აგრეგანი
Acetylsalicylic acid

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიაგრეგანტები

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ტაბლეტი (ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული) შეიცავს აქტიური ნივთიერების - აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ, 100 მგ ან 150 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

ანტიაგრეგანტი. აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედება დამყარებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შეუქცევად ინაქტივაციასთან, რაც იწვევს პროსტაგლანდინების, პროსტაციკლინებისა და თრომბოქსანის სინთეზის დათრგუნვას. თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვის გზით აგრეგანი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს სისხლის შედედების უნარს.
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელს უშლიან აქტიური ნივთიერების კუჭში აბსორბციას და ამასთან, მნიშვნელოვნად ამცირებენ აცეტილსალიცილის მჟავას ულცეროგენულ მოქმედებას.
Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 80-85%. ელიმინაცია ხდება მეტაბოლიტებისა და შეუცვლელი სახით თირკმლების საშუალებით. ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.

ჩვენება

- არასტაბილური სტენოკარდია;
- მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, მოწევა, ასაკოვანი პაციენტები) მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა;
- მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
- გულის იშემიური დაავადების ფონზე მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის შემცირება;
- სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (მაგ: აორტო-კორონარული შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა);
- ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
- კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა.

უკუჩვენება
- აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სალიცილატებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ჰემორაგიული დიათეზი;
- მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰემოფილია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი გამწვავების ფაზაში;
- სალიცილატების ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა;
- "ასპირინული ტრიადა";
- ორსულობის I და III ტრიმესტრი;
- ლაქტაციის პერიოდი;
- 18 წლამდე ასაკი.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატის მიღება ორსულობის II ტრიმესტრში დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ანამნეზში - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების არსებობისას.
აცეტილსალიცილის მჟავამ წინასწარგანწყობილ პაციენტებში (ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფის დარღვევით) შესაძლოა პოდაგრის გამწვავება გამოიწვიოს.
პრეპარატის დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში გასათვალისწინებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით, ჰიპოგლიკემიური საშუალებებით.
აგრეგანი აძლიერებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების (მათ შორის ტიკლოპიდინის), ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მეტოტრექსატის მოქმედებას, ხოლო გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთად ზრდის ულცეროგენული მოქმედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკს.
აგრეგანი აქვეითებს დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი), ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმჟავას სეკრეციის ხელშემწყობი პრეპარატების (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მოქმედებას. აღნიშნული პრეპარატების და აგრეგანის კომპლექსური დანიშვნისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 საათიანი ინტერვალის დაცვა.

დოზირება და მიღების წესი

- მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 75-150 მგ/დღეში ან 300 მგ დღეგამოშვებით;
- არასტაბილური სტენოკარდიის დროს მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისათვის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 75-300 მგ აგრეგანი. თანამოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დღეში 75-100 მგ აგრეგანის დანიშვნა;
- კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 75-200 მგ/დღეში ან 300 მგ დღეგამოშვებით.
აგრეგანი ინიშნება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
აგრეგანი, როგორც ანტიაგრეგანტული პრეპარატი, განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით მკურნალობისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი-ექიმი.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქცია: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი. წინასწარგანწყობილ პაციენტებში - ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, ღებინება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის სისტემაში.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: გაძლიერებული სისხლდენა, იშვიათად - ანემია (კუჭ-ნაწლავის სისტემაში ფარული სისხლდენით განპირობებული).
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი.
აგრეგანი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო, მთლიანობაში კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ერთეულ შემთხვევაში ვითარდება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 75 მგ, 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტი 100 მგ, 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტი 150 მგ, 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

დანიშნულება

რეცეპტის გარეშე!

 
 
სიახლეები
ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით 23.07.14-ის მდგომარეობით
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად