წასულს, უკან დასაბრუნებელი ფული არ ჰქონია. “ბევრი შემოგვნატრის საქართველოდან უცხოეთში მოღვაწე ქართველებს, თქვენ რა გიჭირთო... ვინ იცის, რის ფასად გვიჯდება თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი... ძნელია ოჯახიდან, სამშობლოდან შორს ყოფნა. ყველა და ყველაფერი გენატრება. სამშობლოშიც ვერ ბრუნდები, რადგან იცი, რომ შენი შესაძლებლობების გამოვლენისთვის ასპარეზი გჭირდება, ეს ასპარეზი კი აქ გაქვს, დიდი სცენების ქვეყანაში. აქ ყველაფერი გაქვს, სამშობლოს გარდა... არადა, რა ხანმოკლეა ცხოვრება... მეორე შანსი ხომ არ მექნება, მოვეფერო მშობლებს... ვიყო ძმის გვერდით, ჩვენი სახლიდან ერთდროულად ისმოდეს ტენორისა და ბარიტონის ხმა... ვინ იცის, რამდენჯერ მინატრია ჩემი პატარა ძმისშვილის, ორი წლის ეფემიას ჩახუტება... აღდგომის შესახვედრად მეგობრებთან ერთად საფიჩხიიდან გელათში ფეხით ასვლა... სულ მონატრებაში ვარ, მაგრამ ეს ჩემი არჩეული გზაა და როცა ამ გზას ირჩევ, იცი, რომ ბევრ რამეზე უარის თქმა მოგიწევს...” – იტყვის მოგვიანებით AIAnews.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

რა თქმა უნდა, ევროპაშიც ჰყავს მეგობრები, ჰყავს კოლეგები, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს თავიანთ წრეში ნიჭიერი ქართველი მომღერალი, რაც მთავარია, ჰყავს ურიცხვი თაყვანისმცემელი. ევროპულ ცხოვრების წესსაც შეეჩვია, მაგრამ შინ თუ გარეთ, ნაცნობებსა თუ უცნობებთან, დღემდე იმ უბრალო, თბილ, თავაზიან და საოცრად წრფელ პიროვნებად რჩება, რომელიც ხუთიოდე წლის წინ ძმასთან ერთად წავიდა საქართველოდან დიდი სცენების დასაპყრობად. მაშინ არაფერი ებადა, ნიჭის, ხმისა და სიმღერის უსაზღვრო სიყვარულის გარდა.

 

მის შესახებ ორიოდე წლის წინ ოპერის მოყვარული მეგობრისგან შევიტყვე. იმხანად ის ჯერ კიდევ მაგდებურგის თეატრის რიგითი სოლისტი იყო და, თუმცაღა მცირე ხნის წინ ფერარის მუნიციპალური თეატრის სცენაზე მის მიერ შესრულებულ ჟერმონის პარტიას იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საქართველოში მასზე ჯერ კიდევ არ ლაპარაკობდნენ. მის მოსასმენად ევროპის რომელიმე თეატრში მოხვედრა ისეთივე აუხდენელი ოცნება იყო ჩემთვის, როგორიც მთვარეზე მოგზაურობა. ინტერნეტშიც სულ თითებზე ჩამოსათვლელი ჩანაწერი მოიპოვებოდა... გავა ერთი წელიც და გოჩა აბულაძე საგანგებოდ ეწვევა თბილისს, რათა ქართული კინომუსიკისადმი მიძღვნილ კონცერტზე ორად ორი არია შეასრულოს, მე კი ამ ორი არიის მოსასმენად ყველა საქმეს გადავდებ და როცა სცენიდან ხავერდოვანი, მჟღერი ბარიტონით დაიღვრება: “Largo al factotum della citta!” – “გზა მიეცით ქალაქის სულსა და გულს!” – მივხვდები: არასოდეს ვინანებ, რომ საკუთარი დაბადების დღის საღამო, რომელსაც დიდხანს ვგეგმავდი, მყუდრო ბარის ნაცვლად თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გავატარე.

ინტერვიუზე ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში შევუთანხმდი, მაგრამ, მისი ჯოჯოხეთური გრაფიკის გადამკიდე, რამდენჯერმე მოგვიხდა საუბრის გადადება. ბოლოს გავიფიქრე, ალბათ პირდაპირ უარის თქმისა მოერიდა-მეთქი და გადავწყვიტე, აღარ შემეწუხებინა, მაგრამ საერთო ნაცნობის მეშვეობით თვითონვე შემეხმიანა და მომიბოდიშა. მისმა პირველივე, საოცრად თბილმა და უშუალო ფრაზებმა დამარწმუნა, რომ ის, რაც ჩემი ოპერის მოყვარული მეგობრისგან ვიცოდი მის შესახებ, ოდნავაც არ იყო გაზვიადებული. ადვილად წარმოვიდგინე თეთრ ხიდზე მეგობრებთან ერთად ლუდის კათხით ხელში მდგარიც და შუა ქუჩაში რიგით თაყვანისმცემელთან ოპერაზე სასაუბროდ შეჩერებულიც...

– დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ჩემი ოჯახის დამსახურებაა, – მითხრა, როცა მშობლებისა და ძმის შესახებ ვკითხე, – რაც მთავარია, ჩემმა ოჯახმა მაჩუქა სიმღერა.

ქუთაისში დაიბადა. მისმა ბავშვობამ საქართველოსთვის ავბედით იმ წლებში ჩაიარა, როცა ქვეყანაში ყოველი მეორე გადარჩენისთვის იბრძოდა.

– მეცხრე სართულზე ვცხოვრობდით. პატარები ვიყავით მე და ჩემი ძმა, მაგრამ ყოველდღე სამი-ოთხი სათლი წყალი მაინც უნდა აგვეტანა შინ. მიჩვეულები ვიყავით გაჭირვებას...

გოჩას ძმა, უჩა აბულაძე, ტენორია. ინტერნეტში დღესაც ნახავთ მისი საკონკურსო გამოსვლის ვიდეოჩანაწერს, სადაც თანამედროვე საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, მონსერატ კაბალიე, გულშეძრული და თვალცრემლიანი ეხვევა ქართველ ახალგაზრდას, რომლის გვარი რამდენიმე წუთის წინ პირველად გაიგონა.

– დედა არაჩვეულებრივად მღერის. სწორედ მან შეგვაყვარა ხალხური სიმღერა მე და ჩემს ძმას. მომღერლობაზე ოცნებობდა, მაგრამ მისი ბედი სხვანაირად წარიმართა. იტყვის ხოლმე, ოცნება თქვენში ავიხდინეო... ყოველთვის ვცდილობ, ისე ვიმღერო, რომ უწინარესად დედას მოეწონოს. თუ შემაქო, ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

მამა ინჟინერია. არც ის იქნებოდა ურიგო მომღერალი, მაგრამ თავს იკავებს – ჩვენი შემხედვარე, დაკომპლექსდა, – მეუბნება ღიმილით.

 

ვისაც ფეისბუქზე გოჩას გვერდზე მიუწვდება ხელი, აუცილებლად წააწყდებოდა მამისადმი მიძღვნილ სულისშემძვრელად თბილ წერილს:

“სულ პატარები ვიყავით მე და უჩა... დილის ექვს საათზე წამოგვყრიდა, სოკოზე მივდივართო. სველი მინდვრის ნამი გვაფხიზლებდა...

ჭურში ჩაგვყრიდა და სარეცხელა ბალახით ვხეხავდით დაქანცვამდე პატარა ხელებით. საღამოს სტადიონზე აგვყვებოდა და ფეხბურთს გვათამაშებდა...

ძველით ახალ წელს პირველად ნასროლი თოფის სიხარული ახლაც მახსოვს... დილით ბეჭი მტკიოდა, მაგრამ როგორ შევიმჩნევდი...

მერე სანადიროდ წაგვიყვანა...

პირველი ხე მამამ დამარგვევინა, ხის დამყნობაც მასწავლა.

ციცქა-ცოლიკოურს აყენებს ისეთს, მეფეებთან რო არ შეგარცხვენს!”

 

– ის სითბო და სიყვარული, რომელიც ასე უხვად ტრიალებდა ჩვენს ოჯახში, ბევრს იზიდავდა. იმ გაჭირვების წლებშიც კი სტუმრებით ყოველ საღამოს სავსე იყო ჩვენი სახლი. ჩემი მეგობრები ახლაც დედას ეძახიან დედაჩემს...

ბავშვობაში რაგბის თამაშობდა (მორაგბეებს შორის დღესაც ბევრი მეგობარი ჰყავს), მაგრამ ტრავმამ ხელი შეუშალა, სპორტს გაჰყოლოდა. ერთხანს თურმე დედასავით ფილოლოგობასაც კი აპირებდა, მაგრამ მიხვდა, რომ უსიმღეროდ გაძლება არ შეეძლო.

ჯერ ფოლკლორულ ანსამბლში მღეროდა, მერე – ნიკოლოზ ედგარიძის სტუდიაში (ეს ღვაწლმოსილი კომპოზიტორი და პედაგოგი ახლახან გარდაიცვალა). მეათე კლასიდან სწავლა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო.

– ხშირად მეუბნებიან, ოპერის მომღერალი ხარ და ხალხურ სიმღერებს ხშირად ნუ იმღერებო. მე კი, პირიქით, მგონია, რომ თუ რამე ღირებული შეიძლება შექმნას ოპერის მომღერალმა – მხოლოდ თავისი ეროვნულობიდან გამომდინარე. სხვისი არ ვიცი და მე ძალიან მეხმარება ჩემი ხალხური სიმღერები, ჩემი საგალობლები. მარტოც რომ ვიყო, დღე არ გავა, ჩემთვის მაინც არ წავიღიღინო რამე.

თხუთმეტ-თექვსმეტ წლამდე ოპერის გაგონებაც არ მინდოდა, მაგრამ ერთ დღეს ტელევიზორში პავაროტის სიმღერას მოვკარი ყური და დამოკიდებულება ერთბაშად შემეცვალა... მერე სხვა დიდი მომღერლებიც აღმოვაჩინე... როცა მეცხრე კლასი დავამთავრე და გზის გასაყართან დავდექი, არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია – რა უნდა ამერჩია, თუ არა სიმღერა.

დღემდე საოცარი სითბოთი იხსენიებს ლუბა ლომაკინას, რომელსაც ბედმა ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებელში შეახვედრა.

სწორედ ქალბატონმა ლუბამ გააცნო ნოდარ ანდღულაძეს – ცნობილი მომღერლის დავით ანდღულაძის ვაჟს, თავადაც ცნობილ მომღერალს და დიდ პედაგოგს. საგანგებოდ წამოიყვანა თბილისში მასთან შესახვედრად. ამ შეხვედრამ მისი მომავალი განსაზღვრა.

– კარი გაიღო, მაესტრო მეგობარივით მომესალმა, ჩამიხუტა და შინ შეგვიპატიჟა... პირველივე ფრაზები ვიმღერე თუ არა, მამის სურათისკენ მიმითითა და მითხრა, შენმა სიმღერამ დათიკოს ხმის მოხურვა გამახსენაო. ენით აუწერელი სიხარული ვიგრძენი. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ ოპერა ჩემი მომავალი იყო.

ნოდარ ანდღულაძეზე საუბარი უსასრულოდ შეუძლია – სიყვარულით, მოწიწებით, მადლიერებით. არ მიკითხავს – საერთო ნაცნობებისგან გამიგონია, რომ, თბილისში ჩამოსული, ისე არ დაბრუნდება უკან, მაესტროს საფლავი არ მოინახულოს. ერთ ინტერვიუში ასეთ ამბავსაც ჰყვება: “ოზიმოს აკადემიაში რომ ჩავაბარეთ, დირექტორმა ჩვენი პედაგოგის ტელეფონის ნომერი გამოგვართვა, დაურეკა და უთხრა, აბულაძეებმა ზეიმად გადაგვიქციეს გამოცდა და მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთო. არასოდეს დამავიწყდება, როგორი გახარებული იყო მაესტრო, როცა დაგვირეკა, სიხარულით ტიროდა. ასეთი წუთები ენერგიას მმატებს”.

არანაკლები სიყვარულით იხსენებს ვაჟა ჩაჩავას – ცნობილ პიანისტს და პედაგოგს, წლების განმავლობაში მოსკოვის კონსერვატორიის კათედრის გამგეს და მოსკოვის დიდი თეატრის არაერთი ვარსკვლავის კონცერტმეისტერს:

– დიდი რუსი ბარიტონის, პაველ ლისიციანის სახელობის წინასწარ საკონკურსო მოსმენაში გავიმარჯვე და ერთი კვირით მოსკოვში მომიხდა ჩასვლა. პირველად იქ მომისმინა ვაჟიკომ და როცა თბილისში ჩამოვიდა, მაშინვე მომიკითხა. ხუთი სოლოკონცერტი გავმართეთ ერთად... მისი ყოველი სიტყვა დღემდე მახსოვს და ისევე ვითვალისწინებ, როგორც მაესტროს რჩევებს.

ვეკითხები, დიდი მომღერლებიდან ვინ მიაჩნია იდეალად, ვინ არის მისაბაძი მისთვის. დაუფიქრებლად ასახელებს ორს: უდიდეს იტალიელ ბარიტონს ეტორე ბასტიანინის და მარია კალასს:

– როცა თავს მარტოსულად ვგრძნობ, მარიას ვუსმენ... მიბაძვით კი არავის ვბაძავ. მინდა, ჩემი სათქმელი ვთქვა. შემოქმედება ისაა, რაც შენია, შენი შინაგანი წვის ნაყოფი. ნახატის ასლი კაპიკები ღირს, ორიგინალი კი ძალიან ძვირია. ასევეა სიმღერაც.

ევროპაში დამკვიდრებულ სხვა ქართველ მომღერლებზე ვეკითხები.

– მათ შორის უამრავი მეგობარი მყავს. ანიტა რაჭველიშვილთან ჯერ კიდევ თბილისიდან ვმეგობრობ. “ევგენი ონეგინში” ერთადაც გვიმღერია... მათი არსებობა ძალას მმატებს. როცა ვხედავ, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ და რომლებსაც იგივე გაჭირვება აქვთ გამოვლილი, ასეთ წარმატებას აღწევენ, სხვა გზა აღარ მრჩება, გარდა იმისა, რომ სიმტკიცე მოვიკრიბო და ყოველგვარ სირთულეს გავუძლო.

ძალიან მაგარი, ძალიან შრომისმოყვარე ახალგაზრდები მოდიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, ენებს სწავლობენ... ბევრმა ხუთი-ექვსი ენაც კი იცის. ხუთამდე ენა მეც დამიგროვდა, – ღიმილით მეუბნება, თითქოს ეს აღმოჩენა თვითონვე აკვირვებს, – რუსული თავისთავად, იტალიური, გერმანული, ცოტას ინგლისურადაც ვლაპარაკობ... წინათ ხმა საკმარისი იყო ოპერაში წარმატებისთვის. ახლა კონკურენცია იმდენად დიდია, ყველაფერს ექცევა ყურადღება, იმასაც კი, როგორ გამოიყურები, ამიტომ ყველა ოპერის მომღერალი ვარჯიშობს. როცა მილიონობით ადამიანი გისმენს და ტაშს გიკრავს, ვალდებული ხარ, შენც მაქსიმუმი გააკეთო.

ვარჯიში მისი ყოველდღური ცხოვრების ნაწილიცაა. თავისუფალ დროს კი ან კითხულობს, ან კამერას იღებს და სახეტიალოდ მიდის. ფოტოგადაღება მისი ენგრის ვიოლინოა... მის მიერ გადაღებულ ფოტოებს შორის უამრავი ავტოპორტრეტია:

– საკუთარი თავის გადაღება მიმიკის კონტროლში მეხმარება. საზოგადოდაც, მიმაჩნია, რომ მსახიობმა ყველაფერი უნდა იცოდეს თავისი ვიზუალის შესახებ.

აღიარებს, რომ მხატვრობას ეთაყვანება და გამოფენებზე ხშირად დადის. ქვეყნებიდან კი ყველაზე მეტად იტალიისკენ მიუწევს გული:

– იტალიაში რომ ჩავდივარ, ასე მგონია, საქართველოში დავბრუნდი. ხალხი – საოცრად ტემპერამენტიანი და უშუალო. ყველა ლაპარაკობს, ყვირის. ბაზარში რომ შეხვალ, ატყდება ერთი ამბავი, ყველა თავისას გაჩეჩებს – არა, ჩემგან იყიდე, არა, ჩემგანო. ახლახან სარდინიაზე ვიყავი და თევზის ბაზარში შევიარე. გამოსვლა აღარ მინდოდა, ქუთაისში, ნინოშვილის ბაზარში მეგონა თავი...

 

“როცა სცენაზე ვდგავარ, ვხედავ, რომ ხალხს ვუყვარვარ და ეს სიყვარული დიდ ძალას მაძლევს”, – ეს ციტატაც ფილმიდანაა. მინდოდა, პორტრეტი მეც ამით დამესრულებინა, მაგრამ გადავწყვიტე, ფიქრისთვის ის სიტყვები დაგიტოვოთ, რომლებიც გოჩამ საუბრის დასასრულს თქვა:

– მუდამ მახსოვს, რომ შეიძლება, ხვალინდელი აღარ გამითენდეს, ამიტომ ვცდილობ, მოვასწრო სიკეთის კეთება, იმის იმედად არ ვიცხოვრო, რომ დღეს თუ არ გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემიძლია, კიდევ ბევრი დრო მექნება ამის გამოსასწორებლად.

გააზიარე: