აურზაური მუცელში

გააზიარე:

მუცლის არეში წარმოშობილმა დისკომფორტმა შესაძლოა ადამიანს ცხოვრების ჩვეული რიტმი დაურღვიოს. საქართველოში ტრადიციული და მაღალკალორიული საკვების წყალობით ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები და მათთან დაკავშირებული სინდრომები, ერთ-ერთ გავრცელებულ პრობლემად კი მალაბსორბციის სინდრომი მიიჩნევა.

 

როგორ ვინელებთ საკვებს

მას შემდეგ, რაც ორგანიზმში მოხვდება, საკვები იშლება შედარებით მარტივ ნივთიერებებად, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადგილებისას საკვებს ერევა საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, რომლებიც მას წვრილ ნაწილაკებად შლის, მაგალითად, ცხიმების დაშლას ნაღვლოვანი მჟავები და პანკრეასის ფერმენტები (ლიპაზა, ამილაზა) განაპირობებს, ნახშირწყლების დაშლაში უშუალოდ მონაწილეობს ამილაზა და ნაწლავის ხაოებზე არსებული ფემენტები, ხოლო ცილების დაშლაზე კუჭში წარმოქმნილი ფერმენტი პეპსინია პასუხისმგებელი. წვრილი ნაწლავიდან შეიწოვება მონელებული საკვების უდიდესი ნაწილი, წყალი და მინერალები, ეს ნივთიერებები კი ორგანიზმის ზრდა-განვითარების ძირითადი წყაროა.

 

რა არის მალაბსორბცია

მალაბსორბციის სინდრომის არსებობისას საკვები ნივთიერებები წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან ცუდად შეიწოვება. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც საკვების მონელების, ისე მისი გადაადგილების პროცესის შეფერხება ნაწლავებში. მალაბსორბცია შეიძლება განვითარდეს მონელების ნებისმიერ ეტაპზე აღმოცენებული დარღვევის გამო. ამ დროს ძნელდება როგორც ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ისე ვიტამინებისა და მინერალების შეწოვაც.

 

როგორ ვლინდება

მალაბსორბციის ძირითადი ნიშნებია ღია ფერის, უხვი და მყრალი განავლოვანი მასის გამოყოფა, ქრონიკული დიარეა (რაც გულისხმობს ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას თხელი განავლოვანი მასით), სტეატორეა (ცხიმის შემცველი განავლოვანი მასა). ეს უკანასკნელი ვითარდება, თუ განავალში ორგანიზმიდან 7 გრამზე მეტი ცხიმი გამოიყო. (აქ უმჯობესია ტუ ეწერება “ერთ –ერთი “ რადგან მუცლის შებერილობა ყოველთვის მალბსორბციის სინდრომით არ არის გამოწვეული) დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი სიმპტომია მუცლის შებერილობა. ადეკვატური კვების მიუხედავად, პაციენტები კარგავენ წონას. მალაბსორბციის შორს წასულ შემთხვევებში კი ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ძლიერი დეფიციტი ვითარდება.

რკინის შეწოვის დარღვევის გამო შესაძლოა განვითარდეს რკინადეფიციტური ანემიაც, რომელსაც ქალებთან ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის შეწყვეტამდე, ე.წ. ამენორეამდე, მივყავართ.

 

მიზეზები

მალაბსორბციის სინდრომი შესაძლოა გამოიწვიოს:

•             ინფექციამ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიულმა ჩარევამ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამ, პანკრეასის დაავადებამ – სიმსივნემ, ანთებამ, პანკრეასის ფუნქციის 90%-ზე მეტად დაქვეითებამ, ასევე – ციროზმა და ნაღვლის ბუშტის დაავადებამ, როდესაც მცირდება ნაღვლის მჟავების გადასვლა თორმეტგოჯა ნაწლავში;

•             ზოგიერთმა ისეთმა დაავადებამ, რომელთა დროსაც დარღვეულია საკვებ ნივთიერებათა უმეტესობის, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შეწოვა, რაც საგრძნობლად უწყობს ხელს აღნიშნული სინდრომის განვითარებას.

ასეთი დაავადებებია:

* ლაქტოზის დეფიციტი – ამ დროს დარღვეულია ზოგიერთი ნახშირწყლის ათვისების უნარი ერთი ან რამდენიმე ნაწლავური ფერმენტის ნაკლებობის გამო, რაც გამოვლინდება დიარეითა და მეტეორიზმით (შებერილობით).

* ცელიაკია – თანდაყოლილი დაავადება, გამოწვეული მომატებული მგრძნობელობით გლუტენის ცილის მიმართ, რომელსაც ხორბალი, ქერი და ჭვავი შეიცავს. დაავადების პირველი სიმპტომი ზომიერი და პერიოდული დიარეაა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში დაავადება სხვადასხვაგვარად გამოვლინდება, მაგალითად, ჩვილო და ბავშვობის ასაკში ცელიაკიის განვითარებას განაპირობებს რაციონში მარცვლეულის დამატება. თუ ბავშვი უხალისოდაა, არ აქვს მადა, ფერმკრთალია, აწუხებს მუცლის შებერილობა და კუნთების სისუსტე, განავალი აქვს ოდნავ თხელი, ბაცი და უხვი, რასაც ვუკავშირებთ მარცვლეულის პროდუქტის მიღებას, უნდა ვიეჭვოთ მალაბსორბციის სინდრომი და მივმართოთ ექიმს, რათა პატარას დროულად ჩაუტარდეს გამოკვლევა. შედარებით მოზრდილებთან დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ჰემოგლობინის სიმცირით ან ზრდის შეფერხებით. მათთან აგრეთვე გამოხატულია დაღლილობა, სისუსტე და უმადობა. შეინიშნება წონის კლება, თუმცა წონის დეფიციტი იშვიათია. ჩვეულებრივ, გვხვდება ანემია, ენის ქსოვილის კატარული ან ჩირქოვანი ანთება, ტუჩის კუთხეების ნახეთქები, წყლულები პირის ღრუში. ამასთან, ხშირია ვიტამინ D-სა და კალციუმის დეფიციტის ნიშნები – ოსტეოპოროზი, ე.წ. ძვლების დარბილება. როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთანაც მოსალოდნელია შვილოსნობის უნარის დაქვეითება. ხშირია მენსტრუაციული ციკლის დარღვევები. ცელიაკიით დაავადებულ 100-დან 10 ადამიანს აქვს ბუშტუკოვანი გამონაყარი იდაყვებზე, მუხლებზე, მხრის გამშლელ ზედაპირებზე და თავის თმიან არეში, რასაც ინტენსიური ქავილი ახლავს თან. მედიცინის ენაზე ამას ჰერპეტიფორმული დერმატიტი ჰქვია.

* კრონის ავადმყოფობა – საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებით მიმდინარე დაავადება. ხშირად ფარულად იწყება, თუმცა შესაძლოა, სწრაფადაც განვითარდეს, რაც ტოქსიკური მეგაკოლონის ჩამოყალიბებით (მსხვილი ნაწლავის ნაწილობრივი ან მთლიანი გაფართოებით) გამოვლინდება. ამ დროს ყურადღებას იპყრობს ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, ნაწლავთა ობსტრუქცია (იხშობა ნაწლავები და ძნელდება საჭმლის ან სითხის მოძრაობა), წონის კლება, ცხელება, ღამის ოფლიანობა, მუცელში წარმონაქმნის არსებობა, ნახეთქები ანუსის (უკანა ტანის) ირგვლივ.

* ტროპიკული სპრუ – შედარებით იშვიათი, სავარაუდოდ, ინფექციური წარმოშობის დაავადება. გავრცელებულია კარიბის კუნძულებზე, სამხრეთ ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, როგორც მკვიდრ მოსახლეობაში, ასევე ტურისტებს შორის. დაავადება იშვიათად ვითარდება გავრცელების კერაში ერთ თვეზე ნაკლები ხანგრძლივობის ვიზიტის დროს, თუმცა ამ ქვეყნებში სტუმრობისას მაინც სიფრთხილე გმართებთ. წარმოშობის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ტროპიკული სპრუ კოლიფორმული ბაქტერიის ტოქსიკური შტამებით გამოწვეული წვრილი ნაწლავის ქრონიკული ინფექცია უნდა იყოს, რომელიც აზიანებს ნაწლავის ლორწოვანს, არღვევს ნივთირებათა შეწოვას, იწვევს ანემიას. დაავადება ვლინდება ცხელებით, საერთო სისუსტით, მწვავე დიარეით. ქრონიკულ ფაზაში აღინიშნება ზომიერი დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი და შემდგომ – საერთო სისუსტე, ხშირია სტეატორეა – ცხიმის შემცველი, განსაკუთრებით მყრალი განავლის გამოყოფა.

* უიპლის დაავადება – იშვიათი ინფექციური დაავადება, რომელსაც ბაქტერია Tropherima whippelii იწვევს. მისი ძირითადი ნიშნებია ართრიტი, წონის კლება, მუცლის ტკივილი და დიარეა. უიპლის დაავადება უმეტესად გვხვდება 30-დან 60 წლამდე ასაკის თეთრკანიან მამაკაცებთან.

* მოკლე ნაწლავის სინდრომი – წვრილი ნაწლავის დიდი ნაწილის (ჩვეულებრივ, 2`3-ის) მოკვეთის შედეგად განვითარებული შეწოვის დარღვევა. ნაწლავის მოკვეთას ხშირად მიმართავენ კრონის დაავადების, სიმსივნის, გაუვალობისა და თანდაყოლილი ანომალიების დროს. სიმპტომების ინტენსივობა წვრილი ნაწლავის დარჩენილი ნაწილის სიგრძესა და ფუნქციურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. დიარეა შეიძლება იყოს მძიმე. ხშირად ვლინდება კვებითი დეფიციტიც.

* ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომი – ვითარდება წვრილი ნაწლავების ანატომური ცვლილებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკის ცვლილების ან კუჭის მჟავას სეკრეციის დაქვეითების გამო. ბაქტერიები ზრდისთვის იყენებენ როგორც საკვებ პროდუქტებს, ისე ვიტამინ B12-სა და ნახშირწყლებსაც, ხოლო თავად ფოლიუმის მჟავას გამოიმუშავებენ, ამიტომ მისი დეფიციტი იშვიათია. მძიმედ მიმდინარე ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომის დროს ზიანდება ნაწლავების ლორწოვანი, რაც იწვევს მუცელში დისკომფორტს, ცხიმების შეწოვის დარღვევას, შებერილობას, ყურყურს, დიარეას. ვითარდება ვიტამინ-B12- დეფიციტური ანემია.

 

ვის ემუქრება მალაბსორბცია

მალაბსორბცია შესაძლოა განუვითარდეთ პაციენტებს ხანგრძლივი ქრონიკული დიარეით, რომელსაც აძლიერებს გლუტეინის შემცველი პროდუქტების (ხორბლის, ქერის, ჭვავის) მიღება, თან ახლავს წონის კლება, ანემია, მეტეორიზმითა და წყლიანი ფაღარათი, ასევა – მათ, ვისაც გადატანილი აქვს ოპერაცია მუცლის ღრუზე.

 

დიაგნოზი

 დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია

•             კლინიკური სიმპტომების დეტალური ანალიზი ;

•             სისხლის საერთო ანალიზი, რომლის საფუძველზეც ფასდება მალაბსორბციის შედეგები, კერძოდ, ანემია.

დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა განავლის გამოკვლევა ცხიმის შემცველობაზე.

მალაბსორბციის მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია გასტროსკოპიის, კონტრასტული რენტგენოგრაფის ჩატარება.

გასტროსკოპით (ზონდით) საყლაპავს, კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს ათვალიერებენ. დიაგნოზის დასაზუსტებლად შესააძლოა საჭირო გახდეს დაზიანებული უბნიდან წვრილი ნემსით ბიოფსიური მასალის აღება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის.

წვრილი ნაწლავის ბარიუმით შესწავლამ შესაძლოა გამოავლინოს ანატომიური თავისებურებები, რომლებმაც ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომი განაპირობა, მაგალითად, ნაწლავის კედლის გამობერილობა, ფისტულა, ქირურგიული ჩარევის შედეგად არსებული შეერთებები, წყლულები და შეხორცებები.

 

მკურნალობის პრინციპები

მკურნალობის პირველი და ძირითადი პრინციპი კვების რეჟმის გამოსწორებაა. ამასთან, აუცილებელია ანტიბიოტიკური და დიეტური თერაპიის შერჩევა.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები თავიდან რომ ავიცილოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი განვითარების რისკი, რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ, კერძოდ, ვიკვებოთ ჯანსაღად, მივირთვათ მცირე ულუფებით და ხშირად, გავითვალისწინოთ, რომ ცხიმით მდიდარი საკვები ზრდის ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკს, ვეცადოთ, მივიღოთ უმთავრესად უჯრედისის შემცველი საკვები: ბოსტნეული, ხილი, არარაფინირებული მარცვლეული და, რაც მთავარია, ვსვათ ბევრი სითხე.

სალომე ჭელიძე

გააზიარე: