ართროკოლი
ARTROCOL


სავაჭრო დასახელება

ართროკოლი, Artrocol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კეტოპროფენი, Ketoprofen

წამლის ფორმა

გელი
აღწერილობა: ერთგვაროვანი, გამჭვირვალე გელი.

შემადგენლობა
100 გრამი გელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 2,5 გ.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი 980, ტროლამინი, ეთანოლი 96% მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი  M02 AA10

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კეტოპროფენი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონის მჟავას ჯგუფის წარმოებული. მოქმედების მექანიზმი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთანაა დაკავშირებული. ავლენს ადგილობრივ ანალგეზიურ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციურ მოქმედებას. ადგილობრივად, გელის სახით გამოყენებისას ძალიან ნელა შეიწოვება და პრაქტიკულად არ გროვდება ორგანიზმში. გელის სახით კეტოპროფენის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 5%-ია, რის გამოც ორგანიზმზე მისი მოქმედება მხოლოდ ადგილობრივია და სისტემური ეფექტები არ აღინიშნება.

გამოყენების ჩვენებები

- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (სახსროვანი სინდრომი პოდაგრის გამწვავებისას, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, იოგების, მყესების ანთებითი დაზიანება, ბურსიტი, იშიაზი, ლუმბაგო);
- რევმატიული და არარევმატიული წარმოშობის მიალგიები;
- რბილი ქსოვილებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პოსტტრავმული ანთება (გაურთულებელი ტრავმების სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის სპორტული ტრავმების, ღრძობის, მყესების და იოგების დაჭიმვის ან გაწყვეტის, დაჟეჟილობების, პოსტტრავმული ტკივილების);
- ვენების (ფლებიტი, პერიფლებიტი), ლიმფური სისხლძარღვებისა და ლიმფური კვანძების (ლიმფანგიტი, ზედაპირული ლიმფადენიტი) ანთებითი დაავადებების კომბინირებული თერაპია.

უკუჩვენებები
- პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ების მიმართ ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობა (მ.შ. ანამნეზში);
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი;
- ორსულობის III ტრიმესტრი;
- ლაქტაცია (ძუძუთი კვება).

გვერდითი მოქმედება

აღინიშნა უმნიშვნელო ალერგიული რეაქციები და კანის სიწითლე, კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია. არის ცალკეული მონაცემები თირკმლის უკვე არსებული უკმარისობის გამწვავების შესახებ. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვაა აუცილებელი.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის.
გელის მცირე რაოდენობა (3-5 სმ-ის სიგრძის ზოლი) დაიტანება მტკივნეულ ან ანთების ადგილზე 2-3-ჯერ დღე-ღამეში კანში შეზელვით (რამდენიმე წუთის განმავლობაში). ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ძალიან დაბალი სისტემური აბსორბციის გამო ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა. უნებურად გადაყლაპვის შემთხვევაში, გელმა შეიძლება სისტემური გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს გადაყლაპული რაოდენობის შესაბამისად. მათი წარმოქმნის შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომური უნდა იყოს.

განსაკუთრებული მითითებები

გელის წასმა კანის იმ უბნებზე, სადაც ისეთი პათოლოგიური ცვლილებები აღინიშნება, როგორიცაა ეგზემა ან აკნე, არ არის სასურველი; ასევე, არ შეიძლება მისი წასმა კანის ინფიცირებულ ადგილებზე ან ღია ჭრილობებზე. დაუშვებელია გელის მოხვედრა ლორწოვან გარსებზე ან თვალებში. გელის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური (ჰაერგაუმტარი) ნახვევების ქვეშ არ არის რეკომენდებული.  მიუხედავად იმისა, რომ კეტოპროფენის გელის ფორმით მიღებისას პლაზმაში მისი კონცენტრაცია პერორალურ მიღებასთან შედარებით ბევრად დაბალია, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტთათვის, ვისაც ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა აქვს, აგრეთვე, მათთვის, ვინც კუმარინის ჯგუფის ანტიოკოაგულანტებს იღებს. გელის დატანების შემდეგ კანზე გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მკურნალობისას და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში სასურველია მოერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, ასევე სოლარიუმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა, რამეთუ პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში დაბალია.

გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე  

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს

პრეპარატის მიღება ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციისას (ძუძუთი კვება) უკუნაჩვენებია. პირველ და მეორე ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

გამოშვების ფორმა

2,5%-იანი გელი გარეგანი გამოყენებისთვის, ალუმინის ტუბში 45 გ.
ალუმინის ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება 15-25 ° C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი).

მწარმოებელი

ართროკოლი წარმოადგენს კომპანიის “ვორლდ მედიცინ” (დიდი ბრიტანეთი) სავაჭრო მარკას.
დამზადებულია
ეს სი "სლავია ფარმ ეს.ერ.ელ", თეოდორ პალადის ბულვარი N44C, მესამე სექტორი, ბუქარესტი, რუმინეთი.

 
 
სიახლეები
ავერსი გილოცავთ შობა ახალ წელს...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად