კატის ნაკაწრის დაავადება

გააზიარე:

კატის ნაკაწრის დაავადება

 

ძველ ეგვიპტელებს კატა ღვთაებრივ არსებად მიაჩნდათ და მოწიწებით ეპყრობოდნენ. დღეს ეს ფუმფულა ცხოველი მრავალი ჩვენგანის სახლში დაცუნცულებს, დიდ განცხრომასა და პატივშია და თავადაც დაუნანებლად გასცემს სითბოსა და სიყვარულს, თუმცა შესაძლოა, ეს უწყინარი არსება უეცრად გაგვიბრაზდეს და დაგვკაწროს ან თამაშის დროს ალერსით გამოგვდოს ბრჭყალი...

 

კატის ნაკაწრის დაავადება, კატის ნაკაწრის ცხელება – ასე ეწოდება ინფექციურ დაავადებას, რომელიც პირველად ფრანგმა მეცნიერმა რობერტ დებრემ აღწერა 1950 წელს. მას იწვევს ბაქტერია Bartonella Henselae, რომლის მატარებელია თითქმის ყოველი მეორე კატა. ეს ცხოველი ინფექციას რწყილებისგან იღებს და ნაკაწრით ან ნაკბენით გადასდებს ადამიანს. განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ 12 თვეზე ნაკლები ასაკის კნუტებს, რადგან ისინი უფრო ხშირად თამაშობენ და იკაწრებიან, ხოლო ორგანიზმში 15-ჯერ მეტი ბაქტერია ჰყავთ, ვიდრე ზრდასრულ კატებს. ინფექციას ცხოველებთან არაფერი ამჟღავნებს, ადამიანის ორგანიზმში შეჭრისას კი ის სიმპტომთა მთელი წყებით იჩენს თავს. საბედნიეროდ, დაავადება ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება.

 

რამდენად ხშირია

კატის ნაკაწრის ცხელებას სეზონურობა ახასიათებს – ის განსაკუთრებით ხშირდება გვიან შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში. დაავადება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. აშშ-ის მონაცემებით, 100 000 კაცზე ყოველწლიურად ათამდე ახალი შემთხვევა აღირიცხება. ავადობა განსაკუთრებით მაღალია ცხელ ქვეყნებში. რაც შეეხება ასაკს, 10-დან 8 პაციენტი ბავშვი ან მოზარდია. 40 წელს გადაცილებულები იშვიათად ავადდებიან. სხვათა შორის, ბიჭებს ინფექცია გოგონებზე ხშირად ხვდებათ, რაც ცხოველებისადმი მათი უფრო უხეში მოპყრობით აიხსნება.

 

როგორ ამოვიცნოთ

კბენიდან ან დაკაწვრიდან 2-8 კვირის შემდეგ თავს იჩენს ინფექციის პირველი ნიშანი – ლიმფური კვანძებია გადიდება. ლიმფური კვანძები ორგანიზმის ინფექციისგან დამცავი პირველი ბარიერია, რაც ნიშნავს, რომ ინფექციაზე პირველად ის რეაგირებს. განსაკუთრებით დიდდება იღლიის, კისრის, ყბისქვეშა და ყურის ირგვლივ არსებული კვანძები. 10-დან 9 შემთხვევაში კვანძები მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობას იღებს, ხოლო მათი დიამეტრი 3-5 მმ-მდე იმატებს. ასეთი კვანძები ნაკლებად მტკივნეულია და მწერის ნაკბენს მოგაგონებთ. ზოგიერთი კვანძის დიამეტრი 1-5 სმ-ს აღწევს, იშვიათად კი უფრო მეტსაც – 8-10 სმ-ს. კვანძები უმეტესად ასიმეტრიულად, ნაკბენი მიდამოს მხარეს დიდდება. ინფიცირებულთა 65%-ს უვითარდება იღლიისა და კისრის ლიმფადენოპათია.

ლიმფური კვანძების გადიდება უმეტესად 2-3 თვემდე გასტანს, იშვიათად – წლამდეც. დროთა განმავლობაში გადიდებული კვანძები შესაძლოა შეწითლდეს და მტკივნეული გახდეს. ზოგჯერ აუცილებელი ხდება მათი შიგთავსის სპეციალური ნემსით ამოღებაც. დაავადებას ერთვის ცხელება – წესისამებრ, 38 გრადუსზე მაღალი სიცხე, რომელიც 1-დან 7 დღემდე გასტან. გარდა ამ სიმპტომებისა, შესაძლოა ყურადღება მიიქციოს საერთო სისუსტემ, თავის ტკივილმა, უმადობამ, წონის კლებამ, მუცლის ტკივილმა, ღვიძლისა და ელენთის გადიდებამ (ჰეპატოსპლენომეგალიამ), სპეციფიკურმა გამონაყარმა, ყელის ტკივილმა, ყბაყურა ჯირკვლების შეშუპებამ, კონიუქტივიტმა (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებამ). 100-დან 5-15 შემთხვევაში დაავადება გავრცობილი ფორმით მიმდინარეობს და აზიანებს შინაგან ორგანოებს, ნერვულ სისტემას, თვალებს.

 

გართულებული შემთხვევები

რთულ შემთხვევებში ზემოთ აღწერილ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს:

* პარინოს სინდრომი (თვალების მოძრაობისა და გუგების ფუნქციის მოშლა);

* ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება;

* ღვიძლისა და ელენთის დაზიანება;

* ენდოკარდიტი;

* ოსტეომიელიტი;

* სახსრების ტკივილი (ართრიტი);

* სასუნთქი გზების დაზიანება (ატიპიური პნევმონიტი);

* კანისმხრივი გამოვლინებები.

პარინოს სინდრომს ახასიათებს ნაკაწრის„ნაკბენის მხარეს თვალის ლორწოვანი გარსის ანთება და ყურისწინა ლიმფური კვანძების გადიდება. ეს სინდრომი პაციენტთა 2-3%-თან გვხვდება. დროთა განმავლობაში თვალის ლორწოვანზე შესაძლოა სპეციფიკური წარმონაქმნი – გრანულომაც ჩამოყალიბდეს.

ღვიძლისა და ელენთის დაზიანება: ღვიძლზე და ელენთაზე ჩნდება გრანულომები, რომლებიც ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ქრება.

ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება: პაციენტთა 5%-ს შესაძლოა განუვითარდეს ენცეფალიტი – თავის ტვინის ანთება. ამ დროს პაციენტი გაღიზიანებულია, უჭირს დროსა და სივრცეში ორიენტაცია, შესაძლოა, დაემართოს გულყრები, მძიმე შემთხვევაში – კომაც. ზოგჯერ ვითარდება ნეირორეტინიტი, რომელსაც მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ახლავს თან.

ოსტეომიელიტი: ბაქტერია აზიანებს ძვლებს, განსაკუთრებით – ხერხემლის მალებს. ხერხემლის მალების ოსტეომიელიტისთვის დამახასიათებელია ზურგის ძლიერი ტკივილი.

ენდოკარდიტი, გულის შიგნითა გარსის ანთება, დაავადების ერთ-ერთი გართულებაა. ზოგჯერ გული ისე ზიანდება, რომ სარქვლების გამოცვლა ხდება საჭირო.

კანზე შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, ზოგჯერ – სისხლჩაქცევებიც. შედარებით იშვიათია კანქვეშა კვანძები – კვანძოვანი ერითემა.

 

რომ არ აგვერიოს

ცხელება და ლიმფური კვანძების დაზიანება ბევრ სხვა დაავადებასაც ახასიათებს, მათ შორის – ზოგიერთ სიმსივნეს, ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციას, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მათი გამორიცხვა.

სიმსივნური დაავადებებიდან უწინარესად ლიმფომაა გამოსარიცხი, ვირუსული ინფექციებიდან კი ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და აივ ინფექცია. ამასთან, არ უნდა უგულებელვყოთ ტოქსოპლაზმოზი, ტუბერკულოზი, სარკოიდოზი, ლეიშმანიოზი, სიფილისი, კავასაკისა და ლაიმის დაავადება.

 

დიაგნოსტიკა

გასინჯვისას ექიმი აუცილებლად გამოიკითხავს დაავადების ისტორიას. გადიდებული ლიმფური კვანძების შემჩნევისას, თუ მათ გადიდებას მაღალი ტემპერატურაც ერთვის, ის აუცილებლად იეჭვებს კატის ნაკაწრის დააავადებას. დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა რამდენიმე გამოკვლევის ჩატარება მოგიწიოთ:

* სისხლის ანალიზი Bartonella Henselae-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოსაჩენად (მარტივია, მოითხოვს ვენური სისხლის შესწავლას);

* ლიმფური კვანძის ბიოფსია (გადიდებული ლიმფური კვანძიდან ნემსით აიღებენ ქსოვილის მცირე ნაწილს და მიკროსკოპით დაათვალიერებენ;

* გართულებულ შემთხვევებში – პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია (PCR), რომელიც ასევე სისხლის აღებას მოითხოვს;

* დაავადების გავრცობილი ფორმის (განსაკუთრებით – ღვიძლისა და ელენთის დაზიანების) შემთხვევაში – კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

როგორ ვუწამლოთ

მსუბუქად მიმდინარე კატის ნაკაწრის დაავადება შესაძლოა ჩაურევლადაც ალაგდეს, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით – გავრცობილ და გართულებულ შემთხვევებში, მკურნალობა აუცილებელია. მკურნალობის სქემა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას. პირველი რიგის პრეპარატია აზიტრომიცინი. თუ ინფექცია მხოლოდ ლიმფადენიტით გართულდა, მკურნალობა 5-10 დღემდე გრძელდება, თუ პროცესში ღვიძლი, ელენთა და ნერვული სისტემაც ჩაერთო – 10-14 დღემდე. ამ შემთხვევაში სქემას ემატება სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებიც: რიფამპიცინი (ენიშნებათ მხოლოდ 17 წელს გადაცილებულებს), დოქსიციკლინი, ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი. Bartonella Henselae ამოქსაცილინისა და პენიცილინის მიმართ რეზისტენტულია.

ხანგრძლივი და გართულებული (ენცეფალოპათიით, ნეირორეტინიტით მიმდინარე) ფორმის დროს ექიმა შესაძლოა დაგინიშნოთ პრედნიზოლონის ერთკვირიანი  კურსიც. ტკივილის შემთხვევაში შეიძლება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების გამოყენება.

გადიდებული ლიმფური კვანძი ზოგჯერ ჩირქითაა სავსე, მტკივნეული, დაჭიმული და შეწითლებულია. ასეთ დროს საჭიროა ქირურგის ჩარევა და შიგთავსის გამოდევნა. დრენირების შემდეგ ტკივილი იკლებს.

 

როგორია პროგნოზი?

ჯანმრთელ პაციენტებთან თითქმის ყველა შემთხვევა სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. თუ პროცესმა ცენტრალური ნერვული სისტემა ჩაითრია, ავადმყოფობა შედარებით მეტხანს გასტანს. ლიმფადენიტი უმეტესად 2-4 თვის შემდეგ ლაგდება, თუმცა არ არის გამორიცხული, წლამდეც გაგრძელდეს. განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ინფექცია იმუნიტეტდაქვეითებულ (აივინფიცირებულ, სიმსივნით დაავადებულ) პირებთან, თუმცა მკურნალობის დროული დაწყებისას პროგნოზი აქაც კეთილსაიმედოა.

 

რა უნდა გახსოვდეთ

* ხშირად იბანეთ ხელები საპნით.

* გააფრთხილეთ პატარები, არ გააბრაზონ კატა, არ მოქაჩონ, არ დაითრიონ კუდით.

* სათანადოდ მოუარეთ ცხოველებს. თუ რწყილები აღმოუჩინეთ, მიმართეთ ვეტერინარს და მისი რეკომენდაციისამებრ მოიქეცით.

* დაავადების სიმპტომების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს.

თეონა ირემაძე

გააზიარე: