კორსიზი
(CORSIZ)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, პიტნის ზეთი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ჩანართებიანი, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლით;
შემადგენლობა:

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერს _ 8.2 მგ, ფენობარბიტალს _ 7.5 მგ, პიტნის ზეთს _ 0.58 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბეტა-ციკლოდექსტრინი, კარტოფილის სახამებელი, ტაბლეტოზა (ლაქტოზას მონოჰიდრატი), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:

შემოუგარსავი ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე და სედატიური საშუალება. ათქ-კოდი: N05CB02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კორსიზი წარმოადგენს სედატიურ, სისხლძარღვთა გამაფართოებელ, სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას. პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, იგი აადვილებს ბუნებრივი ჩაძინების პროცესს. ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ხასიათდება სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედებით, ჭარბ დოზებში ამჟღავნებს მსუბუქ საძილე ეფექტსაც.
ფენობარბიტალს გააჩნია სედატიური და სუსტი სპაზმოლიზური მოქმედება.
პიტნის ზეთი რეფლექტორულად აფართოებს სისხლძარღვებს და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ჩვენება:

• ნევროზი, აგზნებადობა, უძილობა, მათ შორის ჩაძინების გაძნელება;
• ნეიროცირკულატორული დისტონია;
• ტაქიკარდია;
• არამკვეთრად გამოხატული კორონაროსპაზმი;
• ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების  სპაზმი, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური აშლილობით.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირების და მკურნალობის რეჟიმის ხანგრძლივობის დადგენა ხდება მკურნალი ექიმის მიერ, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად.
მოზრდილებში, როგორც წესი, ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ტაქიკარდიისა და კორონაროსპაზმის დროს ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე.

გვერდითი მოვლენები:

კორსიზი ხასიათდება კარგი ამტანობით. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუ, კანის ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მოშლილობა.
გვერდითი მოვლენები შექცევადია და დოზის შემცირებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ადვილად გაივლის.
პრეპარატის მაღალი დოზით ხანგძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ბრომიზმის განვითარება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის პორფირია.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

კორსიზი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, ტრანქვილიზატორების, ალკოჰოლის მოქმედებას.
ვალპროის მჟავით მკურნალობის დროს კორსიზის მოქმედება ძლიერდება.
პრეპარატის მიღებამ შეიძლება შეასუსტოს კუმარინის წარმოებულების, გრიზეოფულვინის, გლუკოკორტიკოიდების, პერორალური კონტრაცეპტივების მოქმედება. პრეპარატი ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას.

ჰიპერდოზირება:

სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
კორსიზს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში კორსიზის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მონაცემები კორსიზის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს, ამიტომ პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი არ გამოიყენება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 10 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:  
 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

www.aversi.ge
 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად