ამოისუნთქე იმედით – ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი

გააზიარე:

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელები წალეკა ფოტოებმა, რომლებზეც ადამიანები მონდომებით ბერავდნენ საპნის ბუშტებს. “ამოისუნთქე იმედით” – ამ სლოგანით მიმდინარეობდა კამპანია, რომელშიც არაერთი ორგანიზაცია თუ კერძო პირი ჩაერთო. კამპანიის მიზანი მოსახლეობისთვის ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის უკეთ გაცნობა და ამ სენით დაავადებულთა მხარდაჭერა იყო. საერთო საქმეში მოკრძალებული წვლილის შეტანა ჩვენმა ჟურნალმაც გადაწყვიტა. ამ მიზნით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის პროფესორს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, მედიცინაში ეროვნული პრემიის ლურეატს კახა ვაჭარაძეს ვეწვიეთ.

 

– ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი (ფიფ) დაავადებაა, რომლის დიაგნოზიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ბოლო დრომდე არ ისმებოდა. 2012 წლამდე ევროპის წამყვანი ქვეყნების რესპირაციული საზოგადოებებიც არ იყვნენ შეთანხმებულნი დაავადების იდენტიფიცირებისა და მკურნალობის ერთიან სქემებზე. დღეს ფილტვი იდიოპათიურ ფიბროზს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მასთან ბრძოლაში საქართველოც ფეხდაფეხ მისდევს ევროპის წამყვან ქვეყნებს. დიაგნოსტიკა, კვალიფიციური ექიმები, მკურნალობისადმი თანამედროვე მიდგომები – ყველაფერი ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობისთვის. რჩება მხოლოდ ფინანსური საკითხი, რომლის მოგვარებასაც ექიმებიც და პაციენტებიც დიდი იმედით ველით.

– რა ნიშნით გამოირჩევა დაავადება, რატომაა მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ასე მნიშვნელოვანი?

– დაავადება მეტად აქტუალურია, რადგან მისი დიაგნოსტიკის დაგვიანებისას ძალიან მაღალია სიკვდილის რისკი – გაცილებით მაღალი, ვიდრე ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობის შემთხვევაში. ამ ფონზე ათიდან ექვსმა ავადმყოფმა არ იცის, რომ ეს დაავადება აქვს, პაციენტთა ნახევარს კი დაგვიანებით უსვამენ დიაგნოზს, რის გამოც ავადმყოფობის დადასტურებიდან 2-5 წლის შემდეგ კვდება. დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში დაავადების შეჩერება და ამ ხალხის გადარჩენა შესაძლებელია. ამიტომაა საჭირო, ყველამ იცოდეს, რას წარმოადგენს და რა ნიშნებით ვლინდება ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი.

– მაინც რა მოსდის ადამიანს ამ დროს, რატომ იქცევა ავადმყოფობა სიკვდილის მიზეზად?

– ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი ანუ ფილტვის ნაწიბუროვანი გადაგვარება არის ქრონიკული, პროგრესირებადი, მაფიბროზებელი ინტერსტიციული პნევმონიის (ფილტვების ანთება, რომლის დროსაც ანთება მოიცავს ალვეოლების შემომფენ ქსოვილს) სპეციფიკური ფორმა. ინტერსტიციული ქსოვილის ფიბროზი ფილტვის ელასტიკურობას ამცირებს, რაც განაპირობებს სუნთქვის გაძნელებას და დაავადების სხვა სიმპტომებს და საბოლოოდ ინვალიდობასა და სიკვდილს იწვევს.

დაავადება იდიოპათიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მიზეზი უცნობია. ავადდებიან უმეტესად 45 წელს გადაცილებულები, უფრო – მამაკაცები. მისი სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდება. ევროპაში აღრიცხულია ასი ათასზე მეტი პაციენტი, რომელთა რიცხვს ყოველწლიურად 30-35 ათასი კაცი ემატება.

– რა უწყობს ხელს დაავადების განვითარებას?

– ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის რისკფაქტორად, უპირველეს ყოვლისა, მიჩნეულია მწეველობა. სხვათა შორის, საქართველოში ყოველწლიურად 11 000 კაცი სწორედ იმიტომ იღუპება, რომ მწეველია, ხოლო 3000 – იმიტომ, რომ პასიური მწეველია, მის გვერდით ვიღაც ეწევა. რისკფაქტორების რიცხვს მიეკუთვნება ზოგიერთი მედიკამენტი, რადიაცია, ინფექცია, გამონაბოლქვი, ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპია, გენეტიკური ფაქტორი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მუშაობა ფრინველებთან, მაღაროში, მავნე აირების გარემოცვაში, ობის სოკოსთან კონტაქტი და სხვა.

– როგორ მჟღავნდება დაავადება, რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ყურადღება ადამიანმა?

– მთავარი კლინიკური ნიშნებია მშრალი ხველა, რომელიც სამ თვეზე მეტია გრძელდება, ქოშინი და ჰაერის უკმარისობა. სიმპტომები გამუდმებით ძლიერდება და დაავადების უკანასკნელ სტადიაზე ადამიანს ქოშინი უვარდება არა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, არამედ მოსვენების დროსაც, ამიტომ თანდათანობით იკლებს მისი ფიზიკური აქტივობაც. ზოგჯერ ავადმყოფები გულმკერდის ტკივილსაც უჩივიან.

დაავადება თანდათან შესაძლოა დამძიმდეს ფილტვებში წნევის მომატებით, რაც ფილტვის არტერიების დაზიანებამდე მიგვიყვანს. წნევის მომატება ფილტვის კაპილარებსა და წვრილ არტერიებზე ფილტვის ფიბროზული ქსოვილის ზეწოლითაა განპირობებული. ფილტვის არტერიაში წნევის მომატება გულის მარჯვენა პარკუჭის გადატვირთვას იწვევს. მდგომარეობა პროგრესირებს, გაძლიერებული მუშაობის გამო საბოლოოდ ყალიბდება მარჯვენა გულის უკმარისობა, ე.წ. ფილტვისმიერი გული, სუნთქვის უკმარისობა და სხვა. ფილტვის ფიბროზი ასევე ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.

მართალია, ჩამოთვლილი სიმპტომები ბადებს ეჭვს ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის თაობაზე, მაგრამ ყოველთვის მასზე არ მიუთითებს. იგივე ნიშნები ახასიათებს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას (ფქოდ), ონკოლოგიურ დაავადებებს და სხვ.

– რა კრიტერიუმებს ეფუძნება ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის დიაგნოსტიკა?

– უპირველეს ყოვლისა, საჭიროა პაციენტის გამოკითხვა, დათვალიერება (ჟანგბადით ორგანიზმის მწირი მომარაგების გამო პაციენტს აღენიშნება ციანოზი, კანის სილურჯე), ფონენდოსკოპით მოსმენა. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის დროს ფილტვების ქვედა წილების პროექციაზე სპეციფიკური ხმიანობა – კრეპიტაცია ისმის, რომელიც ძალიან ჰგავს ცელოფნის გახევის ხმას, ასევე – პლევრის ხახუნს.

ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია და მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელთა მეშვეობით ფილტვის ქსოვილის მდგომარეობის შეფასებაა შესაძლებელი. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის შემთხვევაში ეს გამოკვლევები წარმოაჩენს ორივე ფილტვის ქვედა წილების ფიჭოვან სტრუქტურას, რასაც დაბურული მინის სინდრომსაც უწოდებენ.

ძალზე ინფორმაციულია ფილტვის ფუნქციური ტესტებიც. სპირომეტრიის საშუალებით ფილტვების ტევადობას ვადგენთ. ფიბროზის შემთხვევაში ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა ნორმაზე გაცილებით ნაკლებია. ამასთან ერთად, განისაზღვრება სისხლში ჟანგბადის შემცველობაც. ტარდება სიარულის ექვსწუთიანი ტესტი, – ფიბროზით დაავადებულ ადამიანს რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ქოშინი უვარდება, – ბრონქოსკოპია, ფილტვის ბიოფსია. აღებული მასალის ჰისტოლოგიური შესწავლა ძალიან მიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ამ და სხვა გამოკვლევების საფუძველზე ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის დიაგნოზი კონსილიუმის წესით უნდა დაისვას. პროცესში აუცილებლად უნდა იყვენენ ჩართულნი პულმონოლოგი, რადიოლოგი, ჰისტოპათოლოგი, ოჯახის ექიმი (პაციენტთა უმრავლესობა პირველად სწორედ ოჯახის ექიმთან ხვდება) და სხვები.

– როგორ მკურნალობენ ფილტვის იდიოპათიურ ფიბროზს?

– როგორც მოგახსენეთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას, რადგან, თუმცაღა ეს დაავადება არ იკურნება, საშუალო სიმძიმისა და მსუბუქი ფორმების შემთხვევაში შესაძლებელია მისი პროგრესირების შეჩერება. ბოლო დრომდე სამკურნალოდ იყენებდნენ სხვადასხვა პრეპარატის კომბინაციებს. დღეისთვის ევროპის წამყვანი ქვეყნები ერთი პრეპარატის გამოყენებაზე შეთანხმდნენ. ეს გახლავთ პირფენიდონი, იგივე ესბრიეტი. გარდა ამისა, პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს სიმპტომური მკურნალობა სხვადასხვა პრეპარატით, ჟანგბადით და სხვ. მან უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, მის გვერდით არავინ უნდა მოსწიოს თამბაქო. ბუნებრივია, არც თავად უნდა ეწეოდეს.

თუ მკურნალობა დროულად დაიწყო, პროცესის პროგრესირება ასიდან 43-48 შემთხვევაში წყდება, ხოლო სიკვდილის ალბათობა 50%-ზე მეტით მცირდება. ამიტომაა საჭირო, საზოგადოების ყოველმა წევრმა, ვისაც კი ხელეწიფება ამ ბრძოლაში წვლილის შეტანა, შეძლებისდაგვარად იაქტიუროს. ამისთვის იბრძვის მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებაც. სხვათა შორის, ბოლო წლებში რესპირაციული (სასუნთქი სისტემის) დავადებები ისე გახშირდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2010 წელი ფილტვის დაავადებათა წლად გამოაცხადა.

ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის საერთაშორისო დღე აღინიშნება ოქტომბრის პირველი ნახევრის რომელიმე დღეს და იშვიათი დაავადებების დღეს – 29 თებერვალს.

საქართველოში ამ დაავადებას ერთად ებრძვიან საქართველოს რესპირაციული ასოციაცია, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზით დაავადებულთა კავშირი, პარლამენტის ჯანდაცვის კომისია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, იშვიათი და გენეტიკური დაავადებების ფონდი, კლინიკა “დიაკორი”, კომპანია “როშე”, რომელმაც პრეპარატი ესბრიეტი შემოიტანა საქართველოში, სარეკლამო კომპანია “ჯეპრა” და სხვები.

იმედი გვაქვს, ამდენი კერძო თუ საზოგადო პირის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მოსახლეობას მეტი ეცოდინება ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის შესახებ, საეჭვო სიმპტომების შემჩნევისას ავადმყოფები დროულად მიმართავენ სპეციალისტებს, მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება, რაც პაციენტთა დიდ ნაწილს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს და ცხოვრების ხარისხს აუმაღლებს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ.

გააზიარე: