წონას თუ ვერ იკლებთ

გააზიარე:

მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ჯანსაღი წონაა. ხშირად სწორედ ჭარბი წონის შედეგია ჰორმონული დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. ნორმალური წონის მაჩვენებელი საკმაოდ ვარიაბელურია – ერთი და იმავე სიმაღლის ადამიანისთვის ის შესაძლოა 20 კილოგრამის ფარგლებშიც კი მერყეობდეს. მაშ, როდის შეიძლება ჭარბ წონაზე ლაპარაკი? ამის დასადგენად სხეულის მასის ინდექსი (სმი) უნდა გამოვთვალოთ – წონა (კილოგრამებში) გავყოთ სიმაღლის კვადრატზე (მეტრებში). წონა ნორმალურად მიიჩნევა, თუ სმი 18-25-ის ფარგლებშია, 25-ზე მაღალი მაჩვენებელი ჭარბ წონაზე მიუთითებს, ხოლო 30-ზე მაღალი – სიმსუქნეზე.

ჭარბ წონას ბევრი ებრძვის, მაგრამ მიზანი იოლი მისაღწევი არ არის. ენდოკრინოლოგისა თუ დიეტოლოგის მცდელობის შემდეგ ქირურგის ჯერი დგება. სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, ლაპაროსკოპიულმა მიდგომამ კი ის გავრცელებულ ქირურგიულ ჩარევად აქცია.

ბარიატრიული ოპერაციების შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, ქირურგი-ლაპაროსკოპისტი შოთა ძაგანია გვესაუბრება, რომელიც თავადაც წარმატებით ატარებს წონის დასაკლებ ერთ-ერთ გავრცელებულ ოპერაციას – სლივ-გასტრექტომიას:

– ტერმინი “ბარიატრიული ქირურგია” განიმარტება როგორც ოპერაციები გახდომის მიზნით. გასულ საუკუნეში მედიცინამ პათოლოგიური (მორბიდული) სიმსუქნის საწინააღმდეგო ქირურგიულ ჩარევათა მთელი გამა შეიმუშავა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში სიმსუქნესთან საბრძოლველად აქტიურად ტარდება ორი ტიპის – რესტრიქციული და მალაბსორბციული – ოპერაციები, რომლებიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. რესტრიქციული ოპერაციის შედეგად კუჭის მოცულობა მცირდება და პაციენტი იძულებული ხდება, მცირე რაოდენობის საკვებს დასჯერდეს, რომელსაც მისი კუჭი სრულყოფილად გადაამუშავებს, მალაბსორბციული ოპერაციის (იმავე გასტროშუნტირების) დროს კი ნაწლავის ნაწილი ეთიშება საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, ნაღველი და პანკრეასის წვენი საკვებს უერთდება არა თორმეტგოჯა, არამედ წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილში, ამიტომ მიღებული საკვები მთლიანად ვეღარ გადამუშავდება და შეიწოვება. კალორიებთან ერთად მცირდება საჭირო ელემენტების ათვისებაც, რაც ზოგჯერ მალაბსორბციის სინდრომს და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი – ბალონირება: კუჭში სპეციალურ ბალონს დგამენ და ბერავენ. ბალონი კუჭს ავსებს, ამიტომ ადამიანი ბევრს ვეღარ ჭამს და სიმაძღრის შეგრძნება ადრე ეუფლება. მეტისმეტად მსუქან პაციენტებთან ბალონირებას წინასაოპერაციო, მოსამზადებელ პროცედურად ვიყენებთ, რათა პაციენტმა წონა განსაზღვრულ დონემდე დაიკლოს და ოპერაციამ უსაფრთხოდ ჩაიაროს.

მთელ მსოფლიოში მიღებული ერთ-ერთი ბარიატრიული ოპერაციაა კუჭის ვერტიკალური (გრძივი), საყელოსებრი რეზექცია – ე. წ. სლივ-გასტრექტომია. ის რესტრიქციული ოპერაციების რიცხვს მიეკუთვნება. ამ ოპერაციის შედეგად კუჭი პატარავდება, ადამიანი ცოტას ჭამს და მალე ნაყრდება. ამასთან, მიიჩნევა, რომ ეს ოპერაცია მადასაც აქვეითებს, რადგან რეზექციის ნაწილში ხვდება ანუ იკვეთება მადის ჰორმონ გრელინის გამომმუშავებელი უჯრედებიც.

– სახელდობრ, რა ხდება ამ ოპერაციის დროს?

– იკვეთება კუჭის უმეტესი წილი – დიდი სიმრუდე, რის შედეგადაც კუჭი, უხეშად რომ ვთქვათ, ბანანის ფორმას იღებს. მანამდე თუ მისი მოცულობა 1500-2000 მილილიტრი იყო, ოპერაციის შემდეგ 200 მილილიტრამდე მცირდება. ამ მეთოდს გასულ საუკუნეშიც ფართოდ იყენებდნენ ბილიოპანკრეატული შუნტირების პირველ ეტაპად, მერე კი სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ რეზექცია ანუ კუჭის სიგრძივი ამოკვეთა არანაკლებ ეფექტიანია როგორც დამოუკიდებელი ოპერაცია.

სლივ-გასტრექტომია შეიძლება ჩატარდეს როგორც ლაპაროსკოპიულად, ისე ღია წესითაც. მთავარ ხიბლს მას სწორედ ლაპაროსკოპიული მიდგომა სძენს და, წესისამებრ, ასეც ტარდება. ოპერაციული ტექნიკა ამ დროს მეტ სიზუსტეს მოითხოვს, თუმცა თავად ოპერაცია არ არის ხანგრძლივი – დაახლოებით 1.5-2 საათს გასტანს.

სლივ-გასტრექტომია, ვინაიდან ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება, გაცილებით დამზოგველია, ვიდრე ღია წესით ჩატარებული ოპერაციები. აღსანიშნავია მისი კოსმეტიკური ეფექტი, ნაწიბურების არარსებობა (მუცლის წინა კედელზე მხოლოდ ხუთი მცირე ზომის ნაწიბური რჩება), რეაბილიტაცია უფრო ადვილია, ნაკლებია ოპერაციის შემდგომი გართულებების, მათ შორის – შეხორცებით პროცესების, ალბათობა, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტკივილებიც ნაკლებად შემაწუხებელია და, რაც მთავარია, ორგანიზმი ნაკლებ ტრავმას იღებს, ნაოპერაციევი პაციენტი სისუსტეს ნაკლებად უჩივის, მედიკამენტებსაც ნაკლებს მოიხმარს, მეორე დღესვე დგება ფეხზე, აქტიურია, რაც, თავის მხრივ, ამცირებს თრომბოებოლიური გართულებების რისკს, და 4-5 დღეში ეწერება სახლში.

– რით განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა ტიპის ბარიატიული ოპერაციების შედეგი?

– მიიჩნევა, რომ მალაბსორბციულ ოპერაციებს უფრო ხანგრძლივი შედეგი აქვს, ამიტომ მათ სხეულის მეტისმეტად დიდი მასის მქონე პაციენტებთან იყენებენ, მაგრამ ორგანიზმი საკვები ნივთიერებების (რკინის, კალციუმის, ვიტამინების) დეფიციტს განიცდის, ამიტომ ასეთ პაციენტებს მთელი სიცოცხლე სჭირდებათ ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, გამოკვლევები და შესაბამისი პრეპარატების მიღება.

რესტრიქციული ოპერაციის (იმავე სლივ-გასტრექტომია) შემდეგ კუჭის მოცულობა მისი ელასტიკურობის გამო ოდნავ იმატებს, ამიტომ პაციენტები 3-5 წლის განმავლობაში უკან იბრუნებენ დაკარგული წონის 15%-ს. მონელება, სამწუხაროდ, არც ამ ოპერაციის შემდეგ არის იდეალური – მალაბსორბციის სინდრომის ჩამოყალიბება ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელია, თუმცა გაცილებით სუსტის.

– როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ბარიატრიულ ქირურგიას?

– ბარიატრიული ოპერაცია რომ ჩატარდეს, პაციენტის სმი 40-ის ტოლი მაინც უნდა იყოს, მაგრამ თუ მას პათოლოგიური (მორბიდული) სიმსუქნის გამო აქვს შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, სახსართა დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილი, გადაადგილების შეზღუდვა და სხვა, ოპერაციის ჩატარება შეიძლება მაშინაც, როცა სხეულის მასის ინდექსი 35-ს უტოლდება. ოპერაცია ტარდება არა კოსმეტიკური ან პლასტიკური, არამედ სამედიცინო მიზნით.

რაც შეეხება სლივ-გასტრექტომიას, ის საუკეთესო შედეგს იძლევა 40-45-ის ტოლი სმი-ს მქონე პაციენტებთან, 50-60-ზე მეტი სმი-ს მქონეთათვის კი უფრო ეფექტიანია გასტროშუნტირება.

თუ 35-ის ტოლი სმი-ს მქონე პაციენტს თანმხლები დაავადებები არ აქვს და მისი ერთადერთი პრობლემა ჭარბი წონაა, უმჯობესია, ჯერ ენდოკრინოლოგსა და დიეტოლოგთან იმკურნალოს. ჩვენ ერთხანს დავაკვირდებით და თუ მდგომარეობა გაურესდა, ოპერაციას დავგეგმავთ.

არის შემთხვევები, როცა პაციენტს არავითარი მკურნალობა არ უცდია, არც ჰორმონული ფონი მოუწესრიგებია, მაგრამ ისე უნდა ოპერაციის ჩატარება, ექიმს ამას უმალავს. ასეთ პაციენტებს კარგად არ აქვთ გაცნობიერებული ჯანმრთელობის მნიშვნელობა, ოპერაციაც მხოლოდ გარეგნობის გასაუმჯობესებლად უნდათ და, როგორც წესი, ოპერაციის შემდეგაც არ იცავენ კვების სწორ რეჟიმს, არადა პოსტოპერაციულ პერიოდში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ პაციენტისთვის უეფექტოა დიეტა და ცხოვრების რეჟიმის შეცვლა, გახდომის სხვა საშუალებები უკვე მოსინჯული აქვს და ოპერაცია მისთვის წონის დაკლების უკანასკნელი შესაძლებლობაა.

– როგორი მომზადება სჭირდება პაციენტს ოპერაციამდე?

– ვინაიდან დიდ წონას პოსტოპერაციული გართულებების მაღალი რისკი ახლავს თან, უპირველეს ყოვლისა, პაციენტს წონას ვაკლებინებთ. რა თქმა უნდა, რაც მეტს დაიკლებს, თუნდაც დროებით, მით უკეთესია. ამიტომ ოპერაციამდე 1-1.5 თვით ადრე პაციენტი ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით იწყებს დიეტასა და ვარჯიშს. დასაკლები კილოგრამების ოდენობა ინდივიდუალურად, პაციენტის წონის მიხედვით გამოითვლება და 5-დან 15-მდე მერყეობს.

პაციენტს, ვიდრე ქირურგამდე მივა, ზედმიწევნით იკვლევენ თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი და გასტროენტეროლგი. გამოკვლევების ჩამონათვალი ვრცელია. გარდა ამისა, ტარდება სტანდარტული ოპერაციისწინა გამოკვლევები, მათ შორის – ღვიძლის ფუნქციური სინჯები, კოაგულოგრამა და გამოკვლევა ლიპიდური პროფილის დასადეგენად. დამატებით საჭიროა გასტროსკოპია და გულმკერდის რენტგენოგრაფია.

– რა გართულებებია მოსალოდნელი ოპერაციის დროს და როგორი რეჟიმი უნდა დაიცვას პაციენტმა ოპერაციის შემდეგ?

– სლივ-გასტრექტომია, ნებისმიერი სხვა ოპერაციის მსგავსად, შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პრობლემებით გართულდეს. თავად ამ ოპერაციის დამახასიათებელი ქირურგიული გართულებებია ნაკერის უკმარისობა, სისხლდენა და კუჭის სტრიქტურა (შევიწროება), თუმცა ისინი ძალიან იშვიათია.

ოპერაციის შემდეგ იცვლება პაციენტის ცხოვრების წესი. პირველი 2-3 კვირის განმავლობაში ის დღეში რამდენჯერმე იღებს მხოლოდ თხიერ, თერმულად და მექანიკურად დამუშავებულ საკვებს, რათა ნაოპერაციევი კუჭი ზედმეტად არ გადაიტვირთოს. სრული რეაბილიტაცია, წესისამებრ, 3 თვეს მოითხოვს, თუმცა ერთ თვეში უკვე შეიძლება რაციონში ბევრი ისეთი კერძის ჩართვა, რომლებიც პირველ ხანებში იკრძალება. საკვები კარგად უნდა დაიღეჭოს. მიღება ჩაის კოვზით ჯობს.

ჭარბი საკვების მიღება ღებინებას იწვევს, რაც ნაოპერაციევ კუჭს აზიანებს და საბოლოოდ მის გადიდებამდე მივყავართ.

ოპერაციის შემდეგ იკრძალება საღეჭი რეზინის ღეჭვა, შავი პურის ჭამა (ორივე ეს ფაქტორი ზრდის წყლულების წარმოშობის რისკს). ჭამის დროს სითხის მიღებაც აკრძალულია – ის უნდა მიიღონ ან ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, ან ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.

თუ პაციენტმა ეს რეკომენდაციები არ შეასრულა, სასურველ შედეგს ვერ მიიღებს.

უნდა ითქვას, რომ ქალები უფრო მოტივირებულები არიან. მამაკაცებს, როდესაც შეიტყობენ, რომ ცხოვრებას ძველებურად ვეღარ გააგრძელებენ, ოპერაციაზე დათანხმება უჭირთ.

თუ სლივ-გასტრექტომიის ოპერაცია სათანადოდ ჩატარდა და პაციენტმაც ზედმიწევნით შეასრულა ყველა რეკომენდაცია, ის არა მხოლოდ კლინიკურ, არამედ ვიზუალურ ეფექტსაც იღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის.

გააზიარე: