ფეროვიტი

(FERROVIT)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კარბონილის რკინა, ფოლის მჟავა, ციანოკობალამინი, ასკორბინის მჟავა, ტოკოფეროლი, თუთიის სულფატი, ნატრიუმის სელენატი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები უფერო კორპუსითა და წითელი ფერის თავსახურით, შევსებული სხვადასხვა ფერის გრანულებით;
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
კარბონილის რკინას, 100 მგ ელემენტარული რკინის ეკვივალენტურს,
ვიტამინ B9-ს (ფოლის მჟავა) – 1.5 მგ,
ვიტამინ B12-ს (ციანოკობალამინი) – 15 მკგ,
ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) – 75 მგ,
ვიტამინ E-ს (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) – 15 სე,
თუთიის სულფატის მონოჰიდრატს, 22.5 მგ ელემენტარული თუთიის ეკვივალენტურს,
ნატრიუმის სელენატს, 65 მკგ ელემენტარული სელენის ეკვივალენტურს;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, პოვიდონი, საღებავი Ponceau 4R (E 124).

გამოშვების ფორმა:
კაფსულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული ანტიანემიური საშუალება. ათქ-კოდი: B03AE10.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფეროვიტი წარმოადგენს კომბინირებულ ანტიანემიურ საშუალებას. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.
რკინა შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. რკინის იონის შეღწევა ენტეროციტში ხორციელდება მობილფერინის მეშვეობით, შემდგომ იგი უერთდება ტრანსფერინს და ცირკულირებს სისხლში. ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით რკინა დეპონირდება ღვიძლში, ძვლის ტვინსა და ელენთაში.
კარბონილის რკინა ხასიათდება ელემენტარული რკინის მაღალი შემცველობით (98%-მდე). იგი არ არის ტოქსიკური და სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესია.
ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში. ფოლის მჟავა აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის, ხელს უწყობს ემბრიონის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
ვიტამინი B12 ორგანიზმში გარდაიქმნება კობამამიდად, რომელიც წარმოადგენს ციანოკობალამინის აქტიურ ფორმას და ასრულებს კოფერმენტის როლს დნმ-ის, კრეატინის, მეთიონინის, ქოლინის და მიელინის სინთეზში. ციანოკობალამინი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. მისი გამოყენებისას უმჯობესდება ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება.
ასკორბინის მჟავა წარმოადგენს წყალში ხსნად ანტიოქსიდანტს, რომელიც მონაწილეობს მრავალ ბიოქიმიურ პროცესში (ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები, ნახშირწყლების ცვლა, სისხლის შედედების პროცესი, პროკოლაგენის, კოლაგენის და კორტიკოსტეროიდების სინთეზი). აღსანიშნავია მისი როლი სურავანდის მკურნალობისას. ვიტამინი C ხელს უწყობს ნაწლავში რკინის შეწოვის პროცესს, ქსოვილების რეგენერაციას, ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და აწესრიგებს კაპილარების განვლადობას.
ვიტამინი E ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტია. იგი იცავს უჯრედის მემბრანას თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან, აფერხებს ერითროციტების ჰემოლიზს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და დისტროფიული ცვლილებების წარმოქმნას გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში, ამცირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალიზებას, ასტიმულირებს ჰემისშემცველი ფერმენტების სინთეზს.
თუთია შედის ფერმენტებისა და რამდენიმე ჰორმონის შემადგენლობაში. იგი ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას, მონაწილეობს ცილების სინთეზში. გარდა ამისა, თუთია ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, აუცილებელია გემოს შეგრძნებისათვის. იგი დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებაზე, კანის, ფრჩხილებისა და თმების მდგომარეობაზე.
სელენი, ისევე როგორც ვიტამინები E და C, ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. იგი შედის გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, გააჩნია კარდიოპროტექტორული მოქმედება, თრგუნავს სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას, მონაწილეობს სპერმატოგენეზში.

ფარმაკოკინეტიკა:
კარბონილის რკინა ნელა და თანაბრად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან და მლივი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან. ბიოშეღწევადობა რკინის მარილებთან შედარებით, მაქსიმალურია და აღწევს 69%-ს, ვინაიდან მისი მცირე ზომის სფერული ნაწილაკები კარგად შეიწოვება. აბსორბცია იზრდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის შემთხვევაში, ხოლო მისი ჭარბი შემცველობისას – მცირდება. პლაზმის ცილებს უკავშირდება 90% ან მეტი. გამოიყოფა ოფლთან, შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად.
ფოლის მჟავა კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან. პლაზმის ცილებს უკავშირდება 64%. Cmax  აღწევს 30-60 წთ-ში. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში. ელიმინირდება ძირითადად თირკმელებით, როგორც უცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
ციანოკობალამინის შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის მთელ სიგრძეზე, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან. მისი აბსორბციის ხარისხს განაპირობებს კასლის შინაგანი ფაქტორი. იგი თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 შეადგენს დაახლოებით 6 დღეს. Cmax  აღწევს 8-12 სთ-ში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან ერთად.
ასკორბინის მჟავა შეიწოვება ძირითადად წვრილ ნაწლავში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 25%. Cmax აღწევს 4 სთ-ში. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.
ვიტამინი E კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax აღინიშნება 4-8 სთ-ის შემდეგ. გამოიყოფა ძირითადად ნაღველით.
თუთია შეიწოვება თორმეტგოჯა და მლივ ნაწლავებში. ეს პროცესი ხორციელდება სპეციფიკური ცილის მეშვეობით, რომელიც სინთეზირდება კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ. სისხლის პლაზმაში ტრანსფერინის მეშვეობით ხდება თუთიის ტრანსპორტირება ღვიძლში. მიკროელემენტს შეიცავს ყველა ორგანო და ქსოვილი, მაგრამ ყველაზე დიდი კონცენტრაციით იგი გროვდება წინამდებარე ჯირკვალში. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან და შარდთან ერთად.
სელენი თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავში. ტრანსპორტირება და დეპონირება ხდება როგორც სპეციფიკური ცილების, ასევე ალბუმინების, გლობულინების და ლიპოპროტეინების მეშვეობით. მიკროელემენტი სისხლით აღწევს თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში, მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება გულის კუნთში, ღვიძლში და ჩონჩხის კუნთებში. გამოიყოფა ფილტვების, ნაწლავისა და თირკმლების საშუალებით.

ჩვენება:
• სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია;
• რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის წინ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მიიღება ფეროვიტის 1 კაფსულა დღეში ერთხელ. ელემენტარული რკინის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 2-3 მგ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე და შეადგენს დაახლოებით 2-6 თვეს.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა.  
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა ან ყაბზობა;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – სისუსტე, აგზნებადობა;
ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია, იშვიათად – გამონაყარი, ქავილი; ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი.
  
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ფეროვიტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; დაავადებები, რომლებიც ხასიათდება რკინის ჭარბი შემცველობით ორგანიზმში (ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი); რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა (სიდეროაქრესტული ანემია, ანემია ტყვიით მოწამვლისას, კანის გვიანი პორფირია); ჰემოლიზური ანემიები; მეგალობლასტური ანემიები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კარბონილის რკინის ანტაციდებთან, კალციუმის პრეპარატებთან, პანკრეატინთან ან პანკრეოლიპაზასთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება რკინის იონის აბსორბცია. რკინა აქვეითებს ფტორქინოლონების, პენიცილამინის და ტეტრაციკლინის აბსორბციას, რის გამოც სასურველია, რომ მათ მიღებებს შორის დაცული იქნას 2 სთ-იანი ინტერვალი. ეთანოლთან ერთდროული გამოყენება ზრდის რკინის აბსორბციას და, შესაბამისად, იზრდება ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ პარენტერულად ტარდება რკინის შემცველი პრეპარატით მკურნალობა, ფეროვიტის მიღება არ შეიძლება.
ფოლის მჟავას ეფექტი მცირდება ანალგეტიკებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტაციდებთან, ქოლესტირამინთან, სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, ჰორმონულ კონტრაცეპტივებთან და ციტოსტატიკებთან ერთად მიღებისას.
ციანოკობალამინის აბსორბცია მცირდება ამინოგლიკოზიდებთან, სალიცილატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, კოლხიცინთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას. ქლორამფენიკოლის მიღება ამცირებს რკინის პრეპარატების და ვიტამინი B12-ს ეფექტს.
ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის პრეპარატების შეწოვას ნაწლავიდან. ბარბიტურატები და სალიცილატები ზდრიან ასკორბინის მჟავას გამოყოფას თირკმელებით.
ქოლესტირამინის და ქოლესტიპოლის ერთდროული მიღებისას ვიტამინი E-ს აბსორბცია მცირდება.
თუთიის შეწოვა მცირდება ანტაციდების, ალკოჰოლის, რკინის პრეპარატებისა და კალციუმის პრეპარატების მიღებისას. თუთია კონკურენტულად აინჰიბირებს სპილენძის იონების შეწოვას ნაწლავიდან.
სელენისა და ვიტამინი E-ს მოქმედება სინერგიულია.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მელენა. ამ სიმპტომებს შეიძლება თან დაერთოს აკროციანოზი, სისუსტე, მოდუნება, ძილიანობა, ცივი ოფლი, სწრაფი და ზედაპირული სუნთქვა, ტაქიკარდია. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს შოკური მდგომარეობა, კომა. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რკინის დიდი დოზით მიღება ხასიათდება მაღალი ლეტალობით. მკურნალობა სიმპტომურია: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა დიდი რაოდენობის სითხის მიღებით; რძის და უმი კვერცხის მიღება; მძიმე მოწამვლის შემთხვევაში – დესფეროქსამინის ვენაში შეყვანა; ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ოქსიგენოთერაპია, აციდოზის კორექცია, რეჰიდრატაციული თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია:
ფეროვიტის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
 
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის მუქი შეფერილობა.
ფეროვიტისა და სხვა რკინის შემცველი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

 
 
სიახლეები
ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით 23.07.14-ის მდგომარეობით
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად