ორსულობა და ჯანმრთელი პირის ღრუ

გააზიარე:

კლასიკური განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა. სამწუხაროდ, ისე ზერელედ ვეკიდებით მას, რომ არათუ ფსიქოსოციალური, არამედ სრული ფიზიკური კეთილდღეობის გარეშეც კი თავი სავსებით ჯანმრთელი გვგონია. პირის ღრუს დაავადებები იმ დაავადებათაგანია, რომლებსაც სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ, ღრძილების ანთება და კბილის ტკივილი ლამის ნორმა გვგონია და პრობლემის მოგვარებას უსასრულოდ ვაჭიანურებთ. ორსულობისას კი სტომატოლოგთან ვიზიტი ნამდვილ შეუსრულებელ მისიად იქცევა... არადა, თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ორსულის პირის ღრუსა და ნაყოფის სიჯანსაღის ურთიერთკავშირზე.

ორსულობისას სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარებისა და მედიკამენტების გამოყენების, გავრცელებული დაავადებებისა და მათი მკურნალობის შესახებ სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან გოგილაშვილი გვესაუბრება.

 

  • რა მოსდის ორსულობისას პირის ღრუს და რისი ბრალია ეს ცვლილებები?

– პირის ღრუს ჯანმრთელობა ზოგადი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია, ქალის პირის ღრუს კი განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ვინაიდან მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ჰორმონის დონის ცვალებადობა მხოლოდ რეპროდუქციულ სისტემაზე კი არა, პირის ღრუზეც ახდენს გავლენას.

ღრძილებში ორსულობისას მიმდინარე ცვლილებები პირველად XIX საუკუნის დასაწყისში აღწერეს – მანამდე, სანამ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ჰორმონული ცვლილებების შესახებ შევიტყობდით (სხვათა შორის, დიდი ხნის წინ შეამჩნიეს თავად ორსულობაზე პაროდონტის დაავადებათა გავლენაც), თუმცა სადღეისოდ დამტკიცებულია, რომ გინგივიტის, ღრძილების ანთების, განვითარებაში ორსულობას ბრალი არ მიუძღვის – მთავარი ეტიოლოგიური ფაქტორი ბაქტერიული ბიოაპკია, ანთების სიმპტომები კი ჰორმონულ ცვლილებებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ პირის ღრუს მოუვლელობის ფონზე და უკვე არსებული გინგივიტის გამწვავებისას იჩენს თავს. ორსულობისას ბიოაპკში იმატებს ანაერობული მიკროორგანიზმების წილი (ეს ის მიკროორგანიზმები არიან, რომლებიც მხოლოდ უჰაერო პირობებში, უჟანგბადოდ ცოცხლობენ). მაგალითად, პათოგენური ბაქტერიის Prevotella intermedia-ს რაოდენობა ორსულებთან არაორსულებზე 55-ჯერ მეტია. პროგესტერონის დონის მომატება მოქმედი კაპილარების რაოდენობის ზრდას და ამის შედეგად ექსუდაციის გაძლიერებას იწვევს. ორსულობის ფონზე სუსტდება T-ლიმფოციტებისა და ანტისხეულების ფუნქცია, ნეიტროფილების ქემოტაქსისის (მიკროორგანიზმების მიზიდვის) და ფაგოციტოზის უნარი, რასაც, თავის მხრივ, იმუნური პასუხის შესუსტებამდე და გინგივიტის გამწვავებამდე მივყავართ. ესტროგენისა და პროგესტერონის მატება ღრძილის ეპითელიუმის გარქოვანების შემცირებას და ეპითელური გლიკოგენის მატებასაც უწყობს ხელს, ეს ცვლილებები კი ეპითელური ქსოვილის ბარიერულ, დამცავ ფუნქციას აქვეითებს. ყოველივე ამის შედეგად პირის ღრუში ღრძილების ანთებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება. ამიტომ არის, რომ ორსულთა გინგივიტი გესტაციური პერიოდის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა – ზოგიერთი კვლევის თანახმად, ის ორსულთა 30%-თან გვხვდება, ზოგი კი 100%-საც ასახელებს.

  • რა ნიშნები ახასიათებს ორსულთა გინგივიტს და ორსულობის რომელ ეტაპზე მჟღავნდება ისინი?

– ორსულთა გინგივიტის კლინიკური სურათი კბილის ნადებით გამოწვეული გინგივიტისას ჰგავს, თუმცა უფრო მცირე რაოდენობის ნადების ფონზე ვითარდება. ღრძილი შესაძლოა შეშუპდეს, მიიღოს მუქი წითელი ფერი, ბოლქვისებური გაუხდეს დვრილები.

ანთების ნიშნები, ღრძილის შეშუპება, სისხლდენა და ჰიპერემია (ღრძილების შეწითლება), ორსულობის მესამე ან მეოთხე თვიდან უფრო თვალსაჩინო ხდება, პიკს აღწევს მერვე თვეს, მეცხრე თვიდან კლებას იწყებს, მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ კი ღრძილის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ ნორმას უბრუნდება.

  • პირის ღრუს კიდევ რომელი დაავადება შეიძლება განვითარდეს ორსულობისას?

– ორსულთა 0.2-9.6%-ს უვითარდება ორსულთა პიოგენური გრანულომა, რომელსაც ორსულთა სიმსივნეს და ორსულთა ეპულისსაც უწოდებენ. ორსულთა პიოგენური გრანულომა ღრძილის ჭარბი ლოკალური ზრდაა, უმეტესად – კბილთაშორისი დვრილის ან თავისუფალი ღრძილის ანუ ღრძილის კიდური ნაწილის მიდამოში, ზედა ყბაზე. ღრძილი ამ დროს სოკოს ფორმას იღებს. პათოლოგიური ქსოვილი უმტკივნეულოა, ადვილად სისხლმდენი, მოწითალო-მოიასამნისფრო ან მუქი ციანოზური, რბილი, პრიალა. ორსულობის დროს ეპულისის მოკვეთა რეკომენდებული არ არის, მაგრამ თუ პიოგენურმა გრანულომამ ოკლუზიურ ანუ საღეჭ ზედაპირს მიაღწია და ღეჭვის დროს ტრავმირება განიცადა, გრანულომის ზედაპირზე შესაძლოა წყლულები გაჩნდეს და წარმონაქმნი მტკივნეული გახდეს. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.

ორსულთა პიოგენური გრანულომა უმეტესად ალვეოლური ძვლის რეზორბციის (დაშლის) გარეშე მიმდინარეობს. მშობიარობის შემდეგ ის პატარავდება და შესაძლოა გაქრეს კიდეც.

ორსულობას ხშირად კალციუმის ცვლის დარღვევაც ახლავს თან. ადრეული ტოქსიკოზი და ხშირი ღებინება ორგანიზმში ამ მინერალის დეფიციტს იწვევს. გასტრიტი, დუოდენიტი, ენტერიტი და კოლიტი, რომლებიც შესაძლოა ერთვოდეს ორსულობას, არღვევს კალციუმის შეწოვის პროცესს, რასაც ორგანიზმში კალციუმის დონის ორმაგ დაქვეითებამდე მივყავართ. ასეთ ვითარებაში კბილები იოლად ზიანდება.

  • ამიტომ ორსულის რაციონი კალციუმით მდიდარი საკვებისგან უნდა შედგებოდეს?

– მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვისთვის საკვების ერთადერთი წყარო დედაა, ამიტომ ორსულმა დაბალანსებული, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები უნდა მიიღოს. კალციუმს არსებითი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ძვლოვანი სისტემისა და კბილების ჩამოყალიბებისთვის. ორსულობის დროს კალციუმის სადღეღამისო ნორმა ორჯერ მეტია.

კალციუმის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა რძის ნაწარმი. რეკომენდებულია უცხიმო ხაჭო, ყველი, დაბალცხიმიანი რძე და იოგურტი. მეან-გინეკოლოგის მიერ რეკომენდებული კვების რეჟიმი და დღიური რაციონი, თავისთავად ცხადია, ორსულისა და მისი მომავალი შვილის კბილების სიჯანსაღეზე ზრუნვასაც გულისხმობს.

  • გამიგონია, გინგივიტმა შესაძლოა ნაადრევი მშობიარობა ან მცირე მასის ახალშობილის დაბადება გამოიწვიოსო. მართლა ასეა? საზოგადოდ, რა გავლენას ახდენს პირის ღრუს დაავადებები ორსულობაზე, ნაყოფის ჯანმრთელობაზე?

– XX საუკუნეში დედის პაროდონტის დაავადება ნაადრევი მშობიარობისა და მცირეწონიანი ახალშობილის დაბადების რისკფაქტორად მიიჩნეოდა (ნაადრევადაა მიჩნეული მშობიარობა ორსულობის 37-ე კვირამდე, ხოლო მცირეწონიანად მიიჩნევენ 2500 გრამზე ნაკლები მასის ახალშობილს). დღეს მიდგომა სხვაგვარია.

არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც ყველა ექიმი უნდა ითვალისწინებდეს. ეს გახლავთ მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული შედეგები. მედიცინის ამ ახალმა ფილოსოფიამ, XXI საუკუნეში ჩატარებულმა კვლევებმა საზოგადოება დააფიქრა და სრულიად შეცვალა მიდგომა მკურნალობის მეთოდების მიმართ. გასული საუკუნის 30-40-იანი წლებიდან მოყოლებული, მტკიცებით მედიცინაზე გამუდმებით საუბრობდნენ, 1992 წელს კი კანადაში მაკმასტერის უნივერსიტეტის პროფესორებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბეს მტკიცებითი მედიცინის თეორია. ის ექიმს მკურნალობის სწორი მეთოდების შერჩევასა და გამოყენებაში ეხმარება. იმის გასარკვევად, როგორ უნდა მოვიძიოთ სამეცნიერო მტკიცებულებები, მტკიცებითმა მედიცინამ პუბლიკაციების შეჯამებისა და დასკვნის მეთოდი შემგვთავაზა, რომელსაც სისტემური მიმოხილვა და მეტაანალიზი ეწოდება. სისტემური მიმოხილვა და მეტაანალიზი ის ფილტრია, რომლის მეშვეობითაც ექსპერტთა ჯგუფი კვლევების, მკურნალობის კონკრეტული მეთოდების შესახებ პუბლიკაციების მოძიების შემდეგ ადგენს, რამდენად სწორადაა დაწერილი პუბლიკაცია, რამდენად სწორადაა ჩატარებული კვლევა. დასასრულ კი აქვეყნებს საბოლოო დასკვნას იმის შესახებ, მისაღებია თუ არა გამოკვლევის ან მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი.

2006 წელს სწორედ ასე ჩატარებული სისტემური მიმოხილვის შედეგად გამოიკვეთა საფრთხე, რომ დედის პაროდონტის დაავადებას შესაძლოა ნაადრევი მშობიარობა ან მცირეწონიანი ახალშობილის დაბადება გამოეწვია, თუმცა იმავე წელს ჩატარებულმა მეორე სისტემურმა მიმოხილვამ, რომელშიც ორსულთა მკურნალობასა და მის შედეგებზეა საუბარი, ცხადყო, რომ პაროდონტიტის მკურნალობას ორსულობის უარყოფით ეფექტზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს მესამე ფაქტორიც და პაროდონტიტი ასეთ გართულებებს არ იწვევს. არც ის არის გამორიცხული, კვლევები ჩატარებულიყო არასწორად ან რეალური მიზეზი ვერ გამოევლინათ. იმის თქმა მინდა, რომ კიდევ მრავალი კვლევაა ჩასატარებელი იმის გასარკვევად, რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას და მცირეწონიანი ახალშობილის დაბადებას და რამდენად აქვს ამასთან კავშირი პაროდონტის დაავადებებს.

  • რომელი სტომატოლოგიური მანიპულაციის ჩატარება და რომელი პრეპარატების მიღებაა ნებადართული ორსულობის დროს?

– ორსულთა ზოგადი ჯანმრთელობა უმეტესად დამაკმაყოფილებელია და მხოლოდ გესტაციის პერიოდის საბაბით სტომატოლოგიურ მომსახურებაზე უარის თქმა არ შეიძლება. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ქალის ორგანიზმში ნორმალური ორსულობაც კი მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები ფიზიოლოგიურია, ისინი ნებისმიერი სამედიცინო მომსახურებისა თუ მედიკამენტის დანიშვნის დროს უნდა გაითვალისწინოს ექიმმა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ბოლო კვირას სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარება არ არის რეკომენდებული (თუ არ დასტურდება მწვავე პროცესი, რომლის მკურნალობის გადადებაც შეუძლებელია). გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება (პულპის ექსტირპაცია, განაკვეთის გატარება და დრენირება, მარტივი ექსტრაქცია) შეიძლება ჩატარდეს ორსულობის ნებისმიერ პერიოდში ტკივილის შემსუბუქებისა და ინფექციის კონტროლის მიზნით, მაგრამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მეან-გინეკოლოგიც. ორსულობის დროს ასევე შეიძლება ჩატარდეს სქეილინგი (რბილი და მაგარი ნადების მოცილება) და ფესვის ზედაპირის გასუფთავება, რესტავრაცია, არჩევითი ექსტრაქცია, ენდოდონტიური (არხშიდა) მკურნალობა. სქეილინგისა და ფესვის გასუფთავბა ნებისმიერ გესტაციურ პერიოდშია ნებადართული, დანარჩენი პროცედურების ჩატარება კი მეორე ან მესამე ტრიმესტრში ჯობს. ორსულობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევა ქირურგიული მანიპულაციები, არამც და არამც არ შეიძლება კბილების იმპლანტაცია. არც კბილების გათეთრებაა მიზანშეწონილი – ვინაიდან ორსულთა უმრავლესობას გინგივიტი აქვს, ამ პროცედურამ შესაძლოა დაავადების მიმდინარეობა დაამძიმოს.

რაც შეეხება პრეპარატებს, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ პირის ღრუს ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას ძალზე შედეგიანია ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება, მაგრამ ორსულობის პერიოდში ამ წამლების ტოქსიკურობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაყოფს. ამიტომ FDA-მ (Food and Drug Administration, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) ორსულობის პერიოდში შემდეგი საანესთეზიო საშუალებებისა და ანტიბიოტიკების გამოყენების ნებას გვრთავს: ანტიმიკრობული პრეპარატებიდან – პენიცილინი, ამოქსაცილინი, ცეფალოსპორინები, კლინდამიცინი, ერითრომიცინი, ქლორჰექსიდინის შემცველი სავლები; ადგილობრივი ანესთეტიკებიდან – ლიდოკაინი, პრილოკაინი, არტიკაინი, მეპივაკაინი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ორსულებთან ლიდოკაინის გამოყენებაა პრიორიტეტული. სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ლიდოკაინი არტიკაინის ჯგუფის ანესთეტიკებზე ნაკლები კონცენტრაციით გამოიყენება (2%). გარდა ამისა, კვლევები მოწმობს, რომ საანესთეზიო საშუალებები მეტ-ნაკლებად გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს, ლიდოკაინი კი ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში ყველა სხვა ანესთეტიკზე ნაკლები კონცენტრაციით აღირიცხება.

  • კბილის ტკივილის გაყუჩება რომელი პრეპარატებით შეიძლება?

– FDA ნებას გვრთავს, ორსულებთან გამოვიყენოთ შემდეგი ანალგეტიკები:

  • ასპირინი მოკლე ხნით, თუმცა მიზანშეწონილი არ არის მისი მიღება ძუძუთი კვების დროს, ასევე – პირველ და მესამე ტრიმესტრებში;
  • აცეტამინოფენი – ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება;
  • იბუპროფენი და ნაპროქსენი – ასევე მოკლე ხნით გამოიყენება. მიზანშეწონილი არ არის მის მიღება პირველ და მესამე ტრიმესტრებში, 48-72 საათზე მეტი ხნით. თავსებადია ძუძუთი კვებასთანაც.
  • ტომატოლოგთან ვიზიტი ფაქტობრივად წარმოუდგენელია რენტგენოლოგიური კვლევის გარეშე. რამდენად უსაფრთხოა ის ორსულისთვის?

– ორსულობის დროს რენტგენოლოგიური გამოკვლევა უკუნაჩვენები არ არის და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი გამოკვლევის, დიაგნოსტირებისა და რაციონალური სამკურნალო გეგმის შედგენის მიზნით. დენტალური რადიოგრაფია შედარებით სუსტი დასხივების გამოირჩევა, რაც უფრო მეტად ამცირებს შესაძლო უარყოფითი გავლენის რისკს. დენტალური რადიოგრაფიული სურათის გადაღებისას მუცლისა და კისრის მიდამოს დასაცავად პაციენტი სპეციალური დამცავი საშუალებებით სარგებლობს. რადიოგრაფიაში დანერგილი ახალი ტექნოლოგია, ციფრული რადიოგრაფია, ორსულობის პერიოდში კიდევ უფრო უსაფრთხოა.

  • დაბოლოს, რას ურჩევდით ორსულებს?

– პირის ღრუს სწორი ჰიგიენა ორსულობის დროს დაავადებათა პროფილაქტიკაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. კბილზე არსებულ ნადებს სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც ირჩევა ინდივიდუალურად ჰიგიენური საშუალებები, რაც დაავადებათა განვითარების რისკის საგრძნობლად ამცირებს. კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღისთვის აუცილებელია კბილის ჯაგრისითა და კბილის ძაფით, ფლოსით, კბილებისა და კბილთაშორისი სივრცეების ყოველდღიური წმენდა დღეში, სულ მცირე, ორჯერ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის ადრეულ ეტაპზე სტომატოლოგთან ვიზიტს. ქალს უნდა ესმოდეთ ორსულობის პერიოდში კბილების პროფესიული დათვალიერების და აუცილებელი სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარების მნიშვნელობა. მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ორსულს საკუთარი თავისა და ბავშვისთვის შეუძლია, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ექიმის რჩევების შესრულებაა. ვფიქრობ, ჩვენ, სტომატოლოგებს მათი დარწმუნება შეგვიძლია, თუ ავუხსნით, რომ სისხლი, რომელიც კბილებსა და, საზოგადოდ, პირის ღრუში მოძრაობს, ის სისხლია, რომელიც მთელ ორგანიზმში მიმოიქცევა და რომ პირის ღრუს ინფექცია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ დედის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობაზეც.

 გვანცა გოგოლაძე

 

 

 

გააზიარე: